Home რუბრიკები სამართალი პროფესორ გაბიანის საქმე

პროფესორ გაბიანის საქმე

745

ეს საქმე ბანალურია, ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის სტილშია «ნამუშევარი», ბიზნესის დატერორების თვალსაჩინო მაგალითია. დღეს რომ აყვირდა და აქოთქოთდა უმცირესობაში გადასული გუშინდელი ხელისუფლება _ პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს დაკავება და დაკითხვებიო, წარსულში ბრუნდება ქვეყანა და თავზე გვექცევა სახელმშიფოო, მთელ ამ პროპაგანდისტულ ბლეფს აბათილებს და ხაზს გადაუსვამს თუნდაც ეს ერთი მაგალითი ერთი დამსახურებული კაცისა, რომელიც თავისი მეცნიერული მოღვაწეობით, საზოგადოებრივი საქმიანობით სახელგანთქმული იყო საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც. მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ, დოქტორმა, პროფესორმა, საერთაშორისო დონის ექსპერტმა ანზორ გაბიანმა ბიზნესს მოჰკიდა ხელი, წარმატებითაც. მაგრამ სწორედ ეს არ მოეწონა რეკეტიორ ხელისუფლებას და, ჟარგონით რომ ვთქვათ, «გაპარსა», ელიტური კორუფციის ერთერთ მსხვერპლად აქცია. დღეს ვაქვეყნებთ ბატონ ანზორ გაბიანის საჩივარს და იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი მართლმსაჯულება არ დატოვებს მას «ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა».

საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დიდად პატივცემულ

ქალბატონ თეა წულუკიანს

საქართველოს მთავარ პროკურორს, დიდად პატივცემულ

ბატონ არჩილ კბილაშვილს

მცხ. . თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. #29, ბინა 25-ში

ანზორ ალექსანდრეს ძე გაბიანის

საჩივარი

მოგახსენებთ, რომ ვარ საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი, სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიისა და ნორმიდან გადახრილი ქცევის სოციოლოგიაში დაახლოებით ორასი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის თხუთმეტი მონოგრაფიის, რომლებიც ისეთ აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება, როგორიცაა ნარკოტიზმი, ლოთობა და ალკოჰოლიზმი, დამნაშავეობის გეოგრაფია, პროსტიტუცია და ა.შ., მანამ, სანამ სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი რეჟიმი ჩარეცხილებად გამოგვაცხადებდნენ, ვხელმძღვანელობდი ჩემ მიერვე შექმნილ საქართველოს შსს-ს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, ვიყავი თსუ იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის პროფესორი და ა. შ.

მ. სააკაშვილისა და მისი კრიმინალური ჯგუფის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ უსაფუძვლოდ და უკანონოდ რეპრესირებულ მრავალ ადამიანთა რიცხვში მეც აღმოვჩნდი და ძალაუნებურად თითქმის მთელი ცხრა წლის მანძილზე იმ დროს მოქმედი რეპრესიული აპარატის მიერ უსამართლოდ დევნილთა ბედი გავიზიარე, რაც 2005 წლის გაზაფხულზე იმით დამთავრდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მისი სატელიტი მთაწმინდის პროკურატურის მუშაკების მხრივ მრავალთვიანი დაშინებისა და შანტაჟის შემდეგ პატიმრობის კანდიდატთა სიაშიც აღმოვჩნდი და, თუმცა ჩემი დაპატიმრებისთვის ნიადაგის მომზადება ფრიად საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა, მოვახერხე მიმალვაში ვყოფილიყავი მთელი 15 თვის მანძილზე, რის შემდეგაც სააკაშვილ-ადეიშვილის ჯგუფის მიერ ჩემ მიმართ, ისევე, როგორც შპს «თეთრი ქალაქის» დირექტორის, პატიმრობაში მყოფი თამაზ ბაქანიძისა და საქმეთა მმართველის, ასევე პატიმრის, გია მეტრეველის მიმართ, პოზიციები შეიცვალა და, უშველებელი თანხების გადახდის შემდეგ აღნიშნული პირები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ, მე კი კიდევ ექვსი თვის განმავლობაში მიმალვაში ყოფნის შემდეგ, აგრეთვე გამათავისუფლეს გამოსასყიდის გადახდის სანაცვლოდ, რომლის რაოდენობამ 210 ათასი ლარი, ანუ ჩემთვის ასტრონომიული თანხა შეადგინა.

მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს აღნიშნულ საქმეში ჩვენმა ადვოკატმა გოჩა სვანიძემ მითხრა, რომ დიდი ხნის, თითქმის 15 თვის, განმავლობაში ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნის შემდეგ ყველაფერი გვარდებოდა და 2006 წლის 10 აგვისტოს ამ უზომოდ გაჭიანურებულ საქმეს წერტილი უნდა დასმოდა, რისთვისაც საჭირო იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენი გამოცხადება.

ბატონმა გოჩამ ისიც მითხრა, რომ სასამართლოში ჩვენ აუცილებლად პოლიციელის თანხლებით უნდა მივსულიყავით, მაგრამ იმ დღეს ამისთვის შესაფერისი პოლიციელის პოვნა თითქმის ორ საათს გაგრძელდა და ჩვენ, სამივენი _ ბატონი გოჩა სვანიძე, უცნობი პოლიციელი და მე, მივედით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ იმის გამო, რომ იმ დროს აღნიშნული სასამართლოს შენობის რეკონსტრუქციისა და შეკეთების სამუშაოები პიკს აღწევდა, ძალზე გაუძნელდა ბატონ გოჩა სვანიძეს იმის დადგენა, თუ სად უნდა გვენახა სასამართლოს შემადგენლობა და რომელ დანგრეულ ოთახში უნდა მომხდარიყო ჩემი ეგრეთ წოდებული გასამართლება.

ბოლოს, რომელიღაც მოზრდილ ოთახში მიგვიწვია ბატონმა გოჩამ, სადაც ისეთი ინტენსიური რემონტი მიმდინარეობდა, რომ არც დასაჯდომი და არც წესიერად დასადგომი ადგილი არ იყო და სადაც მორჩილად ველოდებოდით სასამართლოს შემადგენლობას. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ ოთახში შემოვიდა ორი გოგონა თუ ახალგაზრდა ქალი, ეგრეთ წოდებული პროცესიც დაიწყო და სულ რამდენიმე წუთში დამთავრდა მხიარულ ატმოსფეროში. გოგონები საკმაოდ ენამახვილები აღმოჩნდნენ და სიცილ-კისკისში დამისვეს ერთადერთი შეკითხვა: ვცნობდი თუ არა თავს დამნაშავედ, რაზეც მე მყისვე დადებითი პასუხი გავეცი. რის შემდეგაც გოგონები ისევე მოულოდნელად გაუჩინარდნენ, როგორც გამოჩნდნენ.

ამიტომ სიმართლეს არ შეესაბამება ის, რაც ჩემ მიმართ გამოტანილ განაჩენშია აღწერილი, რომ თითქოს 2006 წლის 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე შორენა გუნცაძემ თეა გეგიას მდივნობით პროკურორ მ. ჟვანიას, ადვოკატ გ. სვანიძის მონაწილეობით განიხილა ა. გაბიანის ეს ყბადაღებული სისხლის სამართლის საქმე.

რაც შეეხაბა თვით განაჩენს, რომლის ტექსტი ამჟამად, მისი გამოტანიდან მრავალი წლის შემდეგ, ადვოკატ დავით ჯინჯოლავას მეცადინეობით, ჩემს ხელთ აღმოჩნდა, უნდა თავიდანვე ითქვას, რომ ასეთი აბდაუბდა დოკუმენტი, ალბათ, სააკაშვილის დიქტატორული მმართველობის პერიოდისთვისაც კი, გარკვეული თვალსაზრისით, იშვიათობას წარმოადგენს.

დავიწყოთ იმით, რომ ეს ეგრეთ წოდებული განაჩენი იმგვარად არის შედგენილი, რომ გაუთვითცნობიერებელ მკითხველს უქმნის სრულ შთაბეჭდილებას, თითქოს მე, ნ. ნავაძე, რ. ერსაძე, თ. ბაქანიძე და გ. მეტრეველი არა მარტო ერთი განზრახვით ვმოქმედებდით, როდესაც ჯერ კიდევ 1993 წელს მივითვისეთ თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების ქონება ანგარების მიზნით, არამედ ერთდროულად ვიმყოფებოდით პატიმრობაში და ვასრულებდით სხვადასხვა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მანიპულაციებს, გამოძიების პროცესშიც ერთად ვმონაწილეობდით იმ საგამოძიებლო მოქმედებებში, რომლებიც მაშინ ამ საქმეზე ტარდებოდა.

სინამდვილეში კი, აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციასთან გვქონდა საქმე. კერძოდ, ამ საქმეში, სავარაუდოდ, მთავარი დამნაშავეები იყვნენ ნ. ნავაძე (თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების ყოფილი დირექტორი) და რ. ესაძე (ექსპერიმენტული კინოსტუდია «+1»-ის მეპატრონე და დირექტორი), რომელთაც თავიანთი უცოდინარობით შეადგინეს ჯერ კიდევ 1993 წელს ეს სრულ გაუგებრობაზე აგებული დოკუმენტი და თვითონვე იჩუქეს სახელმწიფო ქონება. სინამდვილეში, არა მარტო მე, არამედ არც თ. ბაქანიძესა და გ. მეტრეველს ამ დანაშაულებრივ ქმედებაში არავითარი მონაწილეობა არ მიგვიღია. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მთაწმინდა-კრწანისის პროკურატურას (და რატომღაც არა დიდუბე-ჩუღურეთის, სადაც მდებარეობდა ეს სადავო ობიექტი) პირველ რიგში წინასწარ პატიმრობაში უნდა აეყვანა ნ. ნაკაძე და რ. ესაძე, რომელთაც ჩაიფიქრეს და განახორციელეს ეს უაზრო ოპერაცია, მაგრამ სინამდვილეში საქმე სრულიად სხვაგვარად იყო. კერძოდ, არც ერთი მათგანი პროკურატურის მიერ პატიმრობაში არ ყოფილა აყვანილი, რაც გამორიცხულია, რომ იმჟამინდელ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილსა და მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე მომხდარიყო. პატიმრობაში არც მე არ ვყოფილვარ არც ერთი წუთი და, ქალაქში გავრცელებული ხმების მიხედვით, საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი, ამიტომ ჩემთან რაიმე საგამოძიებო მოქმედების და, გნებავთ, ელემენტარული მოლაპარაკების წარმოების არავითარი შანსი არ არსებობდა. ამგვარად, ცხრათვიან პატიმრობაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ კამერაში ამ საქმეში სრულიად უდანაშაულო დირექტორი თამაზ ბაქანიძე და საქმეთა მმართველი გია მეტრეველი იმყოფებოდნენ, რომლებიც, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ცხრა თვის მანძილზე დაკითხვებითა და შეკითხვებით არავის შეუწუხებია. ისინი სინამდვილეში მძევლებად ჰყავდათ, ფულის გამოძალვის მიზნით, ამიტომ ამ სრულიად უაზრო საქმის გამაგრებაზე არავინ ზრუნავდა, მითუმეტეს, რომ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გამოძიებაში მონაწილე პროკურორებიდან მხოლოდ ერთი იყო მეტ-ნაკლებად ორიენტირებული სამართლებრივ საკითხებში. დანარჩენები იმდენად სტერილურები იყვნენ, რომ მათი საცოდაობის ცქერისას ტირილი მოგინდებოდა, იმდენად უაზროდ და უზრდელად იქცეოდნენ.

რაც შემეხება მე, იმ პერიოდში, ანუ 1993 წელს, როდესაც მოხდა ბალანსიდან ბალანსზე ორი ადამიანის _ ნუგზარ ნავაძისა და რეზო ესაძის მიერ ქონების, როგორც ახლა იტყვიან, ვირტუალური გადაცემა, რაშიც იურიდიული პასუხისმგებლობა მთლიანად ნუგზარ ნავაძეს უნდა დაკისრებოდა, როგორც თანამდებობის პირს, არა მარტო იმ პერიოდში, ანუ 1993 წელს, არამედ კიდევ დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში ნუგზარ ნავაძეს არა მარტო არ ვიცნობდი, არამედ მისი არსებობის შესახებაც წარმოდგენა არ მქონდა, ამიტომ რკინისებური ალიბით ვიყავი დაცული, მაგრამ ისეთ საიდუმლო ვითარებაში წარიმართა და დასრულდა ეს სამარცხვინო ეპოპეა, რომ არ შევხვედრივარ არც ერთ პროკურატურის მუშაკს და არც იმის შესაძლებლობა გამჩენია, რომ უბრალოდ მეკითხა, თუ რას ჰგავდა ეს განუკითხაობა, თვითნებობა და . .

რაც შეეხება საპროცესო გარიგების ასტრონომიულ თანხას, რომელიც თურმე ჩემსა და პროკურორ გ. გოდერძიშვილს შორის იყო გაფორმებული, წარმოდგენა არ მქონდა მანამ, სანამ ახლახან ადვოკატმა, ბატონმა დავით ჯინჯოლავამ არ მოიპოვა განაჩენის ტექსტი, რომელიც, ჩემთვის არავის არასოდეს ჩაუბარებია. ამ ეგრეთ წოდებული განაჩენის ტექსტიდან შევიტყვე, რომ საპროცესო გარიგება 210 ათას ლარზე გაფორმებულა ჩემსა და მითოლოგიურ პროკურორ რ. გოდერძიშვილს შორის, რომელიც არასოდეს თვალით არ მინახავს.

სინამდვილეში, ეს 210 ათასი დოლარი, რომლის გადახდაც სასამართლომ უკანონოდ «დამაწერა», მითხრეს, რომ იყო ჯარიმა, რომელიც დამეკისრა პირობით მსჯავრთან ერთად.

რაც შეეხება საქმის რეალურ არსს, 1993 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე ძალზე შორს ვიყავი ამ საქმიდან, ნამდვილად გაფორმდა დანაშაულებრივი გარიგება თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების დირექტორსა და შპს «თსკ+1»-ის დირექტორ რეზო ესაძეს შორის სატრანსპორტო გაერთიანების სარგებლობაში და არა საკუთრებაში არსებული 9500 კვ.მ მიწისა და მასზე განლაგებული სრულიად ამორტიზირებული სპორტული და კულტურული დანიშნულების შენობა-ნაგებობების უსასყიდლოდ, ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ, მაგრამ ამის გამო ამ საქმეში ბრალეულ ნუგზარ ნავაძესაც კი 2005 წელს არ უნდა ეგო პასუხი, რადგან ქონების გადაცემის მცდელობა იყო ფუჭი, უვარგისი და მას არავითარი იურიდიული ან ფაქტობრივი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ჯერ კიდევ 1994 წელს ქ. თბილისის მერიაში აღმოჩნდნენ თანამშრომლები, რომელთაც ფაქტობრივად გააუქმეს ბატონ ნუგზარ ნავაძის ეს ბრძანება, აგრეთვე, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო შპს «თეთრი ქალაქი», რომელიც ამ ტერიტორიაზე 1995 წელს იწყებდა საქმიანობას, მოქმედებდა მის მიერ ქ. თბილისის მერიასთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე. ყველაფერთან ერთად, 1994 წლიდან 2005 წლამდე სისხლის სამართლის საქმის აღძრის ხანდაზმულობის ვადა უკვე კარგა ხნის წინ იყო გასული, ამიტომ მთელი ეს ისტორია უკეთეს შემთხვევაში პროვოკაციის მოსაწყობად თუ გამოდგებოდა.

შემდეგ აღნიშნულ ეგრეთ წოდებულ განაჩენში არის იმისი უვარგისი მცდელობა, რომ 1995 წელს შექმნილ, არსებითად ახალ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მისი დამფუძნებლების მიერ ქონებისა თუ ქონებრივი უფლების კანონსაწინააღმდეგო მიტაცებისას ვითომ ფართოდ მიმართავდნენ წილების განაწილების უკანონო მანიპულაციებს, რასაც შედეგად მათ მიერ მატერიალური ღირებულებების უკანონო მისაკუთრება მოჰყვა, ოდნავადაც არ შეესაბამებოდა ჭეშმარიტებას. სინამდვილეში პროკურატურისა და სასამართლოს ის მუშაკები, რომლებმაც ეს განაჩენი შეადგინეს, შეცდომით მიიჩნევდნენ, რომ თითქოს წილების ფლობა, მათი რეალური ღირებულების თვალსაზრისით, პირდაპირპროპორციულია ქონების ოდენობასთან. საქმე ისაა, რომ საწესდებო კაპიტალსა და ორგანიზაციის ქონებას შორის დიდი სხვაობაა (მაგალითად, უკვე რამდენიმე წლის წინ შპს «თეთრი ქალაქის» საწესდებო კაპიტალი ჯერ კიდევ სულ 200 ლარის ოდენობით განისაზღვრებოდა, ხოლო ქონება იმავე პერიოდში 8 მილიონ ლარად იყო აღრიცხული. ამიტომ წილების, კუპონებისა და ამერიკულ დოლარებთან მათი მიმართების შესახებ მსჯელობას განაჩენში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს, მაგრამ იგი არ არის სათანადოდ დასაბუთებული და გაუგებრობაზეა აგებული. ავიღოთ, მაგალითად, ამ ორგანიზაციის რომელიმე წევრის ქონებრივი მდგომარეობა, რომელიც ამჟამად შპს «თეთრ ქალაქში», პირობითად, 10%-ს ფლობს (რაც განაჩენის ავტორთა უაზრო გაანგარიშებით ამ შპს-ს დაფუძნებისას 4,7 ამერიკული დოლარის ექვივალენტზე მეტს არ შეადგენდა), თუმცა დღეისათვის არაზუსტი გათვლებით იმის ქონება, ვინც თავის დროზე, ანუ 1995 წელს, მაშინ არსებული წესის მიხედვით, საწესდებო კაპიტალში 4,7 ამერიკული დოლარის ექვივალენტი კუპონი შეიტანა, დაახლოებით 800 ათასი ლარის ღირებულების ქონების მესაკუთრეა.

უკანონო განაჩენი, რომელსაც ვიხილავ და რომლის გაუქმებისა და ახალი გამოძიებით, აგრეთვე, სასამართლო პროცესის გამართვის მოთხოვნის დასასაბუთებლად გამოყენებას ვგეგმავ, მრავალ სიყალბესა და აშკარა გაუგებრობასა თუ რეალობისგან დიდად დაშორებულ მსჯელობას შეიცავს, რომელთაგან გაკვრით შევეხები მხოლოდ ზოგიერთს, რომლებიც საჩივრის ფორმატმა შეიძლება დაიტიოს, ხოლო დანარჩენზე, იმედი მაქვს, რომ პასუხს გავცემ სამართლიან გამოძიებასა და სასამართლოს.

კერძოდ, ამ ეგრეთ წოდებული განაჩენის მე-4 გვერდის მე-6 აბზაცის მეორე ნაწილში მოცემულია მორიგი ცილისწამება, ამიტომ ეს ტექსტი მოგვაქვს ამონარიდის სახით: «იმ მოტივით, რომ მათ თაღლითურად და დოკუმენტების გაყალბების გზით ხელში ჩაეგდოთ მათზე დამაგრებული 9500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შპს «თეთრი ქალაქის» მიერ 1998 წლის 31 დეკემბერს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური გადასახადის შესაბამისი 2 755 ლარის თითქოსდა გადახდის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები, რომლებზეც დასმული არის საქართველოს «ბინსოცბანკის» მთაწმინდის განყოფილების ბეჭედი, რომელიც იმ პერიოდისთვის ლიკვიდირებული იყო და არ არსებობდა». განაჩენის შემდეგ მე-5 გვ. მე-2 აბზაცში კი წერია კიდევ ერთი დიდი ტყუილი და ცილისწამება, რომ «აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ანზორ გაბიანს 2005 წლის 12 მაისს წარედგინა ბრალი და ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა პასუხისმგებაში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით». ამავე გვერდის მე-3 აბზაცში კი წერია, რომ «თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2005 წლის 14 მაისის ბრძანებით, ა. გაბიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა».

ზემოთ მოტანილი მთელი ეს ვითომ იურიდიული მსჯელობა ტყუილსა და უვიცობაზე არის დაფუძნებული, რაც ავტორთა დიდი სირცხვილია და იმის კარგი ილუსტრაცია, თუ როგორ ტყუიან თვალსა და ხელს შუა მიხეილ სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი კლანი ზურაბ ადეიშვილისა და მთაწმინდაკრწანისის პროკურორის, აწგარდაცვლილი . ტყეშელაშვილისა და მისი ქუჩის ბიჭების დონეზე მყოფი ვითომ პროკურორების სახით, რომლებიც ისეთ უაზრობას ამტკიცებენ, რაც რეალობისგან შორს დგას.

კერძოდ, თუ ის ქვითრები, რომლებიც ამ აღვირახსნილი გაუნათლებელი ბიჭ-ბუჭების მიერ მიჩნეულ იქა ყალბად, მაშინ ხომ უნდა გაუქმებულიყო შპს «თეთრი ქალაქის» საკუთრების უფლება ხსენებულ 9500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დღესაც ამ ორგანიზაციის საკუთრებას წარმოადგენს?!

სინამდვილეში ერთ-ერთი კომისიის წევრი, რომელიც მუშაობდა შპს «თეთრი ქალაქის» ჩაძირვაზე, ელემენტარულად შეცდა, როდესაც გაუქმებულად მიიჩნია ბეჭედი, რომელიც ფულის გადახდის ქვითარს ერტყა.

მტკნარი სიცრუეა, აგრეთვე, ის, რომ თითქოს 2005 წლის 12 მაისს წარმედგინა ბრალი და ბრალდებულის სახით მიცემულ ვიქენი პასუხისგებაში, რადგან ამ დროს უკვე მიმალვაში ვიყავი და არავითარი შეხვედრა პროკურატურის მუშაკებთან არ მქონია.

ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც მათ, ანუ ეგრეთ წოდებულმა პროკურორებმა ჩაიდინეს, ის სიყალბეა, რომელსაც შეიცავს ჩემ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება თაღლითობისა და, მით უმეტეს, სხვისი ქონების (ჩვენ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების) მითვისების თუ გაფლანგვის ბრალდებით, რადგან, როდესაც 1993 წელს თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების მაშინდელი უფროსი ნუგზარ ნავაძე უცოდინარობით ბრძანებას აფორმებდა ბალანსიდან ბალანსზე სატრანსპორტო გაერთიანების არა საკუთრებაში, არამედ სარგებლობაში, შპს «თსკ+1»-ისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რომელსაც შესრულება არ ეწერა, მე მას საერთოდ არ ვიცნობდი და მხოლოდ დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ გავიცანი, ამიტომ არ შემეძლო მასთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლა.

განსაკუთრებით აბსურდულია ჩემი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება სსკ-ის 182-ე მუხლით (მისი მე-2 ნაწილის «ა» პუნქტით და მე-3 ნაწილის «ბ» პუნქტით ჩემ შემთხვევაში ვითომ სახელმწიფო ქონების ან ქონებრივი უფლების მითვისების ან გაფლანგვისთვის, რადგან თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების ხსენებული ქონება (რომელიც მისი არც არასოდეს ყოფილა, რადგან იგი ამ ქონებას ფლობდა მუდმივი სარგებლობის უფლებით) არასოდეს ყოფილა ჩემს რამენაირ მართლზომიერ მფლობელობასა თუ გამგებლობაში. ქ. თბილისის მერიასთან 1995 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მე სხვა პირებთან ერთად ვფლობდი სარგებლობის უფლებით აღნიშნულ ქონებას, მაგრამ არც მიმითვისებია და  მით უმეტეს არ გამიფლანგავს.

ამ ეგრეთ წოდებული განაჩენის მე-5 გვერდის ბოლო, მე-7 აბზაცში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რაზეც იგი აიგო.

განაჩენის ამ ნაწილში ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ მოწმეების _ გურამ დიდბარიძის, რეზო ესაძისა და დავით ბაშალეიშვილის ჩემ საწინააღმდეგოდ მიცემული ჩვენებებით დასტურდება ჩემი ბრალეულობა. მე ამ ჩვენებების შინაარსს არა მარტო არ ვიცნობ, არამედ იმაზეც არ მაქვს წარმოდგენა, თუ ვინ არიან გურამ დიდბარიძე და დავით ბაშალეიშვილი. ხოლო რაც შეეხება რეზო ესაძეს, იგი თვითონ იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის ეგრეთ წოდებული ოპერაციის მონაწილე, რადგან იყო იმ დროს შპს «თსკ+1»-ის  დირექტორი, მე კი ამ დროს ყოვლად გაუბედურებულ შპსში 2005 წლის აპრილში ახალი მისული ვიყავი და არც კი ვიცოდი, თუ რა მოიმოქმედეს მისმა მესვეურებმა, ანუ ბატონებმა ნუგზარ ნავაძემ და რეზო ესაძემ.

მთლიანობაში ეს ეგრეთ წოდებული განაჩენი და, ალბათ, საგამოძიებო მასალები, რომელთა გაცნობის «ბედნიერება» მე არ მქონია, არის ნათელი მაგალითი იმ განუკითხაობისა, ცინიზმისა და ელემენტარული უცოდინარობისა, რომელიც სუფევდა იმდროინდელ პროკურატურასა და სასამართლოში და ყოველივე ეს სათავეს იღებდა ქვეყნის ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში.

ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ მოვიტან ამონარიდებს აღნიშნული ვაიგანაჩენიდან, კერძოდ, მისი მე-6 გვერდის 1-ლ, მე-2 და მე-3 აბზაცებს მთლიანად:

«სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და განსასჯელს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება (ხ.ჩ.ა.გ.)…

სასამართლო დარწმუნდა, რომ განსასჯელის მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას» (ხ.ჩ.ა.გ.).

ქალბატონო თეა და ბატონო არჩილ!

ამ ფალსიფიცირებულ, უპასუხისმგებლო, ცინიკურ, უკაცრავად პასუხია, განაჩენში კარგად ჩანს, როგორი ძირმომპალი იყო თავიდანვე სააკაშვილისა და მისი ამფსონების მიერ დამყარებული ყოვლად უზნეო რეჟიმი და მისი ეგრეთ წოდებული მართლმსაჯულება, რომლის ადეკვატური აღწერისთვის შესაბამისი სიტყვებისა და გამოთქმების პოვნა შეუძლებელია, და როგორ სამუდამოდ არიან გადაგვარებულნი  პროკურატურისა თუ სასამართლოს ის ახალგაზრდა მუშაკები, რომლებიც მთელი ცხრა წლის მანძილზე ამ სიმყრალეში საქმიანობდნენ და მის ოხშივარს ისუნთქავდნენ!

დასასრულ, ამ სამარცხვინო დოკუმენტის ბოლო აკორდიც მაჟორულია, რადგან ყველას, მათ შორის ჩემს, გასახარად აცხადებს, რომ «ანზორ გაბიანის მიმართ შერჩეული აღმკვეთი ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს იგი სხდომათა დარბაზიდანო». ამას ისეთი დამაჯერებლობით ამბობს განაჩენი, რომ თითქოს მე ჩემი ფეხით არ ვიყავი მისული სასამართლოში და მთელი არასასიამოვნო, სამარცხვინო პროცედურების ერთადერთი ანგარებითი მიზანი, ჩემთვის 210 ათასი ლარის იძულებითი გადახდევინება, არ ყოფილიყოს იმ ვირტუალური დანაშაულისათვის, რომელიც არასოდეს ჩამიდენია.

უნდა მოგახსენოთ, რომ 210 ათასი ლარის გადახდის შემდეგაც არ შეწყვეტილა ჩემი დევნა და შევიწროება უკვე შპს «თეთრი ქალაქისა» და მის ბაზაზე მოქმედი სხვა შპს-ების მესვეურთა და მათ მაღალ მფარველთა მხრიდან, სააკაშვილის უახლოესი გარემოცვიდან, რასაც მოჰყვა ჩემი იძულება, ვითომ ნებაყოფლობით, ამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომისა, აგრეთვე, სერიოზული შევიწროება იმ დამფუძნებელთა მხრიდან, რომლებმაც მოძებნეს საერთო ენა სააკაშვილის გარემოცვასთან, რაც საბოლოოდ, დაახლოებით 3 წლის წინათ ამ შპს-სა და მისი ტერიტორიიდან განდევნით დამთავრდა. კვლავ და კვლავ არ შენელებულა განზრახვა ამ ორგანიზაციის უკვე საკმაოდ სოლიდური ქონების ხელში ჩაგდებისა, მაგრამ ყოველივე ეს ცალკე პრობლემაა და არ შედის ამ საჩივრის ჩარჩოებში. ამით ამჯერად მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ უმსგავსობას, რაც შპს «თეთრი ქალაქის» დღევანდელ მესვეურთა უკანონო ქმედებებში გამოიხატა, დღემდე არ უჩანს დასასრული და ჩემთან ერთად დაახლოებით 3000 მცირე და საშუალო მეწარმის ინტერესების უხეშ დარღვევაში გამოიხატება.

დასასრულ უმორჩილესად გთხოვთ:

1. გააუქმოთ ჩემ მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი და დანიშნოთ ახალი გამოძიება ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისა და შებღალული ავტორიტეტის აღდგენის მიზნითსააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლთა კატეგორიისათვის ჩემი მიკუთვნების გზით;

2. დაავალოთ სათანადო ორგანოებს სააკაშვილის, როგორც ამბობენ ხოლმე, ჯიბის პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ჩემ მიმართ სრულიად უკანონო სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფასურად გადახდილი 210 ათასი ლარის ჩემთვის დაბრუნება კომპენსაციის სახით;

3. მიიღოთ სათანადო ზომები შპს «თეთრი ქალაქის» გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ჩემი აღდგენის შესახებ, რაც შეესაბამება ათასობით ჩვენთან დასაქმებულ მცირე და საშუალო მეწარმეთა სურვილს, აგრეთვე, შესაძლებელს გახდის, გამოვიყვანოთ უმძიმესი მდგომარეობიდან აღნიშნული შპს ეფექტური რეფორმების გატარების გზით.

უღრმესი პატივისცემით,

ანზორ გაბიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here