Home რუბრიკები სამართალი თორნიკე არევაძე: ისეთი სასტიკი ზეწოლა ხორციელდებოდა ჩემზე, ტკივილს რომ ვეღარ ვუძლებდი, ხელზე...

თორნიკე არევაძე: ისეთი სასტიკი ზეწოლა ხორციელდებოდა ჩემზე, ტკივილს რომ ვეღარ ვუძლებდი, ხელზე საკუთარი ხორცი კბილებით ამოვიჭამე

1914

ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პოლიტპატიმრის, თორნიკე არევაძის, სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მას რესტორან «ქალაქურში» ნიზამ გამბაროვისთვის სხეულის განზრახ დაზიანებაში ედება ბრალი. თუმცა საყურადღებოა, რომ ის ინციდენტიდან რატომღაც მხოლოდ ორი თვის შემდეგ დააპატიმრეს. არევაძემ თავი დამნაშავედ არ სცნო. ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს, მაგრამ საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ თანამდებობებზე დღესაც იგივე მოსამართლეები და პროკურორები მუშაობენ. პარტიის «დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო» ქვემო ქართლის კოორდინატორი თორნიკე არევაძე  სასჯელს სისასტიკით ცნობილ გლდანის მერვე საპყრობილეში იხდიდა. ის «საქართველო და მსოფლიოს» ციხეში გატარებულ პერიოდსა და დაპატიმრების მიზეზებზე ესაუბრა.

_ თქვენ ბრალი არ აღიარეთ, როგორ ფიქრობთ, რა გახდა თქვენი დაპატიმრების რეალური მიზეზი?

_  ყველაფერს დაწვრილებით მოვყვები, რათა ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ, რა მოხდა სინამდვილეში. დაპატიმრებამდე უცნობი პირები მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ. ამას გარდა, კუდის თანამშრომლების გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებოდი და ამას არც მალავდნენ, ღიად დამყვებოდნენ. სავარაუდოდ, სურდათ, შემშინებოდა. 8 მარტს მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდი რესტორან «მწვადის სახლში», რომელიც ჩემს მეგობარ ვახტანგ დანელიას ეკუთვნოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ვახტანგ დანელიამ, რასაც ჰქვია, სინდის-ნამუსზე ხელი აიღო. აღმოჩნდა, რომ სწორედ მას ჰქონდა დავალებული, ჩემთვის იარაღი «შეეტენა». დანელია კუდის თანამშრომელი იყო და ჩვეულებისამებრ იარაღით დადიოდა. პირველად რომ გამომიწოდა იარაღი და მითხრა, შენ გქონდეს, რადგან, რომ ვთვრები, ვისვრიო, არ გამოვართვი, თუმცა მან იარაღი მაინც დადო მაგიდაზე და გარეთ გავიდა. 5 წუთში პოლიციის თანამშრომლები დაბარებულებივით შემოვიდნენ. მიმტანს ვთხოვე, ვახოს იარაღია და შეუნახე-მეთქი. უკვე მივხვდი, რომ ჩემ წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმებოდა, ამიტომ იქ აღარ გავჩერდი და რამდენიმე მეგობართან ერთად რესტორან «ქალაქურში» წავედი, თუმცა ეს არ მითქვამს დანელიასთვის. ამის მიუხედავად, დაახლოებით ერთ საათში ის იგებს ჩემს ადგილსამყოფელს და ისევ ჩვენთან მოდის.

რესტორანში სრულიად მშვიდი სიტუაცია იყო. მოულოდნელად დანელიას ვიღაც ურეკავს, გარეთ გადის და შემოსვლისას სრულიად უმიზეზოდ აგინებს ცალკე მაგიდასთან მყოფ სამ აზერბაიჯანელ  მოქალაქეს. ისინი ხმას არ სცემენ, მეტიც, ცოტა ხანში დგებან და მიდიან. მაგრამ დანელიამ არ მოისვენა, ადგა და მათ გარეთ გაჰყვა. 10 წუთში პოლიცია მოვიდა. ვახტანგ დანელიამ დაინახა რა პოლიციის თანამშრომლები, იარაღი ისევ გამომიწოდა, დამიჭირეო, რაც, რა თქმა უნდა, არ გავაკეთე. საყურადღებოა, რომ პირველ შემთხვევაში, საკუთარი იარაღი მომაწოდა, მეორედ კი უკვე «მაკაროვის» სისტემის სრულიად სხვა იარაღი, რომელიც, დღემდე არ ვიცი, ვის ეკუთვნოდა.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელებმა ანიშნეს დანელიაზე, ეს არის დამნაშავეო, მას მხოლოდ ფორმალურად ჩამოართვეს ახსნა-განმარტება. თავის დაზღვევის მიზნით, მეორე დღეს თანამესუფრებთან ერთად ჩემი ნებით გამოვცხადდი პოლიციაში, თქვენ არაფერ შუაში ხართო, გვითხრეს, დანელია ჩვენი მეგობარიაო და გამოგვიშვეს.

საინტერესოა, რომ ამ ამბიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ დამაპატიმრეს. ჩემი დაპატიმრების რეალური მიზეზი მედიაკავშირ «ობიექტივში» გაკეთებული განცხადება გახდა, როცა გავაკრიტიკე მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და «ნაციონალები».

ჩემი კრიტიკული გამოსვლის შემდეგ დაფარული ნომრებიდან მირეკავდნენ ვიღაცები, ვითომ ჟურნალისტები იყვნენ და შეხვედრას მთხოვდნენ. როდესაც ჩვენს პრესცენტრში ვამოწმებდით, ასეთი ჟურნალისტები საერთოდ არ არსებობდნენ. რომ არაფერი გამოუვიდათ, რუსთავში ქუჩიდან გამიტაცეს, ძალით ჩამსვეს მანქანაში და არც ის უთქვამთ, რაზე დამაკავეს. მოვითხოვე ადვოკატი, მაგრამ არ მომიყვანეს. წამართვეს ტელეფონი და წამიყვანეს რუსთავის პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც მოვიდნენ კუდის თანამშრომლები და გავიგონე, როგორ უთხრეს პოლიციელებს, წაიყვანეთ და დაკითხეთ, ჩვენ თქვენთან ვართო. რის შემდეგაც წამიყვანეს რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოში. პოლიციის უფროსს, ჭანტურიას ვთხოვე, ადვოკატი მოეყვანა, რისი უფლებაც ისევ არ მომცეს. არც დამარეკვინეს. იქ შევხვდი პროკურორ მირზა სუბელიანს, რომელიც ჩემთვის 3-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. პროკურორი მირზა სუბელიანი დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი რუსთავში ყველა «შავბნელ საქმეში» მონაწილეობდა. რუსთავში თუ ვინმე პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს, ყველას პროკურორი ის იყო.

შემიყვანეს ამოცნობის ოთახში. ძალით შეადგინეს ამოცნობის ოქმი. პირდაპირ უთხრეს გამბაროვს, ხომ ეს არისო და ისიც დაეთანხმა.

_ ნაზიმ გამბაროვმა და მისმა სუფრის წევრებმა რატომ მისცეს თქვენ წინააღმდეგ ჩვენება?

_ იმიტომ, რომ ერთ მათგანს 6 წელი, მეორეს კი 7 წელი ჰქონდა პირობითი სასჯელი და შეაშინეს. ისინი აიძულეს, ჩვენება ჩემ წინააღმდეგ მიეცათ, რაც მათ აბსურდულ ჩვენებებშიც გამოჩნდა. სამივემ სხვადასხვა ჩვენება მისცა. როგორც ჩანს, ვერ დაიზეპირეს, რაც უნდა ეთქვათ.

_ ვახტანგ დანელიას რა ბედი ეწია?

_ ისიც დაიჭირეს იმ პირობით, რომ 6 თვეში გაუშვებდნენ, მაგრამ 6 თვე რომ გაიწელა მისი პატიმრობა, გავიგონე, როგორ უყვიროდა პროკურორს, ერთი თვე შემპირდი და ექვსი თვე რატომ ვზივარო. უკვე პანიკაში იყო. მალე გაუშვეს კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოწმე ადასტურებდა, რომ იარაღი მან ჩაარტყა გამბაროვს. პროკურორსა და მოსამართლეს ერთი კითხვა არ გასჩენიათ მის მიმართ. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, იმითაც კი არ დაინტერესებულან, ვისი იარაღი მომაწოდა დანელიამ რესტორანში. ვახტანგ დანელია დარბაზიდან გაათავისუფლეს, ხოლო მე 4 წელი მომისაჯეს.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ თქვენი დაპატიმრება ვანო მერაბიშვილის მისამართით გაკეთებულმა კრიტიკულმა განცხადებამ განაპირობა. ამას რის საფუძველზე ამბობთ?

_ ქალაქის სამმართველოშივე მითხრეს, განყოფილების უფროსები აღარ გაკმაყოფილებს და ახლა მინისტრებზე გადახვედიო?! შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართავდნენ. პირდაპირ მითხრა პროკურორმა მირზა სუბელიანმა, ვიცი, რომ უდანაშაულო ხარ, მაგრამ რა ვქნა, მე ვერაფერს ვწყვეტო. ახლა მოვლენ ვიღაცები და, თუ მეტყვიან, რომ გაგათავისუფლო, გაგიშვებ, თუ არადა, უნდა დაგაპატიმროთო. სამმართველოშივე მოვიდა რუსთავის კუდის უფროსი ლევან ტყეშელაშვილი, რომელიც ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარია, მაგრამ არც კი შემომხედა, ისე შევიდა განყოფლებაში და ათ წუთში დამაპატიმრეს.

 _ თქვენი ოჯახის წევრები, ადვოკატი აცხადებდნენ, რომ თქვენზე ციხეში ძლიერი ზეწოლა ხორციელდებოდა, რას ითხოვდნენ თქვენგან?

_ ითხოვდნენ, რომ დანაშაული მეღიარებინა, თითქოს ნიზამ გამბაროვს მე ვცემე. მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ სუფრის წევრებიც არ შეშინდნენ და ჩემ წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს, უკვე ზეწოლას ახორციელებდნენ ჩემზე, რათა მათ არ მიეცათ ჩვენება სასამართლოში და არ გამოეყენებინა სასამართლოს მოწმეებად ეს ადამიანები.

ისეთი სასტიკი ზეწოლა ხორციელდებოდა ჩემზე, ტკივილს რომ ვეღარ ვუძლებდი, ხელზე საკუთარი ხორცი კბილებით ამოვიჭამე. ოფიცრის ოთახში გვცემდნენ. თან ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდნენ. რეჟიმის უფროსს, ოლეგ ფაცაციას, პირადად მიუღია მონაწილეობა ჩემს ცემაში, მაიძულებდა, მათთან თანამშრომლობაზე მომეწერა ხელი. თუ დათანხმდებოდი, შემდეგ, როგორც აგენტს, შეგიშვებდნენ საკანში ინფორმაციის გამოსატანად. პატიმრების 90%- სწორედ ამ მიზეზით სცემდნენ.

სასტიკად სცემდნენ და აწამებდნენ პატიმრებს. 6 კაციან საკანში 8-10 კაცი შემოდიოდა და უმოწყალოდ სცემდა ყველას. გაიძულებდნენ, საწოლის ქვეშ შემძვრალიყავი. თუ არ შეძვრებოდი ან მუხლებზე არ დადგებოდი, გცემდნენ. კბილები აღარ მაქვს. ივარჯიშეს ჩემზე, ჯალათები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ერთი მარცხენა მხრიდან მირტყამდა, მეორე _ მარჯვენა მხრიდან.

თუ მასობრივად მთელ საკანს არ სცემდნენ, ინდივიდუალურად პატიმრების ცემა და წამება აბანოში მიმდინარეობდა. რადგან იქ ვიდეოკამერა არ იყო დამონტაჟებული. განსაკუთრებული სისასტიკე კარანტინის დაშლის დროს ხდებოდა. პარასკევობით მთელ ციხეში პატიმრების გოდების ხმა ისმოდა. სცემდნენ ჯოხით, ხელით, ფეხით. შეურაცყოფას გვაყენებდნენ, აბა, შეაგინე ბურჯანაძეს, ახლა გიშველოს ბურჯანაძემო, გვეუბნებოდნენ. ყოფილა შემთხვევა, რომ გაუყვანიათ პატიმარი, სასტიკი ნაწამები მოუყვანიათ და ამის შემდეგ მას ვენები გადაუჭრია ან ყელი გამოუჭრია. ისეთ პირობებში ვიყავით, ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, ნახევარზე მეტი პატიმარი ცოცხალი ვერ გამოვიდოდა ციხიდან.

_ იცოდა თუ არა ციხის ყველა თანამშრომელმა პატიმრების წამების შესახებ?

_ ყველამ ყველაფერი იცოდა. ზოგიერთები კი შედარებით ადამიანურად ექცეოდნენ პატიმრებს. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, ცემის დროს ყურში უთქვამთ, ახლა დაეცი, კამერა გვიღებსო. ყველა არ იყო სადისტი. მაგრამ იყვნენ ისეთი სადისტებიც, ცემის დროს, როცა რეკავდა ტელეფონი და ვიღაც ეუბნებოდათ თავი დაანებეთ, ეყოფაო, იმდენად ეშხში იყვნენ შესულები, თავს მაინც არ გვანებებდნენ და ცემას აგრძელებდნენ.

_ ლადო ბედუკაძეს თუ შეხვედრიხართ?

_ პირველად მას 2009 წელს შევხვდი, როცა საპროტესტო აქციიდან წამიყვანეს და დამაპატიმრეს. ბედუკაძის მოვალეობაში შედიოდა, გაეფორმებინა საბუთები, ექიმს გაესინჯა პატიმარი და შემდეგ ის კარანტინისთვის გადაეცა. ლადო ბედუკაძეს პატიმრები ემადლიერებოდნენ, მათგან მომისმენია, რომ ყველას ადამიანურად ექცევაო.

_ ახლა რას აპირებთ?

_ ჩემი სასამართლო პროცესი გრძელდება, ვინაიდან მე დარჩენილი მქონდა სააპელაციო ვადა. 31 იანვარს მქონდა სასამართლო პროცესი, როცა გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოეტანა მოსამართლეს, მაგრამ ასე არ მოხდა. 12 თებერვალს ისევ გაიმართება სასამართლო პროცესი და დიდი იმედი მაქვს, მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგა, რადგან ძირითადად ისევ ის პროკურორები და მოსამართლეები მუშაობენ, რომლებიც უკანონო ქმედებებში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here