Home რუბრიკები საზოგადოება ლაშა ჟვანია: გავა დრო და იცოდეთ, 2008 წლის მოვლენები შეფასდება, როგორც...

ლაშა ჟვანია: გავა დრო და იცოდეთ, 2008 წლის მოვლენები შეფასდება, როგორც ჩვენი მხრიდან სერიოზული შეცდომა

953

მოსკოვში პატრიარქის ვიზიტი პოლიტიკურ წრეებში აქტიური განხილვის საგნად კვლავ რჩება. ნაწილი (ძირითადად «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები) მსგავს შეხვედრებს სკეპტიკურად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ნაწილმა ის უკვე შეაფასა, როგორც პირველი სერიოზული გარღვევა ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაში. თავად პატრიარქმა კი ვიზიტს ისტორიული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მას კარგი შედეგი მოჰყვება. რას უნდა ველოდოთ მომავალში და რას შეცვლის რეალურად ახალი ხელისუფლების მიერ კრემლის მესვეურებთან დაწყებული დიალოგის მცდელობა, _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია.

_ ბატონო ლაშა, რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან დაბრუნებულმა ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ მისი ვიზიტი მოსკოვში წარმატებული იყო და ის კარგ შედეგს მოიტანს. თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ შეხვედრას და კონკრეტულად რა შედეგის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

_ საერთოდ, ეკლესიის საჭეთმპყრობლის ვიზიტი მეორე ქვეყნის ეკლესიაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, როცა ეს მეორე ეკლესია არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური. ის ერთადერთი, ასე ვთქვათ, სტრუქტურაა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სახელმწიფო სივრცეში, რომლის იურისდიქციაც არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება: უკრაინაზე, ბელარუსზე, მოლდოვაზე, აზერბაიჯანზე, ყაზახეთზე, თურქმენეთზე, იაპონიასა და ჩინეთზეც კი. ამასთან, ის აღიარებს საქართველოს იურისდიქციას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებისა.

რაც შეეხება კითხვას, რას უნდა ველოდოთ, ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე საკითხი იქნა განხილული: პირველი ეს იყო ეკლესიებს შორის ურთიერთობები და მსოფლიო საეკლესიო კრებასთან დაკავშირებული თემები. ასევე საუბარი შეეხო ქართველი მეფეების გადმოსვენებას, რაც, შეუძლებელია, ტექნიკურად დროულად მოგვარდეს, იმიტომ, რომ ჩვენ მოვითხოვეთ დეენემის ანალიზი, რომლის ჩატარებასაც, სულ ცოტა, სამი თვე დასჭირდება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობა კათოლიკოს-პატრიარქის ყველა შეხვედრაზე ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლის მიერ იყო დაფიქსირებული, ისევე, როგორც ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ საჯარო გამოსვლაში. რუსეთის მხრიდან კი გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ, რაც, ვფიქრობ, ნიშანდობლივია: შეცდომები იქნა დაშვებული და ისინი უნდა გამოსწორდეს… ჩემი აზრით, ეს ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგისთვის საუკეთესო ბაზისია.

_ თქვენი აზრით, განცხადების ავტორი რას გულისხმობდა _ შეცდომებს ორივე მხრიდან თუ მარტო საქართველოს მიერ დაშვებულს?

_ ეს თავად ავტორმა უნდა თქვას. საერთოდ, ზოგადი განცხადების ინტერპრეტირება მრავალნაირად შეიძლება, მაგრამ, როდესაც შეცდომებზე იყო საუბარი და არ დაკონკრეტებულა, რომელმა მხარემ დაუშვა ის, მაფიქრებინებს, რომ მომავალში რუსეთის ფედერაციას ექნება მზაობა მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასაჯდომად. მოდი, ნურც იმის ილუზიას შევიქმნით, რომ დღეს და ხვალ ყველაფერი გადაწყდება. ეს პროცესი ძალიან დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ფაქტი ერთია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტაში რუსეთთან, როგორც ერთ-ერთ ძირითად მოთამაშესთან, დიალოგი აუცილებელია.

_ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა, სერგო რატიანმა და ზურაბ ჯაფარიძემ, პატრიარქის ვიზიტში და მის განცხადებაში, რომ ეს ვიზიტი ისტორიული იყო, საფრთხე დაინახეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამაფრთხილებელი განცხადებაც გაავრცელეს და მისი უწმინდესობა, ფაქტობრივად, დამოძღვრეს.

_ ალბათ, კარგი იქნება, ამ ადამიანებმა შეიგრძნონ ის რეალობა, რა რეალობაშიც თავად არიან და ის დონე, მასშტაბები, რომლებიც აქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან მიმართებაში ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს. როცა ისინი ამას გააცნობიერებენ, ცოტა უფრო მორიდებით იქნებიან და დაუკვირდებიან, რა განცხადებებს აკეთებენ. მის უწმინდესობას, ილია მეორეს, თავისი სამღვდელმთავრო 50 და საპატრიარქო 35-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. მისი ცხოვრება ამის ნათელი მაგალითია. ასე რომ, რა იპოვეს, რა დაინახეს ჯაფარიძემ და რატიანმა რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის სურვილში სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხისშემცველი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

_ ისინი საუბრობდნენ საფრთხის ალბათობაზე, რომელიც, მათი აზრით, შესაძლოა, მომავალში შეგვექმნას.

_ ჰოდა, მათ ვეკითხები: ხომ არ არის ქვეყნის ინტერესებისთვის უფრო საფრთხისშემცველი მათი პოლიტიკური გუნდის მხრიდან მუდმივი ქილიკი და უადგილო, უსაფუძვლო, პიროვნული ლანძღვა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მისამართით, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ  მოუტანია?!

_ სხვათა შორის, არანაკლებ ხმამაღალი განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ეკა ხერხეულიძემაც. მისი თქმით, პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში პერსპექტიული ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება, რადგან თურმე სწორედ ამ დღეებში განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომ მან მოახდინა საქართველოს ინტერვენცია და ის არის ოკუპანტი. არ ვიცი, სად და როდის მოისმინა ქალბატონმა ხერხეულიძემ ვლადიმერ პუტინისგან ეს «აღიარება», მაგრამ ფაქტია, «ნაცმოძრაობის» წარმომადგენლებს კრემლთან საერთო ენის გამონახვაზე საუბარიც კი აშინებთ და აღიზიანებთ.

_ არც ქალბატონი ეკა ხერხეულიძე და არც ის ადამიანები, რომლებიც მსგავსი განცხადების ავტორებად მოგვევლინნენ, ჩემთვის არ წარმოადგენენ რაიმე განსაკუთრებული საზოგადოებრივი აზრის მატარებელ პიროვნებებს, რომელთა გამონათქვამებს შეიძლება იმხელა მნიშვნელობა მივანიჭოთ, რომ ამაზე საუბარს მოვანდომოთ თუნდაც თქვენი ძვირფასი გაზეთის ერთი ან ნახევარი სვეტიც კი.

_ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობამ წამოაყენა ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის შესახებ. რა აზრის ხართ ამაზე?

_ მსგავსი არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს და არ შეიძლება, კონსტიტუციაში წერო ყველაფერი, რაც უმცირესობას მოუნდება, პირზე მოადგება. რატომ თავის დროზე არ ჩაწერეს?!

_ ჩვენს დროს ეს პრობლემა არ იყოო.

_ რა პრობლემა არ იყოო, დღე და ღამ ამაზე საუბრობდნენ. სამი-ოთხი თვის წინანდელ განცხადებებს მოუსმინეთ, დილიდან საღამომდე ყურები გვქონდა გამოჭედილი, საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეიძლება შეიცვალოს და ამიტომ მოგვეცით ხმაო. უმრავლესობა მათ ხელში იყო, საკონსტიტუციო ცვლილება რომ გააკეთეს, პრეზიდენტის უფლებამოსილების გასაგრძელებლად, იმ დროს რატომ არ მიიღეს ეს კანონი?! თუ ეგონათ, რომ მუდმივად იქნებოდნენ…

ახლა მთელი ჩვენი საუბარი მიდის იქით, მე, როგორც რესპონდენტი, უნდა ვამტკიცებდე, რომ ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლის საფრთხეს ვერ ვხედავ. არავის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ არ იცვლება არაფერი… აუცილებელია ასეთი ტიპის შეხვედრები, ვიზიტები, კიდევ უფრო ინტენსიური დიალოგი და აუცილებელია, ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შეცდომები იყო დაშვებული. აქ ლაპარაკია დიალოგზე არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, იმიტომ, რომ ჩვენ ეს რეგიონები ამ ხალხის გარეშე არ გვინდა.

_ საინტერესოა, თავის მხრივ, აფხაზები და ოსები როგორ უყურებენ შეცდომებზე საუბარს.

_ მოდი, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენს შეცდომებზე ვისაუბროთ. რატომ არ გვინდა იმის აღიარება, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას?! გავა დრო და იცოდეთ, 2008 წლის მოვლენები შეფასდება, როგორც ჩვენი მხრიდან სერიოზული შეცდომა.

ისტორია თავის სიტყვას იტყვის, უბრალოდ, ახლა, სამწუხაროდ, ისტორიის იმ ნაწილში ვართ, როცა სათქმელი ჯერ ვერ ითქმევა…

_ დასასრულს მიმდინარე დაკავებებზე გკითხავთ: ბევრის აზრით, ინვესტიციების კლება, რაზეც ექსპერტები გამუდმებით საუბრობენ, გარკვეულწილად, შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?

_ თქვენ, როგორც ამ შეკითხვის ავტორს, იქეთ მინდა გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, მე რატომ არ მაკავებენ? რატომ არ აკავებენ იმ ათობით და ასობით პატიოსან, მაღალი დონის ყოფილ სახელმწიფო მოხელეს, რომლებიც წესიერად ცხოვრობდნენ?! რატომ მძინავს მშვიდად და წყნარად ნებისმიერი ცვლილების დროს?!

აქვე გიპასუხებთ: იმიტომ, რომ არ ჩამიდენია დანაშაული, არ დამირღვევია კანონი, იმის მიუხედავად, რომ იყო დავალებაც, არაერთი მითითებაც და ხიბლიც. მე დღეს ლაღად ვხვდები იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გაქცეულები იყვნენ საქართველოდან, რომლებიც ციხეში ისხდნენ. უკვე ვმეგობრობ მათთან. ახლა გეკითხებით, რატომ უნდა ვიყო გათანაბრებული იმ მოხელეებთან, ჩინოვნიკებთან, რომლებმაც ფული იშოვეს სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის დროს?! მაშინ ეს ხომ მომავალში თანამდებობის სხვა პირებისთვის ცუდი მაგალითი იქნება?! _ მიხვალ სამსახურში, იმუშავებ, ფულს გააკეთებ და არც არავინ არაფერს მოგკითხავს…

_ ფაქტობრივად, დღე ისე არ გავა, წინა ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანი პროკურატურაში არ დაიბარონ, არ დაკითხონ ან არ დააკავონ. ერთია, რომ სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ, თქვენი აზრით, ეს ყველაფერი რამდენად შეიძლება, საბოლოოდ მივიდეს უშუალოდ პრეზიდენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისა და «ნაციონალური მოძრაობის» რეალური ხელმძღვანელის, პასუხისმგებლობის საკითხამდე?

_ პასუხისმგებლობა აბსოლუტურად ყველასია და გეტყვით, რატომ: ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში მყოფმა ადამიანმა შეიძლება ერთი მითითება მოგცეს, მაგრამ, თუ ამას შემსრულებელი, წამხალისებელი და ქათინაურის მთქმელი არ ჰყავს, ის მარტო ვერ განახორციელებს. აქედან გამომდინარე, მარტო ერთი პიროვნების პასუხისმგებლობაზე ვერ ვისაუბრებთ, აქ იყო გუნდი, რომელიც წყვეტდა საკითხებს და პლიუს მათ ჰყავდათ შემსრულებლები. სადმე წყვეტა რამეს, რომ ვთქვათ, შემსრულებელს ეთქვა უარი ან თავკაცს ცოტა მეტი გონიერება გამოეჩინა, შედეგი ასეთი მძიმე არ იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იყო საათივით აწყობილი სისტემა, რომელიც ყოველგვარი შიდაწინააღმდეგობის გარეშე დაუბრკოლებლად მოქმედებდა.

_ შემსრულებელი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია, სათავეში იყოს ჯანსაღი ძალა.

_ ზუსტად ესაა პრობლემა, რომ შემსრულებელი მოიძებნება. ამ შემთხვევაში უკვე მთლიანად საზოგადოების სინდრომულ ავადმყოფობაზეა საუბარი. რაც შეეხება ისევ პასუხისმგებლობას, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა ეს პასუხისმგებლობა პოლიტიკურად უკვე იწვნია, საზოგადოებამ მათ გამოუტანა განაჩენი; სხვა დანარჩენი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმეა და, ალბათ, ისინი მიხედავენ ყველაფერს, როგორც საჭიროა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here