Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი აბაშიშვილი: ახალი ხელისუფლება ზედმეტ ოპტიმიზმსა და თვითტკბობაში არ უნდა ჩავარდეს

გიორგი აბაშიშვილი: ახალი ხელისუფლება ზედმეტ ოპტიმიზმსა და თვითტკბობაში არ უნდა ჩავარდეს

682

«ნაცმოძრაობის» ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პირადად ჩემთვის გაუგებარი იყო «ეკონომიკის მდგრადი განვითარების» მცნება და ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ახალი ხელისუფლების პერიოდშიც იმავეს მოვისმენდი, რომ ეს გაუგებარი სახელწოდება შერჩებოდა ეკონომიკის სამინისტროს. ეს ისე, უბრალოდ ვახსენე. ოღონდ ეკონომიკა აღორძინდეს და ვინ დაეძებს, რა ერქმევა ან მინისტრს, ან სამინისტროსკარგა ხანია, ყოფილ პრემიერმინისტრსა და ხელისუფლებას შორის ციფრებით დავა მიმდინარეობს. ოპოზიცია ამბობს, რომ ეკონომიკური კლება გვაქვსო, ხოლო ხელისუფლება ამბობს, მატება არისო. ასეთივე ინფორმაციას გვაწვდიან ექსპერტებიც, ხელისუფლების მომხრეები იმათ სათქმელს ამბობენ, ხოლო ოპოზიციის მომხრეები (ასეთები კიდევ არიან) მათ ინფორმაციას ადასტურებენ. რა ხდება სინამდვილეში და როგორი ვითარებაა ქვეყანაში ეკონომიკის თვალსაზრისით, რას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში და გველოდება თუ არა ეკონომიკური კრიზისიამ და სხვა საინტერესო თემებზე ეკონომიკის ექსპერტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი გიორგი აბაშიშვილი გვესაუბრება.

_ დღევანდელი მონაცემებით, ეკონომიკაში ვარდნა არის და, თუ ამას მიეცემა განვრცობითი ხასიათი, ვარდნის ბოლო კრიზისია. საბოლოო შეფასების გაკეთებას კვარტლის ბოლოს შევძლებთ. თუ პირველი კვარტლის შედეგები დამაიმედებელ სურათს არ მოგვცემს, მაშინ გაცილებით უფრო დიდი განგაშის ზარი იქნება შემოსაკრავი.

ქვეყანაში ვითარება ასეთია: «ნაცმოძრაობა» ზედმეტად ტრაგიკულად აფასებს სიტუაციას, ახალი ხელისუფლება კი ზედმეტად ოპტიმისტურად არის განწყობილი. რეალობა კი სულ სხვაა _  საქართველოში ეკონომიკური აქტივობა იკლებს. რას ნიშნავს ეკონომიკური აქტივობის კლება? ხალხისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობის კლება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ნაკლებად მოტივირებულები არიან თანხის ხარჯვაში. ადამიანებს არ აქვთ სტიმული გააკეთონ შესყიდვები, ბანკებიდან ნაკლები ფული გამოაქვთ, არ სურთ, ქონება სესხით შეიძინონ, ანუ იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების რაოდენობა არის დაკლებული, ნაკლებს ხარჯავენ ძვირადღირებულ ნივთებში, როდესაც მოსახლეობა თანხის დაზოგვას იწყებს და მხოლოდ გადაუდებელი საკვების გარდა აღარაფერს ყიდულობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას ერიდებიან, მათ შიშის ფაქტორი აქვთ, არ იციან, რა იქნება მომავალში. ეს კი სწორედ ეკონომიკური აქტივობის კლების ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია. ადამიანებს არ აქვთ ხარჯვის სტიმული.

_ რამ შექმნა ეს შიში ადამიანებში?

_ საქართველოში არსებულმა გაურკვეველმა პოლიტიკურმა ვითარებამ. პროგნოზირება იმისა, რა შეიძლება იყოს მომავალში, არის საკმაოდ რთული. ამიტომ ადამიანები ცდილობენ, დაიცადონ, ასეთი ტიპის დაცდა კი, როგორც წესი, ეკონომიკის დაცემის მაპროვოცირებელია. ქვეყანაში საკმაოდ დიდი ნიშნებია იმისა, რომ ეკონომიკური კრიზისი შეიქმნას.

იმას, რასაც «ნაციონალური მოძრაობა» ციფრობრივად ასაბუთებს, ვერ გავექცევით და თვალის დახუჭვაც არ ღირს, რადგან იმავე ინფორმაციას სტატისტიკის დეპარტამენტიც ადასტურებს, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა იკლებს.

არსებული სიტუაციიდან გამოსავალს კი ხელისუფლება ინვესტორების მოზიდვაში ხედავს, მაგრამ როგორი იდეალური კანონმდებლობაც არ უნდა იყოს ფურცელზე დაწერილი, ისეთ ქვეყანაში, რომელშიც პოლიტიკური სტაბილურობა არ არის, არავინ ფულს არ ჩადებს. ბიზნესში არსებობს რამდენიმე ტიპის გარემო, რომელიც ინვესტორს აფიქრებინებს, გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის: ბიზნესის სამართლებრივი გარემო, ბიზნესის სოციალურ-კულტურული გარემო, მაგრამ ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი ბიზნესისთვის პოლიტიკური გარემოა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისთვის უნიშვნელოვანესია პოლიტიკური სტაბილურობა.

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ როგორმე უნდა შეძლონ და შეთანხმებას მიაღწიონ თუნდაც ეკონომიკის ნაწილში, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი ნიშნები არ იკვეთება, რომ ამის მცდელობა აქვთ.

_ ეკონომიკის განვითარების როგორი კურსი აირჩია ახალმა ხელისუფლებამ?

_ საქართველოს ეკონიმიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო, მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა, თუ როგორი იქნებოდა მისი ეკონომიკური გეგმა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი ცოტა ძნელი განსასაზღვრია, თუ როგორია მათი გეგმა, ამაზე არც არავის უსაუბრია, რადგან კოალიცია «რთული აგებულებისაა», მათი პოლიტიკური თუ ეკონომიკური შეხედულებები განსხვავდება, იქ არიან ლიბერალებიც, არიან სოციალ-დემოკრატიის მომხრეებიც, არიან სოციალური საბაზრო ეკონომიკის მომხრეებიც. ჯამში ამ ნაზავმა როგორი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შემოგვთავაზოს, გაუგებარია. ამ წუთამდე ვერავინ ისაუბრებს ახალი ხელისუფლების ერთიან, დეკლარირებულ გეგმაზე, მათ არ უთქვამთ, რომ ეს არის ჩვენი ეკონომიკური გეგმა და ამ გეგმის მიხედვით მივდივართ. ეს იყო წინა ხელისუფლების პრობლემაც, ამას თან ერთვოდა ისიც, რომ ისინი რეფორმების პროცესში ხალხს არ ესაუბრებოდნენ, ისინი ხალხისგან შორს იყვნენ და რეფორმის ნეგატიურ შედეგებს მოსახლეობას არ აცნობდნენ. თუ მოსახელობას წინასწარ ექნება ინფორმაცია რეფორმების თაობაზე, ამას შეიძლება ნეგატიური შედეგი ცოტა ხნით ჰქონდეს, მაგრამ გრძელვადიანი შედეგი აუცილებლად იქნება პოზიტიური. თუ საქართველოში ოდესმე რომელიმე ხელისუფლება მოსახლეობას რეფორმების დადებით და უარყოფით შედეგებზე დაელაპარაკება და აუხსნის, მაშინ ხელისუფლებას უკეთესი შანსი ეძლევა, იდგეს სწორ და ხალხისთვის მისაღებ პოზიციაზე, წინააღმდეგ შემთხვევში, ხალხის უნდობლობას გამოიწვევს.

ისევე, როგორც «ნაცმოძრაობის» დროს, ახლაც მიჭირს გავიხსენო ის რეფორმა, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ დაასახელა და ახსნა მისი დადებითი თუ უარყოფითი შედეგები და, რაც მთავარია, დაასახელა დრო, როდემდე შეიძლება ესა თუ ის პროცესი გაგრძელდეს. ხელისუფლებები არ გვთავაზობენ მკაფიო გეგმას, რომელშიც ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ.

_ ხელისუფლება ამბობს, რომ დაქცეული ეკონომიკა ჩაიბარა და ბიუჯეტშიც კაპიკი ფული არ იყო.

_ წარმოუდგენელია, რომ ბიუჯეტში არ იყო კაპიკი, მაშინ ვერაფრით დარიგდებოდა ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარებები. ბიუჯეტში ფული არ არის _ ძალიან ვირტუალური ნათქვამია, რადგან ბიუჯეტში ფული ბრუნავს, რაღაც დროს ეს ფული გადის და შემდეგ ისევ შემოდის, მუდმივად სავსე ბიუჯეტი უტოპიაა.

ახალმა ხელისუფლებამ არსებული ბიუჯეტიდან უკეთესად გადაანაწილა ხარჯები და შეძლო ბიუჯეტის ზრდა და რადგან ეს შესაძლებელი გახდა, ესე იგი ეს 2012 წლის ბიუჯეტის დამსახურებაა.

საერთოდ, ალბათ, ნაჩქარევი იქნება იმაზე საუბარი, თუ რა და როგორ იქნება. ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ პირველი კვარტლის შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე უფრო მეტად შესამჩნევი კლებითი ნაწილია, მაგრამ, როგორც ხელისუფლება ამბობს, ინვესტორების იმედი აქვთ. ისინი გვპირდებიან, რომ ძალიან სერიოზულ უცხოელ ინვესტორებს დააინტერესებენ. ამიტომ უნდა დაველოდოთ, ინვესტორების დალოდება აუცილებელია. მარტის თვემდე, ანუ კვარტლის ბოლომდე, სავარაუდო ინვესტორების ვინაობა და წარმოშობა დაანონსებული მაინც უნდა იყოს. სიტყვა სერიოზული ინვესტორი ძალიან ზოგადია, აღნიშნულ საკითხს მეტი გამჭირვალობა სჭირდება.

ისე, ეკონომიკას ცოტა ხანი ინერციით სიარული შეუძლია.

_ ხელისუფლება პრიორიტეტად კვლავ ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ასახელებს.

_ მთავარი შეცდომა, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ დაუშვას, არის ის, რომ აქცენტი ეკონომიკის ერთ რომელიმე დარგზე გააკეთოს, იქნება ეს ტურიზმი ან თუნდაც სოფლის მეურნეობა, რადგან აუცილებლად უკუეფექტი ექნება. ქვეყანაში უნდა იყოს პრიორიტეტული დარგები შერჩეული, რომლებზეც დაიხარჯება მეტი ენერგია და იზრუნებენ მის პრომოუშენზე, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ ტურიზმი გადაგვარჩენს, ზღაპარია. 

ბიზნესს თავისუფლება უნდა მისცენ, რადგან ყველაზე მეტად ესმის, რა შეიძლება ამ ქვეყნისგან გამოვიდეს. ის თვითონ მიაგნებს იმ სფეროებს, რომლებიც მომგებიანი იქნება და უკეთესი ქვეყნისთვის. ბიზნესს ვერ ეტყვი, შენ აქ ეს გააკეთე ან ესო, ბიზნესი თვითონ არ დატოვებს ასათვისებელს, სწორედ ბიზნესზე დაყრდნობით უნდა განსაზღვრო პრიორიტეტები და არა პირიქით.

ახალი ხელისუფლება უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომ ზედმეტ ოპტიმიზმსა და თვითტკბობაში არ უნდა ჩავარდეს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here