Home რუბრიკები საზოგადოება ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენა იწყება

ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენა იწყება

624

 თბილისში 4 თებერვალს ჟურნალისტიკის რუსულქართული სკოლა გაიხსნა. ოლეგსანდრო პანფილოვმა და ქართული ჟურნალისტიკის სხვა «სინდისებმა» ამ დღეს თავი გამოიჩინეს და სასტუმრო «ამბასადორის» წინ მცირერიცხოვანი პიკეტი მოაწყვეს. მათი ღრმა რწმენით, რუს ჟურნალისტებს ქართველებისთვის არაფრის სწავლება არ შეუძლიათ, თუმცა მაშინ რაღას აკეთებს საქართველოში იგივე პანფილოვი, აღარ დაუზუსტებიათ. მის ეთნიკურ წარმომავლობას არ ვეხებით, მაგრამ აწ მაუწყებლობაშეჩერებულ ტელეარხ «პიკის» დამხმარე ძალად რუსეთიდან ჩამოყვანილი ეს პიროვნება, როგორც იყო, ისევე დარჩა სააკაშვილისა და «ნაციონალური მოძრაობის» მეხოტბედ.

პიკეტი მალევე დაიშალა. მისი მონაწილეები კითხვებს სვამდნენ, მაგრამ პასუხებს აღარ უსმენდნენ. ჟურნალისტურ სკოლაში ქართული მედიის 50-მდე ჟურნალისტი ჩაეწერა და მოპიკეტეების გულისწყრომაც სწორედ ამან გამოიწვია. წლების განმავლობაში განხორციელებული იზოლაციის პოლიტიკამ არ გაამართლა. ახალგაზრდა ჟურნალისტებს აინტერესებთ რუსეთთან კონტაქტი, იქაური ვითარება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება. მოპიკეტეებს არც იმაში გაუმართლათ, რომ მათი 20-კაციანი აქცია მათივე თანამოაზრე «რუსთავი 2»-მაც კი მხოლოდ ერთხელ და ისიც შუადღის საინფორმაციო გამოშვებაში გააშუქა.

ერთი კვირის განმავლობაში წამყვანი რუსული მასმედიის _ საინფორმაციო სააგენტო «რია ნოვოსტის», რადიო «მაიაკის», ჟურნალ «რუსკი რეპორტიორის», გაზეთ «მოსკოვსკიე ნოვოსტის», საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ «ვესტნიკ კავკაზას» ჟურნალისტები თავიანთი ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარებენ ტრენინგებსა და მასტერკლასებს უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და მულტიმედიური კონტენტის შექმნაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტები, ქართველ ექსპერტებთან ერთად, წაიკითხავენ  ლექციებს მასმედიის თანამედროვე ტენდენციებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ, წარმოადგენენ თავიანთ ხედვას სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავლის შესახებ, მრგვალი მაგიდის ფარგლებში, სახელწოდებით  «სამხრეთ კავკასია 2020: რეგიონის განვითარების პერსპექტიული სცენარები».

სკოლაში სწავლების შემაჯამებელ დღეს გამოცხადდება კონკურსის პირობები ესეს შესაქმნელად, რომლის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, საქართველოს საუკეთესო ჟურნალისტები 2013 წლის ბოლოს შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ჟურნალისტთა რეგიონულ სკოლაში, ქალაქ სოჭში.

ჟურნალისტიკის რუსულ-ქართული სკოლის მუშაობის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები.

სკოლის ორგანიზატორები არიან რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი «ჩრდილოეთი-სამხრეთი» და არაკომერციული ორგანიზაცია «კავკასიური თანამშრომლობა».

 ასეთი სკოლა უკვე გაიმართა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

4 თებერვალს სასტუმრო «ქორთიარდ მარიოტში»  მოხსენების პრეზენტაცია  კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა გამართა ნიკოლაი სილაევისა და ანდრეი სუშენცოვის მოხსენების პრეზენტაცია «საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ და რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივები». პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

 იგი მიესალმა ქართულ-რუსულ საექსპერტო დიალოგს და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი კვლევები და დისკუსიები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მის განხილვაში ქართველი ექსპერტების ფართო სპექტრმა მიიღო მონაწილეობა. ივლიანე ხაინდრავამ აღნიშნა, რომ იგი არ აკრიტიკებს სააკაშვილის კურსს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, რადგან ქვეყნის პირველი «ვერ შეეგუებოდა მცოცავ ანექსიას». პრეტენზიები კი მის მიმართ ამ კურსის განხორციელების უუნარობის მიმართ აქვს. ექსპერტმა ლადო პაპავამ ისაუბრა რუსული ბიზნესისთვის სააკაშვილის მიერ ფართოდ გაღებულ კარზე და ისურვა, რომ მოხსენების ავტორებს მეტი ინფორმაცია გამოეყენებინათ საქართველოს რეალური ეკონომიკის შესახებ.

ექსპერტმა სერგი კაპანაძემ ძირითადად წინა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს, რის დასტურადაც NDI-ს კვლევები დაასახელა. ამ განცხადებას დარბაზში ირონიული რეპლიკები მოჰყვა. ექსპერტმა ნანა დევდარიანმა მიუთითა, რომ არჩევნების წინ ამ ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიების კვლევებმა მისი ავტორიტეტი საბოლოოდ შეარყია და ნატოში ინტეგრაციის ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორიც არის 77 პროცენტი, ეჭვს ბადებს.

მიუხედავად გამოთქმული კრიტიკული შენიშვნებისა, მთლიანობაში ქართველმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს მოხსენება და მისი პრეზენტაცია თბილისში, რაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში «ნაციონალური მოძრაობის» დამარცხებამდე წარმოუდგენელი იყო.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here