Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: სახელმწიფო დაწესებულებებში ახალი ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი ბევრი პირია – ძალოვანი...

გულბაათ რცხილაძე: სახელმწიფო დაწესებულებებში ახალი ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი ბევრი პირია – ძალოვანი სტრუქტურები «ნაციონალური მოძრაობისგან» უნდა გათავისუფლდეს!

1322

ქართულ-რუსული ურთიერთობების თემაზე სულ მალე ევრაზიის ინსტიტუტი საზოგადოებრივ დისკუსიას იწყებს. სამოქმედო გეგმებისა და მიზნების შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე ესაუბრება.

_ ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით იწყება საზოგადოებრივი დისკუსია. მასში მონაწილეობის მისაღებად ვეპატიჟებით ყველა ორგანიზაციას, ყველა დაინტერესებულ პირს, რომელთაც სურვილი აქვთ, წვლილი შეიტანონ ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების პროცესში. მოვიწვევთ ასევე რუს ექსპერტებსა და საზოგადოების რიგით წარმომადგენლებს.

ჩვენი დისკუსიის მიზანია, ჯერ თვითონ საქართველოში, ქვეყნის შიგნით ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მიზნები და ამოცანები, ვინაიდან, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, საინტერესოა, როგორ გვესმის ეს მთლიანობა, ურთიერთობის რა მოდელი შეიძლება შევთავაზოთ აფხაზებსა და ოსებს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ მიერ ნათქვამი ნებისმიერი ფრაზა, ნებისმიერი ტერმინი როგორ აღიქმება პირობითი საზღვრის მეორე მხარეს აფხაზებისა და ოსების მიერ, მათთვის რამდენად მისაღებია ეს ყველაფერი და ხომ არ ასოცირდება ეს ტერმინოლოგია ნგრევასთან და ომთან. დროა, გავარკვიოთ, რას ველით და რა გვსურს მათგან.

_ წლების მანძილზე აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობები «გაყინულია». როგორ აპირებთ დაკარგული კავშირების აღდგენას?

_ აუცილებლად ვაპირებთ ურთიერთობის აღდგენას. გასაგებია, რომ ეს საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ურთიერთობები არ განვითარებულიყო. როდესაც ამბობ, რომ რუსეთი საერთოდ უნდა გამოირიცხოს ამ ურთიერთობის აღდგენის პროცესიდან, ფაქტობრივად, უარს ამბობ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგზე, ვინაიდან არც ოსები და არც აფხაზები არ გვენდობიან და ჩვენთან პირდაპირი დიალოგი არ სურთ.

 თუ ვიტყვით, რომ რუსეთი არ გვინდა, ის ოკუპანტია, ასე არაფერი გამოვა. ეს არის სააკაშვილის მიერ თავსმოხვეული პოზიცია და, თუ ისევ ამ ტერმინებს გამოვიყენებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ სააკაშვილი გვმართავს. ჩვენ რაღაც ახალ ფორმულირებამდე უნდა მივიდეთ.

_ რატომ გადაწყვიტეთ მაინც და მაინც ახლა ამ მოძრაობის დაწყება?

_ ჩვენ ველოდებოდით უწმინდესის ვიზიტს მოსკოვში და მის შედეგებს. ფაქტობრივად, პატრიარქმა ღიად განაცხადა, რომ ომი პირადად სააკაშვილმა დაიწყო, ვინაიდან ქართველ და რუს ხალხს ეს ომი არ სურდა. საქართველო და სააკაშვილი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. უკვე ღიად ითქვა აგვისტოს ომის მიზეზებზე, ამიტომაც გაღიზიანდნენ «ნაციონალები». მიმაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კიდევ ერთხელ გაამართლა ქართველი ხალხის იმედები და დაამტკიცა, რომ ის არა მხოლოდ ქვეყნის სულიერი ლიდერი, არამედ ნომერ პირველი დიპლომატია საქართველოში.

_ თუმცა ამის გამო პატრიარქმა «ნაციონალების» სერიოზული რისხვაც დაიმსახურა

_ ჩვენ, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ომის მიზეზებზე ღიად ვსაუბრობდით, ეს რისხვა, დიდი ხანია, თავს დაგვატყდა, ამიტომ ძალიან კარგია, რომ ეს პატრიარქმა თქვა, რადგან მის სიტყვას სულ სხვა ძალა და მნიშვნელობა აქვს. მართალია, რომ «ნაციონალური მოძრაობის» ნარჩენები აყიყინდნენ (თვითონ სააკაშვილის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ). დღეს ისინი უნდა გარიყოს ქართველმა ხალხმა, რათა მათ არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიმდინარე პროცესებზე იდეოლოგიური გავლენა მოახდინონ. მათ საერთოდ უნდა აეკრძალოთ საქართველოს პოლიტიკაზე გავლენა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ «ნაციონალური» ფსიქოზიდან, სწორედ ამ მიზნით ვთავაზობთ საზოგადოებას დისკუსიის დაწყებას.

_ როგორი იქნება თქვენი მუშაობის ძირითადი მიმართულებები?

_ ჩვენ მოვიწვევთ არა მარტო პოლიტოლოგებსა და ჟურნალისტებს, არამედ ყველა დაინტერესებულ პირს. ინტელიგენციის, ეკლესიის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს – ყველას, გარდა «ნაციონალებისა». მათი აზრი არ გვაინტერესებს, რადგან «ნაციონალური მოძრაობა» დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. იზოლაციაში უნდა მოვაქციოთ ისინი, რადგან «ნაციონალი» და კრიმინალი დღეს სინონიმებია. საქართველოს ახალი ხელისუფლება «ნაციონალების» ბრიყვულ ბრალდებებზე თავს არ უნდა იმართლებდეს. მათი საქმე არ არის, ივანიშვილი პუტინს მოკითხვას შეუთვლის თუ სხვა ვინმეს შეხვდება… გარანტიას გაძლევთ, რომ ისინი მალე ჩაირეცხებიან.

_ «ნაციონალები» არ მალავენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ. ფიქრობთ, არ აქვთ დაბრუნების შანსი?

_ ხელისუფლებაში დაბრუნების არავითარი შანსი «ნაციონალურ მოძრაობას» არ აქვს, ამიტომ მათთვისვე სჯობს, გაჩუმდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავ შეეცდებიან, მოახდინონ ახალი ხელისუფლების დანაწევრება, რათა თავად ხელშეუხებლები დარჩნენ და მიტაცებული ქონებაც გადაარჩინონ. მთელ რიგ სახელმწიფო დაწესებულებებში ახალი ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი ბევრი პირია დარჩენილი და არ არის გამორიცხული, მათზე დაყრდნობით მოინდომონ სიტუაციის არევა. საზოგადოება მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის და არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რაიმე გავლენა მოახდინონ ქვეყნის განვითარებაზე. სწორედ ამას, საზოგადოების მობილიზებას ემსახურება ჩვენი გააქტიურება მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

ახალმა ხელისუფლებამ ძალოვან სტრუქტურებს სერიოზულად უნდა მიხედოს. ძალოვანი სტრუქტურები «ნაციონალური მოძრაობისგან» უნდა გათავისუფლდეს და მაქსიმალურად პროფესიონალი, მაგრამ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი კადრებით უნდა დაკომპლექტდეს.

_ რას ფიქრობთ პრეზიდენტის ინიციატივაზე, ქვეყნის საგარეო კურსი ამიერიდან კონსტიტუციით განისაზღვროს, რისთვის არის აღნიშნული ცვლილება საჭირო?

_ ეს არის სააკაშვილის მორიგი სისულელე და სიმხდალე. მას არ სურს რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზება, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. რცხილაძეები მამაც (ვიქტორი) და შვილიც (გულბაათი) რუსეთის კგბ-ს აგენტები არიან. შვილი გაჰყვა მამის გზას. რა ქნას,როგორც გაზარდეს და როგორც ასწავლეს ისე იქცევა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here