Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი ხაბურძანია: ზაქარეიშვილს ძალზედ გრძელი ფეხები ჰქონია, რუსეთი თუ ზედ ჰკიდია

ვალერი ხაბურძანია: ზაქარეიშვილს ძალზედ გრძელი ფეხები ჰქონია, რუსეთი თუ ზედ ჰკიდია

662

უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 8-წლიანი დუმილი დაარღვია და პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ განაცხადახაბურძანია 1992-1997 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში (განყოფილების უფროსად, მთავარი სამმართველოს უფროსად), 1997-2001 წლებში კი _ ეროვნული უშიშროების საბჭოში; 2001 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 2001-2004 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. ეს თანამდებობა ეჭირა მას «ვარდების რევოლუციის» დროს. 2004 წლის თებერვალში გადაიყვანეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ, ამ თანამდებობაზე მუშაობდა იმავე წლის ივნისამდე. 2005 წლიდან ეწევა კერძო საადვოკატო მომსახურებას. «საქართველო და მსოფლიო» ბატონ ვალერის მოსკოვში დაუკავშირდაგთავაზობთ მასთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.

_ როგორ შეაფასებთ 2003 წლის 23 ნოემბრისა და 1 ოქტომბრის მოვლენებს?

_ 23 ნოემბერს პრეზიდენტის გადადგომაზე, ფაქტობრივად, ცალკეული პოლიტიკოსებისა და ხალხის მღელვარებამ იმოქმედა. მათ აიძულეს პრეზიდენტი, გადამდგარიყო და მე ამას ვუწოდებ აბდიკაციას. კარგი იურიდიული ტერმინია და მიესადაგება იმ პროცესებსა და მოვლენებს, რომლებიც 2003 წლის ნოემბერში მოხდა. რაც შეეხება 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებს, ფაქტობრივად, ახალი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ვფიქრობ, ხელისუფლება იძულებული იყო, ეს შედეგები ეღიარებინა, რადგან მათზე ასევე იყო ზეწოლა. თუ 2003 და 2012 წლებში მომხდარ მოვლენებს შევადარებთ, ცხადია, რომ ორივეგან ხელისუფლება აიძულეს, პირველ შემთხვევაში _ გადამდგარიყო, ხოლო მეორე შემთხვევაში _ არჩევნების შედეგები ეღიარებინა.

_ რა არის დღეს, თქვენი აზრით, მთავარი პრობლემა და გამოწვევა «ქართული ოცნებისთვის»?

_ «ოცნებისთვის» მთავარი პრობლემა და გამოწვევაა სოციალური პრობლემები, რომლებიც მწავედ დგას საქართველოში. მათ წინასაარჩევნოდ საკმაოდ ფართომასშტაბიანი დაპირებები გასცეს, ქვეყნის მწირი შესაძლებლობები და ბიუჯეტი კი, არა მგონია, ამის საშუალებას იძლეოდეს. ამიტომ მთავარი გამოწვევა მაინც სოციალური საკითხია და ამ თემაზე რევანშისტული ძალები შეეცდებიან უპირატესობის მოპოვებას.

_ როგორ შეაფასებთ პროკურატურის მიერ მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ დაკავებებს. თუ 3-ათასიანი გირაოებით მათი გამოშვება გაგრძელდა და არავინ დაიჭირეს, რა პროცესებს გამოიწვევს ეს?

_ დღევანდელი ხელისუფლება ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გირაოთი გამოშვებას. დაკავების შემდეგ ჯერ სასამართლო პროცესებია ხოლმე და, ჩემი აზრით, მოსამართლეებიც ვეღარ მიდიან კანონის წინააღმდეგ. მათ უნდა გააგრძელონ ჩვეულებრივად მუშაობა. ბევრი პირი უნდა მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რადგან ასეთი დანაშაულები ძალიან ბევრი იყო, და შემდეგ სასამართლო პროცესზე გამოჩნდება ყველაფერი. იყო ცნობილი პიროვნებების ღია სასამართლო პროცესები. დაჭერას და დაკავებას, ვფიქრობ, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ საქმეებზე სამხილებს სრულად არ შეაგროვებენ და გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანენ. ამ შემთხვევაში სასამართლო უკვე ვეღარსად გაექცევა არსებულ მტკიცებულებებს. სჯობს, საგამოძიებო ორგანოებმა თავიანთი საქმიანობა ეფექტურად წარმართონ.

_ როგორ შეაფასებთ დასავლეთის დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში? დღეს გახდა ცნობილი, რომ ევროპელმა დიპლომატებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში ბოლოდროინდელ დაჭერებთან დაკავშირებით და ეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასეს.

_ დასავლელი პოლიტიკოსები ხმას არ იღებდნენ, როდესაც პოლიტიკური დაჭერები მიმდინარეობდა 2003 წლის შემდგომ პერიოდში. ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, იმ ლობიზმის შედეგია, რომელსაც თავის დროზე აწარმოებდა სააკაშვილის ხელისუფლება დასავლეთის მიმართ. ცალკეულ პოლიტიკოსებს არ სურთ, საქართველოში შერცხვენილები დარჩნენ. გახსოვთ, ალბათ, საქართველოს უწოდებდნენ «დემოკრატიის შუქურას», ახლა აღმოჩნდა, რომ ამ «დემოკრატიის შუქურაში» ძალიან დიდი რაოდენობით პოლიტპატიმრები არიან, კორუმპირებულები, მაშინ, როდესაც იძახდნენ, რომ კორუფცია დამარცხებულია. რა თქმა უნდა, საკუთარი სირცხვილის წარმოჩენა არ სურთ და ამიტომ ცდილობენ, პროცესები უფრო ლოიალური გახადონ, შეარბილონ და ამ ტიპის განცხადებებს იმიტომ აკეთებენ. ვფიქრობ, ასეთ განცხადებებს ხელისუფლებამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს და უნდა გააგრძელოს დასავლეთთან ურთიერთობა. საერთოდ, გამარჯვებულებს არ სჯიან. შესაბამისად, დასავლეთიც გაჩერდება და მიიღებს ხელისუფლებას ისეთს, როგორიც არის.

_ ალბათ, არ იცით პაატა ზაქარეიშვილის ასეთი გამონათქვამი: «ვინ არის რუსეთი? სულ ფეხებზე მკიდია რუსეთი! ჩვენ დაველაპარაკებით აფხაზებს, მე რუსეთი არ მაინტერესებს. ჩვენ რუსეთის გარეშე გავაკეთებთ ამას. ჩვენ არ ვაპირებთ, რუსეთს ვთხოვოთ, დაგვიბრუნოს აფხაზეთი. ამას ხვეწნის გარეშე გავაკეთებთ», _ აცხადებდა ბატონი პაატა «პრაიმტაიმთან»ინტერვიუში.

_ პაატა ზაქარეიშვილს ძალზედ დიდი ფეხები ჰქონია, თუ ამხელა რუსეთი ფეხებზე ჰკიდია. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ემოციური განცხადებაა, რომელიც პაატა ზაქარეიშვილს ახასიათებს ხოლმე. ვიცნობ მას, ახლოს არა, მაგრამ ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობილი განცხადებაა და მეტი არაფერი. თუმცა საკითხიც კარგად იცის. კარგ ცოდნაში ნამდვილად ვერ ჩავუთვლი რუსეთის ასეთ მკვეთრ იგნორირებას. ადამიანმა, რომელმაც იცის აფხაზეთი და ცხინვალი და არ იცის რუსეთი,  ნამდვილად ვერ გადაწყვეტს ამ საკითხებს, ამიტომ ვურჩევ, რომ ასეთი მკვეთრი და ხისტი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, მითუმეტეს მინისტრია.

_ პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას აქვს რიგი მნიშვნელოვანი მოსაზრებებისა აფხაზეთთან ურთიერობის დარეგულირებასთან დაკავშირებით, რაზეც პრესაშიც იწერება. თუ იზიარებთ მათ და რაშია, თქვენი აზრით, გამოსავალი?

_ ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებებს ვიცნობ და აბსოლუტურად ვეთანხმები მას. ბევრ რამეში ჩვენ საერთო შეხედულებები გვაქვს. ვფიქრობ, აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი რუსეთის გარეშე არ გადაწყდება. პირდაპირი ურთიერთობა და ფეხებზედაკიდება კი ბავშვური საუბარია, სულ მცირე, მიამიტური და დილეტანტური. ვფიქრობ, რუსეთთან ურთიერთობის დამყარება და გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება სამმხრივი, შესაძლოა, ოთხმხრივი მოლაპარაკებების შემდეგად. ეს ხანგრძლივი პროცესია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ფორმატი აუცილებლად უნდა იყოს რუსეთის მონაწილეობით.

_ რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყოს ამერიკის მოქალაქე, მისი ერთერთი წინამორბედი კეზერაშვილი კი _ ისრაელის მოქალაქე?

_ გასაკვირია, შაშკინი ამერიკის მოქალაქე როგორ აღმოჩნდა, კეზერაშვილი კიდევ გასაგებია. ეს ხალხი შეიფარა იმ სახელმწიფომ, რომელიც მათ მართავდა. მე ნამდვილად არ მომცემენ, აბა, ამერიკის მოქალაქეობას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ღვაწლი მიმიძღვის აშშ-თან. ზოგადად ჩემთვის გასაგებია, რასაც ნიშნავს შაშკინისთვის ამერიკის მოქალაქეობის მიღება, მაგრამ ეს ნამდვილად არაა ჯანსაღი პროცესი.   

_ ბოლო დროს ხშირად ისმის პარლამენტის უმცირესობის წევრებისგან განცხადებები იმის თაობაზე, რომ «ნაციონალური მოძრაობა» ხელისუფლებაში ისევ მოვა, რადგან ამის დიდი შანსი აქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ «ნაციონალურ მოძრაობას» აქვს კუდის მოქნევის შანსი, ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი კი ნულია. ამ პარტიას შემდგომ არჩევნებშიც ვერ ვხედავ. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მისმა რაღაც ნამსხვრევებმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა.

ერთერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ხართ ადამიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, შევარდნაძის, გუნდიდან, რომელმაც საქართველოს ტერიტორია სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა. თუმცა «ვარდების რევოლუციის» შემდეგ თქვენ თებერვალში გენერალური პროკურორის მოადგილედ გადაგიყვანეს, სადაც ივნისამდე მუშაობდით. რას ნიშნავდა ეს? ხომ არ შედგა თქვენსა და სააკაშვილს შორის ერთგვარი გარიგება?

_ არავითარი გარიგება, ამ თემაზე ბევრი ვისაუბრე, ეს ნაბიჯი სააკაშვილის მხრიდან ჩემი ხელისუფლებიდან უმტკივნეულოდ (მათი აზრით) გაცილებას ემსახურებოდა. მე დავთანხმდი იმიტომ, რომ მქონდა მყისიერი რეპრესიების მოლოდინი, თუმცა მერე მივხვდი, რომ ამ ნაბიჯით შეცდომა დავუშვი.

ესაუბრა

ლილი მიროტაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here