Home რუბრიკები პოლიტიკა «ნაგავგეიტი», ანუ უგულავა და ცოცხოსანთა ორდენი

«ნაგავგეიტი», ანუ უგულავა და ცოცხოსანთა ორდენი

619

«ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ისტორიაში ნაგავს გამორჩეული ადგილი უკავია და, წესით, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბოლო სკანდალიც მას უკავშირდება. ჯერ კიდევ «ვარდების რევოლუციამდე» მიხეილ სააკაშვილი  გლდანის ნაგავსაყრელზე მელოდრამატულ პიარაქციებს აწყობდა; შემდეგ იყო ლოზუნგი ,,გახდი შენი ქალაქის მეეზოვე» და დასუფთავების სამსახურის ფორმებში გამოწყობილი ზონდერების დაუვიწყარი ღამის იერიში  ოპოზიციონერებზე 2009 წლის 11 აპრილს, რომელმაც, სავარაუდოდ, მხოლოდ იმიტომ ვერ დაჩრდილა კაცობრიობის მეხსიერებაში მსუბუქი ბრიგადის შეტევა ბალაკლავასთან, რომ ბრიტანელებს პოეტლაურეატად ალფრედ ტენისონი ჰყავდათ, ხოლო «ნაციონალებს» _ ალექსი ქავთარაძე (ლექსენი). თუმცა ეს არაფერია დასუფთავების გადასახადის დახარჯულ ელექტროენერგიაზე მიბმის ეპოქალურ გადაწყვეტილებასთან შედარებით, რომლის დემონსტრაციულ თავხედობასა და სიღრმისეულ იდიოტიზმს ანალოგი, უბრალოდ, არ აქვს.

მოკლედ, ამ და მრავალი სხვა ეპიზოდის კვალობაზე, მოსახლეობაში ჩამოყალიბდა მყარი რწმენა-წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ «ნაცმოძრაობას» და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იდუმალი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი აკავშირებს, რადგან იქ, სადაც ჩნდებოდა ერთი (რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს), უცილობლად ჩნდებოდა მეორეც. ამიტომ ფართო აუდიტორიისთვის «ნაგავგეიტში» მთავარი, სავარაუდოდ, არა ხსენებული ნარჩენებით დაფარული ავანსცენა და ბინძური დეკორაციები იყო, არამედ ის უპრეცედენტო გაქანება, მეტიც, აღმაფრენა, რომლითაც თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან ყოველთვიურად დენის გათიშვის მუქარით ამოღებული თანხა იხარჯებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2009 წლის დეკემბერში დასუფთავების სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ტარიელ ხიზანეიშვილმა (ამჟამად თბილისის ვიცე-მერია), დაავალა შპს «თბილსერვის ჯგუფს» «ნაციონალური მოძრაობის» აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად «საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება» შეექმნა და ამ განყოფილებაში 2 წლის განმავლობაში ფიქტიურად დასაქმებულიყო «ნაციონალური მოძრაობის» 764 აქტივისტი .. პარტიული კოორდინატორი, რომელთა უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პარალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ. მათ ხელფასის სახით 5 მილიონ 245 ათას 945 ლარი დაერიცხათ. «თბილსერვის ჯგუფის» საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი 2010 წლის 6 აგვისტოს გიგი უგულავამ დაამტკიცა.

«აქამდე ფულის მოტაცებას გვედავებოდნენ, ამ გამოძიებით ფულის დარიგებას გვედავებიან. კერძოდ იმას, რომ დაგვისაქმებია 700 ადამიანი და ხელფასი გადაგვიხდია მათთვის. ამ ადამიანების ერთადერთი დანაშაული კი ისაა, რომ «ნაციონალური მოძრაობის» წევრები და აქტივისტები არიან. წუხილს გამოვთქვამ, რომ მხოლოდ 700-ის დასაქმება შევძელით. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ეს აღვირახსნილი პოლიტიკური დევნის კლასიკური შემთხვევაა», _  აღნიშნა უგულავამ საპასუხო განცხადებაში და ხსენებული თანამშრომლების მოვალეობები შემდეგნაირად აღწერა: «ეს ხალხი მუშაობდა, მათ კონკრეტული ფუნქცია ჰქონდათ, რადგანაც ამ პერიოდში ხდებოდა ძალიან მტკივნეული პროცესი ქალაქში _ ეს იყო ბუნკერების გაუქმება, რამაც უამრავ თბილისელს შვება მოუტანა და დღეს თბილისელები თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნკერები უნდა გაუქმებულიყო. ამ საკითხს სჭირდებოდა კომუნიკაცია, ამ საკითხს სჭირდებოდა უამრავი ადამიანი, რომელიც დადიოდა და კარდაკარ უხსნიდა ამ საჭიროებას და სწორედ ეს ხალხი ამ მიზნით იყო აყვანილი».

გაივლის წლები და, ალბათ, ასეთ დიალოგსაც მოვისმენთ:

_ ბაბუ, სააკაშვილის დროს რას აკეთებდი?

_ ობერბუნკერფიურერი ვიყავი, ბაბუ გენაცვალოს, ზონდერკომანდო «ვარკეთილი», აინზაცგრუპე «ბ».

_ და რატომ ტირი, ბაბუ?… 

ვერაფერს ვიზამთ, ვიღაც ისტორიაში 300 არაგველის ან სპარტელის შემადგენლობაში მოიხსენიება, ვიღაც კი _ 700 მენაგვის (ეს ფრაზა სულაც არ ისახავს მიზნად დასუფთავების სამსახურის პატიოსანი თანამშრომლების ღვაწლის დაკნინებას; ისინი ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქზე, რომლის თითოეული მოსახლე წელიწადში 300 კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენს წარმოქმნის, სამრეწველო და ა. შ. ნარჩენებს თავი რომ დავანებოთ). აქ სხვა რამ არის საინტერესო, თურმე ამდენი ხანი ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ამინდში კარდაკარ დადიოდნენ და ხალხს «ჭეშმარიტ ბუნკერზე» ესაუბრებოდნენ. ეს ბოლო ზმნა ერთობ უმარილოა და სიტუაციას ჯეროვნად ვერ აღწერს, არა _ ისინი გასხივოსნებულები ქადაგებდნენ, ხოლო ნაგავში ჩაფლული უგულო ბრბო დასცინოდა და დევნიდა მათ, მეტიც, გადმოცემით, ბუნკერებში ამოქოლვას უპირებდა. ვთხოვ ყველას, ვისაც ცალი თვალით მაინც უნახავს ეს უშიშარი მქადაგებლები (თვითმხილველი ჯერჯერობით ვერ ვიპოვე), მომაწოდოს ინფორმაცია მათ შესახებ; ფილმი უნდა გადავიღო და, ამ ისტორიის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობიდან და ფილოსოფიური დატვირთვიდან გამომდინარე, მინიმუმ სამი «ოსკარი» ავიღო. 

ყველა გარემოება, ფაქტობრივად, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან, «ნაცმოძრაობის» პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე;

იმ ფაქტს, რომ დასაქმებულები «ნაციონალური მოძრაობის» წევრები და აქტივისტები იყვნენ, უგულავა არ უარყოფს. ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, რომ დახარჯული თანხის მეათედიც კი, გონივრული გამოყენების შემთხვევაში, საკმარისი იქნებოდა ისეთი საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად, რომელიც ყველა რეალურ და წარმოსახვით პრობლემას მოხსნიდა. ამასთანავე, «საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში» ამდენი თანამშრომლის კონცენტრირებას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ეს რაღაც ზებუნებრივი და ძლიერ ფსიქიატრიულია. მაგრამ, ყოველივე თქმულის მიუხედავად, ბრალის წაყენება კონკრეტული პირებისთვის ამ შემთხვევაში არც ისე იოლი იქნება (შეიძლება პარადოქსულად გაიჟღეროს, მაგრამ ასეა) და გამორიცხული არაა, რომ, იურიდიული სირთულეებიდან გამომდინარე, საბოლოოდ, საუბარი არა დანაშაულზე, არამედ მხოლოდ ხარჯების ფარდობით არაგონივრულობაზე მოგვიწევს. თუმცა ეს ეპიზოდი, 99%-იანი ალბათობით, კიდევ უფრო განამტკიცებს ყოფილი მმართველი პარტიისა და ნაგვის ზემოთ აღწერილ კავშირს, რომელიც საზოგადოების აღქმაში უდავოდ არსებობს.

ჟურნალ «პოპულარ საიენსის» «ყველაზე ცუდი პროფესიების რეიტინგში» გარბოლოგები (გარბოლოგია ითარგმნება, როგორც ნაგავმცოდნეობა; მის  ჩარჩოებში ნაგვის არქეოლოგიაც შედის) მეოთხე პოზიციას იკავებენ. ეს რთული, პირდაპირი მნიშვნელობით, ძალზე ჭუჭყიანი სამუშაოა, მაგრამ ის საჭიროა საზოგადოებისთვის და ეკოლოგიური უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. შეგვიძლია, თამამად ვუმასპინძლოთ გარბოლოგთა მომავალ მსოფლიო კონგრესს, რადგან ჩვენი ქვეყანა ბოლო წლებში «ნაგვის პოლიტოლოგიის» და შესაბამისი კონსპიროლოგიის სამშობლო გახდა.

ან კიდევ, რომელ ქვეყანაში არსებობს დასუფთავების სამსახურის საფარქვეშ მოქმედი ცოცხოსანთა იდუმალი ორდენი, რომელიც ასობით წევრს აერთიანებს? (არადა, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე პარიზში იყო მეტწილად მეეზოვეებისგან შემდგარი საზოგადოება; მის წიაღში დაიბადა უცნაური ეთიკური მოძღვრება, რომლის ქვაკუთხედს ყოვლისმომცველი სისუფთავის იდეა წარმოადგენდა. მისი წევრები საინტერესო და ღიმილისმომგვრელ რიტუალებს ატარებდნენ, თუმცა ისინი გაუბედავი მოყვარულები იყვნენ, ჩვენები კი პროფესიონალები არიან). თანაც ეს ორდენი, როგორც ჩანს, არ თვლემს და «ნაცმოძრაობის» გენმდივნის, ვანო მერაბიშვილის (საინტერესოა, ხსენებული ორდენის ჩრდილოვან იერარქიაში ის «დიდი მაგისტრია» თუ «ისე რა, საშუალო»?), განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, აქტიური მოქმედებისთვისაც ემზადება.

«ამ მთავრობას ჩვენ, პირდაპირ ვიძახი, 4 წელიწადს ვერ ვაცლითეს არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, აუცილებელია საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე. ხელისუფლებაში მოსვლის სხვადასხვა ფორმები არსებობს _ რეალურად საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება; მისი ინსტიტუტების დასუსტება _ სახელმწიფოს  იმ ინსტიტუტების, რომელიც რეპრესიულია; გადაბირება ადამიანებისდღეს ამ მთავრობას და საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს განცდა, რომ ქუჩას ესენი აკონტროლებენმიტინგებს დღეს ესენი ატარებენ ხომ. ანუ ხელისუფლება, რომელიც უკვე მიტინგებს ატარებს, ჯერ ეს ერთიც სუსტია, განწირულია, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ შეტევაზე ვერ გადავედით, ანუ ჩვენი პირველი ამოცანა რა არის, რომ ჩვენ ინიციატივა ავიღოთ იგივე მიტინგებზე, პიკეტებზე და .. მერე შემდეგი ეტაპი იქნება უკვე აქტიური მონაწილეობა სხვა პროცესებში ან პარალელურად, _ განაცხადა მერაბიშვილმა, _  ნაბიჯნაბიჯ უნდა შევავიწროვოთ ეს ხელისუფლება და არ მივცეთ მას საშუალება ან დავბლოკოთ მისი დესტრუქციული ქმედებები, ან დავაჩქაროთ ამ ხელისუფლების ცვლილება. როგორი ფორმით, ამას აჩვენებს დრო და ის საშუალება, რომელიც ჩვენ გვექნება» (სივილ.ჯე). ამასთანავე, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ შუალედურ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შანსი მცირეა. ასევე საინტერესო იყო პასაჟი იმის თაობაზე, რომ, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, «ნაცმოძრაობას» იმდენი ძალაუფლება მაინც აღარ ექნება, რამდენიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა, რადგან ქვეყანა შეიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა კომენტატორმა ამ განცხადების მიღმა მეტად ავისმომასწავებელი ქვეტექსტი დაინახა, რაც, უპირველესად, «ვერ ვაცლით» მონაკვეთს და დესტრუქციაზე პრაქტიკულად შეუნიღბავ სწორებას უკავშირდება. მასში პარადოქსულად იყო მარცხის (ნაწილობრივი) აღიარებაც და პირველი გაუბედავი ნაბიჯი, რომელიც რეალობის ადეკვატური აღქმის მიმართულებით გადაიდგა. მერაბიშვილს ამ გამოსვლაში, სხვა ყველაფერთან ერთად, «ნაციონალების» ყურადღება გადაჰქონდა არჩევნებზე (რეალურად 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე) იმ მითიური გადატრიალებიდან, რომელიც სააკაშვილმა თითქოსდა მის ხელთდარჩენილი საკონსტიტუციო ბერკეტების გამოყენებით შეიძლება უახლოეს მომავალში მოაწყოს, რასაც პარტიის ეგზალტირებული ნაწილი ცეცხლოვან იმედებს და შესაბამის ხილვებს უკავშირებს. რა თქმა უნდა, თეორიულად შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ, ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, არჩევნების შედეგების გადახაზვის მცდელობით «ნაცმოძრაობა» «ბართლომეს ღამეს» (სახლში მიტანით) თუ მოიმკის. მთავარია, რომ «ნაციონალებმა» ამ ავანტურაზე შეგნებულად თქვან უარი, ყველაფერი დანარჩენი კი ბელეტრისტიკაა, იმიტინგონ, რამდენიც უნდათ (ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დავითვლით მაინც) და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ; ჩვენთან, იდეაში, დემოკრატიაა.

არადა, პუტჩი რომ მოეწყოთ, სუფთა კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, მაგარი სანახაობა იქნებოდა. წარმოიდგინეთ: «ჭ-დღეს», გამთენიისას, მენაგვეთა ერთიანი ნაციონალური ორდენის წევრები, ცეცხლს უკიდებენ ყველა ბუნკერსა თუ კონტეინერს, ბლოკავენ საკვანძო მაგისტრალებს თავიანთი სპეცმანქანებით და ცოცხებით ხელში გადადიან ფსიქიკურ შეტევაზე კანცელარიის, გენშტაბის და ტელევიზიის მიმართულებით; მთავრობა პანიკაშია, გარნიზონი _ შოკში, ტელეოპერატორებს ხელები უკანკალებთ, «ნაგვის რევოლუცია» ძალას იკრებს… თუმცა, არა, მაგათი ამბავი რომ ვიცი, ალბათ, მაინც ვერ გარისკავენ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here