Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ ესვრის ალასანიას ჩაიდანს?

ვინ ესვრის ალასანიას ჩაიდანს?

606

სამართლიანობის აღდგენის მოიმედე ქართული საზოგადოება გიგი უგულავას კაბინეტში დასაკითხად მისულმა გამომძიებელმა, შეიძლება ითქვას, შოკში ჩააგდო. 9-წლიანი ტერორის შემოქმედნი პოლიტიკურ დევნაზე ვიშვიშებენ, ხოლო ახალი ხელისუფლება მოძალადესთან კოაბიტაციას ესწრაფვის, რომ ემანდ დასავლეთი არ გაანაწყენოს! ნომერ პირველი «თავისუფალი დემოკრატის» _ ირაკლი ალასანიას სურვილი, პრეზიდენტი გამხდარიყო, ჩანასახშივე მოისპო, ვიცე-პრემიერის პოსტზე მის შემცვლელად უკვე გიორგი მარგველაშვილი დასახელდა, ხოლო თავად ალასანიას მისამართით პრემიერმა ივანიშვილმა ისეთი ორაზროვანი განცხადებები გააკეთა, რომ საზოგადოებაშიც და, სავარაუდოდ, მის ოჯახშიც კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას დუბაიში ვიზიტი «პატარა შეცდომად» შეაფასა: «მართლაც მქონდა მთავრობის სხდომაზე დუბაისთან დაკავშირებით შეკითხვა. მქონდა სხვა შეკითხვებიც, მაგრამ ამ თემის აჟიტირება არ მინდა, რამდენადაც ისეთი არაფერი მომხდარა, რაც საზოგადოებაში გავიდა. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ჯერ ახალგაზრდაა ირაკლი, პატარა რაღაც შეეშალა. ეს პირადული საკითხია და პირადულში არ შევდივარ. სხვათა შორის, ასეთი პრეცედენტი მოხდა არჩევნების დროსვიღაცას გუნდიდან რაღაც ფილმები გადაუღეს და გაწბილებულები იყვნენ, როგორ დავენახოთო. მე დავაწყნარე, ეს ჩემი საქმე არაა, თქვენს მეუღლეებს დაელაპარაკეთთქო. მე პირადულში არ შევდივარ ზედმეტად, თუმცა ოჯახთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ეს ჩემთვის სხვა რამეს წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი ჩემი ახლობელი ღალატობს მეუღლეს. ირაკლი არ მყავს მხედველობაში ამ შემთხვევაში», _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

სიტყვებმა «ირაკლი არ მყავს მხედველობაში» კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები.

დუბაის გარდა, ალასანიას საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში არაოფიციალური მოგზაურობების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პრემიერის თქმით, არსებული კითხვების მოხსნის მიზნით, ის თავდაცვის მინისტრს მოსთხოვს, გამოაქვეყნოს, თუ ვის და როდის შეხვდა ბრიტანეთში.

ჟურნალ «რეიტინგთან» ინტერვიუში ალასანიას მეუღლემ _ ნათია ფანჯიკიძემ განაცხადა: «რაც თავი მახსოვს, სულ დაოჯახებული ვარ, მაგრამ ირაკლი ჩემზე უარეს დღეშია. ორი წლით ჩემზე უმცროსია და 18 წლის იყო, როცა მისი ცოლი გავხდი. ხშირად ვეუბნები, ირაკლი, როგორ შევდივარ შენს მდგომარეობაში, ოცი წელი გავიდა ჩვენი თანაცხოვრებიდან და რამდენჯერაც თვალს გაახელ, სულ მე გხვდები».

კითხვაზე _ თქვენი მეუღლე ახალგაზრდა, სიმპათიური პოლიტიკოსია და ბევრ ქალბატონს მოსწონს, არასოდეს გიეჭვიანიათ? _ ნათია ფანჯიკიძის პასუხი ასეთი იყო:

«_ როგორ არა, მაგრამ იუმორი ყველაფერში გადაგვარჩენს. როდესაც ურთიერთობა ნამდვილ მეგობრობაზეა დამყარებული, იქ არის ბრაზიც, წყენაც, მაგრამ იმ ფასეულობას ვერაფერი გადასწონის, რაც ოცი წლის განმავლობაში დაგროვდა».

გადაწონის თუ არა «პატარა შეცდომა» ოცი წლის განმავლობაში დაგროვებულ ფასეულობებს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ქართველ ამომრჩეველს ამაზე მეტად ის აინტერესებს, გადაწონის თუ არა კოალიციის წევრების წვრილი და მსხვილი შეცდომები 1 ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვების ფასეულობას.

პრეზიდენტობის სურვილისთვის «დასჯილი» ალასანია კარგა ხანს იყო «ნაციონალთა» ქილიკის საგანი, მაგრამ ყველაზე მძიმე დარტყმები მან სწორედ საკუთარი ბანაკიდან მიიღო. «დაიცავი საქართველოს» და «ამომრჩეველთა ლიგის» წევრმა კახა მიქაიამ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილის ღალატში დაადანაშაულა:

«რომელი ხართ რიგში, ბიძინა ივანიშვილს მძიმედ ელაპარაკოთ, რომელი ხართ რიგში, უღალატოთ ბიძინა ივანიშვილს, კაცს, რომელმაც თქვენ, ყველანი ჭაობიდან ამოგიყვანათ, კაცს, რომელმაც გადაარჩინა მთელი საქართველო. მიშასთან ხომ ხართ მსუბუქად? ეს არის ღალატი, როდესაც უჭირს, სკამების გამო დაუპირისპირდე კაცს, რომელმაც მთელი ქვეყანა კატასტროფას გადაარჩინა!»

კარგად ინფორმირებული წყაროები აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის სურვილი ალასანიას ამერიკის ელჩმა გაუღვივა, მას კი არ ეყო პოლიტიკური თუ სხვა სახის ინტრიგების გამოცდილება და ანკესს წამოეგო. შედეგმაც არ დააყოვნა. პოსტფაქტუმ ალასანიას განმარტების გაკეთება მოუწია: «არ დაგიმალავთ, ჩვენს პარტიაში გვქონდა პოზიციების გაცვლა საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვაპირებთ თუ არა, გვყავდეს ჩვენი კანდიდატი, რომელსაც კოალიციას შევთავაზებთ. არ დაგიმალავთ იმასაც, რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე საუბარი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე. პრემიერ-მინისტრს გარკვეული შეშფოთება ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განხილვა ხდებოდა მასთან შეუთანხმებლად. მე მთლიანად ვეთანხმები მას, რომ ეს კანდიდატურა უნდა იყოს შეჯერებული კოალიციასთან, კოალიციის ლიდერთან. თავად მეც არ მესიამოვნა, რომ ასეთი უხერხული საუბარი შედგა».

როგორ უნდა აეცილებინა ეს უხერხულობა ირაკლი ალასანიას იმ პირობებში, როცა თვით აშშ-მა შესთავაზა პირველი პირის სავარძელი? ამგვარ საქმეებში კარგად ჩახედული ხალხი ამბობს, რომ პირველი, რაც მას უნდა გაეკეთებინა _ მისულიყო და თავად ეთქვა ივანიშვილისთვის, თუ ვინ და რატომ მისცა მას ეს წინადადება. პრემიერმა არჩევნების შემდეგვე აჩვენა ალასანიას «ყვითელი ბარათი», როცა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატად რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე ესახება.

ამის მიუხედავად, ალასანიამ «პატარა შეცდომა» ისევ დაუშვა და «ხმალაძე პრეზიდენტად» უკვე წითელი ბარათის სახით აუფრიალეს. ბიძინა ივანიშვილმა 5 თებერვალს სრულიად ნათლად განაცხადა: «პრეზიდენტის პოსტზე მე ვახტანგ ხმალაძე აბსოლუტურად შეგნებულად დავასახელე. ეს იყო სიმბოლური იმისა, რომ საზოგადოებასა და კოალიციის წევრებს კარგად გაეგოთ ახალი ინსტიტუტის მნიშვნელობა. ის ინსტიტუტი, რომელიც დღეს არის და შემოდის, პრინციპულად განსხვავებულია. ამისთვის ეტალონურია ხმალაძე. ახალი ინსტიტუტის დროს პრეზიდენტს უფრო კრიზისის შემთხვევაში მომრიგებლის როლი აქვს».

«სრულიად შეგნებულად» _ ხაზი გაუსვა პრემიერმა და ისევ საკუთარ გუნდს მიანიშნა, რომ მათი ამბიციებისა თუ თვითდაჯერებულობის მიუხედავად, ივანიშვილის გარეშე ისინი ვერაფერს მიაღწევენ: «საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ალასანიას ყველაფრის უფლება აქვს. თვითონ თუ მოუნდება, გუნდის ნებისმიერ წევრს შეუძლია ეს გააკეთოს, ოღონდ ფორმები დაიცვას. თუ კოალიციაშია, კოალიციას შეეკითხოს, თუ მის აზრს არ გაიზიარებს, გადის კოალიციიდან და აკეთებს, რისი სურვილიც აქვს. კოალიციაში ამის განხილვა არ დაგვიწყია, შესაბამისად, პასუხი არ გვაქვს, თუმცა ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ალასანია ამ ეტალონს, რაზეც უკვე ვისაუბრე, ვერ ერგება, მაგრამ მე მარტო არ გადავწყვეტ ამ საკითხს, გარწმუნებთ».

კიდევ უფრო მწვავედ გაიჟღერა მისმა განმარტებამ, რომ, თუ ალასანიას ან სხვა ვინმეს მისი ეს აზრი არ მოეწონება, შეუძლია კოალიციიდან გავიდეს და კენჭი ცალკე იყაროს. ცალკე ვინ რისი მიმღებია, კოალიციის წევრებმაც იციან, ივანიშვილმაც და ამომრჩეველმაც. ამიტომ ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კოალიციის ლიდერი საკუთარ შეუცვლელობაში დაარწმუნონ. და ეს სულაც არ ეხება მხოლოდ ალასანიას.

უცნაური მხოლოდ ის არის, რომ «ნაციონალებთან» შერკინების ნაცვლად «ქართული ოცნება» კოალიციის შიგნით ურთიერთობების გარკვევით არის დაკავებული. ამერიკა და ევროპა კვლავ კოაბიტაციას ითხოვენ, ხოლო ამომრჩეველი ამ ვიწრო პოლიტიკურ თამაშებში ნელ-ნელა კარგავს მოთმინებას. ამერიკასა და ევროპას ეს ვითარება ხელს აძლევს: მათ სააკაშვილიც და ივანიშვილიც მოკლე საბელზე ჰყავთ და ერთმანეთის ბოლომდე გამეტების უფლებას არ აძლევენ. ასე უფრო ადვილია ორივე მხარეზე გავლენის შენარჩუნება და საკუთარი ინტერესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა.

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ უმცირესობის წევრების დადებით ან უარყოფით პასუხზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად გააგრძელებს მმართველი ძალა საპარლამენტო ოპოზიციის ცალკეულ წევრებთან თანამშრომლობას.

საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, წლების განმავლობაში სააკაშვილის ზურგს უკან მიმალულ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად არასოდეს არაფერზე აგებდნენ პასუხს, მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე _ უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხისა და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება?

კაცმა რომ თქვას, «ნაციონალურ მოძრაობას» ამ საკითხზე არაერთხელ აქვს გაცემული პასუხი: მათთვის საქართველოზე მაღლა სააკაშვილი დგას, ხოლო ხალხის მართვა ყველაზე უკეთ დიქტატურის გზით ეხერხებათ. ახლა უმრავლესობის მხრიდან გუშინდელი უმრავლესობისთვის ამ რიტორიკული შეკითხვების დასმა მგლის თავზე სახარების კითხვის იგავის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

რაც შეეხება მომავალ პრეზიდენტობის კანდიდატს, თუკი აქამდე ვინმეს ეგონა, რომ ივანიშვილის მიერ დასახელებული ვახტანგ ხმალაძე რეალური კანდიდატია, მიხვდა, რომ მწარედ შეცდა… შეცდნენ ისინიც, ვინც პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატად ირაკლი ალასანიას მიიჩნევდნენ.

არადა, ეს საკითხი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ორიოდე კვირის წინ ჩვენს გაზეთში დავით მხეიძემ წერილში «რა უნდა სააკაშვილს სამეგრელოში და რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ პრეზიდენტობის კანდიდატი» მოსწრებულად შენიშნა, რომ:

«თუკი მომავალი პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, «სამუშაო პრიორიტეტებს» ჩამოვაყალიბებთ, მან უნდა იმუშაოს იმ მიმართულებებზე, იმ საკითხებზე, რომელთა დარეგულირება პრემიერისა და პარლამენტის სპიკერისთვის სირთულეს წარმოადგენს. ამ მხრივ საგულისხმოა ისიც, რომ პრეზიდენტის რანგში ჩამოთვლილ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია მხოლოდ ისეთ ფიგურას, რომელიც არ იქნება გამაღიზიანებელი აფხაზებისა და ოსებისთვის და შეუძლია სამეგრელოს შემობრუნება ცენტრალური ხელისუფლებისკენ, ასევე «ნაცმოძრაობის» დესტრუქციული ქვენა გრძნობების განეიტრალება რეგიონში და, რაც მთავარია, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელთანაც სასაუბროდ დასხდებიან რუსები.

სადღეისოდ სწორედ ამ კრიტერიუმების შესაბამისად უნდა ხდებოდეს პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის შერჩევა, რადგან სწორედ ეს კრიტერიუმებია ძირითადი იმ მოთხოვნებიდან, რომელთაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებს».

ფაქტია, რომ ამ კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატი მომავალი პრეზიდენტის პოსტზე ოცნებას არ ჰყავს. რაც შეეხება ალასანიას, მან თავისი საქციელით არამარტო საკუთარი პოლიტიკური კარიერა დააყენა ეჭვქვეშ, არამედ საკუთარი ცოლის დის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის კარიერასაც კითხვის ნიშანი დაუსვა. ამდენად, თუკი ალასანიას ჰგონია, რომ ხელთათმანი, რომელიც დღეს ივანიშვილმა ესროლა, მისი მთავარი პრობლემაა, ურჩევნია, კარგად დაფიქრდეს, რადგან შინ მისულს, ივანიშვილის მიერ გიგი უგულავას ცოლთან თუ მის დაქალთან დაკავშირებული კალამბურის გამო, საკუთარი ცოლის დისგან არათუ ხელთათმანის, არამედ გაცილებით მძიმე საყოფაცხოვრებო საგნების აცილება მოუწევს…

თუ რატომ _ ცოლის დისგან, ამაზე მომავალში მოგახსენებთ.

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. არადა ვამბობდი, არ არის ამ კაცის საქმე წვენებშითქო და არავინ დამიჯერა… კომბინატორობა, ცოტა არ იყოს რთული საქმეა… არადა საქართველოც პატარაა და ყველა საქმე უცებ გახმაურდება ხოლმე…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here