Home რუბრიკები პოლიტიკა რას წარმოადგენს ამომრჩეველთა ლიგა ანუ აშშ-ის ნახევრადდემოკრატია

რას წარმოადგენს ამომრჩეველთა ლიგა ანუ აშშ-ის ნახევრადდემოკრატია

705

ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ხალხი არ ირჩევს: ამ სახელმწიფოებრივ აქტს განახორციელებენ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები. საქართველოში დღეს აქტიურად ბჭობენ პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის საკითხზე, ამ უფლების პარლამენტისთვის მინიჭების თაობაზე. ამიტომ უპრიანია, დეტალურად გავერკვეთ ამერიკული დემოკრატიის ზემოთ ნახსენებ წარმონაქმნზე, რომელსაც ზოგი კონსტიტუციონალისტი ნახევრადდემოკრატიას უწოდებს, ზოგი ექსპერტი ხალხის ნების დათრგუნვად მოიხსენიებს, ზოგი ანალიტიკოსი აშშის ისტორიის რელიქტურ გადმონაშთად მიიჩნევს.

საიდან მოდის ამომრჩეველთა კოლეგია?

ამომრჩეველთა კოლეგიის (Electoral College) ინსტიტუტი აშშ-ში 1787 წელს შეიქმნა. მთელმა რიგმა მიზეზებისა განაპირობა მისი შემოღება: იმ დროს აშშ-ში არ იყო ძლიერი პოლიტიკური პარტიები, არ ფუნქციონირებდა საერთოეროვნული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, კომუნიკაციის სისტემაც არ არსებობდა. საინტერესო დეტალია: იმ პერიოდის ამერიკელები და მათი თანამედროვე ევროპელები თავიანთ საცხოვრისს იყვნენ მიბმულნი და 8-10 კილომეტრით თუ დასცილდებოდნენ მას.

ჩვეულებრივ მოქალაქეებზეა ლაპარაკი, უბრალო ხალხზე.

ხალხზე, რომელსაც უნდა აერჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

მაგრამ ვინ? რომელი პოლიტიკური მოღვაწე? ის, რომელსაც იცნობდა, ან ის, ვისზეც რაღაც მაინც გაეგო. პოლიტიკოსები კი ასე თუ ისე პოპულარულები იმ მოქალაქეებში შეიძლება ყოფილიყვნენ, რომლებიც მცირე ტერიტორიაზე სახლობდნენ: საერთოეროვნულ მასშტაბზე ოცნება არ შეიძლებოდა.

ისტორიკოსები გაგვისწორებენ და ჯორჯ ვაშინგტონის მაგალითს დაგვისახელებენ, რომელიც საერთოეროვნული მასშტაბის ფიგურა იყო. მართალია. ვერ შეეკამათები, მაგრამ იგი პოლიტიკაში არმიის სარდლობიდან მოვიდა. ეს კი განსაკუთრებული და გამონაკლისი მოვლენა იყო.

გამონაკლისებზე არ ვლაპარაკობთ.

შტატების დამაარსებლებს, ზემოთ თქმული ფაქტორების გარდა, კიდევ ერთი თავსატეხი ჰქონდათ: მათ აფიქრებდათ (და საფუძვლიანადაც), რომ არსებულ რეალობაში ამომრჩეველთა სიმპათია შეიძლება მოეპოვებინათ პოპულისტებს და სხვადასხვა ჯურის ექსტრემისტებს. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მცირემცოდნე იყო და მისი შეცდენა სავსებით შესაძლებელი იყო. ამას ნებისმიერი პოლიტიკანი შეძლებდა და სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლების სათავეში არ აღმოჩენილიყო შემთხვევითი ადამიანი, მღვრიე ნაკადის გაფილტვრა დაეკისრა ამომრჩეველთა კოლეგიას.

შემდეგი არგუმენტი ისეთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხება, როგორიც იყო და არის ცალკეული შტატების სუვერენიტეტი, უწინარეს ყოვლისა, მცირედდასახლებული შტატების სუვერენიტეტი. სწორედ მათ არ დაუჭირეს მხარი საერთოეროვნული პირდაპირი არჩევნების სისტემას. მათი შიში საფუძვლიანი იყო, რადგან შტატებს, რომელთა მოსახლეობა გაცილებით დიდი რაოდენობით გამოირჩეოდა (ნიუ იორკის, ვირჯინიის შტატები) ამომრჩეველთა რაოდენობის წყალობით, წლიდან წლამდე შეეძლოთ აშშ-ის პრეზიდენტად თავიანთი კანდიდატის გაყვანა.

ამომრჩეველთა კოლეგიას, რომელიც დაკომპლექტდებოდა თავთავიანთ შტატებში ავტორიტეტული მოქალაქეებისგან, დაეკისრა საყოველთაოდ მისაღები, გააზრებული და გონიერი გადაწყვეტილებების მიღება.

აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, ამომრჩეველთა კოლეგია სახელისუფლო ინსტიტუტი კი არ არის, არამედ იურიდიული პროცესია, რომელშიც ამჟამად 538 ამომრჩეველი მონაწილეობს. აშშ კონსტიტუცია ხაზგასმით მიუთითებს, რომ კოლეგიის წევრები (ამომრჩევლები) უბრალო მოქალაქეები კი არ არიან, არამედ გამოცდილი და ავტორიტეტული პიროვნებები, რომლებსაც ხელეწიფებათ შტატის მცხოვრებთა ინტერესების დაცვა. კონკრეტულად ვინ უნდა წარმოადგენდეს ამა თუ იმ შტატს კოლეგიაში, დამოუკიდებლად წყვეტს თითოეული შტატი.

წარმომადგენლებს ირჩევენ შტატის პარტიულ ყრილობებზე ან შტატის პარტიული ხელმძღვანელობის დონეზე. ტრადიციულად ამომრჩევლებად გვევლინებიან სენატორები და კონგრესმენები, პოპულარული პოლიტიკოსები ან პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაახლოებული ადამიანები.

არჩევნების დღისთვის თითოეულ შტატში საბოლოოდ აქვთ ჩამოყალიბებული ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების ორი სია, რომლებიც წარდგენილია დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების მიერ.

მას შემდეგ, რაც დამთავრდება არჩევნების შედეგების გამოქვეყნება, გუბერნატორი ხელს აწერს იმ პარტიის ამომრჩეველთა სიას, რომლის კანდიდატმაც გაიმარჯვა ამ შტატის არჩევნებში. სწორედ ეს ადამიანები, უკვე ფორმალურად, აირჩევენ პრეზიდენტს.

ზოგიერთ შტატში ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების გვარები შეაქვთ საარჩევნო ბიულეტენებში, ზოგში _ არა.

როგორ ადგენენ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა რაოდენობას?

ძალიან მარტივად: მათი რაოდენობა დგინდება შტატის მოსახლეობის ბოლო აღწერის შედეგებზე დაყრდნობით და აქედან გამომდინარე. ბუნებრივია, რომ ამის გამო რაოდენობრივი მხარე არჩევნების მომდევნო ციკლში განსხვავდება წინამორბედისგან. აქვე უნდა ითქვას, ყველაზე მცირემოსახლეობიან შტატს კოლეგიაში 3 წევრზე ნაკლები არ შეიძლება ჰყავდეს. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 3-3 წევრი ჰყავდა ალიასკის, ვაიომინგის, მონტანას, ჩრდილოეთ დაკოტის, ვერმონტის და კოლუმბიის ფედერალური ოლქის (დე ფაქტო _ ქალაქი ვაშინგტონი), მაქსიმალური წევრებით იყო წარმოდგენილი კალიფორნიის (55), ტეხასის (38), ფლორიდისა და ნიუ იორკის (29-29) შტატები.

ამერიკელი ამომრჩევლების ყველა ხმას ერთი და იგივე «წონა» აქვს. ვაიომინგის შტატში ცხოვრობს 568 ათასი ადამიანი, ანუ კოლეგიის ერთი წევრი დაახლოებით 189 კაცზე მოდის. კალიფორნიის შტატის მოსახლეობა 37,7 მილიონია. კალიფორნია კოლეგიაში აგზავნის, როგორც ზემოთ მიგანიშნეთ, 55 წევრს: ერთი ამომრჩეველი 700 ათას კალიფორნიელზე მოდის. მაშასადამე, ხმა, რომელიც მიცემულია პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ვაიომინგში, გაცილებით «მნიშვნელოვანია», ვიდრე კალიფორნიელის მიერ მიცემული ხმა.

ამომრჩეველთა კოლეგია იკრიბება პირველ ორშაბათს პრეზიდენტის არჩევნების მომდევნო დეკემბრის მეორე ოთხშაბათის შემდეგ. (პრეზიდენტის არჩევნები კონსტიტუციის მიხედვით იმართება პირველ სამშაბათს ნოემბრის პირველი ორშაბათის შემდეგ). კოლეგიის ამომრჩეველთა საერთო კრება არ იმართება: მათთვის ხმის მიცემის პროცედურა ეწყობა მშობლიური შტატების მიხედვით ცალ-ცალკე.

ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები, რომლებიც ერთ შტატს წარმოადგენენ, როგორც წესი, ერთხმად აძლევენ ხმას. გამონაკლისი ნებრასკისა და მენის შტატებია, სადაც ამომრჩევლების ნების გამოხატვის უფრო რთული სისტემა მოქმედებს.

მაგრამ ამ სირთულეებში გარკვევის მცდელობა ჩვენთვის იგივეა, რაც ლაბირითში შესვლა მეფე მინოსის ქალიშვილის არიადნას ძაფის გარეშე.

კოლეგია, ფაქტობრივად, არ არსებობს, როგორც ერთობლივი სხდომების ჩამტარებელი ორგანო: ერთსა და იმავე დღეს მისი წევრები იკრიბებიან თავიანთი შტატის დედაქალაქში და აძლევენ ხმას, მათ ხმებს შემდეგ აჯამებენ. სულ ესაა.

თითოეული შტატის ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები იმდენივეა, რამდენი წარმომადგენელიც ჰყავს ამ შტატს კონგრესში. ფედერალური ოლქი კოლუმბია, რომლის ტერიტორიაზე ქვეყნის დედაქალაქი ვაშინგტონი მდებარეობს, კონგრესში წარმოდგენილი არ არის, მაგრამ პრეზიდენტის არჩევნებში კოლეგიის იმდენი წევრითაა წარმოდგენილი, რამდენიც შეიძლებოდა ჰყოლოდა, შტატი რომ ყოფილიყო, მაგრამ არაუმეტეს ყველაზე უფრო დასახლებული შტატისა.

აშშის კონსტიტუცია და ფედერალური კანონმდებლობა კოლეგიის წევრებს არ ავალდებულებს, ხმა მისცენ მათი თანამემამულეების მიერ დაფიქსირებული ხმების შესაბამისად, მაგრამ ამავე დროს ასეთი მოთხოვნა ჩაწერილია 26 შტატის კანონმდებლობაში.

 იშვიათ შემთხვევაში ამ კანონის დამრღვევი ჯარიმდება მაქსიმუმ ერთი ათასი დოლარით. კოლეგიის წევრები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი პარტიების წინაშე.

თუ პრეზიდენტობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების უმრავლესობის ხმებს (270 ხმას), პრეზიდენტს ირჩევს წარმომადგენელთა პალატა, ვიცეპრეზიდენტს კი _ სენატი. უკანასკნელად ასეთი არჩევნები გაიმართა 1824 წელს.

კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე, რომელიც 6 იანვარს იმართება, კოლეგიის წევრების ხმები ჯამდება. არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აქვეყნებს მოქმედი ვიცეპრეზიდენტი.

გამარჯვებულს _ ყველაფერი

ამომრჩეველთა კოლეგიის საქმიანობის თავისებურებამ უკანასკნელ ათწლეულებში გამოიწვია ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები თავიანთი დროისა და სახსრების უდიდეს ნაწილს ახმარენ იმ, ყველაზე უფრო «საკამათო» შტატებში აგიტაციის წარმართვას, რომლებშიც არ არის რესპუბლიკური ან დემოკრატიული უმრავლესობა: თუ რესპუბლიკელების კანდიდატი თუნდაც ერთი ხმით გაიმარჯვებს დემოკრატების კანდიდატზე, იგი ავტომატურად მიიღებს კოლეგიის ყველა წევრის ხმებს.

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თეთრი სახლის ახალი პატრონი გამოავლინა რამდენიმე ათეულმა ხმამ, რომლებიც ჯორჯ ბუშ უმცროსს ფლორიდის შტატის ამომრჩევლებმა მისცეს. იმუშავა პრინციპმა: «გამარჯვებულს _ ყველაფერი». ფლორიდის ამომრჩეველთა კოლეგიის ყველა წევრმა ხმა ბუშს მისცა, რამაც უზრუნველყო მისი გამარჯვება ანგარიშით 271:266. ბუში პრეზიდენტი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ხმების საერთო რაოდენობით მას გაუსწრო კონკურენტმა, დემოკრატმა ელ გორმა. ასეთივე სიტუაცია დაფიქსირდა 1824, 1876 და 1888 წლების არჩევნებში, როცა გამარჯვებულებმა საერთოეროვნული მასშტაბით ნაკლები ხმები მიიღეს დამარცხებულ კანდიდატებთან შედარებით.

აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის მონაცემებით, ორი საუკუნის განმავლობაში კონგრესმა განიხილა კანონებისა და კონსტიტუციის შესწორების 700-ზე მეტი პროექტი, რომლებიც საარჩევნო სისტემის სერიოზულ რეფორმირებას ითვალისწინებდა.

ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მოქმედი სისტემა მოძველდა, რომ ქვეყნის ბედს წყვეტენ არა მისი მოქალაქენი, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები.

საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ საკითხზე იშვიათად ტარდება, მაგრამ ბოლო 15 წლის მანძილზე გამოიკვეთა მისი შეცვლის მოთხოვნის ტენდენცია. ამერიკელები უპირატესობას პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს ანიჭებენ, მაგრამ, როგორც ანალიტიკოსები ასკვნიან, კოლეგია კიდევ დიდხანს იცოცხლებს.

რატომ?

იმიტომ, რომ ასე სურს მმართველ ელიტას, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, უმსხვილეს კორპორაციებს, ძლიერთ ამა ქვეყნისა.

«სექენდ ჰენდი»

მაშ, ასე: შევეცადეთ, გავრკვეულიყავით შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის საარჩევნო სისტემის თავისებურებებში, ჩახლართულობასა და ჩაგვირისტებაში და მივადექით ერთადერთ დასკვნას: აშშ-ში პრეზიდენტს ხალხი არ ირჩევს.

აბა _ დემოკრატიააო?

ხალხი ირჩევს ამომრჩეველთა კოლეგიას, რომლის წევრების რაოდენობა, საბჭოური гост-ებისა არ იყოს, ზუსტად დადგენილ-დაწესებულია. ისეა, როგორც ცენტრალური კომიტეტის წევრებს ირჩევდნენ პარტიის წევრთა მასიდან. ისინი კი _ ქვეყნის მეთაურს _ გენერალურ მდივანს.

ის სისტემა არ იყო დემოკრატიული.

ამათი სისტემა თურმე დემოკრატიულობის ნიმუშია. ისეთი ნიმუში, რომელიც მსოფლიოში უნდა დაინერგოს, ამისთვის თუნდაც ბალკანეთის დაბომბვა გახდეს საჭირო, თუნდაც ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების სახელმწიფო წყობილების აფეთქება.

მეორე წელიწადია, ვერ დაწყნარდა აშშ-ის მიერ გადემოკრატიულებული მაშრიყ-მაღრიბი.

ნახევრადდემოკრატია.

ანუ _ ელიტის მიერ უზურპირებული ნება ხალხის, როგორც საქართველოში იყო სააკაშვილის მმართველობის ოქროს ხანაში და რომელიც «მოსწონდა ასე ძლიერ» აშშ-ის ელჩს საქართველოში _ ჯონ ბასს, რომელიც, როგორც ბასმაჩები გასული საუკუნის დასაწყისში აკონტროლებდნენ ცენტრალური აზიის ტერიტორიას, ისე განაგებდა საქართველოს ნაცელიტის ხელით.

კალკირებული ერზაცდემოკრატია. რა თქმა უნდა, ნაციონალური თავისებურების მაქსიმალიზმით გამორჩეული: ამერიკაში ამომრჩეველთა კოლეგიის წევრებს თუ მაინც ირჩევს ხალხი, ჩვენთან ცესკოს რამდენიმე წევრს ჰქონდა მინდობილი გადაწყვეტილების გაფორმება _ მიშა იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტი თუმიშა.

ბასმაჩები საბჭოთა ხელისუფლებამ აღგავა უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან და ყირგიზეთიდან.

ახლა მოჯაჰედები გამოვიდნენ ასპარეზზე, იგივე ბასმაჩები _ ჯიჰადის მებრძოლები ურწმუნოთა წინააღმდეგ.

რიჩარდ ნორლანდიც ასევე ხომ არ ჩაენაცვლა ჯონ ბასს?

დავა-კამათი საქართველოში პრეზიდენტის არჩევის სისტემის შეცვლის თაობაზე ძალიან ჰგავს შემოგდებულ პრობლემას და ბევრ შეკითხვას ბადებს.

პასუხის გამცემიც გამოჩნდება. ჯერჯერობით კი აშკარად ჩანს, რომ ამერიკული სისტემა საქართველოს ვერ მოერგება. თავად ამერიკელები უპირატესობას პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს ანიჭებენ და არსებულის შეცვლას მოითხოვენ.

ეგეც «სექენდ ჰენდი» ხომ არ არის, ჩვენ რომ მივაწყდეთ?

პუბლიკაცია მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here