Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკო ლეკიშვილი: სააკაშვილი კანიდან ძვრება, დადებითი შედეგი რომ არ დადგეს

ნიკო ლეკიშვილი: სააკაშვილი კანიდან ძვრება, დადებითი შედეგი რომ არ დადგეს

733

«საქართველო და მსოფლიოში» თქვენი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ჩვენი გაზეთის არაერთმა მკითხველმა მოგვმართა შეკითხვით _ რატომ წავიდა ბატონი ნიკო პოლიტიკური ასპარეზიდან? ამ კითხვაზე პასუხის გაცემით დავიწყეთ დღევანდელი საუბარი.

_ მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვიყარე კენჭი 2008 წელს, იყო კანონი, რომლის მიხედვით კანდიდატი აუცილებლად პარტიულ სიაში უნდა ყოფილიყო: დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამოიღეს.

არ დაგიმალავთ, «ნაციონალური მოძრაობა» მთავაზობდა მისი პარტიული სიით გასვლას, სხვებიც, მაგრამ მე ამის გაკეთება არ შემეძლო: ვერც წარმომედგინა ნაციონალთა კანდიდატად ჩემი თავი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც შემომთავაზეს, თბილისში მეყარა კენჭი, ამაზეც უარი ვუთხარი. ვერ ვიქნებოდი იქ, სადაც ვერ ვიქნებოდი. ყოველთვის დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წამოყენებული.

_ დღეს ვითარება შეცვლილია.

_ დღეს უკვე გამოჩნდა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელთანაც შემიძლია ვითანამშრომლო.

ნაციონალების მართულ ქვეყანაში რა ვითარებაც შეიქმნა, იმას გაოგნებული ვუყურებდი და, მოდით, პირდაპირ გეტყვით, შეგნებულად დავმალე ჩემი თავი, გავედი ასპარეზიდან, გავერიდე: ხან თვალის ოპერაცია მოვიმიზეზე, ხან რა, ნაციონალების დაჟინებული შემოთავაზებებისგან თავის ასარიდებლად.

_ უსაქმოდ დარჩენილი ნიკო ლეკიშვილი ძნელი წარმოსადგენია

_ სიმართლე გითხრათ, დიდი არაფერი გამიკეთებია. ერთი პროექტი გვქონდა, _ დელისის პროექტი, რომელიც ძალიან კარგად ხორციელდებოდა, მაგრამ შეჩერდა იმიტომ, რომ პარტნიორი ბაკურ კიღურაძე დააპატიმრეს ჯაშუშობის ბრალდებით. ახლა გათავისუფლდა.

_ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი?

_ პიროვნულად გადაეკიდნენ რამდენიმე ფაქტორის გამო: მთავარი მაინც ის იყო, რომ სახელმწიფოს ედავებოდა თავის პირად საკითხებზე.

მისი ფირმის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც დაპატიმრებული იყო, დაკითხვაზე აჩვენა, რომ ბაკურ კიღურაძე ჯაშუშიაო…

_ ციხეს ყველა ვერ უძლებდა, დააწერინებდნენ, რაც სურდათ.

_ ის ყოფილი თანამშრომელი გამოუშვეს და ეს ჩასვეს. ბუნებრივია, შეჩერდა «დელისის» პროექტიც. ახლა, ალბათ, განახლდება. კიღურაძეს უზურფრუქტით მიცემული ჰქონდა თბილისის ყოფილი ოფიცერთა სახლი. წაართვეს, რა თქმა უნდა, უკანონოდ. მისცეს სხვას. მიწის ფართობი ჰქონდა მთაწმინდის რაიონში. წაართვეს. ღამით მიიყვანეს პროკურატურაში და ხელი მოაწერინეს «თავისი ნებით» მიწის ამ ნაკვეთის დათმობაზე. პრობლემები შეუქმნეს მის ოფისთან დაკავშირებითაც და ა.შ. გარდაბნის რაიონში გაუნადგურეს ნუშის პლანტაციები, რომელთა მოშენებაში უამრავი ფული ჰქონდა დახარჯული. ამას მოჰყვა სასამართლოები, რომლებშიც გაიმარჯვა, მაგრამ…

_ მაგრამ ასეთი «მომაბეზრებელი» ფიგურა «ნაციონალებს» აღიზიანებდა.

_ პრეზიდენტამდეც კი მივიდა საკითხი. ცხადია, ის რასაც იყვირებდა.

_ და თავზე დაიმხობდა ყველაფერს.

_ ბაკური დაიბარეს და კატეგორიულად მოსთხოვეს, უარი ეთქვა თავის ქონებაზე. ერთ-ერთი კომპეტენტური პირისგან გავიგე, რომ, თუ კიღურაძე უარს იტყოდა თავისი პლანტაციების დათმობაზე, დავალებული გვაქვს, დავაპატიმროთო.

ბაკური იძულებული გახდა, გამოეტანა საჩივარი, მაგრამ უკვე ამუშავებული ძრავა აღარ შეაჩერეს.

ახლა გამოვიდა ციხიდან და, სხვათა შორის, ძველი ჩანიშნული სასამართლო სხდომა მოიგო.

მარტო ეს საქმე რომ ყოფილიყო… უამრავი სხვა საქმეც იყო.

_ მაგალითად?

_ მაგალითად, გოჩა ძასოხოვის ამბავი.

გოჩასთან ახლო ურთიერთობა მქონდა და ჩემ თვალწინ მოხდა ყველაფერი, რამაც მის თავზე გადაიარა.

ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მათ შორის, თბილისის «დინამოს» სტადიონის რეკონსტრუქციაც. ისე მოუწყეს საქმე, რომ დიდ ვალებში ჩავარდა. რატომ შეიძულეს, იცით?

_ ვიცი, რა ლაპარაკიც იყო.

_ «ნაციონალების» ხელისუფლებამ შესთავაზა, დათანხმებულიყო აბსოლუტურად კარიკატურულ თანამდებობაზე (სანაკოევი რომ დაინიშნა შემდეგ) წასვლას. ამან უარი შეუთვალა. ვერ და არ გააკეთებდა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სულელური შეთავაზება იყო, მეც ვურჩიე, თავი არ გაეყო ამ უაზრობაში. მეორეც იმიტომ, რომ მას სულ სხვა ურთიერთობა ჰქონდა როგორც ცხინვალელ ოსებთან, ისე ჩრდილოეთ ოსეთელებთან.

დაიჭირეს, კეზერაშვილთან მიიყვანეს შუა ღამეს, ხელი მოაწერინეს რაღაც საბუთებზე. მოკლედ იძულებული გახდა, გადახვეწილიყო საქართველოდან. ან ალეკო გოცირიძეს ფაქტი ავიღოთ. გაითამაშეს ასეთი მიზანსცენა: სააკაშვილი მეტროში რომ ჩადიოდა, ქალი შეახვედრეს, რომელმაც შესჩივლა, რომ გაზი არ ჰქონდა.

«ხალხზე მზრუნველი» მიშა აღშფოთდა: აუ, ეს გოცირიძე არის დამნაშავეო! გოცირიძეს თბილისის გაზმომარაგებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა: რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტს ემსახურებოდა. ისიც იძულებული გახადეს, წასულიყო საქართველოდან. ბაჩანა ახალაია ცხოვრობდა წავკისში ალეკო გოცირიძის სიმამრის კომუნისტების დროს აშენებული აგარაკის მეზობლად. ჩამოართვეს და «საიდუმლო შეხვედრების» ობიექტად აქციეს.

ასეთი ფაქტების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება.

_ მიგაჩნიათ, რომ დღეს სამართლიანობა იმარჯვებს?

_ რა თქმა უნდა. და არა მარტო სამართლიანობა. მთავრობამ დაიწყო მუშაობა. საკუთარ უფლებებში აღდგა სახელისუფლებო სტრუქტურები. მაგალითად, სააკაშვილის ხელში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე არაფერს წარმოადგენდა. ახლა როგორც არის, როგორც უნდა ყოფილიყო, ხალხმა დაინახა. ინგრევა მონოპოლიები, ბიზნესი თავისუფლდება. სახელმწიფო რეკეტისგან და ა.შ. დღეს სამართლიანობის აღდგენა ბიზნესში განსაკუთრებით გამოჩნდა.

_ თუმცა ხალხი ბოლომდე კმაყოფილი არ არის იმით, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს.

_ ცნობილია, რომ 10 ათასზე მეტი განცხადებაა შესული პროკურატურაში წართმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამ საქმეების შესწავლას პროკურორების შესაბამისი რაოდენობა ხომ სჭირდება? მაგრამ სად არის ამდენი პროკურორი?

მთავარია, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა. სულსწრაფებს სურთ, რომ ყველაფერი სწრაფად დამთავრდეს.

_ გამოსავალს როგორს ხედავთ?

_ ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ე.წ. რეზონანსული საქმეების შესწავლა. შედარებით წვრილმანზე ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა იზრუნონ. მაშინ უფრო სწრაფად გამოჩნდება შედეგები. სამართლის აღსრულება გართულებულია მიზეზთა გამო მრავალთა. ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ.

_ მდგომარეობა კი მარტივი არ არის.

_ მეტსაც გეტყვით: სააკაშვილმა გამოაცხადა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. უცხოეთში თავისი გამოსვლებით, ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ მის კომპეტენციაში არსებული შესაძლებლობით პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა დაბლოკვით იგი ხელოვნურად ქმნის ბარიერებს. მთავრობას ძალიან დიდი დრო ეხარჯება ამ წინაღობათა გადასალახად. მუდმივი თავის მართლების პოზიციაში ჩაყენებას უამრავი დრო მიაქვს.

_ ხალხს კი ეჩქარება შედეგების დანახვა.

_ სააკაშვილი კანიდან ძვრება, დადებითი შედეგები რომ არ დადგეს. ხელის შეშლის სტრატეგიაა, რასაც მიშა აკეთებს.

_ გავაფართოოთ საუბრის არეალი. ქართველ მეცნიერს, პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას ფრიად საყურადღებო ინტერვიუების ციკლში, რომელიც «საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნდა, ერთმა ასეთმა დებულებამ მიიქცია ჩემი ყურადღება: «დროა, ვაღიაროთ, რომ ლიბერალური კაპიტალიზმის მოდელმა, რომლის მიხედვითაც დასავლეთი ბოლო 50 წლის განმავლობაში ვითარდება, საკუთარი თავი ამოწურა, ევროპის ქვეყნები ჩიხში შეიყვანა. ადრე თუ გვიან ევროპელებსა და ამერიკელებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ ვალებში ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, საჭიროა მოხმარების მკვეთრი შემცირება, მეტი მუშაობა და რეალურად გამომუშავებული ფულის შესაბამისად ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას «ბერძნული ვარიანტი» ელის».

ეთანხმებით?

_ «ნაციონალებმა» თავიანთი «ეკონომიკური მოღვაწეობა» ყველაფრის გაყიდვით დაიწყეს და გააგრძელეს. ერთი თვალსაჩინო მაგალითი: შევარდნაძეს ირანელებმა ფოთის ნავსადგურის ერთი ნაწილის მიყიდვა შესთავაზეს. დღესაც მახსოვს, რა თქვა მაშინ შევარდნაძემ: მე იმათ ისტორიულ ოცნებას ვერ ავუხდენო. სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა სააკაშვილის მთავრობამ დაიწყო: ფოთის პორტი და სანაოსნო მის დროს გაიყიდა. სანაოსნო ას მილიონ დოლარად გასხვისდა, ხოლო იმან, ვინც იყიდა, ორი ახალი გემი 150 მილიონ დოლარად გაყიდა! ამას პატარა გემებიც მიაყოლეს და, პირდაპირი გაგებით, დავრჩით მშრალზე.

ალექსანდრე ჭაჭია რასაც ამბობს, მართალია. ტენდენცია, რომელზეც მიგვანიშნებს, მთელ მსოფლიოს მოედო, ხოლო ჩვენ, ფეხის ხმას აყოლა და მიბაძვა რომ გვჩვევია, ჩავერთეთ ამ პროცესში, ვერ გათვალა სახელმწიფომ პერსპექტივა, მით უფრო, გარდამავალ პერიოდში.

_ მსოფლიოშიც ვერ გათვალეს?

_ პირდაპირ გეტყვით: უწინ უფრო სერიოზული იდეები იყო მსოფლიოში. შემდეგ დაკნინდა. ეს იდეები აიტაცეს ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა. სახელმწიფოების სათავეებში მოვიდნენ მცირე კალიბრის «მოღვაწენი», რომელთაც ალღო ვერ აუღეს შექმნილ ვითარებას, ირწმუნეს ამ «ახალი» იდეების და ახლა ვერ გამოდიან მდგომარეობიდან.

პატარა ქვეყნები უფრო ადვილად უვლიან გვერდს კრიზისებს, თუ ჭკვიანი ხელისუფლება ჰყავს, ნაკლები დანაკარგებით. სწორი მართვის პირობებში შეგვიძლია ავცდეთ ამ კატაკლიზმებს.

საბერძნეთი დიდი ქვეყანაა, გახსნა თავისი ბაზარი, შემოუშვა დიდი კომპანიები, რომლებმაც შეჭამეს მისი რესურსები და სამათხოვროდ ხელგაწვდილი დატოვეს. ვალებმა დაახრჩო სახელმწიფოები. ამერიკაც კი ვერ გადაურჩა ამ ტენდენციას.

ახლა ყველაზე უფრო სახიფათოა, რომ შეიქმნა ისეთი პოლიტიკური ვითარება, როცა უპასუხისმგებლო ფიგურანტების მცდელობითა და მეშვეობით შესაძლებელია ძალიან დიდი კრიზისების გამოწვევა. ვლაპარაკობ კონკრეტულ ადამიანზე, რომლის მოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია.

_ მიხეილ სააკაშვილს გულისხმობთ?

_ დიახ. იმდენად იმპულსურია, იმდენად დიდი სიცრუის მანქანას ფლობს, იმდენი ბერკეტი აქვს, რომ დიდი უბედურების დატრიალება შეუძლია. გამორიცხული არ არის, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიწვევს ხალხის მღელვარებას, მასობრივ გამოსვლებს, და დაინგრევა ის იმედები, რომლებიც ადამიანებს აქვთ.

_ აქედან გამომდინარე, შემოთავაზებული კოაბიტაცია საეჭვოა?

_ მე ასე მგონია.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. სირცხვილის გრძნობა მაინც არ შეგრჩა შე კაი კაცო….
    საიდან ამდენი ღვარძლი…
    თბილისის მერობა რომ თბილი ადგილი იყო ებ ხომ პატარა ბავსმაც იცის….
    ხომ ჭამე….შეირგე და სხვისკენ ხელებს ნუ იშვერთ
    სირცხვილია ბოლო-ბოლო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here