Home რუბრიკები საზოგადოება ელდარ შენგელაიას ოქროს მთები

ელდარ შენგელაიას ოქროს მთები

1139

საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის ბრეჟნევიზაციის პროცესზე სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ, თუმცა ლეონიდ ბრეჟნევი საბჭოთა კავშირს სულ რაღაც 18 წლის განმავლობაში, 1964-1982 წლებში, მართავდა, ხოლო იუბილარი და ერთ დროს დემოკრატიისთვის მებრძოლი ელდარ შენგელაია კინოკავშირს ორჯერ უფრო დიდხანს _ 36 წელი ხელმძღვანელობს!

1989 წლიდან მოყოლებული, ელდარ შენგელაია უშეცდომოდ ირჩევდა პოლიტიკურ პარტნიორებს და, იმის მიუხედავად, მმართველ ძალაში იყო თუ ოპოზიციაში, მატერიალურად არ გასჭირვებია. ასე იყო კომუნისტების დროს (რომლებიც მან დროულად დაგმო), ეროვნული ხელისუფლებისას (ანალოგიურად), შევარდნაძისას (ასევე დროულად გაემიჯნა) და სააკაშვილის მმართველობისას (სიტყვიერად არ გამიჯვნია, მაგრამ ბოლო წლებში დისტანცირებულია).

2009 წელს სააკაშვილმა ელდარ შენგელაია 9 აპრილის 20 წლისთავზე წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა, რასაც მისი ძმის, კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას, მძაფრი კრიტიკა მოჰყვა; საპროტესტო გამოსვლების ფონზე ეს მართლაც ვერ გამოიყურებოდა ღირსეულ საქციელად, როდესაც არაერთმა ადამიანმა სააკაშვილის ჯილდოებზე უარი განაცხადა.

შეუძლებელია, შენგელაია ვერ გრძნობდეს, რომ დღეს მით უფრო წამგებიანია სააკაშვილისგან ორდენების მიღება, მაგრამ დავალებულია, ვალს კი გასტუმრება უნდა, თუმცა ამაზე _ ქვემოთ.

26 იანვარს ბატონ ელდარს 80 წელი შეუსრულდა და მიხეილ სააკაშვილმაც მომენტი ხელიდან არ გაუშვა _ ბრწყინვალების ორდენი გადასცა, მისი ძველი ფილმი «შერეკილებიც» გაიხსენა და პოლიტიკური განცხადებებიც მოაყოლა: «რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი გავფრინდებით, აუცილებლად, ჩვენი ქვეყანაც გაფრინდება ყველა იმის ჯინაზე, ვისაც უნდა დაგვაკავოს, დაგვამიწოს, ცხრაკლიტულში მოგვათავსოს. ჩვენი მთავარი ნატვრა ახდება, ყველაზე გაბედული რაღაცები მოხდება და საქართველო ისეთი იქნება, როგორიც ერთაოზს წარმოედგინა და როგორიც ჩვენ ყველას გვინდა».

«ერთაოზის საქართველოს» ხსენების შემდეგ თბილისში ხუმრობენ, რომ მიშა «გარეკილის» ფაზიდან «შერეკილის» ფაზაში გადავიდა, თუმცა იუბილარს მივუბრუნდეთ. მისი იუბილესადმი მიძღვნილი «არაჩვეულებრივი გამოფენა» თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში შედგა და არა კინოკავშირის შენობაში, სადაც ერთ დროს შესანიშნავი დარბაზები და კომუნისტური ხელგაშლილობით მოპირკეთებული ვესტიბიულები იყო. ერთ დროს, თორემ ახლა შენობა ნაწილ-ნაწილ არის გაქირავებული და მისი პირვანდელი სახე _ განადგურებული.

«საქართველო და მსოფლიოს» ხელში ჩაუვარდა კინოკავშირისა და სააქციო საზოგადოება «სინემა კლუბის» საქმიანობის შემსწავლელი კომისიის დასკვნა, რომელშიც შავით თეთრზე იკითხება: «კომისიის წევრები დავდექით ძალიან არასასიამოვნო და კავშირის ყოველი წევრისთვის შეურაცხმყოფელი ფაქტების პირისპირ. დიდი გულისტკივილით გვინდა მოგახსენოთ: კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კავშირის ხელმძღვანელობის მოღვაწეობა მიმართული იყო გაურკვეველი ინტერესების საკეთილდღეოდ».

«საქართველო და მსოფლიო» კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ აკაკი შანშიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც დაინტერესდა, თუ საიდან გვქონდა ეს დასკვნა. მისი თქმით, დოკუმენტის გასაჯაროებაზე არასდროს უფიქრია და მიზანშეწონილად არ მიაჩნია, თუ ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

_ კინემატოგრაფისტთა კავშირის კომისიის დასკვნა გამგეობისთვისაც არ გვინდოდა ცნობილი გამხდარიყო, მითუმეტეს, მედიასაშუალებებისთვის არ მინდა ის ხელმისაწვდომი გახდეს. დასკვნა კონფიდენციალურია, სჯობს, არსად დაიბეჭდოს და, თუ თქვენ ამას მაინც დაბეჭდავთ, აუცილებლად გავასაჩივრებ! – განაცხადა შანშიაშვილმა.

აკაკი შანშიაშვილს, როგორც ჩანს, აღარ ახსოვს, რომ მისივე კომისიის დასკვნის შესავალში ნათქვამია: «ჩვენ, კომისიის არც ერთ წევრს არ გვინდოდა, რომ ეს დასკვნა დარიგებულიყო და გამხდარიყო საჯარო, მაგრამ ბატონ ელდარ შენგელაიასა და გამგეობის წევრთა დაჟინებული მოთხოვნით იძულებული გავხდით, ეს დასკვნა გავხადოთ საჯარო და დაგირიგოთ გამგეობის წევრებს. ამ მომენტიდან ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ყოველ მოსალოდნელ შედეგზე, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხს ვაგებთ დასკვნაში მოყვანილი ყოველი ფაქტის სისწორეზე».

ფაქტები კი დასკვნის მიხედვით ასე გამოიყურება: «როგორი პატივისცემითაც არ უნდა იყო გამსჭვალული ბატონი ელდარის, როგორც ხელოვანის, მიმართ, არ შეიძლება მის საქციელში ერთპიროვნული მმართველის თვისებები არ აღმოაჩინო. კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე დაისვა საკითხი, თუ რატომ არ ახდევინებდა წლების მანძილზე კინოკავშირი იჯარას «სინემა კლუბსა» და «სინეტექსს» კავშირის მე-4 სართულზე მათ მიერ დაკავებულ ფართებში.

უნდა გენახათ ბატონ ელდარის გამძვინვარება. მან მაგიდაზე ხელის დარტყმითა და ყვირილით მიმართა კომისიას: _ აქ მე ვარ თავმჯდომარე და ჩემი გადასაწყვეტია, ვის გადავახდევინებ იჯარას და ვის არაო!»

«საქართველო და მსოფლიო» ასევე დაუკავშირდა რეჟისორ ქეთი დოლიძეს.

 ჩვენ მას კინოკავშირის კომისიის დასკვნის ზოგადი შინაარსი გავაცანით და ვთხოვეთ, ესაუბრა კინოკავშირისა და ზოგადად ელდარ შენგელაიას საქმიანობის ეფექტურობაზე, რაზეც მან ასეთი პასუხი გაგვცა: «არანაირი კომენტარის გაკეთება არ მინდა კინემატოგრაფისტთა კავშირზე. კომენტარს არ გავაკეთებ!».

საკმაოდ უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ კინოკავშირში არსებულ დარღვევებზე საუბარს კინემატოგრაფისტები თავს არიდებენ. ჩვენ ასევე დავუკავშირდით კინორეჟისორ რეზო ჩხეიძეს. საუბარი ბატონ რეზოსთან ტელეფონით შედგა. მან თავდაპირეველად ასეთი კომენტარი გააკეთა:

_ მოგეხსენებათ, ორ წელიწადზე მეტია, მოსკოვში ვარ. აქაურ ამბებში ჩახედული არ ვარ. ვერ გეტყვით ვერც ამ დასკვნაში მოყვანილი ფაქტების სამართლიანობაზე რამეს. შენგელაიამ რაიმე კანონი დაარღვია თუ არა, ეგ არ ვიცი. რაც შეეხება თვითონ კავშირის მუშაობას, კარგი იქნებოდა, ალბათ, უფრო მეტი ზრუნვა გამოეჩინათ კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრებს მთელი რიგი მტკივნეული საკითხების მოგვარებაში.

_ უფრო კონკრეტულად, რა მტკივნეული საკითხები აწუხებთ კავშირის წევრებს?

_ მთელი ორი წელიწადი ეპიზოდურად თუ ჩამოვდიოდი. ამის გამო არ შემიძლია კონკრეტულ მაგალითებზე გესაუბროთ. დაახლოებით თვე-ნახევარია, რაც აქეთ ვარ. არც ერთ კრებაზე არ დაუძახიათ. შეიძლება არც იყო, არ ვიცი.

ერთი წუთით, ახლავე მოვალ, _ გვითხრა ბატონმა რეზომ და უნებლიეთ გავხდით საუბრის შემსწრე, რომელიც, ალბათ, არც იცოდა ბატონმა რეზომ, რომ ჩვენც გვესმოდა. ბატონი რეზო ქალბატონს ესაუბრებოდა, რომელსაც უთხრა, რომ ჟურნალისტმა კინემატოგრაფისტთა კავშირის საქმიანობაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. _ მე ვუთხარი, რომ მოსკოვში ვიყავი და ზუსტად არაფერი ვიციო, _ აღნიშნავდა ბატონი რეზო. _ არ ხარ მართალიო, _ ეუბნებოდა ქალბატონი, _ ივანიშვილის მთავრობა რისთვის მოვიდაო! ხმამაღლა ისაუბრე ყველაფერზე, რაც იცი. ხომ გაქვს დასკვნა წაკითხული, სიმართლე უნდა უთხრაო.

ამის შემდეგ ბატონმა რეზომ გვკითხა, კაკო შანშიაშვილს თუ ელაპარაკეთ, დასკვნა ნანახი გაქვთო? ჩვენ ვუთხარით, რომ დასკვნა ხელთ გვქონდა და შანშიაშვილსაც უკვე ვესაუბრეთ. ამის შემდეგ მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

_ კინემატოგრაფისტთა კავშირი დავაარსეთ იმისთვის, რომ პრაქტიკულ მუშაობაში როდესაცაა ადამიანი – რეჟისორი, რომელიც სურათს იღებს, ოპერატორი, რომელიც კამერასთან მუშაობს, მსახიობი, რომელიც მუშაობს, რაიმე პრობლემების შემთხვევაში მიემართა კავშირისთვის. ისე, კავშირის მუშაობა რომ ხალხს შემოქმედებით საქმეებში დაეხმაროს, მგონი, თავის ადგილზე არ დგას.

საუბარში მოულოდნელად ის ქალბატონი ჩაერთო, რომელიც ბატონ რეზოს მანამდე ესაუბრებოდა, თავი უბრალო კინომოყვარულად გაგვაცნო, სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა და ჩვენთან საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება გამოქვეყნების გარეშე ისურვა. თუმცა გაზეთის რედაქციამ საჭიროდ ჩათვალა, მისი აზრი საზოგადოებისთვის მაინც გაეცნო.

«თქვენ წაკითხული გაქვთ ეს დასკვნა? ჩვენც გავეცანით ამ 27-გვერდიან დასკვნას. პრინციპში, კავშირი რომ კავშირი აღარ არის და არც დარბაზია და ყველაფერი გაქირავებულია, ეს ფაქტია. ადრე კინომოღვაწე რომ კვდებოდა, იქიდან ასვენებდნენ ხოლმე. შემშურდა თეთრი შურით, გურამ საღარაძე თეატრიდან რომ გაასვენეს. რატომ, იცით? მახსოვს, გასვენებები ადრე ხდებოდა კინემატოგრაფისტთა კავშირის დარბაზიდან, რომელიც აღარ არსებობს და კაზინოდ გადააკეთეს. ის არ იყო არც ელდარის, არც პეტრესი. კომუნისტებმა დაგვიტოვეს. ყველასი იყო. ეს ალბათ, არც ელდარის ბრალია, დროის ბრალია. ფაქტი ჯიუტია, რომ კინოს სახლის მხოლოდ პირველ სართულზე არსებობს 150-კაციანი დარბაზი, რომელიც სოროს უფრო ჰგავს, ვიდრე დარბაზს. თქვენ რომ იქ მიხვიდეთ, ნახავთ, რომ პეტრეა, პავლეა _ ყველაა, კინომოღვაწეების გარდა. ეს არის ძალიან ცუდი. სტუდენტები იქ კინოს სწავლობდნენ. ახლა საერთოდ ვეღარაფერს სწავლობენ. მაგრამ მარტო ელდარი, ალბათ, არაა ამაში დამნაშავე. ყველას, თვითოეულ კავშირის წევრს თავის დროზე უნდა ამოეღო ხმა. უხერხული რა არის, იცით? შენს ლოგინში სხვას რომ ნახავ დაწოლილს. ქართველებმა პირში თქმა არ ვიცით. რა გვეშველება, მე არ ვიცი. ყველაფერი განადგურდა…»

თუმცა ყველაზე საოცარი მაინც ის არის, რომ კომენტარის მოცემაზე არა მარტო კინემატოგრაფისტები, არამედ ის პირიც აცხადებს კატეგორიულ უარს, რომელიც ელდარ შენგელაიამ ფინანსურადაც დააზარალა და დააჭერინა კიდეც! კომისიის დასკვნაში ამ ეპიზოდს დიდი ადგილი აქვს დათმობილი.

2011 წლის იანვარში ბატონმა ელდარ შენგელაიამ გადაწყვიტა, დაესრულებინა თავისი მრავალწლიანი ურთიერთობა ზაზა აროშიძესთან, რომელიც წლების განმავლობაში საზკვების ობიექტის, ხან შპს «ეკრანის» დირექტორი იყო, ხან რესტორან «დაკარგული სამოთხის», ხანაც ყველა იმ ინდმეწარმის უკან მდგარი პირი, რომლებიც ჯერ რესტორან «დაკარგულ სამოთხეს», შემდეგ კი რესტორან «შერეკილებს» ხელმძღვანელობდნენ. ამ ფართის აღება მოინდომა შპს «გურმანმა», რომელიც რესტორნების ქსელს «შემოიხედე, გენაცვალეს» მართავს.

კომისიის დასკვნის თანახმად, 2011 წლის 25 იანვარს ზაზა აროშიძემ კავშირის თავმჯდომარის, ბატონ ე. შენგელაიას, «სინემა კლუბის» სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბატონ ა. შუბაშვილისა და კავშირის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, ბატონ ა. შანშიაშვილის სახელზე გააგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია: «სინემა კლუბმა» ერთხელ უკვე დამაზარალა 45 ათას 385 ლარით, როცა მან მთლიანად გაანიავა შპს «ეკრანის» ქონება (იხ. აუდიტის 2004 წლის 10 სექტემბრის დასკვნა), დაარღვია 1999 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულება ჩემთან, რითაც მომაყენა 50 ათასი აშშ დოლარის ზარალი».

1996 წლის აგვისტოში კინოკავშირის სავაჭრო-საწარმოო ფირმა «ეკრანი», რომლის დირექტორი მაშინაც ზ. აროშიძე იყო, გარდაიქმნა შპს-დ, რომლის პარტნიორები გახდნენ:

ა) საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, რომლის წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 45 ათას 300 ლარის ღირებულებას, რაც შეესაბამება საწესდებო კაპიტალის 50%-ს;

ბ) ზაზა აროშიძე _ 11 ათას 780 ლარით, საწესდებო კაპიტალის 13%-ს;

ბ) მამუკა სულთანიშვილი _ 10 ათას 870 ლარით, საწესდებო კაპიტალის 12%-ს;

გ) ციალა ხომეზურაშვილი (ბატონ ელდარ შენგელაიას აწ გარდაცვლილი სიდედრი) _ 11 ათას 780 ლარით, საწესდებო კაპიტალის 13%-ს;

დ) დავით ზურაბიშვილი (ზაალ ყენიას ნათლული), რომლის წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენდა 10 ათას 870 ლარს, ანუ 12%-ს.

საინტერესოა, რომ შენგელაიას სიდედრის _ ციალა ხომეზურაშვილისა და დავით ზურაბიშვილის ფულადი შენატანები _ სულ 22 ათას 650 ლარი, აროშიძის მიერ იქნა გადახდილი. 1999 წლის 12 თებერვლის აქტით, რომელსაც ხელს აწერენ ე. შენგელაია და შპს «ეკრანის» დირექტორი ზ. აროშიძე, დასტურდება, რომ კინოკავშირი შპს «ეკრანს» საწესდებო კაპიტალის 50%-ის შესავსებად გადასცემს 799 კვ.მ ფართობს.

1998 წელს ურთიერთობა კინემატოგრაფისტთა შორის უკიდურესად დაიძაბა. კავშირის ხელმძღვანელობის ინიციატივით, იმის შიშით, რომ არ გამოაშკარავებულიყო სიდედრ-ნათლულის სახე, შპს «ეკრანის» პარტნიორთა კრების (1998 წლის 20 იანვარი) გადაწყვეტილებით, ც. ხომეზურაშვილი (სიდედრი) და დ. ზურაბიშვილი (ნათლული) გამოყვანილ იქნენ შპს «ეკრანის» პარტნიორთა შემადგენლობიდან და მათი წილები გადანაწილდა დანარჩენ ორ პირზე, ანუ ამიერიდან შპს «ეკრანის» საწესდებო კაპიტალი 90 ათას 600 ლარი შემდეგნაირად გადანაწილდა პარტნიორთა შორის:

1. კინოკავშირი _ 45 ათას 300 ლარი, ანუ 50%;

2. ზაზა აროშიძე _ 22 ათას 650 ლარი, ანუ 25%;

3. მამუკა სულთანიშვილი _ 22 ათას 650 ლარი, ანუ 25%.

კავშირს და ფიზიკურ პირებს _ აროშიძესა და სულთანიშვილს, თანაბარი პროცენტული წილი 50-50% გაუხდათ, მაგრამ თანდათანობით გ. ლევაშოვ-თუმანიშვილის იერიში სულ უფრო აგრესიული ხდებოდა. კავშირის ხელმძღვანელობამ, თავისივე მომხრეებისთვის სრულიად მოულოდნელად, ფარ-ხმალი დაყარა: 1998 წლის მარტში შეიქმნა «სინემა კლუბი». კავშირის თავმჯდომარემ 1999 წლის მარტში ჯერ ერთწლიანი, ხოლო 2000 წლის 14 აპრილს 49-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა «სინემა კლუბთან», რომლის თანახმად, «სინემა კლუბს» 49 წლით გადაეცა 3 ათას 243 კვ.მ, მათ შორის ის 799 კვ.მ, რომელიც შპს «ეკრანისთვის» იყო გადაცემული ჯერ კიდევ 1998 წელს, უშუალოდ ე. შენგელაიას ხელმოწერით. ყველასგან დაუკითხავად, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ბატონმა ელდარმა ეს ფართობი გადასცა «სინემა კლუბს», რაც კანონის უხეში დარღვევა იყო.

კავშირის ხელმძღვანელობის ქმედება რომ უკანონო იყო, ძალიან მალე, 2001 წლის 2 აპრილს დაადასტურა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ე. შენგელაიამ

იგივე ფართობი იჯარით ამჯერად  49 წლით გადასცა «სინემა კლუბს».

ამონარიდი კომისიის დასკვნიდან: «მიხვდა რა ბატონი ელდარი, რომ სამართლებრივი გზით ვერ დაამარცხებდა მოწინააღმდეგეს (ნებისმიერი სამართალი, მის ბრალეულობაზე გაამახვილებდა ყურადღებას), ბატონმა ელდარმა საქმეში ჩართო ძალისმიერი სტრუქტურები, კერძოდ . . სოდი, რომელმაც დააკავა . აროშიძე, . სულთანიშვილი და აიძულა ისინი, უარი ეთქვათ კუთვნილ წილებზე შპს «ეკრანში».

ამრიგად, შპს «ეკრანის» ქონება, რომელიც ბატონ ელდარ შენგელაიას პირადი გადაწყვეტილებით «თურმე» ეკუთვნოდა «სინემა კლუბს», სოდის ძალისხმევით დაუბრუნდა კავშირს. შპს «ეკრანი» კვლავ შენარჩუნდა, რომლის დირექტორადაც ბატონმა ე. შენგელაიამ დანიშნა… ბატონი ე. შენგელაია!

ამის შემდეგ ბატონმა ელდარმა იგივე ფართობი ყველასთან შეუთანხმებლად გადასცა შპს «გურმანს» ხუთი წლის ვადით, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა კავშირის ყრილობასთან და გამგეობასთან შეთანხმების გარეშე. შემდეგ მოვლენათა კიდევ უფრო საინტერსო განვითარება გველის. კომისიის დასკვნაში მითითებულია: «ზაფხულის პერიოდში ბევრი მსურველი გამოჩნდა, რათა რესტორანი აეღოთ იჯარით. რესტორნით დაინტერესდა პოლონეთის საელჩო და მზად იყო, თვეში 3000 დოლარი მოეცა იჯარაში. ამის შემდეგ გამოჩნდა მსურველი, რომელიც თანახმა იყო თვეში 4000 დოლარი გადაეხადა. ყოველივე ამის საქმის კურსში იყო ელდარ შენგელაია, მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, მან უარი განაცხადა ყველა ამ წინადადებაზე და ყველასათვის მოულოდნელად 2000 დოლარად გადასცა ხუთი წლის ვადით შპს «გურმანს».

ამრიგად, ბატონმა ელდარმა უარი თქვა წლიურ 48 ათას დოლარზე და ამ თანხას ამჯობინა წლიური 24 ათასი დოლარი! ამასთანავე, კინემატოგრაფისტთა კავშირის დასაფარი გახდა ის დავალიანებები, რომლებიც შპს «ეკრანს» დაუგროვდა საგადასახადო სამსახურების მიმართ!

არანაკლებ საინტერესოა ელდარ შენგელაიას ურთიერთობა «სინემა კლუბთან», რომელსაც კომისია პირდაპირ უწოდებს «მოუშორებელ ჭირს».

კინოკავშირის თავმჯდომარე ე. შენგელაია «სინემა კლუბთან» ხელშეკრულების დადების დღიდან იყო კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენელი «სინემა კლუბში». კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ მან ეს უფლებამოსილება თითქმის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე კავშირისთვის საზიანოდ გამოიყენა, რადგან, სამწუხაროდ, ყველა შემთხვევაში გამოიჩინა არაკომპეტენტურობა და უპასუხისმგებლობა.

ერთაოზიც კი გაოცდებოდა, რომ დაენახა, თუ როგორ დაიდო 1999 წლის 2 მარტს საიჯარო ხელშეკრულება «სინემა კლუბთან» _ ორგანიზაციასთან, რომელიც იმ მომენტისთვის არ არსებობდა! 2000 წლის 14 აპრილს დაიდო ხელშეკრულება კინოს სახლის (მე-4 სართულის გარდა) 49 წლის ვადით «სინემა კლუბისთვის» გადაცემის თაობაზე. კომისიას აინტერესებს, «რატომ მოაწერა ხელი იურიდიული ლაფსუსებით სავსე, გაუმართავ ხელშეკრულებას ელდარ შენგელაიამ? თუ ჰქონდა წარმოდგენა, რა მოგებას მისცემდა «სინემა კლუბის» დაარსება და შემდეგ მასთან ხელშეკრულების დადება კინოკავშირს? პასუხი კითხვაზე, მოუტანა თუ არა რაიმე სიკეთე ამ საზოგადოების ფუნქციონირებამ კავშირს, დღესაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია».

კომისიამ აღადგინა 1998-1999 წლების კინემატოგრაფისტთა კავშირის დაპირისპირების პერიოდის მოვლენები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. შენგელაიას მხრიდან გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილთან მორიგება, რასაც მოჰყვა «სინემა კლუბის» დაარსება, მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო რიგგარეშე ყრილობის მოწვევის შიშით (რაზეც ხელს აწერდა კავშირის წევრთა ნახევარზე მეტი), რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა კავშირის თავმჯდომარის გადარჩევის საკითხის დაყენება.

2000 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია კავშირისთვის ყოველთვიური იჯარის სახით «სინემა კლუბის» მხრიდან 4000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარის გადახდის პუნქტი. 2000 წლის 22 ნოემბერს . შენგელაია რატომღაც ხელს აწერს ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, რაც ითვალისწინებს 2001 წლიდან 2005 წლამდე ამ თანხის _ 4000 დოლარის 1500 დოლარამდე შემცირებას.

კომისია თვლის, რომ კავშირის თავმჯდომარეს არ ჰქონდა ამგვარ ცვლილებაზე ხელის მოწერის უფლება, რადგან არავითარი მოტივაცია საიჯარო თანხის თითქმის 2,5-ჯერ შემცირებისთვის არ არსებობდა და, რაც მთავარია, ეს საკითხი შესათანხმებლად და დასამტკიცებლად არ იყო გატანილი კავშირის გამგეობის სხდომაზე. ასე და ამგვარად, თუ 2000 წლის აპრილში ელდარ შენგელაიამ რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ფართი 1 კვ.მ 1,23 დოლარად გააქირავა, უკვე ნოემბერში მისი ფასი 0,46 დოლარამდე ჩამოიყვანა!

თუმცა ესეც არაფერია იმ დიდ აფერასთან შედარებით, რომელიც «სინემა კლუბის» ინვესტიციებთან არის დაკავშირებული: 2000 წლის 6 მაისს დაიდო საინვესტიციო ხელშეკრულება, ერთის მხრივ, სააქციო საზოგადოება «სინემა კლუბის» ინვესტორების (გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, მაიკლ კოფმანი, ალექსანდრე მაისურაძე და კონსტანტინე თევდორაძე), და მეორე მხრივ, ს/ს «სინემა კლუბს» (მისი დირექტორის _ მურმან თაბუკაშვილის სახით) და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის (მისი თავმჯდომარის _ ელდარ შენგელაიას სახით) შორის. ამ ხელშეკრულებაში საუბარია ინვესტიციების ჩადების გარანტიებსა და პასუხისმგებლობაზე.

ელდარ შენგელაიას ხელმოწერიდან გამომდინარე, ინვესტორების წინაშე ერთადერთ პასუხისმგებელ და ვალდებულების ამღებ მხარედ დარჩა მხოლოდ კინემატოგრაფისტთა კავშირი. აუდიტის განმარტებით, ფაქტობრივად, მიღება-ჩაბარების აქტით, «სინემა კლუბისთვის» იჯარით გადაცემულია კინოკავშირის შენობა და ინვენტარი, ინვესტიციები კი «სინემა კლუბს» აქვს მიღებული.

«სინემა კლუბი» აუდიტის დასკვნით, ფაქტობრივად, გაკოტრებული საწარმოა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქონება. ხოლო ინვესტორის ვალი აქვს 1 მილიონ 163 ათას 896 ლარი, კინოკავშირიდან მიღებული სესხი 116 ათას 070 ლარი და ხელფასის დავალიანება 17 ათას 882 ლარი. სულ 1 მილიონ 297 ათას 848 ლარის გადახდის ვალდებულება აქვს. აქედან კინოკავშირის დავალიანება 550 ათას 699 ლარია. ამას გარდა, დასაბრუნებელი აქვს იჯარით აღებული შენობა თავისი ინვენტარით.

ამ «მომგებიან» ურთიერთობას ისიც დაემატა, რომ 2005 წელს კინოკავშირს მთლიანად დანგრეული სახით დაუბრუნდა დიდი კინოდარბაზი, რომელიც კავშირის მთავარ მატერიალურ და არამატერიალურ ფასეულობას წარმოადგენდა. არადა, 2000 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების თანახმად, დარბაზი უნდა დაბრუნებულიყო ისეთ მდგომარეობაში, როგორიც იქნა გადაცემული.

ასე იყო თუ ისე, «სინემა კლუბი» კინოკავშირისგან სიმბოლურ ფასად ნაქირავებ ფართს თავად აქირავებდა და სწორედ ეს წარმოადგენდა მისი შემოსავლის წყაროს. აქედანვე უხდიდა კინოკავშირს იმ სიმბოლურ იჯარასაც, ხოლო ელდარ შენგელაია გამგეობის თითქმის ყოველ სხდომაზე ჩიოდა: «ეს «სინემა კლუბი» ვერ მოვიშორეთო». ან კი როგორ მოიშორებდა, როცა კომისიის დასკვნაში შავით თეთრზე წერია:

«ჩვენ მიერ მოკვლეული და გაანალიზებული მასალიდან აშკარაა, რომ კინემატოგრაფისტთა კავშირს, / «სინემა კლუბს» და შპს «სინეტექს» ერთი და იგივე პიროვნება ხელმძღვანელობს. ეს გახლავთ ბატონი ელდარ შენგელაია, რომელიც გადაწყვეტილებებს საკუთარი ნებასურვილით იღებს.

2000 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების თანახმად, კავშირის სარგებლობაში დარჩა მხოლოდ მეოთხე სართული. სწორედ ამ სართულზე აქვთ განთავსებული თავისი ოფისები «სინემა კლუბსა» და «სინეტექსს», რომლებიც, საგადასახადო კოდექსისა და ყველა იურიდიული ნორმების თანახმად, ვალდებულნი არიან, საიჯარო თანხა გადაუხადონ კავშირს, მაგრამ არაფერი ამგვარი არ ხდება. ამას ადასტურებს აუდიტის დასკვნა. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელისთვის, რომელსაც სამივე ორგანიზაციის სადავეები ხელში აქვს აღებული, არავითარ აზრს არ წარმოადგენს მათ შორის საიჯარო ურთიერთობების დამყარება. ამ საიჯარო ურთიერთობის გაუფორმებლობისა და თანხის მიუღებლობით თუ რა ზარალი განიცადა კავშირმა და რამდენი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლებოდა, ამის შესახებ კავშირის თითოეულ წევრს თავად შეუძლია იმსჯელოს».

არანაკლებ საინტერესოა «სინეტექთან» ელდარ შენგელაიას ურთიერთობა. ყველაფერი 2003 წელს დაიწყო, როცა ტელეკომპანია მე-9 არხის ბაზაზე, მხატვრული ფილმების წარმოების მიზნით, გაიხსნა განყოფილება, რომლის ხელმძღვანელად ბატონი ელდარ შენგელაია დაინიშნა. ამ პროექტისთვის ტელეკომპანიამ შეიძინა გადამღები კინოტექნიკა და კინემატოგრაფისტთა კავშირის შენობის (ძმ. კაკაბაძეების ქ. 2-ში) მე-5 სართულზე იჯარით აიღო 80.07 კვ.მ ფართი, სადაც დააარსა გახმოვანებისა და სამონტაჟო სტუდია.

2004 წელს, როგორც ცნობილია, ტელეკომპანია მე-9 არხმა შეწყვიტა ფუნქციონირება და თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. 2005 წელს ბატონმა ე. შენგელაიამ თურმე თხოვნით მიმართა «ქართუ ჯგუფს» (რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა კინოტექნიკა), რათა არსებული გადამღები და პოსტპროდუქციის ტექნიკა გრანტის სახით გადაეცა კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირისთვის. თხოვნა «ქართუ ჯგუფმა» დააკმაყოფილა და 2005 წელს ტექნიკის ნაწილი გადაეცა კინემატოგრაფისტთა კავშირს, ნაწილი კი _ პირადად ე. შენგელაიას.

 აღმოჩნდა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, თუ რამე ღირებული იყო, ყველაფერი გადაეცა ე. შენგელაიას. ამასთანავე არსად არ არის გაფორმებული, რომ, უბადრუკი ტექნიკის გარდა, რომელიც საწესდებო კაპიტალში 40% გაფორმდა, კინოკავშირმა შპს «სინეტექს» რატომღაც სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო კინოსახლის შენობის მე-5 სართულზე 80 კვ.მ, სადაც ხმის ჩამწერი სტუდიაა განთავსებული, ასევე, ამავე შენობის მე-4 სართულზე ერთი ოთახი 17,5 კვ.მ და ნუცუბიძის ქუჩაზე 181-ში მდებარე კავშირის ბალანსზე მყოფი შენობის პირველი სართული 167 კვ.მ ფართობით.

საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის გადაწყვეტილების თანახმად, 2006 წლის აპრილში დაფუძნდა შპს «სინეტექი», რომლის საწესდებო კაპიტალში ჩაიდო ორივე მხარის _ კავშირისა და ბატონ ე. შენგელაიას საკუთრებაში არსებული კინოტექნიკა. მხარეთა წილები კი ასე განისაზღვრა: 40% ერგო კინემატოგრაფისტთა კავშირს, 60% კი _ ე. შენგელაიას.

კომისიის დასკვნით, სრულიად თვალსაჩინოდ იკვეთება პირადი ინტერესები, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ბატონმა . შენგელაიამ კავშირის ბაზაზე საკუთარი საწარმო გახსნა.

ამის შემდეგ ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარებისთვის «სინეტექის» ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა საქართველოს ბანკს კრედიტის გამოყოფის თაობაზე, რომელმაც, თავის მხრივ, აუცილებელ პირობად მოითხოვა უზრუნველყოფა უძრავი ქონების სახით, რაც შპს «სინეტექს» არ გააჩნდა. კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის 2006 წლის 3 ნოემბრის გამგეობის სხდომის დადგენილებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, დროებით, შპს «სინეტექის» საწესდებო კაპიტალში ჩადებულიყო სამონტაჟო და ხმის სტუდიის ფართი (ძმები კაკაბაძეების ქ.#2). 2007 წლის იანვარში გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება «საქართველოს ბანკსა» და შპს «სინეტექს» შორის კრედიტის გამოყოფის თაობაზე 10-წლიანი ვადით.

ყველაზე სასაცილო აქ ის არის, რომ «სინეტექის» საწესდებო კაპიტალში ფართის ჩადება მოხდა კავშირის წესდების 6.6 პუნქტის თანახმად, რომელიც წესდებაში საერთოდ არ არსებობდა! ამგვარად, საჯარო რეესტრის 2007 წლის 26 მარტის ამონაწერის თანახმად, კინოს სახლის შენობის თანამესაკუთრე 80.07 კვ.მ ფართით, კავშირთან ერთად გახდა შპს «სინეტექი». ერთი სიტყვით, დოკუმენტის გაყალბების გზით კინოკავშირის ფართი უსასყიდლოდ გადაეცა «სინეტექს», როცა ამის უფლებამოსილება მხოლოდ კავშირის ყრილობას ჰქონდა!

27-გვერდიან დასკვნაში მრავალი ეპიზოდია აღწერილი. 2003 წლის გადატრიალებისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვარდით ხელში შესული ელდარ შენგელაია ისევ გამარჯვებულის მხარეს აღმოჩნდა. ყველა ის დარღვევა, რომელზეც კომისიის დასკვნაშია საუბარი, კინოკავშირის წევრებისთვის ცნობილია. და მაინც, მის კრიტიკას ერიდებოდნენ და ერიდებიან, «მაინც ელდარია»! მიგვაჩნია, რომ სიმართლე უნდა ითქვას, ვისაც უნდა ეხებოდეს იგი, სამართალმა პური უნდა ჭამოს.

ლილი მიროტაძე

P.S. მასალაზე კომენტარები პარასკევს ჩავწერეთ, ბატონ ელდარსაც დავუკავშირდით, რომელმაც ზრდილობიანად აგვიხსნა, რომ დასკვნის შინაარსი არ იცოდა და ორშაბათამდე დრო ითხოვა გასაცნობად, რომ უფრო კომპეტენტური პასუხი გაეცა. ორშაბათს შუადღიდან რედაქციაში კომისიის თავმჯდომარე ბატონ აკაკი შანშიაშვილის ზარები არ შეწყვეტილა. თავდაპირველად გვთხოვა, მასალა არ დაგვებეჭდა, შემდეგ, როდესაც ავუხსენით, რომ კინოკავშირი მხოლოდ მისი საკუთრება არაა და საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს სიმართლე, უკვე მუქარაზე გადავიდა: «არ დაბეჭდოთ, თორემ პატრულს მოვიყვან და გაზეთს გავაჩერებო».

ბატონი აკაკის სახელით რეკავდა ვიღაც ქალბატონიც, რომელიც ცალკე გვთხოვდა, მასალა არ გაგვეშვა და გვეფიქრა 80 წლის მოხუცზე, რომელსაც შეურაცხყოფას ვაყენებდით ამით. ელდარ შენგელაიას გულისხმობდა, რომელიც საბოლოო ჯამში თვითონ შეგვეხმიანა ამ ქალბატონის საშუალებით და ასეთი რამ გვითხრა:

«ის დოკუმენტი, რომელიც თქვენ გინდათ გამოაქვეყნოთ, არ შეიძლება გამოქვეყნდეს. დამიჯერეთ, ეს კავშირის შინაგანი საქმეა, რომელიც დიდი ხანია დამთავრდა. აგერ არის ამ კომისიის თავმჯდომარეც და ვფიქრობთ, რომ ამის დაბეჭდვა არ შეიძლება. თუ თქვენ ამას დაბეჭდავთ, იძულებული ვიქნებით, სასამართლოში გიჩივლოთ. ამიტომ მე ძალიან გთხოვთ, ყველაფერს თავი დაანებოთ და დოკუმენტი არ დაბეჭდოთ», _ გვითხრა შენგელაიამ და ტელეფონი გაგვითიშა.

 

1 COMMENT

  1. ქ-ნო ლალი, საინტერესოა,რატომ მაინცდამაინც ახლა, პრეზიდენტის მიერ ბ-ნ ელდარზე ბრწყინვალების ორდენის გადაცემის მერე დაწერეთ ეს წერილი? მაინტერესებს, ზაზა შენგელიაზე თუ გქონდათ რაიმე მსგავსი დაწერილი ოდესმე? – ან ეგებ არ იცოდით მისი კორუმპირებულობის შესახებ? ქართველმა ხალხმა ერთი პატარა გამოფენის გარდა, სხვა დიდი ვერაფრით აღნიშნა ამ დიდი ხელოვანის იუბილე და ამასაც ამწარებთ ისედაც გამწარებულ კაცს? ბევრს გიხდიან ზემოდან ამ დავალებაში? ალბათ, ცხადია.

  2. აი ამაზრზენია რასაც წერთ! ფუი მრცხვენია ამ ქვეყანაში ცხოვრების! 80 წლის კაცი, შვილმკვდარი მამა, ლილი მიროტაძეს კიდე ჟურნალისტი ქვია, ამაზზრზენია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here