Home რუბრიკები პოლიტიკა სოზარ სუბარი: ვინც თვითნებურად დააყენებს საპრეზიდენტო კანდიდატურას, ავტომატურად დატოვებს კოალიციას

სოზარ სუბარი: ვინც თვითნებურად დააყენებს საპრეზიდენტო კანდიდატურას, ავტომატურად დატოვებს კოალიციას

656

«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი.

_ ბატონო სოზარ, თქვენთან საუბარს 23 იანვარს რესტორან «ბაბილოში» მომხდარი ინციდენტის გახსენებით დავიწყებ. თქვენი უწყების თანამშრომელმა, ნასვამ მდგომარეობაში, თანმხლებ პირთან ერთად, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა უახლოესი სუფრის წევრებს, მერე კი ტაბელური იარაღი ამოიღო და კონფლიქტის ერთერთ მონაწილეს დაუმიზნა. ამ ფაქტს  განვაზოგადებ და გკითხავთ: ეს ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენი სისტემის ზოგიერთ თანამშრომელს კვლავ შემორჩენილი აქვს დაუსჯელობის ბაცილა, რომლითაც ისინი თავის დროზე ბაჩო ახალაიამ «დააავადა»?

_ ვინც კანონზე მაღლა დააყენებს საკუთარ თავს, ყველა უმკაცრესად დაისჯება. ეს ჩვენი სისტემის ყველა თანამშრომლის გასაგონად მინდა ვთქვა. ყველა ხელოვნური პრივილეგია წარსულს ჩაბარდა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, მართლა უსიამოვნო ამბავი მოხდა: რესტორან «ბაბილოში» ჩვენმა ორმა  მთვრალმა თანამშრომელმა ჯერ ჩხუბი ატეხა, მერე კი ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელს იარაღი დაადო. ცხადია, ეს პიროვნებები გავათავისუფლეთ სამსახურიდან, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ახლა მათ საქმეს პროკურატურა სწავლობს. მოდით, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

_ ეს და არა მხოლოდ ეს ფაქტი დასტურია იმისა, რომ თქვენს სისტემაში ფართომასშტაბიანი წმენდა, ალბათ, გარდაუვალია.

_ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დაახლოებით 400 თანამშრომელი გავუშვით, აქედან 29 _ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე და მათი საქმეები პროკურატურას გადავუგზავნეთ.

_ ეს ის 29 კაცია, პატიმრების ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში რომ არიან ეჭვმიტანილნი?

_ სწორედ ისინი არიან. გეგუთის ციხეში ახალი დირექტორი რომ დავნიშნეთ, აღმოჩნდა, რომ ციხეში 19 თანამშრომელი ვერ შედიოდა, პატიმრებთან გამოსაჩენი პირი არ ჰქონდათ, იმდენად ცუდად ეპყრობოდნენ მათ. ეს ხალხი ერთ დღეში გავათავისუფლეთ. პარალელურად, შემოდის საჩივრები პატიმრებისგან, ყველა მათგანს გულდასმით განვიხილავთ და მერწმუნეთ,  ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც დანაშაულში იქნება მხილებული, აუცილებლად დატოვებს სამსახურს, ხოლო ვის დანაშაულშიც სისხლის სამართლის ნიშნები იქნება, მათ საქმეებს პროკურატურას გადავუგზავნით. ხელს ნამდვილად არავის დავაფარებთ.

_ უმძიმესი მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო დაწესებულებებში. რა შეიცვლება პატიმართა სამედიცინო მომსახურების მხრივ?

_ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო როგორ მდგომარეობაში ჩავიბარეთ, იცით? ცარიელი კედლები და სამედიცინო პერსონალი დაგვხვდა, მეტი არაფერი. კარდიოგრამა და რენტგენი რომ გადაუღო პატიმარს, ამისი საშუალებაც არ არის, სისხლის ანალიზსაც კი ვერ გაუკეთებ, რადგან მთელი სამედიცინო აპარატურა მწყობრიდანაა გამოსული.

 იყვნენ ექიმები, რომლებიც გულგრილად ეკიდებოდნენ პატიმართა ჩივილებს და მათ განკურნებაზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ ადმინისტრაციის მითითებებს ასრულებდნენ. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პატიმართა წამებაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ ამ დანაშაულებზე თვალს ხუჭავდნენ. ცხადია, ასეთი «ექიმების» ადგილი ციხეებში არ არის. იმდენად აუტანელი რეჟიმი იყო ციხეებში, ბევრი დაავადებული პატიმარი იმას კი არ ცდილობდა, დროულად გამოჯანმრთელებულიყო და  დაბრუნებულიყო ციხეში, პირიქით, ხელოვნურად ცდილობდა საკუთარი დაავადების დამძიმებას, რათა რაც შეიძლება მეტხანს ყოფილიყო საავადმყოფოში. თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი დაავადება აწუხებდათ მასობრივად პატიმრებს?

_ სავარაუდოდ, კუჭნაწლავის დაავადებები, c ჰეპატიტი და ტუბერკულოზი.…

_ ვიცოდი, რომ ამას იტყოდით, მაგრამ ცდებით. ოქტომბერში 733 პაციენტი გადავიყვანეთ სამოქალაქო სექტორში სამკურნალოდ, ნოემბერში _ 1148, ხოლო დეკემბერში _ 440. მათ დიდ ნაწილს ცხვირის ძგიდეების გასწორებისა და ხერხემლის ოპერაციები გაუკეთეს. კი, სხვა ტიპის დაავადებებიც უხვად იყო, მაგრამ სამკურნალოდ გადაყვანილი პატიმრების უმრავლესობას ცხვირი ჰქონდა ჩამტვრეული ან ხერხემალი დაზიანებული.

 მგონი, განმარტება აღარ არის საჭირო, რომ ეს ყველაფერი პატიმართა მასობრივი და სისტემატური ცემისა და წამების შედეგი იყო.

_ .. ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი შესუსტდა. დამეთანხმებით, ეს სერიოზული საფრთხის შემცველი ფაქტორია.

_ კი, ამ კადრების გავრცელებას რეჟიმის შესუსტება, პატიმართა ზომაზე მეტად გათამამება მოჰყვა. ეს ფაქტია, თუმცა პრობლემა მოგვარდება. ადრინდელი რეჟიმი ნამდვილად არაადამიანური იყო. ამ კადრების გავრცელების შემდეგ, ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომისია როცა შევიდა გლდანის ციხეში, მახსოვს, მათ დასკვნაში ჩაწერეს, _ ციხეში სამარისებური სიჩუმე დაგვხვდაო. წარმოიდგინეთ, პატიმრები ისე იყვნენ დაშინებულნი, ხმას ვერ იღებდნენ _ 3 კორპუსში 4000 კაცი იჯდა და ჩამიჩუმი არ ისმოდა. ეს არ არის რეჟიმის დაცვა, ეს არის სადიზმი. პატიმარმა, თუ საჭიროა, უნდა დაიყვიროს და უნდა იხმაუროს კიდეც, კორპუსიდან კორპუსში გადაძახილი ხომ ციხეში ჩვეულებრივი ამბავია. მთავარია, დანაშაული არ ჩაიდინოს. ჩვენ ახლა ახალ კანონს ვამზადებთ, რომელიც ზომიერად ლმობიერი იქნება. ამ კანონის ახალი რეჟიმის წესების დაცვა კი ყველა პატიმრისთვის სავალდებულო იქნება. ამთავითვე ვაფრთხილებ საზოგადოებას, ნურავის გაუკვირდება, თუ პატიმრები მკაცრად დაისჯებიან.

_ ნარკოკარტელის გახმაურებული საქმის ერთერთი მონაწილე «კანონიერი ქურდის», შაქრო კალაშოვის, თანამზრახველი ელგუჯა გურჩიანი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა და ციხიდან გამოვიდა. არადა, მას 24 წელი ჰქონდა მისჯილი. «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერები თქვენკენ იშვერენ ხელს _ სოზარ სუბარის რეკომენდაციით მოხვდა გურჩიანი სიაში, სვანმა სვანს ხელი გაუმართაო.

_ ელგუჯა გურჩიანი 223-ე პრიმა მუხლით იყო გასამართლებული ქურდული სამყაროს წევრობისთვის. 16-დან 28 დეკემბრის ჩათვლით, პრეზიდენტმა 1544 მსჯავრდებული შეიწყალა; გურჩიანის გარდა, ამ მუხლით გასამართლებული კიდევ ერთი პატიმარი მოხვდა შეწყალებულთა სიაში.  ელგუჯა გურჩიანისთვის რეკომენდაცია არ გამიწევია, ეს რომ მექნა, არც პასუხისმგებლობას გავექცეოდი. ჩემკენ ტყუილად იშვერენ ხელს ოპონენტები. იმ შეწყალებულ 1544 კაცში 88 პატიმარი ჩვენი რეკომენდაციით მოხვდა შეწყალებულთა სიაში და მათზე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. ესენი იყვნენ, ძირითადად, მძიმე ავადმყოფები, მაშინ «აქტირების» კომისია არ მუშაობდა, არ არსებობდა სხვა მექანიზმი, რომ მათ დროულად დაეღწიათ თავი საპატიმროსთვის, ამიტომ მივმართე ამ ერთადერთ გამოსავალს მათი სიცოცხლის გადასარჩენად და რეკომენდაცია გავუწიე, რათა შეეწყალებინათ.

_ ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილმა ვიცეპრემიერობიდან მოხსნა. კი, გაკეთდა ამ გადაწყვეტილების შესახებ განმარტებები, მათ შორის, პრემიერის მხრიდან, მაგრამ ბევრი თვლის, რომ ალასანიას გათავისუფლების რეალური მიზეზი არ დასახელებულა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

_ მთავრობის სხდომაზე იყო ამ საკითხზე ლაპარაკი. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია «ქართული ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა განიხილოს კოალიციამ, მასში შემავალმა ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა ერთად და არა ცალ-ცალკე. მან ისიც თქვა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას კოალიციის ყველა წევრი ერთად დაიწყებს. ამით, ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი, მათ შორის, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის პოსტიდან გათავისუფლების რეალური მიზეზიც.

კი, ვიცე-პრემიერის პოსტი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც ის თანამდებობაა, რომელიც დღეს უჭირავს _ თავდაცვის მინისტრის პოსტი. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავრობა წარმატებული მთავრობაა და ირაკლი ალასანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრია. ბიძინა ივანიშვილმა შეგვახსენა: ჩვენ ვართ არა რომელიმე პარტიის ან კოალიციის მინისტრები, არამედ საქართველოს, ქართველი ხალხის მინისტრები და ეს გვავალდებულებს, ყველანაირი პარტიული თუ კოალიციური ამბიცია ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს დავუქვემდებაროთ.

_ სხვათა შორის, ისიც ითქვა _ კოალიციას, შესაძლოა, რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდესო

_ თუ ვინმე თვითნებურად, კოალიციასთან შეუთანხმებლად დააყენებს საპრეზიდენტო კანდიდატურას, ცხადია, ის პარტია თუ პოლიტიკოსი ავტომატურად დატოვებს «ქართულ ოცნებას». ჩვენი კოალიცია არ არის მე-8 საპყრობილე, საიდანაც არ გიშვებენ და ვერ გადიხარ.

_ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხელისუფლებისთვის არც თუ სასიამოვნო რეზოლუცია მიიღო. ის სავსეა ახალი ხელისუფლების კრიტიკით. როგორ შეაფასებთ მას?

_ არ ვეთანხმები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას! იქ წერია, რომ ევროსაბჭო შეშფოთებულია საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური პოლიციის მოულოდნელი შესვლით. მოულოდნელი აქ არაფერი იყო. საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება ამოწმებდა,  მრავალმილიონიანი დავალიანება ამ არხს სწორედ «ნაციონალური მოძრაობის»  მმართველობის დროს აღმოუჩინეს და დაუფიქსირეს… მაშინ, უბრალოდ, არ სთხოვდნენ ამ დავალიანების დაფარვას, ახლა კი სთხოვენ და სრულიად  კანონიერადაც. დასკვნაში არასწორად წერია ისიც, თითქოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და «მე-9 არხის»  გაერთიანებას აპირებდა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, თუ «მე-9 არხი» დაიხურება, მის აპარატურას საზოგადოებრივ მაუწყებელს გადავცემ და ეს არხი ამით უფრო მოძლიერდებაო. «ნაციონალური მოძრაობის» მთელი პოლიტიკა ხომ პიარზე იყო აგებული და ამ შემთხვევაშიც პიარით, ლობისტებისა და ძველი კონტაქტების მეშვეობით მოახერხეს ამგვარი რეზოლუციის მიღება. მე ამას დიდ მარცხად არ ვთვლი და ევროპული საზოგადოება ნელ-ნელა შეიტყობს სრულ სიმართლეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

_ ბატონო სოზარ, მედიით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი სამინისტროს გენინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი თქვენი ბიძაშვილია და ამ პოსტზეც მხოლოდ ამიტომ დანიშნეთ. მართალია ეს?

_ არა, ეს სიმართლე არაა. მირზა სუბელიანი პროკურატურაში მუშაობდა, პატიოსანი და პროფესიონალი პროკურორი იყო და სწორედ ამიტომ მოვიყვანე ჩვენს სისტემაში. ჩვენ ბიძაშვილები კი არა, ნათესავებიც კი არ ვართ.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here