Home რუბრიკები საზოგადოება საჭიროა სააკაშვილის პიკეტირება ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით!

საჭიროა სააკაშვილის პიკეტირება ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით!

619

ყველას გვახსოვს, პრემიერმინისტრად გახდომისთანავე, პირველივე დღეებში, ივანიშვილმა თავაზიანად ურჩია სააკაშვილს გადადგომა, რასაც მწვავე და მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთში. პირდაპირ «გვირჩიეს» ამერიკიდან _ სააკაშვილს  ოქტომბრამდე ხელს ნუ ახლებთო. ამ «მეგობრული» დირექტივის შემდეგ ცხადი გახდა, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსულ «ქართულ ოცნებას» გაუჭირდებოდა მისი მთავარი დაპირების შესრულება. ეს აზრი კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც შედარებით დაბალჩინოსნების დაკავება ლამის პოლიტიკურ დევნად და შერჩევით სამართლად მონათლა ნატოევროკავშირმა.

მართლაცდა, რომელ ჭეშმარიტ სამართალზე შეიძლება ლაპარაკი, როცა აგერ უკვე სამი თვის მოსულია ახალი ხელისუფლება და დედა-ბუდიანად დამნაშავე «ნაცებიდან» მხოლოდ ერთი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაიაა დაკავებული, და მასაც ბრალდებად არა უშუალოდ მის მიერ ჩადენილი უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს წაყენებული, არამედ – მეორეხარისხოვანი, შედარებით, ნაკლებად მძიმე! ეს ერთი მხარეა სამართლისა, მეორე კი ისაა, რომ მტყუან-მართალს დღესაც ის მოსამართლეები არჩევენ, რომლებიც იურიდიულად «აპრავებდნენ» «ნაცების» უკანონო ქმედებებს მთელი ცხრა წლის მანძილზე, რომელთა განაჩენებმაც გააუბედურა ათეულათასობით ადამიანი!

დიპლომატიური ზეწოლა ახალ ხელისუფლებაზე, ეტყობა, იმდენად დიდი იყო (ალბათ, საქართველოსთვის  დახმარება-ინვესტიციების შეწყვეტის მუქარა და სხვა ფარული სანქციები), რომ პრემიერ-მინისტრი იძულებული შეიქნა (იძულება მას სახეზეც ეტყობოდა და მეტყველებაზეც) განეცხადებინა: ჩვენს დასავლელ მეგობრებს ძალიან უჭირთ ჩვენი მოთხოვნების გაგება პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე და უნდა შევეშვათ ამ მოთხოვნასო. ამის შემდეგ, ჩვენდა სამწუხაროდ და «ნაცების» გასახარად, პარლამენტმა ხმა გაკმინდა, უფრო მეტიც, რასაც აბსოლუტურად(!) არავინ მოელოდა «ქართული ოცნების» მხარდამჭერებიდან, სხვადასხვა დონის ჩინოვნიკისთვის განკუთვნილი, შერჩევითი ამნისტიების (!) შეთავაზება დაუწყო ქვეყნისა და ერის წინაშე ტოტალურად დამნაშავე «ნაცმოძრაობას» _ ძველ ხელისუფლებას. ძველ ხელისუფლებაში წარსულის ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, იგი არსად წასულა, იგი ამჟამად არსებული ხელისუფლების მეორე ნახევარს, «ნაცებისგან» შემდგარ მეორე შტოს წარმოადგენს, რომელსაც, ბევრი ექსპერტის აზრით, არანაკლები ბერკეტები უპყრია ხელთ, ვიდრე «ქართულ ოცნებას». იგულისხმება პრეზიდენტის, სასამართლოების (ყველა დონის), ადგილობრივი თვითმმართველობების (უმეტეს რეგიონში), დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს, «ნაცების» შერჩეული კადრების (საშუალო და ქვედა ეშელონებში) ერთობლივი(!) ძალაუფლება.

საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი საკმაოდ კარგადაა ჩახედული პოლიტიკაში, არა მარტო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. სწორედ ამიტომ (და ახალი ხელისუფლების ჭეშმარიტი მამულიშვილების დასახმარებლადაც!), სააკაშვილის პრეზიდენტობიდან  კონსტიტუციურ ვადებში გადადგომის მოთხოვნით, ხელოვნების და საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით 2012 წლის ნოემბრის მეორე დეკადაში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მთელ საქართველოში. დღეისათვის შეგროვებულია უპრეცედენტო რაოდენობა ხელმოწერებისა – 800 ათასზე მეტი! არც ერთ სახელმწიფოს არ ახსოვს, რომ მოსახლეობის 20 %-ს  ხელმოწერებით მოეთხოვოს პრეზიდენტის გადადგომა! წარმოიდგინეთ, რუსეთში, სადაც ოპოზიციას პუტინის საწინააღმდეგო მიტინგზე 30 ათასი ადამიანიც ვერ გამოჰყავს (გივი თარგამაძის ჩატანილი ფულითაც!), 30 მილიონი ხელმოწერის შეგროვება რომ მოხერხდეს!

ხელმოწერებს, პრინციპში, მხოლოდ მორალური ზეგავლენის  ფუნქცია აკისრია და, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ნამუსზე შეგდების იმედზე, არა მგონია, ვინმე იყოს  საქართველოში. ეს კარგად მოეხსენება იმ 50 ორგანიზაციას, რომლებიც სათავეში უდგას ხელმოწერების კამპანიას და, ამიტომაც მათმა ლიდერებმა, ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანის – ბატონი რეზო ჩხეიძის თავკაცობით,  დახმარებისთვის და განმარტებისთვის  პარლამენტს  და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. ცხადია, უშედეგოდ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

მიმართეს პრეზიდენტის უფლებამოსილების იმ ვადებთან დაკავშირებით, რაზეც ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ პრობლემა დღემდე მაინც გადაუჭრელია. ამის მიზეზად კონსტიტუციის 70-ე მუხლის  ურთიერთგამომრიცხავ  ორ პუნქტს _ პირველს და მეცხრეს ასახელებენ. სააკაშვილის გადადგომის, ანუ პრეზიდენტობის კონსტიტუციურ ვადებში დასრულების მომხრენი პირველ პუნქტს იშველიებენ და ამტკიცებენ, რომ ხალხის მიერ 2008 წლის 5 იანვარს ხუთი წლით არჩეულ პრეზიდენტს პრეზიდენტობის ვადა გასდის 2013 წლის 20 იანვარს, როცა მას ეწურება 2008 წლის 20 იანვარს ინაუგურაციაზე დადებული ფიცის შემდეგ მინიჭებული 5-წლიანი უფლებამოსილება; სააკაშვილისთვის პრეზიდენტობის გაგრძელების მომხრენი  კი იშველიებენ მეცხრე პუნქტს და ამტკიცებენ, რომ ვინაიდან არჩევნები პარლამენტის მიერ 2006 წელს მიღებული საკონსტიტუციო შესწორების თანახმად, ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, ამიტომ სააკაშვილი ამ არჩევნებამდე ავტომატურად ინარჩუნებს პრეზიდენტობასო.

აი, ეს, უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი ორი პუნქტი 70-ე მუხლისა:

პუნქტი 1. «საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით ხუთი (! _ . .) წლის ვადით».

პუნქტი 9.  «პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში» (27.12. 2006, # 4133).

ერთი შეხედვით, მართლაც ასე ჩანს, თითქოსდა, სახეზეა კონსტიტუციური წინააღმდეგობა ზემოთ მოყვანილ პუნქტებს შორის. მეც ასე მიმაჩნდა არცთუ დიდი ხნის წინ, მაგრამ  ძაღლის თავი სხვა მუხლში აღმოჩნდა დამარხული.  ლოგიკური მსჯელობის მაცდურობას თავი რომ ავარიდოთ, ამიტომ მოდით, მარტივი კითხვა-პასუხის მეთოდით შევეცადოთ ობიექტური პასუხი გავცეთ კითხვას: სად და რაშია მთავარი წინააღმდეგობა კონსტიტუციაში? მივყვეთ თანმიმდევრობით.

კითხვა: _ ვინ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს: პარლამენტი თუ ხალხი?

პასუხი: _ ხალხი.

კითხვა: _ რა ვადით?

პასუხი: _ 5 წლით.

კითხვა: _ როდიდან ითვლება პრეზიდენტი არჩეულად?

პასუხი: _ არჩევის დღიდან.

კითხვა: _ როდიდან იწყება პრეზიდენტის უფლებამოსილება, ანუ როდის იკავებს იგი პრეზიდენტის თანამდებობას?

პასუხი: _ ინაუგურაციის დღიდან, ანუ ფიცის დადებისთანავე (არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს) (მუხლი 71, პუნქტი 1 და 2).

კითხვა: _ რამდენხანს გრძელდება პრეზიდენტის უფლებამოსილება?

პასუხი: _ რამდენი ხნითაც ის არის არჩეული.

კითხვა: _ აქვს თუ არა პარლამენტს უფლება, პრეზიდენტს გაუგრძელოს 5-წლიანი ვადა?

პასუხი: _ არა, არა აქვს (საგანგებო და საომარი მდგომარეობის გარდა, როდესაც არჩევნები არ ტარდება) (მუხლი 70, პუნქტი 8).

კითხვა:  _ საკონსტიტუციო შესწორებაში, 70-ე მუხლის პუნქტ 9-ში (ან სადმე სხვაგან), წერია, რომ პრეზიდენტს უგრძელდება პრეზიდენტობის ვადა?

პასუხი: _ არა, არ წერია.

კითხვა: _ მაშ, რა წერია?

პასუხი: _ რომ არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.

კითხვა: _ ნიშნავს თუ არა ეს, რომ პრეზიდენტს ავტომატურად უხანგრძლივდება პრეზიდენტობის ვადა?

პასუხი: _ არა, არ ნიშნავს (რაც პირდაპირ არ არის ჩაწერილი კონსტიტუციაში, ისეთ საკითხებზე დასკვნების გაკეთება მხოლოდ ლოგიკური, უფრო კი ალოგიკური  მსჯელობის საფუძველზე  არ შეიძლება. არავის აქვს უფლება, ამტკიცოს, რომ, რახან საკონსტიტუციო შესწორებით პრეზიდენტის არჩევნები გადაიწევს, მაშასადამე, პრეზიდენტის ვადებიც, შესაბამისად,  გადაიწევსო! ყოველგვარი «მაშასადამე» აქ უადგილოა. უადგილოა, რადგანაც პრეზიდენტი ხალხის მიერაა არჩეული ხუთი წლით და მისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების უფლებაც მხოლოდ მას აქვს და სხვას არავის! და, რაც მთავარია, მსგავსი რამ  არც წერია ამ შესწორებაში, ვადის გაგრძელებაზე სიტყვაც არ არის ნახსენები! ასე რომ, პუნქტი 9 პუნქტ 1-თან არავითარ წინააღმდეგობაში არ მოდის!).

კითხვა:  _ აქვს თუ არა პარლამენტს უფლება, შეცვალოს არჩევნების ჩატარების დრო (თვე)?

პასუხი: _ აქვს.

კითხვა: _ თუკი ამ საკონსტიტუციო შესწორებით პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა არ უხანგრძლივდება და მხოლოდ არჩევნების თარიღი გადაიწევს 9-10 თვით, რა ირღვევა?

პასუხი: _ არც არაფერი, თუკი  პრეზიდენტი დაიცავს კონსტიტუციას, გადადგება 20 იანვარს და ოქტომბრამდე პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კითხვა: _ როდის იწურება (წყდება) მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით?

ამაზე, ზემოთ უკვე გავეცი პასუხი  და სხვა პასუხი არც შეიძლება არსებობდეს – 5 წლით არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება, ცხადია, იწურება 5 წლის შემდეგ, უფრო ზუსტად, ინაუგურაციიდან 5 წლის გასვლის დღეს, ანუ ჩვენ შემთხვევაში, 2013 წლის 20 იანვარს. ზუსტად იმავეს წერენ «გაერთიანების მემორანდუმში» წარმოდგენილი ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში. მაგრამ  ის, რაც, თითქოსდა, აქსიომასავით ცხადზე უცხადესია ყველასთვის, 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი დემეტრაშვილისეული შესწორებით, სულ სხვაგვარადაა განსაზღვრული.

ამ შესწორებით კი «სწორი» პასუხი ასეთია: პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე (მუხლი 71, პუნქტი 2, მეორე წინადადება) (2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი # 3710).

სწორედ ამ პუნქტშია ძაღლის თავი დამარხული იმ გაგებით, რომ ის მოდის წინააღმდეგობაში 70- მუხლის პირველ პუნქტთან, და ის უგრძელებს სააკაშვილს  უფლებამოსილებას ავტომატურად ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე! სანამ ახალი პრეზიდენტი ფიცს არ დადებს, მანამდე, სააკაშვილი რჩება ჩვენს «მამამარჩენლად»! ამიტომ 71- მუხლის პუნქტ 2-ის მეორე წინადადება აუცილებლად უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: «პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ინაუგურაციიდან ხუთი წლის თავზე»! უფლებამოსილების ზუსტი (!) ვადის მითითებით ეს პუნქტი შესაბამისობაში მოვა 70- მუხლის პირველ პუნქტთან და კონსტიტუციაში არსებული ძირითადი წინააღმდეგობაც მოიხსნება, ხოლო სააკაშვილი აღმოჩნდება იქ, სადაც მისი დამსახურებული ადგილია _ ისტორიის პოლიტიკურ სანაგვეზე! მაგრამ, ვეჭვობ, ამის გამკეთებელი იყოს პარლამენტი. ამიტომაც მნიშვნელობა არა აქვს, თუ კონსტიტუციის რომელ შესწორებებს (დემეტრაშვილისდროინდელ თუ უფრო ადრინდელს) ჩაებღაუჭებიან «ნაცები» თავიანთი კერპის (და საკუთარი!) პოლიტიკური სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. უბრალოდ, აუცილებელია, ვიცოდეთ, სადაა ნაღმები ჩადებული, ჩვენი მთავარი ამოცანა კი  სააკაშვილის პრეზიდენტობის დროული დასრულებაა!

უპირველესად, ხაზი უნდა  გავუსვათ იმას, რომ არანაირ საკონსტიტუციო შესწორებას, თუნდაც იგი ერთხმად იყოს  პარლამენტის მიერ მიღებული, არ შეუძლია გადაწონოს უფლება ხალხისა, რომელიც არის «საქართველოში ხელისუფლების წყარო» (მუხლი 5, პუნქტი 1). გადამწყვეტი ხალხის ნებაა  და არა _ პარლამენტის. თუკი ხალხის ნება წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ არჩეული წარმომადგენლების(!), ანუ პარლამენტის ნებასთან, თუკი პარლამენტს არ ძალუძს (!) და ვეღარ ასრულებს ხალხის მოთხოვნას, მაშინ  ხალხი ახორციელებს თავის ძალაუფლებას რეფერენდუმის მეშვეობით (მუხლი 5, პუნქტი 2), ან ამ ხალხის არჩეული პარლამენტი უნდა გადადგეს, რათა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი, საშიში და წამგებიანი დაპირისპირება ხალხთან!

ერთადერთი აპრობირებული, კანონიერი გზა პროტესტისა არის ხალხის არაძალადობრივი ზეწოლა, რასაც, ჩვენდა გასაოცრად, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არადემოკრატიულად მიიჩნევს დემოკრატიულობით თავმომწონე დასავლეთი (ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე ხალხის ზეწოლასთან დაკავშირებით დასავლეთში გაკეთებულ განცხადებებს), თუმცა მას კარგად მოეხსენება, რომ «დემოკრატია» სიტყვა-სიტყვით «ხალხის ძალაუფლებას» ნიშნავს. და რახან ასეა, მაშასადამე, ხალხის მოთხოვნა უსიტყვოდ უნდა შესრულდეს, მით უფრო მაშინ, როცა ხალხი რაიმე უკანონოს კი არ მოითხოვს, არამედ, პირიქით, იქეთ ითხოვს პრეზიდენტისგან (!) და საკონსტიტუციო სასამართლოსგან უზენაესი კანონის, კონსტიტუციის დაცვას! ხალხის მშვიდობიანი კეთილგანწყობა ყველამ უნდა დაინახოს და დააფასოს, მათ შორის, დასავლეთმაც, რადგანაც ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის, პოლიტიკურ ორიენტაციასაც!

სად არის გამოსავალი? დღეს, როცა ნახევარი (!) ხელისუფლება მაინც ჩვენს ხელშია, უნდა მივმართოთ მხოლოდ მშვიდობიანი ბრძოლის გზას _ პიკეტირებას. სააკაშვილის, როგორც ყავლგასული პრეზიდენტის, როგორც «ხელისუფლების უკანონოდ მიმთვისებელი» (მუხლი 5, პუნქტი 3) ჩვეულებრივი მოქალაქის, პიკეტირებას! პიკეტირებას, დილიდან საღამომდე! არა ბლოკირებას (ეს უკანონოა), არამედ _ პიკეტირებას (ეს დაშვებულია), გადაადგილების შეუზღუდავად. პიკეტირება ყველგან _ სასახლეში, ოფისში და რესტორანშიც, ნებისმიერ ადგილას, გარდა ოჯახის საცხოვრებელი ადგილსამყოფელისა! პიკეტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით! მას ისეთი ატმოსფერო უნდა შევუქმნათ, რომ საქართველოში არ დაედგომებოდეს! პიკეტირება უნდა გაგრძელდეს უცხოეთშიც იქ მაცხოვრებელი ქართველების მიერ! დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ სამართალია საქართველოს მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა და არა, თითო-ოროლა ბარტყის გადმოგდება სამათხოვროდ, ანუ რამდენიმე «სტრელოჩნიკის» დაპატიმრება, რომ ხალხი არ დაცხრება მანამ,  სანამ  ქართული მიწებისა და სიმდიდრეების გამნიავებელი, ვალების გამსამმაგებელი და ხალხის სულში ჩამფურთხებელი ადამიანი არ გაქრება ქართველი კაცის თვალსაწიერიდან _ ციხეში ან ცხრა მთას იქით! 

მიუხედავად კონსტიტუციის აშკარა დარღვევისა, სააკაშვილი ნორმალური ადამიანი, საშუალო დონის პრეზიდენტი მაინც რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, არავინ დაიწყებდა მისი გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას, მაგრამ ჩვენი უბედურებაც ის არის, რომ ნორმიდან კარგა გვარიან გადახრასთან გვაქვს საქმე! და, თუ დროზე, კონსტიტუციურ ვადებში (!) არ მოვიცილეთ იგი, თუ დამნაშავე «ნაცებთან» ერთად მოვისურვეთ სახელმწიფოს მართვა, მაშინ ჩვენც თანამონაწილენი გავხდებით ყველა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისა, «ბილწთ არ შავეკვრი ზავითა» თუ დავივიწყეთ, მეტის ღირსნიც ვიქნებით!

იაკობ ლეჟავა,

 

 

1 COMMENT

  1. ქართველი ხალხი მალე მიხვდება რომ კრემლის აგენტებს მისცეს ხმა და სწორედ კრემლის აგენტების მიერ ხდება პრეზიდენტის პიკეტირება. დიდხანს ვეღარ მოატყუებთ ხალხს! და უკუშემოგიბრუნდებათ მზაკვრობა თქვენი!
    მრავალი და მრავალი დგესაც მოდის უკვე და პატიებას იტხოვს მუხთალნო!

  2. დავით გამოშტერებულო, რავა? ყველა კრემლის აგენტი ვართ, დევიჯერო მაგი?! 🙂

  3. ნონა ამას დაიჯერებ თავად,სულ მალე და იმედი მაქვს შენც იმ 54პროცენტთან დადგები როცა დრო მოვა და საქართველოს დაცვა მოგიცევთ….თქვენ აგენტები კი არა,ემოციას აყოლილი ხალხი ხართ,რომლებმაც მიშას საძულვილის გამო საქართველოს დამოუკიდებლობა გაცირეს,მაგრამ რას ვიზავთ,ყელა ცოტნე დადიანი ვერ იქნება.რაც ჩვენ ეხლა გავაკეთეთ ამის გამოსწორება მომავალ თაობებს სისხლის ფასად დაუჯდება, ისევე როგორც 1989 წლის 9 აპრილი…ნუთუ ამის საშიშროებას კიდევ ვერ ხედავთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here