Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი «მეორედ მოსვლისთვის» ემზადება!

სააკაშვილი «მეორედ მოსვლისთვის» ემზადება!

619

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა იმდენი ტყუილი თქვა, რამდენიც ერთ გამოსვლაში არასოდეს უთქვამს. «მე ჩამოსული ვარ საქართველოს პარლამენტის იმ წევრებთან ერთად, რომლებიც იმყოფებიან ყოველდღიური ზეწოლის, შანტაჟის და, პირდაპირ რომ ვთქვათ, ტერორის ქვეშ, სხვა არაფერი არ ჰქვია ამ ყველაფერს, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, რომ ისინი გადავიდნენ ერთი ფრაქციიდან მეორეში, ხმა მისცენ სრულიად დამანგრეველ, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებს».

ამ დროს კი საქართველოში სულ უფრო მატულობს აღშფოთება იმით, რომ ძველი რეჟიმის წარმომადგენლები «დიდ გულზე» არიან და საუკეთესო თავდაცვის ტაქტიკას მიმართავენ – ახალ ხელისუფლებას ესხმიან თავს. ბაჩო ახალაია «ვაშლის გათლისთვის» არის დაპატიმრებული, ხოლო მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილები გირაოთი თავისუფლდებიან. ვადაგასული პრეზიდენტი აშკარად ანტისახელმწიფოებრივად იქცევა, «ოცნების» ჯინაზე გუბერნატორებს ნიშნავს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირეულ ცვლილებაზე ლაპარაკობს.

 «საქართველოს ნატოში გაწევრიანება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს». ეს კითხვის ნიშანი, კაცმა რომ თქვას, არც არასოდეს მოხსნილა, ხოლო 2008 წლის «მოგებული» ომის შემდეგ მას ძახილის ნიშანიც დაემატა. თუმცა «მაპზე უკეთესის» მიმღები ამ საკითხს არ უღრმავდება და საკუთარ ფანტაზიებში კიდევ უფრო შორს მიდის: «ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომელიც მან ერევანში ვიზიტის დროს გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ნატო-სთან და რუსეთთან ერთდროულად და ცოტა უცნაური ტოლობა დასვა ამ ორ ძალას შორის და მაგალითად ჩვენი სომეხი მეგობრები მოიყვანა. საქართველომ აირჩია ნატოს წევრობა, სომხეთმა ეს გზა არ აირჩია. ეს არის ნებისმიერი ერის სუვერენული უფლება, რომ აირჩიოს ის გზა, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია, მაგრამ ურთიერთობები და ინტეგრაცია სხვადასხვა მცნებებია. ის, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამწუხაროდ, ცვლის ყველაფერს, რაც ჩვენ აქამდე გვითქვამს».

ვინ დაჰპირდა სააკაშვილს, რომ არჩევნების შემდეგ არ შეცვლიდა არაფერს, მათ შორის, ყველაფერს, რაც მიშას აქამდე უთქვამს? მისი ფრაზა ხომ სწორედ ამ გაოცებას ასახავს? თუმცა თანმიმდევრულად მივყვეთ სააკაშვილის გამოსვლის ძირითად ხაზს; იგი ყოველთვის მეტს ამბობს, ვიდრე აპირებდა, და ყურადღებიანი მსმენელისთვის ბევრი რამ ხდება ხოლმე ნათელი.

«ერთია, როდესაც უმჯობესდება ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ მეორეა, როდესაც ნარჩუნდება ქვეყნის ძირითადი მისწრაფებები. მე ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს ხმა არ მიუცია ამ ძირითადი გზის შეცვლისკენ». არადა, ქართველმა ხალხმა სწორედ მიშას «ძირითადი გზის» შეცვლას მისცა ხმა!

«90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველო დანაწევრებული და გაყოფილი იყო, ჩემი პოლიტიკაში ჩართვა განსაზღვრა იმ იდეამ, რომ ოდესმე შევუერთდებოდით ევროპულ დემოკრატიულ ოჯახს, სადაც ცვლილება ხდება ხმებით და არა ტყვიებით». მიშა, ჩვეულებისამებრ, ცრუობს: იგი პოლიტიკაში 90-ანი წლების დასაწყისში არ ჩართულა. მეტიც, როცა საქართველოში ტყვიები ზუზუნებდა, იგი ამერიკაში «პეტერსონბენქლაფის» დოკუმენტებს დაატარებდა აღმადაღმა. პოლიტიკაში კი უკვე დასტაბილურებულ საქართველოში, 1995 წელს ჩაერთო. კიდევ შვიდი წელი ასევე პროდასავლური შევარდნაძის ქებადიდებაში გაატარა და მერეღა გახდა ოპოზიციონერი, ისიც, სულ ერთი წლით. მერე კი იყო «ვარდების რევოლუციად» წოდებული სასახლის გადატრიალება და 9-წლიანი მმართველობის სიტკბო.

«რა თქმა უნდა, მე იმედგაცრუებული დავრჩი ამ არჩევნების შედეგებით, მაგრამ ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ გზით მოხდა ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში. მე ამაყი ვარ ჩემი პარტიით, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში აეშენებინა ისეთი სისტემა, სადაც უმრავლესობა და უმცირესობა იცვლება არა გადატრიალებით, არამედ არჩევნების შესაბამისად». თუმცა არჩევნების შედეგებმა, სააკაშვილის ვერსიით, არ უნდა იმოქმედოს ქვეყნის საგარეო კურსზე.

«ნებისმიერ დემოკრატიაში უმრავლესობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამომრჩეველთა ხმების მიხედვით, მაგრამ ჩვენი ერის მისწრაფება ევროპისა და ევროინტეგრაციის მიმართ ნებისმიერი პოლიტიკური დანაწევრების მიღმა გადის. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც მინდა ასამბლეის წინაშე გავაჟღერო».

სტრასბურგში სააკაშვილის «ისტორიული» გამოსვლის მეორე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ, დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მინისტრმა გულისტკივილი გამოთქვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და ვაშაკიძეს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობა შესთავაზა, თუმცა მის შეთავაზებაზე ვაშაკიძემ უარი განაცხადა. ერთი სიტყვით, ვაშაძისგან მემკვიდრეობით მიღებულ ვაშაკიძეს ფანჯიკიძე ლამის ეხვეწა, დარჩიო, მან კი დემარშით დატოვა სამინისტრო.

მართლაცდა რა ხდება?

ყველაზე ადეკვატურად ეს საგარეოპოლიტიკური თამაშები პარლამენტის საგარეო კომისიის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ აღიქვა: «ევროსაბჭოს წარმომადგენლები «ქართული ოცნების» მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი. ამის დასტურია დღევანდელი სხდომაც. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენი გზავნილები და პოლიტიკის მთავარი საკვანძო საკითხები ევროპასა და ამერიკაში ბოლომდე არ არის მიწოდებული. უკმაყოფილებას ადასტურებს ის შეფასებები, რომელთაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ. «ქართული ოცნება» მარტო სააკაშვილის კრიტიკით კი არ უნდა დაკავდეს, ასევე უნდა დავიწყოთ თვითკრიტიკაც, რათა უფრო ეფექტური გახდეს ჩვენი კომუნიკაციები გარე სამყაროსთან. ახლა აქ ყოფნისას მე ვგრძნობ, რომ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს აკლიათ ინფორმაცია და ეს ჩვენი ბრალია».

მერედა, რა უშლის ხელს ახალ ხელისუფლებას, იყოს უფრო ეფექტური, სათანადო ოპონირება გაუწიოს ძველ რეჟიმს, განახორციელოს ცვლილებები, ამომრჩეველს სასიკეთო ცვლილებები დაანახოს? მხოლოდ დასავლეთი და მის მიერ მოთხოვნილი ყბადაღებული «კოაბიტაცია»? იქნებ პრობლემა ქვეყნის შიგნით არის და არა სადმე სხვაგან?

ივანიშვილის განცხადებები ორი წლის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ამომრჩეველში, სულ მცირე, გაუგებრობას წარმოშობს. «ნაციონალების» საქციელსა და გამონათქვამებში ხშირად იგრძნობა, რომ ისინი სრულიადაც არ ელოდნენ საკუთარ შეცდომებსა თუ დანაშაულებზე პასუხისგებას. იმ ადამიანებში კი, რომლებიც არც «ნაციონალებს» ემხრობიან და არც «ოცნებას», უკვე ჩნდება განცდა, რომ საერთოსახალხო აღშფოთების ფონზე ხელისუფლების გადაბარების მორიგი სპექტაკლი გათამაშდა.

პრეზიდენტობიდან პრემიერობამდე გადებული ბილიკი, რუსული სცენარით, თანამებრძოლთან როკირებით უნდა შემდგარიყო, მაგრამ საქართველოში იმგვარი ვითარება შეიქმნა, როცა ხალხი სააკაშვილის შემოთავაზებულ «მედვედევს» არ მიიღებდა. ივანიშვილი, რომელსაც არასოდეს ჰქონია პოლიტიკაში ჩარევის სურვილი, სწორედ ის პიროვნება იყო, რომელსაც ხალხი მხარს უეჭველად დაუჭერდა. «ორი წლით» პოლიტიკაში მოსვლა ძალიან ჰგავს იმ სცენარს, რომლის თანახმადაც მცირე პაუზის შემდეგ სააკაშვილი ამჯერად ორჯერადი ვადით შეუზღუდავი პრემიერის ადგილზე დაბრუნდება.

ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს ისიც, რომ ივანიშვილმა მხოლოდ «მიშას ყოფილი მეგობრები» შემოიკრიბა და არ მიიკარა არც ერთი ის ძალა, რომელიც იმთავითვე დაპირისპირებული იყო სააკაშვილთან. თუ ორი წლის შემდეგ «ოცნების» ლიდერი პოლიტიკას დატოვებს, რა შეუშლის ხელს, მაგალითად, რესპუბლიკელებს, კვლავაც მიშას ნავში ჩახტნენ? აკი ლევან ბერძენიშვილი 2002 წელს «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» თანათავმჯდომარე იყო სააკაშვილთან ერთად! სტრასბურგში სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა მისთვის უჩვეულო მორიდებით აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მათ საპარლამენტო ასამბლეაზე პასუხებისთვის დრო არ დაუტოვა. და ამას ამბობს ქალი, რომელიც დებატებში მოწინააღმდეგეს არასოდეს უტოვებს პასუხის გაცემის დროს!

სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ სამართლიანობის აღდგენა ვერა და ვერ ხერხდება. დაზარალებული ადამიანები კი ხედავენ, რომ მათი საქმეების ნაცვლად «ქართუ ბანკის» გაკოტრების გამო იძებნება იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი. რეზონანსულ მკვლელობათა საქმე ჯერჯერობით ადგილიდან არ იძვრის, ტარიფების დაწევა შეუძლებელი აღმოჩნდა, «ნაციონალური» ხელისუფლების წარმომადგენლები კი აშკარად დასცინიან ხალხს. 9 წლის განმავლობაში ყველაზე მიყურადებული და მოთვალთვალე რეჟიმის ლიდერი თვალთმაქცურად ითხოვს ფარული ვიდეოჩანაწერების განადგურებას. არადა, ამ მასალებზე დაყრდნობით არაერთი ადამიანი დღესაც იხდის სასჯელს ცოცხებით განთქმულ ქართულ ციხეებში!

არადა, ეს ჩანაწერები კონკრეტული თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ნივთმტკიცებას წარმოადგენს და იურისტის დიპლომის მქონე სააკაშვილმა შეუძლებელია არ იცოდეს, რომ სამართლის ენაზე ამ ჩანაწერების განადგურებას ნივთმტკიცებების განადგურება ჰქვია, რომელიც ისჯება, თუმცა იგი იმდენად შეეჩვია დაუსჯელობას, რომ ამგვარ «წვრილმანებზე» ფიქრით გონებას არ იღლის.

პარადოქსულია, მაგრამ ევროსაბჭოში დაუსჯელობის ამ სინდრომზე არა «ქართული ოცნების» დეპუტატებმა, არამედ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ილაპარაკა. ალექსეი პუშკოვი მოითხოვს, რომ მომზადდეს ცალკე მოხსენება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარების კუთხით არსებულ ვითარებას მიეძღვნება. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ მოხსენების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხიც უნდა იყოს. სააკაშვილის «ღრმაშინაარსიან» გამოსვლაზე კი მან მცირე კომენტარი გააკეთა: «გამოსვლა პროპაგანდისტული იყო. საქართველოს პრეზიდენტმა არ უპასუხა საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ შეკითხვებს. მიხეილ სააკაშვილი «კარგი ინგლისურით, საშუალო ფრანგულით და შესანიშნავი რუსულით» წარსდგა.

სააკაშვილმა თავადაც ბევრი იტრაბახა რუსული ენის ცოდნით: «მე რუსულად გაცილებით უკეთ ვლაპარაკობ, ვიდრე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი. მე პუტინს ვუთხარი, რომ შეიძლება ბოლო ქართველი ლიდერი ვარ, რომელიც მას რუსულად ესაუბრება და,  რომელსაც შეუძლია პუშკინის, ლერმონტოვისა და სხვა კლასიკოსების თუ თანამედროვე მწერლების ციტირება». კაცი, რომელიც მშობლიურ ლიტერატურაში რუსთაველსა და ორბელიანს ვერ არჩევს ერთმანეთისგან, დღეს რუსული კლასიკის ცოდნით ტრაბახობს და რუსეთთან ურთიერთობაზე მზადყოფნას აცხადებს!

სტრასბურგში სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში ყველაზე საუკეთესო პოლიტიკური გადაწყვეტილება დაასახელა, თუმცა ყველაზე ცუდი და წარუმატებელი პოლიტიკური გადაწყეტილება _ არა. «ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, ალბათ, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნების დროს, პირველ ოქტომბერს მივიღე, რომ დაუყოვნებლივ, ნებისმიერი შეყოვნების გარეშე, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე მიმეღო ეს შედეგები. ასეთი რამ არც ერთ ოპოზიციურ თუ ხელისუფლებაში მყოფ ძალას აქამდე საქართველოს ისტორიაში არ გაუკეთებია. მე ეს გავაკეთე დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ეჭვების გარეშე და არ გამივლია კონსულტაციები არც ჩემს პოლიტიკურ მეგობრებთან, პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურ მხარდამჭერებთან, რადგანაც ზუსტად ვიცოდი, რომ ეს იყო საქართველოს მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, მე ძალიან პესიმისტურად ვუყურებდი იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოდიოდა, მაგრამ ოპტიმისტურად ვუყურებდი საქართველოს მომავალს და ვიცოდი, რომ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს სწორი გამოცდილება, განვითარების სწორ გზაზე დადგეს».

სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში კონკრეტული წარუმატებელი გადაწყვეტილება არ დაასახელა. ერთადერთი სიმართლე, რომელიც მან სტრასბურგში თქვა, ასე გამოიყურება: «რაც შეეხება წარუმატებლობებს, საკმაოდ გრძელი სია არის იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც მე შემიძლია ამ სიაში შევიტანო და, ალბათ, უფრო მეტი უნდა ვიფიქრო, სანამ კონკრეტულად ავარჩევ ერთს».

სააკაშვილის წარუმატებლობებისა და დანაშაულების სია მართლაც ვრცელია, მაგრამ «ოცნება» მის მხილებას არ ჩქარობს. დრო კი გადის და მიხეილი «მეორედ მოსვლისთვის» ემზადება.

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. მე ოცნებას მივეცი ხმა, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რადგან ხალხისთვის არაფერი არ კეთდება.ბატონ ბიძინას პატივს ვცემ, მაგრამ სტატიამაც სერიოზულად დამაფიქრა.თავიდან ძალიან გამიკვირდა რომ ისეთი ანტიქართული და პროსააკაშვილის მომხრე ძალა,რომელიც ანტიქართული იყო ყოველთვის და პრომასონური, ანუ რესპუბლიკელები,შემოიკრიბა ბატონმა ბიძინამ.მე მგონი არჩევანში იშევ შევცდით და ყველაფერი რაც ხდება უბრალოდ პიარია და ისევ სააკაშვილის მესამედ მოყვანას ემსახურება. ეს კატასტროფა იქნება და თუ ამას ივანიშვილი უწყობს ხელს,ეს კარგს არაფერს მოგვიტანს.ღმერთმა უშველოს ჩემს ქვეყანას,მართლა რა ბინძურია პოლიტიკა ბინძური პოლიტიკოსების ხელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here