Home რუბრიკები პოლიტიკა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გვერდით მერაბ კოსტავას ბიუსტი დაიდგმება

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გვერდით მერაბ კოსტავას ბიუსტი დაიდგმება

1458

წლეულს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას, დაბადების დღეც არის, ზუგდიდში დაიდგმება მერაბ კოსტავას ბიუსტი, რომელიც ჯერ კიდევ 8 წლის წინ გააკეთა ზუგდიდელმა მოქანდაკემ ბადრი სხულუხიამ. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ბიუსტის დადგმა, რადგან ვერ მოიძიეს საამისო თანხა _ 20 000 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ 2002 წელს სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» თავმჯდომარის, ალექსანდრე ჭაჭიას, ინიციატივით, ძალისხმევითა და დაფინანსებით ზუგდიდის ცენტრში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიუსტი დაიდგა, რომლის ავტორი ასევე ბადრი სხულუხია გახლდათ და რომელიც ერთადერთი ბიუსტია ზვიად გამსახურდიასი საქართველოში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია «ქართული ოცნების» (ფრაქცია ყოფილი «ნაციონალების» მიერ შეიქმნა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ) თავმჯდომარის, ლაშა ქობალიას, განცხადებით, მან და მისმა ფრაქციამ, როგორც იქნა, მოიძიეს საიმისო თანხა, რომ ეს იდეა განხორციელდეს. «ახლა მთავარია, შევარჩიოთ შესაფერისი ადგილი, სადაც მერაბ კოსტავას ბიუსტი დაიდგმება. მიმდინარეობს საყოველთაო სახალხო განხილვა, რომელშიც მონაწილეობენ ზუგდიდის საზოგადოების წარმომადგენლები», _ აღნიშნა ლაშა ქობალიამ.

სავარაუდოდ, მერაბ კოსტავას ბიუსტი ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გვერდით დაიდგმება. ამისათვის კი ზვიადის ბიუსტი რამდენიმე მეტრით გვერდით უნდა გადაიდგას, რათა მერაბისა და ზვიადის ბიუსტებს შორის მოექცეს 11-მეტრიანი სტელა ჯვარი.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here