Home რუბრიკები საზოგადოება ლუბა ელიაშვილი: სააკაშვილს უნდოდა, რომ საერთოდ არ არსებულიყო მისგან გაუკონტროლებელი პრესა

ლუბა ელიაშვილი: სააკაშვილს უნდოდა, რომ საერთოდ არ არსებულიყო მისგან გაუკონტროლებელი პრესა

1023

ლუბა ელიაშვილს, «TV-9»-ის დირექტორს, ქართული საზოგადოებრიობა იცნობს, როგორც თავისუფალი და მართალი ჟურნალისტიკისთვის მებრძოლ პროფესიონალს, შეუპოვარ ადამიანს. უფრო აღმატებულსაც. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ სწორედ თავისუფალი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ «დიდი თურქობის» განხორციელება მიხეილ სააკაშვილმა გაპრეზიდენტობამდე გაცილებით ადრე მაინც და მაინც ლუბა ელიაშვილის საავტორო პროგრამის წინააღმდეგ დაიწყო ტელეარხ «იბერიაში», რაც ტელეეკზეკუციის «პირველი გაელვება» იყო.

_ სააკაშვილს უნდოდა, საერთოდ არ არსებულიყო მისგან გაუკონტროლებელი პრესა, _ კვერს მიკრავს ქალბატონი ლუბა.

_ პირველი კონფლიქტი «ახალგაზრდა რეფორმატორებთან», რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, 1999 წელს მომიხდა. მაშინ პირველ «იბერიაში» ვმუშაობდი. 26 მარტს მიხეილ სააკაშვილი ჩემთან ეთერში სტუმრად იყო.

_ ახალგაზრდა მიხეილი «მოქალაქეთა კავშირის» ფრაქციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტში.

_ დიახ. ძალიან დამფრთხალი და შეწუხებული ჩანდა. მაშინ ძალიან გახმაურებული იყო «ჯეოსელთან» დაკავშირებული კონფლიქტი თურქულ და ქართულ მხარეებს შორის. სააკაშვილი და მისი მეგობარი ოქრუაშვილი, თურქული კომპანიის ადვოკატი, ძალიან არ სწყალობდნენ ქართულ მხარეს. ეს დავა იმით დამთავრდა, რომ ქართველების 60-პროცენტიანი წილი 6 პროცენტამდე შემცირდა, რაშიც მაშინდელ «მიუკერძოებელ» სასამართლოს დიდი წვლილი მიუძღვის. ამ თემას მიეძღვნა ჩემი გადაცემა, რომელშიც მონაწილეობდნენ დავით ბერძენიშვილი და მიხეილ სააკაშვილი.

_ პირდაპირი ეთერი იყო?

_ დიახ, პირდაპირი. გადაცემა რომ დამთავრდა, სააკაშვილი თავაუღებლად დირექტორთან _ კახაბერ გაგლოშვილთან შევიდა და… იმანაც დამიძახა და «აცრემლებულმა» მითხრა, იქნებ, შვებულებაში გახვიდეო. გამეცინა და ვუპასუხე, ეს ისეთი შვებულებაა, რომლის შემდეგ სამსახურში არ ბრუნდებიან-მეთქი.

«იბერია» 1997 წლიდან 1999 წლამდე «რუსთავი 2»-ის ერთადერთი კონკურენტი იყო, მიუხედავად განსხვავებული პირობებისა, რომლებშიც ეს ორი მაუწყებელი იმყოფებოდა: «რუსთავი 2»-ზე საქართველოში შემოსული მედიაგრანტების 90 პროცენტი მოდიოდა.

ჩემთან ერთად არხიდან წამოვიდნენ ნინო ჟიჟილაშვილი, რეზო ჭიჭინაძე, ინა ცერცვაძე _ რეჟისორი, მანანა მენთეშაშვილი, ბევრნი.

დარჩნენ ზალიკო უდუმაშვილი, დიანა ჯოჯუა, ზოგიერთი სხვაც.

ჩვენი წამოსვლის შემდეგ არხი დაიხურა.

2000 წელს ხელახლა გაიყიდა. ახალმა მფლობელმა კვლავ მიმიწვია, მაგრამ 2004-ის დასაწყისში იგივე ბიჭები უკვე ავტომატებით ხელში შემოვარდნენ «იბერიაში».

ეს ყველაფერი «აღარ ახსოვთ» «მედიაექსპერტებს» და «თეორეტიკოსებს», კოლეგებსაც, სამწუხაროდ.

2004-ში კვლავ დამიხურეს ტელეკომპანია. ჩემი ჟურნალისტიკიდან წასვლა ხელისუფლების რომელიღაც გავლენიანი რგოლის ნება, მისი მძიმე და ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგი იყო ყოველთვის.

_ ავტომატიანების თქვენთან შემოვარდნა იყო რეპეტიცია ავტომატიანი ნიღბოსნების შევარდნისა «იმედში»?

_ «იმედში» ავტომატიანი სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებით შევარდნენ. ჩვენ შემთხვევაში შსს-ს და უშიშროებას ჯერ არ ჰქონდა ნაყიდი რეზინის ტყვიები. საბრძოლო ტყვიები ედოთ მჭიდებში.

რაც «იმედში» მოხდა, ჩემთვის უცხო და მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ყველაფერი აქეთ მიდიოდა. ხელისუფლების აგრესიულობა აშკარა იყო.

სწორედ ამ დროს ითქვა, რომ მე ვარ უმართავი და ამიტომ არ შეიძლება ვმუშაობდე რომელიმე მედიასაშუალებაში.

_ სად იყო ნათქვამი, თუ საიდუმლო არ არის?

_ პირველი არხის ხელმძღვანელობასთან, ჩემი კოლეგების თანდასწრებით.

_ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ?

_ ჰო. ასე ვიცი. დღეს, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ძალიან ბევრმა მითხრა მაშინ, რომ სწორედ ასე ითქვა.

აკრძალვის დონეები ზუსტად ჰქონდათ დაწესებული. მაგალითად, ეკა ხოფერიას არ აძლევდნენ პირდაპირ ეთერს. ჩემი გამოჩენა კი საერთოდ შეიძლებოდა.

ჩემი მეგობრის, აქუს _ დავით აქუბარდიას, ტელევიზიის კარი იყო ჩემთვის ღია. ეს იყო და ეს.

_ შემდეგ დაიწყეთ პედაგოგიური საქმიანობა _ ჟურნალისტიკის საფუძვლებს აზიარებდით ახალგაზრდებსრაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ სარბიელზე, პირდაპირ ვიტყვი, აღდგა ქალბატონი ლუბა თავდაპირველ ჰიპოსტასში.

დემოკრატიის გამონათებასავით გამოჩნდა შარშან «ინფო-9», «მეცხრე არხი» და, რა თქმა უნდა, «მაესტრო»…

_ პედაგოგობის პერიოდში ჩემი სტუდენტების ძალებით გადავიღეთ ფილმი არჩევნების შესახებ, იმ არნახული დარღვევების შესახებ, რომლებსაც მაშინ ჰქონდა ადგილი.

_ საზოგადოებრივ აზრს ყურადღებიდან არ გამორჩენია ეს ფაქტი.

_ «საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს» მაშინდელმა უფროსმა ნინა ხატისკაცმა თავისი ინიციატივით ათარგმნინა, დატიტრეს და დაგვეხმარნენ მის გავრცელებაში.

ამანაც გარკვეულად შეუწყო ხელი იმ შიშის დაძლევას, რომელიც მაშინ ხალხში იყო გამჯდარი.

_ ჟურნალისტების დიდ ნაწილშიც.

_ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ტელესივრცეში პრინციპები შეიცვალა. ფასი დაედო გაჩუმებას…

_ სახელმწიფო აპარატში ჩვენი კოლეგების გადასვლაც აქტიურად დაიწყო.

_ არა მარტო აპარატში: დარბეული «იმედიდან» «ნაციონალური მოძრაობის» მიერ გაკონტროლებულ ტელეკომპანიებში მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე გადასვლაც. სიამოვნებით მიიღეს ხელისუფლების შეთავაზება ჟურნალისტების მიერ აღებული კრედიტების დაფარვის თაობაზე და ა. შ.

_ გავიყიდეთ?

_ ყველა არა. ჩემმა პედაგოგიურმა საქმიანობამ დამარწმუნა, რომ ახალგაზრდა თაობას, რომელიც მოდის (ზოგიერთი ჩემი სტუდენტი დღეს ჩემ გვერდით მუშაობს), არაფრის ეშინია, მზად არის, დაიცვას ჩვენი პროფესიის, საკუთარი და, შესაბამისად, ქვეყნის ღირსებაც. მათ კარგად იციან, თუ რით და როგორ უნდა დაამახსოვრონ თავი საზოგადოებას, რით და როგორ შეაყვარონ თავი ხალხს _ მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს.

და რა იოლია ამ პატივისცემის დაკარგვა.

გახსოვთ, ალბათ, ნანუკა ჟორჟოლიანმა რომ დაპატიჟა ინგა გრიგოლია ეგვიპტეში გასასეირნებლად და ამაზე ცალკე გადაცემა გაკეთდა.

_ «თრიაქით მთვრალი» მანდილოსნები.

_ საშინელი აგრესია წამოვიდა მაშინ ინგას მიმართ ხალხისგან: თავისი სიყვარული ვერ აპატია საზოგადოებამ ინგას, ძალიან რომ უყვარდა, იმიტომ. კოდუას ცოლის არნახულად ძვირ გადაცემაში ნებივრობამ აბსოლუტურად წაშალა ხალხზე, სამართლიანობაზე მზრუნველი ჟურნალიტის მისეული იმიჯი. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი მოკლე და დაუფიქრებელი ნაბიჯია მხოლოდ…

43 წლის ასაკში დამითხოვეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტელეეთერიდან, «პენსიაში გამიშვეს». ძალიან გულსატკენი იყო ჩემთვის, რომ იმ ხელისუფლების გავლენით ზოგიერთი ჩემი კოლეგა აქტიურად შეეცადა ჩემი სახელის წაშლას მედიასივრციდან.

რას ნიშნავს უმუშევრად, საარსებო სახსრების გარეშე არსებობა 9 წლის განმავლობაში გამოვცადეთ მე და ჩემმა მეუღლემ _ შალვა შავგულიძემ, ადვოკატმა, რომლის შესაძლო კლიენტებს წინასწარ ეუბნებოდნენ, აიყვანთ ამ კაცს დამცველად და საქმეს აუცილებლად წააგებთო.

_ ასე თანდათან მივადექით იმ რეალობას, რომელშიც ლუბა ელიაშვილი «TV-9»-ის დირექტორია. იწყება «მეცხრე არხის» ახალი ცხოვრება. როგორად გესახებათ იგი?

ერთსაც გკითხავთ, მართალია თუ არა, რომ ერთ-ერთი აქაური ყოფილი ხელმძღვანელის ხელფასით ოცზე მეტი ახალი თანამშრომლის მიღება შეძელით?

_ ყოველ შემთხვევაში, დილის გადაცემა დავაკომპლექტეთ…

_ ახალი სახეები უკვე გამოჩნდნენ დილის პროგრამაში. ახალგაზრდებს აშკარად ეტყობათ, რომ პატივისცემა აქვთ ტელემაყურებლების.

_ პირველი, რაც მათ ვუთხარი, სწორედ ეს იყო.

ეთერი არის მაყურებლის, უპირველეს ყოვლისა, და ეს იციან ახალგაზრდებმა, რომლებიც მივიღეთ. შეიძლება ზოგჯერ რაღაც შეეშალოთ და ეშლებათ კიდეც, მაგრამ მაყურებელი მიუტევებს… გარდა იმ ერთი პატარა ჯგუფისა, რომელიც ჩასაფრებული უყურებს ჩვენს ეთერს.

ჩვენი წამყვანები არ ამადლიან მაყურებლებს, რომ ეთერში მუშაობენ. გამოცდილება კი მოვა. მე ყოველთვის ვაძლევდი შანსს «ქუჩიდან მოსულ» ადამიანებს. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

არ მესმის, რას ნიშნავს პროფესიონალების დაყოფა ძველ და ახალ სახეებად, «შევარდნაძის ტიპებად», რომელთა ახლოს გაკარებაც აკრძალულია…

_ პოლიტპატიმრებივით არიან _ მისჯილი აქვთ აკრძალვა.

_ ნიჭიერები და პროფესიონალები მალევე ბრუნდებიან იმავე სივრცეში. ასე უნდა იყოს. ამის გათვალისწინებით, საქართველოში კადრების დიდი რესურსი არსებობს.

_ თუმცა გამოუყენებელია.

_ ძალიან დიდი რესურსია ახალგაზრდებისაც, რომლებსაც უმაღლესი ჟურნალისტური განათლება აქვთ მიღებული.

_ როგორც ვხვდები, «მეცხრე არხის» ხელმძღვანელი ლუბა ელიაშვილი პირველ სიახლედ ახალი კადრების მოზიდვას ცდილობს.

_ არსებული ფინანსური რესურსი რის შესაძლებლობასაც მოგვცემს, ისე.

_ ეკრანზე რა გამოჩნდება?

_ დილის გადაცემა ხომ გამოჩნდა? გამოჩნდა ისიც, რომ დილის 8 საათიდან გადის ახალი ამბები. იმასაც მივაღწიეთ, რომ ღამის 12 საათზეც გადავცემთ ცოცხალ ახალ ამბებს.

«ნიუსი» რჩება პრიორიტეტად, ხერხემლად, რომელზეც აეწყობა დანარჩენი მაუწყებლობა და რომელსაც ძირითადად უყურებს ტელეაუდიტორია.

ეს არხი რომ აღარ იყოს დოტაციური, მოდით, პირდაპირ ვიტყვი _ ზედოტაციური, და ჩაჯდეს ნორმალურ ბიუჯეტში, რომელიმე «თოქშოუს» ნაცვლად, რომელიც ნაკლებრეიტინგულია, შეიძლება რეიტინგული სერიალი გავუშვათ. მაგრამ, რა თქმა უნდა, არხი არ დაზარალდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის თვალსაზრისით.

ვფიქრობ, დილის გადაცემაში ჩავრთოთ მოკლე რუსული და ინგლისური ლოკალური ახალი ამბები.

ჩემი ოცნებაა ფართო აუდიტორიიანი თოქშოუები და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, განსაკუთრებით, _ ადამიანურ თემებზე. ის, რასაც გადაცემა «ასი გრადუსი ცელსიუსი» გვთავაზობდა, მარაზმად იყო ქცეული, რადგან არაპროფესიული იყო. ღრმა და კარგი განათლება წამყვანისათვის ყველა შემთხვევაში უაღრესად მნიშვნელოვანია.

მინდა, რომ სპორტის სეგმენტიც სერიოზულად დავიკავოთ.

რეგიონებში მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ჩვენი ბიუროები, რადგან იქიდან მოწოდებული ამბები საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩვენი არხის წარმოჩენის უმნიშვნელოვანესი პირობაა.

_ ბოლო შეკითხვა: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმეჯერ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ არ სურს, «მეცხრე არხი» ასოცირდებოდეს მის ოჯახთან. მოიხსნა ეს პრობლემა?

_ როგორც ვიცი, გრძელდება გზების ძიება ამ საკითხის გადასაწყვეტად. მართალი გითხრათ, არ შემიწუხებია დამფუძნებელი შეკითხვებით. ჩემი საზრუნავი და ტკივილია ეთერში გასვლა ჩვენი ახალი სტუდიიდან, რომელიც დიღომში აშენდა და დიდი რესურსი დაიხარჯა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამონაგები არ ჩანს, ძალიან სწრაფად მინდა, რომ შედეგი მივიღოთ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ვუსურვოთ მოჩქარე ქალბატონ ლუბა ელიაშვილს, რომ არ დაუგვიანდეს, რადგან მასთან ერთად ჩვენი საზოგადოებრიობაც მოუთმენლად ელოდება დიდ ბრძოლაგადანახადი «მეცხრე არხის» ახალ კალაპოტში ჩადგომას.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here