Home რუბრიკები პოლიტიკა ბაჩუკი ქარდავა: რუსეთთან რაიმე სერიოზული შედეგის მიღწევას ზურაბ აბაშიძე ვერ მოახერხებს

ბაჩუკი ქარდავა: რუსეთთან რაიმე სერიოზული შედეგის მიღწევას ზურაბ აბაშიძე ვერ მოახერხებს

779

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბევრი პოლიტიკური პარტია არენიდან გაიკრიფა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი მათგანი დიდად არც არჩევნებამდე ჩანდა, უფრო მეტიც, როდესაც რიგითი ამომრჩეველი იგებდა, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობდნენ, ხშირ შემთხვევაში ლიდერის ვინაობას კითხულობდნენ. ამის მიუხედავად და იმისაც, რომ როგორი პოპულარულიც არ უნდა ყოფილიყავი, «ქართულმა ოცნებამ» და «ნაცმოძრაობამ» ყველა «გადაყლაპა» და პოლიტიკური სივრცის სრული პოლარიზება მოხდა, რაც ჩვენზე ადრე ევროპელებმა შეამჩნიეს. ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტა. გადაწყვიტა და ბევრმა მათგანმა პოლიტიკური კარიერა, სავარაუდოდ, დაასრულა კიდეც. რუბრიკა «გაკრეფილებიც», რომლის  სტუმარი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავაა, სწორედ ასეთი პარტიებისთვის იქნა მოფიქრებული.

_ ბატონო ბაჩუკი, ჩაიარა თუ არა თქვენმა მატარებელმათქო, მინდოდა მეკითხა, მაგრამ, მგონი, თქვენმა მატარებელმა, ახლა კი არა, დიდი ხანია ჩაიარა……

_ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ხალხთან შეხვედრისას ერთ ამბავს ვიხსენებდი: 2003 წელს სააკაშვილმა თქვა: ჩვენი მატარებელი დაიძრა, ვინც მოასწრებს, ჩაჯდებაო. მაშინ იმ მატარებელში ხიდაშელი, უსუფაშვილი, ძიძიგური, დავითაშვილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ივანიშვილიც კი ისხდნენ და, თუ თქვენ ამ მატარებელს გულისხმობთ, მაშინ ჩაიარა, მაგრამ, თუ ისეთ პარტიას, როგორიც ჩვენია (იდეოლოგიაზე აგებული, რომელიც მხოლოდ არჩევნებისთვის არ არის შექმნილი და უფრო შორსმჭვრეტელი მიზნები აქვს), მაშინ ეს მატარებელი ჩავლილი ვერ იქნება, რადგან ის მე-20 საუკუნის დასაწყისში, ილია ჭავჭავაძის დროს დაიძრა და დღემდე მოძრაობს. ის, რომ საქართველოში ვერ დადგა დრო ეროვნული თვითშეგნების, რომ საზოგადოებაში ყველაზე წინ სახელმწიფოებრივი ინტერესი იდგეს და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, ეს მარტო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პრობლემა არაა, ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა. თუ საკითხს ასე მივუდგებით, მაშინ ჩვენს მატარებელს კი არ ჩაუვლია, არც ჩამომდგარა და ამისთვის ჩვენ კიდევ ვიბრძვით.

_ ხალხი ასე არ ფიქრობს. თქვენ, მგონი, სულ ისხედით ხელისუფლების  მატარებელში. ერთადერთი ის პერიოდი მახსოვს, როდესაც გია ჭანტურია  ზვიად გამსახურდიას ოპოზიციაში იყო, თორემ სხვა დროს სულ ხელისუფლების სატელიტები იყავით. მახსენდება ირინა სარიშვილი შევარდნაძეს  როგორ უხმოვანებდა ჩანაფიქრებს, როგორ აწია ბარიერი შვიდ პროცენტამდე და ყველანაირი ბარიერის მიღმა დარჩა. მას შემდეგ ასე მოდიხართ. თქვენ საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებთ, მაგრამ ხალხი თქვენსა და ხელისუფლებას შორის სხვაობას ვერ ხედავს.

_ მოხარული ვიქნებოდი, რომ ნამდვილად  ვყოფილიყავით ხელისუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ყველა ხელისუფლებას და საერთოდ პოლიტიკოსებს აქვთ ასეთი თვისება, რომ ოპოზიციის შავ პიარზე იმუშაონ მაშინ, როდესაც ხელისუფლების რეიტინგი ძალიან დაბალია, არასასურველ კონკურენტს მის სატელიტობას აკერებენ. ხელისუფლების მხარდამჭერი რომ ვყოფილიყავი, მაშინ ვიქნებოდი ხელისუფლებაში და არ მერქმეოდა სატელიტი.

_ თქვენსა და ხელისუფლებას შორის რა განსხვავება იყო?! თქვენ მომხრე იყავით მისი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის, ასევე იმ უდღეური ეკონომიკის, რომელსაც აწარმოებდა და . .

_ ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ რადიკალურად განსხვავებული შეხედულება გვქონდა შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ეკონომიკას, დღევანდელი ხელისუფლების ხედვები, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ტარიფების ხელოვნურად დაწევა იგეგმება, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლების სატელიტობასაც არ დაგვაბრალებენ, მაგრამ ვიცი, ეს მაშინ მოხდება, როდესაც ივანიშვილის რეიტინგი ისეთივე გახდება, როგორიც სააკაშვილის იყო ბოლო პერიოდში.

_ იმ ნაწილში, რომელშიც ხელისუფლებას არ ეთანხმებოდით, ოპონირებას არ უწევდით

_ ჩვენ მას ოპონირებას ვუწევდით იმაში, რომ მთელი ეკონომიკა რუსეთს არ უნდა ჩაბარებოდა, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც მათ საპარლამენტო ტრიბუნიდან უთხრა, რომ ქვეყანაში ელიტარული კორუფციაა, თუმცა ამას კუდი გამოაბეს და გურამ ჩახვაძეს ტონი დაუწუნეს.

_ ბევრი პარტია თავს ოპოზიციონერობაზე დებდა, მაგრამ არჩევნებმა თითქმის ყველა გააშიშვლა. თუ ასე ხედავდით ხელისუფლების ნაკლსა და შეცდომებს, რატომ მიიღეთ ასეთ პოლარიზებულ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობა? თქვენ არ ჩანდით არც ერთ რეიტინგში, არც ერთ გამოკითხვაში. ჩნდება ეჭვი: ხომ არ «გაუპრავეთ» ხელისუფლებას არჩევნები?

_ პარტია ან არის იატაკქვეშეთში, ან ღიად მუშაობს, სამუშაოდ კი ყველაზე კარგი შანსია არჩევნებში მონაწილეობის მიღება. პარტია, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, მართლაც «გაკრეფილი» და მკვდარია. ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი კანდიდატი მაინცდამაინც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გვეყოლება.

_ ქვეყანაში  დაპატიმრებები დაიწყო, იძიებენ და იკვლევენ ყველაფერს, ცოტა არ იყოს, ამან ხალხის გაღიზიანება უკვე გამოიწვია, საუბარი დაიწყეს იმაზეც, რომ არა კონკრეტული პირები, არამედ სააკაშვილის რეჟიმი გასამართლდეს. ამასთან დაკავშირებით თქვენ რას ფიქრობთ?

_ ქვეყანაში დაპატიმრებები და გაშვებები დაიწყო და არა მარტო დაპატიმრებები. ტერმინისაგან «რეჟიმის გასამართლება» ყველა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს, ამ სიტყვების შემდეგ შესაძლებელია ისევ თქვან, რომ სატელიტი ვარ, მაგრამ ის, რაც ხდება ქვეყანაში, არ შეიძლება. უპრეცენდენტო რამ მოხდა _ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, არჩევნების შემდეგ კი ყველა და ყველაფერი ნადგურდება და ისტორია იწყება იმ ხელისუფლებიდან, რომელიც მოვიდა, ეს ძალიან ცუდია. რეჟიმის გასამართლება უმართებულო იქნებოდა და მე ამას ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში, მისი გარემოცვისგან განსხვავებით, ვგრძნობ. ასეთი განცხადებები ბოღმას ემსახურება, ვიდრე პოლიტიკას.    

_ თქვენ ერთერთი იმ პოლიტიკოსთაგანი ხართ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, წორედ ისე, როგორც სააკაშვილი. ამ ნაწილშიც შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მისი პოლიტიკის გამტარებელი იყავით.

_ რატომღაც ისე მოხდა, რომ მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც ნატოსკენ, ევროკავშირისკენ, ეროპისა და ამერიკისკენ ისწრაფვოდა და სხვა ყველა განზე დარჩა. არადა, ჩვენ თითქმის პირველები ვიყავით ამ საკითხში. თუნდაც ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, ვიცოდით, რომ წამგებიანი იყო, მაგრამ მაინც ვამბობდით: «არა _ რუსეთს»! ადამიანები კი, რომლებსაც «საყველაფრო» აქვთ დამთავრებული, ამბობდნენ, ამას იმიტომ ლაპარაკობთ, რომ სააკაშვილს აძლევს ხელს, და არა იმიტომ, რომ მთელი ქვეყნისთვის ასე აჯობებს. ასეთი თანხვედრა გახდა იმის მიზეზი, რომ ჩვენ სატელიტებად და თანამოაზრეებად მოგვიხსენიებდნენ. მინდა გითხრათ, რომ, თუ ეს ყველაფერი ამის გამო ხდებოდა,  ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია პოზიციებს არ შეიცვლის.

_ წლებმა დაგვანახა, რომ სწრაფვა ევროპისა და ამერიკისკენ საქართველოსთვის სასარგებლო არ აღმოჩნდა. ოცი წელიწადია, ერთ ადგილს ვტკეპნით. რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებამ ჩვენს ეკონომიკასაც და პოლიტიკასაც შინ თუ გარეთ ძალიან დაარტყა, ახლა ურთიერთობების დარეგულირებას ცდილობენ, ეს ხალხის, ერის ნებაც აღმოჩნდა

_ ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე კი არ უნდა იზრუნოს, არამედ რუსეთისგან რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი და ისწრაფვოს დასავლეთისკენ. დღევანდელი რუსეთის ამბიციებს თუ გავითვალისწინებთ, წარმოუდგენელია, სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ. რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები იმდენად დიდია, რომ ამას ძალიან უშლის ხელს საქართველოს სუვერენიტეტი.

_ სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, ჩვენ სუვერენიტეტი არ გვაქვს

_ მართალი ხართ. სწორედ ამ ნაწილში არ ვეთანხმებოდით ხელისუფლებას _ ჩვენ არ გვქონდა ნამდვილი სუვერენიტეტი, არ გვქონდა ნამდვილი დემოკრატია და შესაბამისად, ვერაფერს მივაღწიეთ. ნატოს კარზე კარგად რომ ვერ აკაკუნებდნენ, ნამდვილი მიზეზი ეგ არ იყო იმისა, რომ ნატოში ვერ შევედით, უბრალოდ, მათ ვერ შეძლეს დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა. ნატოს კარი ჩვენთვის იმ წამსვე გაიღება, როდესაც ჩვენ გავხდებით დემოკრატიული ქვეყანა. ქვეყანა, რომელშიც არჩევნების გზით იცვლება ხელისუფლება, ქვეყანა, რომელშიც ყოფილ მაღალჩინოსნებს არ აპატიმრებენ.  სანამ ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო არ გვექნება, არ გვექნება ლიბერალური ეკონომიკა, ნატოს წევრები ვერ გავხდებით.

  _ და მაინც, რომ მოგვარდეს ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობა?

_ თუ ჩვენ ვიტყვით უარს ყარსი-ახალქალაქზე, მაგისტრალებზე, რომლებიც დასავლეთის ინტერესებში შედის, მაშინ ეს, ალბათ, შესაძლებელია.

_ ყველა ქართველის ოცნება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა

_ ყველა ქართველის ოცნება საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია. მთავარია იდეა, რომელიც ერს აქვს, ეს არის ნამდვილი დემოკრატია და თავისუფლება ტერიტორიებთან ერთად და ეს არ იცვლება არც მანდარინში, არც ჩაიში და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მიწაში… რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ილუზიაა და თავს ვიტყუებთ, რადგან მაინც ნატოსკენ მივისწრაფვით.

_ სუვერენიტეტსა და თავისუფლებას ამდენი წლებია ვერ ვეღირსეთ, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მთელი ერის სურვილი ყოფილა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, რადგან სწორედ ამან განაპირობა ივანიშვილის გამარჯვება.

_ მე არ მგონია, რომ ეს ქართველი ერის ნება ყოფილიყო. ერი სხვაა, ხალხი   სხვაა, მასა სხვაა. იმედია, ახლა ფილოსოფიაზე არ დავიწყებთ საუბარს. ერი ყოველთვის დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის, თუმცა სხვადასხვა ეტაპზე ხალხს სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდა. ეს მოსაზრებები მთელი ამ წლების განმავლობაში ყველა არჩევნების წინ სხვადასხვაგვარი იყო. ვფიქრობ, რომ ერის სურვილი უცვლელია და, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ხრიკს რაღაც ფორმით იყენებს, მათი პრობლემაა.

_ ხალხს უჭირს და გამოსავალი არ არის, საქართველო ჩიხშია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში «ნაცმოძრაობის» ხელში ჩავცვივდით, რუსეთისკენ ყველა ვიწრო და უმნიშვნელო გასასვლელიც კი ჩაიკეტა და ამან მოსახლეობა ძალიან აღაშფოთა. ხომ არ არის ჩვენი სვლა ევროპისკენ მცდარი გეზი?!

_ ანუ ხომ არ არის მცდარი ჩვენი დამოუკიდებლობა?!

_ ჩვენ ვერ გავხდით დამოუკიდებლები და ამის პერსპექტივაც არ ჩანს.

_ ებრაელი ერი მოსემ უდაბნოში ორმოცი წელი ატარა, ჩვენ ძალიან მალე ვიღლებით. რატომ ეგონა ვინმეს, რომ, როცა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის ვიწყებდით, ეს გზა ვარდებით მოფენილი იქნებოდა. ეს ხომ ბრძოლაა, რომლისთვისაც სისხლია გაღებული და კიდევ ბევრი იქნება გასაკეთებელი, რათა ქართული სახელმწიფო (ტერიტორიების დაბრუნებასთან ერთად) რეალურად დამოუკიდებელი და ძლიერი გახდეს.

_ ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას არ ეთანხმებით?

_ მე მათი პოლიტიკური ხედვები ჯერ არ ვიცი. ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ, ჩვენგან განსხვავებით, განაცხადა, რომ ტაიმაუტი აიღეს. ჩვენ, უბრალოდ, განცხადებებისგან თავს ვიკავებთ, რადგან ზუსტად გვინდა გავიგოთ, რა პოლიტიკურ კურსს ირჩევს «ქართული ოცნება» როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, როლები შეიცვალა. მაშინ ოპოზიციური ველი სრულად ჰქონდა მონოპოლიზებული «ქართულ ოცნებას» და ხელისუფლება კი _ «ნაცმოძრაობას», ახლა კი პირიქით არის. პოლიტიკური სივრცე არ გახსნილა.  

არჩევნებამდე «ოცნებისა» და ჩვენი გზები თანმხვედრი არ იყო, მაგრამ, არ ვიცი, ახლა რა იქნება, რადგან, როდესაც ოპოზიციაში ხარ, გაქვს იმის ფუფუნება, რომ ისაუბრო იმაზე, რაც ხალხს მოსწონს, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნისას ამას ვეღარ გააკეთებ.

 ახალმა ხელისუფლებამ ბატონი ზურაბ აბაშიძის დანიშვნით  კარგი საქმე გააკეთა. მე მას უაღრესად დიდ პატივს ვცემ. მან იცის, საგარეო ურთიერთობის თვალსაზრისით, საქართველოს რა სჭირდება და მიხარია, რომ სწორედ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა მგონია, რომ რუსეთთან რაიმე სერიოზული შედეგის მიღწევას ზურაბ აბაშიძე ვერ მოახერხებს, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ილუზიაა და თავს ვიტყუებთ, რადგან მაინც ნატოსკენ მივისწრაფვით.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. რუსეთი ცალსახად არის ოკუპანტი !რუსეთი აცხადებს,რომ უარს ვერ იტყვის აფხაზეთის და ,,სამხრეთ ოსეთის” აღიარებაზე.აქედან გამომდინარე ნათელია ყველაფერი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here