Home რუბრიკები პოლიტიკა კარლო კოპალიანი: თბილისში პარლამენტის შენობის გაპარტახებასთან დაკავშირებით ბაქრაძემ და მისმა აპარატმა უნდა...

კარლო კოპალიანი: თბილისში პარლამენტის შენობის გაპარტახებასთან დაკავშირებით ბაქრაძემ და მისმა აპარატმა უნდა აგონ პასუხი

653

ქუთაისში ახალი პარლამენტის ასაშენებლად, გავრცელებული ინფორმაციით, 350 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ არცთუ ისე ხარისხიანად აგებული შენობის კეთილმოწყობას 20 მილიონამდე კიდევ სჭირდება. ამას ემატება თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის დანგრეული დარბაზების რესტავრაციისთვის გამოყოფილი თანხა, რამაც მთლიანობაში საქართველოს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ვინ უნდა აგოს პასუხი ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალზე, რა მიზნით გადაიტანეს საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში, ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი ესაუბრა.

_ ბატონო კარლო, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დარბაზი დანგრეულია, დაჩეხილი ან გატანილია ავეჯი. რა მიზნით დაანგრიეს პარლამენტის დარბაზები, მითუმეტეს, გავრცელებული ხმების მიუხედავად, ცნობილი გახდა, რომ შენობის პრივატიზება არ განხორციელებულა.

_ დაანგრიეს «პირველი რესპუბლიკის დარბაზი», «ილია ჭავჭავაძის» სახელობის დარბაზი და მთავარი _ სხდომათა დარბაზი. ნაომარი გეგონებათ, ისე დაჩეხეს ყველაფერი, მაგრამ რატომ და ვის სჭირდებოდა ამ საოცარი შენობისა და ავეჯის განადგურება, არ ვიცი. პარლამენტის აპარატის თანამშრომლები კულუარებში საუბრობდნენ, გული გვიკვდებოდა, როცა ამ ყველაფერს ვუყურებდითო. სხვათა შორის, პარლამენტის შენობიდან ავეჯი ღამით გაჰქონდათ. ეზო ტრაილერებით იყო სავსე. სად წაიღეს, ჩვენთვის ესეც უცნობია, მით უფრო, რომ ქუთაისის პარლამენტში ძალიან უხარისხო ავეჯია.

როდესაც გამოგვიცხადეს, დაგვეტოვებინა პარლამენტის შენობა და პარტიების ოფისებში გაგვეგრძელებინა მუშაობა, ჩვენმა ფრაქციამ კატეგორიული წინააღმდეგობა გასწია. ძალით ვერ გამოგვიყვანეს, რადგან ამის უფლება არ ჰქონდათ და სხვათა შორის, დღესაც ხელუხლებელია ის ოთახები, რომლებშიც ჩვენ ვისხედით. მეტიც, როცა ხმაური ავტეხეთ, პარლამენტის აპარატის უფროსმა მაშინვე უარყო, ჩვენ არავისთვის გვითქვამს, დაცალეთ კაბინეტები, ყველა თავისით წავიდაო.

სავარაუდოდ, შენობას ვითომ აუქციონის წესით გაყიდიდდნენ, სინამდვილეში კი, ვფიქრობ, სააკაშვილისა და მისი ოჯახის საკუთრება გახდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ვერ მოასწრეს. საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი: თუ პარლამენტის ქუთაისში გადატანას აპირებდნენ, რატომ გაარემონტეს შარშან პარლამენტის შენობა? ფანჯრებიც გამოცვალეს. როგორც ჩანს, მათთვის ესეც ფულის უკანონოდ შოვნის ერთ-ერთი ხერხი იყო.

_ პარლამენტის შენობის პრივატიზების შემთხვევაში, რა ბედი ელოდა იქ განთავსებულ სამლოცველოსა და იუნკრების საფლავებს?

_ ამათთან ქრისტიანობასა და სამლოცველოზე ლაპარაკი ზედმეტად მიმაჩნია, რადგან მათი უმრავლესობა ურწმუნოა. 9 წლის მანძილზე ქვეყანა არ ედარდებოდათ და სამლოცველოზე იდარდებდნენ?

_ საუბარია ბიუჯეტისთვის მიყენებულ 350 მილიონამდე ზარალზე. ვინ უნდა აგოს პასუხი ამ ყველაფერზე? თუნდაც ამ დრომდე რატომ არ დაკითხეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე?

_ პარლამენტის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის მშენებლობის საკითხს უკვე სწავლობს კონტროლის პალატა. ისინი მუშაობენ და შესაბამის დასკვნას წარმოადგენენ, რის შემდეგაც მოკვლევას პროკურატურა გააგრძელებს. ყველა პასუხს აგებს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს, რადგან საზოგადოების მთავარი დაკვეთა ახალი ხელისუფლების მიმართ სწორედ ეს არის. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ან თუნდაც დეპუტატის დაკითხვა არ არის ასე მარტივი, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, დეპუტატებს იმუნიტეტი არ უნდა გვიცავდეს და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. მე მაქვს ასეთი წინადადება, რომ ყველამ მოვიხსნათ იმუნიტეტი და უმცირესობამაც მხარი დაგვიჭიროს, თუ მართლები არიან, რაში სჭირდებათ იმუნიტეტი?

პარლამენტის თავმჯდომარე მეორე პირია ქვეყანაში და, ბუნებრივია, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში დათო ბაქრაძეს არაფრის შეცვლა არ შეეძლო. მთელი პარტია ერთი კაცის ჭკუაზე დადიოდა. სააკაშვილს რამე მოენდომებინა და ბაქრაძე შეეწინააღმდეგებოდა? 9 წლის მანძილზე ერთ პიროვნებას ვერ დავასახელებთ, რომელიც მას შეწინააღმდეგებია და მერე თანამდებობაზე დარჩენილა.

თუმცა ასე ხომ ნებისმიერი თანამდებობის პირის ქმედება შეიძლება გავამართლოთ?

_  როცა კონტროლის პალატა დასკვნას წარმოადგენს, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, მაგრამ განადგურებულ ავეჯთან დაკავშირებით, და თბილისში პარლამენტის შენობის გაპარტახებასთან დაკავშირებით ბაქრაძემ და მისმა აპარატმა უნდა აგონ პასუხი ან თქვან, ვინ გასცა შენობის დანგრევის ბრძანება.

ჰკითხეთ ბაქრაძეს, გრძნობს თუ არა თავს დამნაშავედ ამ ყველაფერში. ჭკვიანი კაცია და, მგონი, უნდა გრძნობდეს. ან თუ მიაჩნია, რომ მართალია, თქვას, ვინ არის დამნაშავე.

პარლამენტი ხალხის მიერ არჩეული ორგანოა და, მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე კი არა, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იხელმძღვანელოს. ქუთაისის ყოფილი მერი, აწ უკვე პარლამენტარი გიორგი თევდორაშვილი ხშირად გამოდის პარლამენტის სხდომებზე და ამბობს, რომ ქუთაისს წყალი და ნაგავსაყრელი სჭირდება, მაგრამ სახელმწიფომ რატომ არ იზრუნა იმაზე, რომ ქუთაისს, პარლამენტის შენობის ნაცვლად, გამართული წყალსადენი ჰქონოდა? ასე ქალაქიც უფრო მოიგებდა. 400 მილიონამდე დაიხარჯა, მიუხედავად ამისა, მთელ ქალაქს არ აქვს წყალი. საოცრებაა!

_ კულუარებში პარლამენტის ქუთაისში გადატანის რამდენიმე მიზეზი სახელდება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ: რატომ სურდა ასე ძალიან ყოფილ ხელისუფლებას პარლამენტი ქუთაისში გადაეტანა, რა იყო მათი მიზანი?

_ ეს იყო ერთი კაცის ახირება, რათა ეს უნიკალური შენობა ვიღაცას არაკანონიერი გზით ხელში ჩაეგდო. ამისთვის არ მოერიდნენ უზარმაზარი სახელმწიფო თანხის გაფლანგვას _ 400 მილიონამდე გადაყარეს და ქუთაისის ჭაობში ააშენეს უსახური შენობა.

ამას გარდა, ხარჯიც გაიზარდა. ადრე თუ თბილისში 25 დეპუტატისთვის ქირაობდნენ ბინას, ახლა 150-ისთვის უნდა იქირაონ. ამას ემატება პარლამენტის 750 თანამშრომლის ხარჯი. დაამატეთ ამას მგზავრობის ხარჯები. პლუს მთავრობის წევრების დანახარჯები…

პარლამენტის ახალ შენობაში ასევე არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული. ხან წყალი ჩამოდის, ხან ნათურები ცვივა. მთასვლელები ჰყავთ ახლა ჩამოყვანილი და რას აკეთებენ შენობის სახურავზე, არ ვიცი.

მეორე მიზეზიც არსებობს: სააკაშვილს არ უყვარს თბილისი, რადგან თბილისის მოსახლეობამ მას ყველაზე ადრე უთხრა უარი. პრეზიდენტი ცდილობდა, პოლიტიკური ცენტრების სხვა ქალაქებში გადატანით, საპროტესტო მუხტიც ჩაეკლა. შეიძლება ეს ერთგვარი გაქცევის მცდელობაც იყო, მაგრამ სააკაშვილს ეს არ გამოუვიდა.

_ გაქცევის მცდელობა ახსენეთ, გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციაში გადავიდეს და იქიდან მართოს ქვეყანა. ესეც გაქცევის მცდელობაა თუ რა მიზანს ემსახურება პრეზიდენტის საქციელი?

_ ეს, ალბათ, მორიგი სისულელე იქნება. დღეს უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად წავა სააკაშვილი. მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება და ის მალე საერთოდ წავა ქართული პოლიტიკიდან. საინტერესოა, სააკაშვილი ზუგდიდს ახალ სატახტო ქალაქად აცხადებს თუ რაიმე ავანტიურა აქვს ჩაფიქრებული? მეგრელი ხალხი ძალიან ჭკვიანია და არჩევნებზე მიღებული ხმები მხოლოდ გაყალბების შედეგი იყო. სამეგრელომაც ისევე უთხრა უარი «ნაციონალურ მოძრაობას», როგორც დანარჩენმა საქართველომ.

ყველაფერზე პასუხი «ნაციონალურმა მოძრაობამ» უნდა აგოს. წინა პარლამენტი იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო, ერთპარტიული პარლამენტი. ის აკეთებდა ყველაფერს, რაც სურდა 120 კაცს და არა იმას, რაც უნდოდა საქართველოს მოსახლეობას. თუმცა ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობას ვერვინ აიცილებს, ვინაიდან ჩვენ სამართლიანი ქვეყნის აშენებას ვაპირებთ და, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ პასუხი უნდა აგოს.

_ წლებია, გვესმის ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, მაგრამ რატომ არ ჰქონდა პროკურატურას უფრო მყარი არგუმენტები დაპატიმრებული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ?

_ «ნაციონალურმა მოძრაობამ» ჩვენი საზოგადოება ძალიან იოლ დაჭერებს მიაჩვია. ვისაც მოუნდებოდათ, დაიჭერდნენ და მერე შეუთითხნიდნენ საქმეს. ჩვენი ახალი ხელისუფლება კი, თუნდაც დარწმუნებული იყოს ადამიანის დანაშაულში, სანამ რეალური დამამტკიცებელი ფაქტები არ იქნება კონკრეტული დამნაშავის წინააღმდეგ, მანამდე არ იჭერს.

ამას გარდა, ამ ადამიანებს ათავისუფლებს სასამართლო, რომელიც ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი პრეზიდენტის წნეხისგან. ჩვენ სასამართლოზე ზეწოლას ვერ მოვახდენთ. 10 ათასზე მეტი საჩივარია პროკურატურაში შესული და მალე კიდევ ბევრი რამ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

_ საუბრობთ პრეზიდენტის გავლენაზე. მაშინ რატომ არ სვამთ საკითხს პრეზიდენტის იმპიჩმენტის ან «ნაციონალური მოძრაობის» დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების თაობაზე?

_ არსებობს ასეთი გამოთქმა «იჩქარე ნელა». ჩვენ შურისმაძიებლები არ ვართ. ჩემი ინიციატივაა, შეიქმნას პარლამენტში «ნაციონალური მოძრაობის» საქმიანობის შემსწავლელი კომისია, დაიდოს მათი «საგმირო საქმეები» და საერთოდ აიკრძალოს «ნაციონალური მოძრაობა». თუმცა, შესაძლოა, არ ჰყავდეს ამ იდეას მხარდამჭერები, რადგან ამ შემთხვევაში ისევ ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს კი რა აზრი აქვს? მას არავითარი ძალაუფლება აღარ აქვს. გამოდის და, როგორც ყოველთვის, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ტყუილების ლაპარაკს, ხალხს ეს სასაცილოდ არ ჰყოფნის.

_ პრეზიდენტს გავლენა არ აქვს, მაგრამ ნაციონალები» კვლავინდებურად  ინიშნებიან თანამდებობებზე და ხელისუფლებაში დასაბრუნებლადაც ემზადებიან

_ გეთანხმებით, მაგრამ «ნაციონალურ მოძრაობას» შანსი აღარ აქვს. ჩვენ ისეთ პირობებში მოვუგეთ არჩევნები «ნაციონალებს», როცა ყველაზე მყარად გრძნობდნენ თავს და, თუ ჰგონიათ გუბერნატორისა და გამგებლის დანიშვნით არჩევნებს მოიგებენ, ძალიან ცდებიან. 5%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავენ ადგილობრივ არჩევნებში. «ნაციონალური მოძრაობა» მალე თოვლივით გაქრება. ეს პროცესი გარდაუვალია. ყოველ დღე იკლებს მათი წევრების რაოდენობა.

_ ხმაური გამოიწვია ამნისტიის შესახებ მიღებულმა კანონმა. ბუნებრივია, უკანონო პატიმრებმა უნდა დატოვონ ციხე, მაგრამ ახალ ხელისუფლებას «ნაციონალები» კრიმინალების გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.

_ საერთოდ ამნისტია ყველაზე ჰუმანური აქტია, რომელიც დამნაშავეს გამოსწორების შანსს აძლევს. ქვეყანაში უამრავი უკანონო პატიმარი იყო. მძიმე დანაშაულში ბრალდებულები არ გათავისუფლებულან, მათ მხოლოდ შეუმცირდათ სასჯელი. ბოლო თვეების მანძილზე თავად სააკაშვილმა გაათავისუფლა ძალიან ბევრი პატიმარი, რომლებსაც 15-18 წელი ჰქონდათ მისჯილი და ნარკოტიკების რეალიზაციასა და სხვა მძიმე დანაშაულში იყვნენ ბრალდებულნი, ჩვენი ამნისტიის სიაში ასეთი ხალხი არ არის. ეს «ნაციონალების» პოლიტიკაა _ დააბრალონ სხვას ის, რასაც თავად აკეთებენ, მაგრამ ხალხი ასე ადვილად აღარ ტყუვდება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here