Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი სამეგრელოში პროვოკაციას გეგმავს?

სააკაშვილი სამეგრელოში პროვოკაციას გეგმავს?

694

«მათ ვერაფერი ისწავლეს და არაფერი დაივიწყეს», _ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, ალბათ, არ მოიძებნება სიტყვები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისა და «ნაციონალური მოძრაობის» დღევანდელ მდგომარეობას უკეთ აღწერს. ამ ფრაზას ბურბონების რესტავრაციის პერიოდს (1814-1830) უკავშირებენ და ხშირად ტალეირანს ან ნაპოლეონს მიაწერენ. არადა, ეს შეფასება ჯერ კიდევ 1796 წელს გაკეთდა და ფრანგული ფლოტის ოფიცერ შარლ ლუი ეტიენ დე პანას ეკუთვნის. ის რესტავრაციაზე მეოცნებე, რეალობას მოწყვეტილ ფრანგ ემიგრანტებზე წერდა. თავდაპირველად, ვიდრე საყოველთაოდ ცნობილ გამონათქვამად გადაიქცეოდა, ეს ფრაზა ასე ჟღერდა: «ყველა გამოუსწორებელია, არავის არაფრის დავიწყება და სწავლა არ ძალუძს».

ძველად რომ იტყოდნენ, «მთელი მუღამი იმაშია», რომ მისი შეფასება წარმოადგენს არა 1814 წლის შემდეგ შექმნილი ვითარების ენამოსწრებულ აღწერას, როდესაც ანტინაპოლეონურმა კოალიციამ ლუდოვიკო XVIII-ს გვირგვინი დაუბრუნა და მისმა გარემოცვამ სცადა, ემართა სრულიად შეცვლილი საფრანგეთი იმ არარეალისტური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, რომლებიც ემიგრაციაში ჩამოუყალიბდათ (რამაც საბოლოოდ დინასტიას სავალალო შედეგი მოუტანა); შევალიე დე პანამ წინმსწრებად, 18 წლით ადრე, ზედმიწევნით ზუსტად დაახასიათა ადამიანები, რომლებიც 1814-ში ქვეყნის მართვას შეუდგნენ; მათ მართლაც არაფერი დაივიწყეს და ვერაფერი ისწავლეს.

სააკაშვილის შედარება ლუი XVIII-სთან ნამდვილად არ გამოგვივა, თუნდაც იმიტომ, რომ საფრანგეთის ბედკრულ მეფეს ესმოდა, რომ ქვეყანა შეიცვალა და ყოვლისმომცველი «დაბრუნება წარსულში» ვერ მოხერხდებოდა, თუმცა თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებასა და ახალი რეალობის მიმართ ადაპტირებაში რბილი და დამთმობი ხასიათი და გარემოცვის უკიდურესად რევანშისტული განწყობა უშლიდა ხელს. სააკაშვილი კი, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელისუფლების რღვევის დაწყებიდან არც ისე დიდი დრო გავიდა, ვითარება ქვეყანაში პრინციპულად შეიცვალა და «ძველი დროის დაბრუნება», ფრანგების თქმის არ იყოს, «ანსიენ რეჟიმის» აღდგენა, უბრალოდ, არ გამოვა. ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში  ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როდესაც ძველი, დრომოჭმული რეჟიმის რეანიმირება (თუნდაც მას, თავის დროზე, გარკვეული წარმატებებისთვის მიეღწია), შეუძლებელი და წარმოუდგენელი ხდება.

სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პერსპექტივა უფრო ოპტიმისტური, ალბათ, იმ შემთხვევაში გახდებოდა, თუ ისინი გამოაცხადებდნენ «ახალ კურსს», გააკრიტიკებდნენ «ცალკეულ შეცდომებს», იტყოდნენ, რომ «ჭეშმარიტი ლენინიზმის», უკაცრავად, «ნამდვილი მიშიზმის» კალაპოტში ბრუნდებიან და აუდიტორიას შესთავაზებდნენ, რაღაც ისეთს, რასაც თუნდაც თეორიულად, შეიძლება ეწოდოს «სააკაშვილის რეჟიმი ადამიანური სახით». მაგრამ სააკაშვილი დღეს პარტიული აღმშენებლობითა და «ნაცმოძრაობის» რეალური რებრედინგით თავს დიდად არ იწუხებს და ახალი მთავრობის პოზიციების შესასუსტებლად მის ხელთდარჩენილ ბერკეტებს იყენებს. ყოველივე ამის უკან იგრძნობა მხოლოდ ძველი დროის დაბრუნების უპერსპექტივო სურვილი და რაღაც წარმოუდგენელი, ლამის ზოოლოგიური ზიზღი, რომელსაც სააკაშვილი ოპონენტების მისამართით აფრქვევს. ის ადამიანებიც კი, რომლებიც «ქართულ ოცნებას» სკეპტიკურად უყურებენ (დასკვნა არაერთ არაფორმალურ საუბარს ეფუძნება) ცალსახად აცხადებენ, რომ სააკაშვილის დაბრუნება ხელისუფლებაში ასეთი განწყობითა და რევანშის წყურვილით ქვეყანას უბედურების გარდა არაფერს მოუტანს, ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება.

საკაშვილის ბოლო განცხადებები ნათლად ადასტურებს, რომ ის არაფერს ივიწყებს და არც სწავლის დაწყებას აპირებს. არაერთი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ, შესაძლოა, ის არჩევნების შედეგების გადახაზვას და ხელისუფლების უზურპაციას გეგმავს. მისი ნაბიჯები სულ უფრო უცნაური ხდება. საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება მისდამი დუღილის სტადიას უახლოვდება; ყველაზე კარგად ამ ადამიანების განწყობას ციცერონის ცნობილი ფრაზა გადმოსცემს: «როდემდე უნდა ისარგებლო ჩვენი მოთმინებით?».

მისმა ბოლო განცხადებებმა არაერთი  კომენტატორი ფრიად ნეგატიურ სცენარებზე დააფიქრა. «რეზონანსის» ცნობით, სამეგრელოში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მან განაცხადა, რომ სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში გადავა; სააკაშვილის პრესსამსახურში ეს ინფორმაცია არც დაადასტურეს, არც უარყვეს. რეგიონის ახალი გუბერნატორის, თენგიზ გუნავას, წარდგენისას კი, სააკაშვილმა დაახასიათა ის არა იმდენად როგორც კარგი მენეჯერი, არამედ როგორც წარმატებული დივერსანტი და ერთგული მეთაური: «გუნავამ 2008 წელს ოკუპანტ რუსებს აუფეთქა საჰაერო დანადგარები, რომლებიც მათ საქართველოდან, როგორც სამხედრო ნადავლი, გაჰქონდათ, ეს ძალიან რთული ოპერაცია იყო. მან გადაარჩინა ჩვენი კატარღები ფოთში. მე კარგად მახსოვს, როცა ფოთში ჩავედი და რუსები ჩემს დასაკავებლად გამოემართნენ, ის გადაეღობა თავისი მცირე შენაერთით მათ და დიდი რუსული კოლონა დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდა გაჩერებული, ვიდრე გამოსვლა არ დავამთავრე». აგვისტოს ომის არც ერთ მატიანეში, ქართული იქნება ის თუ უცხოური, ამ ეპიზოდების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა მთავარია ის, რომ სააკაშვილის ამ განცხადებამ, რომელიც კონფლიქტის ზონის უშუალო სიახლოვეს გაკეთდა, ფრიად ავისმომასწავებლად გაიჟღერა.

წამით წარმოვიდგინოთ, რომ ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთში რუსული ჯარების სარდლად დანიშნა გენერალი, რომლის წარდგენისას პათეტიკურად ისაუბრა მის დივერსიულ რეიდებსა და სხვა წარმატებულ ოპერაციებზე აგვისტოს ომის დროს; ჩვენთვის ეს ცალსახად ნეგატიური  სიგნალი გახდებოდა და ამ გენერლის მოქმედებას, სავარაუდოდ, ყურადღებით დავაკვირდებოდით, ხოლო თუ მისი დანიშვნიდან მალევე ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დივერსია მოხდებოდა, აუცილებლად გაჩნდებოდა ვერსია, რომ ის სწორედ იმ გენერალმა დაგეგმა. ყოველივე ამის წარმოდგენა დაგვეხმარება იმის დადგენაში, თუ რა რეაქცია შეიძლებოდა ჰქონდათ რუსებს სააკაშვილის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად გუნავას წარდგენაზე იმ მილიტარისტულ სტილში, როგორშიც მან ეს გააკეთა. გამორიცხული არაა, რომ ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილი დიდ პროვოკაციას ამზადებს; იგივე ვარაუდი ზოგიერთმა ქართველმა კომენტატორმაც გამოთქვა.

ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ 10 თვის წინანდელი სკანდალი საეჭვო შეირაღებული ფორმირებების შექმნის გარშემო, რომელიც ირაკლი ალასანიას ცნობილ განცხადებას მოჰყვა. ჟურნალ «ღია ბოქლომის» მთავარმა რედაქტორმა ილია ჩაჩიბაიამ, რომელიც ამ ფორმირებების შექმნის პროცესს თვეების განმავლობაში აკვირდებოდა, მაშინ ასეთი კომენტარი გააკეთა: «სააკაშვილი ხედავს, რომ პროცესები მის საწინააღმდეგოდ ვითარდება. მისი გეგმა ასეთია: როცა ხალხის პროტესტი პიკს მიაღწევს და მის ჩამოშორებას შეეცდებიან, თავს სამეგრელოს შეაფარებს და პრეზიდენტის სავარძლის დასაბრუნებლად სამეგრელოდან იბრძოლებს. უკანონო ბანდფორმირებებს სწორედ ამ მიზნით ქმნის». გამორიცხული არაა, რომ ამ პროგნოზს აქტუალობა არ დაუკარგავს.

იქნებ, სააკაშვილმა უძილობისას წაიკითხა წიგნი იოანე მრისხანეზე და მასაც სურს, დედაქალაქი დატოვოს და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე «ერთიანი ნაციონალური ოპრიჩნინა» დააფუძნოს? თუმცა ხუმრობა იქით იყოს, ორიოდე სიტვა, ალბათ, ყველაზე ცუდ ვარიანტებზეც უნდა ვთქვათ.

ფორმალურად სააკაშვილს ჯერ კიდევ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება _ გადააყენოს მთავრობა და პარლამენტს ახალი კაბინეტი წარუდგინოს, თანაც დღეს მოქმედი ნორმებით (რომელიც მალე შეიცვლება). ამის შემდეგ სამინისტროები ახალმა მინისტრებმა უნდა გააკონტროლონ, ვიდრე პარალმენტი ახალ მთავრობას უნდობლობას სამჯერ არ გამოუცხადებს, რის შემდეგაც სააკაშვილს შესაძლებლობა მიეცემა, პარლამენტი დაითხოვოს და ახალი არჩევნები დანიშნოს. ამ უფლებების პრაქტიკული გამოყენება დღეს წარმოუდგენელი ჩანს, რადგან სააკაშვილის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათში დემონსტრანტების უზარმაზარი მასა ავლაბრის რეზიდენციას, სავარაუდოდ, მიწასთან გაასწორებს. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილი გარემოცვასთან ერთად ზუგდიდში გადაბარგდა და განცხადება მთავრობის დათხოვნის თაობაზე იქიდან გააკეთა. ვინაიდან სამეგრელოში «ნაცმოძრაობის» პოზიციები ჯერ კიდევ მყარია, მასობრივი პროტესტის გამოვლენას იქ არ უნდა ველოდოთ, ხოლო მცირერიცხოვან გამოსვლებს ადგილობრივი ხელისუფლება, სავარაუდოდ, ჩაახშობს.

სამეგრელოში, მარტივად რომ ვთქვათ, თითქმის არ იგრძნობა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. რამდენიმე წყაროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, «ნაცმოძრაობის» აქტივისტებმა სააკაშვილის განხილული განცხადების შემდეგ დაიწყეს საუბარი მოსახლეობასთან იმაზე, რომ ივანიშვილი გაბრაზებულია მათზე, იმის გამო, რომ მისმა ბლოკმა სამეგრელოში შედარებით ცოტა ხმა მიიღო, რომ მას რეგიონის წარმომადგენლების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა არ სურს და .. ალბათ, «ქართული ოცნების» ინტერესებშია მსგავსი სიგნალების გადამოწმება და, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, პოლიტიკური კონტრზომების მიღება, რადგან ყოველივე ეს საკმაოდ სახიფათო თამაშის დაწყებას ჰგავს.

შეიძლება შეიქმნას ძალიან ცუდი სიტუაცია, როდესაც ერთ მხარეს იდგებიან განრისხებული თბილისელები, რომლებიც სააკაშვილის გადაწყვეტილებას მთავრობის გადაყენების თაობაზე, 99%-იანი ალბათობით, არ ცნობენ, მეორე მხარეს კი _ ზუგდიდში კონცენტრირებული «ნაციონალები» (რომელთა მოქმედებას ამ მომენტში ზურგს, პარადოქსულად, კონსტიტუცია გაუმაგრებს), ხოლო «მესამე მხარეს» _ სრულ გაურკვევლობაში მყოფი სხვა რეგიონები. ყოველივე ეს შეიძლება სისხლისღვრითაც კი დასრულდეს.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს არ აქვს არც პოლიტიკური და არც სამხედრო რესურსი ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად და მოსაგებად და რომ ის, ამ სცენარის ფარგლებში, ზუგდიდიდან, სავარაუდოდ,  მალევე საზღვარგარეთ გაიქცევა (სადაც, ალბათ, იტყვის, რომ «ოცნებამ» ის ხელისუფლებას ძალისმიერი, ანტიკონსტიტუციური გზით ჩამოაშორა), იმის იმედით, რომ თენგიზ გუნავა მის მადევარ «დიდ კოლონებს» შეაკავებს, სიტუაციის მიყვანა ესოდენ დრამატულ ფინალამდე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამ ადამიანის გამო, რომელმაც არაფერი დაივიწყა და ვერაფერი ისწავლა, არც ერთი წვეთი სისხლი აღარ უნდა დაიღვაროს.

მთავრობამ, ალბათ, გარკვეული პრევენციული ზომები უნდა მიიღოს, რათა სააკაშვილმა ყოველივე ამის გაკეთება აზრადაც არ გაივლოს; ამასთანავე,  «ზუგდიდურ მანევრთან» დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებს მიმართოს (როგორც ეს უკანონო «ნაცფორმირებების» შექმნასთან დაკავშირებით მოხდა), რადგან სააკაშვილი, საბოლოო ჯამში, ვაშინგტონის კრეატურაა (მერე რა, რომ ბუშის ადმინისტრაციის?), ხოლო თითოეული ჩვენგანი, ძია სემის ჩათვლით, სენტ-ეგზიუპერის თქმის არ იყოს, «აგებს პასუხს მათზე, ვინც მოიშინაურა», მათ შორის სააკაშვილზე და მის გარემოცვაზეც. კარგი იქნება, თუ ამერიკელები დაინტერესდებიან, რატომ გადაწყვიტა მათმა ყოფილმა ფავორიტმა ზუგდიდში დასახლება, ხომ არ სურს მას საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება ისევე დაუოკებლად, როგორც ნერონს რომის გადაწვა სწყუროდა.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. ეს ავადმყოფი ყველაფერზე წავა ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნოს და არც ამერიკაში გაუჭირდება თანამოაზრეების დაყოლიება. ისინიც ხომ კაი მაყუთს ტეხავდნენ საქართველოში, ჰოდა ყველაფერს უნდა ველოდოთ და ამიტომაა საჭირო, რომ 21 იანვრიდან გამოვაბუნძულოთ გარეთ და წაათრიონ ამერიკაში თუ ძალიან ჭირდებათ

  2. ვინაა გმირი გუნავა? სანამ ფოთის ამბავს ახსენებ მიხეილ ყურები გამოიბერტყე არანაირი კატარღები გუნავას არ გადურჩენია რას ფარისევლობ რუსებმა რომლის წაყვანაც ვერ მოახერხეს ყველა გაანადგურეს ვის აბოლებ მე თვითონ ფოთიდან ვარ და ვიცი ფოთში რაც ხდებოდა შენი გუნავა არასდროს ფოთში არ ყოფილა გმირულად თუ ასეთი გმირი იყო მაშინ რატომ დადიოდნენ რუსის ტანკები ფოთის ცენტრალურ ქუჩებში და რატომ დაბანაკდნენ ფოთის შემოსასვლელთან. ეჰ მიხეილ მიხეილ არ გაგივა ეგ ტყუილები ხალხი არ გაებმება მაგ სიცრუეში.

  3. ხალხნო მზადდება სამოქალაქო ომი. იყავით ფრთხილად, მხარს ნურცერთ მხარეს ნუ დაუჭერთ.საქართველოს საშველი არ იქნება თუ პოლიტიკური მართვის სისტემა არ შეიცვალა რაც არის საქარტველოს სულიერი მისია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here