Home რუბრიკები საზოგადოება თეა ჩანადირი: ვფიქრობთ, რომ ახალი ხელისუფლება თავისივე დანაპირებს და ინოვაციას კითხვის ნიშნის...

თეა ჩანადირი: ვფიქრობთ, რომ ახალი ხელისუფლება თავისივე დანაპირებს და ინოვაციას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს

901

«საქართველო და მსოფლიო» გთავაზობთ ინტერვიუს კოალიცია «ივანიშვილი _ ქართული ოცნების» ჯანდაცვის რეფორმის პროგრამის ერთერთი ავტორთან, მედიცინის დოქტორთან, ჯანდაცვის ექსპერტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია «ჯანდაცვის სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის ცენტრის» დამფუძნებელ თეა ჩანადირთან. მმართველი პარტია გვპირდება, რომ მომავალი წლიდან ოფიაციალურად ამოქმედდება ფონდი, რომლის საშუალებითაც საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს (განურჩევლად ასაკისა და სოციალური მდგომარეობისა) მიეწოდება უფასო საბაზისო პაკეტით დაზღვევა.

_ ქალბატონო თეა, რას სთავაზობთ ხალხს?

_ ჩვენმა ჯგუფმა იმუშავა, რომ «ქართული ოცნების» ხედვა ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით პროგრამად ექცია. უმთავრესი პრობელმა იყო და ჯერჯერობით ისევ არის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი. ახალს ჩვენ არაფერს ვამბობთ _ ევროპის ქვეყნებმა ეს უკვე გაიარეს. მაგალითად, გერმანიამ ეს ეტაპი ორი საუკუნის წინ გაიარა, ამიტომაც პირველი, რაც «ქართულმა ოცნებამ» გააჟღერა ჯანდაცვის რეფორმაში, გახლდათ ის, რომ ყველა უნდა იყოს დაზღვეული. დაზღვევას კი უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო, საბიუჯეტო ფინანსური წყარო და საბაზისო პაკეტი უნდა იყოს უფასო.   

_ რა შედის დაზღვევის საბაზისო პაკეტში?

_ საბაზისო პაკეტში შედის: ჰოსპიტალური გადაუდებელი შემთხვევები სრულად, მათ შორის რეანიმაციის კომპონენტი, ამბულატორიული მომსახურება როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმიური – სრულად, რომელსაც განახორციელებს ოჯახის ან სოფლის ექიმი, გეგმიური ჰოსპოტალური ქირურგიული მომსახურება ლიმიტაციის ფარგლებში, მშობიარობა და მასთან დაკავშირებული გართულებების მკურნალობა. გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება, ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალი, ოჯახის ექიმის დანიშნულებით ლიმიტირებისა და თანაგადახდის გზით.

_ როგორც ვიცი, «უმცირესობა», ანუ «ნაციონალები» ამის სასტიკი წინააღმდეგი წავიდნენ

_ დიახ, პირველი წინააღმდეგობა წამოვიდა «ნაციონალური მოძრაობის» მხრიდან, ბენდუქიძის გუნდიდან. გამოვიდა თამარ ჩერგოლეიშვილი და დაიწყო აპელირება, რომ ეს აბსურდია, რად უნდათ მდიდრებს დაზღვევა. შემდეგ იგივე არგუმენტები გაიმეორა არასამთავრობოთა ნაწილმა, რომელიც ასევე ძველ ხელისუფლებასთან და «ნაციონალების» ჯანდაცვის სისტემასთან ასოცირდებიან.

ჩვენ საკითხს ვსვამთ შემდეგნაირად _ რამდენი მდიდარია საქართველოში და გარდა ამისა, როგორ უნდა მოხერხდეს მათი გამოყოფა, ანუ სელექცია. ამ კრიტერიუმების ძებნაში და ამ კრიტერიუმებით საზოგადოების დაყოფაში იმდენი რესურსი იხარჯება და ზოგადად საქართველოში ეს იმდენად უპერსპექტივო მცდელობაა, გაღატაკებულ საზოგადოებაში გამოარჩიო 2-3%  მდიდარი, რომ ეს უფრო დროის გაყვანის და რეალურ ცვლილებებზე ირიბად უარის თქმის პოლიტიკას ჰგავს. ამით, ფაქტობრივად, შენ ადამიანებს კლასებად ყოფ _ ამ კლასს გაძლევ დაზღვევას, ამ კლასს _ არა.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც რატომღაც არ დასმულა არც ერთი ოპონენტის მიერ _ 0-დან 6 წლამდე ბავშვები და პენსიონერები რომ სელექციის გარეშე დააზღვიეს, იქ რა, არ იყვნენ მდიდარი ოჯახის შვილები ანდა მდიდარი პენსიონერები?

რატომ არ გამოიყენეს მაშინ ამ სელექციის შესაძლებლობა და რატომ მისცეს უფასო დაზღვევა, მაგალითად, სააკაშვილის ბებიას ანდა მის შვილს _ პატარა ნიკოლოზს? ამიტომაც და სხვა კიდევ ბევრი მიზეზისა და არგუმენტის გამოსელექცია არის აბსურდული თემა და მისი მიზანი დროის გაყვანის მცდელობაა.

_ გასაგებია, რომ საბაზისო პაკეტი ყველასთვის უფასო იქნება, მაგრამ ვინ უნდა დააზღვიოს მოსახლეობა _ სახელმწიფომ თუ კერძო სადაზღვევო კომპანიებმა?

_ არც ერთმა და არც მეორემ. რეფორმის პროექტის თანახმად, მოსახლეობა  უნდა დააზღვიოს არამომგებიანმა ინსტიტუტმა. არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს მიერ მოტანილი ფული წავიდეს რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის მოგებაში. ბიუჯეტიდან დაზღვევისთვის გამოყოფილი თანხა   ცალსახად უნდა იყოს არამომგებიანად დახარჯული. იმიტომ, რომ ეს არის ხალხის ფული და არ შეიძლება ხალხის ფულზე წარმოიქმნას მოგება. «ნაციონალების» რეფორმებმა პირიქით, დაზღვევის პროცესი ძალზე მჭიდროდ მიაბა კერძო სადაზღვევო კომპანიებს. პირველ ეტაპზე, როდესაც «ნაციონალებმა» საბიუჯეტო სახსრები «მიაწოდეს» სადაზღვევოებს, მალევე შეუგზავნეს კონტროლის პალატა, რომ მათი მოგეგები დაეფიქსირებინათ. მაშინ აღმოჩნდა სწორედ, რომ სახელმწიფო სადაზღვევო სქემაში მონაწილეობამ სადაზღვევოებს 50%-ზე მეტი მოგება მოუტანა.

როგორც გამოჩნდა, ეს შემოწმება არ ემსახურებოდა სისტემის ხარვეზების აღმოფხვრას, «ნაციონალებს» ეს მონაცემები სჭირდებოდათ იმისთვის, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის ლაგამი ამოედოთ და მარტივად ემართათ. ის, რაც ევალებოდა სახელმწიფოს, რომ კლინიკები გაერემონტებინა, აღეჭურვა, ახალი ინფრასტრუქტურა გაემართა, რასაც ავალებდა ევროპული კონვენციები და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია, გადააბარეს სადაზღვევო კომპანიებს _ ჩვენ თვალს ვხუჭავთ თქვენს 50%-იან მოგებაზე, სამაგიეროდ ჩვენს (სახელმწიფოს) ნაცვლად ააშენებთ 150 საავადმყოფოს და ა.შ. ამის შემდეგ თითქმის ყველა სადაზღვეო კომპანიამ, რომელთა 50%-იანი მოგება სახელმწიფო დაზღვევიდან საკმარისი არ იყო კლინიკებისა და სტაციონარების ასაგებად, აიღო დამატებით ფინანსური ვალდებულებები, თუნდაც ბანკებიდან კრედიტების სახით, და მთლიანად ორიენტირებული გახდა მოგებასა და ამ დანახარჯების ამოღებაზე. ასე და ამრიგად, კერძო სადაზღვევოებს საკმაოდ დიდი რისკები დაემუქრათ და ფინანსურად სტაბილური სუბიექტებიდან ისინი გადააქცია მყიფე წარმონაქმნებად, ანუ სადაზღვევოების სტაბილურობის მითს წყალი «ნაციონალურმა» ხელისუფლებამ შეუყენა, ამ და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მივედით იქამდე, რომ ხალხი უნდა დააზღვიოს არა მომგებიანმა ინსტიტუტმა, იმიტომ, რომ ბიუჯეტში წასული ფული უნდა უბრუნდებოდეს ხალხს და ამ სქემაში მოგებაზე ორიენტირებული ინსტიტუციის ჩარევა არ შეიძლება. «ქართული ოცნების» რეფორმის პროგრამის თანახმად, ამისთვის შეიქმნება ფონდი, მაგრამ ეს არ იქნება სახელმწიფო  ფონდი. პირიქით, ეს იქნება არასახელმწიფო ინსტიტუცია, რომლის მმართველობის მხოლოდ ერთი მესამედი იქნება ფინანსთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების სახით.  რაც მთავარია, მმართველობითი საბჭო უნდა იყოს არჩევითი, რაც პლურალიზმის მაღალ ხარისხს შექმნის. იგივე მოდელია ევროპის კონტინენტზე, სადაც ამ მმართველობით საბჭოს ირჩევს მოსახლეობა _ დასახელდება კანდიდატი, დაიბეჭდება ბიულეტენი და ამგვარი არჩევენების შედეგად წარმოიქმნება მმართველობითი საბჭო.

_ ანუ სადაზღვევო ფონდს სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს?

_ რაღაც დონეზე და პროცენტით კი, მაგრამ მთლიანობაში ეს იქნება არჩევითი და არა დანიშნული თანამდებობებით დაკომპლექტებული საბჭო. 

_ როგორ შეხვდებიან ამას სადაზღვევო კომპანიები?

_ სადაზღვევო კომპანიები ჯერჯერობით ღიად არ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს, თუმცა არის გარკვეული წინააღმდეგობა მათი მხრიდან. საუბარია იმაზე, რომ სადაზღვევო ბაზარი გაკოტრდება.

_ გაკოტრდება კი?

_ რომ არ ყოფილიყო სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ნებისმიერი სახის დაზღვევა, საერთოდ სახელმწიფოს რომ არ დაეზღვია არავინ, სადაზღვევო კომპანიები მაშინ როგორ რეჟიმში აპირებდნენ ფუნქციონირებას? საბაზისო სადაზღვევო პაკეტი არ მოიცავს ყველა სამედიცინო სერვისს და მომსახურებას, რომლებიც ადამიანს სჭირდება – ეს არის საბაზისო პაკეტი, რომელსაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე. მაინც და მაინც ამ საბაზისო პაკეტში ბიუჯეტიდან გარანტირებული ფულით უნდათ გადარჩენა? კომერცია ხომ მიმართულია იქითკენ, რომ მან უნდა მოიპოვოს ბენეფიციარი, ჩაერთოს ჯანსაღ კონკურენტულ ბრძოლაში და ხარისხისა და ფასების მიმზიდველობით განავითაროს თავისი ბიზნესი, ისევე, როგორც ამას აკეთებს ყველა ნორმალური ქვეყნის კომერციული სტრუქტურა, ბიზნესი არ იყოს ბიუჯეტზე დამოკიდებული, როგორც ჭიპლარზე მიბმული ბავშვი დედასთან და არ უნდა იკვებებოდეს სახელმწიფო ფულით. სამწუხაროდ, საქართველოში ამ მანკიერი გამოცდილების სტიმულირება ხდებოდა და, ბუნებრივია, ბევრ სადაზღვევოს და მათ ლობისტებს ისევ ძველი გარანტირებული და «მუქთი» შემოსავალი ურჩევნიათ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბრძოლის გარეშე არ დათმობენ ძველ პოზიციებს და შეეცდებიან ფონდის კომპრომენტაციას და დაბლოკვას.

_ როგორია ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია?

_ ამ ეტაპზე ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია გაურკვეველია, იმდენად, რამდენადაც მინისტრი ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება და კონკრეტიზაციისგან თავს იკავებს, თუმცა მან მინისტრის რანგში გაკეთებულ პირველ ინტერვიუში განაცხადა, რომ  განუხრელად განახორციელებს «ქართული ოცნების» ჯანდაცვის რეფორმის პროგრამას _ ეს რეფორმა კი ჯანდაცვის საყოველთაობის პრინციპსა და არამომგებიანი არასახელმწიფო სადაზღვევო ინსტიტუციის _ ფონდის შექმნის საკვანძო მნიშვნელობაზე დგას.

_ თქვენ შექმენით არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და თქვენ ერთგვარად ოპოზიციურ პოზიციას იკავებთ?

_ არა, ეს არ არის ოპოზიციური ინსტიტუცია და ვფიქრობთ, რომ ახალი ხელისუფლება თავის დანაპირებს და ინოვაციას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს. «ჯანდაცვის რეფორმისა და მონიტორინგის  ცენტრი» არავითარ შემთხვევაში არ იმუშავებს იმაზე, რომ ვიღაცას ოპონირება გაუწიოს. მთავარი მიზანი პრობლემების სწორად წარმოჩენა და ყველა ჩართული სუბიექტის აზრის შესწავლა-გათვალისწინებაა. ამ პროცესში ჩართულნი არიან როგორც ამ დარგის ქართველი ექსპერტები, ასევე საერთაშორისო დონისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ შუამავლები საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის და არ დავუშვათ კარგი იდეების, კარგი ინოვაციების მანკიერად ტრანსფორმირება. ეს არის ერთგვარი პრევენცია, რომელიც, ვფიქრობ, თანაბრად მისაღები და მნიშვნელოვანი უნდა იყოს როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის.

ესაუბრა

ლილი მიროტაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here