Home რუბრიკები საზოგადოება ჯემალ ვანაძე: ბატონო ბიძინა, გაათავისუფლეთ წალკა «ნაციონალების» ოკუპაციისგან!

ჯემალ ვანაძე: ბატონო ბიძინა, გაათავისუფლეთ წალკა «ნაციონალების» ოკუპაციისგან!

925

იმის მიუხედავად, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის რეჟიმმა კრახი განიცადა, ადგილობრივ თვითმმართველობებში «ნაცმოძრაობის» ორგია გრძელდება. რეგიონებში ხელისუფლების გადაბარების პროცესი დღითიდღე სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემური ქვემო ქართლის მხარე, კერძოდ კი წალკის რაიონია, რომელშიც «ვარდოსანთა ქორები», ყველა «სიკეთესთან» ერთად, რელიგიური შუღლის ინსპირირებას ცდილობენ. კონკრეტულად რა მდგომარეობაა იქ და რა სახის პრობლემები არსებობს წალკის საკრებულოს წევრი ჯემალ ვანაძე გვესაუბრება.

_ ბატონო ჯემალ, დიდი ხანია, ადგილობრივ თვითმმართველობებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ანუ «ნაცმოძრაობას» შორის გაწევგამოწევაა. თქვენთან, წალკაში რა მდგომარეობაა?

_ საერთოდ ყველა რაიონს თავისი გასაჭირი აქვს, მაგრამ ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებულ პრობლემებს რაც შეეხება, მე მგონი, ყველაზე მწვავედ ეს საკითხი წალკაში დგას. წლების განმავლობაში ჩვენი რაიონი გადაქცეული იყო საცდელ პოლიგონად. ჩვენზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ და გვიგზავნიდნენ ადამიანებს, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, ადგილზე რა ხდებოდა. მეთერთმეტე წელია, იქ ვცხოვრობ და ადგილობრივი ხელმძღვანელი ჯერ არ გვყოლია. ცენტრიდან, თბილისიდან უშვებდნენ ისეთ ხალხს, რომლებმაც სხვაგან სამსახური ვერ იშოვეს, მაგრამ ხელისუფლების ერთგული პირები იყვნენ. ცენტრალური ხელისუფლების სწორედ ამ ზერელე დამოკიდებულების გამო,  ჩვენთან ნელ-ნელა იჩინა თავი უამრავმა ახალმა პრობლემამ და დღეს, ფაქტობრივად, წალკა დენთის კასრს დაემსგავსა…

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ «ნაციონალების» მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო რაიონის გაპარტახება, ეკონომიკის გაჩანაგება და სოფლის მეურნეობის განადგურება. რომ იძახიან, კრიმინალი აღმოვფხვერითო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, კრიმინოგენული ვითარება ძალიან გამწვავდა. ჩამოსახლებული ხალხის დიდი ნაწილი უსახლკაროდ და უმიწოდაა. არის უკიდურესი გაჭირვება, ადამიანებს პურის ფული არ აქვთ, არ გააჩნიათ სარჩო-საბადებელი და ამის გამო ზოგი დანაშაულზეც მიდის. ახლა მთავარი უბედურება რაშია: ამ პრობლემების მოგვარების პოლიტიკური ნება არ არსებობდა. წინა ხელისუფლებას ხელს აძლევდა დაბეჩავებული ხალხი, იმიტომ, რომ გაღატაკებული ადამიანების ყიდვა 20 ლარად ადვილია.

_ თქვენ ამბობთ, რომ რაიონში არაკომპეტენტურ ხალხს გზავნიდნენ. კონკრეტული პიროვნება დაგვისახელეთ.

_ მაგალითად, მიხეილ ცქიტიშვილი. თავიდან ის რაიონში საგადასახადო ინსპექციაში მუშაობდა, ჯერ ინსპექტორად, შემდეგ უფროსის მოადგილედ და შემდეგ გახდა ინსპექციის უფროსი. «ვარდების რევოლუცის» შემდეგ მოგვევლინა გამგებლად. ზუსტად მისი მოსვლისთანავე დაიწყო ერთპიროვნული მმართველობა. მე საკრებულოს წევრი ვარ და ვიცი, იქ რა ამბებიც ტრიალებს. ეს ცქიტიშვილი გადადგა ერთი კვირის წინ და ჩვენ მისი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, მაგრამ სინამდვილეში დღესაც ამ ადამიანის დიქტატია რაიონში.

_ წინა ხელისუფლების დროს ოპოზიცია ხშირად საუბრობდა, რომ რაიონებში თვითმმართველობები ნაცნობობითა და ნათესაური ნიშნით შერჩეული ადამიანებით კომპლექტდებოდა. თქვენთან რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

_ ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარედ გვყავს დავით მაჩიტიძე, რომელიც დავით ცქიტიშვილის მოყვანილია. თვითონ ცქიტიშვილმა 2008 წელს კენჭი იყარა და პარლამენტში შევიდა, თავის ადგილზე კი დანიშნა მისივე შერჩეული, პოლიციის ყოფილი უფროსი რევაზ შავლოხაშვილი. თავის მხრივ, ამ შავლოხაშვილმა ახლანდელ არჩევნებში იყარა კენჭი და მის მაგივრად ისევ ცქიტიშვილი დაბრუნდა. ამის გამო ანეკდოტიც კი გაჩნდა რაიონში: ორი აჭარელი ხვდება ერთმანეთს, ერთი აჭარიდან, მეორე წალკიდან და, აჭარიდან რომელიცაა, ის ეკითხება: წალკაში რა ხარობსო. წალკელი პასუხობს: კარტოფილი და ცქიტიშვილიო.

_ რაში გამოიხატება ამ ადამიანების მმართველობის ცუდი შედეგი? რა ზიანი მიაყენეს მათ რაიონს?

_ ვერ ვიტყვი, რომ ცქიტიშვილი გაუნათლებელი და უჭკუო ადამიანია, არც განათლება აკლია, არც ცოდნა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ მას საერთოდ ფეხებზე ჰკიდია რაიონი. მისთვის მთავარი საზრუნავი საკუთარი ჯიბე და გამდიდრებაა. ასევეა ყველა, ვინც მისი მოყვანილია ადგილობრივ ხელისუფლებაში. სხვათა შორის, ნათესაური ნიშნით ხალხის მოყვანაზე ვსაუბრობდით და ამ ცქიტიშვილის და, თამარ ცქიტიშვილი, არის საკრებულოს აპარატის უფროსი, სიძე კი, გოჩა ჩალაძე, გამგეობაში მიწებს განაგებს. ამ ადამიანმა წალკის საუკეთესო მიწების გაყიდვა-გასხვისება-გაპარტახებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, მასზე იყო მინდობილი ყველაფერი. თვითონ დავით ცქიტიშვილს კი 30 ჰექტარი აქვს, მაშინ, როცა გლეხებს არც ერთი გოჯი არ გააჩნიათ.

_ როგორ ფიქრობთ, თქვენს რაიონში გამოძიება უნდა ჩატარდეს? რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ თქვენ მიერ დასახელებული თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?

_ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი კომისია ჩაატარებს მიწის ინვენტარიზაციას, ძალიან ბევრი დარღვევა გამოიკვეთება. ამჟამად, ხალხის განცხადებების საფუძველზე, ფინანსურ პოლიციას ამოღებული აქვს წალკის გამგეობის ყველა ფინანსური საბუთი და სწავლობს. პარალელურად რაიონის ყოფილი ხელისუფლება ცდილობს, სათავეში დარჩეს და მოდავე არავინ გამოუჩნდეს, მაგრამ თუ ცვლილება მოხდება, ახალი გამგებელი  აუცილებლად მოითხოვს აუდიტის ჩატარებას, რაც წინამორბედს, ცხადია, პრობლემებს შეუქმნის. ეს მათ იციან, ამიტომ ძალიან კარგი სქემა შეიმუშავეს: გამგებელი გადადგა და დარჩა «ნაციონალური მოძრაობის» რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად, მაჟორიტარი დეპუტატი გადავიდა კონსერვატორებში, მოიპოვა მათი მხარდაჭერა და ცდილობს, გამგებელი ჩაანაცვლოს მისთვის სასურველი კანდიდატით, საკრებულოს თავმჯდომარე კი დატოვოს თავის ადგილზე. გასულ კვირას იყო სხდომა და კანონის სრული უგულებელყოფით დააფუძნეს ახალი ფრაქცია «ჩვენი წალკა», რომელშიც «ნაციონალური მოძრაობის» 13 ყველაზე ერთგული წევრი შევიდა. აი, ზუსტად ამ ფრაქციაზე დაყრდნობით იბრძვიან ისინი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ასევე, ანალოგიური ვითარებაა ზეკარის საკრებულოშიც, მაქვს ინფორმაცია, რომ იქ ისინი შეეცდებიან, მათთვის სასურველი კანდიდატი გაიყვანონ…

_ კონკრეტულად ვინ?

_ ეს არის ვინმე ბესო ლაჩაშვილი, რომელიც ყოფილი «ნაციონალია» და სულ ორჯერაა წალკაში ნამყოფი.

_ დასასრულს რელიგიურ უმცირესობებზე გკითხავთ, ბოლო დროს ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემური გახდა: რა ხდება სინამდვილეში?

_ მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ საკითხს, იმდენად, რამდენადაც თვითონაც ვარ რელიგიური უმცირესობის, ანუ მაჰმადიანთა წარმომადგენელი. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად ინსპირირებული. ჩვენ წლების მანძილზე ქრისტიანების გვერდით ვცხოვრობთ და არასდროს მოსახლეობაში რამე დაპირისპირება არ მომხდარა. პირიქით, ყოველთვის ვესწრებით ქრისტიანულ დღესასწაულებს, ვულოცავთ ერთმანეთს და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

 წალკაში ექვსი მეჩეთია ამჟამად, არც ერთი მათგანის გახსნაზე ქრისტიანებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. შეიცვალა თუ არა ხელისუფლება, აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ ჯვარი მოიპარა, თურმე ვიღაცამ სიწმინდე შეურაცხყო და ა. შ. ვიმეორებ, ამას სპეციალურად აკეთებენ და ძალიან მიკვირს, რატომ არ აქცევს ასეთ ფაქტებს ხელისუფლება ყურადღებას.

_ რა ყურადღებას გულისხმობთ?

_ ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავე _ დასჯილი. ჩვენ ეს მოლოდინი გვაქვს. აქვე მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართო პრემიერ-მინისტრს: ბატონო ბიძინა, ნუ დაუმსხვრევთ ხალხს იმედებს, აღადგინეთ სამართლიანობა. ჩვენ მზად ვართ, გვერდით დაგიდგეთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წალკა გათავისუფლდეს «ნაცმოძრაობის» ოკუპაციისგან და რაიონი დაუბრუნდეს მოსახლეობას. წალკა დღეს, ფაქტობრივად, მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს, ამას მიხედვა უნდა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. 2013 ცლის 5 იანვარს საქართველოში დაგეგმილი იყო სამოქალაქო ომი, მაგრამ ჩაიშალა, დასავლეთის ეს გეგმა დღესაც მოქმედებს,ვეღარ უნდა გაიგოთ, რომ მიშა და ივანაშვილი ერთი ხელით, რომ იმართება? ეს ძალიან კარგად იცის ჩვენმა გაყიდულმა ინტელიგენციამ, დროზე მოეგეთ გონს ქართველებო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here