Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ღვინჯილია: წალენჯილეხი (წალენჯიხიდან წამოსული პოლიტიკური ჯილეხი) მასობრივად მოგვედო

ლევან ღვინჯილია: წალენჯილეხი (წალენჯიხიდან წამოსული პოლიტიკური ჯილეხი) მასობრივად მოგვედო

3300

ლევან ღვინჯილია საქართველოში ფართოდაა ცნობილი როგორც ქართული ენის შეუდრეკელი მეციხოვნე, სახელმწიფო ენის უკომპრომისო დამცველიმეცნიერი, პედაგოგი და, რაღა თქმა უნდა, საზოგადო მოღვაწე. კინაღამ დამავიწყდა, _ ჟურნალისტიც! მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ იგი კავკასიური ენების მკვლევარი, ანუ ფილოლოგკავკასიოლოგია და მისი ძირითადი პროფესია დაღესტნურ ენებთანაა დაკავშირებული, კერძოდ, დარგუულის სპეციალისტი გახლავთ და დიდი ქართველი ენათმეცნიერის არნოლდ ჩიქობავას მოწაფე. დღევანდელი საუბარი საქართველოს სახელმწიფო ენის გარშემო იტრიალებს, იმ ფენომენისა, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის მაჩვენებელია, მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად: იმ ტრიადაზე მოგახსენებთ, რომელიც ჭეშმარიტ ქართველობას გულსა და გონებაში აქვს გამჯდარი და ჩვენი გენეტიკური კოდია.

_ მივაღწიეთ კი ისეთ სუვერენიტეტს, ბატონო ლევან, როგორსაც ვესწრაფოდით, როცა ენის შესახებ კანონიც არ გვაქვს მიღებული?

_ ჩემთვის ქართული ენის სიწმინდისათვის ბრძოლა ისეთივე მოქალაქეობრივი მოვალეობა და გატაცებაა, როგორიც ნებისმიერი  სხვა ადამიანისთვისაც შეიძლება იყოს.

ილიას, როგორც პოეტს,  თავისი თავი ერის წინამძღოლად წარმოედგინა და ფაქტობრივად ასეც იყო ( «ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა»); თუმცა, მოგეხსენებათ, მაშინდელი საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირობებში ვინ უნდა წარუძღვეს ერს?

_ მით უფრო მაშინ, როცა ილია არა ჰყავს? დავუმატებ ამას და თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს თქვენვე გთხოვთ.

_ რა თქმა უნდა, ერს მის მიერ საყოველთაო თანხმობითა და წინგამხედავი გონიერებით არჩეული მერმისისაკენ უნდა მიუძღოდეს ქვეყნის ხელისუფლება, ის უნდა იყოს  მეგზურიცა და მეთაურიც, მაგრამ, იმავდროულად, სულ უნდა ახსოვდეს, რომ იგი თავისი ერის უზენაესი ნების გამომხატველია და არა მისი მბრძანებელი და «მმართველი».

ცნობილია, რომ ტერმინი «ერი», სულ ცოტა, ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული სემანტიკით გამოიყენება: 1. ჩვენში გავრცელებული, ტრადიციული მნიშვნელობით «ერი» – მონოლინგვისტური (ერთენოვანი), საერთო ისტორიისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანთა ერთობლიობაა და, როცა ვახსენებთ, მაგალითად, «ქართველ ერს», ასეთ კონტექსტში მასში (სიტყვა «ერში») მოიაზრება მხოლოდ იმ ადამიანთა ერთობლიობა, ვისთვისაც მშობლიურია ქართული ენა; ხოლო, 2. როცა ვამბობთ, «ფრანგი ერი» ან «ამერიკელი ერი», აქ სიტყვა «ერი»  უდრის  შესაბამისი ქვეყნის «მოქალაქეს», მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა.

ენა სამყაროს აღქმის, მასთან ურთიერთობის საშუალებაა და, ამდენად, ქართველია ის, ვინც ქართულ ენაში ცხოვრობს.  თვალსაჩინოებისათვის ერთ უმარტივეს მაგალითს დაგისახელებთ:  მცენარე «მრავალძარღვას» რუსულად «პოდოროჟნიკი» ჰქვია _ გზების პირას აღმოცენებული. როგორც ხედავთ, ქართველი და რუსი ერთსა და იმავე მცენარეს სხვადასხვა ნიშნით, განსხვავებული მოტივაცით არქმევს სახელს. ასეთი მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება, ესაა გარესამყაროს აღქმის განსხვავებულობა.

ენა და ხალხური სიმღერა არის ის ორი უმნიშვნელოვანესი ფენომენი, რომელთაგანაც  ერის ბუნება, მისი ხასიათი ყალიბდება (არნოლდ ჩიქობავა). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ენა=ერს! (ოტია იოსელიანი).

_ . . ერის მეობა და სუვერენიტეტი ამ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა. მივაღწიეთ ამას?

_ ვერა. ვერ მივაღწიეთ. თუმცა ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში მოქმედებდა ინსტიტუციური სტრუქტურები პარლამენტშიც, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც, უმაღლეს სასწავლებლებსა თუ აკადემიურ სამეცნიერო დაწესებულებებშიც.

ქართული ენის დაცვისა და მოვლა-პატრონობისაკენ მიმართული იმდროინდელი სახელმწიფოებრივი ზრუნვა, რაოდენ პარადოქსულადაც გინდა  ჟღერდეს, დღევანდელ, სუვერენულ, დამოუკიდებელ საქართველოში სანატრელი გამხდარა და, სამწუხაროდ, ამ დასკვნაში არაფერია გადაჭარბებული. ამას თუ კარგად არ გავიაზრებთ, ჭეშმარიტი სუვერენიზაციის გზით ვერ წავალთ.

ქვეყნის პრეზიდენტს არაერთგზის ამაყად და რიხიანად  განუცხადებია, რომ მას ქართველი ერის წაყვანა სურდა სინგაპურისკენ, სადაც ე. წ. ძირითადი მოსახლეობა მხოლდო 17 პროცენტია, სახელმწიფო ენა კი _ ინგლისური (შეტანილი).

თითოეული ტრადიციული ერი კაცობრიობის სახეობაა, მაგრამ გვხვდება გამონაკლისებიც. მაგალითად, აშშ არ არის კაცობრიობის სახეობა. იგი სამშობლოს უარმყოფელი ადამიანების მიერ შექმნილი ქვეყანაა (შოთა ნადირაშვილი). ეს კი «უხერხდება» მხოლოდ იმას, ვისთვისაც ისტორიული, ტრადიციული სამშობლო არაფერს ნიშნავს, ვისთვისაც უმთავრესია სახელმწიფოებრივი ტერიტორია, სოციალური კეთილდღეობა და მოქალაქეობრივი უფლებების შეუბღალაობა.

_ ჩვენ რა გვსურს?

_ ეგ უნდა გავარკვიოთ: გვინდა ჩამოვაყალიბოთ კარგად განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება და, შესაბამისად,  უარი ვთქვათ ეროვნულ განსხვავებულობებსა და თავისებურებებზე, თუ პირიქით _ შევქმნათ ძლიერი ეროვნული სახელმწიფო, რომელშიც სამოქალაქო ღირსება-ღირებულებანი იქნება სათანადოდ დაცული?

ეს ერთი და იგივე არ არის და ერთმანეთს ვერ ფარავს.

_ მაგრამ ამერიკაში მოხერხდა.

_ მოხერხდა იმიტომ, რომ იქ თავი მოიყარეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა ადამიანებმა…

_ რომელთაც ეროვნულობის ტვირთი არ ამძიმებდა.

_ დიახ, ასეა. საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, იტალიიდან… ჩასული ადამიანები ერთმანეთთან საერთო ენას ვერ გამონახავდნენ, ერთ ენაზე რომ არ შეთანხმებულიყვნენ და «ჯეფერსონის ქაღალდიდან» რომ არ დაეწყოთ ქვეყნის მშენებლობა. როცა შენ ქვეყანას ქაღალდზე აფუძნებ, მაშინ, რასაც ამ ქაღალდზე დაწერ, ის იქნება შენთვის უმთავრესი სახელმძღვანელო დოკუმენტი.

მაგრამ თუ შენ, როგორც ერს, სახელმწიფო დაგიფუძნებია  რამდენიმე ათასწლეულის წინ, იმ უხსოვარი დროიდან უწყვეტად და დღემდე მოგყვება მხოლოდ ენა, როგორც დუღაბი სახელმწიფოებრიობისა, «ბურჯი ეროვნებისა», ყველაფერი დანარჩენი კი წყდება, იცვლება, კვდება და იკარგება, ამიტომაც ამ ერთადერთს თვალის ჩინივით სჭირდება გაფრთხილება.

_ მაგრამ არ ვუფრთხილდებით!..  ჩადგა კი ბუნებრივ კალაპოტში ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება?

_ ვერა. ჯერ _ ვერა!  კარგი იქნება, თუ იმას, რასაც ახლა ვიტყვი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაიჯესტის სახით მაინც მოახსენებენ.

მე გახლდით «ქართული ოცნების» სახელმწიფო ენის ქვეჯგუფის კოორდინატორი,  ანუ ერთ-ერთ თემატურ ჯგუფში, რომელსაც ჩემს იქ მისვლამდე ერქვა «განათლება, კულტურა, მეცნიერება», შემდეგ «ენაც» დაემატა და ეს სიტყვა, ჩემივე წინადადებით, ჩამონათვალის თავშიც დაჯდა (ენა, კულტურა, განათლება, მეცნიერება). ამასთან დაკავშირებით ასეთი ხუმრობაც გავრცელდა:  ღვინჯილიამ ბიძინა ივანიშვილს შეუთვალა _ ენა გამომიყავიო და იმანაც გამოუყოო…

ამ ქვეჯგუფის მცდელობით «კოალიციის» საარჩევნო პროგრამაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩაიწერა ის, რაც მანამდე არც ერთ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას არ ჰქონია აღნიშნული (გარდა «თავისუფალი საქართველოსი»). ამჯერადაც შემიძლია ნებისმიერ პარტიას ვურჩიო: თუ ხელისუფლებაში მოსვლასა და ერის წინამძღოლობას აპირებთ, ეს განზრახვა მხოლოდ სახელმწიფო ენაზე განსაკუთრებული ზრუნვის გამოჩენის შემთხვევაში იქნება წარმატებული.

ერის ხერხემალი მისივე სახელმწიფო ენაა და ამის უგულებელყოფას სწორედ ისეთ უხერხემლო სახელმწიფომდე მივყავართ, საითკენაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში გულმოდგინედ მიგვაქანებდა საქართველოს აწ უკვე თითქმის ყოფილი ხელისუფლება.

 სხვათა შორის, ენასაც აქვს საზღვრები და ტერიტორიები, თანაც ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორიაა. ამ ტერიტორიების დიდად მნიშვნელოვანი ნაწილი დასაბრუნებელი გვაქვს, ისე, როგორც ეს ისრაელმა მოახერხა. კომპიუტერული ტექნიკის გარდა, ენობრივი ტერიტორიები დასამკვიდრებელი გვაქვს საერთაშორისო გლობალურ ქსელებში, სადაც  პრეტენზიები ჩვენს «იქაურ» ტერიტორიაზე ჯერ არც კი გამოგვიცხადებია;  ხოლო დღევანდელ მსოფლიოში უამისოდ სრულფასოვან ერად ვერასგზით ვერ  ჩამოვყალიბდებით.

ჯერჯერობით კი ჩვენი ხელისუფლება (ახლანდელიც და ყოფილიც!) პრიორიტეტულად ზრუნავს ისეთ ფენომენებზე, რომელთაც «მსუყედ ჭამისა და კეთილდღეობისაკენ სწრაფვას» ვეძახი. უამისოდ ადამიანი, ცხადია, ვერ გაძლებს, მაგრამ საჭმლის მომარაგება და კომფორტის მოწყობა  ჩვენი ცხოვრების მიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ საშუალება მიზნის განსახორციელებლად.

_ მიზანი რა არის?

_ მიზანი უნდა იყოს ერის წინამძღოლობა და მისი მარადიული არსებობის უზრუნველყოფა. ერი მარადიული ფენომენია, სანამ მის სიცოცხლისუნარიანობაზე ვზრუნავთ და, როცა მას უჭირს, დაუყოვნებლივ უნდა მივეშველოთ.

_ კერძოდ?

_ უნდა მივეშველოთ მისი მეობის განმსაზღვრელი უმთავრესი ფენომენის, სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის განმტკიცებით.

_ ეს გაუნათლებლობისა და მიმბაძველობის მიზეზითაც ხდება. ხომ ცნობილია, რომ ყოფილი ხელისუფლება პოლიციურ სახელმწიფოს აშენებდა და პოლიციური ოქმების ენა ისე დამკვიდრდა ქართულში, რომ ლამის ნორმად იქცა. დღემდე გვესმის, რომ პოლიციელებმა დააკავეს «პიროვნება». აბსოლუტურად არ იციან სიტყვა «პიროვნების» მნიშვნელობა. დღემდე ყურს ჭრის «რა დროსაც», «როცას» ნაცვლად და ამგვარ  ტერმინთა  გვირგვინი: «იგი (ვიღაც დამნაშავე) დედის გინების რეჟიმში იმყოფებოდა»…

_ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს განაცხადა, რომ მისი მთავრობა საგანგებოდ იზრუნებს სახელმწიფო ენაზე. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა გარანტირებული იყოს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი.

არის  კი დღეს გარანტირებული ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, კონსტიტუციური სტატუსი?

არათუ არ არის გარანტირებული, მარტივად გეტყვით, ფეხქვეშაა გათელილი.

მზად ვარ, ამ სიტყვებისთვის პასუხი მაგებინოთ! მე ბრალს ვდებ არა მხოლოდ საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას (ახლანდელს ჯერჯერობით პასუხს ვერ მოვთხოვთ: ორიოდე თვეა, რაც მოღვაწეობას შეუდგა), არამედ  თბილისის მერიას (პირადად მერს _ გიორგი უგულავას, მოფერებით გიგის რომ ეძახიან), რომელსაც მოქმედი კანონის საფუძველზე უშუალოდ ავალია ამ საკითხებზე ზრუნვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის შესახებ არც კი სმენია. სახელმწიფო ენას აბუჩად იგდებს დედაქალაქის საკრებულო და მისი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი (მწერალი მაინც არ იყოს!), რომელსაც ასევე ავალია მეთვალყურეობა კანონის აღსრულებაზე, სახელმწიფო ენას აბუჩად იგდებს პარლამენტი _ ძველიც და ახალიც, მეწარმეებმა ხომ ლამის ზედ ფეხები გაიწმინდონ!

_ ენის კანონი კი ჰაერშია გამოკიდებული!

_ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ენის კანონის პროექტი ჯერ მთავრობის სხდომაზე წარვადგინეთ, შემდეგ პარლამენტშიც  დავიწყეთ მისი განხილვა და… ამასობაში  კიდევაც მოხდა ე.წ. ვარდების (არავითარი) რევოლუცია, რომელსაც მე პოლიტიკურ წალენჯილეხს ვეძახი.

_ რაო, რაო?

_ წალენჯილეხი! ანუ: წალენჯიხიდან წამოსული (პოლიტიკური) ჯილეხი. მასობრივად მოგვედო წალენჯილეხი და განათლების მაშინდელმა მინისტრმა ლომაიამ მოიპარა (მის სახელს არ ვახსენებ: ვიღაცას ჰგონია, კახაა, სინამდვილეში ალექსანდრე რქმევია, მაგრამ ჩემთვის არსახსენებელი კაცია საქართველოში და ქართულ პოლიტიკაში) თუ მოაპარინა ეს კანონპროექტი. უცნაურია: პარლამენტიდან ჩუმად გაიტანეს დოკუმენტი, რომლის განხილვა დაწყებული იყო. როგორ მოხდა ეს, ზუსტად არ ვიცი. ალბათ, ნინო ბურჯანაძემ იცის, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, რომელსაც საჯაროდ რამდენიმეჯერ მივანიშნე ამის თაობაზე, მაგრამ ქალბატონმა ექსსპიკერმა დუმილი ამჯობინა. ამ კანონპროექტს მთელი ევროპა ჰქონდა მოვლილი, ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა ხელში გაიარა, ჰქონდა დასტური ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარიატისა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ პროექტით საქართველოში არაქართულენოვან მოსახლეობასთან ენობრივი ურთიერთობის პრობლემები საერთაშორისო სტანდარტების დონეზე გვქონდა გადაწყვეტილი; მე პირადად ვმონაწილეობდი კანონპროექტის დამუშავებაში აქაც და ჰააგაშიც.

ანლოგიური ენობრივი პრობლემები ელექტრონულ თუ ბეჭდურ მედიაში, განსაკუთრებით კი, გაზეთებში _ «ქრონიკასა» და «საქართველო და მსოფლიოში», არაერთხელ წამომიყენებია, მაგრამ, სამწუხაროდ, ადრესატთაგან გამოხმაურება არანაირი არ მოჰყოლია.

საბრალდებო დასკვნებივით არის დადებული კანონდარღვევათა ფაქტები. ახლა კი ამბობენ, რომ პრესაში გახმაურებულ ფაქტებზე პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოსო. ღმერთმა ქნას!

_ . . ჩვენ მივდიოდით სუვერენიტეტისკენ და, ენისადმი დამოკიდებულებით თუ ვიმსჯელებთ, ჯერ კიდევ გზაში ვართ?

_ ანუ, ენობრივი თვალსაზრისით, ამ მხრივ ჯერ წინ ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს: ენათმეცნიერების ინსტიტუტი თითქმის განადგურდა, ლექსიკონები აღარ გამოიცემა, ტერმინოლოგიები აღარ მუშავდება,  აღარაფერს ვამბობ იმაზე, მეზობელ კავკასიელ ხალხებთან ჩვენი ლინგვისტური ურთიერთობის საკითხები რომ მოირღვა და მოიშალა, გაუქმდა: საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია (სიტყვა «მუდმივმა», ბუნებრივია, პრეზიდენტი სააკაშვილი ვერ შეაკავა), პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  _  ენის სახელმწიფო პალატა, სახელმწიფო ენის (საპარლამენტო) ქვეკომიტეტი…. და, თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ დავიწყეთ ზრუნვა ენის სტატუსის განმტკიცებაზე, ერთი წლით დაგვიანებამ შეიძლება ათი წლით უკან დაგვწიოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ თავის დროზე ანტონ კათალიკოსმა, სამი სტილის თეორია რომ შემოიღო, ასი წლით შეაფერხა ქართული ენის ბუნებრივი განვითარებაო.

_ სააკაშვილის ქართულმა ხომ აგვაყვავა!

_ (ეღიმება) ჩვენ ასე ადვილად ვერ გავქრებით, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ქართველი ერი გონს მოეგება.

ბატონი არნოლდ ჩიქობავა ამბობდა: თუ მცდარმა ენობრივმა ერთეულმა მოიპოვა სოციალური სანქცია, მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით, ის ვაღიაროთ, როგორც ნორმატიული ფორმა. შეიძლება ენამ გამოიყენოს ინოვაციები და ამის საფუძველზე კიდეც განვითარდეს, მაგრამ ტერმინ კოაბიტაციის დამკვიდრების მომხრე არ ვარ, რადგან ქართულში არსებობს მისი შესატყვისი თანაცხოვრება და თანაარსებობა. ვიღაცა კეკლუცობს ამ ფრანგული ტერმინის ხშირი (თანაც, დამახინჯებული _ კოჰაბიტაცია) გამოყენებით, მაგრამ ამ დროს იმაზე არც კი დაფიქრებულა, რომ კოაბიტაციის ხმარებით, სახლ-კარს უნგრევს და დევნის ქართულ თანაარსებობას, აძევებს მას თავისი ბუნებრივი ადგილსამყოფელიდან.

_ ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი მითხარით.

_ კი, ბატონო! (პაუზა). ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო დაწესებულებანი, რომლებშიც ქართულ ენას ასწავლიან, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს არანაირი სახელმწიფო დაწესებულება თუ უწყება, რომელიც გააკონტროლებდა და დაიცავდა «ქართულ ენაში მოძრაობის წესებს».

ამისთვის კი სასურველია, რომ პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გამოხატული ნება უცილობლად განხორციელდეს! ამას კი სჭირდება ბატონ ბიძინასთან ჩემი არცთუ ხანგრძლივი საუბარი, რის შემდეგაც, სურვილის შემთხვევაში,  სულ მალე ამუშავდება სამსახური, რომელსაც, პირობითად, შეიძლება ეწოდოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი,  ადრე ერქვა ენის სახელმწიფო პალატა (არც ესაა ურიგო დასახელება!); როგორ უნდა მოქმედებდეს ის, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს სასწავლო თუ სამეცნიერო ინსტიტუტებთან, ხელისუფლების ორგანოებთან, პარლამენტთან, სამეწარმეო სუბიექტებთან… _ ეს ყველაფერი მოფიქრებული და გააზრებულია. ამის გამოცდილებაც არსებობს განვითარებულ ქვეყნებში.

კანადაში, სხვათა შორის, ენის დაცვა ომბუდსმენის მოვალეობაა და ეს სფერო მის სამოქმედო არეალში შედის. კანადაშივე არის ოფიციალურ ენათა უმაღლესი კომისარიატი, რომელსაც სათავეში უმაღლესი კომისარი უდგას და ქვეყნის ათ რეგიონში ჰყავს თავისი წარმომადგენლობა. არის ამგვარი  პრეცედენტები ბალტიისპირეთშიც, საფრანგეთშიც. თითქმის ყველა თავმოყვარე ქვეყანა, რომელმაც იცის, როგორ უნდა მოუაროს თავის თავს, საქმეს იწყებს ენაზე ზრუნვით, რადგანაც, როგორც ვთქვით, ერის მეობის გადარჩენა თუ გვინდა, ენაზე უნდა ვიზრუნოთ.

თუ ჩვენ გვინდა, გვყავდეს დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ერი, ასე უნდა მოვიქცეთ; ყველა სხვა საზრუნავი ამაზე უნდა აეწყოს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ბატონო ბიძინა, გეთაყვა, ეგებ შეძლოთ ერთი საათის გამოყოფა თქვენი გადატვირთული დღის რეჟიმიდან და მოუსმინოთ ბატონ ლევან ღვინჯილიას. დარწმუნებით ვიტყვი: ეს შეხვედრა ეროვნულ საქმეს წაადგება.

 

1 COMMENT

  1. სრულიად ვეთანხმები ბატონ ლევანს! და ჩემი თანხმობა რად უნდა, როცა დღეს ბატონ ლევანზე არამც თუ უფრო უკეთესი,არამედ ერთადერთია ქართული ენის უბადლო სპეციალისტი და სახელმწიფოებრივი დონის "მეციხოვნე"!

  2. ჯილეხი, ინფექცია, სიმსივნე_ კლასიკური პოლიტიკური ფრაზებია. ველოდები ციმბირის წყლულის დამკვიდრებას. თქვენს მოგვარეს _ იურა ღვინჯილიას რა ეპითეტს მიუძღვნიდით ბატონო ლევან?

  3. აგაშენა ღმერთმა.ოცი წლის განმავლობაში ენა დამახინჯდა კუთხური ლექსიკით და უცხო სიტყვებით.ბატონო ლევან, გთხოვთ მრავალი ადამიანი გააერთიანოთ ენის დასაცავად.

  4. ბ–ნო ლევან მართლაც უმძიმესი დღეები უდგას ქართულ ენას!ახალი მთავრობა ვალდებულია,რომ დაიცვას და მოუაროს მას!…

  5. ბატონო ჯუმბერ, ენა კუთხური ლექსიკით მდიდრდება. თუკი ენაში ესა თუ ის (ახალი მნიშვნელობის აღმნიშვნელი) სიტყვა არ მოიპივება, პირველ რიგში მიმართავენ დიალექტს, ხოლო წარუმატებელობის შემთხვევაში შემდგომ უკვე უცხო ენებს და იქიდან სესხულობენ. ეს მაშინ, როცა ენაზე მუშაობა მიმდინარეობს და მას უვლიან. ჩვენში (კარგ ძარღვიან) დიალექტს რომ ხმარობდნენ, რაღა გვიჭირს! არა, ჩვენში უხეიროდ ნათრგმნი, კალკის გზით შემოსული, დაუფიქრებელი ანალოგიური კონსტრუქციები და ბევრი სხვა მსგავსი სივერანე ენას სასიკვდილოდ ემუქრება.
    ჩვენ ახლა ვიმკით იმ უთვალავ უბედურებათა შედეგს, 90-იანი წლები, გაუთავებელი გაუთვლელი რეფორმები, მომხვეჭველობა, ცრუ ქრისტიანობა, ფსევდო პატრიოტიზმი, წიგნ-შემგროვებლობა ნაკითხობის მაგიერ და სხვა უამრავი მსგავსი უბედურება რომ ჰქვია, რომელ ერთი ჩამოვთვალო.
    დროც არის და საჭიროებაც მოითხოვს, რომ ქართული ენა და არა სექტას დამსგავსებული ფსევდო ეკლესია და უტვინო მმართველთა თავადწოდებული ელიტა აერთიანებდეს ქართულ სახელმწიფოს, ჩემს ქვეყანას!

    პატივისცემით საზღვრების გარედან

  6. აგაშენათ ღმერთმა! ვფიქრობ საქმეა საჭირო,საქმე! მაგრამ საქმეს ეროვნული მთავრობა სჭირდება,საქართველოში კი ერთ მოღალატე პარტიას მეორეთი ცვლიან(ე.წ.ჩვენი პარტნიორები). ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ ვფიქრობდი რომ დავბრუნდებოდი საქართველოში,რაც ამჟამად შეუძლებელად მიმაჩნია….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here