Home რუბრიკები პოლიტიკა ლუკა კურტანიძე: ბრძოლა რეჟიმის გაიძვერა ნარჩენებთან გრძელდება

ლუკა კურტანიძე: ბრძოლა რეჟიმის გაიძვერა ნარჩენებთან გრძელდება

852

მიმდინარე გაშმაგებული დაკითხვებისა და დაკავებების მიუხედავად, «ნაცმოძრაობის ლომები» განსაცდელს არ უშინდებიან. ამერიკელი მაღალჩინოსნების მწვავე განცხადებებით გულმოცემული «ვარდოსნები» ხელისუფლებას კრიტიკის ბალღამს არ აკლებენ. უშიშრად იხდის კუთვნილ სასჯელს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაიაც, მედგრად იტანს ავლაბრის რეზიდენციის კედლებში დაბუდებულ სიცივეს პრეზიდენტი სააკაშვილი და აუღელვებლად პასუხობს პროკურატურის «მოსაბეზრებელ» შეკითხვებს ვანო. ამ უკანასკნელის «გაუტეხლობამ» «საზოგადოების» ერთი ნაწილიც ისე აღანთო, რომ დაკითხვიდან გამოსულს შენობასთან გულშემატკივართა არმია, თეა თუთბერიძის «დირიჟორობით», მხურვალე აპლოდისმენტებით დახვდაფაქტია, რომ «ქართული ოცნების» წარმომადგენელთა მოლოდს, თითქოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ «ნაციონალური მოძრაობა» მტვერივით გაიფანტებოდა, ჯერჯერობით გამართლების პირი არ უჩანს. თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის მიერ წინა კვირას პარტიულ ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებას, მომავალ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთო, «ვირის აბანოში» გადაბარგებული «ნაცები» ოპტიმიზმს მაინც არ კარგავენრა შედეგები შეიძლება მოიტანოს საბოლოოდ მიმდინარე დაკავებებმა და აქვს თუ არა შანსი აწ უკვე ყოფილ ხელისუფლებას, ქვეყნის სათავეში ხელმეორედ დაბრუნდეს, ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე.

_ ბატონო ლუკა, უწინარესად, გილოცავთ ფედერაციის პრეზიდენტობას. წინა ხელისუფლების დროს ეს ორგანიზაცია, ძირითადად, «ნაციონალური მოძრაობის» ხელის ბიჭებით იყო დაკომპლექტებული. რას აპირებთ და რა ცვლილებები გაქვთ დაგეგმილი?

_ პირველ რიგში დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში არ მაკლდა თქვენი რედაქციისგან. როდესაც ადამიანები იჩაგრებოდნენ სიმართლის თქმისთვის, ამ ბრძოლაში თითოეული თქვენგანი პრინციპულად  იდგა მართალი ხალხის გვერდით, რამაც საბოლოო გამარჯვებამდეც მიგვიყვანა. მე ქართველ ხალხს შევპირდი, რომ, სადაც უნდა ვიყო, რა სახელმწიფო დავალებაც უნდა მქონდეს, ჩემს ცოდნას, გამოცდილებას გადავცემდი მომავალ თაობას. ღვთის წყალობით, სიტყვას ვასრულებ: დღეს ზუსტად იქ ვარ, სადაც ყველაზე მეტად დავიხარჯე, ამიტომ ახლა საფუძველს ვუყრი იმას, რომ ყველაფერი იყოს ახლებურად, დაინერგოს რაც შეიძლება მეტი ნოვაციები და მათ, ვისაც სურს, მიაღწიოს წარმატებას, შევუქმნათ უკეთესი პირობები. ფედერაციაში, რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემები არსებობდა, მათი დიდი ნაწილი ახლაც გადაუჭრელია და რეჟიმი, რომელიც გვქონდა წინა ხელისუფლების სახით, მას თავის სასარგებლოდ იყენებდა. ეს ყველამ კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, თავს ვთვლი ვალდებულად, უწინარესად, ამ სიბინძურეებისგან გავათავისუფლო ქართული ჭიდაობა და საზოგადოებას დავუბრუნო ის კუთხე, ის სფერო, რომელსაც მისთვის ათწლეულების განმავლობაში სიხარული მოჰქონდა.

_ რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ ფედერაციაში რამე ფინანსური დარღვევები იყოს? აპირებთ თუ არა აუდიტის ჩატარებას?

_ ჯერჯერობით ჩვენ ვეცნობით იმ სიტუაციას, რომელიც დაგვხვდა და საფუძვლიანად ვარკვევთ ვითარებას. წლების განმავლობაში აქ ზედაპირულად თუ სიღრმისეულად ყველაფერი ბინძურად კეთდებოდა, ამიტომ ცხადია, სამუშაო ბევრია. გასარკვევია, თუნდაც საიდან ფინანსდებოდნენ გარკვეული ადამიანები, იგივე ის ე. წ. ზონდერბრიგადების წარმომადგენელი ვაჟბატონები; რის საფუძველზე ახდენდნენ საზოგადოებაზე ზეწოლას, რით იყვნენ დაინტერესებული და ა. შ. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ ეს არის სწორედ ის დავალება, რომელსაც საზოგადოება მკარნახობს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიო, სად არის ის სათავე, რომლიდანაც ეს სიბინძურე მოდიოდა; არაერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ჩვენი ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა გაიძვერა სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებთან გრძელდება. მე პირადად ყველა ღონეს გამოვიყენებ სიმართლის დასაცავად, საიდანაც კი ხელი მიმიწვდება, ხელი კი ლუკა კურტანიძეს, დამერწმუნეთ, ბევრგან მიუწვდება…

_ წინა კვირას, როცა საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად თქვენ აგირჩიეს, «ნაცმოძრაობის» პროპაგანდისტებმა სოციალური ქსელები ააჭრელეს უარყოფითი განცხადებებით. ყველა ერთსა და იმავეს ამტკიცებდა: პოლიტიკური ნიშნით აირჩიესო. რას უპასუხებთ მათ?

_ მე ამ ცრუპენტელა პროპაგანდისტებს მაგალითებით ვუპასუხებ: მათმა სათაყვანებელმა «ნაცხელისუფლებამ» ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად დანიშნა გურამ აფსნაძე. მითხარით ახლა: სად ის და სად ნონა გაფრინდაშვილი?! ქალბატონი ნონა გაწიეს, მოგეხსენებათ. შემდეგ,  კრივის ფედერაციაში ასევე განზე გაიყვანეს დათო კვაჭაძე, პრეზიდენტად კი აირჩიეს პეტრე ცისკარიშვილი. ან კიდევ: სად გია ნაცვლიშვილი და სად ლერი ხაბელოვი? მოკლედ, რომელი ერთი ჩამოვთვალო? «ნაციონალებს»  მართლა მცოდნე და კვალიფიციური ხალხი არ სჭირდებოდათ, უნდოდათ მხოლოდ ყურმოჭრილი, ერთგული და უღალატო მონები. ჩვენი მიდგომა ეს არაა, ჩვენ გვინდა, რომ პროფესიონალები დაუბრუნდნენ საქმეს.

_ კრიტიკას მაინც არ გაკლებენ, პროპაგანდა თავისას შვრება.

_ ჰოდა ვუპასუხებ: გიორგი რამიშვილი, მეტსახელად ზარალა, რომ დანიშნეს რომელიღაც სასრიალო დარბაზისა თუ ფედერაციის პრეზიდენტად, სად სპორტი და სად ზარალა?! საერთოდ, ყველაფერი ხომ შედარებითია. შე დალოცვილის შვილო, მე ხომ არ მოვდივარ და არ გეუბნები, სილქნეტი ჩემია-მეთქი? მე გეუბნები, მსოფლიო ჩემპიონი ვარ, შენზე უკეთ ვიცი ეს საქმე და დამანებე…

_ გასულ კვირას «ნაციონალური მოძრაობის» პარტიულ ყრილობაზე სააკაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა ქართული ოცნება და განაცხადა, რომ ის არათუ პოლიტიკიდან არ აპირებს წასვლას, არამედ მომავალში დამაჯერებლად დაბრუნდება ხელისუფლებაში. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ განცხადებამ?

_ მარტივად გეტყვით, ეს იყო აგონიაში მყოფი ადამიანის საუბარი, ბოდვა, რომელიც რეალობიდან ძალიან შორსაა. ესენი უკვე ყველა ზღვარს გადასცდნენ, ბოლო მეწაღე არ ილაპარაკებს ალბათ იმ სიტყვებით, რომლებიც მან დააფრქვია. ზუსტად ესაა, _ ნამდვილად პოლიტიკური «საპოჟნიკია» დღეს სააკაშვილი და ამას უყურებს მთელი მსოფლიო. სირცხვილი და თავის მოჭრა მათი, სასჯელად ესეც ეყოფათ.

_ თუ კი მსოფლიო ამ ყველაფერს ხედავს,  ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით ამერიკელი პარტნიორები მიმდინარე დაკავებებს პოლიტიკურ დევნად რატომ აფასებენ?

_ როცა ცრუპენტელა სააკაშვილი ჩავიდა დასავლეთში და იქ ხალხს შავი თეთრად მოაჩვენა, რის გამოც რასმუსენი პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან კარგი განცხადება. მან მიმართა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ ჩამოვიდნენ და ადგილზე გაეცნონ საქმის ვითარებას, გაუწიონ მიმდინარე პროცესს მონიტორინგი. ამის შემდეგ უამრავი კითხვა მოიხსნა. ჩვენ დღეს გვიხდება ბევრი ბარიერის გადალახვა, იმიტომ, რომ, ვაღიარებ, «ნაცმოძრაობის» პროპაგანდა ისევ მუშაობს. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, ჯერჯერობით მმართველობის გარკვეულ სათავეებში არიან ისეთი გაიძვერები  როგორიცაა, მაგალითად, გიგი უგულავა, რომელიც რიტორიკით არაფრით განსხვავდება სააკაშვილისგან, და კიდევ უამრავი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაინც თავისას შვრება, მაგრამ, ვიმეორებ: თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, კეთილისმსურველები გაითვალისწინებენ ბატონი ბიძინას შეთავაზებას და ჩამოვლენ აქ, რათა თავიანთი თვალით ნახონ, სინამდვილეში რა ხდება, დარწმუნებული ვარ, მათ კითხვები აღარ გაუჩნდებათ.

_ დასასრულს, სოჭის ოლიმპიადაზე გკითხავთ, წინა ხელისუფლება ამ ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებდა და ვინც მასში მონაწილეობაზე გაბედავდა საუბარს, რუსეთის აგენტად რაცხავდა. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

_ ჩვენ, ყველანი, ამათთვის, მოგეხსენებათ, ყოველთვის ვიყავით «რუსეთის აგენტები» და გახსოვთ, ამაზე რა კამპანიაც მძვინვარებდა წინასაარჩევნო პერიოდში. მათ რიტორიკა არ შეუცვლიათ, ისევ იგივე სახეებია, იგივე განცხადებები გვესმის. ასე რომ, არაფერი ამ შემთხვევაში განსაკუთრებული არ ხდება, ვხედავთ იმას, რასაც წლების მანძილზე ვუყურებდით.

თქვენ ნახეთ გაგიჟებული აკო მინაშვილი აღშფოთებულ ხალხს როგორ აგინებდა და ღვარძლით გაჰკიოდა. აკო მინაშვილი ქუთაისში დაცვით რომ არ ყოფილიყო, მისგან არაფერი დარჩებოდა, შეიძლება, მარტო სათვალე ეპოვათ. აი, ამ გაიძვერებისგან გვესმის დღეს ჩვენ კრიტიკას და ჭკუის დარიგებას, იმის ნაცვლად, რომ სადმე დაიმალონ. კი, ბატონო, ილაპარაკონ რამდენიც უნდათ, ყველაფერს ვისმენთ, ვხვდებით მშვიდად და ამავე დროს ყველაფერს ვიმახსოვრებთ…

რაც შეეხება ოლიმპიადას, აქ პოზიცია, ალბათ, ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენას…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here