Home რუბრიკები საზოგადოება წეროვანის გეტო _ ბილეთი ნიურნბერგამდე!

წეროვანის გეტო _ ბილეთი ნიურნბერგამდე!

1064

ჰოოორ წელზე მეტი დრო გავიდა, რაც აქ არ ვყოფილვარასფალტის ეს თხელი ფენა უთუოდ არჩევნების წინ დააგეს. ნეტავ, რამდენ ხანს გაძლებს _ არ დასკდება და ბზარნაპრალებით არ «მოიქარგება»? მაშინ, აგვისტოს პაპანაქებაში, ვინანე სახლში დარჩენილ კეპზე. თაკარა მზისგან საშველი არ ჩანდაჩრდილს ხომ მხოლოდ ამ ბარაკების ირგვლივ დათესილი სიმინდი და წეროვანის ჭაობიანი ველის ლელქაში იძლეოდა.

ნამდვილად შეიცვალა «ვანოგრადი» _ ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დასახლება. «ნაციონალების» არქიტექტორები ვერ გასცდნენ საკონცენტრაციო ბანაკების მშენებლობის კლასიკურ კანონებს _ გეომეტრიულად სწორ ქუჩებს და ბარაკების «შესაშურ» ერთფეროვნებას, რაც, საბოლოო ჯამში, დამთვალიერებლის გულში ღრმა სევდას და თვითმკვლელობაზე დაფიქრებასაც კი იწვევს. თუმცა ბანაკის სიმკაცრე უკვე ადგილ-ადგილ დარღვეულია მინაშენებით, ხეხილითა და ქრიზანტემებით, რომლებიც აფერადოვნებს დევნილთა კარ-მიდამოს.

დეკემბრის შუადღეა. ისევე, როგორც უწინ, დასახლება მიტოვებული ადგილის შთაბეჭდილებას ტოვებს. საიდან დავიწყო? «მწვანეებიდან»? აქ ხომ, ბარაკების ფერით ხდება ადამიანთა დახარისხება. «მწვანეები»  ყველაზე დაჩაგრულები არიან, თუმცა ასეთივე აზრისანი არიან საკუთარ თავზე «ვარდისფრებიც» და «ცისფერებიც»! ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ყველა მართლია!

_ მოდი, ბაბუ, მოდი! რაღაც, უაზროდ დადიხარ აქა-იქ! _ მეძახის «მწვანე ბარაკის» წინ მჯდომი მოხუცი. _ უკვე ორჯერ «გაზომე» აი ქუჩა. ეძებ ვინმეს?

_ სიმართლის მთქმელს ვეძებ, ბატონო! ხომ ვერ დამეხმარებით? _ მეც ვყვები უცნობის სახუმარო ტონს.

_ ააა, გასაგებია ვინცა ხარ, ბაბუ! გაზეთიდან, არა? შენნაირები აქ ბევრი მოსულა, მაგრამ ჩვენი საშველი არ ჩანს! მაინც შემოდი, ჩამოჯექი. ჩვენს სათქმელს რა გამოლევს!

გივი აბუციძე

_ ვცხოვრობდი ყოფილი ცხინვალის რაიონის, ყოფილ სოფელ აჩაბეთში…

_ რატომ «ყოფილ სოფელ აჩაბეთში»?

_ აღარაა სოფელი!.. მიწასთანაა გასწორებული… ძალიან კარგად ვცხოვრობდით, ხილი გვქონდა, საქონელიც გვყავდა: ზოგს ორი, ზოგს სამი, ზოგსაც კიდევ _ ოთხი! მოსავალი ჩვენ თვითონ რუსეთში გაგვქონდა. ერგნეთის ბაზრობითაც ვსარგებლობდით. იქ მეტი წილი გლეხობა ვაჭრობდა. ერთი სიტყვით, ძალიან კმაყოფილები ვიყავით! მაგრამ რა მოხდა, რა დაეტაკა ამ სააკაშვილის მთავრობას! ჯერ ერგნეთის ბაზრობა დაშალეს…

_ რატომ დაშალეს?

_ ესენი, როგორც ჩანს, «დიდი მუცლებითა» მოვიდნენ და მათ ხომ ამოვსება უნდა! ეტყობა, ვერ ავსებდნენ და დაშალეს! ან კოკოითი და სააკაშვილი რაღაცაზე ვერ მორიგდნენ. მერე, 2008-ში, ერთ ღამეს დაგვესხნენ და გაგვაძევეს!.. ისე მაინც გავეფრთხილებინეთ: ესეთი რამე მოხდებაო, ცოტა რამეს მაინც გამოვიტანდით. ყველაფერი იქ დამრჩა! აი, ახლა, რაც მაცვია, სულ სხვისია. თბილისში, საბავშვო ბაღში რომ ვიყავით, მაშინ მომიტანეს ეს სამოსი… გვეხმარებოდა ხალხში. მერე გვითხრეს, წეროვანში სახლები გამზადებულიაო და იქ გადადითო. გადმოვედით და, ნეტა, დაგენახა _ ლელი, საშინელი ქარი, სიცივე!.. ჯერა თქვეს, ეს «სადგომი» ათი ათასი დაჯდაო, შემდეგ გახადეს 30 ათასი. ეს ფული ჩვენთვინა მეეცათ, ჩვენვე მოვუვლიდით ჩვენს თავსა! ზოგი გორის რაიონის სოფლებში, ზოგი გორში ჩავიდოდით. არის უპატრონო სახლები. შევიდოდით, შევარემონტებდით და ვიქნებოდით! შარშან ზამთარში «ადიალა» მქონდა წამოსხმული და ისე ვიჯექი. «ფეჩია» და რა «ფეჩია»!.. აქ რომ გათბე, მას უნდა «ჩაეხუტო». მეც «ჩავეხუტე»… შავი შარვალი მქონდა და «ფეჩთან» სიამტკბილობას გადავაყოლე, დაიწვა!..

მართლაც, «ნაციონალების» აშენებული და მათ მიერვე 27 ათასს ევროდ შეფასებულ ქოხში ქარი დაქშუის, კედლები ისეა დაბზარული, გარედან შუქი ატანს!

«ლტოლვილთა მინისტრი სუბელიანი და სხვანი»

_ რაც აქ ჩამოვედით, სუბელიანი ერთხელაც არ შემოსულა და არ გვკითხა: რა გიჭირთ, რა გილხინთ, რა მოგაწოდოთ! «დახმარება», «დახმარება», «დახმარება» _ ისმის რადიო-ტელევიზიიდან. სად წავიდა ეს დახმარება?! დახმარება ფულადიცა, ჩასაცმელებიცა, «ფეჩებიცა» შემოდიოდა თურმე, მაგრამ ჩვენამდე არ მოდიოდა. თუ მოდიოდა, რა იქნა?! ადგილობრივ არჩევნებზე დეპუტატი ავირჩიეთ, მცხეთელი. მას საერთოდ არ ვიცნობთ. აქეთკენ საერთოდ არათუ გამოუვლია, არც გამოუხედია, კაცო!!! აი, ეს გზაი, რომ შემოხვედი, მასზე მანქანების გავლისას ისეთი მტვერი იდგა, ვერც პურსა ვჭამდით, სუნთქვაც გვიჭირდა, ტანისამოსზე ნუღა იტყვი!.. ისეთი ბუღი დგებოდა, მძღოლები ერთმანეთსაც ვერ ხედავდნენ! მაშ, სუბელიანმა არ იცოდა, ასეთი ამბავი რომ იყო აქა?! შემოიყვანდნენ სააკაშვილსა ზეიდან, ასფალტი სადაც ეგო.

_ სად ეს?

_ აი, ტრასიდან რომ გადმოხვიდოდი, ასფალტი იყო დაგებული გამგეობიდანა; მიიყვანდნენ იქ კაი მაცხოვრებელთანა, აჰა, რა კარგად ცხოვრობენო, აი, ლტოვილებიო როგორ მოვაწყვეთო!.. აფერისტები! აბა, ჩვენამდე ჩამოსულიყვნენ! აქა, რატომ არ მოდიოდნენ? აქა, რატომ არ ჩაივლიდნენ ან აივლიდნენ «მწვანეების» უბანში!

ეს ასფალტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დააგეს. ზოგიერთი «ჭკვიანი» ამბობს: მერაბიშვილმა დააგოო. მაგ ვანუამ არაფერი დააგო! ხალხის გატყავების ხარჯზეა დაგებული; ეს გზა, ბაბუ, ჩვენი გაძარცვიდან დაგროვილი ფულის პატარა ნაწილად მოგვიგდეს, აი, როგორც ამ ძაღლსა!

მოხუცმა ჩვენ შუა მოკალათებულ «მურიას» თავზე ხელი მზრუნველად გადაუსვა. «მურია» თითქოს მიხვდა, რომ მის «პერსონაზე» საუბრობდნენ, კმაყოფილებისგან ჯერ გაიზმორა, მერე ზურგზე დაწვა და აქეთ-იქით დაიწყო კოტრიალი.

_ ჰა! დააგო! აგერ, აქ სათბურებია. ადრე მიხო სიმონიშვილს ეკუთვნოდა. ვანუამ და ჩოჩელმა წაართვეს მიხოსა. ჩვენი ბიჭები მუშაობდნენ, რაღაც გროშებად!.. ეგებ, ამიტომაც ამოირჩია მერაბიშვილმა ეს ჭაობი ჩვენს დასასახლებლად, რადგან იაფი მუშა ხელი აქვე რომ ჰყოლოდა!

 პირველ წელს წყალზე, შუქზე, გაზზე დევნილები საფასურს არ იხდიდნენ, მაგრამ…

_ ამით წაგვათამამეს! ახლა მოდის გადასახადი _ ნუ იტყვი! საიდან გადავიხადო მეცა? პენსიითა?! გაფუჭებული პატეფონივით რომ ყბედობს სააკაშვილი: 14 ლარი იყოო, 14 ლარი იყოო, 14 ლარი იყოო, მე კი ასი ლარი მოგეცითო! ის 14 ლარი ერთ «მეშოკ» ფქვილსა ყიდულობდა, სახლშიც _ აჩაბეთში ვიყავით და კარგად ვცხოვრობდით სოფლად! ამ ასი ლარით კი, მხოლოდ ერთ «მეშოკ» ფქვილს იყიდი და ცოტა მაკარონსა. აი, მაგითი ვცხოვრობთ! დანარჩენი კი, ან ჩაცმა არ გვინდა… გეფიცები, მამიდაშვილი დამეღუპა, ბიძაშვილი დამეღუპა… ვერ წავსულვარ გორში! 30 ლარი მაინც ხომ უნდა გედოს ჯიბეში! აი, აქა, თბილისში, მეზობელი დაგვეღუპა _ ვერ წავედი! იმიტომ, რომ ჯერ პენსია არ იყო და არაფერი გვქონდა სახლში!..  ვფიქრობ ხშირადა, რომ მოვკვდები, რა ფულითა უნდა დამასაფლაონ?

_ პენსია 100 ლარი გაქვთ?

_ 140-ო გვითხრა სააკაშვილმა. აი, რამდენად მატყუარაა, ცრუის! ეგ რა საპრეზიდენტო კაცია, ჰა?! კაცი ტყუილს გელაპარაკება! 140-ო! ჩავედი. მანამდე, 105 ლარი მქონდა პენსია და 140-ის მაგივრად 120 ავიღე. ეს ოცი ლარი, რა იქნა?!

ყოველ დღე ვზოგავთ გაზს და, მიუხედავად ამისა, ზამთარში ას ლარზე ნაკლები არ მოდის. დენსა ნაკლებს ვიხდით _ ათ ლარამდე, რადგან ერთი ნათურა გვინთია! ახლა კაცი გაზს როგორ გამორთავს, ბავშვი ზის და მეცადინეობს გაკვეთილებსა. ეს რა ცხოვრებაა?! დილით უნდა ადგე, გაზი ჩართო. მანამ ეს ოთახი გათბება, როგორც ჭუკი ეგრე დავდივარ! აბა, რა ვუყო, კანკალი გამაქ! იმ დღესა ძველი «ბუშლატი» მაჩუქა ყოფილმა თანამშრომელმა, ჰოდა, ის მეცვა. ასე დავდიოდი. ცოლი მიყვირის, შემოდი სახლში, ხალხმა არ დაგინახოსო, რას იტყვიანო. დედაკაცო, რას იტყვიან და, ცივა ამ კაცსო და იმითვინ აცვიაო! ახლა მინდა, დავუწერო ახალ მთავრობასა და ვთხოვო, იქნება გაზზე ცოტა დაგვიკლონ, თითქმის 58 თეთრსა ვიხდით. წყალსაც ვიხდით სულზე თითქმისა ორ ლარს. ნაგავიც მიგვიბეს დენს! რა დავუშავეთ სააკაშვილსა, აქამდე ვერ გამიგია!.. ჩვენი ლიახვის ხეობა იცი, რა ხეობაა! კაცი ჭიშკარს რომ შემოაღებდა, ხელს დავუქნევდით: მოდი, თითო ჭიქით დავილოცოთ-თქო! ჩვენი წესი და ადათი ეგეთი იყო იქა! აქა, ჯიბეში რომ გქონდეს, ამოგაცლიან!

 დევნილთა გეტოში უმუშევრობა საყოველთაო უბედურებაა! გივი აბუციძის შვილები და რძალი უმუშევრები არიან. მართალია, იღებენ სოციალურ დახმარებას, სულზე 28 ლარის ოდენობით, რაც სასაცილოდ თუ ეყოფა, დავუშვათ, მოლაყბე დეპუტატს! ბავშვებისთვის სასკოლო წიგნების შესაძენად ოჯახმა 135 ლარი დახარჯა. «ნაციონალებმა» კი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე «მოიფიქრეს» პატარა აბუციძეებისთვის იმავე სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემა!..

_ ეხლა, ბაბუ, გლეხი კაცი ხომ იცი? ჩამოვედი, გავიხედ-გამოვიხედე და ლელის მეტი ვერაფერი დავინახე. მერე წავედი გორში, ნამყენები ვიშოვე, თანაც მაშინ ცოტა ფულიცა დაგვირიგეს. მოვიტანე ატამი, ბლები, ჩავყარე უცებ და, აი, წამოიზარდნენ! ბავშვებმა სხვას პირში რათ უნდა უყურონ? სულ ბაზარში სად ვიაროთ. ერთხელ ჩავედი თბილისში, მსხალი მინდოდა და ცნობილია, რა გათახსირებულები არიან სპეკულანტები! დამპალი მსხალი დაბლა ეწყო, საღი _ მაღლა… ასე რომ, პენსიიდან პენსიამდე, ძაან რომ გულითაც მინდოდეს, ვერაფერსა ვყიდულობ.

 ბატონმა გივიმ ამ, ფაქტიურად, ჭაობიან ნიადაგზე ყურძნის ტალავერი გააშენა!

_ ჩავედი გორში ნათესავთანა, ჩემი ყურძნისა ჰქონდა მას. ავჭერი ჩხირები, წამოვიღე, ჩავრგე და მოვიყვანე. «ლომიაურია»! არსად, ჩვენი ხეობის გარდა, არ იციან ეს ჯიში! ძველთა ძველია, შავია და ტკბილი! გამოსავალიც კარგი აქვს. თვითონ ღვინოცა შემრგებია _ რამდენი გინდა სვი! 20 ლიტრა მომაკითხა წელსა! იყო კიდე, «აბისულა», «ჯიბლიტა» და «ბაღლინჯოი». თონეც ჩავაგდე და პურსა სახლში ვაცხობთ. პენსიას რო ვიღებ, ვყიდულობ ერთ «მეშოკ» ფქვილსა და თვიდან თვემდე გვყოფნის რის ვაივაგლახით. «მეშოკი» _ 49 ლარი ღირს! ყაჩაღები!

 ახალი ხელისუფლებისგან გივი აბუციძე დახმარებას ითხოვს.

_ თუ ძროხასა არა, ერთი ხბოი, მაინც გვაჩუქონ. გავზრდი! აჩაბეთში ორი ძროხა დავტოვე და ერთი ხბო. ღორებსა და თხებზე აღარაფერსა ვამბობ!.. სახლი ორსართულიანი, აგურის, კაპიტალური. დაბლა სამზარეულო გვქონდა უზარმაზარი, პურსა იქა ვჭამდით. ეეეჰ!..

რა მოგვიტანა სააკაშვილმა? სიღატაკე და, აი, ეს «სადგომი»! არადა, მოეცა ის ფული ხელზე. სახლს ვიყიდიდით კარ-მიდამოთი, ძროხასა. გვექნებოდა კარაქი, ყველი. მართალია, ზოგს ცხვრები, ზოგს საქონელი აჩუქეს, ხოლო ლიახვის ხეობის მოსახლეობას _ ყველაზე დაჩაგრულ ხალხს, არავინ გვეკარება!

როგორც შემდგომში გავიგე, ეს «ზოგნი»  ახალგორელებია. პატარა ახალგორი დიდია, იქ დაიბადა… ცდებით, არა სტალინი, არამედ ჩოჩელი!

ვალიკო რაზმაძე

ეს კაცი «მწვანეთა» უბანში გავიცანი. თავისი «ხუხულას» პირდაპირ, გზის მეორე მხარეს, ბაღი გააშენა ფანჩატურით! ორი წლის წინ კი აქ ეკალ-ბარდი,  უზარმაზარი ლოდები და მანქანებიდან მოსროლილი საყოფაცხოვრებო ნაგავი «ბატონობდა», თუმცა რა არის აქ გასაკვირი. პოლიტიკოსების წრეში განთქმული იყო სოფელ აჩაბეთის «ვალიკოს წყარო». ვის არ უქეიფია აქ, მათ შორის «ნაციონალებსაც»: მერაბიშვილს, უგულავას, წერეთელს, თარგამაძეს და სხვებს. ისინი  «წყაროზე» კარგ დროს ატარებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ხელგაშლილი მასპინძელი გვარიანად «დაავიწყდათ». მიზეზი არ იყო ბანალური სკლეროზი, მეტად «საპატიო» გახლდა _ ვალიკო რაზმაძე, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ხმამაღლა აკრიტიკებდა «ნაცების» არაადამიანურობას.

ახლა ბატონი ვალიკო და მე ვზივართ მის «მწვანე» ბარაკის «ზალაში». ჩემი პროტესტის მიუხედავად, მისმა მეუღლემ ჩართო გაზის ღუმელი. ხალხი აქ გაზის უკიდურესი ეკონომიის იმედზეა. ღმერთმა არ ქნას, ღუმელი გაფუჭდეს ან დროზე არ გადაიხადო ბუნებრივი აირის საფასური _ გაიყინები! მიუხედავად იმისა, რომ ღუმელი უკვე ერთი საათი გუგუნებს, მაინც მცივა. ხვდები, აქ ხომ ჩაჭაობებული ნიადაგია, აქედანაცაა ეს ნესტი, ანუ, როგორც მას დევნილები ეძახიან, სირისტი. ჰოდა, ამ სირისტმა უკლებლივ ყველას _ პატარას, დიდს _ სახსრები დაუავადა… იმატა ონკოლოგიურმა სნეულებამ ბავშვებშიც! მაგრამ ყველაზე გავრცელებული ავადმყოფობა ამ ჯვარცმულ ველზე _ დარდია! დარდი დაკარგულ წინაპართა ოფლითა და სისხლით მორწყული მიწისა!

ქალბატონი გულნაზი სუფრას შლის. ვხვდები, აქ მორიგი პროტესტიც უშედეგო იქნება, მაგრამ, მაინც: «წესით, ბატონო ვალიკო, მე უნდა დამეპატიჟებინეთ, თქვენ კი მე მპატიჟებთ. უსამართლობაა!»

_ რას ამბობ! სტუმარი მომივიდეს და ერთი თეფში ლობიო, წნილი არ მივართვა და ჭიქა ღვინო?!

ლობიო, მართლაც გემრიელია და ამ უტყუარ ფაქტს ხმამაღლა აღვნიშნავ.

_ ამ ლობიოს სიგემრიელე გულნაზის დამსახურებაა! შენ ლიახვის ხეობის ლობიო არ გაგისინჯავს! მოხარშე, მოაყარე მარილი და მიირთვი! წაბლივითაა!

სადილის შემდეგ იწყება ცხოვრებისეული პროზა.

_ კოტეჯები, რომლებიც ჩვენ გადმოგვცეს, _ ამბობს ბატონი ვალიკო, _ ელემენტარულ სტანდარტებსაც ვერ პასუხობს. ეს სახლი რომ გავათბოთ, თვეში 150 ლარის გაზი უნდა დავწვათ. დენი, რაც არ უნდა მომჭირნედ იხმარო, ზამთარში ას ლარამდე ადის! 2008 წლის 14 დეკემბერს მე აქ პირველი დავსახლდი და ერთი წელი გვაძლევდნენ დახმარებას: ფქვილს, ლობიოს, ზეთს.

_ სულზე რამდენს?

_ ფქვილს თვეში ერთ სულზე _ 2 კილოგრამს, ზეთს _ ნახევარ ლიტრს და მაკარონს, ექვს სულზე _ 4 კილოგრამს.

ამ ბარაკების მაგივრად, გვერჩივნა კორპუსები აშენებულიყო და მიწა დაერიგებინათ. ჩვენ ისეთი რეგიონიდან ვართ, სადაც ხარობდა ვაშლი, ატამი, მსხალი და უამრავი სხვა ხილი, მოგვყავდა ბოსტნეული! ლიახვის ხეობის ხალხს პატრონი არ ჰყავს, სამაგიეროდ, პატრონიანები ახალგორელები არიან, გუბერნატორ ჩოჩელის სახით. ფაქტები? რამდენიც გინდათ: სკოლაში, საბავშვო ბაღში, მაღაზიებში, ქიმიურ ქარხანა «ბერტაში», «ბარამბოში» 80-90% დასაქმებულებისა ახალგორელები არიან! ლიახვის ხეობიდანაც არიან, ოღონდ ისეთები, ვინც «ნაცმოძრაობაშია» ჩართული. ახალგორელებს ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ჩვენთან არ უნდა გააიგივონ. ისინი ახალგორში თავისუფლად შედიან და გამოდიან, არც სახლები დაუკარგავთ და არც საქონელი. მათი მოხუცები იქ არიან, თავს კარგად გრძნობენ და ღმერთმა კარგად ამყოფოთ! ჩვენ კი ყველაფერი დავკარგეთ, ყველაფერი წაგვეშალა!..

ვუსმენ ვალიკო რაზმაძეს და ვხვდები «ნაცების» მზაკვრობას! ასეთი «პოლიტიკით» ისინი ხალხს ერთმანეთს უპირისპირებდნენ! მაგრამ არ შემიძლია შევურიგდე იმ აზრს, როგორ მოხდა, რომ საქართველოში, იქ სადაც გმირი ხალხი ცხოვრობს, რომლის ნება ვერ გატეხა ვერც ერთმა იმპერიამ; იქ, სადაც ცხოვრობს ერი, რომელიც სამი ანბანის შემოქმედია  და დიდი კულტურა შექმნა, აი, აქ, როგორ ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება და თითქმის ცხრა წელი მართეს ბუნებისგან ჩაგრულმა ჯოჯოებმა _ სააკაშვილისა და მისი ხროვის სახით?!

_ რაც ჩაიდინა სააკაშვილმა, ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს! _ აშკარად კითხულობს ჩემს აზრებს ბატონი ვალიკო. _ მისი დანაშაული უპატიებელია! 2008-ში ჯარი და პოლიცია გარბოდა, ადმინისტრაცია გამოიპარა და ხალხი ბედის ანაბარად მიატოვეს! ყველაფერი გვქონდა. ყველა ოჯახს ჰყავდა მსხვილფეხა საქონელი, კიდევ: ღორები, თხები, ქათმები, ინდაურები; ჰქონდა ღვინო, არაყი _ ყველაფერი, რაც კი ადათ-წესით ქართულ ოჯახს მოსდევს!.. გამოვედით შიშვლები… რა დამავიწყებს, ხალხი როგორ გამორბოდა მანქანებით, ტრაქტორებით, რა დამავიწყებს ქალების წივილ-კივილს… იცლებოდა ხეობა! მახსოვს, კეხველი კახნიაშვილის ოჯახი როგორ ამოწყდა. «ნივაში» იჯდნენ და ერედვში შემოსვლისას ჭურვი ზუსტად მათ მანქანას მოხვდა! ხელისუფლებამ არც გაგვაფრთხილა, ღირსეულად რომ გამოვსულიყავით! უკვე მჯერა, რომ სააკაშვილმა განზრახ გაგვწირა! რაც შეიძლება მეტი უნდა ჩავხოცილიყავით! ეს სურდა მას! მე ვერ დავმალავ და დიდ მადლობას ვუხდი იმ რუს ოფიცრებს და ჩეჩნებს, რომლებიც მთაზე იდგნენ, ცეცხლს არ გვიშენდნენ და გვეუბნებოდნენ: მალე გადით, სანამ შემოვლენ კაზაკები და მარადიორი ოსებიო, ყველას ვერ დაგიცავთო…

ვალიკო რაზმაძე ეროვნული მოძრაობიდან მოდის. რაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულა ლიახვის ხეობაში, ყველა კომისიის წევრი იყო. გახლდათ ქურთის საკრებულოს დეპუტატი და გამგებლის თანაშემწე. ხელმძღვანელობდა პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატის _ გურამ ვახტანგაშვილის საარჩევნო შტაბს. აგვისტოს ომის შემდეგ იგი ოპოზიციაშია. მონაწილეობდა 2009 წლის საპროტესტო აქციებში, მათ შორის პოლიციის სამმართველოსთან, 6 მაისს, როდესაც პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ზონდერები «მიშა, მიშას» ყროყინებდნენ!

_ მაშინ ოპოზიციის კონსოლიდაცია ვერ მოხდა, _ თავის აზრს მიზიარებს დევნილი, _ ყველას პრეზიდენტობა სურდა. ახლა გაირკვა, ვინ იყვნენ ნათელაშვილი, გამყრელიძე და სხვები! რაც შეეხება ივანიშვილს _ ეს კაცი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი პიროვნებაა, რომელმაც განდევნა «ნაცმოძრაობა» და იმედი მაქვს, ხალხის დახმარებით, სანაგვეზეც მიუჩენს ადგილს! ესენი რომ დარჩენილიყვნენ, ქვეყანა დაიშლებოდა! მე «ოცნების» სახით ხმა მივეცი იმედს! ჩვენი მთავარი პრობლემა დაბრუნებაა. მე ჩემი კუთხე მინდა! საქართველო ვერ შედგება, როგორც სახელმწიფო, შიდა ქართლის და აფხაზეთის გარეშე. ვიცი, ეს ძალზე რთულია, მაგრამ არაა შეუძლებელი!

«მწვანეების» დასახლება კიდევ ერთი სირთულის  პირისპირ დგას. მის უკან, გამავალი არხის იქით არის მიწის ფართი, რომელიც ჯუმბერ პატიაშვილს ეკუთვნოდა. «ნაციონალებმა», ჩვეულებისამებრ, ეს მიწა პატრონს წაგლიჯეს და კანონის დარღვევით ვიღაცას მიჰყიდეს. ეს «ვიღაცა» კი იქ ქათმების ფერმის აშენებას აპირებს, რაც, სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებელია! საჩივარიც დაწერეს ჩოჩელის სახელზე, მაგრამ გუბერნატორის პასუხი იგვიანებს…

კიდევ: დევნილები ითხოვენ სამთავრობო კომისიის შექმნას, რათა გაარკვიონ, როგორ ნაწილდებოდა ფულადი კომპენსაცია. რატომ მიიღო ერთმა სამმაგი დახმარება, ხოლო მეორემ _ არაფერი.

რაც მოვისმინე, ვფიქრობ, საკმარისზე მეტია, რომ პროკურატურამ ხელდაკაპიწებულმა იმუშაოს!

მითუმეტეს, გავიგე, რომ ამ ბარაკების მშენებლობაზე მომუშავე ბრიგადირი ხელს აწერდა 7-ათასლარიანი ხელფასის უწყისს, ხელზე კი, მხოლოდ ორს იღებდა.

_ დროებით მიწა რომ მოგვცენ, სანამ აქ ვიმყოფებით, _ ნატრულობენ ლიახველები, _ საქონელს ვიყოლიებდით, სიმინდს მოვიყვანდით, ლობიოს, მითუმეტეს, კომპენსაცია არც ნაკვეთის მიგვიღია, არც სახლისა!

ლეილა ბასიშვილი

«ვარდისფერი» დასახლებაც მოვინახულე. აქ მასპინძლობას 72 წლის ლეილა ბასიშვილი მიწევს. ლეილა დეიდას სოფელ ქურთაში, რომ იტყვიან, სავსე სახლ-კარი ჰქონდა. განსაკუთრებით ვაშლისა და ატმის ბაღებით ამაყობდა, რომლებიც ახლა, სეპარატისტთა პოლიციის უფროსის საკუთრებაშია.

_ ცხინვალში ჩამქონდა «სმაროდინა», «მალინა», ყველაფერი ჩამქონდა! _ იხსენებს ქალბატონი ლეილა. _ ახლა ყველაფერს ვყიდულობ. ლიახველებს უამრავი საქონელი გვყავდა, მოსახლეობა არ იყო იმდენი, რამდენიც საქონელი! სანამ შემოვლით გზას გააკეთებდნენ, ჩვენი ხილი ლიახვში ცვივოდა: ვაშლი, კომში, ატამი _ ტონობით! ცხინვალელები დაგვცინოდნენ, ვაშლი ვეღარ გაგაქვთო; და ხილს, როგორც თევზებს, ბადეებით იჭერდნენ.

_ ოსებთან, რა ურთიერთობა გქონდათ?

_ ნათესაური! ახლაც რომ შევიდე ცხინვალში, ხელს არ მახლებენ! ძალიან უყვარდა ცხინვალელებს ჩვენი ხეობა. სუფთა პროდუქტი შეგვქონდა და მადლობლები იყვნენ ისინიც და ჩვენც! ომის დაწყებამდე ათი დღით ადრე დაიწყეს ოსებმა სახლების დატოვება და გვეუბნებოდნენ, თქვენც გადითო, რადგან სააკაშვილი და კოკოითი ომს იწყებენო!

არც ლეილა ბასიშვილია «კმაყოფილი» ერგნეთის ბაზრობის დახურვით და ამ ფაქტს დანაშაულად თვლის. არც თავის საცხოვრებელი ბარაკითაა აღტაცებული.

_ ამ «ბოსელს» არც ერთი სათავსო არა აქვს. ადგილი სირისტიანია და 2-3 დღიანი წვიმის შემდეგ აქაურობა ისე იტბორება, სახლიდან ვერ გამოხვალ. ერთხელ საპატრულოც გამოვიძახეთ, აქედან რომ გამომეღწია! ასეთი წვიმის შემდეგ წყალი ერთი კვირა დგას!

საქონელს აქ ვერ დავიყენებ, რადგან ბარაკები ოთხ მეტრშია ერთმანეთისგან დაშორებული. ბოსელს ვინ აგაშენებინებს. აი, ისინი კი, ვინც განაპირა ცხოვრობს, იმათ შეუძლიათ ბოსელიც ააშენონ და სათავსოც.

როგორც აქაურები მეუბნებიან, თუ საშუალებას გლეხკაცს მისცემ, რა გააჩერებს მას?! რას ჰგავდა აქაურობა და სულ მოკლე დროში ბაღნარად აქციეს! მაგრამ აქ მოყვანილს გემო არ აქვს, ქინძს სუნი არ აქვს. მოყვანილს ნაძალადევად ჭამენ! არც წყალი უვარგათ, ნიადაგიც _ ჭიანი, მატლიანი. შეიძლება მთელი ეს ადგილი დათესო და მოსავალი ალაგ-ალაგ მიიღო!..

_ მე შვიდი «მეშოკი» ლობიო მომდიოდა, ჩემს ბაღში! აქა კი ლობიო ვერ დამითესია, ჭია ჭამს! ასეთი რამ არ მინახავს, გაკვირვებული ვარ ქალი.

_ შხამქიმიკატები რომ გამოიყენოთ?

_ მე მოწამლული ლობიო არ გამიგია!

დევნილთა რაციონიც მრავალფეროვნებით ვერ გამოირჩევა: პური, მაკარონი, ზეთი. ადამიანმა რამე თუ იშოვა, ეგრევე იყიდის, დიდი-დიდი, 2 კილო ხორცს, თუმცა ასეთი «ზეიმი» კვარტალში ერთხელ თუ დაუდგებათ!

ბავშვებზე დარდობენ, მათ ჯანმრთელობაზე. რა აჭამონ ბავშვებს, როგორი პროდუქტი! საჭმლის გარდა ჩვილებს პამპერსიც უნდა, ჩასაცმელიც. საიდან? ქმრები უმუშევრებია, ცოლები კი _ მომთხოვნნი; და ხდება კონფლიქტები, ოჯახები ინგრევა! ლიახველებისთვის აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ ხილიც საყიდელი აქვთ. აქაური კაცი, სულ ცოტა, 10-15 ტონა ვაშლს მაინც ჰყიდდა!

უნიკალურ წყალსაც სვამდნენ, გოდორაანთ წყაროდან. არც კუჭს გატკენდა, არც ღვიძლს. აჩაბეთი, ქურთა, ძარძამი წყაროებით იყო გაძეძგილი! იხსენებენ დასასვენებელ ადგილ კროზას. იქ ყოველ ზაფხულს, «წყეულ კომუნისტების» დროს ქურთის უპატრონო ბავშვთა სახლიდან პატარები აჰყავდათ დასასვენებლად. მათ არაფერი აკლდათ, მშობლების გარდა

აქ დარდია, დარდი და არაფერი დარდის გარდა, წინაპართა მიტოვებული მიწისა. დევნილები სააკაშვილს არ წყევლიან, მხოლოდ თავის ხვედრს უსურვებენ მომავალში.

ღამეა, თოვს და ძალიან ცივა. ჩემს ბედზე, გაჩერებაზე არავინაა და პატარა ბავშვივით დავხტივარ, რომ არ გავიყინო. რატომღაც ნიურნბერგის პროცესი გამახსენდა და «ნაციონალების» გასამართლება მომინდა. რატომაც არა?! ლიახველები გეოგრაფიულად, დემოგრაფიულად, ანუ სტრატეგიულად 18 წლის განმავლობაში ქართულ გენს, ჯიშს იცავდნენ შიდა ქართლში! იტანდნენ სეპარატისტების დაბომბვებს, სროლებს, გატაცებებს და რისთვის,  ჭაობზე რომ ეცხოვრათ, სააკაშვილის მიერ ჩამოთესლილ ჩინელებს კი _ საუკეთესო მიწებზე?! არაა ეს სახელმწიფოებრივი დანაშაული?! მოვიდა დრო, როცა ადამიანები მოითხოვენ «ნაციონალების» სამართლიან დასჯას. დღეს ამ ნაძირლებს წართმეული აქვთ უფლება ბოროტების ჩადენისა. «ნაციონალები» არიან ცოცხალი სიმბოლოები ზიზღისა და ძალადობისა. ისინი ტანჯავდნენ ხალხს და მოსახლეობას ცხოვრება ტრაგედიად უქციეს. აწყობდნენ გენოციდს, როცა რჩეულ ახალგაზრდებს ან ქუჩებში ხვრეტდნენ, ან გლდანის საპყრობილეში ხერხემალს და სხვა სასიცოცხლო ორგანოებს გამიზნულად უზიანებდნენ! ამიტომ ნებისმიერი ლმობიერება მათ მიმართ იქნება ბოროტი ძალების გამარჯვება და წახალისება! არავითარი დანდობა იმათ მიმართ, ვის სულშიც ბოროტებაა ჩაბუდებული!..

წეროვანის დასახლებიდან მომავალი მგზავრებით გატენილ ბოლო მიკროავტობუსში ჩავჯექი. გულდამძიმებულს, სალონის სუსტ განათებასთან ერთად, ნერვებს მიშლის მძღოლის მიერ აყვირებული რადიოდან მომავალი ელექტრონული მუსიკის ჯოჯოხეთური «ჰანგები». სურვილი მიჩნდება, ჩამოვიდე, მაგრამ, როგორც ჩანს, არც მძღოლს მოსწონს კაკაფონია და FM-ის ტალღებზე «დაცურავს». უცებ ჩერდება. ეს ხომ ჩემი კერპია _ ელვის პრესლი! მიხარია, მძღოლსაც რომ მოეწონა და ბოლომდე უსმენს ღვთაებრივ ხმას: «ჩიკაგოში უღიმღამო, ცივი, თოვლიანი დილაა. გეტოში დაიბადა პატარა საწყალი ბიჭი;  დედამისი ტირის, ყველაზე ნაკლებად მას უნდა ეს შვილი, რადგან კიდევ ერთი მშიერი დაიბადა, რომელსაც ჭამა უნდა»… ჰოო, თუ წეროვანის გეტოში ახალმა ხელისუფლებამ  სირთულეები არ მოაგვარა, გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფი, გამონაკლისის სახით, არ გაანახევრა, მაშინ ლიახველ დედასაც ბავშვის გაჩენა აღარ გაუხარდება!..

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here