Home რუბრიკები პოლიტიკა პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენ არასდროს დავპირებივართ საზოგადოებას, რომ აღვადგენდით დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან

პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენ არასდროს დავპირებივართ საზოგადოებას, რომ აღვადგენდით დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან

571

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გარეშე რამდენად  შეიძლება ველოდოთ პოზიტიურ ძვრებს სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით და რატომ აყოვნებს ახალი ხელისუფლება თავის დროზე სააკაშვილის ცალმხრივი ინიციატივით გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთთან? _ ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ  საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს, მან მოუცლელობის მოტივით რვიდან მხოლოდ სამ შეკითხვას გასცა პასუხი, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

_ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები სწორედ იმის გამო გაწყდა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საომარი მოქმედებები იყო. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამდენად, საქართველოს მთავრობა არ აყოვნებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთთან; ის არ აპირებს ამის გაკეთებას, ვიდრე რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აღიარებული აქვს დამოუკიდებელ ქვეყნებად. ასე რომ, საიდან გაჩნდა კითხვა დაყოვნების შესახებ, უცნობია. ჩვენ არასდროს დავპირებივართ საზოგადოებას, რომ აღვადგენდით დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან. პირიქით _  ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდით, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება, ვიდრე არსებობს რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და სოხუმსა და ცხინვალში _ რუსეთის ფედერაციის საელჩოები.

რაც შეეხება სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით ძვრებს, ომის დაშვებით სააკაშვილის ხელისუფლებამ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ჩვენ სწორედ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე უნდა ვეცადოთ საერთო ენის გამონახვას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან. დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს რუსეთთან, ხოლო აფხაზურ და ოსურ  მხარეებთან სხვა ურთოერთობები გვჭირდება. ეს ჩვენი ხალხია და ჩვენ მთთან უნდა ვიპოვოთ საერთო ენა, იმის მიუხედავად, გვექნება თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ  არალოგიკურია, ერთმანეთს მივაბათ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა და აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვა.

_ შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში გადამწყვეტ როლს ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას ანიჭებდა. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დღეს არც ნატოში გველიან და არც ევროპაში. ამ საინტეგრაციო პროექტებისკენ  სწრაფვის გამო დამატებით ტერიტორიებიც დავკარგეთ. ხომ არ დადგა დრო, ვიფიქროთ ახალ სარეინტეგრაციო პროექტზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება აფხაზებთან და ოსებთან, თუნდაც ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ადამიანური კონტაქტების აღდგენა?

_ ჩვენ უნდა ვეცადოთ, აფხაზებთან და ოსებთან ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე კონტაქტი აღვადგინოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო არ უნდა მიისწრაფოდეს ნატოსა და ევროკავშირისკენ. სააკაშვილი რეალურად ამ სტრუქტურებისკენ არ ისწრაფოდა, მეტიც _ ის ავტორიტარული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებით ამ გაერთიანებებს გვაშორებდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა, რეალურად დავადგეთ გზას ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ეს სტრუქტურები გვჭირდება იმის გამო, რომ იქ არ მიიღებენ სახელმწიფოს, რომელიც არ არის დემოკრატიული. დემოკრატიულობა კი იქნება გარანტია  იმისა, რომ მიგვიღონ ამ გაერთიანებებში. ამ მიღწევით დაინტერესდებიან აფხაზური და ოსური საზოგადოებები, რადგან დემოკრატიული სახელმწიფოები, როგორც წესი, არ ომობენ. ეს იქნება იმის შესანიშნავი ნიშანი, რომ საქართველო მზად არის არა მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,  არამედ იმისთვისაც, რომ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სრულიად სხვაგვარი სახელმწიფო შესთავაზოს.

სოხუმისა და ცხინვალის სტატუსის, ასევე რიგი, ცალსახად და თვითმიზნურად ფორმალური შემადგენელის შესახებ თქვენი უწინდელი პოზიცია და განცხადებები არაერთხელ გამხდარა კამათის საგანი. როგორია თქვენი დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სტატუსთან დაკავშირებით ამჟამად? დასაშვებად მიგაჩნიათ თუ არა, რომ მთავარი წინააღმდეგობა სოხუმთან და ცხინვალთან შეიძლება იყოს ცალსახად და თვითმიზნურად ფორმალური შემადგენელებისადმი უკიდურესად ჩაკირკიტებული მიდგომა?

_ 2008 წლამდე არსებობდა შანსი, გვესაუბრა იმ სტატუსზე, რომელიც იმ დროისთვის, ანუ საომარი მოქმედებების დაწყებამდე იყო მომწიფებული. საომარმა მოქმედბებმა ყველაფერი ნულამდე დაიყვანა. ამდენად, ამჟამად სტატუსზე საუბარი ნაადრევია.  ჩემი ხედვები სტატუსთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული იყო ჯერ კიდევ 2003 წლისთვის, ანუ 1992-1993 წლების საომარი მოქმედებებიდან 10 წლის შემდეგ. ამ ეტაპზე კი თავისუფალი  ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის ჰუმანიტარული, ეკონომიკური, სავაჭრო და სოციალური მიმართულებებით. შემდეგ შეიძლება დავუბრუნდეთ, იმ დროისათვის შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სტატუსზე მუშაობას, ამჟამად კი ეს ძალიან ნაადრევია.

ფაქტი ის არის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ურყევი ცნებაა და რომ აფხაზი და ოსი ხალხების ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს, კერძოდ, საქართველოს შემადგენლობაში მათი ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნით, როგორც უსაფრთხოების, ისე განვითარების მიმართულებით. სწორედ ეს ორი კომპონენტი _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და საქართველოს შემადგენლობაში ოსი და აფხაზი ხალხების ინტერესები _ უნდა იყოს წამყვანი ფაქტორი მომავალ სტატუსში. 

ესაუბრა ეკა კახიანი

 

1 COMMENT

  1. თქვენ ამბობთ ბატონო პაატა,რომ ტერიტორიული მთლიანობა ურყევი მცნებაა და რომ აფხაზი და ოსი ხალხების ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.ცნობილია სწორედ მათი მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის მხოლოდ ერთი წინა პირობა და ეს არის ახალი რეალიების გათვალისწინება.ანუ,ჩვენ უნდა ვცნოთ მათი დამოუკიდებლობაა??ამას ემატება ოსების მხრიდან მოთხოვნა,რომ,,აღიაროს ქართულმა მხარემ ოსი ხალხის გენოციდი”+ ამას ზარალის ანაზღაურება მილიონი თუ მილიარდებში.ზიგზაგებით ხალხს ნუ აუხვევთ თვალებს!ვისაც ქართულ მიწაზე უდგია ფეხი,მაგრამ ქართველები არ უნდა!-მიბრძანდნენ იმათ ტერიტორიაზე,ვისაც აღმერთებენ!

  2. რაც არ მოგწონთ არ აქვეყნებთ??არც ოსები და არც აფხაზები არ აპირებენ საქართველოსთან ენის მოჩლექვას,როგორც მათი განაცხადებიდან ჩანს,,ახალი რეალიების გათვალისწინებით”-ო და ქართულმა მხარემ აღიაროს ოსების გენოციდიო.ქართულ მიწაზე ცხოვრობენ და ქართველებს ეყრებიან?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here