Home რუბრიკები პოლიტიკა რუსულ-ქართული გადატვირთვა?

რუსულ-ქართული გადატვირთვა?

679

ვლადიმერ პუტინის 20 დეკემბრის პრესკონფერენციის იმ რამდენიმე მონაკვეთმა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოზე ისაუბრა, ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა და აზრთა სხვაობა გამოიწვია. ერთნი ამბობდნენ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა მალე გაუმჯობესდება, მეტიც, რომ შეიქმნება წინაპირობები საქართველოს გამთლიანებისთვის, ხოლო მეორენი ამტკიცებდნენ, რომ პუტინის სიტყვებიდან ასეთი დასკვნის გამოტანა არ შეიძლება. ოპტიმისტებში «ქართული ოცნების» გულშემატკივრები ჭარბობდნენ, ხოლო პესიმისტების უდიდესი ნაწილი «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერნი გახლდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში, ალბათ, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიმპათიები და მათზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები დროებით გვერდზე გადავდოთ, რათა მაქსიმალურად ზუსტად დავადგინოთ, რის თქმა სურდა საქართველოსთვის და გარე სამყაროსთვის რუსეთის პრეზიდენტს.

ხერხი თუ ღონე?

ალბათ, მიზანშეწონილია, თავიდან პუტინის ის განცხადება განვიხილოთ, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებს ეხება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრისას, რომელიც «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტის შეკითხვას მოყვა, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: «ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს, ჯერჯერობით ძალიან თავშეკავებულს, მაგრამ მაინც პოზიტიურ სიგნალებს საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან. და იმას, რომ დანიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი  რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ჩვენ ამას, ცხადია, არა მხოლოდ ვხედავთ, არამედ მივესალმებით და როგორც იცით, შესაბამისად ვუპასუხეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრა კარასინთან არ შედგებოდა. ჩვენ შესაბამისად ვპასუხობთ, მაგრამ მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება პრობლემას, რომელიც კარგადაა ცნობილი. ის მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა, ბატონმა სააკაშვილმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანაგულწრფელად რომ გითხრათ, არც ისე კარგად მესმის, როგორ უნდა გამოვიდეთ აქედან. რუსეთს არ შეუძლია შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხება, ჩვენ ამის გაკეთება აპრიორი არ შეგვიძლია. ხოლო საქართველოს არ შეუძლია დაეთანხმოს იმას, რომ მათი დამოუკიდებელი სტატუსი აღიაროს. მე ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება გაკეთდეს აქ». ეკონომიკურ ურთიერთობებზე რეპლიკის შემდეგ დასძინა: «ჩვენ ვთვლით, რომ ურთიერთობა ორ, ძალიან ახლობელ ხალხს შორის ნორმალიზებული უნდა იქნას, ამისკენ აუცილებლად უნდა მივისწრაფოდეთ. იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ ეს ყველაზე რთული პრობლემები ჩვენს ურთიერთობებში, პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ ვინაიდან გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ამით პროფესიულად დაკავდნენ, მოდით ამაზე ერთად ვიფიქროთ».

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პირველად ომის შემდეგ დააფიქსირა, რომ არა მხოლოდ მოსკოვმა, არამედ თბილისმაც გაავლო «წითელი ხაზი», რომელსაც ვერ გადააბიჯებს; ადრე მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულა. ეს თითქოს უმნიშვნელო ნიუანსია, თუმცა სიტუაციის რეალისტური აღწერა წინ, როგორც წესი, კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებულ საუბარს უძღვის. იმ პერიოდში, როდესაც მოსკოვი და თბილისი უბრალოდ ხმაურიან ბრალდებებს ცვლიდნენ, ამის აუცილებლობა არ არსებობდა.   

ის, რომ მოსკოვი და თბილისი «წითელ ხაზებს» ვერ გადააბიჯებენ, ყველასათვის ცხადია და შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ხედავს თუ არა კრემლი «პრობლემების დაძლევის» გზებს და საერთოდ ეძებს თუ არა მათ? რას ნიშნავს ეს «ჯერჯერობით» ფრაზაში «პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს»? პესიმისტები საქართველოში მიიჩნევენ, რომ ამის უკან არაფერი დგას, ოპტიმისტები კი რამდენიმე იმედისმომცემ ეპიზოდს იხსენებენ. 

ამავე თემაზე ვლადიმერ პუტინი 2010 წლის 6 სექტემბერს სადისკუსიო კლუბ «ვალდაის» წევრებს ესაუბრა, რის შესახებ «ამერიკის ხმას» შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ «ამერიკული პროგრესის ცენტრის» რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა სემიუელ ჩარაპმა მოუთხრო: «მან (პუტინმა) თქვა, რომ ოდესმე ამ სამს (აქ ჩარაპმა აღნიშნა, რომ არ იცის, სამივეს რა «კოლექტიური სახელი» მოუძებნოს) _ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მოუწევთ, ერთად გადაწყვიტონ მათი მომავალი ურთიერთობების ფორმა და მან არ იცის, იქნება ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი თუ არა, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარადიულ დამოუკიდებლობაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა». რობერტ ლეგვოლდმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან კი «უოლ სტრიტ ჯორნალთან» საუბარში აღნიშნა, რომ, პუტინის განცხადებით საქართველოზე გაკვირვებული დარჩა: «მას თითქოსდა უნდოდა ეთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არსებობს».

პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტი, «წითელი ხაზების» გადალახვის გარეშე, როგორც ეს, სავარაუდოდ, მოსკოვში წარმოუდგენიათ, დიდი ალბათობით, გულისხმობს «ამ სამის» შეთანხმებას კონფედერაციის შექმნის თაობაზე, მის ჩართვას ევრაზიული ინტეგრაციის პროცესში და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ კონტროლს მასზე. რუსულ მედიაში «კონფედერაციის ვარიანტზე» ომის შემდეგ არაერთი მინიშნება გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთლიანობის აღდგენის იდეას (თუნდაც ასეთი ფორმით) არაერთი რუსი ექსპერტი ან ჟურნალისტი აკრიტიკებდა. ამ პუბლიკაციებს შორის, ალბათ, უნდა გამოვყოთ «მოსკოვსკი კომსომოლეცის» 2009 წლის 18 დეკემბრის სტატია, რომელშიც აწერილი იყო, თუ როგორ შეიმუშავეს რუსმა დიპლომატებმა (აგვისტოს ომის შემდეგ, მაგრამ ჯერ კიდევ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებამდე) პროექტი, რომელიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფედერაციის შექმნას გულისხმობდა. ამ პროექტში, რუსული გამოცემის ცნობით, ჩადებული იყო კონფედერაციაში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა, მაგრამ სეპარატისტებმა მის ხელმოწერაზე უარი თქვეს. ძნელი სათქმელია, რამდენად ზუსტად ასახავს ეს წერილი მოსკოვში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს და შეიცავდა თუ არა ის კრემლის გზავნილს ქართული აუდიტორიისადმი, რომელსაც წინ უძღოდა (ამავე წლის ნოემბერში) პუტინის განცხადება ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე (ის სადღეგრძელოს ფორმით გაკეთდა). მაშინ, «გაზეტა.რუ»-ს ჟურნალისტის ცნობით, «პუტინმა გაგვაფრთხილა, რომ მას კარგად ესმის, რომ ყოველივე თქმული დარბაზის ფარგლებს გასცდება. მეტიც, სწორედ ამის იმედი აქვს. რის შემდეგაც გაახმოვანა თავზარდამცემი განცხადება, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. და არ არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტა არ შეგვიძლია. «დაე მან (პრიმაკოვმა) იზრუნოს ამ საკითხზე». ეს ინფორმაცია მოგვიანებით იმ მომენტში დარბაზში მყოფმა სტუმრებმაც დაადასტურეს.

საუბარი ამ თემაზე, მოსკოვს მხოლოდ მინიშნებებით შეუძლია, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ის სეპარატისტული რესპულიკების სტატუსით ვაჭრობს. თავის მხრივ, ქართულ საზოგადოებას სჭირდება რაღაც უფრო მყარი, ვიდრე ბუნდოვანი მინიშნებები, რომ გაიგოს, გვთავაზობს კრემლი რაიმე რეალურს თუ უბრალოდ ტაქტიკურ რიტორიკას იყენებს. საჯარო დისკუსიის დაწყება ამ თემაზე, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ჯერჯერობით ნაადრევი ჩანს, დღის წესრიგში კი უამრავი, შედარებით უმნიშვნელო საკითხი დგას, რომელიც ორივე მხარისთვის ერთგვარი ტესტის როლს შეასრულებს.

ნორმალიზაციის მოკრძალებული ხიბლი

«მეცხრე არხის» ჟურნალისტთან საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა ქართული ღვინო შეაქო და თქვა: «რაც შეეხება ქართულ ნაწამს რუსულ ბაზარზე, ჩვენ უნდა ვნახოთ ჩვენი ვალდებულებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით და, თუ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ამას გავაკეთებთ. უნდა შევასრულოთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები. ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ქართული ეკონომიკისთვის ეს, შესაძლოა, უფრო საგრძნობია. თუმცა საქმე ამაში როდია. საქართველომ მართლაც მოხსნა თავისი საწინააღმდეგო მოსაზრებები რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ჩვენ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ. მე, სხვათა შორის, შევხედავ ამ პრობლემას. ის, ალბათ, არსებობს და დეპოლიტიზებული უნდა იქნას».

ამ განცხადებიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი დენისოვმა განაცხადა, _ საკითხი «პოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვეტილია. რჩება მხოლოდ ტექნიკური პროცედურები, რომლებიც, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის შემთხვევაში, გაფორმებას მოითხოვს». ამასთანავე, დენისოვმა აღნიშნა, რომ ქართული პროდუქციის საგანგებო მონიტორინგი რუსეთის მაკონტროლებელი ორგანოების გეგმებში არ შედის.

რაც შეეხება კიდევ ერთს _ «სავიზო პრობლემას», ვლადიმერ პუტინი მას მხოლოდ გაკვრით შეეხო და თქვა, რომ ეს ცალკე თემაა და მისი განხილვა იმ საკითხების კონტექსტში, რომლებსაც საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია არეგულირებს, არ შეიძლება.

ეჭვგარეშეა, რომ ქართველი გლეხებისთვის და ბიზნესმენებისთვის 2013 წელი საინტერესო იქნება, თუმცა აქ, ალბათ, სხვა რამ არის მთავარი, ე.წ. მეორეხარისხოვანი პრობლემების გადაწყვეტის ფორმა და ტემპი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციის «სტილს» შექმნის _ იქნება ეს სწრაფი და რადიკალური გადაწყვეტილებები სერიოზული კომპრომისებით ორივე მხრიდან თუ ნელი, მომქანცველი ვაჭრობა თითოეული ფორმულირებისთვის და კაპიკისთვის. ეს, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შედეგზე იქნება ორიენტირებული ორივე მხარე და რამდენად შორს შეუძლია თითოეულ მათგანს წასვლა.

როგორი შედეგის მიღწევა სურს ვლადიმერ პუტინს?

ვარაუდის დონეზე საუბარი ამაზე მის კიდევ ერთ, 20 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით შეიძლება. ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო შეხვედრაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: «რაც შეეხება ბატონ ივანიშვილთან შეხვედრას, მე პირველად მესმის ამის შესახებ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ოფიციალური განაცხადი ამასთან დაკავშირებით. მთლიანობაში მე ამას არ გამოვრიცხავ… მას პირადად არ ვიცნობ. თუ არ ვცდები, რუსეთის ფედერაციაში რაღაც ბიზნესი ჰქონდა. ვიმეორებ: პოზიტიური სიგნალები ჯერჯერობით მოდის. ჩვენ მზად ვართ, მათ ვუპასუხოთ. ჩვენ უკვე ვპასუხობთ. მაგრამ ასეთი სახის შეხვედრები, უბრალოდ, ძალიან კარგად უნდა იყოს მომზადებული და რაღაც პოზიტიურით უნდა დასრულდეს. მაგრამ მე ჯერჯერობით არც ისე კარგად მესმის, რა იქნება ჩვენი განხილვის საგანი. თუმცა ჩვენ ამისთვის დახურულები არ ვართ».  

სათანადო სურვილის არსებობის შემთხვევაში, «რაღაც პოზიტიური» შეიძლება ეწოდოს შეთანხმებას კულტურული გაცვლის შესახებ (ან რაიმე მსგავსს), თუმცა პუტინი, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბურ, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შედეგზეა ორიენტირებული. მისი მიღწევის შესაძლებლობა კი დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პოზიციაზე, არამედ იმაზე, გაუწევს თუ არა ვაშინგტონი გააფთრებულ წინააღმდეგობას მოსკოვს საქართველოში. თუ ის დაახლოებით ისე იმოქმედებს, როგორც «ნარინჯისფერების» დაცემის შემდეგ უკრაინაში, კრემლს დასახული მიზნების მიღწევა გაუადვილდება. სავარაუდოდ, მოვლენათა განვითარების ამ ვარიანტზე მიანიშნა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, როდესაც დეკემბრის დასაწყისში კონგრესში გამოსვლისას თქვა: «საქართველო რუსეთთან კავშირის შესაძლო კანდიდატი ხდება».   

რა გინდოდა წვენებში?!

პუტინის 20 დეკემბრის პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი ქართველი პოლიტიკოსი ახსენეს. ჟურნალისტის კითხვაზე _ «უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ, რომ სახელმწიფოს, ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც ფეხზე წამომდგარი რუსეთი არის, საგამოძიებო კომიტეტისა და ბასტრიკინის (მისი თამჯდომარე. _ რედ.) ძალისხმევით, გამოუჩნდა მთავარი გარემტერი არა პატარა საქართველო, არამედ პატარა და უმნიშვნელო პოლიტიკოსი გივი თარგამაძე?» _ ვლადიმერ პუტინმა შემდეგი პასუხი გასცა: «რაც შეეხება იმ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს, ის სულაც არ არის რუსეთის ფედერაციის მტერი, ის არის ადამიანი, რომელიც ცდილობდა (და, შესაძლოა, ახლაც ცდილობს) წააქეზოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაზე, რომელიც შეიძლებოდა გამოხატულიყო ტერორისტული აქტების მოწყობაში, ხელისუფლების ხელში უკანონო ჩაგდებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დამაჯერებლად იყო ნაჩვენები იმ ჩანაწერებში, რომელთა ქვეშ ისინი შემთხვევით, სახელმწიფო საიდუმლოება უნდა გაგანდოთ, კონტროლის ქვეშ მყოფ ოთახში მოხვდნენ. მაგრამ ეს ობიექტური მონაცემებია და ამის წინააღმდეგ ვერ წავალთ. ის უტარებდა ინსტრუქტაჟს, როგორ ჩაიდინონ დანაშაული რუსეთის ფედერაციაში და ამას სამართლებრივი შეფასება უნდა ჰქონდეს. არ არის საჭირო მისი დაცვა. და ტერაქტების განხორციელების განხილვა, როგორც ისინი ამბობენ ხუმრობით, თუ არა, მათ შორის რკინიგზაზე აფეთქებების, ამას ბასტრიკინმა გვერდი ან უნდა აუაროს, რადგან ასეთი შემთხვევები და ასეთი ტრაგედიები ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, მომხდარა. როგორ შეიძლება ბასტრიკინმა გვერდი აუაროს იმას, რომ განიხილება მატარებლის აფეთქების შესაძლებლობა სადღაც ირკუტსკის რაიონში?»

გივი ვასილიჩს ცხოვრებაში ბევრი რამ უკეთებია, ახლა კი, ალბათ, მხურვალედ უნდა ილოცოს, რადგან ვლადიმერ პუტინის მიერ ნებისმიერი ადამიანის ხსენება ასეთ კონტექსტში, კარგს არაფერს მოასწავებს. თარგამაძის საბედნიეროდ, კონსტიტუციაში არის მე-13 მუხლის მეოთხე პუნქტი, რომელშიც ნათქვამია: «საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში» და, ალბათ, მისთვის მიზანშეწონილია, ამ პუნქტის ყველა შესაძლო ინტერპრეტაციის დაზეპირებას შეუდგეს.

პარადოქსული ვითარებაა: თუ რუსები თარგამაძის გადაცემას დაჟინებით მოითხოვენ, მისი დაცვა იმ ხელისუფლებას მოუწევს, რომელსაც ის ლანძღავს და რევოლუციის მოწყობით ემუქრება. სიტუაცია ძალიან რთული გახდება იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დადებს დამაჯერებელ მტკიცებულებებს ტერორისტული აქტების მომზადებასთან დაკავშირებით (გამოძიება შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით წავიდეს), რადგან ტერორისტების და მათი სპონსორების მხარდაჭერა დღევანდელ მსოფლიოში ყოვლად შეუწყნარებელი რამ არის.

იმედია, საქმე მხოლოდ განდიდების მანიით შეპყრობილი რამდენიმე უსაქმური კლოუნის ლაყბობას ეხება და არა რეალური ტერაქტის მომზადებას, რადგან ამ, მეორე შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას, სავარაუდოდ, მოუწევს მძიმე, თუმცა ერთადერთი შესაძლებელი გადაწყვეტილების მიღება. ასე იქნება თუ ისე, ახლო მომავალში გაირკვევა, დღეს კი გივი თარგამაძისთვის საუკეთესო გამოსავალი, ალბათ, მაინც ლოცვის გაძლიერებაა.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. ბატონი პუტინი ცდილობს არ შელახოს რუსეთის ავტორიტეტი და ისე აღადგინოს რუსულ ქართული ურთიერთობა ვნახოთ.

  2. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მანამდე არ დარეგულირდება, ვიდრე არ მოხდება მოვლენის-მეორედ მოსვლის-აგიარება და ნეიტრალიტეტის გამოცხადება.ვერ გვიშველის ვერც რუსეტი და ვერც დასავლეთი. ქართველებო გამოფხიზლდით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here