Home რუბრიკები პოლიტიკა ნიანგები, ოფოფები და სააკაშვილის უკანასკნელი ბენეფისი

ნიანგები, ოფოფები და სააკაშვილის უკანასკნელი ბენეფისი

643

ეს აღარც სასაცილოა, აღარც სატირალი და კაციშვილმა ვერ გაიგო, რა არის ეს საერთოდ. გასულ კვირას, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ტელეეკრანზე გამოჩნდა და რამდენიმე ისეთი განცხადება გააკეთა, რომლის შემდეგ არაერთი მოქალაქე კლინიკური ფსიქიატრიის მრავალტანჯულ სახელმძღვანელოს სწვდა, რამეთუ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ გზამკვლევის როლს ქართულ პოლიტიკაში სწორედ ეს წიგნი ასრულებს.

ეს არ იყო პოლიტიკა, ეს იყო რაღაც სხვა, თავზარდამცემი და ამოუცნობი, როგორც მფრინავი ობიექტი ავლაბრის რეზიდენციის თავზე. პოლიტიკოსები ასეთ განცხადებებს უბრალოდ არ აკეთებენ. ავიღოთ თუნდაც ერთი, შედარებით გამართული პასაჟი სააკაშვილის 20 დეკემბრის ეპოქალური გამოსვლიდან: «თურმე მე ვხელმძღვანელობდი («ქართუ») ბანკის გაკოტრების მცდელობას, ხალხნო. ბოდიშს ვიხდი, ერთი სიტყვა მეთქვა და ის ბანკი აღარ იქნებოდა. რას ნიშნავს მცდელობა?! თურმე ყველანი ვმუშაობდით, რომ ეს ბანკი გაგვეკოტრებინა და ვერ გავაკოტრეთ რაა, კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა». თავი დავანებოთ იმას, რომ ამ მონაკვეთში სააკაშვილმა მოახერხა, საკუთარი რეჟიმი ბანდიტურ დიქტატურად წარმოეჩინა და შევეცადოთ, ამ განცხდებას საშუალო დასავლელი ინვესტორის თვალით შევხედოთ. 

საბანკო საქმის მშფოთვარე ისტორიაში ამა თუ იმ ქვეყნის მმართველთან მწვავე დაპირისპირების არაერთი მაგალითი მოიპოვება (XIII საუკუნის ექსცესები და . .) მაგრამ არც ერთ მონარქს, არც ერთ თავგასულ ფეოდალს ბანკის გაკოტრებაზე საჯაროდ, პირდაპირი ტექსტით, ასეთ ტონალობაში არასოდეს უსაუბრია. ეს აბსოლუტური ნონსენსია, არა მხოლოდ ბოლო ასწლეულებისთვის, არამედ შუა საუკუნეებისთვისაც კი. რომის ყველაზე აღვირახსნილი იმპერატორები და ძველი ბაბილონის მრისხანე მეფეებიც კი მსგავსს არაფერს ამბობდნენ. ჩუმჩუმად კი აკეთებდნენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ახმოვანებდნენ, რადგან ამის თქმა და ეკონომიკის დაღუპვა ერთია. ამ განცხადებაში იგრძნობოდა რაღაც წარმოუდგენლად პრეისტორიული და ისეთივე ბნელი, როგორც ნეანდერტალელის გამოქვაბული კუნაპეტ ღამეს.

წარმოვიდგინოთ, რომ ზემოხსენებული საშუალო ინვესტორი გაეცნო ამ «ნიუსს» საქართველოდან და მომდევნოზე გადავიდა (ორი მოვლენა პრაქტიკულად ერთმანეთის მიყოლებით მოხდა): «საქართველოს პრემიერი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის «ჯი პი მორგანის» ბიზნესის მმართველს რეგიონში, იან ტავროვსკის, შეხვდა. «დიდი პატივია ჩემთვის, შევხვედროდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ძალიან სასარგებლო და პერსპექტიული იყო. განვიხილეთ სხვადასხვა სახის უცხოური ინვესტიციების პერსპექტივები. მოგეხსენებათ, «ჯი პი მორგანს» ამ მხრივ უდიდესი გამოცდილება აქვს და შეუძლია საქართველოს მთავრობას ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში დაეხმაროს», _ განაცხადა იან ტავროვსკიმ». 

ალბათ, არც ისე ძნელი წარმოსადგენია, რა დასკვნამდე მივა ნებისმიერი ბიზნესმენი, როდესაც ამ ორ ინფორმაციას გაეცნობა. ერთის მხრივ, ისტერიული (და ამავე დროს საოცრად უძლური) «ერთი სიტყვა მეთქვა და ის ბანკი აღარ იქნებოდა», მეორე მხრივ კი, «ჯი პი მორგანი» და მთელი ამბები. ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ სააკაშვილის «რეჩს» რამდენადმე წინდახედული პოლიტიკოსის განცხადებასთან საერთო არაფერი ჰქონდა; ასე რომ, ეს არ იყო პოლიტიკა, არამედ რაღაც სხვა.

იქნებ ეს უბრალოდ კლინიკური შემთხვევაა, თავისი ცრუ მოგონებებით _ «უკანონო მოსმენებს მთელი ცხოვრება ვებრძოდი» და კონსპიროლოგიური ხილვა-აღმოჩენებით _ «დღეს მოვიდა ის ხალხი, რომელიც თავის დროზე ცნობილი ნარკობარიგა იყო. რუსეთიდან შემოვიდა დიდი რაოდენობით ე.წ. «კროკოდილი». მისი მიღების შემდეგ გგონია, რომ წინ მიდიხარ, სინამდვილეში კი იწყებ უკან სიარულს. აშკარად რუსეთიდან შემოტანილი ამ უბედურების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი და ეს სახეებზეც ეტყობათ», _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ძნელი სათქმელია, საიდან მოდის გამოყენებითი ნარკოლოგიის ეს სიღრმისეული ცოდნა, თუმცა, პრინციპში, პრობლემის გადაწყვეტას წინ არაფერი უდგას _ ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაიაროს ტესტი ნარკოტიკებზე, რომელსაც უცხოელი კოლეგების დახმარებით დამოუკიდებელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია ჩაატარებს (მხოლოდ ასე, სხვანაირად არ გამოვა). პირველი კი ამ ტესტს მიხეილ სააკაშვილი ჩააბარებს, რადგან საზოგადოების ერთი, არცთუ მცირე ნაწილი, მახათას მთაზე ცნობილი გასეირნებიდან მოყოლებული, ვიდრე უკანასკნელ ბენეფისამდე ამას დაჟინებით მოითხოვს და ირწმუნება, რომ ფიგურანტი, დიდი ხანია, არათუ «კროკოდილზე», არამედ «ბრონტოზავრზე» ზის.

თუმცა ის განცხადებები, რომელთაც სააკაშვილი აკეთებს, შეიძლება იყოს გამოწვეული არა მხოლოდ ნარკოტიკული თრობით (ცნობილი პრეზუმპციიდან გამომდინარე, ის უდანაშაულოდ ითვლება, სანამ საპირისპირო დამტკიცებული არ არის), არამედ არასტაბილური მენტალური მდგომარეობით, რომელიც შიშიდან და, შესაძლოა, უძილობიდან მოდის. ამასთანავე, სააკაშვილმა ჯერაც ვერ დაადგინა თუ რა როლს ასრულებს ის შეცვლილ ვითარებაში; ერთის მხრივ, ის «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერია, მეორეს მხრივ კი, _ პრეზიდენტი (ფორმალური თვალსაზრისით, თორემ რეალურად საზოგადოების დიდი ნაწილი მას პრეზიდენტად არ თვლის). ეს როლები ერთმანეთთან ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის. პრობლემა ადრეც იდგა, თუმცა «ნაცმოძრაობის» ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ის მეტად რელიეფური გახდა.

როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერს, სააკაშვილს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება, მოაწყოს მიტინგები და დემონსტრაციები, იშიმშილოს და უკრაინული მოძრაობა «ფემენის» წევრების მსგავსად გაშიშვლდეს კიდეც, მითუმეტეს რომ ამ უკანასკნელ დისციპლინაში თავის დროზე ბათუმის პლიჟზე წაივარჯიშა. მაგრამ, როდესაც ის, ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე მყოფი, მელოდრამატული ულტიმატუმის ტონალობაში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ყოვლადშეუწყნარებელი ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე. კიდევ ერთი, უფრო ცუდი მაგალითი: «მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, არ დაემორჩილონ არც ერთ უკანონო ბრძანებას». ოპოზიციონერმა კი შეიძლება მსგავსი რამ თქვას, მაგრამ სააკაშვილი (თუნდაც ფორმალურად) მთავარსარდალია. ამასთანავე, მას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, თანამდებობიდან გაათავისუფლოს უკანონო ბრძანების გამცემი მინისტრი (ან სულაც, პრემიერი), მეტიც _ ვალდებულია, ეს გააკეთოს! მაგრამ სააკაშვილს ამის გაკეთების, სავარაუდოდ,  ეშინია და დაუმორჩილებლობისკენ რიგით პოლიციელებს მოუწოდებს. ალბათ, იგულისხმება, რომ მათ თავად უნდა განსაზღვრონ, რა არის კანონიერი და რა არა და ბრძანების არშესრულებისთვის დაისაჯონ, რაც, თავის მხრივ, გააღვივებს დაპირისპირებას შსს-ში. ყველაზე სასაცილო (ან სატირალი) კი ისაა, რომ ეს ორკაპიკიანი გათვლა ზედაპირზე დევს და საქართველოს უახლეს ისტორიაში დესტრუქციული ტაქტიკის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.    

სააკაშვილმა ამ განცხადებით მიაღწია იმას, რომ გაერთიანებულმა შტაბმა და თავდაცვის სამინისტრომ მთავარსარდალს ყვითელი (კაცმა რომ თქვას, მოწითალო) ბარათი უჩვენეს; ისინი «დაუშვებლად მიიჩნევენ პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას». საერთოდ, თანამედროვე მსოფლიოში სამხედროები ასეთ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციას ძალიან იშვიათად აფიქსირებენ; ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული პრობლემები ექმნება. მაგრამ რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი პრობლემა და საფრთხე, ვიდრე მთავარსარდალი, რომელიც ძალოვანებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს?

შექმნილი სიტუაციის თავისებურება იმაშია, რომ სააკაშვილის ოპონენტების დიდი ნაწილი მას სერიოზულად არ აღიქვამს, არც როგორც მთავარსარდალს, არც როგორც ოპოზიციის ან ჰიპოთეტური პუტჩის თავკაცს; ისინი თვლიან რომ «მისი საქმე დამთავრებულია». სხვა ქვეყანაში გენშტაბის მსგავსი განცხადება აღქმული იქნებოდა, როგორც მინიშნება აშკარა საფრთხეზე, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ის ფრიად არხეინად «გაატარა». 

სააკაშვილის ოპონენტები კლასიკურ შეცდომას უშვებენ, როდესაც ფიქრობენ, რომ მოწინააღმდეგე ობიექტურ რეალობას ზუსტად ისე აღიქვამს, როგორც თავად აღიქვამენ. კი, ბატონო, მისი პარტიის რეიტინგი «ენდიაის» კვლევის მიხედვითაც კი, რომელიც «ნაცმოძრაობის» მიმართ ყოველთვის «გულუხვი» იყო, სულ რაღაც 10%-ია. მას არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის თავზეხელაღებული მებრძოლების ფარული (!) მობილიზება პუტჩისთვის და არც ქუჩაში «მშვიდობიანი რევოლუციის» მოწყობისთვის საჭირო რაოდენობის მომხრეების გამოყვანა, თუნდაც იმდენის, რამდენსაც კრიტიკულ სიტუაციაში «სახალხო კრება», ლეიბორისტები ან გაერთიანებული პროფკავშირები გამოიყვანენ. ხელისუფლებაში სასწრაფო დაბრუნებაზე ორიენტირებულ ნაბიჯებს მხარს არც დასავლელი პარტნიორები დაუჭერენ, რადგან ამას დესტაბილიზაცია და საქართველოში მათი პოზიციებისთვის საფრთხის შექმნა მოჰყვება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი არჩევნების შედეგების გადახაზვას, მთავრობის გადაყენებას და პარლამენტის დაშლას დააპირებს, იმ მასის შეკავებას, რომელიც ავლაბრის რეზიდენციის მიწასთან გასწორებას მოინდომებს, სავარაუდოდ, ვერც პოლიცია და ვერც სამხედროები მოახერხებენ. კი, ბატონო, ყველაფერი ასეა. ეს ობიექტური რეალობაა, მაგრამ სადაა გარანტია, რომ სააკაშვილი მას სწორედ ასე აღიქვამს?

სააკაშვილის მთელი კარიერის განმავლობაში, მთავარი პრეტენზია, რომელსაც მას უყენებდნენ, ის იყო, რომ რეალობას აცდენლია და გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს. იქნებ ახლაც იმ სამყაროშია და თვლის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას ორიოდე ნაბიჯი აშორებს?

აპელირება ფიგურანტის კეთილგონიერების მიმართ, დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთობ უპერსპექტივო ჩანს. მაგრამ მმართველმა პარტიამ, ალბათ, უნდა აუხსნას სააკაშვილის მხარდამჭერებს, რომ არის ამქვეყნად ისეთი რამ, რასაც საპარლამენტო არჩევნები ჰქვია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის ნებისმიერი მცდელობა კრიზისზე გამავალი გზით (პუტჩი იქნება თუ მასთან გათანაბრებული კომბინაცია) სასტიკად იქნება აღკვეთილი, არა იმიტომ, რომ მთავრობას სადისტური ინსტინქტები არ ასვენებს, არამედ იმის გამო, რომ ის, უბრალოდ, ვერ შეაკავებს თავის მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს ქუჩაში. ყველასთვის ცხადია, რომ გადატრიალების მცდელობას «ბართლომეს ღამე» მოყვება, რომელიც არავის სჭირდება _ არც ქვეყანას, არც «ქართული ოცნების» მრავალრიცხოვან, არც «ნაცმოძრაობის» მცირერიცხოვან მხარდამჭერებს.

რიგით «ნაციონალებს», ალბათ, უღირთ დაფიქრება იმაზე, რომ მათმა ბელადმა შეიძლება ავანტურაზე წააქეზოს და გაწიროს, ხოლო თვითონ გაიქცეს, როგორც ეს უკვე არაერთგზის გაუკეთებია. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგანან _ ან ნორმალურ, ასე ვთქვათ, კონვენციურ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება ან ყოვლისმომცველი კონფრონტაცია გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან, რომელიც შეიძლება მათთვის საბედისწერო შედეგით დასრულდეს. იმედია, ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ, თანაც დამოუკიდებლად, სააკაშვილის ან მის მიერ ესოდენ ხატოვნად აღწერილი «კროკოდილის» ზემოქმედების გარეშე.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. სრულად ვეთანხმები სტატიის ავტორს. მიშა დიდი ხანია სულიერად ავადმყოფია და სასწრაფოდ მკურნალობა სჭირდება, სანამ ქვების სროლა არ დაუწყია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here