Home რუბრიკები პოლიტიკა პოლიტიკური პინოქიოს თავგადასავალი

პოლიტიკური პინოქიოს თავგადასავალი

1895

«იყო და არა იყო რა, იყო…
_ მეფე! _ წამოიძახებს მკითხველი.
ვერ გამოიცანით! იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის ნაფოტი!
რაიმე კეთილშობილი ხის კი არა, _ ერთი ჩვეულებრივი ნაფოტი, რომლითაც ზამთარში ღუმელს ან ბუხარს ანთებენ ოთახის გასათბობად».
კარლო კოლოდი, «პინოქიოს თავგადასავალი».

ნატოს ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებულმა პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ ციხიდან ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას სააკაშვილს პოლიტიკური პინოქიო უწოდა. და იმავე წუთს ამ გაურკვეველ ზღაპარში, რომელშიც მთელი ქვეყანა, უკვე ცხრა წელია, ცხოვრობს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. პინოქიო ცრუპენტელაა, რომელსაც ყოველი ტყუილის თქმისას ცხვირი ეზრდება. იგი საკუთარ ტყუილებში იბნევა, მაგრამ მაინც უნდა, ნამდვილ ბიჭად (იგულისხმე – მეფედ) იქცეს.

რას არ ეცადა დეიდა ჯეპეტო, რომ მისი ხისგან გამოჩორკნილი თოჯინა ნამდვილი ბიჭი გამხდარიყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ენის ტიკტიკის გარდა პინოქიომ ვერაფერი ისწავლა. ჯეპეტომაც გადაწყვიტა, უცხო ენები ესწავლებინა მისთვის _ სხვა თუ არაფერი, რეპეტიტორობით მაინც ირჩენს თავსო, მაგრამ პინოქიომ «დედა ენის» საყიდლად მიცემული ფულით ვიდეოკამერა იყიდა და თანაკლასელი გოგონების მონაწილეობით პორნოფილმების გადაღება დაიწყო.

პატარა ქალაქში ეს ამბავი არ დაიმალა და პინოქიოსთვის ყველა კარი დაიხურა. ჟანდარმერიაში მომუშავე ბიძამ ხის კაცუნა ქალაქს გაარიდა და შორეულ ქვეყანაში საჟანდარმო სასწავლებელში შეიყვანა. პორნოგრაფიის სიყვარულმა იქაც უწია პინოქიოს – სასწავლებლიდან გარიცხეს და ჟანდარმერიის მოქმედ ჯარში გაამწესეს. ის იყო, ჯარში სამსახური უნდა დაემთავრებინა, რომ ქვეყანა ამოტრიალდა და მმართველი პარტია, რომლის მანდატი ასე უთბობდა ხის გულ-მკერდს, ოქროს გასაღების ნაცვლად ღალატის ბოქლომად იქცა.

ატირებულმა პინოქიომ მაშინ პირველად მისცა საკუთარ თავს პირობა, რომ აუცილებლად გახდებოდა რაიმე ახალი მმართველი პარტიის ლიდერი და არასოდეს დაუშვებდა ხელისუფლებიდან მის წასვლას. ბიძამ ამჯერადაც უშველა და უცხოეთში, ლურჯთმიან ფერიებთან გახიზნა, სადაც პინოქიოს აღმზრდელებად მელა ალისა და კატა ბაზილიო მიუჩინეს. რამდენიმე წლის წვრთნის შემდეგ მან ბალაგანადქცეულ, ერთ დროს დიდ ქვეყანაში თავი მანჯაფუკოს მარიონეტების თეატრში ამოყო. თოკზე დაკიდებული ბეჯითად ასრულებდა პატრონის დავალებებს, თუმცა მალე მიხვდა, რომ მობერებული მანჯაფუკოს შემდეგ მოსული ახალი პატრონი მას ცეცხლში შეუკეთებდა და მარიონეტ მეგობრებთან ერთად სასახლის კარის გადატრიალების მოწყობა განიზრახა. მანჯაფუკო ერთი შეხედვით კი ტოვებდა სასტიკი ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ ცემინება აუტყდა, გული აუჩვილდა, ხის კაცუნა შეეცოდა და დირექტორობა «ლანგარზე მიართვა», თვითონ კი სახლში, დამსახურებულ პენსიაზე წავიდა.

მელა ალისამ და კატა ბაზილიომ პინოქიოს მალე ასწავლეს «დემოკრატიის» უნარ-ჩვევები. ბაზილიო სხვისი ქონების გაყიდვაში ეხმარებოდა, ალისა სახალხოდ ასხამდა ხოტბას და მის ყოველ ნაბიჯს ამართლებდა. ასე გრძელდებოდა ოთხი წელი, ვიდრე პინოქიომ სწორედ იმათ არ დაუწყო ომი, ვისაც სხვისი ქონება მიჰყიდა. ბევრს აფრთხილებდა შავკანიანი და ლურჯთმიანი ფერია, ომს ნუ დაიწყებო, მაგრამ პინოქიო უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ყველაფერი ყველაზე კარგად იცის, და სროლის ბრძანება გასცა. მართალია, დამარცხდა, მაგრამ არ შეიმჩნია და კიდევ სამი წელი განცხრომით მართავდა ზომაში საგრძნობლად შემცირებულ თეატრს. ამასობაში ზოგი თოჯინა გაექცა, ზოგმაც პატარ-პატარა თეატრები შექმნა, მაგრამ პინოქიოს ამის დარდი არ ჰქონია, რადგან ეს პაწაწა თეატრები მის მარიონეტების თეატრს საფრთხეს ვერ უქმნიდა.

ერთ მშვენიერ დღეს კი ქველმოქმედებით განთქმულმა მისმა ყოფილმა მეგობარმა, რომელსაც პინოქიოს ტყუილები მობეზრდა, საკუთარი დიდი თეატრის გახსნის შესახებ გააკეთა განცხადება. პინოქიომ ქოში უკუღმა ყარა, მაგრამ მისი თეატრის ერთგულმა მაყურებლებმა ქველმოქმედის თეატრში გადაინაცვლეს. აკი ვამბობდი, ის კაცი ქველმოქმედი იყო და ხალხს უბილეთოდ უშვებდა. ხალხი კი, როგორც ცნობილია, უფასო სანახაობას ეტანება. პინოქიო ხომ მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარ ახლობლებს აგრიალებდა უფასოდ!

გაკოტრებული პინოქიო, შავკანიანის ნაცვლად, თეთრმა ლურჯთმიანმა ფერიამ შეიფარა, მაგრამ პინოქიო მასაც არ ემორჩილებოდა _ მწარე წამლის დალევა არ უნდოდა. ასე ჯიუტობდა, ვიდრე ოვალური ოთახის კარი არ გაიღო და ოთხმა ბაჭიამ პინოქიოს კუბო არ შემოარახრახეს. კუბოს დანახვაზე პინოქიო მიხვდა, რომ საქმე სახუმაროდ არ ჰქონდა, და კოაბიტაციას დათანხმდა.

ამასობაში ყველაზე დიდი თეატრის დირექტორად ქცეულმა ქველმოქმედმა აღმოაჩინა, რომ პინოქიოს დირექტორობისას ძალიან ბევრი დანაშაული მომხდარა და მისი მარიონეტების დაჭერა დაიწყო. პინოქიო აყვირდა და ყველა ნაცნობი უცხოელი ფერია ააყვირა პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე, მაგრამ საქმეს ამან არ უშველა. დაკითხვაზე ნარნარი ინტელექტუალი არლეკინი და ფეხმძიმე პულჩინელაც კი დაიბარეს. ჩვენების მისაცემად მოუწია სიარული თვით ხის ჟანდარმების მეთაურსაც, რომელსაც პინოქიო მოფერებით «გაღლეტილ ხერხემალს» უწოდებდა.

პინოქიო ისე გაცეცხლდა, რომ მის მარიონეტ მეგობრებს შეეშინდათ კიდეც, არ აალდესო. «ჩემო ერთგულო ჟანდარმებო! არ დაემორჩილოთ ახალი დირექტორის დანაშაულებრივ ბრძანებებს! ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, იმიტომ, რომ ამათ ორ თვეში იმდენი შეცდომა დაუშვეს, რამდენიც ჩვენ _ ცხრა წელიწადში!» _ გაიძახოდა პინოქიო. მას სულ დაავიწყდა, რომ მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში მისი გათავხედებული მარიონეტები ძალადობით ცდილობდნენ, ნამდვილი გოგო-ბიჭები მათნაირ ხის მარიონეტებად ექციათ, რომლებიც ამ ძალადობით დაიღალნენ და ნამდვილ, ცოცხალი ადამიანების თეატრში გადაბარგდნენ.

თუ ადრე ტყუილების ლაპარაკისას პინოქიოს ცხვირი ეზრდებოდა, ახლა უტიფრობის გამო ყურები გაეზარდა. ამ საქმეში გამოცდილ თანამოაზრეთა კონსილიუმმა მას «ვირის ციებ-ცხელების» დიაგნოზი დაუსვა. მის მომხრეებსა და მხარდამჭერებსაც გადაედოთ ეს სახადი და მალე პინოქიოს თეატრი ვირების თავშესაყარად იქცა. ვირობით განთქმულმა ერთმა მისმა მეგობარმა კი საზეიმოდ განაცხადა: «ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო დიქტატურისკენ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. ასე თუ გაგრძელდა, საქართველო ვეღარ განვითარდება და ის ადამიანები, ვისზეც პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება, უნდა გათავისუფლდნენ!»

რაკი ადამიანების განთავისუფლებას ითხოვდნენ, ახალმა მთავრობამ ვირებზე ამ მოთხოვნის გავრცელება არ იჩქარა და მათთვის ადგილების გასათავისუფლებლად ციხეებიდან მათივე დაჭერილი პატიმრების გამოშვება დაიწყო. ვირები კი ყროყინებდნენ და კვლავაც ძალაუფლების დაბრუნებას ლამობდნენ. ასე გაგრძელდა, ვიდრე პინოქიო საბოლოოდ არ გადაიქცა ოთხფეხად. ერთ მშვენიერ დღეს კი ცირკის შენობაზე უზარმაზარი აფიშა გამოაკრეს:

«დიდი საზეიმო წარმოდგენა

დღეს საღამოს თქვენ ნახავთ გასაოცარ ნახტომებს და სხვა ნომრებს, რომელთაც ჩვენი დასის ყველა მსახიობი და ცხენი წარმოგიდგენთ.

გარდა ამისა, პუბლიკის წინაშე პირველად წარსდგება სახელგანთქმული ჩოჩორი პინოქიო.

ცირკი საგანგებოდ იქნება განათებული!»

პირველი განყოფილების დასრულების შემდეგ ცირკის არენაზე დირექტორი გავიდა და მაყურებელს მიმართა:

_ მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ სახელგანთქმული ჩოჩორი, რომელსაც დასავლეთის ყველა წამყვან საიმპერატორო კარზე უცეკვია!

არენაზე ლამაზად მორთული ჩოჩორი გამოვიდა. იგი ბეჯითად ასრულებდა დირექტორის ყველა ბრძანებას _ ხტუნავდა, მალაყებს გადადიოდა, სროლისას თავს იმკვდარუნებდა… ვიდრე თავი არ ასწია და პარტერში ლამაზი ქალბატონი არ დაინახა, რომელსაც გულზე მედალიონი ეკიდა. მედალიონზე ხის კაცუნა იყო გამოსახული. «ეს ხომ ფერიაა!» _ გაუელვა თავში და მის წინაშე სიტყვის წარმოთქმა განიზრახა.

«ასეთი კარგი ცირკი ბავშვობის შემდეგ არ მინახავს. მინდა მოგესალმოთ განახლებულ, გამშვენიერებულ ცირკში, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე ლამაზია! იყო ამ ქალაქში ერთი ბოროტი კაცი, სახელად მანჯაფუკო, რომელსაც არ უყვარდა ბავშვების და ხალხის ერთად შეკრება. ამიტომ, როდესაც მოვიდა, დაკეტა ცირკი, მოგვიანებით კი გადაწვა, რათა აღარასოდეს გახსნილიყო, დაანგრია დელფინარიუმი, დაკეტა ზოოპარკი, დაანგრია სტადიონის ტრიბუნები. ხალხს მობეზრდა, შეიკრიბა და ყველამ ერთად გააძევა.

მერე მოვედით ჩვენ, ჩავრთეთ შადრევნები, ავაშენეთ დანგრეული და განადგურებული ცირკი, მომავალ წელს დავასრულებთ დელფინარიუმისა და სტადიონის მშენებლობას. ეს ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ გახსოვდეთ – აქ ასეთი ბოროტი არსება დადიოდა. მინდა გთხოვოთ, არ დაგავიწყდეთ ეს ყველაფერი, რომ არასოდეს არც ერთი გველეშაპი არ გაჩნდეს და ხელახლა არ მოაჯდეს ჩვენს ცირკს», – ამბობდა პინოქიო, მაგრამ მთელი ცირკი სიცილით კვდებოდა. მისი პირიდან ხომ მხოლოდ ყროყინი ამოდიოდა.

კოლოდის პინოქიო საბოლოოდ მაინც გადაიქცა ნამდვილ ბიჭად, რადგან მოინანია, მოხუც მშობელზე ზრუნვა დაიწყო, შრომას და გარჯას მიეჩვია. ჩვენს პინოქიოს ეს არ ემუქრება. მას მხოლოდ ერთი დამსახურება აქვს: დეიდა ჯეპეტოს სხვისი სიმდიდრე გადაულოცა და მოკლე ხანში მილიონებიც აშოვნინა. სწავლით კი კვლავ ვერაფერი ისწავლა; ისევ იმ სიტყვებს გაიძახის, რომელთაც ცხრა წელი აფრქვევდა, და არ ესმის, რატომ აღარ უნდა ხალხს მისი დანახვა.

პოლიტიკურ პინოქიოს წინ აქვს ყველაზე ცუდი ეპიზოდები: იგი უზარმაზარი ზვიგენის მუცელში უნდა აღმოჩნდეს, პოლიციამ უნდა დაიჭიროს, ფქვილში ამოვლებული ტაფაზე უნდა გაამწესონ, საიდანაც ხსნას მხოლოდ იმ ძაღლისგან უნდა ელოდეს, რომელიც დახრჩობას გადაარჩინა. თუმცა ჩვენს პოლიტიკურ პინოქიოს არასოდეს არავინ გადაურჩენია, იგი ხომ «ნულოვანი ტოლერანტობის» ლოზუნგის ავტორია! რაც მთავარია, მას ლურჯთმიანმა ფერიამ კი არა, ხალხმა უნდა აპატიოს!

ის კი პატიებას არ ითხოვს _ ცირკის არენაზე დგას და ყროყინებს!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. საქმეს მიხედეთ!დავიღალეთ ,,მიშა ასეთი,მიშა ისეთი”არავისტი არ ვარ !უფალმა იცის ეს,მაგრამ მიუღებლად მიმაჩნია ,ხალხის ყურადღების გადატანა პრიორიტეტული პრობლემებისგან.

  2. ძალიან მაგარია სიტყვები არა მყოფნის. აი ესაა ჩოყლაყის ჭეშმარიტი სახე

  3. ნანა რომ წერ საქმეს მიხედეო როგორ მივხედო საქმეს როცა კიბო აქვს საქართველოს მიშას სახით. თუ ეს კიბო არ მოვიცილე მერე გვიან იქნება რეციდივებს რომ გაიკეთებს ანუ ხალხს საბოლოოდ რომ გადააგვარებს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here