Home რუბრიკები პოლიტიკა სამი დღე ევროპულ აზიაში

სამი დღე ევროპულ აზიაში

567

ევრაზიის მეშვიდე მედიაფორუმს მინსკმა უმასპინძლა. საქართველოს დელეგაციის წევრები 9 დეკემბერს, გამთენიისას პირველები ჩავედით ბელორუსის დედაქალაქში. ცალკე და გამორჩეულად, ისევე, როგორც თვით ფორუმის მონაწილეთა ჩამონათვალშია _ დსთ-ს და ბალტიის ქვეყნების და საქართველოს წარმომადგენლები.

ასე არ იყო 2006 წელს, როცა მედიაჰოლდინგმა «რია-ნოვოსტიმ» გადაწყვიტა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, თავი მოეყარა პოსტსაბჭოთა სივრცის მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისთვის და ამით ფართომაშტაბიან შეხვედრებს ჩაუყარა საფუძველი. ბალტიის ქვეყნები მაშინაც განცალკევებულად იყვნენ. 2009 წლიდან კი ძნელი მისახვედრი არ იყო ფორუმის ინიციატორთა ჩანაფიქრი. რაც დრო გადიოდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში დეზინტეგრაციის პროცესი შეუქცევად სახეს იღებდა და რუსეთისთვის (ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა), როგორც ერთ დროს ამ რესპუბლიკების ერთად თავმოყრის (გახსოვთ საბჭოთა კავშირის ჰიმნი? _ «შეუკრავს მუდმივად დიდ რუსეთის ხალხს!») ინიციატორის და, ზოგ შემთხვევაში, საერთოდ ცალკეული ერების სახელმწიფოებად ფორმირების მესაძირკვლისთვის, უმნიშვნელოვანესი იყო ამ პროცესების შეჩერება და პირიქით, ინტეგრაციული პროცესების დაწყება. ამიტომაც უწოდეს ამ ფორუმს ევროპული და აზიური მედიის ფორუმი. ამ დროიდან მოიხსენიება საქართველო ცალკე, რადგან ჩვენი ქვეყანა უკვე აღარ იყო დსთ-ს წევრი, თუმცა ფორუმის იდეის ავტორებისთვის ეს დაბრკოლებად არ ქცეულა.

«რია-ნოვოსტის» მთავარმა რედაქტორმა სვეტლანა მირონიუკმა _ ევრაზიის ყველა მედიაფორუმის ვარსკვლავმა _ მინსკში არ გაიბრწყინა, რითაც ყველას დაგვწყვიტა გული. ეს ჭკვიანი ქალბატონი იმდენად დახვეწილად უძღვენა უზარმაზად მედიაჰოლდინგს, რომ მასთან რამდენიმეწუთიანი საუბრითაც კი შეიძენ გარკვეულ გამოცდილებას. მართალია, თვითონ ვერ ჩამოვიდა, მაგრამ მისი თვალსაზრისის გაცნობა «რია-ნოვოსტის» საიტზე შეგვიძლია:

«მედიასამყარო იცვლება და ევრაზიული სივრცის ქვეყნებში ამ ცვლილებებს თავისი სპეციფიკა აქვს. ევროაზიური მედიასივრცე ობიექტურად უფრო მეტად ინტეგრირებულია, ვიდრე ნაციონალური ინსტიტუტები, ეკონომიკური ან სოციალური ინიციატივები. დსთ და ბალტიის ქვეყნების და საქართველოს მედიაფორუმი უნიკალური მოედანია მედიაინდუსტრიაში არსებული ვითარების თანასწორუფლებიანი განხილვების, როგორც პოლიტიკოსების და ექსპერტების მოზიდვის, ისე პროფესიულ საზოგადოებასგამომცემლებს, რედაქტორებს, ჟურნალისტებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით“, – ამბობს „რია-ნოვოსტის“ მთავარი რედაქტორი სვეტლანა მირონიუკი.

ქართველი მედიახელმძღვანელების, ჟურნალისტების და ბლოგერების ევრაზიის მორიგ მედიაფორუმში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია მიუხედავად იმისა, რომ ვისაც ამ ღონისძიებაში მონაწილეობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება დაგვიგროვდა, ისედაც არ გვიჭირს ერთმანეთის გაგება. საერთოდ, თითოეული დელეგაციის მიმართ მზრუნველობას იჩენენ ფორუმის ორგანიზატორები, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ქართველების და ბალტიისპირელების მიმართ განსაკუთრებით ყურადღებით არიან. ეს ბუნებრივიცაა _ ჩვენ მათთვის უკვე აღარ ვართ „შინაური მღვდელი“, რომელსაც „შენდობა არა აქვს“.

ცენტრისკენული და ცენტრიდანული ტენდენციები

მოკლედ,  მეშვიდე ფორუმი სამუშაო სახელწოდებით _ „ინტეგრაციული პროცესები პოსტსაბჭოთა სივრცეში და ახალი მედია“, რომელშიც 200-ზე მეტი მედიასაშუალების ხელმძღვანელი, ბლოგერი თუ პოლიტიკური ექსპერტი მონაწილეობდა, ყოველგვარი ექსცესების გარეშე შედგა და ვერ ვიტყვი, რომ მოსკოვის 2009 წლის ფორუმის ტოლფარდი იყო (ვერც თქვენ მოგატყუებთ, ვერც საკუთარ თავს და ვერც ამ ფორუმის მონაწილე ჩემს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ამ ფორუმზე გავიცანი და რომლებიც  ახლა ამ წერილს კითხულობენ). ცოტა გასაკვირიც კია _ თუკი 2009 წელს, მოსკოვში, მეოთხე ფორუმის გახსნას რფ პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბეჭდვითი სიტყვის მინისტრი (სხვა დაბალჩინოსნებზე აღარაფერს ვიტყვი) დაესწრნენ „საკუთარი პერსონით“ და სიტყვითაც გამოვიდნენ, მომდევნო _ კიევის, ასტანის და მინსკის _ ფორუმები ამ მხრივ დიდად ვერ დაიკვეხნიდა: სახელმწიფოთა მეთაურების საუკეთესო სურვილებით გაჟღენთილი მოკრძალებული მისასალმებელი წერილები და ფორუმის მონაწილეთაგან შერჩეული მცირერიცხოვანი ჯგუფის შეხვედრა მასპიძელი ქვეყნის პრეზიდენტთან. ჰო, ერთი ან, საუკეთესო შემთხვევაში, ორი მინისტრის სიტყვის გამოსვლაც არ უნდა დავივიწყოთ მეტი ობიექტურობისთვის. ამბიციურობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ეს ნამდვილად ცოტაა 15 ქვეყნის მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისთვის.

ამიტომ და იმიტომაც, რომ კარგად ვხედავდი ფორუმის ორგანიზატორთა _ «რია-ნოვოსტის» წარმომადგენლების შეწუხებულ სახეებს, მათი დიდ მცდელობის მიუხედავად, წინა დღეს იძულებით შეცვლილი პროგრამის გამო, ფორუმის პოლიტიკური სულისჩამდგმელების გასაგონად ვიტყვი: თუკი ბოლომდე გესმით ამ ყოველწლიური შეხვედრების დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და პერსპექტივაში უფრო მეტის მოლოდინიც გაქვთ, მაქსიმალურად ეცადეთ, ფორუმს მაღალი სტატუსი შეუნარჩუნოთ.

ევრაზიის მედიაფორუმზე ტრადიციულად გვაცნობენ ხოლმე რუსეთის ფედერაციის და მასპინძელი ქვეყნის პირველი პირების მიმართვებს. ელემენტარული ეთიკის საკითხია, ორიოდ ფრაგმენტი მაინც გაგაცნოთ ვლადიმერ პუტინის და ალექსანდრე ლუკაშენკოს მისასალმებელი წერილებიდან.

თქვენი ყოველწლიური შეხვედრები აერთიანებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმძღვანელებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს რუსეთიდან და საზღვარგარეთის მრავალი სახელმწიფოდან. მჭიდრო მრავალმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იზიდავს, ახალ შესაძლებლობებს აჩენს მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი ბევრი მსგავსი ამოცანის გადასაწყვეტად. და აქ მასმედიის სოლიდარული პოზიცია მოწოდებულია, ითამაშოს ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი, ჭეშმარიტად წამყვანი როლი“, – ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მისასალმებელ წერილში.

რუსეთის პრეზიდენტი ევრაზიის მედიაფორუმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია და შეიძლება ითქვას, რომ კარგად იცის, რასაც ამბობს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახელწოდებები „ევრაზიის მედიაფორუმი“ და „ევრაზიული კავშირი“ „რატომღაც“ ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მკითხველს ნამდვილად არ გაუჭირდება შორსმიმავალი გეგმების გამოცნობა. მთავარი იყო 15-წლიანი დაშორება და გაუცხოება უფსკრულად არ გადაქცეულიყო. 2006 წელს დასახული მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია _ ახლა პოსტსაბჭოთა სივრცის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ერთმანეთის გასაცნობად წლები აღარ დასჭირდებათ; ეს 6 წელი მართლაც ნაყოფიერად არის გამოყენებული. მედიას, ბუნებრივია, შეუძლია სერიოზული ამოცანების გადაჭრა, ოღონდ, პოლიტიკოსებს ბოლომდე უნდა ესმოდეთ, რომ ჟურნალისტებით მანიპულირების მცდელობას მათთან სერიოზული მუშაობა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით საქმიანობა სჯობია. აგერ, რუსეთის პრეზიდენტიც „დარწმუნებულია, რომ ახლანდელი ფორუმი ფრიად სასარგებლო იქნება მისი მონაწილეებისთვის, ახალი საინტერესო პროექტების და ინციატივების დასაწყისი გახდება“.

თითოეულ ფორუმს ჰყავს სპეციალური სტუმარი, რომელთან შეხვედრაც ფორუმის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ამჯერადაც ასე იყო. დიდი ინტერესი გამოიწვია მინსკის ფორუმის სპეციალურ სტუმართან _ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტთან და ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორთან რუსლან გრინბერგთან შეხვედრამ და დიალოგის  დროს გამოთქმულმა  მოსაზრებებმა, რომელთა მთავარი დედააზრი მან ჯერ კიდევ ფორუმის გახსნამდე გაუზირა «რია-ნოვოსტის» და ჩვენს მკითხველსაც გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის ამ შეხვედრის მიზნებსა და ამოცანებზე; ვიმედოვნებ, რომ ფორუმზე იქნება იდეათა ურთიერთგაცვლა იმის თაობაზე, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მასმედიამ ევრაზიულ სივრცეში, რათა გაძლიერდეს ცენტრისკენული ტენდენციები და წინ აღვუდგეთ ცენტრიდანულს. რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები განწირულები არიან სერიოზული თანამშრომლობისთვის, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი, დიდი ალბათობით, ტექნოლოგიურ წყვდიადში აღმოჩნდებიან,“ – თქვა რუსლან გრინბერგმა.

მეცნიერის იმედები გამართლდა. იდეების გაცვლამ რა შედეგები გამოიღო, ამასაც მალე გავიგებთ, რადგან ფორუმის ყველა მონაწილე ამ სივრცეში ვცხოვრობთ და მომავალში მოსახდენი მოვლენები ჩვენზე არა როგორც შორიდან დამკვირვებლებზე, არამედ უშუალოდ აისახება.

როგორც ხედავთ, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები ამიერიდან კიდევ უფრო მჭირდოდ გადაეჯაჭვება და ამ ვითარებაში პატარა ქვეყნებისთვის უფრო მეტი საფრთხის შემცველია დიდ სახელმწიფოებთან კონკურენციის პირობებში სერიოზული ადგილის დამკვიდრების მცდელობაც კი. მეცნიერის გაფრთხილებას სერიოზული მიდგომა _ ბატონი გრინბერგი ევრაზიული პროექტების პერსპექტივაზე საუბრისას მათ პოზოტიურ მხარეებზე ამახვილებდა ყურადღებას. და საერთოდ, მინსკის ფორუმის დღის წესრიგში მთავარი იყო ევრაზიული ინტეგრაცია და მასმედიის როლი ევრაზიული პროექტების განვითარებაში.

რუსეთის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის საუბარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა: ამ ფორუმებში მონაწილეობა იმითაც არის საინტერესო, რომ ჟურნალისტებს ტენდენციებისთვის თვალის მიდევნების და, ამასთან, ამა თუ იმ მიმართულების ხელმძღვანელებთან უშუალოდ საუბრის შესაძლებლობა გვაქვს.

რაც შეეხება ცენტრისკენულ და ცენტრიდანულ ტენდენციებს, მათზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მიგვანიშნეს, თუ სად არის ეს ცენტრი.

ყველა მუშაობს და მშიერიც არავინაა

ბელორუსი პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის მხურვალე მხარდამჭერია და, ბუნებრივია, პრეზიდენტი ლუკაშენკოც სიმბოლურს უწოდებს ევრაზიის მედიაფორუმის მინსკში გამართვას. მისი აზრით, ინტეგრაციული პროცესების ეფექტიანობაუშუალოდ არის დამოკიდებული სახელმწიფოთა ხელმძღვანელების პოლიტიკურ ნებასა და მათი მოქალაქეების კონსტრუქციულ პოზიციაზე“.

ძნელია არ დაეთანხმო, მით უფრო, როცა პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ „ამიტომაც ამ საქმეში ასე მნიშვნელოვანია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი, რომლების პატიოსნად და ობიექტურად ასახავენ რეალურ პროცესებს და აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს“. ეს უკანასკნელი ბელორუსის პრეზიდენტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. რეალური პროცესების ობიექტურ ასახვას კი არა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ვგულისხმობ. ბელორუსის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ ფორუმი ჟურნალისტებს აზრისა და გამოცდილების გაზიარების კარგ შესაძლებლობას აძლევს. ვცადეთ ჩვენ ეს, მაგრამ ბელორუსი კოლეგები საქართველოს ამბებით განსაკუთრებულ დაინტერესებას ამჟღავნებენ, თავიანთ მდგომარეობაზე კი ფრთხილად საუბრობენ ანდა ამ საუბარს სულაც ოსტატურად გაურბიან. პრეზიდენტ ლუკაშენკოს კეთილი სურვილებიდან დამამახსოვრდა მისი რწმენა, რომ ფორუმი „ხელს შეუწყობს ახალი შემოქმედებითი იდეების პრაქტიკაში განხორციელებას“.

ახალი შემოქმედებითი იდეების გაჩენისა რა გითხრათ, მაგრამ მინსკში კიდევ ერთხელ ჩასვლის სურვილი კი ნამდვილად გამიჩინა იქ გატარებულმა სამმა დღემ. მით უფრო, რომ ბელორუსის პირველ მასპინძელს უარს ნამდვილად არ ვეტყვი მიწვევაზე „გაზაფხულიდან შემოდგომამდე“, როცა „ნათლად დავინახავთ სიმწვანეში ჩაფლულ დედაქალაქ მინკს“.

არ მინდა საუბრის ძირითად თემას ძალიან ავცდე, მაგრამ მირჩევნია აქვე აღვნიშნო და თანაც ხაზგასმით, რომ თბილისისგან განსხვავებით, სადაც ისტორიულ უბნებშიც კი მრავალსართულიიანი სიმახინჯეები აღმართეს და საცხოვრებელი სახლები უწოდეს, მინსკში ვერაფერ მსგავსს ვერ ნახავთ. ახალი საცხოვრებელი კვარტლები ქალაქგარეთ შენდება და თანამედროვე არქიტექტურა შესანიშნავად ერწყმის ლანდშაფტს. სივრცე საშუალებას აძლევს მნახველს, რომ საცხოვრებელი კორპუსები ასანთის კოლოფებივით ჩამწკრივებულად კი არა, დახვეწილად გაწყობილ დეკორაციად წარმოიდგინოს, რომელიც აკადემიური თეატრის გემოვნებიანმა მხატვარმა გამოიტანა დიდ სცენაზე და მნახველში მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს აღძრავს.

სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაკეზე გაშლილ ქალაქში ბევრი ბაღი და სკვერია, რაც დასვენებისა და გართობის შესანიშნავ საშუალებას იძლევა. თუმცა, გასართობად აქ მარტო პენსიონერები და ბავშვები თუ მოიცლიან, რადგან თითქმის ყველა მუშაობს. რაკი ყველაფერზე ერთ წერილში ვერ ვისაუბრებ (თანაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიწვევაც მახსოვს!) ვცდილობ მოკლედ ძირითადი მაინც აღვნიშნო: ბელორუსში თითქმის ყველაფერს აწარმოებენ და წარმოებული პროდუქციის 85 პროცენტი ექსპორტზეც გააქვთ. ეს არის ქვეყანა, სადაც ცნობილი საბჭოთა ლოზუნგი „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს“ ასე ტრანსფორმირდა: „ყველა მუშაობს და მშიერიც არავინაა“. ახლა ვიცი, რომ ქართველი (და არამარტო) მკითხველი ბელორუსული დემოკრატიით დაინტერესდება. ვეცდები თავაზიანად გიპასუხოთ: მე ზრდილობიანი ადამიანი ვარ და ჩამოხრჩობილის სახლში თოკზე არ ვლაპარაკობ ხოლმე. მით უფრო, რომ დიდი დემოკრატიის ჩვენც ვერ დავიკვეხნით.

შეხვედრა პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან და „გადაფურცლული“… იარა

„რუსეთიც, ჩვენც, _ ორივე მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობას. ეს იცით?“ _ მომმართა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჩემს შეკითხვებზე პასუხის გაცემის დროს. „რია-ნოვოსტის“ ორგანიზებული  ევრაზიის მედიაფორუმის ფარგლებში შექმნილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების რედაქტორთა კლუბის წევრებთან მისი შეხვედრა და კითხვა-პასუხი თითქმის 4 საათს გაგრძელდა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამედროვე შენობაში. მანამდე კი ბიბლიოთეკაში განთავსებული უნიკალური ექსპონატები დავათვალიერეთ. მათი ღირებულება, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორმა ნახევრად ხუმრობით გვითხრა, სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარია. ბელორუსის ბიუჯეტი კი 14 მილიარდ 300 მილიონი დოლარია.

როდესაც საქართველოს დელეგაციის რიგმა მოუწია, მასპინძელი პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მომეცა და სრულად გთავაზობთ ამ კითხვებსაც და ბატონი ლუკაშენკოს პასუხებსაც.

_ ბატონო პრეზიდენტო, საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობის დროს საქართველოს და ბელორუსს შორის განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა არ ყოფილა. საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეცვლამ გააჩინა თუ არა ახალი პერსპექტივები ამ ურთიერთობის გამყარებისა და განმტკიცებისთვის და თანამშრომლობის რომელ სფეროებს გამოყოფთ?  

_ თქვენს შენიშვნასთან დაკავშირებით, _ მე ასე მესმის, რომ თქვენი პირველი ფრაზა ეხება ჩვენს ურთეირთობებს სააკაშვილის მმართველობის დროს.

ღმერთმა ქნას, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების _ სააკაშვილი კი ჯერ კიდევ ხელმძღვანელია, _ ივანიშვილის მხრიდან დამოკიდებულება ბელარუსის მიმართ ისეთივე იყოს, როგორიც სააკაშვილის მხრიდან. მე უწინაც ვთქვი, რომ ჩემი მხრიდან ცოდვა იქნებოდა, გავნაწყენებულიყავი საქართველოსა და ქართველებზე; გაეროში თუ ამერიკასთან, იგი ამბრაზურას პირველი გადაეფარებოდა ხოლმე ბელარუსის დასაცავად. მე არ ვილაპარაკებ ამის მიზეზებზე, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო. ეს უდავო ფაქტია. ვერ დავიწყებ ახალი ხელისუფლების წინაშე კუდის ქიცინს, რომ ეს ასე არ იყო. ყოველთვის ასე იყო.

მე ვიცი ქართველების დამოკიდებულება ბელარუსისადმი. ღმერთმა ქნას, რომ ყველას ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორიც ქართველებს ბელარუსისადმი, ანდა როგორც ბელარუსს აქვს თქვენ მიმართ. ვერც ერთი ქართველი, ისევე, როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ვერ იტყვის, რომ აქ ცუდად გრძნობს თავს. ბელარუსი კურთხეული ქვეყანაა. აქ ყველა კარგად გრძნობს თავს. ამიტომ, როგორც თქვენ უწოდებთ, «სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობის დროს», ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობები გვქონდა _ ის ყოველთვის გვიცავდა და მხარს გვიჭერდა. რომელიმე საერთაშორისო ფორუმზეც და დსთ-შიც, სანამ დსთ არ დატოვეთ, შეხვედრისას, მინსკშიც ჩამოსულა და ა. შ.

დაძაბული ურთიერთობებიც იყო რუსეთსა და პუტინთან, მაგრამ აქ, ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ვისხედით: მე, ის და პუტინი, ვხუმრობდით, ბორჯომს ვსვამდით. მაშინ, როცა რუსეთში რაღაცის შეტანაზე აკრძალვა დააწესეს, ჩამოდის აქ და შემოდის სააკაშვილი: «აი, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ხედავთ, ბელარუსში «ბორჯომი» შემოგვაქვს». ვეუბნები: «მიშა, დაწყნარდი, ეს ახლა სპეციალურად ჩამოვიტანეთ «ბორჯომი» პირდაპირ საქართველოდან». თუმცა ჩვენ არასოდეს აგვიკრძალავს აქ ქართული ღვინოები და «ბორჯომი», სავაჭრო ურთიერთობებიც გვქონდა _ ძალიან კარგი ურთიერთობები გვქონდა….

_ ბატონო პრეზიდენტო, ორი წლის წინ თქვენ თქვით, რომ, რომ არა აშშის და ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეები, აღიარებდით სოხუმის და ცხინვალის დამოუკიდებლობას. დღეს როგორია თქვენი პოზიცია _ კვლავაც ეს საფრთხეები გაბრკოლებთ, თუ არსებობს სხვა გარემოებებიც, რომლებიც ბელორუსს აიძულებს საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისგან თავის შეკავებას?

_ რაც შეეხება აღიარება-არ აღიარებას, ამის თაობაზე გულახდილად მითქვამს: საქმე აქ შიშში როდია. როცა საქმე აღიარება-არ აღიარებაზე მიდგა, ჩვენ რუსეთის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე ვიმსჯელეთ, მაშინ მედვედევი იყო პრეზიდენტი. ჩვენ სოჭში ამისთვის ძალიან ფუნდამენტურად და საფუძვლიანად ვიყავით მომზადებული. ფურცელი ორად გავყავი და დავწერე მინუსი და პლუსი. ვეუბნები: რუსეთისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ ჩვენ ოსეთსა თუ აფხაზეთს? მანამდე არძინბასაც შევხვდი სოჭში, მასთანაც მქონდა მოლაპარაკებები. იცით, რა მითხრა არძინბამ, რომელმაც ამ საკითხში ჩვენი პოზიცია იცოდა? არ გვინდა თქვენი აღიარება, ალექსანდრე გრიგორის ძევ, ისედაც იოლას გავალთ, მაგრამ თქვენ კარგს არაფერს მოგიტანთ. ჩვენ მიმართ მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, იმიტომ, რომ ჩვენც ბევრ რამეში ვეხმარებოდით. და ასეთი რჩევა მომცა. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მსჯელობა ამით დავიწყეთ. ვეუბნები _ აი, პლუსი, აი, მინუსი და ვუსვამ კითხვას: რუსეთი მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა ნეგატიური შედეგების მინიმიზაციაზე? იქ ხომ ეკონომიკაცაა, ფინანსებიც… მაშინვე გვითხრეს, როგორც ადრე _ შევწყვეტთ ანგარიშსწორებას ევროთი და დოლარით. რუსეთს ვეუბნები: მოდი, ანგარიშსწორება რუბლებში მოვახდინოთ რუსული ნავთობისა და გაზისთვის. აბა, საიდან მოვიტან დოლარებს, თუ ანგარიშსწორებას მიწყვეტენ? ეს სხვა საკითხია, ჩვენ მზად არ ვართო. მეც ხელები გავშალე და მორჩა.

არ იყო ეს მნიშვნელოვანი? იყო.

ყველაზე მთავარი კი, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, ისაა, რომ ვაღიარებდით თუ არ ვაღიარებდით, ეს მათაც და ჩვენც არაფერს შეგვძენდა. ეს არსებითად თუ ვისაუბრებთ, ასეა.

თუმცა, ჩვენ ეს გვერდი გადავფურცლეთ და რუსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად მას აღარ მივბრუნებივართ. ბოლო შეხვედრისას მე და ვლადიმერ ვლადიმერის ძე ამ თემას არც შევხებივართ. პუტინმა გაკვრით მითხრა: «ალექსანდრე გრიგორის ძევ, ჩვენ უკვე გადავფურცლეთ ეს გვერდი.» მაგრამ რუსეთიც, ჩვენც _ ორივე მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობას. თქვენ ეს იცით?

_ მაგრამ, ბატონო პრეზიდენტო, რუსეთმა აღიარა სოხუმის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ცნობთ?

_ აღიარა. მაგრამ ეს თეზისი იყო ჯერ კიდევ შევარდნაძისა და ელცინის მმართველობის ხანაში, როცა მუდამ იყო კამათი. როდესაც აფხაზეთმა დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა, მაშინ ეს თეზისი _ დასავლეთშიც და ჩვენთანაც, რუსეთშიც, აღიქმებოდა ერთმნიშვნელოვნად, როგორც მთელი საქართველოს ერთიანობა (მთლიანობა), მაგრამ მანდამდე მისვლაა საჭირო! მეტსაც გეტყვით _ სააკაშვილის და ივანიშვილისა და აფხაზეთისა თუ ოსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის (არ მახსოვს აფხაზეთის და ოსეთის ახლანდელი ხელმძღვანელების გვარები) პოზიციის გარეშე თქვენ ამ საკითხს ვერ გადაჭრით. როგორც კი ხვალ აფხაზეთს მოელაპარაკებით, რუსეთს გაუხარდება _ დღეს ხომ მას მეტი პრობლემა აქვს, როცა თქვენ დანაწევრებული ხართ, ვიდრე ექნებოდა, ერთად რომ ყოფილიყავით. რუსეთი, მთელი მისი ხელმძღვანელობა პირჯვარს გადაიწერს, თუ თქვენ მოილაპარაკებთ, მაგრამ ეს თქვენ უნდა მოილაპარაკოთ _ თქვენ და არა რუსეთმა. და თუ ამ კონფლიქტზე ვილაპარაკებთ, მიხეილ სააკაშვილს მხარს არასდროს ვუჭერდი. და, იცით, მას ჩემი ესმის და ბევრი რამეც მიამბო.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ _ მე ძველი პოლიტიკოსი ვარ. ვსხედვართ შევარდნაძე, მე, სხვა ხელმძღვანელთა ჯგუფი და საუბარია აფხაზეთზე. მაშინ ოსეთთანაც დაძაბული ურთიერთობა იყო და შევარდნაძე სთხოვს ელცინს _ ქართული აქცენტით, ეს სურათი დღემდე თვალწინ მიდგას, რადგან კარგი მეხსიერება მაქვს _ «გთხოვთ, ბორის ნიკოლაევიჩ, გამოგზავნეთ ჩვენთან მშვიდობისმყოფელები». ნატოსი კი არა, რუსეთის. ბორის ნიკოლაევიჩი პასუხობს: «კავკასიაში პრობლემები მაქვს. ამდენი ხალხი იღუპება და იქ ახლა რუსი მშვიდობისმყოფელები გავაგზავნოთ? ბელარუსი რატომ არ გამოგზავნის?» ვეუბნები: «ბორის ნიკოლაევიჩ, ბელარუსს არ აქვს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მშვიდობისმყოფლების გაგზავნის უფლება. მე არ გავაგზავნი». «აი ხედავ? ისევ ჩვენ მოგვიწევს!» შევარდნაძე სთხოვს: «ცოტა მაინც გამოგზავნეთ…» ჰოდა, გაგზავნეს მშვიდობისმყოფელები და ეს 30 კაცი დაიღუპა ამ კონფლიქტში.

და როგორც კი ეს კონფლიქტი მოხდა _ იქ ბევრი რამ იყო გაუგებარი _ იმ დროს მე პეკინში ვიყავი პუტინთან ერთად. «ევრონიუსიცა» და «ბიბისიც» გადმოსცემენ, იქ ომი მიმდინარეობს, რუსეთი ვიღაცას თავს დაესხა. რუსეთი ამ ინფორმაციულ ომს აგებდა, ყველაფერი ხომ ასე არ იყო. ვცდილობთ დავრეკოთ, არავინ გვპასუხობს მოსკოვში, არავინ არაფერი იცის. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, როგორ ურთიერთობდნენ შემდეგ პუტინი და ბუში ოლიმპიადაზე. 8 რიცხვშია ოლიმპიადის გახსნა და ომი დაიწყო. მცირე ხნის შემდეგ ამ პრობლემაზე ვმსჯელობთ მოსკოვში. ეს ფაქტები ვიცოდით, ნაზარბაევს არ ახსოვდა, მაგრამ მე მახსოვდა და ამით დავიწყე: როგორ შეიძებოდა იმ ბიჭების მოკვლა, რომლებიც შევარდნაძემ, ქართულმა მხარემ მაშინ მოითხოვა _ ეს ხომ ჩემი თანდასწრებით მოხდა. ამ საუბრის სტენოგრამა არსებობს. აი, ეს იყო ჩემთვის მიუღებელი.

მე არ დავიწყებ ნიუანსებში ჩაწვდომას _ როგორ გაჩაღდა კონფლიქტი, რა მიზეზი იყო იმთავითვე, ვინ როგორ მოახდინა პროვოცირება _ ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ ამაში არ ვერევი. ეს საკითხი ჯერ არ მეხება, მაგრამ თქვენ ეს პრობლემა უნდა გადაწყვიტოთ. ცუდი იყო სააკაშვილი _ ვერ მოახერხეთ, ახლა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს. და თუ თქვენ, როგორც ეს აზერბაიჯან-სომხეთს შორის ხდება, ერთმანეთს ჯიქურ დაეტაკებით, თქვენ _ აფხაზებს, ისინი _ თქვენ, ან თუნდაც თქვენ _ რუსეთს, მაშინ ამ პრობლემას ვერასოდეს გადაწყვეტთ. ეს რუსეთის პრობლემა არ არის. მათ ეს კონფლიქტი არ სჭირდებათ. ეს ზუსტად ვიცი. იმიტომ, რომ კონფლიქტი საქართველოში და საერთოდაც, საქართველო რუსეთის თავის ტკივილია იმიტომ, რომ თქვენ კავკასიის გული ხართ, სადაც რუსეთი თავს მშვიდად არ გრძნობს. და ცოდვა გამხელილი ჯობს _ იქიდან ყველა მზად არის და, მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ამას ხელს არ უწყობთ ანდა უწყობთ, მე არ ვიცი, და რუსეთს არ უნდა ეს ხვრელი, საიდანაც შეიძლება რუსეთის კავკასია ადუღდეს. ეს რუსეთის  ხელმძღვანელობისგან ვიცი. რუსეთს ეს რა სჭირდება. და თქვენ რომ ამ პრობლემის გადაჭრა შეგეძლოთ, არავითარი საკითხები არ წამოიჭრებოდა.

ამას გარდა, მე ვიცი საქართველოს ხელმძღვანელობის პოზიცია. რა არის სამხრეთ ოსეთი? ესაა პატარა ანკლავი ორ ხეობას, მთებს შორის. აქ ნაციონალური გრძნობებია შელახული და, რა თქმა უნდა, ეს გადასაჭრელია. საქართველოს ხელისუფლება გონივრულ პოლიტიკას აწარმოებს. მე დარწმუნებული ვარ, იქ ძალის გამოყენებას არ გეგმავენ. მათ კონტრასტის ჩვენება სურთ. აი, საქართველო, აი, მისი განვითარება და აი, რა ხდება ამ მონაკვეთებზე _ და ეს მუშაობს. ეს ზუსტად ვიცი. ეს სწორი პოლიტიკაა. ხალხი თავად დაინახავს. და თუ პოლიტიკოსებიც ამ კუთხით უბიძგებენ პროცესს, და თანაც ახლა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და, რუსეთშიც არავითარი ალერგია არ აქვთ ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, მაშინ ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. თუ ხვალ თქვენ გაერთიანების გზას დაადგებით, თქვენ გვერდით გვიგულეთ. რუსეთს საკმარისი მიწები აქვს, მას არც აფხაზეთი სჭირდება და არც ოსეთი. ამიტომ არ არის საჭირო თავდაცვის მინისტრისა თუ _ ბოდიში, რომ ამაში ვერევი _ სხვა პოლიტიკოსების  დაჭერა. საჭიროა საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა და ეს ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, ისევე როგორც დნესტრისპირეთში ანდა აზერბაიჯანში. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და გეზის აღება აქეთაა საჭირო. კუდიანები კი… ეს კუდიანები უკვე წავიდნენ. თანაც, არავინ, განსაკუთრებით საქართველოს მფარველები საშუალებას არ მოგცემენ, სააკაშვილის ხალხს თავები დააყრევინოთ. სააკაშვილი დასავლეთის კაცია. ამიტომ, ამ პოლიტიკოსების ადგილას, დროს ფუჭად არ დავკარგავდი.

აი ახლა, 1 იანვრიდან დსთ-ში თავმჯდომარეობას გადმოვიბარებთ და გელით. ჩამოვალ თქვენთან, დაგიჩოქებით _ ოღონდ, არა _ საჯაროდ და თუ გინდათ _ საჯაროდაც და გთხოვთ, რომ თქვენი პირველი ნაბიჯი დსთ-ში დაბრუნება იყოს. ამით არაფერს დაკარგავთ, რუსეთი კი პირველი მომხრე იქნება. უნდა დაბრუნდეთ და იქ ყველა საკითხის გადაჭრას შევძლებთ, თუკი, რასაკვირველია, ქართველი პოლიტიკოსები ამას მოისურვებენ. ჩიხში ნუ მოაქცევთ სიტუაციას ისე, როგორც ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში მოხდა. იქ ხომ ხელისუფლების სათავეში მყოფ პოლიტიკოსთა უკვე მესამე თუ მეოთხე თაობაა, მაგრამ პრობლემის გადაჭრის უნარი არ შესწევთ. ზუსტად ასეა დნესტრისპირეთშიც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ჩიხურ სიტუაციას ნუ შექმნით. რუსეთი ერთ დღე-ღამეში გადაჭრის თავის საკითხებს, თქვენ თუ მოილაპარაკებთ. ის არ დაგანგრევთ და არ დაგანაწევრებთ. ეს მათ არ სჭირდებათ, არც ერთი თვალსაზრისით _ იქ ხომ ნავთობი და გაზი არ მოიპოვება, ოქრო მიწის ზედაპირზე არ დევს, ანუ დიდი ბუნებრივი წიაღისეული არ არის. რაც შეეხება ტერიტორიას _ რუსეთს თავისი უზარმაზარი ტერიტორიებიც ყოფნის. თუმცა, ამჟამინდელი სიტუაცია რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის და არა მარტო კავკასიის თვალსაზრისით. ქართველები კარგი ხალხია, ხოლო საბჭოთა დროს _ განსაკუთრებული ხალხი…

ასეთია «ძველი პოლიტიკოსის» ალექსანდრე ლუკაშენკოს პოზიცია. ბელორუსის პრეზიდენტს ბევრი უნახავს ცხოვრებაში, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის წლებიც არ იყო იოლი, მაგრამ მან მოახერხა და 18 წლის მანძილზე შეინარჩუნა სახელმწიფოს მართვის საჭე. მის თვალწინ დაეშვნენ უმაღლესი მწვერვალიდან კოლეგაპრეზიდენტები, რომლებიც საკუთარ უძლეველობაში დარწმუნებულები იყვნენ ისევე, როგორც ალექსანდრე ლუკაშენკოა დარწმუნებული საკუთარ განსაკუთრებულობაში. ერთერთი მათგანიყირგიზეთისტიტების რევოლუციისგმირი და შემდგომში დამხობილი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ოჯახთან ერთად ლუკაშენკომ შეიფარა 2010 წელს. სამშობლოში კი ექსპრეზიდენტი, მისი ძმა, აგრეთვე სხვა მასთან დაახლოებული პირები მასობრივ მკვლელობებში და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს და მათზე საერთაშორისო ძებნაც გამოაცხადეს

კუდიანები კიეს კუდიანები უკვე წავიდნენ“, – მითხრა  ბელორუსის პრეზიდენტმა. ახლა ჩვენ უკვე ვიცით, სად მიდიანეს კუდიანები“…

 

ბონდო მძინარაშვილი

თბილისი – მინსკი – თბილისი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here