Home რუბრიკები საზოგადოება ძლიერი თაობა _ ძლიერი საქართველო!

ძლიერი თაობა _ ძლიერი საქართველო!

610

ამ დევიზით გაიმართა გასულ კვირას შოთა ჩოჩიშვილის ძიუდოს აკადემიის დიდ დარბაზში ტურნირი და საქართველოს VII ჩემპიონატი სეიბუკაი კიოკუშინ კარატეში, რომლებშიც 4 წლიდან 18 წლამდე 400-მდე ახალბედა და გამოცდილი სპორტსმენი მონაწილეობდა.

შეჯიბრი დაიწყო ლოცვით და ვაკის წმ. სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრის მამა დანიელის ლოცვა-კურთხევით.

ორივე შეჯიბრის მთავარმა მსაჯმა გოჩა კაკაბაძემ «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში განაცხადა, რომ ტურნირი, რომელშიც ძირითადად ახალბედები მონაწილეობდნენ, მიზნად ისახავდა მათთვის გამოცდილების შეძენას.

_ ბავშვი ასეთ დიდ დარბაზში ტატამზე პირველად, რომ გადის და იბრძოლებს, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება შედეგს. მთავარია, მან აჯობოს საკუთარ თავს. ეს ძალიან რთული ფსიქოლოგიური მომენტია ახალბედა სპორტსმენისთვის, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, წავახალისოთ ისინი. ყოველივე ისე იყო ჩაფიქრებული, ისეთ პრინციპზე აგებული, რომ ტურნირის მონაწილეთაგან არც ერთს თავი დამარცხებულად არ უნდა ეგრძნო, თავმოყვარეობა არ უნდა შელახოდა არავის _ გინდ ახალბედა ყოფილიყო, სულ პატარა ბიჭი, რომელიც ტატამზე ვერცხლისწყლის წვეთს უფრო ჰგავდა, ვიდრე შერკინებაზე გამოსულ რაინდს, გინდ ყმაწვილი, უფრო გამოცდილი, მაგრამ პირველისგან დიდად განსხვავებული არა.

საოცარი სანახავი იყო, როცა ყოველი ორთაბრძოლის დამთავრების და მონაწილეთა ტრადიციული დამშვიდობების შემდეგ _ მოხრილი მკლავებით და შეკრული მუშტებით, წელში მყისიერი მოხრითა და თავის მოწიწებით დახრის და შეძახილის _ «ოს!» შემდეგ მსაჯი ტატამზე კახაბერ კაკაბაძე თავისთან იხმობდა ციცქნა ბიჭებს და გოგონებს, გადახვევდა მკლავს და ერთს გამარჯვებას მიულოცავდა, მეორეს დაამშვიდებდა, დაუყვავებდა და ორივეს თავზე აკოცებდა.

ეს იყო მართლმადიდებლური სიყვარულის დემონსტრაცია, რომელიც შინაგან რწმენაზეა დაფუძნებული. ამას შემთხვევით არ ვამბობ: კარატეს შემსწავლელი ეს სპორტული ჯგუფი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. მე დავსწრებივარ ამათ ვარჯიშებს და მინახავს, როგორ ლოცულობენ სპორტსმენები მეცადინეობის დაწყების წინ. შეჯიბრზე გასვლამდე კი წამიერად გაირინდებიან, უთუოდ გულში ლოცვას წარმოთქვამენ, პირჯვარს გადაიწერენ და გულდაჯერებულები იწყებენ შეხვედრას _ არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ საკუთარი ფიზიკური მონაცემებისა და სულიერი თვისებების განსამტკიცებლად.

საინტერესო სანაХავი იყო ჩემპიონატი, რომელშიც უმეტესად გამოცდილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. თითქმის ყველა ბრძოლა უშეღავათოდ წარიმართა.  რაინდული შემართებით იბრძოდნენ, საფინალო სასტვენის შემდეგ კი წაგებული სპორტსმენი ულოცავდა გამარჯვებულს. გამარჯვებული დამარცხებულს ანუგეშებდა.

საქართველოს რაიონებიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობდნენ ორივე ასპარეზობაში. ტურნირის უკლებლივ ყველა მონაწილე დაჯილდოვდა მედლებით, დიპლომებითა და სამახსოვრო პრიზებით, საჩუქრად გადაეცათ ნაკურთხი ხატები. ხოლო ჩემპიონატზე პირველ სამ ადგილზე გასული სპორტესმენები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებითა და სამახსოვრო პრიზებით.

იზრდება ძლიერი თაობა და ძლიერდება საქართველო.

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here