Home რუბრიკები საზოგადოება ევროპული ცივილიზაციის ქართული შენაკადი

ევროპული ცივილიზაციის ქართული შენაკადი

701

ახლახან (2012 წლის 13 ნოემბერს) იტალიურ «ლა სტამპაში» გამოქვეყნდა კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტიური ცივილიზაციის მკვლევარის, სიენის უნივერსიტეტის პროფესორ სილვია რონჩის (Silvia Ronchey) უაღრესად მნიშვნელოვანი სტატია «როცა ბუდა ქრისტიანი წმინდანი იყო».  რაც ჩვენთვის არსებითია, გასული ათასწლეულის ევროპული რენესანსისა და განმანათლებლობის გენეზისის მის მიერ წარმოდგენილ ახალ ხედვაში საერთო პროცესის ქართული შენაკადის ფუძემდებლური როლი იკვეთება.

სტატია ორ-სამ დღეში გავრცელდა მრავალენოვან საინტერნეტო სივრცეში, რუსული და სომხური საიტების ჩათვლით. საერთო სურათიდან ერთგვარად ამოვარდა ქართულენოვანი საინტერნეტო სივრცე, რომელმაც ხსენებული მოვლენა საერთოდ არ ასახა.

ჩვენ ქვემოთ, შევეცდებით მკითხველს სტატიის მთავარი მომენტები გავაცნოთ და, შეძლებისდაგვარად, გარკვეული კომენტარიც გავაკეთოთ.

სტატიის პათოსი კარგად არის გამოხატული მის ეპიგრაფში:

«დასავლურ განმანათლებლობას სათავე დაუდო ბიზანტიურმა ისტორიამ იოასაფის შესახებ, შუასაუკუნეების ბესტსელერმა, რომელიც წინ უძღოდა ჰესეს «სიდხარტას».

სტატია დაფუძნებულია დებულებაზე ქრისტიანობისა და ბუდიზმის სინთეზის წამყვანი როლის შესახებ დასავლური აზროვნების განვითარებაში. გვიანდელი მაგალითის სახით მოყვანილია ნობელის პრემიის ლაურეატის _ ჰერმან ჰესეს «სიდხარტა», რომელმაც, სილვია რონჩის აზრით, დიდი გავლენა იქონია დასავლური აზროვნების განვითარებაზე XX საუკუნეში.        

ამავე დროს ავტორი ხაზს უსვამს იმ ფუნდამენტურ გარემოებას, რომ ბუდიზმი საუკუნეების მანძილზე ინერგებოდა დასავლურ ფსიქიკასა და კულტურაში, დაწყებული XI საუკუნიდან, როცა ბუდა იოასაფის სახელით ქრისტიან წმინდანად იქნა შერაცხული.

შემდგომ, ალბათ, კიდევ ერთი ციტირება იქნება მართებული:

«რამდენადაც ბუდიზმისთვის მთავარია არა დოქტრინა, არამედ ქცევის ჰარმონია, მას არასოდეს ჰქონია საღვთო წერილის ანალოგი. სხვადასხვა კულტურაში ეს ფაქტი განსხვავებულად აღიქმებოდა და წერილობით წყაროებშიც სხვადასხვაგვარად აისახებოდა. რამდენადაც ბიზანტიური ცივილიზაცია მწიგნობრობას წინ აყენებდა, სწორედ აქ შეიქმნა ორიგინალური «ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება», რომელიც ექვთიმე ივერმა დაწერა X საუკუნის ბოლოს _ XI საუკუნის დასაწყისში.

 იგი იყო ქართველი დიდგვაროვანი, ბავშვობიდან მძევლად წარგზავნილი კონსტანტინეპოლში ბიზანტიის იმპერატორის კარზე, სადაც წარმატებული მწიგნობრული განათლება მიიღო. შემდგომში იგი ათონის წმინდა მთის ივერთა მონასტრის ბერი ხდება. აქედან იღებს სათავეს ბუდისტური კვალი ბიზანტიურ მწერლობაში.

 ამ მომენტიდან დასავლურ ლიტერატურაში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ბუდას ცხოვრებაზე დაწერილ მოთხრობათა რიცხვი, ხოლო თვით ბუდა, ქრისტიანი წმინდანის სახით, თავისი მოძღვრების გავრცელების ჰორიზონტებს აფართოებს».      

არც თუ ვრცელი სტატიის ბოლო ნაწილი მთლიანად ეძღვნება პრაქტიკულად ყველა მწიგნობრულ ენაზე ნათარგმნი ექვთიმე ათონელის ამ ნაწარმოების «გავლენის სფეროების» მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავ აღწერას. აღნიშნულია, რომ არც ერთ სხვა ნაწარმოებს დასავლეთში ასეთი პოპულარობა არ მოუპოვებია. 

«გავლენის სფეროების» პერსონალიაში წარმოდგენილია ბოკაჩო, შექსპირი, ლოპე დე ვეგა, პედრო კალდერონ დე ლა ბარკა, ბორხესი, ბოდლერი, ტოლსტოი და სხვ. ნაწარმოები აისახა შუასაუკუნეების ფრანგულ ქალაქურ ლიტერატურაში, შუასაუკუნეების ფრანგულ და გერმანულ ეპოსში, XVIII და XIX საუკუნეების ევროპულ ლიტერატურაში.  

ამავე დროს, რაც ამ ეტაპზე სრულიად ბუნებრივია, უაღრესად მასშტაბური პრობლემის ახალი კონცეპტუალური ხედვა სტატიაში მხოლოდ პრინციპულად არის დასაბუთებული, პრობლემის მრავალი არსებითი ასპექტი კი შემდგომ ანალიზს საჭიროებს.       

კერძოდ, ჯერჯერობით კონკრეტული განხილვის მიღმა რჩება ქართული მწერლობისა და აზროვნების როლი აღმოსავლური და დასავლური კულტურების სინთეზსა და ურთიერთდაკავშირებაში, რაც არსებითად თვით სტატიაში აღწერილი პროცესის მთავარ ამძრავად იკვეთება. იგივე ითქმის ექვთიმე ათონელის, როგორც მწერლისა და მოაზროვნის ღვაწლის შეფასების, ცივილიზაციის გიგანტთა რიგში მისი პიროვნების ღირსეული წარმოჩენისა და პრობლემის არაერთი სხვა ასპექტის შესახებ.

ქვემოთ შეძლებისდაგვარად შევეცდებით, განვიხილოთ ზოგიერთი ასეთი საკითხი.

პირველ რიგში, შევეხოთ ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩამოყალიბებულ მიდგომებს.

დიდი ივანე ჯავახიშვილი «ქართველი ერის ისტორიის» მეორე ტომში ექვთიმე ათონელის ეპოქასა და პიროვნებას შემდეგ შეფასებას აძლევს:

«მრავალრიცხოვანი კულტურული საგანმანათებლო ცენტრები, რომლებიც არსებობდა საზღვარგარეთ მონასტრების სახით, დაწყებული განაპირა სამხრეთით სინას მთა, პალესტინა, იერუსალიმი, კვიპროსი, შავ-მთა ანტიოქიის მახლობლად, რომანა კონსტანტინეპოლის ახლოს და გათავებული ათონის მთით ქალკედონის ნახევარკუნძულზე, სადაც მოღვაწეობდა მთელი პლეადა გამოჩენილ ქართველ მთარგმნელთა, ფილოსოფოსთა და სხვა მეცნიერთა, რომლებიც თავიანთი შრომების მეშვეობით საშუალებას აძლევდნენ ქართულ განათლებულ საზოგადოებას ზედმიწევნით სცოდნოდა, რაც ბიზანტიასა და მახლობელი აღმოსავლეთის საქრისტიანო სამყაროში ფუნდამეტალური რამ იქმნებოდა. გარდა ამისა, საქართველოს ახლო ურთიერთობამ არაბულ-სპარსულ კულტურულ მიმდინარეობებთან და მათი სალიტერატურო ძეგლების გაცნობამ საქართველო ერთგვარად აქცია შუამავლად მაჰმადიანურ აღმოსავლეთსა და ქრისტიანულ ბერძნულ-რომაულ დასავლეთს შორის, ამ ორ, სარწმუნოებრივად განსხვავებულ სამყაროს შორის. ამის ნათელსაყოფად საკმარისი იქნება მივუთითოთ იმ ფაქტზე, რომელიც ახლა სრული უეჭველობით არის დადგენილი, სახელდობრ, რომ საშუალო საუკუნეებში საქართველოს წყალობით მიეცა ევროპას საშუალება, გასცნობოდა პირველ ქრისტიანულ რომანს, ამ უაღრესად პოპულარულ თხზულებას, ვარლამისა და იოასაფის შესახებ, რომელიც ბერძნულ ენაზე თარგმნა და დაამუშავა სახელგანთქმულმა ქართველმა მწერალმა და მეცნიერმა ექვთიმე ათონელმა».

როგორც ვხედავთ, სილვია რონჩი სრულად იზიარებს და ავითარებს ივანე ჯავახიშვილის მოყვანილ შეფასებას. ამ მიმართებაში, მის მიერ ჩამოყალიბებულ მიდგომას შეიძლება ჯავახიშვილ-რონჩის კონცეფცია ეწოდოს.

ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი იდეური ერთიანობა ისტორიულად არც თუ მარტივად იქნა მიღწეული. 

რაც თითქმის ერთი საუკუნის წინ ივანე ჯავახიშვილს «სრული უეჭველობით დადგენილად» მიაჩნდა, დასავლურ ისტორიოგრაფიაში მხოლოდ ბოლო ათწლეულის მანძილზე იქნა აღიარებული.

საუკუნეების მანძილზე «ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრების» ავტორად VII საუკუნის დიდი მოღვაწე იოანე დამასკელი სახელდებოდა, რაც დასავლურმა ისტორიოგრაფიამ მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარებული კვლევების შედეგად გამორიცხა. თუ წიგნის 1967 წლის გამოცემის ავტორი ჯერ კიდევ იოანე დამასკელია, 1980 და 1993 წლების გამოცემებში უკვე ანონიმი ავტორი ფიგურირებს, ნამდვილი ავტორის სახელით მისი გამოცემა კი ჯერაც მომავლის საქმედ რჩება.

დასავლეთში ექვთიმე ათონელის ავტორობის საბოლოო აღიარებას საფუძვლად 2004 და 2006 წლებში გამოქვეყნებული კვლევები დაედო.

მიმდინარე პერიოდში, როგორც ჩანს, უმძიმესი კრიზისის ათწლეულებთან და თაობათა ცვლასთან დაკავშირებით, ჩვენში გაჭირდა შუასაუკუნეების ქართული აზროვნების კვლევის ტრადიციულად მაღალი დონის შენარჩუნება.

სხვაგვარად ძნელი ასახსნელია ის გარემოება, რომ ვიკიპედიის ქართულ ვერსიაში 2011 წლის 7 დეკემბერს განახლებული სტატიის («ექვთიმე მთაწმინდელი») მიხედვით, ექვთიმე ათონელს «ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრებასთან» არავითარი შეხება არ აქვს.

როგორც ჩანს, სტატიის ქართველი ავტორებისთვის დიდი ივანესა და წინა თაობების სხვა ქართველი მეცნიერების არგუმენტები საკმარისად მყარი არ აღმოჩნდა, ხოლო უცხოელი მეცნიერების ზემოხსენებული ახალი დასკვნები ამ მომენტში მათთვის უბრალოდ უცნობია. უფრო მეტიც, მათ ჯერ კიდევ იმ ადვილად მისაწვდომ პრინციპულ სიახლეზეც არ გაუკეთებიათ რეაგირება, რომ ექვთიმე ათონელის მიერ «ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრების» შექმნა უკვე აღიარებულია ამავე საერთაშორისო ენციკლოპედიის ძირითადი, ინგლისური ვერსიის სტატიაში «Eუტჰყმიუს ოფ Aტჰოს» (განახლებულია 2012 წლის 23 მაისს).

ასე რომ, დღეს ენციკლოპედიის ძირითადი, ინგლისური ვერსია აღიარებს ექვთიმე ათონელის ავტორობას, ხოლო ქართული არ აღიარებს!

მსგავსი პრობლემების დაძლევა, სამწუხაროდ, ვერც 2012 წელს გამოცემულ საქართველოს ისტორიის ოთხტომეულში და ერთტომეულში მოხერხდა, რომლებშიც ქართული აზროვნების ისტორიის ხსენებული უმნიშვნელოვანესი ეტაპი საერთოდ არ არის გაშუქებული.

ევროპულ ცივილიზაციაში ათონელის ეპოქის ქართული აზროვნების როლის არსებითი გადაფასება რეალურად ახლა იწყება. ქართველ ისტორიკოსთა ახალი თაობის წინაშე მთელი სიგრძე-სიგანით დგება ამ პროცესში მაღალ საერთაშორისო დონეზე მონაწილეობის არც თუ მარტივი ამოცანა.

დიდ მოაზროვნეს პეტრე იბერს საქართველოსთან პრაქტიკულად მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობა აკავშირებს. მსოფლიო პოეზიის შედევრი «ვეფხისტყაოსანი» ძნელბედობის ეპოქაში საუკუნეების მანძილზე იყო მიუწვდომელი გარე სამყაროსთვის.

არსებითად სხვაგვარად, «ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება» და თვით ექვთიმე ათონელის ფიგურა მძლავრი ქართული ინტელექტუალური კონტინიუმის საუკუნოვანი ძალისხმევის დამაგვირგვინებელ აკორდად გვევლინება, თანაც, როგორც ვხედავთ, უშუალო გავლენით გლობალურ ცივილიზაციურ პროცესებზე.

აქ იგულისხმება, რომ ხსენებულ დამაგვირგვინებელ აკორდს წინ უძღოდა უშუალოდ საქართველოში გაწეული მრავალწლიანი ძალისხმევა აღმოსავლური ცოდნის სინთეზისა და განზოგადოების სფეროში, რაც «ბალავარიანის» ვერსიებით შეჯამდა. ბოლო ეტაპზე ათონის ივერთა მონასტერში ექვთიმე ათონელმა ეს ნაღვაწი ახალ დონეზე აიყვანა და, როგორც ვხედავთ, ბერძნულ-რომაულ სამყაროს თითქმის იდეალურად მიუსადაგა.

ამჯერად სილვია რონჩი არ უღრმავდება X საუკუნეში საქართველოში განხორციელებულ საბაზო ეტაპს, თუმცა, რა თქმა უნდა, იგი მისთვის კარგადაა ცნობილი, როგორც მინიმუმ, ილია აბულაძის, დევიდ ლენგისა (David Marshall Land) და ელენე მეტრეველის ფუნდამენტური შრომებით.

პრაქტიკულად, ფაქტების ანალიზის დონეზე, იგი მეორე ათასწლეულის ევროპული ლიტერატურის «გენეალოგიური ხის» (სქემის) გამოკვეთით შემოიფარგლება, რომლის საფუძველშიც წამყვან პოზიციას «ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება» იკავებს.

ამასთან, მოყვანილი სქემა, რა თქმა უნდა, არასრულია, რაც აქამდე «ცხოვრების» ავტორის გაურკვევლობას უკავშირდებოდა. ექვთიმე ათონელის ავტორობის აღიარებასთან ერთად, გზა იხსნება სქემის საფუძვლიანი გამდიდრდებისთვის. მისი არსებითი საბაზო მდგენელი ხდება, აგრეთვე, X საუკუნის ზემოხსენებული მძლავრი ქართული ინტელექტუალური კონტინიუმის ქმნილება ქართული «ბალავარიანი».

საერთაშორისო დონეზე ჯავახიშვილ-რონჩის კონცეფციის სწორედ ასეთ ასპექტში კვლევა უნდა გახდეს ქართველ ისტორიკოსთა ახალი თაობის მთავარი მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში (თუ ამ მიმართებით საჭირო ძალისხმევას არ გავწევთ) საქმე შეიძლება ენციკლოპედიებში ბუმბერაზი ქართველების მთარგმნელებად წარმოდგენით დამთავრდეს (ვიკიპედიის ქართული ვერსიის ზემოხსენებული სტატიის მსგავსად).

ყურადღების ღირსია, ჩვენი აზრით, პრობლემის კიდევ ერთი ასპექტი.

ექვთიმე ათონელი დიდი გავლენით სარგებლობდა ბიზანტიის უმაღლეს საეკლესიო და სახელისუფლო წრეებში, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ (და ასეთი ვარაუდი კვლევის საგანიც გავხადოთ) ბუდას ქრისტიან წმინდანად შერაცხვის მის მიერ ინიცირება.

ასეთ შემთხვევაში იგი სილვია რონჩის მიერ აღნიშნული, დასავლური ფსიქიკისა და კულტურის მრავალსაუკუნოვანი, მიზანმიმართული ტრანსფორმაციის უშუალო არქიტექტორადაც მოგვევლინება.

ათი საუკუნეა, ჩრდილში მდგომი აშენებს ევროპულ ცივილიზაციას უდიდესი ქართველი, ქრისტიანი წმინდანი ექვთიმე ათონელი.

ათასი წლის შემდეგ განგებამ მსოფლიო სარბიელზე მისი ძლევამოსილი დაბრუნება ინება, როგორც ჩანს, ისტორიის კიდევ ერთ დიდ გასაყარზე ქართველთა მოდგმის, და არა მარტო, გზის გამკვლევად და დამლოცავად.

გამარჯვების შემდეგი ათასი წელი ვუსურვოთ მას.

ირაკლი შეყრილაძე,

პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here