Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკის დიქტატის ქვეშ იყვნენ «ნაციონალები» და ამ დიქტატის ქვეშ არიან «მეოცნებეებიც»

ამერიკის დიქტატის ქვეშ იყვნენ «ნაციონალები» და ამ დიქტატის ქვეშ არიან «მეოცნებეებიც»

676

ამასწინათ «საქართველო და მსოფლიოში» დაიბეჭდა, რომ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» საქართველოში უნდა აიკრძალოს ისევე, როგორც ფაშისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე გერმანიასა და ევროპის სახელმწიფოებში. მაგრამ ეს სახელმწიფო ორგანოებმა კი არ უნდა გააკეთონ, არამედ, რომ ვვარგოდეთ, ანათემა ჩვენ, ხალხმა უნდა გამოვუცხადოთ «ნაციონალებს» და პოლიტიკიდან სამუდამოდ უნდა განვდევნოთ.

«ნაციონალების» დამარცხება საარჩევნო ბატალიებში ბიძინა ივანიშვილის დიდი გმირობა იყო, მაგრამ მათ ისე აქვთ ფესვები გადგმული ქვეყნის მოსახლეობის ერთ ნაწილში და ისე აქვთ საცეცები მოდებული პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, რომ დამშვიდების უფლება არ უნდა გვქონდეს.

ვინაიდან «ნაცონალური მოძრაობა» მთლიანად დანაშაულებრივია ქვეყნის მიმართ, მისი ყველა წევრი დამნაშავეა ქართველი ხალხის წინაშე. ამიტომ მათი ცინიზმი მოსახლეობის მიმართ, რომელსაც პარლამენტიდან ახმიანებს ამ მოძრაობის ელიტარული ნაწილი, ქართველი ხალხის აბუჩად აგდებაა.

მათი მოძღვრება, იდეოლოგია, პოლიტიკა ქართველი ერის სულიერების მოსპობას და აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

მართალია, ორი თვე გავიდა კოალიცია «ქართული ოცნების» ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან, მაგრამ ნათქვამია, სახარე ხბოს სასკორავში ეტყობაო. როგორც პროგრამაში, ისე უკვე განვლილ პრაქტიკულ მოღვაწეობაში, სიახლის ნიშნებს ვერ ვატყობთ.

როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში არსებითი პოზიტიური ძვრები არ შეინიშნება და იდენტურია «ნაციონალების» უნივერსალური კრედოსი.

ეს ხდება იმიტომ, რომ ამერიკის დიქტატის ქვეშ იყვნენ «ნაციონალები» და ამ დიქტატის ქვეშ არიან «მეოცნებეები». ნატო და ამერიკა რომ ხსნა ყოფილიყო ჩვენი უბედური ერისთვის, მაშინ 2008 წლის ომიც აღარ იქნებოდა. ახალმა მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ნატო და ამერიკა გარანტია არ არის საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენი გულისთვის რუსეთს არ გადაიკიდებენ.

დამნაშავეების მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ დევნად აფასებენ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები და მიგვითითებენ, თავი დავანებოთ სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრსაც კი.

ამერიკელებს ჰგონიათ, რომ ჩვენი ქვეყანა კოლონიაა და უფლება აქვთ, როგორც სატელიტს, ისე მოგვექცნენ. ჩვენ მშიშარა მთავრობა არ გვჭირდება. ჩვენთან, კახეთში, მშიშრებს «ქვეშაფსიებს» უწოდებენ. სულაც არ მინდა მე, როგორც «ქართული ოცნების» აქტიურ მხარდამჭერს, «ქვეშაფსია» თიკუნი მიწოდონ.

საშინაო პოლიტიკაშიც ჯერჯერობით არსებითად არაფერი იცვლება. არც პროგრამაში და არც მმართველობის ორ თვეში არ გამოკვეთილა ახალი მთავრობის დამოკიდებულება რეგიონული მართვის სისტემისადმი.

სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლის გარიჟრაჟზე «ნაცების» ფიურერი შევარდნაძეს აკრიტიკებდა, რომ რეგიონული მართვის სისტემა თავის გუბერნატორებიანად სრულიად ზედმეტი რგოლი იყო და რომ ამაზე იხარჯებოდა დიდძალი თანხები. მაგრამ სააკაშვილმა არათუ შეინარჩუნა მართვის ძველი სტრუქტურა, არამედ უფლებამოსილება გაუზარდა კიდეც. ეს ყველაფერი კი სჭირდებოდა საარჩევნო ხმების მობილიზაციისა და ადგილებზე საღი აზრის ჩახშობისთვის.

სამწუხაროა, რომ დღეს ნიშანწყალიც კი არ ჩანს იმისა, რომ ეს ზედმეტი რგოლი გაუქმდეს.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალმა ხელისუფლებამ უცვლელად დატოვა სრულიად უფუნქციო და უსარგებლო სამინისტროები. მხედველობაში მაქვს დიასპორის, ევროინტეგრაციის, რეინტეგრაციისა და დასაქმების სამინისტროები.

ავიღოთ ქვეყნის მაღალი ეშელონების ბოსების ხელფასები. აქ შეცდომაზე კი არა, დანაშაულზეა საუბარი. წინა ხელისუფლება რომ ბრმა და ყრუ იყო რიგითი მოხელეების მიმართ, ეს არახალია. როგორ შეიძლება ქვეყნის ხელმძღვანელი იყო და ასეთი სხვაობა დაუშვა ხელფასებში?! საწყალი პენსიონერებისა და რიგითი მოხელეების ფონზე, როგორ გამოიყურებოდა კოტე კუბლაშვილის 35-ათასლარიანი თვიური ხელფასი, ან მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის 25-ათასლარიანი ხელფასი, ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 22-ათასლარიანი ხელფასი, ან მარეგულირებელი კომისიის წევრის, მაია ნადირაძის, 14-ათასიანი ხელფასი?!  თურმე ასეთ ანაზღაურებას იმიტომ აძლევდნენ, რომ ქრთამი რა აეღოთ, ე. ი. ქრთამის აუღებლობის მიზნით სახელმწიფო ქვეყნის ბიუჯეტიდან ქრთამს აძლევდა მოხელეს. ახლა, მკითხველო, თქვენ გააანალიზეთ, კერძო ჯიბიდან გაღებული ქრთამი უფრო გააღარიბებდა სახელმწიფოს თუ ბიუჯეტიდან ამ მიზნით გაწეული უშველებელი ხარჯი?

ორი თვე ახალი მთავრობის მმართველობისათვის ცოტა დროა, მაგრამ ამ დროშიც შეიძლებოდა წინა მთავრობის ზოგიერთი უმართებულო გადაწყვეტილების გაუქმება. ჩვენ, ამომრჩევლები, მოველოდით, რომ პირველი რიგის საკითხად პარლამენტი განიხილავდა პირადობის მოწმობაში ეროვნებისა და მამის სახელის აღდგენას, რომ ამ დროში მოასწრებდა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხის განხილვას, რომ დაუბრუნებდნენ მწერლებს გამომცემლობებს, კომპოზიტორებს, სპორტის აკადემიას, მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებს წართმეულ შენობებს, ძეგლებსაც დააბრუნებდნენ უწინდელ ადგილებზე.

ვურჩევ ახალ მთავრობას, რომ ქვეყანაში მშენებლობის ერთიანი პოლიტიკის გასატარებლად შექმნას მშენებლობის სამინისტრო.

როცა ხალხის დასაქმებაზე ვლაპარაკობთ და ამ საქმეში პანაცეად ინვესტიციების მოზიდვას განვიხილავთ, ეს, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს მართებული. ჯერ ერთი, ახალი მთავრობის უფლებამოსილების 4-წლიან ვადაში ინვესტორების მოზღვავებაზე ფიქრი თავის და საზოგადოების მოტყუებაა. მეორეც, დღევანდელობა გვიჩვენებს, რომ ინვესტორები სამუშაოდან მასობრივად ყრიან ბევრ დასაქმებულს და გარანტია სად არის, რომ ასევე არ მოიქცევიან ახლადშემოსული ინვესტორები? ამიტომ ახალმა მთავრობამ თავისი მოღვაწეობის ქვაკუთხედად უნდა გაიხადოს  ფართო მასშტაბით სამრეწველო ობიექტების მშენებლობა.

ჯერ ერთი, სოციალისტურ ელემენტებს რატომ უფრთხიან მეოცნებეები? თუკი საქმეს წაადგება, რატომ უნდა ვთქვათ ჯიუტად უარი? და, მეორეც, რა არის ამაში სოციალისტური, რომ უკანონოდ გასხვისებული ოქროს, მანგანუმის მოპოვება და სხვა სახელმწიფო საწარმოები გადაეცეს სახელმწიფოს სამართავად და საექსპლუატაციოდ?

ცალკე მსჯელობის საგანია სოფლის მეურნეობა.

მიწების პრივატიზების დანაშაულებრივად განხორციელების შედეგად, მისი დიდი და ნაყოფიერი ნაწილი ისეთი პირების ხელში აღმოჩნდა, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ კავშირი სოფლის მეურნეობასთან, ხოლო მწირი და მცირე ზომის მიწები პირდაპირ მიაყარეს (დიახ, მიაყარეს!) ტრადიციულად მიწაზე მიმაგრებულ მოსახლეობას ყოველგვარი მომზადებისა და უზრუნველყოფის გარეშე. შედეგად ის მივიღეთ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე წვრილ მესაკუთრეთა 70 პროცენტი ვერ ამუშავებს მიწას საწვავის სიძვირისა და ტექნიკის უქონლობის გამო. სოფლის მეურნეობაში ჩაუხედავმა პროფანმა ნაცისტურმა ხელისუფლებამ ზარზეიმით გამოაცხადა, რომ შემოტანილია 1000 და კიდევ შემოვა 2000 ტრაქტორი და ტექნიკით მთლიანად უზრუნველყოფილი იქნება სოფლის მეურნეობაო. სინამდვილეში ადრე, კომუნისტების დროს, თითოეულ რაიონს ჰქონდა ამაზე მეტი ტრაქტორი.

ვაყენებ წინადადებას მთავრობის წინაშე, რომ მოხდეს ჯერ საცდელად, შემდეგ კი მასობრივად სოფლის მეურნეობის კოოპერირება, რომლებშიც უბნების მიხედვით შევლენ მიწის მესაკუთრეები და გააერთიანებენ სამუშაო ძალებს და საწარმოო გამოცდილებას. მისასალმებელია, რომ ამ იდეას მხარს უჭერენ სოფლის მეურნეობის ქართველი მეცნიერები და პრაქტიკოსები, კერძოდ, ეს ინიციატივა გაახმაურა პროფესორმა პაატა კოღუაშვილმა, რომელმაც ახლახან გაზეთ «საქართველო და მსოფლიოში» გამოაქვეყნა საყურადღებო სტატია.

პირველ ეტაპზე კოოპერატივებს უნდა გამოეყოთ გრძელვადიანი უპროცენტო სესხები, 5 წლით უნდა გათავისუფლდნენ გადასახადებისაგან. კოოპერატივები თავიანთ საქმიანობაში და საკუთრების განკარგვაში უნდა იყვნენ აბსოლუტურად დამოუკიდებელნი, მათი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დაწესებული გადასახადების გადახდა.

და კიდევ: უნდა აღორძინდეს ადრე მოქმედი და მერე გაუქმებული საცდელი სადგურები, სანერგეები, სასელექციო სადგურები და სოფლის მეურნეობის თანამდევი სხვა სამეცნიერო სტრუქტურები.

მთავრობას მივმართავ წინადადებით, დროულად შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა ამისთვის და დაიწყოს მისი ამოქმედება.

ინდიკო სეფაშვილი,

ისტორიკოსი

. ყვარელი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here