Home რუბრიკები პოლიტიკა გრიგოლ ონიანი: ეს პარლამენტი ისევე ვერ შერჩება ხელისუფლებას, როგორც მწიფე მსხალი _...

გრიგოლ ონიანი: ეს პარლამენტი ისევე ვერ შერჩება ხელისუფლებას, როგორც მწიფე მსხალი _ ტოტს

1057

1921 წლამდე ორიოდ წლის განმავლობაში ცარიზმი, ვით მტვერი, ჩამოვიბერტყეთ და სოციალდემოკრატიის პირობებში ვიცხოვრეთ მომდევნო 70 წელიწადი _ ბოლშევიკურკომუნისტური დემოკრატიის ხანგრძლივი დრო დაგვიდგა; დამოუკიდებლობის «ერთი გამოხედვა» პერიოდში დავიჯერეთ, რომ მივაღწიეთ ჭეშმარიტ დემოკრატიას, მაგრამ სწორედ ამ დროს რუსთაველზე გამოსული ოპოზიცია ზვიად გამსახურდიას ჩაუშესკუს ეძახდა, მის მმართველობას «პროვინციული ფაშიზმი» უწოდა; ედუარდ შევარდნაძის ეპოქაში დასავლეთმა ტაში დაგვიკრა და დახმარების ხელი გამოგვიწოდა, რადგან დასავლური დემოკრატიის გზას დაადექითო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჩასვა პრეზიდენტის სავარძელში და _ აი, ახლა კი დემოკრატიის შუქურის სინათლეს მიჰყევითო; დღეს არც პრეზიდენტად შერაცხულ სააკაშვილს ახსოვს თავისი ქვეყანა, ქვეყანაც თანდათან ივიწყებს მბჟუტავ ლამპარს, ხოლო ხალხის მმართველობა _ დემოკრატია _ დამყარდა თუ არა ბოლოს და ბოლოს საქართველოში, საკითხავი აი, ეს არის. ან იქნებ «მოდელირებული დემოკრატიის» პირობებში გვიწევს არსებობა და მორიგ ცვლილებას გაფაციცებით უნდა ველოდოთ? დღეს ამ პრობლემაზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიომ» მოიწვია ცნობილი პიროვნება, სტალინის მოღვაწეობისა და მოძღვრების აღიარებული მკვლევარი გრიგოლ ონიანი.

_ ბატონო გრიგოლ, ჩვენთან დემოკრატიაა თუ დემოკრატიის სუროგატი?

_ დემოკრატია დემოკრატიული ქვეყნებიდან უნდა გადმოვიღოთ, ალბათ, მაგრამ არა მგონია, რომ დემოკრატიული ამერიკის ცხოვრება დემოკრატიის დამყარებით დაიწყო და დემოკრატიული იყოს დღესაც. ამერიკამ თავისი დემოკრატია სისხლზე ააშენა, დედამიწის ყველა კუთხეში აწარმოა სისხლისმღვრელი ომები და უკვე გამარჯვებულ არმიას დამარცხებული ქვეყნის თავზე პირველი ატომური ბომბი გამოაცდევინა.

_ ჰიროსიმა და ნაგასაკის ატომურ დაბომბვას გულისხმობთ, რა თქმა უნდა.

_ დიახ. ამ ქალაქების დაბომბვა, სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით, სრულიად ზედმეტი იყო, იაპონია უკვე დამარცხებული იყო, მაგრამ ამერიკელებმა ეს გააკეთეს იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირისთვის თავისი უპირატესი ძალა ეჩვენებინათ მსოფლიოს ბატონობისკენ მიმავალ თავიანთ გზაზე.

განა ის, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ხდება, ამერიკის დამპყრობლური პოლიტიკის გაგრძელება არ არის?!

ახლა ვეცნობი კაპლანის წიგნს, რომელიც ამ ნაშრომში ამტკიცებს, რომ სტალინმა იხსნა მსოფლიო კაპიტალიზმი.

_ ასეა?!

_ დიახ. მსოფლიო კაპიტალიზმი თავისი დემოკრატიით დიდი ხნის დამარხული იქნებოდა, სტალინის ეკონომიკურ პოლიტიკასა და სახელმწიფო მართვის პრინციპებს 30-იან წლებში რომ არ ეშველა დეპრესიით მოცული მომაკვდავი კაპიტალისტური ქვეყნებისთვის, უწინარეს ყოვლისა, აშშ-ისთვის. პრეზიდენტმა რუზველტმა გაბედულად გამოიყენა ეს პრინციპები, რისთვისაც მოწინააღმდეგეებისგან «კომუნისტური» პრეზიდენტის სახელი დაიმსახურა.

ახლა გადავიდეთ დემოკრატიაზე.

სტალინმა ჩამოაყალიბა თეორია, თუ რა შეიძლება იყოს დემოკრატიის საფუძველი.

უპირველესი საფუძველი არის განათლება, განათლებული საზოგადოებრიობა.

მეორე: ეკონომიკური საფუძველი.

მესამე და მთავარი: თუ ქვეყნის საზღვრებზე ბომბები სკდება და სახელმწიფო მილიტარიზებულია, იმ ქვეყანაში და იმ საზღვრებს შიგნით დემოკრატიაზე ლაპარაკი სასაცილოა.

_ მივყვეთ ამ სამ პრინციპს და ვთქვათ: პირველი _ არის საქართველო განათლებული ქვეყანა?

_ საქართველო არის განათლებული იმ კუთხით, რომლითაც არ უნდა იყოს განათლებული. სახურავიდან დავიწყეთ სახლის მშენებლობა.

კომპიუტერის ათვისება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს განათლებულობას, კულტურას. როცა გამრავლების ტაბულა არ იცის ბავშვმა და კომპიუტერში ეძებს პასუხს, რამდენია 2X2, ეს ტვინის მოძრაობას არ ნიშნავს და მექანიკური საშუალებით ინფორმაციის მიღებაა მხოლოდ. მათემატიკა გონების ვარჯიშიაო, ნათქვამია.

დღევანდელი ახალგაზრდა თაობა, შეიძლება ასე ითქვას, თვალებით ცხოვრობს, იმით, რასაც ხედავს, ხოლო ამ პროცესში ტვინი აბსოლუტურად არ არის ჩართული.

_ «მექანიკური ფორთოხლის» თაობასაც უწოდებენ ამიტომ.

_ ფილმიც იყო გადაღებული ამ სახელწოდებით… ახლა _ ეკონომიკური საფუძველი.

იყო დრო, როცა საქართველოში ასობით და ათასობით ოჯახი ყოველწლიურად სახელმწიფოსგან სრულიად უსასყიდლოდ კმაყოფილდებოდა ბინებით. ახლა უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილი ეს ოჯახები იძულებულნი არიან, კაპიკებად გაყიდონ თავიანთი საცხოვრებელი მინიმალური საარსებო საშუალება, არსებობისთვის საჭირო სახსარი რომ იშოვონ.

რომელ დემოკრატიაზე შეიძლება ასეთ ვითარებაში ლაპარაკი?

_ აბა, სააკაშვილი რომ გვეუბნებოდა, საქართველოში ისეთი აღმშენებლობაა, რომლის მსგავსი 8 საუკუნის განმავლობაში არ ყოფილაო?! შემდეგ ეს 800 წელიც მოშალა და _ საერთოდო?! გვატყუებდა ქვეყნის პრეზიდენტი?!

_ თავიდანვე ეჭვი მეპარებოდა, რომ მას ჰქონდა რაღაც გადახრა. არიან საკუთარი განდიდებისკენ მიდრეკილი ადამიანები.

_ ამას ფსიქიატრები ბოდვით იდეებს უწოდებენ, თუ არ ვცდები.

_ გიგანტომანები, საკუთარ თავს კეისრებად და ნაპოლეონებად რომ წარმოიდგენენ, აკვიატებული იდეები აქვთ, თავიანთი განსხვავებული აზროვნება.

მაგრამ მე სააკაშვილზე კი არ მიგითითებდით, არამედ, უფრო გია ნოდიაზე და მისთანებზე, რომელთაც ინტელექტუალებად მიიჩნევენ, რომლებიც ამერიკას აქ იმიტომ ჰყავს შემოგზავნილი, რათა დააკვირდნენ სააკაშვილს და იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი გადამეტებულად დაიწყებს საკუთარი თავის შეფასებას, მიაწოდონ ინფორმაცია დამფინანსებელ პატრონებს. მაგრამ სწორედ ნოდიასნაირთა მიერაა ჩანერგილი სააკაშვილის ტვინში მისი განსაკუთრებულობა, რომ ის, რასაც პრეზიდენტი საქართველოში აკეთებს, რვა საუკუნის მანძილზე არ მომხდარა, განვითარების ასეთი ტემპი და მასშტაბი არასოდეს ყოფილა.

ამ უკეთურებას მარტო სააკაშვილს ნუ დავაბრალებთ, ეს ვინმე თავხელიძის, თევზაძის, ჩიტაძის და იმ ე. წ. პოლიტოლოგების მონდომებით კეთდებოდა, ისინი «თეორიულ ბაზას» ფიანდაზად უგებდნენ ბატონ სააკაშვილს. ეს კაცი სრულფასოვანი არ იყო.

_ . . ეკონომიკური აღმავლობა არ შეიმჩნეოდა?

_ არსებობს გამოთქმა: «შენობების სიმაღლით არ განიზომება სახელმწიფოს ეკონომიკური პოტენციალი». გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა,  უფრო დაბალი სახლები რომ აგვეშენებინა და უფრო მაღალი შეგნების მქონე თაობა რომ გაგვეზარდა, მაშინ მოხდებოდა თანხვედრა.

აშენდა მაღლივი შენობები, დაიგო გზების საფარი, მაგრამ ადამიანების შეგნებიდან ამოშანთეს ეროვნულობის გრძნობა, სულიერება, ტრადიციის ერთგულება და ა. შ. ამ შენობებს დაეპატრონებიან სხვები, არა ჩვენი ხალხი. ხოლო ჩრდილოატლანტიკური სამოთხე, რომელსაც აქ ეფემერულად ქმნიდნენ, არც ისე გამოუვიდათ, არც ასე გამოუვათ.

_ დაგვრჩა დემოკრატიის მესამე საფუძველი.

_ გინდათ დამძრახონ, ვიტყვი. აფხაზეთში, სოხუმში კიტოვანის «ლაშქრის» შესვლას, არძინბას რეზიდენციიდან აფხაზეთის დროშის ჩამოღებას აღფრთოვანებით შევხვდი და იმას ვნანობდი, რომ მეც იქ არ ვიყავი. ჩემნაირად განწყობილი მაშინ, ალბათ, მეტი თუ არა, ჩვენი მოსახლეობის 70 პროცენტი მაინც იყო. ექსტაზში ვიყავით.

ასეთი ემოციური ტალღის, ე. წ. საომარი სულისკვეთების პირობებში, რაგინდ კეთილშობილური მიზნებითაც ყოფილიყო ნათქვამი, დემოკრატიის პრინციპებზე საუბარი უადგილოა. დადგებოდა დრო და იმ დროშას მშვიდობიანად ჩამოვიღებდით ან თვით აფხაზები შეუცვლიდნენ სტატუსს.

როცა 2008 წლის აგვისტოში ცეცხლს უშენდნენ ცხინვალს და ჩემი უსაყვარლესი პრეზიდენტი ტელეეკრანიდან გვიმტკიცებდა, რომ ჩვენ ვაკონტროლებდით განდგომილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, თავი მეცხრე ცაზე  მეგონა.

მაგრამ, სანამ ასეთი სარაკეტო შეტევა და ასეთი სისხლისღვრა იქნება ჩემი და ჩემი მეგობრების ბედნიერების საგანი, მანამდე ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ფესვს ვერ გაიდგამს.

გასულ რამდენიმე წელიწადში 36 ტერორისტულ-დივერსიული ჯგუფი აღმოვაჩინეთ, რომლებიც, როგორც გვეუბნებოდნენ, ქვეყნის დამხობას ისახავდა მიზნად: აქეთ _ ამერიკის საელჩოსთან მიიტანესო ასაფეთქებელი ნივთიერება, იქით _ ლეიბორისტების ოფისთან რაღაც აფეთქდაო, გორში, პოლიციის შენობასთან კიდევ და ა. შ.

ასეთ პირობებში, ცხადია, დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ.

_ . . რახან არც ერთ კომპონენტზე არ იყო ჩვენთან დემოკრატია დაფუძნებული, მაშასადამე, ჩვენი დემოკრატია მოდელირებულ «ქრონიკასავით» იყო?

_ მოგონილია. ყალბია. თანაც იქ, სადაც თავიანთი დემოკრატიით ამაყობენ, იქაც გულზე დაბნეული ყალბი ყვავილებივითაა!

_ აი, მოვიდნენ ასეთი ყვავილებით მკერდდამშვენებული დემოკრატები აშშდან, კონგრესმენები და დაგვმოძღვრეს, რომ არ უნდა გვქონდეს შერჩევითი სამართალი, დამნაშავეებს ყოფილი ხელისუფლებიდან ცივი ნიავი არ უნდა მივაკაროთო, გავუფრთხილდეთ სააკაშვილისეულ «რეფორმებს» და . .

_ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აშშ-ის პრეზიდენტი ტრუმენი რომ ჩასულიყო და სამძიმარი რომ ეთქვა იმ ადამიანებისთვის, რომელთა ახლობლებიც ატომური დაბომბვის დროს დაიღუპნენ, თვითონ კი დასხივების დიდი დოზა მიიღეს, მაკკეინისა და კონგრესმენების ერთი ჯგუფის მწუხარება ჩვენთან მიმდინარე დაპატიმრებების, დემოკრატიის პრინციპების «დარღვევის» გამო ამას ჰგავს.

_ დასავლეთში ჩვენი საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს როგორც დემოკრატიის დღესასწაული. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ გამარჯვება ხალხმა ხელისუფლებას ძალით გამოჰგლიჯა.

_ მე რომ მკითხოთ, ყველაზე არადემოკრატიულად ბოლო არჩევნები ჩატარდა. უწინ საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად მიდიოდა დათრგუნული ადამიანი…

_ შეშინებულიც.

_ უიმედოც, და გულჩამკვდარი ხუთ ნომერს შემოხაზავდა. დაბეჩავებული ადამიანების არჩევნები იყო, რომლებსაც ოცი წლის განმავლობაში ვატარებდით. ამჯერად ერთი პიროვნების მიერ _ ბიძინა ივანიშვილის იმედით შინაგანად გათავისუფლებულმა ელექტორატმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ხელისუფლებამ კი, ჩვეულებისამებრ, მთელი სახელისუფლო რესურსი აამოქმედა არჩევნების გასაყალბებლად. ამ ორი კომპონენტის დაჯახებით მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სახეზეა, რის გაკეთებას არ შეეცადა ამათი ანტიდემოკრატიული ჯადოქრობის ხელი, მაგრამ არ გამოუვიდა.

_ დღევანდელი პარლამენტის თქვენეული შეფასება როგორია?

_ სააკაშვილისგან გათავისუფლების შემდეგ დემოკრატიული მმართველი ელიტა ასე უცებ ვერ ჩამოყალიბდება. ჯერ უნდა შეიქმნას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების სრულფასოვანი გარემო. ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ ნამდვილი არჩევნებისთვის. ახალ ვითარებაში არჩეულ პარლამენტს უნდა მიეცეს ქვეყნის განვითარების სრული მანდატი. დღეს მოქმედი პარლამენტი კი გარდამავალია. ეს პარლამენტი ისევე ვერ შერჩება ხელისუფლებას, როგორც მწიფე მსხალი ტოტს.

_ ბოლოთქმას მოვიდეთ: თქვენ მიიჩნევთ, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის?

_ როგორ შეიძლება ქოთანში ყვავილის გახარებას აპირებდე, როცა თიხა არ მოგიზელია, ღუმელში არ გამოგიწვავს და მცენარისთვის მიწა არ შეგირჩევია?!

_ თქვენ, ცნობილ სტალინელს, ყოფილი ხელისუფლების მიერ სტალინის, როგორც ისტორიული ფიგურისადმი, უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ რომ არ შეგეკითხოთ, უხერხულიც კი იქნება.

_ მინდა მჯეროდეს, რომ აშკარა ნეგატიური დამოკიდებულება, რომელსაც სტალინისადმი იჩენენ, მათი შინაგანი რწმენიდან არ გამომდინარეობს. ეს არის აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის აშკარა დაძალების შედეგი. ანტისტალინელობა ისტორიული ჭეშმარიტების წინააღმდეგ წასვლაა. მსოფლიო ჰეგემონობისადმი მისწრაფება, რასაც ამერიკა ცდილობს, საფუძველსაა მოკლებული. პირდაპირ გეტყვით: კაპიტალიზმის სისტემის განვითარების ბოლო სტადია დაიწყო, რაზეც მეტყველებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამის სერიოზული ნიშანია ტრანსნაციონალური მოძრაობა ლოზუნგით «დაიპყარი უოლსტრიტი!», რომელმაც ცუნამივით ყველა დიდ ქალაქს გადაუარა.

მაგრამ ეს დიდი თემაა და მისი ანალიზი სხვა დროისთვის გადავდოთ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. ამ კომუნისტს,პირდაპირი გაგებით,რას ეკითხებით?ვის აინტერესებს მისი დემაგოგია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here