Home რუბრიკები საზოგადოება «ოპოზიციონერის» სტატუსი დაუსჯელობის გარანტიად ვერ იკმარებს!

«ოპოზიციონერის» სტატუსი დაუსჯელობის გარანტიად ვერ იკმარებს!

495

ლათინური გამონათქვამი «ფიატ ჯუსტიტია, პერეატ მუნდუს» (აღსრულდეს სამართალი, (თუნდ) დაიღუპოს ქვეყნიერება) სამართალდაცვის სისტემის საფუძვლად ვერ დაიდება: ქვეყნიერება ვერ უნდა დაიღუპოს ვერც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ამ პრინციპს ვერ გაექცევა ვერც კანონმდებლობა, ვერც მისი პრაქტიკული განხორციელების შესაძლო მექანიზმები.

ადამიანს აქვს სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა და მისი განხორციელების შეუვალი მოთხოვნილება არა მხოლოდ დედამიწის იმ არეალში, რომელშიც იმყოფება, არამედ კაცობრიობის საცხოვრებელ სივრცეში მთლიანად. ნორმალური ადამიანი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ სადმე, მის თვალსაწიერში დაუსჯელად დადიოდეს იმგვარ ქმედებათა ჩამდენი დამნაშავე, რომელიც, მისი მორალური ცნობიერებისა და განცდის წინაშე, არანაირ შენდობას არ ექვემდებარება, და ამ სივრცეში მისთვის მიუღებელი ფაქტის არსებობას თავს მინუსად უთვლის, ანუ: ადამიანი, როგორც პიროვნება და მოქალაქე, თავს პასუხისმგებლად მიიჩნევს, არსებულ მდგომარეობაზე საზოგადოებაში, დედამიწაზე  და სამყაროს მისთვის ხილვად ნაწილში, სხვა სიტყვებით, იგი თავისი ცნობიერების, ქვეცნობიერების თუ წინარე ცნობიერების რაღაცა დონეზე თავის თვალსაწიერში მყოფ ამ სივრცის ერთ-ერთ მმართველად მიიჩნევს.

ადამიანის ეს თვისება ასახულია ჩვენი ცივილიზაციის საფუძვლებში იმ ბიბლიური გამოთქმის სახით, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი «ხატად და მსგავსად თვისა», ანუ თავის თანამმართველად ღვთის მიერ მოცემულ მცნებათა და სხვა შესაძლო აქსიოლოგიურ სისტემათა მიხედვით. სხვა სულდგმულთაგან განსხვავებით, ადამიანი განცდითა და გონებით ცხოვრობს არა გარემოში, არამედ სამყაროში _ მოცემულ რეალობაში, რომელსაც იგი გონებით ჭვრეტს მისს მთლიანობაში და რომელზეც, პრინციპულად, გავრცელებულია მისი ზემოქმედების შესაძლებლობები. ამიტომ როგორც გონიერი და თავისუფალი არსება (ეს არის მისი ორადორი თვისება, რომელიც არც ერთ სხვა ცოცხალ არსებას არ აქვს), იგი ვერ ასცდება იმ ხვედრსა და თავის შეუვალ მოთხოვნილებას, რომ თავისი სამართლებრივი ქმედება ააგოს პრინციპზე (პრინციპებზე), მათ შორის დამსახურებულისთვის საყოველთაო და თანასწორი წესით ნაცვალგების პრინციპზეც, და არა მარტოდენ პრაგმატიკაზე.

ჩვენი ერისა და ქვეყნის გულწრფელად კეთილისმსურველი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და ჟურნალისტები, რომლებიც გვირჩევენ, «ამა და ამ კატეგორიის პირები (სახელდობრ, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები) დაუსჯელი დატოვეთ, რათა «დემოკრატიის» იმიჯი არ შეგელახოთ მსოფლიოს თვალში და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთო», ამით, რეალურად და პრაქტიკულად, გვირჩევენ, ხელი ავიღოთ ადამიანის, როგორც ქვეყნად ღვთის თანამმართველის, სტატუსზე, ანუ ქმნილებათა გვირგვინის სტატუსზე სამართლისადმი პრინციპული მიდგომის ნაცვლად პრაგმატული მიდგომის არჩევის სახით, რაც პრინციპულად შეუთავსებელია ჩვენს პიროვნულსა და ეროვნულ თავმოყვარეობასთან. სხვა სიტყვებით: ეს ჩვენი გულწრფელი კეთილისმსურველნი (მათ ამ მახასიათებელს ხაზს ვუსვამთ) ამ რჩევით ხელოვნურად გვაქცევენ კაცობრიობის ერთერთი ყველაზე ტრაგიკული ანტინომიის _ პრაგმატულ ინტერესსა და პრინციპულ ზნეობრივ ინტერესს შორის არჩევანის საჭიროების _ მარწუხებში, რომლის თავის არიდებასაც, შემთხვევათა უმრავლეს პროცენტში, კაცობრიობა ყველა შესაძლებელი საშუალებით ცდილობს და ძალიან ხშირად წარმატებით ახერხებს კიდეც.

ჩვენ, ქართველ საზოგადოებას, მიგვაჩნია, რომ, კაცობრიობის დღევანდელი ჰუმანიტარული ცოდნის არსებობის პირობებში, ამ ანბანურ მორალურ და აქსილოგიურ ჭეშმარიტებათა არც უგულებელყოფის, არც უარყოფის საჭიროება კაცობრიობას არ აქვს. ბევრად უფრო მიზანშეწონილია, ეჭვის გაჩენის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, თითქოს საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს პიროვნების სამართლებრივ დევნას პოლიტიკური მოტივით, მსოფლიო საზოგადოებამ თავს იდოს მტკიცების ტვირთი იმ ფაქტის ილუსტრირებისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დევნის მიმართულებით.

 მხოლოდ ამის შემდეგღა ხდება შესაძლებელი საქართველოს სახელმწიფოს მოქმედების უარყოფითი კვალიფიკაცია და მისი შეჩერება. დარწმუნებული ვართ, რომ რჩევა «ხელი აიღეთ პრინციპებზე სამართლის სფეროში და ორიენტაცია აიღეთ მხოლოდ პრაგმატულ მოტივებზე» ნებისმიერი დასავლური ქვეყნისთვის საწყენი იქნებოდა. საქართველო ტიპოლოგიურად დასავლური, ანუ ქრისტიანი და ფეოდალური ისტორიის მემკვიდრე ქვეყანაა. ბუნებრივია ანალოგიური რეაქცია ჩვენი ქვეყნის მხრიდანაც.

საქართველოს ცხრა წლის მანძილზე მმართველი ხელისუფლება (2003-2012) და მისი წინამავალი ხელისუფლება (1992-2003) არ არის მხოლოდ «დღეს ოპოზიციაში მყოფი» პოლიტიკური სუბიექტების სიმრავლე ან პოლიტიკური კორპუსი. ეს არის უმძიმესი დანაშაულებით დატვირთული კრიმინალური ჯგუფი, რომელიც, პრაქტიკულად, მხილებულია იმაში, რომ:

_ იგი იმყოფებოდა შეთქმულების შემადგენლობაში არჩევნების ტოტალური გაყალბების გზით ხელისუფლების უწყვეტი უზურპაციის მიზნით;

_ იგი ეწეოდა სახელმწიფო ღალატს, სამხედრო ღალატთა გრძელი ჯაჭვის ჩათვლით, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ;

_ იგი ახორციელებდა საქართველოს მოსახლეობის შეგნებულ ეკონომიკურ გენოციდს იმ მიზნით, რომ ქართველი მოსახლეობისთვის ეიძულებინა ემიგრაციაში წასვლა, ხოლო სამაგიეროდ მასობრივად (და საქართველოსთვის _ დემოგრაფიულად მომაკვდინებელი მასშტაბით) შემოეყვანა ახალი მოსახლეობა ახლო და შორი უცხოეთიდან;

_ იგი ეწეოდა მასობრივ მკვლელობებს პოლიტიკური და ყოფითი მოტივაციით, აგრეთვე, ტერორის ფსიქოლოგიური ამინდის შექმნას დივერსიული მიზნით (მოსახლეობის მასობრივი ნევროტული მდგომარეობა, რასაც ადგილი აქვს 1992 წლიდან, ამ ქმედების შედეგია);

_ მან საგარეო ურთიერთობებში, საქართველოს «არადემოკრატიული» იმიჯის ხელოვნური შექმნის მიზნით, რამდენიმეჯერ მოაწყო ლოგიკურად აუხსნადი მასობრივი რბევები ნატოსთან საქართველოს დაახლოების პროცესის დამუხრუჭების საპროვოცირებლად.

_ იგი მისდევდა ტოტალურ კორუფციას, თუმცა იმ ტენდენციით, რომ ამ კორუფციას მიეცეს გაერთიანებული და მმართველი ხროვის მიერ მონოპოლიზებული სახე.

(დანაშაულთა ეს ჩამონათვალი არასრულია).

საქართველოს წინა ორი ხელისუფლების დანაშაულებრივ ბუნებაზე მსჯელობა ვერ დაემყარება არსებულ ოფიციალურ მასალებს, მათ შორის ვერც ყალბ სტატისტიკას არჩევნების თითქოსდა «მცირე დარღვევებით» ჩატარების შესახებ, ისევე, როგორც რეიტინგების კვლევას იმ კვლევათა ჩათვლით, რომელთაც ატარებს ხოლმე «ენდიაი» (ბატონ ნავაროს ხელმძღვანელობით. მასთან პირადად საუბრის პატივი, სამწუხაროდ, გვქონდა). რეალობის დასანახავად უნდა მიემართოს მთავარ მოწმეს და მთავარ დაზარალებულს _ საქართველოს მოსახლეობას. მისგან მიღებული ინფორმაციის მიყვანისთვის სასამართლოს მიერ გამოყენებადი მონაცემების მდგომარეობამდე არსებობს მრავალი სახე მეცნიერული კვლევისა სოციოლოგიური, სოციოფსიქოლოგიური, ფსიქოლოგიური და სხვა მასობრივი კვლევების სახით.

ქართველი ხალხის მიერ  «ქართული ოცნებისთვის» ა.წ. 1 ოქტომბერს თითქმის ერთხმად მიცემული ძალაუფლება _ უეჭველია, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მიცემული _ ცალსახად გულისხმობს იმის მანდატსაც, რომ ხელისუფლებამ არა მარტო განდევნოს ასპარეზიდან უკიდურესად საძულველი ხროვა, არამედ იმისაც, რომ ამ მასობრივი მრავალმხრივი გენოციდის გამტარებელთა ზედაფენა დასაჯოს. ეს ისევე ნათელია, როგორც ის, რომ ეს უკიდურესად აღგზნებულ მდგომარეობაში ჩატარებული კენჭისყრა არ გულისხმობს არანაირ მანდატს, რომ ამ ხელისუფლებაში შემავალმა ცალკეულმა ელემენტებმა (ვიმედოვნებთ _ შემთხვევითსა და დროებითს. პაატა ზაქარეიშვილი, მაია ფანჯიკიძე), გააკეთონ ცალსახად შეკვეთილი რიგი განცხადებებისა, რომლებიც ეკრანიდან გვესმის.

ნოდარ ნათაძე,

პაატა კოღუაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here