Home რუბრიკები საზოგადოება ბექა მჭედლიშვილი: სააკაშვილის ხელისუფლება ქართველი ხალხის მომსახურე პერსონალად გადაქცევას ცდილობდა

ბექა მჭედლიშვილი: სააკაშვილის ხელისუფლება ქართველი ხალხის მომსახურე პერსონალად გადაქცევას ცდილობდა

1310

საბჭოთა წყობილების პერიოდში ჩაკეტილი სივრცე და პარტიული ნომენკლატურა ახალგაზრდა თაობის შინაგან თავისუფლებას ზღუდავდა. ამის მიუხედავად, იმ პერიოდში უამრავი ნაწარმოები შეიქმნა, განვითარდა ხელოვნება, სპორტი, მიღწეულ იქნა სამეცნიეროტექნიკური პროგრესიდღეს «რკინის ფარდა» გაიხსნა, ნანატრი თავისუფლება მივიღეთ, მაგრამ რამდენად თავისუფალია თანამედროვე ახალგაზრდობა და რას ქმნის და რას დატოვებს ღირებულს? როგორები არიან ისინი, ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლები, რა პრობლემები აწუხებთ და რა პრიორიტეტებით ცხოვრობენ? რა გზა განვლო საქართველომ «ჯინსების თაობიდან» «აიფონის თაობამდე»? «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია ცნობილი ბლოგერი ბექა მჭედლიშვილი:

_ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 9 წლის მანძილზე ჩაკეტილ, ერთგვარად ერთ ხაზზე მდგომი თაობის შექმნის მცდელობას ვუყურეთ, საბედნიეროდ, მცდელობა მცდელობად დარჩა და მე დღეს მიმაჩნია, რომ ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც მომავალში დიდ პროგრესს მიაღწევს. ჩემი თაობის წარმომადგენლებს იზიდავს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში  _ თავისუფლება და მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი თაობა ერთგვარად პროგრესულია და ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რას სთავაზობს მას ესა თუ ის ხელისუფლება…

ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, როგორც საჭირო, ასევე საშიშია პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდობა და წინა ხელისუფლებაც კარგად აცნობიერებდა იმას, რომ, პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდობის შემთხვევაში, ისინი ბევრად ადრე დაასრულებდნენ საკუთარ მოღვაწეობას, ვიდრე დაასრულეს. ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვას ისინი არ ცდილობდნენ.

თუმცა საბოლოოდ ახალგაზრდობა მაინც გამოცოცხლდა იმ ამაზრზენი კადრების ხილვის შემდეგ, რომელიც სააკაშვილის პენიტენციარული სისტემიდან გამოვიდა და სწორედ ახალგაზრდების აქტიურობამ და მასობრივმა საპროტესტო აქციებმა გამოიწვია ის, რომ იმ პერიოდში რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობას დაემშვიდობა. რომ არა ახალგაზრდები, სააკაშვილის ხელისუფლება კვლავ თვალს დახუჭავდა ამ ამბავზე, მათ მსგავსი რამ არაერთხელ გაუკეთებიათ, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემთხვევაში.

_ როგორ ფიქრობთ, რა მოუტანა თავისუფლებამ თქვენს თაობას? თუნდაც, რამდენად აქვს დღეს ნიჭიერ, თანამედროვე ახალგაზრდას საქართველოში საკუთარი თავის რეალიზების საშუალება?

_ ჩვენს თაობას თავისუფლებამ მეტი სივრცე, განვითარების მეტი საშუალება მოუტანა, თუმცა დღეს ნამდვილად არ არის საქართველოში სიტუაცია, როცა ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას ეძლევა თვითრეალიზების საშუალება. უპირველესად კი იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა ამის პოლიტიკური ნება, ვინაიდან ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ ადამიანების პოლიტიკურ გემოვნებას, ვიდრე ნიჭს. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ჩემი მეგობრის ამბავი, რომელმაც სწორედ საკუთარი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით მიაღწია წარმატებას და ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დაიწყო მუშაობა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ეს ახალგაზრდა «ნაცმოძრაობას» არ უჭერდა მხარს და, უბრალოდ, გაათავისუფლეს სამსახურიდან. დღეს ჩემი მეგობარი საქართველოდან წასულია და ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ სერიოზულ კერძო სტრუქტურაში მუშაობს.

_ ედუარდ შევარდნაძე და მისი გუნდი აცხადებდა, რომ საქართველოს გეოსტრატეგიული როლი და ფუნქცია მიუჩინეს თანამედროვე მსოფლიოში, მიხეილ სააკაშვილმა ახალი მითი _ ტურისტული სამოთხე შემოგვთავაზა, რომელიც, თუ მოვლენების განვითარებას დავუკვირდებით, სავარაუდოდ, ქართველი ერის მოსამსახურე პერსონალად გადაქცევას ისახავდა მიზნად. ამას ემატება ისიც, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების დიდი ნაწილი უცხოეთში ეძებს თავშესაფარს. როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?

_ საბედნიეროდ, ვერ დაგეთანხმებით, რომ ერს გადაშენება ემუქრება. ვფიქრობ, დღეს ქართველი ერი ასეთ სავალალო სიტუაცუაში არ არის, თუმცა, წინა ხელისუფლება რომ ქართველი ხალხის მომსახურე პერსონალად გადაქცევას ცდილობდა, ნათლად ჩანდა. უამრავი პროგრესული და ნიჭიერი ახალგაზრდა სწორედ ამიტომ წავიდა საქართველოდან და სხვა ქვეყანაში დაიწყო მოღვაწეობა. არადა, მათი ნიჭის გამოყენება საქართველოს ნამდვილად წაადგებოდა. მე პირადად, გამოსავალს ეკონომიკურ აღმავლობაში ვხედავ, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, რაც მეტ ახალგაზრდას მისცემს საშუალებას, თავისი პროფესიით საკუთარ ქვეყანაში დასაქმდეს, რაც საბოლოო ჯამში ქართველების სხვა ქვეყნებში გადინების პროცესს შეაჩერებს და პირიქით _ ემიგრანტები მასობრივად დაიწყებენ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას.

_ ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ორიენტირებიც შეიცვალა. რუსეთის მაგივრად საქართველომ დასავლურევროპული განვითარების კურსი აირჩია, თუმცა ბოლო წლებში ამ საკითხშიც გულაცრუება შეინიშნება, ვინაიდან ორი ათეული წელიწადია, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უცხო ქვეყნების მორჩილი მარიონეტის როლს ვერ გასცდა. რამ განაპირობა ეს და ქვეყნის განვითარების სწორ გზად რა მიგაჩნიათ? როგორ საქართველოში ისურვებთ ცხოვრებას?

_ მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არა პარტნიორის, არამედ მონის კურსი აირჩია, რაც გულისხმობს იმას, რომ დასავლეთის ქვეყნებს ეთანხმებოდნენ ყველგან და ყველაფერში, სანაცვლოდ კი მინიმალურს ან სულაც ვერაფერს იღებდნენ. ჩემი აზრით, პარტნიორობა ორმაგ ინტერესს გულისხმობს, რაც არ უნდა დიდ ქვეყანასთან გვქონდეს საქმე, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავირჩიოთ კურსი, რომელიც ჩვენი ინტერესების დაკარგვას გულისხმობს.

ქვეყნის განვითარების სწორ გზად, ცხადია, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია მიმაჩნია, რაც, ჩემი აზრით, დღეს სრულიად რეალურია. სააკაშვილის მთავრობა უკვე აღარ არის სათავეში და მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს რეალურად პროდასავლური ხელისუფლება ჰყავს.

_ ლამის მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე თაობათა ბრძოლა გამუდმებით მიმდინარეობს. დღესაც ახალგაზრდებს ხშირად საყვედურობენ, რომ ფასეულობები დაიკარგა. რა ღირებულებები აქვს ახალ თაობას, რა არის თანამედროვე «აიფონის თაობის» ცხოვრებისეული პრიორიტეტები?

_ რა თქმა უნდა, ეს საყვედურები ხშირ შემთხვევაში მართებულია და, სამწუხაროდ, გარკვეული მნიშვნელოვანი ფასეულობები რეალურად დაკარგა ჩვენმა თაობამ, თუნდაც ქართული ტრადიციები რომ მოვიყვანოთ მაგალითად. ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდების საქილიკო სწორედ ის ტრადიციები ხდება, რომლებიც ქართველებისთვის, როგორც ერისთვის, ერთ დროს საამაყო იყო, თუმცა გარკვეული ტრადიციებისა და ღირებულებების უკანა პლანზე გადასვლა, მსოფლიო გლობალიზაციის კვალდაკვალ, ჩემი აზრით, გარდაუვალია.

მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი თაობის უპირველესი პრიორიტეტი თავისუფლებაა და ყველაფერი დანარჩენი სწორედ ამ თავისუფლებიდან გამომდინარეობს.

_ ბოლო წლების მანძილზე დაინერგა ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც აქილიკებს ყოველივე ეროვნულს, დრომოჭმულ არქაულ გადმონაშთად წარმოაჩენს ჩვენს ტრადიციებს. პარალელურ რეჟიმში კი ხდება «თავისუფალი ცხოვრების» პროპაგანდა, რომელსაც თან ახლავს დაუფარავად აგრესიული შეტევები რელიგიასა თუ ეროვნულ წესჩვეულებებზე, როგორია თქვენი, ახალგაზრდების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?

_ სამწუხაროდ, ისევ წინა ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ ევროპელობა და პროდასავლურობა ბევრ ახალგაზრდას არასწორი ცხოვრების წესად მიაჩნდა. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს თავისუფლად და აკეთებდეს იმას, რაც მას თავად მიაჩნია სწორად, თუმცა არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელსაც არავინ არ უნდა გადააბიჯოს, თუნდაც რელიგიური საკითხი ავიღოთ. თუ დააკვირდებით, ამ ბოლო დროს ახალგაზრდებში მასობრივად შეინიშნება «გაათეისტება», ანუ ისინი არ ცნობენ მართლმადიდებლობას და ამბობენ, რომ არიან ათეისტები. თუმცა ისინი ვერც აცნობიერებენ, რა არის ათეიზმი და ჰგონიათ, რომ ეს უკანასკნელი სხვა რელიგიური ან სხვა სასულიერო პირების შეურაცხყოფას გულისხმობს, რაც, თავისთავად ცხადია, ასე არ არის. ჩემი აზრით, რელიგიის მიმართ ახალგაზრდების არასწორი დამოკიდებულება წინა ხელისუფლების ე. წ. ლიბერტარიანული ფრთის წევრების აქტიური მუშაობით ჩამოყალიბდა, თუმცა ყველაფერს მათ ვერ დავაბრალებთ, რადგან ახალგაზრდა იზრდება, უპირველესად კი, ოჯახის ტრადიციებსა და ადათ-წესებს ითვისებს.

_ საბჭოთა პერიოდში ბევრი ტაბუდადებული თემა იყო, დღევანდელი ახალგაზრდები გაცილებით თავისუფლები და გახსნილები არიან. არის თემები დღევანდელი ახალგაზრდობისთვის, რაზეც ხმამაღლა არასდროს საუბრობთ?

_ ნამდვილად არ ვიცი, რა ხდება ზოგადად ამ კუთხით ახალგაზრდობაში, თუმცა არ მახსენდება არც ერთი თემა, რომელზეც ჩემს სამეგობრო წრეში არ მისაუბრია ან, რომ მომინდეს, ვერ ვისაუბრებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენთვის ტაბუდადებული თემა არ არსებობს.

_ ასაკის მიუხედავად, პოლიტიკურად აქტიური ადამიანი ხართ, როგორ წარმოგიდგენიათ, რას გააკეთებდით და როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, საბჭოთა კავშირის დროს რომ დაბადებულიყავით?

_ მიმაჩნია, რომ, თუ 18 წლის ადამიანს აქვს უფლება, რომ მივიდეს არჩევნებზე და ამ გზით გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი, მას აქვს იმის უფლებაც, რომ იყოს პოლიტიკურად აქტიური, და ეს სწორად მიმაჩნია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახალგაზრდობა არის ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები უკეთესობისკენ შეატრიალოს. ჩემ მიერ არჩეული პროფესია ერთგვარად პოლიტიკასთან არის კავშირში და არც ჩემი აქტიური ხასიათი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გარედან ვუყურო. საბჭოთა კავშირის დროს რას ვიზამდი, ამაზე არ მიფიქრია, თუმცა, ალბათ, იმ პერიოდშიც პოლიტიკურად აქტიური ვიქნებოდი და საბოლოო ჯამში ციხეში ამოვყოფდი  თავს ან ვეცდებოდი, საბჭოთა კავშირის სივრციდან გამეღწია და სხვა ქვეყანაში მეცხოვრა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. რესპოდენტები დაილია საქართველოში? რით არის საინტერესო ეს ინტერვიუ? ინტელექტუალურად მოუმწიფებელი, ბინძურ პოლიტიკას აყოლილი ადამიანის ამბიციებია მხოლოდ. დაჯდეს და წიგნი იკითხოს, ჯობია. ამ ქვეყანაში ყველამ როგორ იცის პოლიტიკა, სასაცილოა უკვე. ეს პოპულარობისა და იოლი ცხოვრების საშუალებაა მრავალთათვის და ამიტომაც ყველა პოლიტიკანობს

  2. ახალგაზრებს უნდა ესმოდეთ ერთი რამ,მარტო საუბარი იმაზე რომ თავისუფლება არ აქვთ შესღუდული და ყოველთვის შეუძლიათ ქვეყანაში ამნდის შცვლა ცოტა ა იყოს ტრაბახია და მეტი არაფერი,ის ავადსახსენებელი 9 წელი ისე გავიდა სანამ ცოცხები არ გამოფინეს მანამდე ხმა არ ამოუღიათ,პირიქით უმეტესობა ახალგაზრდობისა ნაციონალების გადმოგდებული დაფინანსებით თავს ირთობდა,ამიტომ ნუ ცდილობენ დღეს განვითარებული პროცესები მიიწერონ,მითუმეტეს რო იმდენი დანაშაულია გამომზეურებული და იმდენი დამნაშავე დღეს კიდევ იმოძღვრება რო ჯობია თუ ამაზე ქონდე რეაქცია თუ თავისუფლება და ნორმალიზაცია უნდათ,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here