Home რუბრიკები საზოგადოება მამა მიქაელი (მეკრავიშვილი): თუ ვინმე დასასჯელია, დაისჯება!

მამა მიქაელი (მეკრავიშვილი): თუ ვინმე დასასჯელია, დაისჯება!

1458

მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მღვდელი მიქაელი (მეკრავიშვილი).

_ მამაო მიქაელ, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ანტირელიგიურმა და კერძოდ ანტიმართლმადიდებლურმა კამპანიამ იმხელა მასშტაბებს მიაღწია, რომ მთელი რიგი ინსტიტუტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ ამ საქმეში. 1 ოქტომბერს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძირეული ცვლილება მოხდა. როგორ ფიქრობთ, რა ფორმით აისახება ეს საზოგადოების განწყობაზე, მოტივაციასა და დამოკიდებულებაზე იმ რეალობისადმი, გამოწვევებისადმი, რომელთა წინაშეც დღეს დადგა ჩვენი ქვეყანა.

_ მოდი, ცოტა იმედიანად შევხედოთ იმ მოვლენებს, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებაში და პოლიტიკურ ჭრილში, იმიტომ, რომ ადამიანი, რაც უნდა ხდებოდეს, ყოველთვის იმედით ცოცხლობს. ჩვენ შეიძლება რაღაც არ მოგვწონს, რაღაც მიუღებელია, მაგრამ ის რწმენა, რომელიც ჩასახულია ჩვენში, გვანიჭებს ოპტიმიზმს და გვაძლიერებს. კი, რა თქმა უნდა, იყო უამრავი შეცდომა, იყო უსამართლობა და საშინელებები ხდებოდა. გვახსოვს, როგორ ეპყრობოდნენ ტაძრებს, იმავე სასულიერო პირებსაც, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუკი ადამიანი ამას არ ეთანხმება. თქვენ კამპანია ახსენეთ, პროპაგანდას ძალა მაშინ აქვს, როცა ის ხალხზე, მაპატიეთ, მასაზე მოქმედებს. ამიტომ, თავისთავად, ყველაზე დიდი უბედურება ის კი არაა, არის თუ არა რამე ცუდის პროპაგანდა, უბედურებაა, როცა იგი აბინძურებს და, კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, ანაგვიანებს ერს სულიერად. მგონი, ამ თვალსაზრისით ქართველმა ხალხმა გაუძლო განსაცდელს და დღეს ეს ყველაფერი ჩანს. რაც შეეხება ისევ შეცდომებს, მე, როგორც სასულიერო პირს, ძალიან მინდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი, გაიღვიძოს კეთილმა ნებამ. იმ დამოკიდებულებამ, რომელიც თვითეულ ჩვენგანს მოეთხოვება, რომ ვიყოთ საკუთარ თავთან და უფალთან მართლები, რომ სინდისის მომენტი იყოს წინა პლანზე…

_ ჯერჯერობით არ გვინახავს არც ერთი ცნობილი თუ სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც სინდისის ქენჯნა აწუხებდა.

_ ყველაფერს აქვს დრო… დღეს საზოგადოება დაძაბულია. დაუკვირდით, რა მომენტია: ხალხი ორადაა გახლეჩილი; და მე ვფიქრობ, მარტო ორად კი არა, რამდენიმე პატარ-პატარა ნაკუწად. ჯერ გამთლიანება გვჭირდება, ერთ იდეაში, ერთ ყალიბში მოქცევა, რომ ერი სულიერად შეიკრას. რა თქმა უნდა, ამას ითავებს ეკლესია და ის იქონიებს გავლენას ყველაფერზე _ იქნება კულტურა, განათლება, ჯარი თუ სხვა მიმართულებები. რწმენას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თუ შენ, რასაც ქადაგებ, თვითონაც არ გჯერა, სხვას ვერ დაარწმუნებ. მე არ ვამბობ მარტო სასულიერო პირზე, მხედველობაში მყავს პოლიტიკოსებიც. აქედან გამომდინარე, ტყუილი ყოველთვის გამოაშკარავდება… ტყუილი ყოველთვის ინგრევა.

ქრისტე ამბობს: «უარყავ თავი თვისი, აიღე ჯვარი და გამომყევი მე». ჯერ ჩვენ თავის უარყოფა არ გვისწავლია, მერე ჯვრის აღება და მერე იმის კვალზე სიარული, ამიტომ გასავლელი და სასწავლი ბევრი გვაქვს.

_ ერის სულიერი ერთიანობა ახსენეთ, სოლიდარობის ნაკლებობა, რომელსაც ხშირად უჩიოდნენ და დღესაც უჩივიან ჩვენს საზოგადოებაში, ალბათ, იმ დაქსაქსულობის ნაწილია.

_ რა თქმა უნდა. მოდი, თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავთან ვიყოთ მართლები. ვართ გულწრფელები? იქნებ ჩვენც ვეხმარებოდით იმ ხელისუფლებას? იქნებ ისეთ რამეს ვაკეთებდით, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა? აი, შედეგიც… არ არსებობს ხალხი, რომელიც თავისი ხელისუფლების ღირსი არ არის. ჩვენც ამის ღირსი ვიყავით, მაგრამ ახლა მოვიდა ჟამი… სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ამას ხშირად ამბობს: არის ჟამი ქვების შეგროვებისა, არის გაბნევისაო. ვფიქრობ, ახლა სიმართლის დროა და, როგორც გითხარით, თვალი უნდა გავუსწოროთ ამ სიმართლეს, რაოდენ მწარეც უნდა იყოს, რაოდენ რთული და მძიმე საღიარებელი ბევრისთვის.

_ გასაგებია, რა ცვლილებებიც მოხდა, მაგრამ კონკრეტულად რა გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ გამთლიანების ჟამია და არა გაბნევის?

_ შევხედოთ ისევ დღევანდელ ვითარებას, კი, საზოგადოება გახლეჩილია, არის დაქსაქსულობის მომენტიც, მაგრამ, წინანდელთან შედარებით, ხალხი უფრო იმედიანადაა. ყველა ფენაში მოხდა რაღაც ძვრა, ანუ შიში აღარ აქვთ, რაც ყველას ბოჭავდა. ზოგს ეშინოდა, რომ სამსახურიდან გააგდებდნენ, ზოგი ოჯახის წევრებს უფრთხილდებოდა. წარმოიდგინეთ, იყო შემთხვევები, როცა მოდიოდა ხალხი და ამბობდა, მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ჩემი ტელეფონი ისმინება; იმიტომ, რომ ვიღაც მითვალთვალებს და ა. შ. შეიძლება, არც არავინ უსმენდა და უთვალთვალებდა, მაგრამ ტოტალური შიში იყო ადამიანების ფსიქიკაში გამჯდარი. ახლა პირიქითაა, რაღაცნაირი სიმშვიდე შემოვიდა, გაჩერდა, შეწყდა ეს ყველაფერი და პროცესები იცვლება; კიდევ ვიმეორებ, დავუკვირდეთ ყველანი ჩვენს თავს. ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, მხოლოდ ესაა, დრო გვჭირდება. ჩვენ ვხედავთ, ახლა რაც ხდება წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით, დაკავებებს ვგულისხმობ. საზოგადოება ამას სხვადასხვანაირად აღიქვამს, ვიღაცას უხარია, ვიღაც არ ეთანხმება, მაგრამ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, არც ერთ მხარეს არ უნდა დავდგეთ; უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: თუ ვინმე დასასჯელია, დაისჯება. კანონის უზენაესობა მარტო ის არ არის, რომ ქაღალდზე ეწეროს, არამედ ყველა უნდა ექვემდებარებოდეს. ესაა დემოკრატია, სხვა არაფერი. პატივს სცემენ სამართალს და ისჯება: თუ პრეზიდენტმა დააშავა _ პრეზიდენტი, თუ პრემიერ-მინისტრმა _ პრემიერ-მინისტრი… აი, ეს თუ არ დამკვიდრდა აქ, ვერაფერს მივაღწევთ, მაგრამ დღეს საზოგადოებაა ავად და ჯერ საზოგადოებას სჭირდება განკურნება.

_ რამდენიმე დღის წინ ამერიკის ეროვნულდემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგნაირია: რელიგიურ მსახურებას ყოველდღიურად არავინ ესწრება, 5% _ კვირაში ერთზე მეტჯერ, 10% _ კვირაში ერთხელ, 22% _ თვეში ერთხელ მაინც, 23% _ მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებზე, 29% _ უფრო იშვიათად და 10% _ არასოდეს. დღეს, როცა საუბარია გამთლიანებასა და გაძლიერებაზე, ეკლესიის მეთაურობით, ხომ არ აჩენს გარკვეულ ეჭვებს თუნდაც ეს კვლევა, იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი წინა ხელისუფლების პროპაგანდამ უკვე გაუყენა სულიერებისგან დაცლის, დაკნინების გზას?

_ მესმის თქვენი კითხვის არსი, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში, მაინტერესებს, ვისთან, რა კატეგორიის ხალხთან ჩატარდა ეს გამოკითხვა. სად იდგნენ: ტაძართან თუ კაზინოსთან?! ეგეთი რამ პირველად მესმის. არ ვიცი, რას ეფუძნებოდა ის გამოკითხვა. მათ, როგორც ჩანს, არ იციან საქართველოში მართლმადიდებლობის მნიშვნელობა.

_ «ენდიაი» მსოფლიო მასშტაბით გავლენიანი ორგანიზაციაა. ფიქრობთ, რომ კვლევა, შესაძლოა, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის გარეშე ჩატარდა?

_ მაშინ რა გამოდის, მიზანმიმართულად კეთდება ეს ყველაფერი? არც ესაა უსაფუძვლო ეჭვი. ადამიანი, საერთოდ, მიმბაძველია როგორც ცუდის, ისე კარგის. აქედან გამომდინარე, ვამბობ, ეს კვლევაც სწორედ იქით ხომ არაა მიმართული, რომ ვიღაცაზე რაღაც გავლენა იქონიოს-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი კვლევების არ მჯერა და არ ვენდობი, იმიტომ, რომ ხალხის განწყობა ძალიან კარგად ჩანს. ამას თითოეული ჩვენგანი, თუ დავაკვირდებით, უკეთ დაინახავს და აწონ-დაწონის, ვიდრე ნებისმიერი კვლევითი ორგანიზაცია.

_ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ დემოკრატია სხვა არაფერია, თუ არა კანონის უზენაესობა. ეს ცხადია, მაგრამ კანონი დანაშაულის დასჯასაც გულისხმობს. რატომღაც ძალიან მტკივნეულად და ჩვენთვისვე საფრთხის შემცველად აღიქვამს დღეს დასავლეთი, განსაკუთრებით კი _ ამერიკა, აქ მიმდინარე სამართლებრივ პროცესს. რატომ, როგორ ფიქრობთ?

_ აქ ერთი მომენტიცაა, გააჩნია, როგორ მიაწვდი თვითონ პროცესის მიმდინარეობას, ინფორმაციას. ყველამ კარგად ვიცით, რა ხდებოდა საქართველოში. ეს დამალული არავისთვის ყოფილა, რაც შეეხება დასავლეთს, ნუთუ მათთვის იყო დაფარული და ხელმიუწვდომელი ეს ყველაფერი?! მათი ელჩები ხომ არიან აქ? მთელი რიგი ინსტიტუტებია და კვლევებს ატარებენ, ამას ვერ ხედავდნენ?! დაკავებები რომაა, ეს ხომ უკანონოდ არ ხდება? ამაზე პრესაშიც იწერება, ტელევიზიაშიც, რადიოც აცხადებს. თვითონ პროკურორი ყოველ დაპატიმრებაზე პრესკონფერენციას ატარებს, რომ პროცესი გამჭვირვალე იყოს. მეტი რაღა უნდათ?!

_ ყველაფრის მიუხედავად, ისინი ხედავენ საფრთხეს, რომ მიმდინარე დაპატიმრებები პოლიტიკური ნიშნით ხდება და არა წმინდა სამართლებრივი პრინციპებით.

_ ჰოდა, ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ჩემი აზრით, მათ ინფორმაცია არ აკლიათ, არც ხელისუფლების მხრიდან და არც, სხვათა შორის, მათ მიერვე მოპოვებული. ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით, ახლახან ზუგდიდში რომ იყო გამოსვლები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, იქ ამერიკის ელჩი პირადად მონაწილეობდა ხალხის დაწყნარებაში, ანუ ის უშუალო მონაწილე იყო ამ ყველაფრის. გამოდის, მან ყველაფერი იცის აქ მიმდინარე პროცესებზე. დანარჩენი თავად განსაჯეთ, მიდის თუ არა ობიექტური ინფორმაცია საელჩოდან.

_ ახალმა ხელისუფლებამ ერთერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება დაისახა. ჯერჯერობით, ალბათ, რაიმე პერსპექტივაზე და ავკარგზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ, თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია ის მიდგომა, რომელიც «ქართულ ოცნებას» აქვს ამ საკითხისადმი?

_ შოთა რუსთაველის სიტყვებით გიპასუხებთ: «ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია». ყველა მოყვარე უნდა იყოს შენი. რუსეთი მეზობელია, ამხელა ქვეყანაა, კი, გვქონია ისტორიულად რთული ეტაპები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთი. გადავხედოთ ჩვენს განვლილ გზას, რა ურთიერთობა გვქონდა, გნებავთ, კულტურულ სფეროში, გნებავთ, ეკონომიკურში, სოციალურში და ა. შ. ვფიქრობ, ის ბევრად უფრო მომგებიანი პერიოდი იყო, ვიდრე ამჟამინდელი, როცა ორ ერს შორის, ფაქტობრივად, გაწყვეტილია ყველანაირი კონტაქტი. ბუნებრივია, ძალიან ცუდია, რომ დღეს ჩვენ შორის განხეთქილებაა, მით უფრო ცუდია, რომ ხდება ისეთი საშინელი რამ, რასაც ვეძახით ტერიტორიების დაკარგვას, მაგრამ ეს ხომ არ არის მუდმივი მდგომარეობა? ჩემი აზრით, ესაა დროებითი მდგომარეობა, რომელიც ეტაპობრივად, ნელ-ნელა აუცილებლად გამოსწორდება და ქვეყნის ახალი ხლმძღვანელობა თუ ამას ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისასალმებელია.

_ ბევრს საქილიკოდ მიაჩნია ის თემა, რომ ერთმორწმუნეობა სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს ამ ურთიერთობების აღდგენაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში რა მნიშვნელობით შეიძლება განისაზღვროს რელიგიის როლი?

_ ერთმორწმუნეობა ყოველთვის დადებითი ფაქტორია. რაც უნდა და როგორც უნდა იყოს, ისიც ქრისტიანია და ჩვენც. მე არ ვამბობ, მაინცდამაინც დროშებითა და ზარზეიმით მივიღოთ ახლავე-მეთქი, უბრალოდ, ჩვენ შორის ურთიერთობაში წითელი ხაზი უნდა იყოს კომპრომისები და პატივისცემა. ცხადია, ამ ყველაფერს დრო უნდა, ამიტომ რაღაც ზედმეტი ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, კეთილმეზობლობა თუ აღსდგება, ჩვენ ეს უფრო წაგვადგება. ნუ დაგვავიწყდება, რომ მარტო საქართველო არ ვითარდება, მათაც აქვთ ძალიან დიდი პროგრესი და იქაცაა დადებითი ძვრები. მოდი, იმ დადებითს მივაქციოთ დღეს მეტი ყურადღება, ვიდრე უარყოფითს. იქნებ ასე უფრო სწრაფად ამოივსოს ის უფსკრული, რომელიც დიდი ხნის წინ გაჩნდა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here