Home რუბრიკები პოლიტიკა კაცობრიობა მორიგი გლობალური გადანაწილების მოლოდინში

კაცობრიობა მორიგი გლობალური გადანაწილების მოლოდინში

1355

მსოფლიო პოლიტიკური პროცესების ანალიზი და მითუმეტეს, მოსალოდნელი გლობალური პოლიტიკური ცვლილებების წინასწარ განჭვრეტა ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. ანალიზი რომ მეტ-ნაკლებად ობიექტური და ზუსტი  იყოს, აუცილებელია  ისტორიის მოშველიება, თუ როგორ ხდება მსოფლიო პოლიტიკაში გლობალური გადანაწილებები. ამასთანავე, ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რა ფორმას იღებდა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა ყოველი ახალი გადანაწილების შემდგომ.

საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა ათვლას იწყებს 1648 წლის ვესტფალის ზავიდან, რომელსაც წინ უსწრებდა 30-წლიანი (1618-1648) ომი ევროპულ მონარქიებს შორის. ამ ომის მონაწილეები ორ კოალიციად დაჯგუფდნენ. ავსტრია-უნგრეთისა და ესპანეთის ალიანსს სათავეში ედგა ჰაბსბურგთა კათოლიკური დინასტია, რომელსაც უპირისპირდებოდა პროტესტანტული სამყარო _ ინგლისი-ნიდერლანდი-შვედეთი და, აგრეთვე, კათოლიკური საფრანგეთი. ჰაბსბურგთა იმპერიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა გერმანიაზე საკუთარი გავლენის გავრცელება და ნიდერლანდებზე კონტროლის დაწესება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა საფრანგეთის სახელმწიფოს და შეუზღუდავდა მას მომავალში ევროპის ტერიტორიაზე საკუთარი ჰეგემონობის უზრუნველყოფას, რამაც განაპირობა კათოლიკური საფრანგეთის მიმხრობა პროტესტანტული ბლოკისადმი. აღნიშნულ ომში, რომელიც ითვლებოდა იმ პერიოდისთვის ყველაზე სისხლისმღვრელ და გლობალურ ომად, გამარჯვება დარჩა პროტესტანტულ კოალიციას. 1644 წელს ოსნაბრუკის და შემდგომ 1648 წლის მიუნსტერის კონფერენციაზე მოხდა ევროპის ტერიტორიული გადანაწილება საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარი აქტორების მიერ. ვესტფალიის ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა ტერიტორიული ცვლილებები. შვედეთმა მიიღო მნიშვნელოვანი ტერიტორიული ერთეულები (შტეტინი, ვისმარი, ბრემენი, ვერდენი). საფრანგეთმა გაიფართოა თავისი ტერიტორიები ჰაბსბურგთა სამფლობელოების ხარჯზე ელზასში და განიმტკიცა თავისი სუვერენიტეტი ლოტარინგიის სამ საეპისკოპოზე. აღნიშნული გადანაწილების შედეგად, ნიდერლანდებმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, რასაც ხელი შეუწყო შექმნილმა ძალთა ბალანსმა. საფრანგეთი და შვედეთი, როგორც გამარჯვებული სახელმწიფოები, გახდნენ ვესტფალიის შეთანხმების გარანტორები და მსოფლიო წესრიგის არქიტექტორები. აღნიშნული შეთანხმებით, აგრეთვე, გარკვეული ტერიტორიული გაფართოება წილად ხვდა გამარჯვებული სახელმწიფოების მოკავშირე გერმანულ სამთავროებს. რაც მთავარია, ვესტფალის ზავმა საფუძველი ჩაუყარა სუვერენული, ანუ ერი-სახელმწიფოების კონცეფციას და ძალთა ბალანსის სისტემას მსოფლიო პოლიტიკაში.

XVIII საუკუნეში აღმავლობას განიცდის დიდი ბრიტანეთი. მის მთავარ მოწინააღმდეგედ განიხილებოდა საფრანგეთი, რომელიც ვესტფალის ხელშეკრულების შედეგად ევროპის კონტინენტზე ჩამოყალიბდა, როგორც ჰეგემონი სახელმწიფო. ამ პერიოდისთვის სხვა დიდი მოთამაშეები მნიშვნელოვნად სუსტდებიან (ოტომანთა იმპერია, შვედეთი და ნიდერლანდები). აღნიშნული ქვეყნების დასუსტებასა და მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე დაქვეითებას ბუნებრივად მოჰყვა სხვა სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკური გაძლიერება, კერძოდ, საუბარია რუსეთსა და პრუსიაზე. როგორც ყოველთვის, ახალი ძლიერი აქტორების გამოჩენამ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე გამოიწვია დიდი დაპირისპირება და ომი ერთპიროვნული ჰეგემონობის მოპოვებისთვის ევროპაში.

1803-1815 წლებში ნაპოლეონის ომების შედეგად, რომელშიც საფრანგეთი დამარცხდა დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ავსტრია-უნგრეთის, ესპანეთის, რუსეთის და პრუსიის კოალიციასთან, საფუძველი ჩაეყარა ახალ, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბებით გლობალურ გადანაწილებას, რომელიც იურიდიულად გაფორმდა ვენის კონგრესზე და შეიქმნა ახალი წესრიგი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში «ევროპული კონცერტის სისტემით» არის ცნობილი. «ევროპული კონცერტი» და მის საფუძველზე შექმნილი სისტემა გახლდათ დიდი სახელმწიფოების (დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ავსტრო-უნგრეთი, პრუსია და საფრანგეთი) შეთანხმების შედეგი და რომლის შედეგადაც მოხდა ევროპის ტერიტორიული გადანაწილება მათ მიერ. შემოღებული იქნა ტერიტორიების იმპერიული კონტროლის სისტემა.

XIX საუკუნის ევროპული წესრიგიც, როგორც მისი წინამორბედი, ეფუძნებოდა ძალთა ბალანსის სისტემას. «კონცერტის სისტემა» დიდ სახელმწიფოებს შექმნილი წონასწორობის შენარჩუნებისათვის ტერიტორიული ცვლილებების და მოკავშირეთა შეცვლის შესაძლებლობის საშუალებას აძლევდა, ოღონდ არსებულ საერთაშორისო ურთიერთობათა სტრუქტურისა და ძალთა ბალანსის ფარგლებში. შექმნილი წონასწორობიდან გამომდინარე, საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარი აქტორები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდნენ დიდი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების დაშლას, რათა სისტემა არ დარღვეულიყო და რომელიმე მთავარ მოთამაშეს არ მისცემოდა უპირატესობა. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ოტომანთა იმპერიის დაშლას, რადგან თვლიდა, რომ მის ადგილზე წარმოიქმნებოდა პატარა სახელმწიფოები, რომლებიც ვერ შეძლებდნენ ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში მათზე უფრო დიდი და ძლიერი სახელმწიფოების შეკავებას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევდა, უკანასკნელთა მხრიდან ამ ტერიტორიებზე ინტერვენციას და გავლენის გაფართოებას, რაც დაარღვევდა არსებულ ძალთა ბალანსს და სამხედრო-სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებდა მის მოწინააღმდეგეს.

«ევროპული კონცერტის» სისტემამ დაახლოებით ასი წელი იარსება, მანამდე, სანამ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი არ დაიწყო. პირველი მსოფლიო ომი თავისი მასშტაბებით უფრო გლობალური იყო, ვიდრე მისი წინამორბედები. საბრძოლო მოქმედებების თეატრმა, თითქმის მთელი ევრაზიის კონტინენტი მოიცვა და მასში არაევრაზიული სახელმწოებიც ჩაერთნენ. აღნიშნული ომის დაწყებას წინ უსწრებდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ევროპაში. კერძოდ, ოტო ფონ ბისმარკის მეთაურობით 1871 წელს გერმანული მიწების გაერთიანება პრუსიის გარშემო, რამაც სათავე დაუდო გერმანული იმპერიის ფორმირებას. გაერთიანებამ და მასთან დაკავშირებულმა გერმანიის გაძლიერებამ, გერმანიის ამბიციები გაზარდა მსოფლიო პოლიტიკაში, რაც გამოიხატა მის სწრაფვაში, დომინირებადი მდგომარეობა მოეპოვებინა ევროპაში. «ბებერ კონტინენტზე» გაბატონება გზას გაუხსნიდა გერმანიას, დაექვემდებარებინა აფრიკის კონტინენტზე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კონტროლქვეშ მყოფი კოლონიები, რაც, თავის მხრივ, გერმანიას თავის მოკავშირეებთან ერთად აქცევდა ევრაზიის კონტინენტის ბატონ-პატრონად. გერმანელების ეს მიზანი კი თავის მხრივ ეწინააღმდეგებოდა სხვა დიდი ევროპული სახელმწიფოების ინტერესებს, რომლებიც წინა ევროპული წესრიგის არქიტექტორებად ითვლებოდნენ. მთავარ მოთამაშეებს შორის ინტერესთა კოლიზიამ განაპირობა ორი დიდი სამხედრო ალიანსის შექმნა. ერთ მხარეს დაჯგუფდნენ საფრანგეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი, რომელიც ანტანტის ქვეყნების სახელით არის ცნობილი, და მეორე მხარეს ცენტრალური ძალები _ გერმანია, ავსტრო-უნგრეთი და თურქეთი (იტალია თავიდან გერმანიის მოკავშირედ ითვლებოდა, მაგრამ გარკვეულმა მიზეზებმა იგი გერმანიის მოწინააღმდეგედ აქცია). ორ დიდ სამხედრო კოალიციას შორის ომში დეტონატორის ფუნქცია შეასრულა ავსტრიის პრინც ჰერგერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობამ სარაევოში გავრილ პრინციპის მიერ, რასაც წინ უსწრებდა ავსტრიელების მხრიდან ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ანექსია 1908-1909 წლებში.

 რუსეთი, ანტანტის წევრი ქვეყანა, 1917 წელს განვითარებული რევოლუციური პროცესების გამო გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს და მისი ადგილი დაიკავა ამერიკამ. აშშ მანამდე არ ერეოდა ევროპულ საქმეებში, ვინაიდან იგი «მონროს დოქტრინის» ფარგლებში იზოლაციონისტურ პოლიტიკას აწარმოებდა. აშშ-ის ჩართვამ გააწონასწორა გერმანიისა და მისი მოკავშირეების უპირატესობა, რომელიც მათ მიიღეს რუსეთის გამოთიშვით გლობალური პოლიტიკური პროცესებიდან. საბოლოოდ ომი გაგრძელდა ოთხი წელი და დამთავრდა 1918 წლის 11 ნოემბერს.

პირველმა მსოფლიო ომმა დემონტაჟი მოახდინა მანამდე არსებული, ძალთა ბალანსზე დამყარებული ვენის სისტემისა და საფუძველი ჩაუყარა ახალ გლობალურ გადანაწილებას და ტერიტორიულ ცვლილებებს, რომელიც იურიდიულად განმტკიცდა პარიზში, ვერსალის სასახლეში ხელმოწერილი ხელშეკრულებით. ვერსალის ხელშეკრულებას მოჰყვა სენ-ჟერმენის, ნეიის, ტრინიანოსა და სევრის ხელშეკრულებები, რითაც საბოლოო წერტილი დაესვა ძველ მსოფლიო წესრიგს და შეიქმნა ახალი, რომელიც ვერსალის სისტემით არის ცნობილი.

ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა გამარჯვებულმა სახელმწიფომ: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ. ვერსალის სისტემის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია ორ დიდ ევროპულ სახელმწიფოს: გერმანიას, როგორც დამარცხებულ სახელმწიფოს, და რუსეთს, რომელიც საერთოდ არ მიუწვევიათ პარიზში და რომელიც დაკავებული იყო შიდა პრობლემებით.

საზავო კონფერენციაზე ცხარე დებატები გაიმართა გერმანიის მომავალ ბედთან დაკავშირებით საფრანგეთს, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის. საფრანგეთს სურდა, გერმანიასთან ძალთა წონასწორობის შენარჩუნებისთვის ამ უკანასკნელის დაშლა პატარა კვაზი-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებად და შექმნილიყო რეინის დამოუკიდებელი სახელმწიფო დემილიტარიზებული ბუფერული ზონის სახით. რის წინააღმდეგაც ამერიკელები გამოდიოდნენ; ან მიეღო გარანტიები ამერიკისა და დიდი ბრიტანეთისგან, რომ გერმანიის მხრიდან მორიგი ომის წარმოების შემთხვევაში სამხედრო დახმარების თაობაზე, აღნიშნული საკითხი მიბმული იყო ერთა ლიგის წესდების შემუშავებაზე. საბოლოოდ, ამერიკისგან და დიდი ბრიტანეთისგან საფრანგეთმა სამხედრო დახმარების გარანტია მიიღო. თუ გერმანია დაარღვევდა ვერსალის ხელშეკრულებას, მაშინ ანგლოსაქსური სახელმწიფოები დახმარებას გაუწევდნენ საფრანგეთს, რითაც საფრანგეთს უარი ათქმევინეს გერმანიის დაშლაზე და საფრანგეთმა ხელი მოაწერა ერთა ლიგის წესდებას. მაგრამ მოხდა ისე, რომ კონგრესმა უარი განაცხადა ვერსალის ხელშეკრულების რატიფიცირებაზე, ამით ისარგებლა დიდმა ბრიტანეთმა და თავი გაითავისუფლა აღებული ვალდებულებისგან. საფრანგეთი კი მარტოდმარტო აღმოჩნდა გარანტიების გარეშე.

საბოლოოდ, ვერსალის ხელშეკრულებით, გერმანიას ჩამოართვეს ომამდელი ტერიტორიების 13%. მოკავშირეებმა გერმანია აიძულეს, ეცნო ჩეხოსლოვაკიისა და პოლონეთის დამოუკიდებლობა, რომლებმაც მიიღეს ტერიტორიული შევსებები. პოლონეთისთვის პოზნანის გარშემო არსებული ტერიტორიების გადაცემით შეიქმნა პოლონური დერეფანი», რითაც პრუსია გამოეყო დანარჩენ გერმანიას. აგრეთვე, ახალი საერთაშორისო წესრიგით გარკვეული ტერიტორიული შევსება მიიღეს ბელგიამ, დანიამ, იტალიამ, იუგოსლავიამ, რუმინეთმა. საფრანგეთმა მიიღო ელზას-ლოტარანგია. გერმანული კოლონიები გადაეცა გამარჯვებულ სახელმწიფოებს «სამანდატო» ტერიტორიების სახით. გერმანიას დაეკისრა რეპარაციების გადახდა და დაუწესეს სამხედრო შეზღუდვები, რაც მთავარია, ლიკვიდირებულ იქნა გერმანიის გენერალური შტაბი.

თუ ომამდე გერმანია ძლიერი სახელმწიფოების რკალში იმყოფებოდა და არ შეეძლო ექსპანსიური პოლიტიკის წარმოება, ვერსალის ხელშეკრულებით მან აღმოსავლეთით მიიღო პატარა და სუსტი სახელმწიფოები, რომლებიც ვერ შეძლებდნენ მის დაბალანსებას და შეკავებას ხელმეორედ გაძლიერების და ექსპანსიური პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში, რაც მოხდა კიდეც და რამაც დიდად განაპირობა მეორე მსოფლიო ომი. ამ საფრთხეზე პირველად ყურადღება გაამახვილა ლორდმა ბალფურმა: «თუ პოლონეთი გახდება დამოუკიდებელი სამეფო და გარდაიქმნება ბუფერად რუსეთსა და გერმანიას შორის, მაშინ საფრანგეთი მომავალ ომში გახდება გერმანიის სამიზნე იმ მიზეზით, რომ რუსეთი ვერ შეძლებს მის დასახმარებლად მისვლას…»

არც ვერსალის ხელშეკრულების მიერ შექმნილი წესრიგი აღმოჩნდა მუდმივი, როგორც მისი წინამორბედი საერთაშორისო წესრიგები. მან იარსება მხოლოდ ოცი წელი. ვერსალის სისტემის დემონტაჟში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ადოლფ ჰიტლერის აღზევებამ გერმანიის ხელისუფლების სათავეში და მასთან ერთად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობათა პასიურობამ გერმანიის მიერ ვერსალის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ეტაპობრივი დარღვევის მიმართ, რამაც საბოლოოდ დაარღვია ძალთა ბალანსი და რამაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში კატალიზატორის როლი შეასრულა. თუ ვერსალის ხელშეკრულებით გერმანიას უნდა ჰყოლოდა მხოლოდ ასიათასიანი არმია გენშტაბის ლიკვიდირების ფონზე, რომელიც უზრუნველყოფდა არსებულ ძალთა ბალანსს, ჰიტლერმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო ქვეყნის რემილიტარიზაცია და ნელ-ნელა შეუდგა არსებულ ძალთა წონასწორობის რღვევას და თან თუ დავამატებთ იმასაც, რომ აღმოსავლეთით მას არ ჰყავდა ექსპანსიის შემთხვევაში მისი შემაკავებელი ძლიერი სახელმწიფო, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, გერმანიას მიეცა სრული კარტბლანში (რასაც მიუნხენის 1938 წლის შეხვედრამაც შეუწყო ხელი, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ხელმძღვანელთა მონაწილეობით) აღმოსავლეთით ექსპანსიური პოლიტიკის წარმოებისა და იმ ქვეყნების დესუვერენიზაციისა და დაპყრობისა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი წესრიგის დახმარებით ჩამოყალიბდნენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

სწორედ, რომ ერთი სახელმწიფოს დაუოკებელმა სურვილმა (ამ შემთხვევაში გერმანიის) _ გამხდარიყო მსოფლიო ჰეგემონი, გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი და მის შედეგად არსებული წესრიგის ნგრევა. მეორე მსოფლიო ომი, რომელიც 1939 წელს დაიწყო, გრძელდებოდა 6 წელი. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ომში ადგილი ჰქონდა ორი ურთიერთდაპირისპირებული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნას. ერთ ბანაკში დაჯგუფდა გერმანია-იტალია-იაპონია, ხოლო მეორეში _ საბჭოთა კავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი. საბოლოოდ, მეორე მსოფლიო ომი გერმანიისა და მისი მოკავშირეების მარცხით დასრულდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებას, როგორც ნებისმიერ გლობალურ ომს, მოჰყვა ხელახალი მსოფლიო გადანაწილება გამარჯვებული სახელმწიფოების მიერ. ძველი საერთაშორისო წესრიგის ნანგრევებზე იქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელსაც სათავე დაუდო იალტისა და პოტსდამის კონფერენციებმა.

ოკუპირებული გერმანია დანაწევრებულ იქნა ოთხ საოკუპაციო ზონად, შესაბამისად, ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ და საბჭოთა საოკუპაციო ზონებად. მოგვიანებით ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული ზონები ერთიანდებიან ერთ საოკუპაციო ზონად, რომელიც შემდგომში დასავლეთ გერმანულ სახელმწიფოდ ყალიბდება. აღმოსავლეთში კი, რომელსაც საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა, შეიქმნა აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო. აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეიცვალა ევროპული ქვეყნების საზღვრები, რომლებიც დაეფუძნა, შექმნილი ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, ფორმირებულ მსოფლიო წესრიგს. როგორც გერმანიის შემთხვევაში, სამყარო დაიყო ორ მტრულ ბანაკად. საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა ღებულობს ორპოლუსიან მსოფლიოს. ქვეყნების დაყოფა მოხდა სამ ტიპად: დასავლეთის კაპიტალისტური ქვეყნები, რომლებიც ექცევიან ამერიკის გავლენის ქვეშ და ხდებიან ამ უკანასკნელის სატელიტები. მეორე ქვეყნების ტიპს მიეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში აღმოჩნდნენ, და მესამე ტიპის ქვეყნები, რომლებიც ლავირებდნენ ამ ორ იერარქიულ პოლუსს შორის და არც ერთი და არც მეორე დიდი მოთამაშის გავლენის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.

ორივე პოლუსი ეფუძნებოდა სამ უმთავრეს პრინციპს: იდეოლოგიას, ფაქტობრივ იერარქიას და ერთიანი უსაფრთხოების სისტემას.

დასავლური პოლუსის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამერიკის ხელმძღვანელობით, ხოლო აღმოსავლური პოლუსის კი _ «ნატოს» საპირწონედ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია «ვარშავის პაქტი», საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით.

ორპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის, რომელიც პოტსდამის შეთანხმების შედეგი გახლდათ, საერთაშორისო სამართლებრივი გამყარება მოხდა 1975 წელს ჰელსინკის აქტით, სადაც მიღებულ იქნა ათი ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპი. რაც მთავარია, ჰელსინკის აქტით მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეცვლილი საზღვრების საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარება.

ორპოლუსიანმა საერთაშორისო სისტემამ ცივი ომის რეჟიმში დაახლოებით 50 წელი იარსება. იგი დაინგრა ერთი პოლუსის ლიდერი სახელმწიფოს, კერძოდ, საბჭოთა კავშირის დაშლით და აღმოსავლური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის დემონტაჟით.

მოკლე ისტორიული ექსკურსის შემდეგ შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი მომენტი:

1) მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, საერთაშორისო პოლიტიკის მთავარ სუბიექტებს ვესტფალიდან დღემდე წარმოადგენდნენ დიდი სახელმწიფოები, რომელთა ურთიერთქმედების შედეგად, ყოველი ახალი გადანაწილების შემდეგ, დგინდებოდა გავლენის სფეროები და ქვეყნების საზღვრები;

2) ყოველ ახალ გადანაწილებას წინ უსწრებდა დიდი ომი საერთაშორისო პოლიტიკის მთავარ აქტორებს შორის, რომელიც იწყებოდა რომელიმე მოთამაშის მიერ, სხვებზე უპირატესობის მოპოვების მიზნით და კონკრეტული პერიოდისთვის გლობალური ჰეგემონის სტატუსის მისაღებად;

3) ყოველი დიდი ომის შემდეგ, ხდებოდა ახალი საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგის შექმნა, რომელიც ეფუძნებოდა დიდ სახელმწიფოთა შორის არსებულ ძალთა წონასწორობას და მისი გამყარება ხდებოდა სამართლებრივად მთავარ მოთამაშეებს შორის საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც კონკრეტულ ძალთა ბალანსის შესაბამისი იყო, ანუ ყოველი ახალი მსოფლიო წესრიგი ეფუძნებოდა ერთმანეთისგან განსხვავებულ საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს.

ორპოლუსიანი საერთაშორისო სისტემის დემონტაჟის შემდეგ, ამერიკულ ინტელექტუალურ თუ პოლიტიკურ წრეებში აქტიურად დაიწყო საუბარი უნიპოლარული სისტემის შექმნისა და ამერიკის გლობალური ჰეგემონობის უზრუნველყოფის თაობაზე. უნიპოლარული საერთაშორისო სისტემის მისაღწევად, ამერიკული პოლიტიკა ევრაზიის კონტინენტზე დაეყრდნო სამ საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტს:

_ მოკლევადიანს (რომელიც ხუთი წლით განისაზღვრა)

_ საშუალოვადიანს (განისაზღვრება ოცი წლით)

_ გრძელვადიანს (ოც წელზე მეტი ვადით)

ამ მიდგომის თანახმად, პირველ ეტაპზე ამერიკას უნდა განემტკიცებინა ევრაზიის კონტინენტზე გეოპოლიტიკური პლურალიზმი. ეს გულისხმობდა გარკვეული ქმედებებისა და მანიპულაციების განხორციელებას, რათა არ მომხდარიყო ამერიკის მოწინააღმდეგე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნა, რომელიც გაუწევდა კონკურენციას და შეეწინააღმდეგებოდა ამ უკანასკნელის ჰეგემონობას კონტინენტზე.

საშუალოვადიანი პრიორიტეტი გულისხმობდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ეტაპობრივ დეზინტეგრაციას რუსეთისგან და მათ ინტეგრაციას ამერიკის მეთაურობით შექმნილ ტრანსევრაზიულ უსაფრთხოების სისტემაში.

და ბოლოს, პირველი ორი პრიორიტეტიდან გამომდინარე, ამ ქმედებებს გრძელვადიან პერსპექტივაში საქმე უნდა მიეყვანა მსოფლიო პოლიტიკური ცენტრის შექმნამდე, ანუ იგულისხმება მსოფლიო მთავრობის შექმნა ვაშინგტონის ხელმძღვანელობით: «ბოლოს და ბოლოს დადგება დრო, როდესაც მსოფლიო პოლიტიკაში სრულიად არადამახასიათებელ მოვლენას ექნება ადგილი, კერძოდ ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი სახელმწიფოს ხელში»(ზბიგნევ ბჟეზინსკი).

როგორც დავინახეთ, ამერიკულ საგარეოპოლიტიკურ სტრატეგიაში გათვალისწინებულია ქვეყნების, როგორც ფაქტობრივი, ასევე იურიდიული დესუვერენიზაცია და ერი-სახელმწიფოს, ანუ სუვერენული სახელმწიფოს კონცეფციის ეტაპობრივი ნგრევა, რომელსაც ვესტფალიდან ეყრება საფუძველი და ეყრდნობა ოთხ უმთავრეს პოსტულატს: 1. ტერიტორიას, 2. მოსახლეობას, 3. მოსახლეობის ლეგიტიმურ მართვას და 4. სხვა სუვერენული სახელმწიფოების მიერ მის აღიარებას. ერი-სახელმწიფოს უმთავრეს ატრიბუტს წარმოადგენს სუვერენიტეტი. სუვერენული სახელმწიფოები ახორციელებენ შიდა და საგარეო სუვერენიტეტს. შიდა სუვერენიტეტი გულისხმობს საკუთარი ტერიტორიისა და მოსახლეობის მიმართ უზანაესობას ყველა სხვა ხელისუფლებაზე, ხოლო საგარეო სუვერენიტეტი _ დამოუკიდებლობას ქვეყნის გარეთ არსებულ ყველა ხელისუფლებისგან. ქვეყანა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პარამეტრებში არ ჯდება, შეუძლებელია ჩაითვალოს სუვერენულ სახელმწიფოდ. საინტერესოა, თუ ყველა ქვეყანა თავისი სუვერენიტეტის დელეგირებას მოახდენს ზენაციონალურ მთავრობაზე, როგორც ამერიკელებს წარმოუდგენიათ, შეძლებს კი ასეთი პოლიტიკური სუბიექტი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას? «დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთობა, რომელიც მხოლოდ იჩემებს სუვერენიტეტის უფლებას, მაგრამ არ შეუძლია ამ უფლების პრაქტიკულად განხორციელება, სახელმწიფოდ ვერ შეირაცხება» (ჰედლი ბული).

თუმცა ამერიკელების მთავარი სამიზნე და გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე ამ საქმეში რუსეთია, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და არ გადავიდეს ამერიკელების მიერ შექმნილ გლობალურ იერარქიაში. ამერიკელების ერთპიროვნულ ჰეგემონობას მსოფლიო პოლიტიკაში პირველად შეეწინააღმდეგა ვ. პუტინი მიუნხენში 2007 წელს, რომელმაც პირდაპირ და არაორაზროვნად დაგმო ერთპოლუსიანი მსოფლიო. 2008 წელს კი მან უკვე ქმედებებით დაადასტურა, რომ იგი ყოველმხრივ შეეწინააღმდეგებოდა ამერიკელების ერთპიროვნულ ჰეგემონობას მსოფლიოში და მათ მიერ ცალმხრივად, სხვა ქვეყნების და დიდი სახელმწიფოების ინტერესების გაუთვალისწინებლად შექმნილ საერთაშორისო წესრიგს, როდესაც მან სასტიკად და დაუნდობლად დასაჯა ამერიკის მონა-სატელიტი საქართველო, თან ისე, რომ ამერიკელებს სურვილიც არ გასჩენიათ, რეალური სამხედრო დახმარება გაეწიათ პირველისთვის.

აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ 2008 წელს კრახი განიცადა უნიპოლარიზმმა და საერთაშორისო სისტემამ მიიღო პოსტუნიპოლარული ხასიათი და დიდი ალბათობით გადაიხარა მულტიპოლარიზმისკენ, ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, საერთაშორისო სისტემაში არ არის ისეთი დიდი მოთამაშე, რომელსაც შესწევს ძალა, აღზევდეს ამერიკის ალტერნატიული პოლუსის დონეზე და საერთაშორისო სისტემა დააბრუნოს ბიპოლარულ მდგომარეობაში. დღესდღეობით მსოფლიო პოლიტიკაში შექმნილია გეოპოლიტიკური ვაკუუმი, სისტემა არც უნიპოლარულია, მაგრამ არც მრავალპოლუსიანობის სტრუქტურირება და ინსტიტუციონალიზაცია მოხდა. იმისათვის, რომ მსოფლიო წესრიგი ტრანსფორმირდეს ერთი მდგომარეობიდან მეორეში, აუცილებელია გლობალური ომი, რომელიც კარს არის მომდგარი (საუბარია ირანზე).

ირანზე ამერიკელების თავდასხმა გარდაუვალია, ვინაიდან ირანელი მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ ურანის იმ დოზით გამდიდრებაზე, რომელიც მას ბირთვული იარაღის დამზადების საშუალებას მისცემს. ამ პროცესის ამერიკელების მიერ თვითდინებაზე მიშვების შემთხვევაში, ირანელები აუცილებლად შექმნიან ბირთვულ იარაღს, რაც, პირველ რიგში, განამტკიცებს ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ამერიკელები კი ბირთვული იარაღის შიშით ცხვირსაც არ შეჰყოფენ ირანში. ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, თავის მხრივ შეაკავებს ამერიკელების იმპერიალისტურ მიზნებს ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ამერიკელები თვლიან, რომ თავდასხმა და ოკუპაცია უნდა მოხდეს ირანის ატომური იარაღით შეიარაღებამდე. რთულია ომის თარიღის ზუსტი წინასწარმეტყველება, მაგრამ ეს რომ მოხდება, ფაქტია.

ირანის ინტერვენციისა და მასზე სამხერდო სტრატეგიული კონტროლის დამყარების შემთხვევაში, აშშ ღებულობს როგორც სამხედრო, ასევე იდეოლოგიურ პლაცდარმს ენერგორესურსებით მდიდარ და გეოპოლიტიკური თვალსაზრით უმნიშვნელოვანეს ცენტრალურ აზიაზე მომავალში თავისი გავლენის გაფართოების პერსპექტივით. ეს ფაქტი კი პირდაპირ ეხება რუსეთის და ჩინეთის სასიცოცხლო ინტერესებს, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს მათ ჩართვას აღნიშნულ კონფლიქტში. რადგან, არც ჩინეთს და არც რუსეთს შესწევს ძალა ცალმხრივად გაუწიონ მეტოქეობა სამხედრო სფეროში აშშ-ს, ისინი თავისი სისუსტის კომპენსირებისთვის შეეცდებიან, გაერთიანებას ამერიკის წინააღმდეგ: «თუ სისტემა ითვლის სამ ნაციონალურ აქტორს და მათი შესაძლებლობები თითქმის ერთნაირია, დიდი ალბათობით მოხდება ორის გაერთიანება მესამის წინააღმდეგ»(მორტონ კაპლანი).

რუსეთისა და ჩინეთის ჩართულობის ხარისხი ამერიკის წინააღმდეგ ომში, თუ რა მასშტაბებს მიიღებს, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, მაგრამ ისინი ამ კონფლიქტისგან რომ განზე არ გადგებიან, აქსიომაა. მათი მხრიდან პასიურობის შემთხვევაში, აშშ შეძლებს რეგიონის მთავარი სტრატეგიული არტერიების გაკონტროლებას, რითაც ხელ-ფეხი გაეხსნება უნიპოლარული და ამერიკის ტოტალურ კონტროლზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შექმნისკენ, რასაც არც ერთი დაუშვებს და არც მეორე. შესაძლოა ორივემ მოახდინოს იმ გეოგრაფიულ სივრცეზე სამხედრო-სტრატეგიული კონტროლის დაწესება, რომელსაც ისინი ჩათვლიან თავიანთ კანონიკურ ტერიტორიად, ისტორიულად ჩამოყალიბებული ცივილიზაციის ფარგლებში, რათა ერთმა ჩრდილოეთიდან, მეორემ კი აღმოსავლეთიდან მოახერხოს ამერიკის შეკავება და დაბალანსება, უკანასკნელის მიერ ირანზე ომის სასურველ შედეგამდე მიყვანის შემთხვევაში.

დიდი ომი ახლო აღმოსავლეთში ტექტონურ ძვრებს გამოიწვევს მსოფლიო პოლიტიაკში თუ არა, მინიმუმ რეგიონულ პოლიტიკაში მაინც. როგორც ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, ყოველი დიდი ომის შემდეგ ინგრევა ძველი წესრიგი და ეწყობა ახალი, სრულიად განსხვავებული ძალთა ბალანსის პირობებში. ირანში ომი რომ კავკასიას შეეხება და შესაბამისად საქართველოსაც, ამაში ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. რაც მთავარია ჩვენთვის, ის რეგიონული ძალთა ბალანსი, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეიქმნა რადიკალურად შეიცვლება, ეს კი რეგიონში არსებული ქვეყნების სტატუსზე და მათ საზღვრებზე ჰპოვებს ასახვას. შეცვლილი წესრიგი მოგვიანებით აუცილებლად გამყარდება ახალ ძალთა ბალანსზე დამყარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმაზე ფიქრი, ახალი გადანაწილების შემთხვევაში საქართველო ვისი გავლენის სფეროში აღმოჩნდება და რა საზღვრებში გააგრძელებს არსებობას.

ირაკლი უბილავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here