Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს მთავარი მტერი ელიტური კორუფციაა

საქართველოს მთავარი მტერი ელიტური კორუფციაა

611

ცნობილია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ადგილობრივი ბაზრის განვითარებისკენ. ბაზარი თავისი საზრისით გულისხმობს საქონლის (გასაყიდად წარმოებული საგნებისა და მომსახურების) რეალიზაციის გაადვილებას. ეს არის მისი ინსტიტუციური დანიშნულება, მაგრამ, როცა პოლიტიკოსები და ეკონომისტები საუბრობენ ბაზარზე, მუდმივად მხედველობაში აქვთ სამეურნეო სტრუქტურა თავისი მწარმოებელი ერთეულებით ან პროდუქცია სახეობების მიხედვით. საქართველოს შიდა ბაზრის განვითარებაზე საუბარი ამ თვალსაზრისით ნიშნავს არა მარტო იმას, რომ საჭიროა, სახელმწიფომ აღმოუჩინოს ბაზრის მონაწილეებს მძლავრი მხარდაჭერა ამ ინსტიტუტის სრულყოფის საქმეში, არამედ  იმასაცთუ როგორ შევუწყოთ ხელი ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებას, კერძოდ, არეგულიროს პროცესი: ვინ, რა, რამდენი და ვისთვის აწარმოს. ის, რაც არ აინტერესებს ბაზარს, როგორც ინსტიტუტს, უნდა აინტერესებდეს ხელისუფლებას. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ეკონომიკის სფეროში კი ურთულესი რამაამთავარია არა მარტო დარგის ჩამორჩენის მიზეზის ცოდნა, არამედ ამ ჩამორჩენის მოტივებისაც. უეჭველია, რომ ეკონომიკური საკითხების განხილვისას გადაწყვეტილების  მიმღები და მხარდამჭერი ხალხის ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს.

ელიტური კორუფციის არსი

პირდაპირ ვიტყვი, ელიტური კორუფცია გადაწყვეტილებების მიღების სფეროში ვლინდება. ეს სფერო ერთადერთია, რომელშიც კორუფციის ყველაზე მახინჯი ფორმა შეიძლება წარმოიშვას და განვითარდეს. როცა საკრებულოს წევრი ახერხებს, ავტობუსის გაჩერება მისი სიდედრის კაფესთან დაანიშნინოს, როცა ბანკებში დეპოზიტებში აკუმულირებული ფულიდან 80 პროცენტი ერთთვიანი შენატანებია, ანუ სავალდებულოდ პლასტიკურ ბარათებზე დარიცხული ჩვენი ხელფასებია, როცა არაყზე აქციზის გადასახადი ერთ წელიწადს _ 2.4, მეორე წელს  3 ლარია, როცა მიწის გადასახადი დაწესდება რანტიე (გამქირავებელ) მესაკუთრეთა სურვილით, ხოლო სახლი «მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილია», განა ამ დროს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთა უცოდინრობასა და ამორალობაზე შეიძლება ვისაუბროთ? არა! აქ კორუფციასთან გვაქვს საქმე. ცდებიან ისინი, ვინც ელიტური კორუფციის კვალს ბანალურ მექრთამეობაში ეძებენ. მექრთამეობა ჩვეულებრივი, მარტივი და უსინდისო ქმედებაა. იგი კვალიფიცირდება, როგორც კორუფცია, მიუხედავად იმისა, ვინ ეწევა ამ უმსგავსობას _ მაღალი თუ დაბალი ჩინის მქონე მოხელე. ელიტური კორუფცია კი კანონშემოქმედების, პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში ვლინდება, როგორც პოლიტიკური ძალისხმევით დაკანონებული ანგარება და ამორალიზმი. 

ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია პოლიტიკურ თანამდებობებზე  კლანური და პირადი ვალდებულებების მიხედვით დანიშნული კადრები. შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ყველა ნეგატიურ გამოვლინებათა სათავე ელიტარული კორუფციაა. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ უკვე 20 წელზე მეტია, რაც  ჩვენი ქვეყნის მთავარი და დაუმარცხებელი მტერი ელიტური კორუფციაა.

ამ მოვლენის ჰიპერტროფიზაციამ თამამი რეფორმატორული გადაწყვეტილებების მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს შიში

ასეთი შიშის, ანუ სიფრთხილის აუცილებლობა არსებობს და მუდმივად იარსებებს. მისი დამარცხების ერთადერთი გზა კი არის კვალიფიციური კადრების შერჩევა და მათი პასუხისმგებლობის ამაღლება. ეს მით უფრო საჭიროა, რომ ეკონომიკური გარდაქმნების აუცილებლობა მუდმივად იქნება დღის წესრიგში. ეს პროცესი ახალ პრობლემებს წარმოქმნის მაშინ, თუ რეფორმებს ის ხალხი არ განახორციელებს, რომელიც თვით არის ამ სიახლეთა მატარებელი. სხვა შემთხვევაში რეფორმები აუცილებლად გამოიწვევს უარყოფით შედეგებს. შიში და სიფრთხილე კი ის მუხრუჭებია, რომელთა გარეშეც წონასწორობა ვერ დამყარდება. სხვაგვარად კორუფცია შეიძენს დადებით უკუკავშირს, როგორც ეს სააკაშვილის რეჟიმს დაემართა… მის  შედეგებს ახლა ყველანი ვიმკით.

დღეს ახალი კადრები მართავენ სახელმწიფოს.

მათი საქმიანობა კრიტიკულად უნდა განვიხილოთ, სხვა შემთხვევაში აუცილებლად მოხდება მათი ბიუროკრატიზაცია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკა რთული და ინერციული სისტემაა. ახალი კადრები ვერ გაექცევიან  არსებულ ძველ ფორმებს, მით უფრო, რომ ამ ფორმათაგან ბევრი არც უნდა შეიცვალოს.

საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. ის რეფორმები, რომლებიც განათლების სისტემაში განხორციელდა, დიდი ხნით ადრე მოამზადეს. ამ პროცესის სათავეში იდგა ყოფილი მინისტრი ალეკო კარტოზია, რომელმაც ვერ დაიწყო რეფორმები იმის გამო, რომ ამისათვის მზად არ იყო ინსტიტუციური სისტემა. ლომაიამ კი დაჩქარებული წესით გააგრძელა ამ პროექტების განხორციელება, ძველ ფორმებში «ჩატენა» ახალი იდეები და მივიღეთ: გაუმართავი დაწყებითი განათლება (ფორბსის რეიტინგით, 2011 წელს 120-ე ადგილი დაიკავა), უკონცეფციო საშუალო სკოლა (ზოგიერთი კერძო სკოლა  ძალიან ჰგავს ჩარლზ დიკენსის მიერ აღწერილ იორკშირის სკოლებს), კარგი საგამოცდო სისტემა, ავტონომიურობაზე მოლაპარაკე უმაღლესი სკოლა, «მაზალო» რექტორებითა და უფუნქციო აკადემიური პროცესით. ასე რომ, ახალ მინისტრს უამრავი საქმე აქვს და დახმარებაც ნამდვილად სჭირდება.

ან ავიღოთ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც ახალ სიტუაციაში, დეკლარირებული ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე მუშაობის შემდეგ, ვალდებული ხდება, შეიმუშაოს უძველესი და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკა _ აგრარული პოლიტიკა. ახლა, როცა მთელი საზოგადოება მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელმაც უნდა შექმნას ჩვენი ეკონომიკური განვითარების საფუძვლები, შეიძლება გვერდით არ დავუდგეთ  ახალ ხელმძღვანელობას, არ ავიღოთ  ჩვენი წილი პასუხისმგებლობა?

სოფელი ჩვენი არსობისა

ღვთის მადლით, საქართველოში ბევრია სოფლის მეურნეობის კარგი მცოდნე, დიდი მასშტაბის სპეციალისტი. ამ სფეროში ბევრი უცხოელი ექსპერტიც მუშაობს, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა «ფაო», «იფადი», მსოფლიოს ბანკი, იაპონიის ექსიმბანკი და სხვ., გაკეთებული აქვთ კომპეტენტური დასკვნები დარგის განვითარების საკითხში. აგრარული სექტორისადმი ასეთი დიდი ყურადღება შემთხვევითი არ არის. ეს ის სამეურნეო სივრცეა, ის გარემო, რომელშიც იქმნება საქართველოსთვის ის პირობები, რომელთა გათვალისწინებით ვალდებული ვხდებით, ვიზრუნოთ ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტის ეკონომიკურ უზრუნველყოფაზე. საბოლოო ჯამში, ამ დარგში წყდება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სუვერენიტეტის ეკონომიკური საფუძვლების შექმნის პრინციპული საკითხები.

დავიწყოთ იმით, რომ დღეს მსოფლიოში სურსათის მწვავე კრიზისია, მეტიც _ 7-მილიარდიან მსოფლიოში 2.5 მილიარდ ადამიანს არ აქვს საკმარისი საკვები. მათ შორის დაახლოებით 70 მილიონამდე ადამიანი შიმშილობს. 1 მილიარდი ადამიანი  ჭარბი წონის გამო იტანჯება. ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ადგილობრივი ბაზრების განვითარებაა. იმ ქვეყნებში, რომლებშიც მოსავლიანობა დაბალია (ასეთია საქართველოც) უნდა განხორციელდეს მწარმოებლებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერა, რათა თავად შექმნან საკუთარი საჭიროების დასაკმაყოფილებლად საკვები. ადრე ასეთი მიდგომა უარყოფილი იყო განვითარებული სახელმწიფოების მიერ, რადგან მიაჩნდათ, რომ შეძლებდნენ დახმარებოდნენ ასეთ ქვეყნებს საკუთარი ჭარბი პროდუქციით. ეს სტრატეგია არ აღმოჩნდა ეფექტიანი, იმიტომ, რომ დახმარება, ფულში გამოხატული, მხოლოდ  40 პროცენტით აღწევს მიზანს.

აღნიშნული მოვლენების გამო იცვლება დამოკიდებულებები სურსათის ბაზარზე. მიმდინარეობს აგფლაცია, სურსათი ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება.

მეორე მიზეზი ისაა, რომ გლობალურმა დათბობამ ახალი რეალობა შექმნა აგროკულტურის განვითარების სფეროში. უკვე ლაპარაკობენ სახელმწიფოთა შორის მოსალოდნელ «წყლის ომებზე» (სასმელი და სარწყავი წყლისთვის).

დათბობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებები მომავალში გაღრმავდება. რაც გამოიწვევს, ადგილობრივ ბაზრებზე წარმოების სპეციალიზაციის, თესვისა და მოსავლის აღების აგროვადების, სასოფლო სამეურნეო კულტურებისა და შინაურ ცხოველფრინველთა გავრცელების არეალის ცვლილებებს.

მესამე. მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია ფირმებს შორის მიმდინარეობს და არა ქვეყნებს შორის, რაც გვავალდებულებს, ჩვენს მეწარმეებს შევუქმნათ მსოფლიო ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების ათვისების პირობები.

მეოთხე. ასპექტი მოიცავს სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ფუნქციონირების იურიდიულ მხარეს. დასახვეწია კანონები, ჩასატარებელია სავარგულების საკუთრებითი ურთიერთობების მოსაწესრიგებელი ღონისძიებები და ა. შ.

მეხუთე. საწარმოთა ორგანიზაცია რესურსების ნაკლებობისა და ცუდი იურიდიული ბაზის გამო საჭიროებს სერიოზულ დახმარებას, რაც მომავალი აგრარული რეფორმის მთავარი პრობლემაა. ამ საკითხში ჩვენი სიფრთხილე იმაშიც უნდა გამოვლინდეს, რომ უაღრესად კრიტიკულად მოვეპყრათ უცხოელი სპეციალისტების რჩევებს.

ასეთ სიტუაციაში სახელმწიფო ფერმერების საქმეში კი არ ჩაერევა, არამედ ისეთი პროცესის წარმმართველი გახდება, რომელშიც მეწარმის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვლინდება. სახელმწიფო შექმნის ისეთ სამეწარმეო გარემოს, რომელშიც ფერმერული მეურნეობები თავიანთი შესაძლებლობებით სრულად წარმოჩნდება. დავიტოვოთ იმედი, რომ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ენერგიას არ დაიშურებს ამ მაღალი მიზნის მისაღწევად.

დავით იაკობიძე,

პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here