Home რუბრიკები საზოგადოება ბრძოლა დემოკრატიისთვის თუ ახალი ჯვაროსნული ომი ტრადიციული საზოგადოების წინააღმდეგ?!

ბრძოლა დემოკრატიისთვის თუ ახალი ჯვაროსნული ომი ტრადიციული საზოგადოების წინააღმდეგ?!

605

მსოფლიოში ქრისტიანად 2,1 მილიარდი ადამიანი მიიჩნევს თავს, აქედან 300 მილიონამდე მართლმადიდებელია. მუსლიმების საერთო  რაოდენობა  1,57 მილიარდს შეადგენს. მოაზროვნე ადამიანი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე «ცხელ» მოვლენებში უთუოდ შენიშნავს ისტორიის გამეორებას, კერძოდ კი  ჯვაროსნული ლაშქრობების დაბრუნებას. თუ ადრე დასავლეთი რელიგიური ნიღბით წარმართავდა ბრძოლებს სარაცინებთან, XXI საუკუნეში სარწმუნოებას «დემოკრატიის  დამკვიდრების» დევიზი არჩიეს და ცეცხლითა და მახვილით არა ღვთის სიტყვას, არამედ ლიბერალურ იდეებს ავრცელებენ. ამ მოსაზრებას ეთანხმება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეროვნული აკადემიის წევრკორესპონდენტი, «სახალხო კრების» აღმასრულებელი საბჭოს წევრი ელიზბარ ჯაველიძე:

_ პარალელები ჯვაროსნულ ომებსა და აღმოსავლეთში დღევანდელ მოქმედებებს შორის ნამდვილად არსებობს. მაშინ კათოლიკურმა სამყარომ ვითომდა აღდგომის ტაძრისა და სხვა სიწმინდეების დაბრუნება დაისახა მიზნად, სინამდვილეში კი ახლო აღმოსავლეთის სამყაროს დაპყრობა და ტერიტორიების გადანაწილება სურდა. დღესაც, როდესაც ვხედავთ, როგორ ტარდება ე. წ. არაბული გაზაფხულები, ხალხი ქუჩაში გამოდის ხელისუფლების შესაცვლელად. ამაში, რა თქმა უნდა, დასავლეთის ხელი ურევია. ისლამი კონსერვატიური რელიგიაა და მუსლიმანებთან ტრადიციების შეცვლა ასე ადვილად არ ხდება, ვერ აფათურებ მათ სულში ხელებს. მაშინ მიწები იყო სამიზნე, ახლა ტერიტორიებს შეუტიეს, რომლებზეც ნავთობით მდიდარი საბადოებია. ის ინიციატივაც, რომელიც წამოაყენეს, რომ უნდა გაერთიანდეს სამყარო და ერთიანი, პლანეტარული ხელისუფლება შეიქმნას, ამ მიზნითაა განპირობებული, თანაც ეს ხელოვნურად შექმნილი დევიზით ხდება, დევიზით «ტერორიზმთან ბრძოლა». თვითონ ტერორიზმი იდეურად და ფიზიკურად  აშშ-ის ხელითაა შექმნილი და გამოწრთვნილი ყველას დასაშინებლად. სადაც პირდაპირ და იარაღით არ შეუძლიათ შეჭრა, როგორც, მაგალითად, ეს ერაყში გააკეთეს _ ცათამბჯენები ააფეთქეს და თავისივე ქმნილებას, «ალ ქაიდას», დააბრალეს _ იქ შიგნიდან ეძებენ მეხუთე კოლონას და ისევ შიგნიდან დაიწყეს ნგრევა და აფეთქება. მასონებს  ჯერ კიდევ თურქეთში გამოუვიდათ ამ გეგმის განხორციელება, როდესაც გაამარჯვებინეს ქემალ ათათურქს, რომელმაც შემდგომ მთლიანად გამოაცალა ქვეყანას ტრადიციული ფასეულობები.

საერთაშორისო უფლებადამცველები განგაშის ზარს სცემენ ქრისტიანების დევნის გამო და ამაში ბრალს სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს სდებენ

_ კათოლიკეები და მათნაირები, ქრისტიანები კი არა, ანტიქრისტიანები არიან. დღეს გამოდიან ვითომდა ქართველი ღვთისმეტყველები და პრეტენზიებს გამოთქვამენ, თუ რატომ არ აფინანსებენ სხვა მიმდინარეობებს, როგორც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს ყველაფერი მათი ყბადაღებული «რწმენის თავისუფლების» შედეგი და გამოხმაურებაა. თუ რწმენის თავისუფლებაზეა საუბარი, მე რატომ არ მაძლევ ამის უფლებას, ავირჩიო და ვიწამო ის, რაც მსურს, და თავს არ მომახვიო რაღაც უაზრობა! ეს იეღოველები და სხვა სექტები რომ გვივარდებიან სახლებში და ბროშურებს გვაჩეჩებენ, რა უფლებით?! ჩემმა მეგობარმა სახლში მოსული იეღოველები პანღურით გაყარა და ამისთვის 5 წელი თავისუფლების პირობით აღკვეთა მიუსაჯეს! მახსოვს, ტელევიზიით გამოვიდა ერთი იეღოველი და განაცხადა, ვინც იეღოველების წინააღმდეგ გამოვა, იგივე მოუვა, რაც გურამ შარაძესო! გეკითხებით, რატომ არ დააპატიმრეს და არ გაასამართლეს ეს ადამიანი?  რატომ? იმიტომ, რომ მათ ყოფილი ხელისუფლება უჭერდა მხარს და ყველა ერთ იდეას ემსახურება _ ერები უნდა მოისპოს. რასმუსენი რომ იყო ახლახან ჩამოსული, მისი დანიის პრემიერ-მინისტრობის დროს არ დაიბეჭდა მუჰამედის სკანდალური კარიკატურები, რასაც მთელი ამბები მოჰყვა? მან კი ბოდიშიც არ მოიხადა და ასეთი ადამიანი უნდა ბატონობდეს და მითითებებს გვაძლევდეს?

_ . . მართლმადიდებლები უფრო იჩაგრებიან?

_ დიახ, ახლა სხვათა შორის არა მხოლოდ ისლამისა და ქრისტიანობის დაპირისპების პრობლემაა, ჩვენში, ქრისტიანებშიც, არის პრობლემა. მაგალითად, მართლმადიდებლურ რუსეთში უამრავი სექტა და ცრუმოძღვრებაა გავრცელებული. უკვე შიგნიდან გვიტევენ და ამაში მათ ზურგს სახელმწიფო უმაგრებს. ჩვენთანაც სიტუაცია უკეთესობით მაინც და მაინც არ გამოირჩევა. ჯერ იყო და ეკლესიის დარბევით დაიწყეს, მერე ჯვრების მსხვრევით, მერე კი სექტებსაც გაუხსნეს ხელები და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მათ მხარს უჭერდნენ ყოფილი ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები. როდესაც კათოლიკურ იტალიაში 1941 წელს განქორწინება დაუშვეს, კათოლიკური სამყაროს  სიმტკიცე შეირყა, ამიტომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მათ სხვაგვარი გამოსავალი მონახეს _ შექმნეს ეკუმენური მოძრაობა, რომელიც მიზნად ყველა რელიგიური მიმდინარეობის შერწყმას და ერთი რწმენის შექმნას ისახავს მიზნად.

_ მართლმადიდებლობის შესახებ კანონის მიღების დრო ხომ არ დადგა? თუ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდება, მართლმადიდებლებიც ხომ უფრო დაცულნი იქნებიან?

_ მართლმადიდებლობის შესახებ კანონის მიღებას რაც შეეხება, ამაში ცუდი არაფერია. ეშინიათ, ეკლესია სახელმწიფო საქმეებში ჩაერევაო. საბერძნეთში, მაგალითად, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული და სასულიერო დასის ჩარევა მთავრობის საქმიანობაში ნამდვილად არ ხდება. იცით, გვყავდა მეფე და კათალიკოსიც, რომელმაც მას კბილები ამოაგდებინა. ყველაფერი ხომ ინდივიდუალურია. მთავარია, ჩვენ ვიყოთ სულიერად ისე განწყობილნი, რომ გონივრულად და სწორად წარვმართოთ ყოველივე. ადამიანი ხომ ხორცისა და სულის ნაჯვარია, სულიერი ნაწილი უნდა იყოს მტკიცე და აღმატებული და მაშინ ჩვენ ვერავინ გვმართავს და მათი მცდელობა ამაო იქნება. საქართველოში მოღვაწე 1 500 არასამთავრობო ორგანიზაციიდან სულ თითზე ჩამოსათვლელები არიან ისინი, ვინც ქვეყნისა და ერის ინტერესებს ემსახურებიან. დანარჩენები ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ტრადიციებს უტევენ. ერთი «თავისუფლების ინსტიტუტი» რად ღირს, რომელმაც ლამის ამოძირკვა ყველაფერი, ახლა მისნაირები უკვე ათია! რა თქმა უნდა, კანონი აუცილებლად უნდა არსებობდეს, ჩვენი უფლებები დაცული უნდა იყოს.  ჩვენ შევქმენით საზოგადოება «ლაზარე», რომელიც დაიცავს მართლმადიდებელთა ინტერესებს. ჩვენი რწმენა უნდა იყოს ხელშეუხებელი. გარკვეული პერიოდის მანძილზე გერმანიაში მომიწია ცხოვრება და იქ ვერ დადიოდნენ ასე კარდაკარ საქადაგებლად. არადა, ქვეყანა დემოკრატიულია. ჩვენი პრობლემა კი ისაა, რომ, პირველ რიგში, ვფიქრობთ არა იმას, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, არამედ იმას, თუ რას იტყვიან ამაზე სხვები, და ეს ჩვენი დიდი ჩამორჩენილობისა და პროვინციალიზმის ნიშანია.

ასმათ ჯაღმაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here