Home რუბრიკები პოლიტიკა ვაჟა აბაკელია: მადლობა თქვან «ნაციონალებმა», რომ ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილია, თორემ მთავრობის...

ვაჟა აბაკელია: მადლობა თქვან «ნაციონალებმა», რომ ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილია, თორემ მთავრობის ყველა წევრი დღეს ციხეში იქნებოდა

942

 «2004 წელს, როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა, დავტოვე თანამდებობა, მაგრამ ხელისუფლების ერთერთ წარმომადგენელს ვუთხარი, მოვა დრო და თქვენ, ყველას დაგიჭერენმეთქი. თუ წინა საუკუნის დასაწყისში რეპრესიებით ბოლშევიკებმა ისახელეს თავი, ეს საუკუნე «ნაციონალების» რეპრესიებით დაიწყო», _ ამბობს ყოფილი გენერალური პროკურორი ვაჟა აბაკელია. ვაჟა აბაკელიამ საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო გზა განვლო. გახლდათ ნაძალადევის რაიონის სახალხო მოსამართლეისანისამგორის რაიონის პროკურორი, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების გენერალური პროკურორი, თუმცა 2004 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პროფესიული საქმიანობა შეწყვიტა და ახლა რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. არის სრული პროფესორი. დღეს  ვაჟა აბაკელია «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია.

_ საერთაშორისო საზოგადოებამ უარყოფითად შეაფასა საქართველოში ყოფილი ხელისუფლების წევრების დაპატიმრება. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეს ახალი ხელისუფლება: შეწყვიტოს საკმაოდ სერიოზულ დანაშაულში ეჭვმიტანილთა დაპატიმრება?

_ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრების პოლიტიკურ დევნად შეფასება იმდენად დიდი უსამართლობაა, რომ ეს ავტომატურად იწვევს ქართველი ხალხის ანტაგონიზმს უცხოელების მიმართ. აქედან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებას ძალიან ადეკვატური და მართებული რეაქცია ჰქონდა უცხოელთა შეფასების მიმართ. ოჯახი არ დარჩენილა საქართველოში, რომელსაც წინა ხელისუფლების უსამართლო მოქმედება არ შეხებოდა და ახლა დაჭერების სერია ეწოდება 7-8 კაცის დაპატიმრებას?

_ რამდენად სამართლიანად იქცევა ახალი ხელისუფლება?

_ სიმართლე გითხრათ, ახალი ხელისუფლება ცოტა შეშინებულივით იქცევა. ასე ყველას რეაქციას თუ ყურადღება მიაქციე, დაიღუპები. ივანიშვილის მაგივრად სხვა რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, ყველას აპატიებდა დანაშაულს? მადლობა თქვან «ნაციონალებმა», რომ ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილია, თორემ ყოფილი მთავრობის ყველა წევრი დღეს ციხეში იჯდებოდა.

 ახლა მთელი ერის ყურადღება ივანიშვილისკენაა მიპყრობილი, რადგან ყველას გვაინტერესებს, რა მოგველის: ღამის სამ საათზე ისევ შემოგვივარდებიან სახლში, წამოგვაგდებენ საწოლიდან, ბიზნესს წაგვართმევენ, შვილებს გაგვიუბედურებენ? თავად პიროვნებას ხომ აბსურდული ბრალდებით იჭერდნენ და მთელ მის სანათესაოსა და ახლობლებსაც ემტერებოდნენ. სააკაშვილის ხელისუფლებას უსარგებლო შურისძიება ახასიათებდა. ქართულ გერმანულ უნივერსიტეტს, სადაც მე ლექციებს ვკითხულობ, აკრედიტაციას არ აძლევდნენ, რადგან იმ პერიოდში გერმანიასთან გართულდა ჩვენი ურთიერთობა. წინა ხელისუფლების სახე და სიბრიყვე ამაშიც კარგად გამოჩნდა. რა კავშირში იყო ანგელა მერკელის განცხადებები და უნივერსიტეტის აკრედიტაცია?

  სააკაშვილმა რომ დაიწყო მასიური დაჭერები, მაშინ რატომ არ ამოიღეს უცხოელებმა ხმა? ქუთაისში ერთ დღეს 24 კაცი დააპატიმრეს, მსგავსი რამ, მგონი, 1937 წლის მერე არ მომხდარა.

საერთაშორისო საზოგადოებას ციხის ვიდეოკადრების გავრცელებამდეც  სრული ინფორმაცია ჰქონდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. საქართველოში ჩატარებული  არჩევნები მუდმივად ყალბდებოდა, მაგრამ ხმა ამოუღია ვინმეს უცხოეთში? ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად სხვა პოლიტიკოსი რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, შესაძლოა, არც საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონოდა ასეთი რეაქცია…

_ რას გულისხმობთ, ფიქრობთ, რომ არ ენდობიან ბიძინა ივანიშვილს?

_ მას ისეთი ბრალდებები წაუყენეს, სასაცილოდ არავის ეყოფა. ივანიშვილს თუ დააცადეს, ის საქართველოს განვითარებას სხვა სიმაღლეზე აიყვანს. მას ამის როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური რესურსებიც აქვს. ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ეს კი დასავლეთს არ უნდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, საქართველო არავის თვალებში შემყურე არ იქნება. მსოფლიოში სულ 200 ლეგიტიმური მილიარდერია და ივანიშვილიც ამ სიაშია. გაითვალისწინეთ, რომ ბევრს ოჯახებით მოსდგამს სიმდიდრე, მაგალითად, როკფელერებს, დიუპონებს და ა.შ., მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა, ერთმა პატარა ჭორვილელმა ბიჭმა, ყველაფერს თავად მიაღწია. რომ იცოდეთ, ასეთი წარმატება უფრო რთულად მისაღწევია, ვიდრე პრეზიდენტობა, რადგან პრეზიდენტი შეიძლება ნებისმიერი გაუწონასწორებელი ადამიანი გახდეს. მსოფლიო ისტორიაში ბევრი მაგალითი გვაქვს, როცა კაციჭამიები და დამნაშავეებიც აურჩევიათ ქვეყნის მეთაურებად.

_ თქვენ წეღან ახსენეთ, ვცდილობდი, სამართლიანი ვყოფილიყავიო, საკმაოდ რთულ პერიოდებში მოგიწიათ მუშაობა, მაშინ გაცილებთ სამართლიანი გადაწყვეტილებები გამოჰქონდა სასამართლოს?

_ ნამდვილად ასე იყო. დღეს იმაზე აპელირებენ, რომ კორუმპირებული იყო სისტემა, მაგრამ ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ კორუფციაში ვიყავი ჩაბმული. ის კორუფციაც იმიტომ იყო, რომ გამომძიებელს ხელფასი 8 ლარი, პროკურორს კი 25 ლარი ჰქონდა. ქვეყანა დაშალა და გაანადგურა მხედრიონმა და გვარდიამ. ასე უცებ ყველაფერი ვერ მოგვარდებოდა.

უწესიერესი ხალხი მუშაობდა, კი, იყვნენ გამომძალველებიც, მაგრამ მაშინ რიგითი თანამშრომელი თუ დაუგებდა ვინმეს მახეს, ფულის გამოძალვის მიზნით, ასეთები მე თავადაც დამიჭერია, მაგრამ ისინი სახელმწიფოს დავალებით არ მოქმედებდნენ. ციხეშიც ბევრი რამ ხდებოდა, მაგრამ ეს სახელმწიფოსგან არ იყო წაქეზებული. სახელმწიფო რომ დაადგენს, კვირაში ერთი დღე პატიმრების ცემის დღე უნდა იყოს და მეორე დღე გაუპატიურებისო, სწორედ ეს არის საშიში.

2004 წელს, როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა, დავტოვე თანამდებობა, მაგრამ ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს ვუთხარი, მოვა დრო და თქვენ, ყველას დაგიჭერენ-მეთქი. თუ წინა საუკუნის დასაწყისში რეპრესიებით ბოლშევიკებმა  ისახელეს თავი, ეს საუკუნე «ნაციონალების» რეპრესიებით დაიწყო…

ან ვინ მისცა «ნაციონალურ მოძრაობას» ასაკის მიხედვით მოსახლეობის დაყოფის უფლება? 45-50 წლის ხალხს არ უნდა მუშაობა და ცხოვრება? მსოფლიოში მსგავსი რამ არ მომხდარა. ერთადერთი, კამბოჯაში პოლ პოტის ხელისუფლებამ ჩაატარა აღწერა და დაადგინა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 9 მილიონამდე კაცი ცხოვრობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ხელთ არსებული რესურსები მხოლოდ 1 მილიონს გასწვდებოდა. ამიტომ შეიმუშავეს დანარჩენი მოსახლეობის განადგურების გეგმა. საშინელი რეპრესიები დაიწყო. დღეში 10-20 ათას კაცს ხოცავდნენ. სამი მილიონი დახოცეს. ხოლო ერთ ქალაქში 12 წლის ბიჭი დანიშნეს ქალაქის თავად.

როგორც ჩანს, ყველა ხელისუფალს ხალხის განადგურების თავისი მეთოდები აქვს, მილიონზე მეტი კაცი რომ გაგექცევა ქვეყნიდან, ერის განადგურებაა, აბა, რა არის?!

ოფიციალური მონაცემებით, 25 ათასი პატიმარი გვყავდა, მაგრამ უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ მათი რიცხვი 45 ათასს აღწევდა. 1991 წელს, როდესაც საქართველოს გენერალური პროკურორი ვიყავი, ჩემთან მოვიდა ამერიკელების დელეგაცია, რომელიც დაინტერესდა, რამდენი პატიმარი იყო ქვეყანაში და, როცა გაიგეს, რომ 5 ათასი პატიმარი გვყავდა, ბევრიაო, მითხრეს. თან გაითვალისწინეთ, რომ მაშინ საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონ-ნახევარს აღწევდა, დღეს კი ორი მილიონ რვაასი ათასია დარჩენილი.

იყო ასეთი შემთხვევა, როცა ქრთამის აღების ბრალდებით მოსამართლეც კი დააპატიმრეს. ვიღაც «სოდელმა» პირდაპირ მაგიდაზე დაუდო 500 აშშ დოლარი და უთხრა, გინდა თუ არა, შენ აიღე ქრთამი, ასეა საჭიროო და ადვოკატიც და მოსამართლეც, ორივე, დაიჭირეს. წარმოგიდგენიათ, ქუთაისში 12 ქათმის მოპარვაში ბრალდებულ ქალს 36 წელი მიუსაჯეს. შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ სასჯელი 24 წლამდე შეუმცირა. ისეთი უსამართლობა არ გამიგია, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

  ქვეყანას ჰქონდა არასწორი საგარეო პოლიტიკა. შეგნებულად მიმდინარეობდა ანტირუსული პროპაგანდა. როდესაც მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, ბახის და ვაგნერის მუსიკა არ ისმოდა საბჭოთა კავშირში? საკუთარი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი, როგორ გვითხრეს უარი ერთ-ერთ რესტორანში რუსული სიმღერის შეკვეთაზე. შეიძლება ტოლსტოი, ჩეხოვი, პუშკინი, დოსტოევსკი აკრძალო? კი, გვქონდა კონფლიქტები რუსეთთან, მაგრამ ასე რომ მოვყვეთ, მონღოლები, თურქები, სპარსები სულ გვჩაგრავდნენ, ააოხრეს საქართველო, მაგრამ დღეს ვმეგობრობთ. მეტი დიპლომატიაა საჭირო. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს. სიბრიყვეა, რომელიმე ქვეყანას მეგობარი ეძახო და გჯეროდეს, რომ შენი გულისთვის ვინმეს შეებრძოლება.

საკუთრების უფლება განაპირობებს კაცობრიობის კეთილდღეობას და ამას შეებრძოლენ «ნაციონალები», როცა ბოლშევიკური მეთოდებით დაიწყეს საკუთრების ჩამორთმევა. ძველ რომში იყო ასეთი სენტენცია: კანონი არის აბლაბუდა, რომელსაც ძლიერები გლეჯენ და სუსტები შიგ იხლართებიან. ასე მოქმედებდა ყოფილი ხელისუფლებაც. ვისაც ფული ჰქონდა, რაღაც სულელურ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ და გაუშვებდნენ, ვისაც არაფერი ჰქონდა, იჭერდნენ. ციხეები გაავსეს და როგორ უნდა მითხრას ვინმემ ამ სამყაროში, რომ ეს ყველაფერი სამართლიანი იყო.

საპროცესო შეთანხმება ნიშნავს, გაყიდო ყველაფერი, რაც გაბადია, და სახელმწიფოს გადაუხადო ფული. რით განსხვავდება საპროცესო შეთანხმება ქრთამისგან? ადრე თუ გამომძიებელი ან მოსამართლე იღებდა თანხას, ახლა ათჯერ მეტს სახელმწიფოს უხდი.

_ თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდა. ხომ არ ემუქრება იგივე ახალ ხელისუფლებას?

_ საფრთხე ნამდვილად არსებობს. როგორც თავის დროზე ზოგიერთი «ბრძენკაცი» მიდიოდა უცხოეთში და ზვიად გამსახურდიაზე ავრცელებდა ჭორებს, აბრალებდნენ მას დიქტატორობას, ახლაც იგივე ტენდენცია შეინიშნება. ზვიადი ვერ გაუმკლავდა მთელ დედამიწას, ვინაიდან მაშინ ფინანსებიც არ ჰქონდა ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხმა მიეწვდინა, ელემენტარულად, ბიუჯეტი არ გვქონდა, მაგრამ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს გაუმკლავდება. სააკაშვილი თავად მოიყვანეს და პატრონობდნენ, ბიძინა და ზვიადი კი არავის მოუყვანია, ისინი ხალხმა აირჩია. ყველაფრის მიზეზი ეს არის. მსოფლიომ კარგად იცის, რომ ივანიშვილი არავის ჭკუაზე არ ივლის. გულწრფელად ვამბობ, დღეს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს გადარჩენის ერთადერთი იმედია, სხვა შემთხვევაში, საქართველო უმძიმეს დღეში აღმოჩნდება.

_ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევთ ახლადდანიშნულ გენერალურ პროკურორს?

_ არჩილ კბილაშვილი სერიოზული და გაწონასწორებული კაცია და ვფიქრობ, არასდროს ჩაიდენს დანაშაულს. ერთადერთს ვურჩევდი, ნუ გააგრძელებენ ტენდენციას, როცა ვიღაცებს იარაღის უკანონო ტარებისთვის და ნარკოტიკისთვის იჭერდნენ. შეიძლება მართლაც დამნაშავე იყოს და მართლაც ჰქონდეს იარაღი ან ნარკოტიკი, მაგრამ საზოგადოებას ვეღარ დააჯერებ, იმდენად მიეჩვია, რომ ადამიანს გამიზნულად უდებდნენ იარაღს ან ნარკოტიკს, ამიტომ ხალხის აზრსაც უნდა გაუწიონ ანგარიში.

ამას გარდა, ამ დღეებში უამრავი საჩივარი შევიდა პროკურატურაში, სასურველი იქნება, პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება და დროებით სპეციალური პროკურორიც დანიშნოს.

_ დღეს ზოგიერთი საქმის ხელახალი გამოძიება მიმდინარეობს. მართალია, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელმა კომისიამ, კონსტანტინე გამსახურდიას ხელმძღვანელობით, შესაბამისი დასკვნა უკვე წარმოადგინა, მაგრამ დღემდე გრძელდება კამათი _ პირველი პრეზიდენტი მოკლეს თუ თავი მოიკლა. რამდენად დამაჯერებლად გეჩვენებათ თქვენ აღნიშნული დასკვნა და როგორ ფიქრობთ, უნდა ჩატარდეს საქმის ხელახალი გამოძიება?

_ ჯერ ერთი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს დასკვნა არ იყო სრულყოფილი და დასრულებული. ამას გარდა, შვილი არ უნდა ხელმძღვანელობდეს მამის საქმის გამოძიებას. ზვიად გამსახურდიას კარგად ვიცნობდი, ხშირად გვისაუბრია და მიმაჩნია, რომ ის თავს არ მოიკლავდა. უაღრესად მორწმუნე ადამიანი იყო.  იმ მოვლენების გამოძიება საჭიროა. შეიძლება სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს ქვეყანაში, პრეზიდენტი სამეგრელოს ტყეებში მოკლან, უამრავი კაცი დაიღუპოს და გამოძიებაც არ ჩატარდეს? საპარლამენტო კომისიამ როგორ უნდა გამოიძიოს დანაშაული! თან ისეთი ხალხი იყო კომისიაში, ისინი რას გამოიძიებდნენ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here