Home რუბრიკები საზოგადოება გია კვალიაშვილი: დღეს საქართველოში ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს «ნაცმოძრაობა» აღვივებს

გია კვალიაშვილი: დღეს საქართველოში ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს «ნაცმოძრაობა» აღვივებს

1011

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქვემო ქართლის ზოგიერთ რაიონში რელიგიური აღმსარებლობის ნიადაგზე მოსახლეობას შორის დაპირისპირება გრძელდება. არაერთი ჩარევის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარება ჯერჯერობით ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ხელისუფლებაში «ქართული ოცნება» მოვიდა. ამის გამო ბევრი მიმდინარე დაპირისპირებაში გარე ძალების ზემოქმედებაზე საუბრობს და ამ ყველაფერს «ნაციონალური მოძრაობის» მიერ ინსპირირებულ პროცესად აფასებს. რა მდგომარეობაა დღეს რეალურად ქვემო ქართლის სოფლებში და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ უთანხმოება მომავალში კიდევ უფრო გართულდეს, «საქართველო და მსოფლიოს» წალკის ყოფილი გამგებელი გია კვალიაშვილი ესაუბრება.

_ ბატონო გია, ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვემო ქართლის ზოგ რაიონში რელიგიური შუღლის პრობლემაზე აქტიურად საუბრობენ. თურმე წალკაშიც საკმაოდ მწვავედ დგას ეს საკითხი, სადაც ადრე თქვენ იყავით გამგებელი. რა ხდება სინამდვილეში ამ რაიონში, რა პრობლემებია?

_ კონკრეტულად წალკაში მსგავსი არაფერი ხდება და არც არასდროს მომხდარა. ასეთი შემთხვევები არის ქვემო ქართლის ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, თეთრიწყაროში. ის იყო ტრადიციულად ბერძნული სოფელი. იქ ცხოვრობდნენ პონტოელი ბერძნები დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში; შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა მათი მიგრაცია ძირითადად საბერძნეთის მიმართულებით და დაახლოებით 15 წლის შემდეგ ჩვენ იქ მივიღეთ ისეთი სურათი, რომ, ფაქტობრივად, სოფელი დაიცალა. მოგვიანებით ამ სოფელში დაიწყო მიგრანტების ჩამოსახლება სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის, მთიანი აჭარიდან, სვანეთიდან და ა. შ. შესაბამისად, მალე ყველაფერი აღდგა _ რაიონი გაიზარდა, გაძლიერდა, მოხდა ისე, რომ აქ ცხოვრობენ მართლმადიდებელ ქრისტიანებთან ერთად მაჰმადიანი ქართველებიც. თავისი აღმსარებლობის გამოხატვა, ბუნებრივია, ორივეს სჭირდებოდა და არც არასდროს არ შექმნია რომელიმე მხარეს ამ მხრივ პრობლემა.  ეს საკითხი საერთოდ არ იდგა, ხალხი მშვიდად, უკონფლიქტოდ ცხოვრობდა. რაც შეეხება იმას, დღეს რაც ხდება, რატომღაც დაპირისპირება იწყება მაინცდამაინც იმ პერიოდში, როცა ქვეყანა გარდამავალ ფაზაშია, როცა გაშმაგებული მუშაობა მიდის, რომ მთელ მსოფლიოს საქართველოს ახალი ხელისუფლება წარმოუჩინონ, როგორც მოძალადე, როგორც დემოკრატიის წინააღმდეგ მებრძოლი და პოლიტიკური ნიშნით პიროვნებათა მდევნელი. ჩემი აზრით, საქმე ისაა, რომ ახლა ამათ უნდათ, კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწიონ «ქართული ოცნებისა» და პირადად ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო დისკრედიტებაში. ამიტომ ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ეს ხელისუფლება იჩენს ძალიან დიდ რელიგიურ შეუწყნარებლობას. ყველა მსგავსი კონფლიქტი, ჩემი აზრით, ეს არის ხელოვნურად ინსპირირებული და, ასე ვთქვათ, ნავთგადასხმული.

_ კონკრეტულად რა ფორმით ხდება ინსპირირება და რა ძალები დგას ამ ყველაფრის უკან?

_ როცა მთელი რიგი ინსტიტუტებისა მუშაობს ამაზე და მილიონები იხარჯება, რომ რაღაც პროვოკაციები მოაწყონ, მოსახლეობის წაკიდებას არაფერი უნდა. აი, ამის შედეგია ეს ყველაფერი, თორემ, ვიმეორებ, არ ყოფილა არასდროს შემთხვევა, ან რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგზე ქვემო ქართლის რომელიმე სოფელში სერიოზული დაპირისპირება მომხდარიყო. მოგახსენებთ რეალურ მაგალითს, საქართველოს მასშტაბით ყველაზე არაქართული რაიონი არის წალკა. ჩვენ, როცა იქ დავიწყეთ მუშაობა, 1992 წელს, ერთადერთი ქართული სოფელი იყო რეხა. სხვაგან ძირითადად ცხოვრობდნენ ბერძნები, სომხები და აზერბაიჯანელები. 90-იანი წლების შუა რიცხვებიდან უკვე დავიწყეთ ქართული ოჯახების ინტენსიური ჩამოსახლება და, ფაქტობრივად, ეს წარმოადგენდა პირველ პრეცენდენტს აღნიშნულ რაიონში. არავინ ჩვენ არ გაგვირჩევია არც ეთნიკური, არც რელიგიური ნიშნით, უბრალოდ, სოფელი უნდა შევსებულიყო და შეივსო. იცით, როგორ მოხდა ეს შევსება? ჩამოსახლდნენ ოჯახები მაღალმთიანი აჭარიდან, სვანეთიდან, გურიიდან, მთიულეთიდან, შიდა ქართლიდან და ა. შ. წლების მანძილზე ისინი ცხოვრობდნენ მშვიდად, წყნარად და მეგობრულად. მაშინაც კი, როცა გაშმაგებული კონფლიქტი იყო ყარაბაღში, წალკის რაიონში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ჩვენ მათ გამოვუყავით გამგეობის ბალანსზე რიცხული შენობა, რომელშიც გამართეს თავიანთი სალოცავი სახლი და ყოველ პარასკევს ლოცულობდნენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე მაჰმადიანი ქართველებიც.  ადრეც იყო გარკვეული მცდელობა, რომ ჩამოეგდოთ მათ შორის შუღლი, მაგრამ  არ გამოუვიდათ. დღეს, როგორც ჩანს, გამოსდით.

_ დაპირისპირების ხელოვნურად ინსპირირებაზე გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა განცხადება, მაგრამ მას არ დაუსახელებია კონკრეტული ადრესატები, რომელთა მხრიდანაც შეიძლება მოდიოდეს ეს ყველაფერი.

_ ამას, ალბათ, გამოძიება შეისწავლის და დაადგენს, ვის ინტერესებშია მსგავსი ქმედებები, მაგრამ, რამდენადაც ვიცნობ მაჰმადის რჯულის მაღიარებლებს,  გამორიცხულია, მათი მხრიდან რამე შეურაცხყოფა მიაყენონ ქრისტიანულ სიწმინდეს. როცა ლაპარაკი გვესმის, რომ ვიღაცამ ჯვარი მოიპარა და მოხსნა, ეს იმათი გაკეთებულია, ვისაც შუღლის ჩამოგდება სურდა ამ ორ ჯგუფს შორის. ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, ამ საქმეს სჭირდება გამოძიება, დამნაშავის დასჯა და ამით ყველაფერი დამთავრდება.

_ თქვენი აზრით, რამდენად არსებობს საფრთხე, რომ მიმდინარე დაპირისპირება უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს?

_ ალბათ, იმ ხალხს, რომელსაც არ ასვენებს ამ ქვეყნის წინაშე წარმოჩენილი ახალი პერსპექტივა, რომ სახელმწიფო წინ წავიდეს და განვითარდეს, ძალიან სურს შუღლის გაღვივება, ამისთვის ისინი არ დაიშურებენ რესურსებს _ არც ფინანსურს, არც მატერიალურს, პროპაგანდას და თავიანთ გამოცდილებას. ასე რომ, საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ იმედი მაქვს, საქართველოში მათ ეს არ გაუვათ. ქართველ ხალხს, ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებთან ერთად, ეყოფა სიბრძნე და გონიერება, რომ არ აყვეს ამ ბინძურ პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, თავის მხრივ ხელისუფლებაც შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ყველაფრიდან ჩანს, რომ დღეს საქართველოში ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს «ნაცმოძრაობა» აღვივებს.

_ სააკაშვილის პროპაგანდა წლების მანძილზე გვარწმუნებდა, რომ სოფლის მეურნეობა აყვავების გზას ადგას, რომ შემოიყვანეს ახალი ტექნიკა, მოაწესრიგეს სარწყავი სისტემა და . . ქვემო ქართლში და კონკრეტულად წალკაში რამდენად იგრძნობოდა ეს ყველაფერი?

_ მოგახსენებთ. მე ვიყავი ქვემო ქართლის პირველი გუბერნატორი 1992-93 წლებში. შემდეგ ვიყავი ამ რეგიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი. ასე რომ, იქაურ პრობლემებსა და ზოგადად მდგომარეობას კარგად ვიცნობ. თავის დროზე ქვემო ქართლს ეძახდნენ საქართველოს ბეღელს. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მიწები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის ყველა დარგის განვითარების შესაძლებლობაა იქ, მაგრამ, პირდაპირ გეტყვით, რაც კი შეიცვალა 90-იანი წლების დასაწყისში ხელისუფლება, იმ დღიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს მეურნეობის ნგრევა საქართველოში. ჩემი აზრით, ჩანაფიქრი ერთია, _ რომ ჩვენ, პროდუქტის მხრივ, მთლიანად გავხდეთ უცხო ქვეყნებზე დამოკიდებული. ყველაფერი, რასაც ტელევიზიით აჩვენებდნენ, თითქოს ტექნიკა შემოიყვანეს და გლეხებს პირობები შეუქმნეს, ეს იყო სიცრუე და მოჩვენება. საუკეთესო მოსავლიანი მიწები დღეს არის გაპარტახებული, მოუხნავი და დაუმუშავებელი. რაც შეეხება სარწყავ სისტემას, რაღაცა მოძრაობები გაკეთდა, მაგრამ ეს არაფერია. აქ კიდევ სხვა პრობლემაა, ადრე მორწყვა ძირითადად ხდებოდა ტუმბოების მეშვეობით, ანუ ელექტროენერგიის დახმარებით. დღეს, დენის არარეალურად გაზრდილმა ღირებულებამ იმდენად გააძვირა მორწყვა, რომ პროდუქტის ფასიც ძალიან მაღალია. შესაბამისად, ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის ბაზარზე და ადგილობრივი ნაწარმი ვერ უწევს კონკურენციას უცხოეთიდან შემოტანილ დაბალხარისხიან პროდუქციას. 2008-09 წლებში ჩვენ ჩავატარეთ მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ ქვემო ქართლში მოხნული და დამუშავებული იყო სათესი მიწების დაახლოებით 25 პროცენტი. ესაა კატასტროფა, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება. მთავარია, იყოს ნება. ტრაქტორები რომ შემოიყვანეს, რას შველის მარტო ეს გლეხს?! თუ არ მოხდა მოსახლეობის სუბსიდირება, რათა მან ფეხი მოიკიდოს, მანამ არაფერი გამოვა. ექსპერიმენტები უნდა დამთავრდეს.

_ «ნაცმოძრაობა» მოსავლიან მიწებს, როგორც წესი, უპატრონოდ არ ტოვებდა, ძირითადად, უცხოელ ბიზნესმენებზე ყიდდა. ქვემო ქართლში რატომ მოუვიდათ ასეთი «იაღლიში»?

_ როდესაც ამაგდარ ქართველს, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია, როგორც მატერიალური, ისე შინაგანი, გლეჯ ხელიდან ქართველობას და ქვეყნიდან გაძევებას უპირებ, ესაა უბედურება. ამ დროს უამრავ უცხოელს ურიგებ მოქალაქეობას და შემდეგ ეს ადამიანები ათიათასობით ჰექტარ მიწას ყიდულობენ. რა ქვია ამას, თუ არა ქვეყნის ღალატი?!

ერთ მაგალითს გეტყვით: შარშანწინ გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მოსახლეობას შეესივნენ და ძალით, დაშინებით, მუქარით მთელი ვენახები ჩამოართვეს. შემდეგ ეს ვენახები გაჩეხეს და მოაწყვეს გოლფის სათამაშო მოედანი, რათა ჩამოსულმა ბობოლა ტურისტებმა იქ კარგი დრო გაატარონ. რამდენი ოჯახი დატოვეს უმიწოდ, უშემოსავლოდ! მისცეს რაღაც კომპენსაცია, გამოვარდა, ვიღაცამ თბილისში ბინა იყიდა, ვიღაცამ _ მანქანა და დამთავრდა…

მტერი როცა შემოდიოდა ადრე, ისიც ჩეხდა ჩვენს ვენახებს. იმას სხვა მიზანი ჰქონდა _ ჯერ ერთი, ჩვენი აყრა და მეორეც, სუფთა მინდვრები სჭირდებოდა, რომ საქონელი ეძოვებინა, ანუ სასოფლო-სამეურნეო ფუნქციას ისიც კი არ უკარგავდა მიწას. ამათ კი ვენახები ამოძირკვეს და სათამაშო მოედანი მოაწყვეს. ამაზე მეტი დანაშაული რაღა გინდა?!

ვფიქრობ, უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, თუნდაც საპარლამენტო, რომელიც დეტალურად შეისწავლის თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც მიიღო წინა ხელისუფლების დროს საქართველოს მოქალაქეობა. აქ გასარკვევია, ვინ გააკეთა წარდგინება და საერთოდ, ვინ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, იმიტომ, რომ გაგახსენებთ ქართულ ანდაზას: «მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია»… არ შეიძლება, ჩვენისთანა ქვეყანაში მიწას ჩალისფასი ჰქონდეს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here