Home რუბრიკები საზოგადოება კობა კობალავა: «ნაციონალურმა» ხელისუფლებამ ისეთნაირად შეცვალა შრომის კანონი, რომ უცხოელ ინვესტორს...

კობა კობალავა: «ნაციონალურმა» ხელისუფლებამ ისეთნაირად შეცვალა შრომის კანონი, რომ უცხოელ ინვესტორს გაუადვილა საქართველოს მშრომელთა ჩაგვრა!

701

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნას საფუძველი კაპიტალიზმის გარიჟრაჟზე დიდ ბრიტანეთში ჩაეყარა _ მანუფაქტურული საწარმოების შრომის გაუსაძლის პირობებში დასაქმებულების ძირითად ნაწილს ყველაზე იაფი მუშახელი _ ბავშვები, მოზარდები და ქალები შეადგენდნენ. სწორედ რომ ჯანმრთელი და მეომარი ერისა და ჯანსაღი რეპროდუქციული თაობების შენარჩუნებისთვის აღდგა იმდროინდელი საზოგადოების პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი (მათ შორის იყო გენიალური ინგლისელი პოეტი, დახვეწილი არისტოკრატი, ლორდი ბაირონი) ამ ჩაგრულთათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად. ბრიტანელთა თაოსნობა გადაედო მეზობელ ქვეყნებსაც და შედეგად, 1919 წელს ქალაქ ჟენევაში დაარსდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრიც 1993 წლიდან საქართველოცაა. ჩვენს ქვეყანაში თითქმის ცხრა წლის განმავლობაში მობოგინე «ნაცბანდამ» შრომის კანონთა კოდექსი მისი ზედმეტად «საბჭოურობის» საბაბით შეცვალა, მაშინ, როცა მისი მუხლების აბსოლუტური უმრავლესობა შეესაბამებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებს! ამ ორგანიზაციის წევრობა კი, როგორც წესი, ავალდებულებს ქვეყანას კანონმდებლობის კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანას. გვესაუბრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში «ნაციონალების» მიერ გაუქმებული შრომის ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ბატონი კობა კობალავა.

_ ბატონო კობა, ახალი ხელისუფლების მოსვლასთან დაკავშირებით, საზოგადოების გარკვეულ წრეებში საუბრობენ მოქმედ შრომის კანონთა კოდექსზე და შრომის ინსპექციის აღდგენაზე. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით.

_ «ნაციონალთა» მიერ «შესწორებულ-შემოსწორებული» შრომის კანონთა კოდექსი დასაქმებულთა დისკრიმინაციაზეა გათვლილი, რაც, ალბათ, ერთ-ერთი «მიმზიდველობის» კრიტერიუმია სამეწარმეო საქმიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში.

_ რას გულისხმობთ?

_ საკუთარ ჯიბეს, ქონებას გამოდევნებულ მეწარმეთა უმრავლესობა თავისი ცინიკური დამოკიდებულებით, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს უხეშად არღვევს; აგრეთვე, ეს ე. წ. ბიზნესმენები აფერხებენ მომუშავეთა უსაფრთხო და ჯანსაღი საწარმოო ატმოსფეროს დამკვიდრებას, რამაც ძალზედ დაამძიმა სამეწარმეო საქმიანობაში ძირითადი მხარის _ დაქირავებულის შრომის პირობები, მაშინ, როცა, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად, შრომის უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები უნდა განისაზღვრებოდეს კანონებით და ნორმატიული აქტებით. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს  სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიღმა დარჩა. ადრე ის ამ ფუნქციას შრომის ინსპექციის მეშვეობით არეგულირებდა. ასე რომ, «მორგებული» კოდექსით «ნაციონალებმა», დასაქმებულთა დისკრიმინაციისა და შრომის ინსპექციის გაუქმების ხარჯზე, საქართველო უფრო «მიმზიდველი» გახადეს ინვესტორებისთვის. აქვე შეუძლებელია, არ გაგახსენდეს შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორის, ხუან სომავიას, გამონათქვამი, სწორედ რომ ზედგამოჭრილი ჩვენ ამჟამინდელ შკკ-ზე: «შრომის კანონმდებლობა შრომის ინსპექციის გარეშე უფრო თხზულებაა ეთიკურ თემაზე და არა აუცილებელი სოციალური დისციპლინაო».

_ ბატონო კობა, კონკრეტულად რა ევალებოდა შრომის ინსპექტორს?

_ შრომის ინსპექტორი ახორციელებდა, როგორც ზემოთ ვთქვი, სახელმწიფო ზედამხედველობას შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესებისა და ნორმების შესრულებაზე ყველა საწარმო-დაწესებულებაში, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა.

_ პოლიციის ფუნქციას ასრულებდა?

_ არა, ის არ იყო კანონის დამცველი პოლიციელი, არამედ გახლდათ მრჩეველი, შუამავალი, თუმცა, უფლებამოსილებით აღჭურვილი. აუცილებლობის შემთხვევაში იგი წარმოების მფლობელს აჯარიმებდა, შეეძლო, აგრეთვე, მიემართა სამართალდამცველი ორგანოებისთვის.

მოკლედ, «ნაციონალურმა» ხელისუფლებამ ისეთნაირად შეცვალა შრომის კანონთა კოდექსი, რომ უცხოელი ინვესტორებისათვის გაეადვილებინა საქართველოს მშრომელთა ჩაგვრა, დისკრიმინაცია! ამ კანონის მიხედვით, ინვესტორს შეუძლია აამოქმედოს საწარმო, რომელშიც არ იქნება დაცული ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები, რომელთა უქონლობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და რასაც არ მოჰყვება საჯარიმო სანქცია!

_ ამ მხრივ, რა მდგომარეობაა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში?

_ მოგახსენებთ, რაც ზუსტად ვიცი. მეზობელ აზერბაიჯანში 330 შრომის ინსპექტორია; სიდიდითა და მოსახლეობით ჩვენზე პატარა ესტონეთში კი _ 250. საქართველოში კი, ამ სამსახურის გაუქმებამდე, მხოლოდ 42-კაციანი შტატი ემსახურებოდა შრომის დაცვას. საინტერესო სტატისტიკასაც მოგაწვდით: მსოფლიოში ყოველწლიურად 160 მილიონი ადამიანი სნეულდება პროფდაავადებით, ხოლო 250 მილიონი კარგავს შრომის უნარს. ყოველდღიურად კი 658 ათასი ადამიანი ღებულობს ტრავმას და სამი ათასი იღუპება _ წუთში 2 ადამიანი…

ვინაიდან მთელ მსოფლიოში შრომის დაცვა აღიარებულია ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად, მჯერა, ის საქართველოშიც, ახალი ხელისუფლების პირობებში, გახდება პრიორიტეტული.

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here