Home რუბრიკები საზოგადოება ომარ ქუცნაშვილი: ეს იყო რეჟიმი, სააკაშვილ-მერაბიშვილის რეპრესიული რეჟიმი!

ომარ ქუცნაშვილი: ეს იყო რეჟიმი, სააკაშვილ-მერაბიშვილის რეპრესიული რეჟიმი!

802

მიხეილ სააკაშვილსა და მისთვის ყურში ჩამჩურჩულებლებს ძალიან  უნდოდათ და ძალას არ იშურებდნენ, რათა სრულად გაეხლიჩათ საქართველო _ ოჯახებით დაწყებული და მამათა და შვილთა თაობების დაპირისპირებით დამთავრებული, და ასე დანაწევრებულდასახიჩრებული ერი ფარასავით წინ გაერეკათ სრული დეგრადირებისკენ. ისტორია ამათით უნდა დაწყებულიყო, ეს სურდათ და ამაზე მუშაობდა სახელმწიფო აპარატიც და «ნაცების» პროპაგანდის ინდუსტრია. ისეთი თაობის გამოწრთობა სურდათ, რომელსაც სრულად მოკვეთილი ექნებოდა ფესვი და «ახალი ვარდების» რტოებს მხოლოდ ნაციონალბოლშევიზმის ნიადაგზე უნდა ეხარა. ამპარტავნობდნენ ამით. მაგრამ «ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ» (რომ. 11, 18). მაგრამ მათთვის, ვისაც ღმერთმა მისცა «უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე» (რომ. 11, 8), ეს მართლმადიდებლური შეგონება უცხო და მიუღებელი იყო. ჩვენი ახალი რუბრიკა «მამები და შვილები» თაობათა გენეტიკური ერთობის წარმოჩენას ისახავს მიზნად _ ფესვებზე აღმოცენებულ რტოთა სიძლიერის წარმოჩენისთვისაა მოწოდებული. რუბრიკას ქუცნაშვილების ოჯახით ვიწყებთ.

«თუ ფესვი წმიდაა, მაშ _ რტოც»

«აგერ გამოჩნდა წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ

დიახ, გალაკტიონი, დიახ, წიფის გვირაბი.

ოღონდ ტექნიკურ ჭრილში. რატომ? იმიტომ, რომ რედაქციის სტუმარია ხაშურიზესტაფონის სარკინიგზო შემოვლითი გზის პროექტის ავტორი ომარ ქუცნაშვილი, გეოლოგიამინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო და ეკოლოგიური აკადემიების ნამდვილი წევრი, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის ყოფილი გამგე; კაცი, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ ციხის ჯურღმულებში გამოატარა, მაგრამ ვერა და ვერ გატეხა.

ომარ ქუცნაშვილი ზაქარია ქუცნაშვილის მამაა. ჰყავს კიდევ ერთი ვაჟი _ ივერი, რომელიც ბიზნესითაა დაკავებული.

მეუღლეც ჰყავს, რა თქმა უნდა: ქალბატონი თალიკო ლაგაზაური.

_ საქართველოს სატრანსპორტო განვითარების კონცეფცია, რომელიც წლების მანძილზე დავამუშავეთ, მოიცავდა ყველა ელემენტს, ყველა კომპონენტს, მათ შორის, ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთსაც, მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთსაც, რომელიც ერთხანს უარყვეს, მაგრამ ბოლოს მაინც დაუბრუნდნენ, თუმცა ბოლომდე არ გაიზიარეს. ასევე, _ თბილისის შემოვლით გზასაც, მაგრამ არა იმას, დღეს რომ გაჰყავთ და რომელსაც «შემოვლითი» კი დაარქვეს, რაც ისეთივე სიცრუეა, როგორც მთელი «მოღვაწეობა» ყოფილი ხელისუფლების. კავკასიონის საუღელტეხილო გზის გამოყენებაც შესაძლებლად მიგვაჩნდა, რომელიც დიდი პოლიტიკური დატვირთვის ობიექტი იყო.

_ ხაშურიზესტაფონის თქვენი პროექტი გააფუჭეს ჩინელმა მშენებლებმაო, ამბობენ სპეციალისტები.

_ ქვეყანაში ექსპერტიზის სისტემა პრაქტიკულად მოშლილია. მშენებლობის დარგია მთლიანად მოშლილი. არანაირი მოწესრიგებული ნორმატიული ბაზა არ არსებობს. ექსპერტიზა მხოლოდ შერჩევითია. არც ერთი მშენებლობა მეცნიერულად დასაბუთებულ პროექტს არ ემყარება.

დღეს არავინ არაფერზე არ აგებს პასუხს, არანაირი კონტროლი არ ხორციელდება. ამიტომ გამორიცხული არაა, თუ ჩვენს პროექტსაც ლოკალურად, ადგილზე თვითნებურად მოექცევიან.

_ თითქოს ვიღაცამ ბეჭედი დაუსვა ქვეყანას: თუ ფული გაქვს, აშენე, რაც და როგორც გინდა.

ეტყობა, ამას ჰქვია ფულის ხარჯვის თავისუფლება.

_ ასე ჩანს… ჩემმა კომპანია «ჯეოინჟინერინგმა» სერიოზული სამუშაოები შეასრულა: გავაკეთეთ პროექტი ახალი, სრულიად თანამედროვე შემოვლითი გზის, სადაც სრულიად დასაშვები 12-ათასიანი ქანობებია _ არა 28 და 32-ათასიანი, რა თქმა უნდა, გვირაბების და ხიდების მთელი კასკადით, რკინიგზის არსებული გვირაბის შენარჩუნებით და მისი გამოყენებით მომავალი ავტობანისთვის. ამისთვის ვიყენებდით არსებული რკინიგზის ვაკისს, რომელიც არ უნდა ამოვარდნილიყო საერთო სისტემიდან.

_ კავკასიონის საუღელტეხილო რკინიგზის მშენებლობა, რომელიც თქვენ ახსენეთ, მახსოვს, დაიწყო კიდეც, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში, ეროვნული მოძრაობის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა, _ რუსეთის ჯარი შემოვა და დაგვიპყრობსო. თითქოს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კბილებამდე შეიარაღებული დანაყოფები საქართველოში არ იყვნენ განლაგებულნი.

_ გულუბრყვილობა იყო სრული. მაშინ უამრავ ორგანიზაციასთან, მათ შორის, მწერალთა კავშირშიც გვქონდა შეხვედრები, როგორც ახლა იტყვიან, პროექტის პრეზენტაცია. ცალკე შევხვდით, ღმერთმა აცხონოს, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას. დეტალურად ავუხსენით ამ პროექტის მრავალმხრივი სარგებლიანობა. იცით, რა გვიპასუხეს? მოძრაობა აგორებულია და რა ვქნათო!

კავკასიონის საუღელტეხილო, ხუდონჰესი, დავითგარეჯი! _ ეს იყო.

ეს სატრანსპორტო სისტემა რომ აშენებულიყო, უფრო მეტ წონას შეგვძენდა მსოფლიო თანამეგობრობაში _ პოლიტიკურს და ეკონომიკურს, უფრო გაგვაძლიერებდა და ვერავითარ სუვერენიტეტს ვერ შეგვიზღუდავდა, პირიქით _ უფრო მეტად საჭირონი გავხდებოდით აღმოსავლეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც.

_ როგორც განახლებული ისტორიული «აბრეშუმის გზის» საკვანძო ქვეყანა?

_ დიახ. უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიქნებოდით ამ რკინიგზის მფლობელები, თანაც, ჩრდილოეთი პორტალი ექვსი კილომეტრი იქით, ჩრდილოეთისკენ ჩვენი რჩებოდა. გავაძლიერებდით სასაზღვრო ზოლს, რომელიც ამჟამად მოსახლეობისგან დაცლილი, მოშლილი და მონგრეულია.

ისიც სათქმელია, რომ კავკასიონის საუღელტეხილოთი მოვახერხებდით რუსეთის უფართოესი შესაძლებლობების მქონე ბაზრის შენარჩუნებას, რუსეთიდან საქართველოს გავლით ირანთან დამაკავშირებელი არტერიის ფუნქციასაც შევიძენდით და . .

დაუმატეთ ამას _ თურქეთით ევროპისკენ, ახლო აღმოსავლეთისკენ გასვლის პერსპექტივა მარაბდაახალქალაქისა და ახალქალაქიყარსის რკინიგზის მეშვეობით. ეს ძალიან მომგებიანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის სატრანზიტო ფუნქციას გაუფრთხილდებოდა რეგიონის ყველა სახელმწიფო, რადგან მათი ინტერესებიც იქნებოდა აქ ჩადებული.

დარწმუნებული ვარ, ტრანსკავკასიური რკინიგზა რომ მოგვესწრო და აგვეშენებინა, აფხაზეთის პრობლემა არ დაგვიდგებოდა.

გონივრული პოლიტიკური ნაბიჯებითა და არსებული რეალიების გამოყენებით ამის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა.

მთის ყივილი

_ თქვენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარი და ერთადერთი მიზანი ქვეყნის გაძლიერებისთვის ხელშეწყობა იყო. რა დაუშავეთ სააკაშვილისტებს ისეთი, რომ ციხეში აღმოჩნდით?

_ (ეღიმება). ალბათ ის, რომ იმთავითვე ვხვდებოდი იმ უკეთურობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას მათგან ელოდა. არ ვმალავდი, რასაც ვხვდებოდი, და ხმამაღლა ვლაპარაკობდი ამის შესახებ. მეც და ჩემი ოჯახი მთლიანად.

ძალიან ადრე ვხვდებოდით.

ჩემს დამოკიდებულებას ყოველთვის ვაცხადებდი ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს სხდომებზე: კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი მიხეილ სააკაშვილის გახშირებულ ვიზიტებს პოლიტექნიკურში. კოლეგებს ვეუბნებოდი, რომ მისთვის მხარდაჭერის გამო ისტორიის წინაშე ვაგებდით პასუხს.

ჩემი შვილი ზაქრო პირველივე დღიდან ოპოზიციაში იყო. ძალიან კარგად ვიყავით გარკვეული, რომ უცოდინრობას, უტიფრობას და ამორალობას, რაც სააკაშვილს და მის კრიმინალურ დაჯგუფებას ახასიათებდა, საქართველოსთვის კარგის მოტანა არ შეეძლო.

მათი მმართველობა, არცოდნით, უსინდისობით და უნამუსობით გაჯერებული, დაღუპავდა საქართველოს.

_ თქვენ პროფესიონალი ინჟინერი იყავით, ზაქრომ იურისტობა რატომ არჩია?

_ არც ივერისთვის, არც ზაქროსთვის არასოდეს არაფერი დაგვიძალებია, არასდროს შეგვიზღუდავს, თავისუფალ ადამიანებად ვზრდიდით, ბიჭებმა თვითონ აირჩიეს თავიანთი გზა.

ჩემი დაჭერის ერთ-ერთი მიზეზი მათი თავისუფალი აზროვნება იყო. 8 თვის განმავლობაში საოცარი ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. უამრავი ადამიანი მოდიოდა, თავშეკავებასა და გაჩუმებას გვირჩევდნენ, ხიფათს თავი აარიდეთო.

ხიფათის ლაჩრებს ეშინოდეთ!

ზაქროს არც გონიერება აკლია, არც განათლება, არც ვაჟკაცობა და მე რატომ უნდა მეკარნახა, როგორ უნდა მოქცეულიყო? მით უფრო, ორივეს ერთი პოზიცია გვეკავა და ერთნაირად ვაზროვნებდით?!

მთის ტრადიციებზე ვზრდიდით შვილებს, საკუთარი აზრის თავისუფლად გამომხატველ ადამიანად. სკოლაშიც კარგი მასწავლებლები ჰყავდა ზაქროს _ სერგო ვარდოსანიძე ასწავლიდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. მან აზიარა ბევრ რამეს, მათ შორის, ერთ დროს აკრძალული ლიტერატურის კითხვის სურვილი გაუღვიძა, ფართო განათლების საფუძვლებს აზიარა.

_ სისხლის ყივილი?

_ სისხლი მთა არის, გენეტიკა თავისებური: სამშობლოს აღქმა მთაში სხვაგვარია, სამშობლოს მსახურების სხვა კატეგორიაა _ გაცილებით მაღალი. ამაში ამ არჩევნების დროსაც დავრწმუნდი, როცა მთის ხალხმა, ხომ ნახეთ, როგორი შემართებით გაუწია წინააღმდეგობა უკეთურების შემოტევას. ბედნიერი ვიყავი, ამას რომ ვხედავდი: გენეტიკა მძლავრობს და მას ვერავინ აღმოფხვრის.

_ რასაც ასე მონდომებით ცდილობდა ყოფილი ხელისუფლება.

_ ყოველ ზაფხულს ბავშვები მთაში აგვყავდა. უნიკალური გარემოა თიანეთში _ შრომისა და ხალხური პოეზიის ნაზავი. არაჩვეულებრივი სახალხო მთქმელები და პოეტები არიან იქ, მათ შორის, ჩვენი ოჯახის ახლობელი, გენიოსი პოეტი ტარიელ ხალხელაური.

_ მირზა გელოვანზე რომ არაფერი ვთქვათ.

_ ჩვენი რაიონი ამ მხრივ გამორჩეულია: ბესიკ ხარანაული, გიორგი წიკლაური, აკაკი ხაიაური… ბევრნი არიან, სერიოზული პოეტები, სიტყვის ოსტატები.

სახელმწიფო რეკეტი სააკაშვილისებურად

_ არაპოეტურ თემაზე გადავიდეთ. თქვენზე ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილის პირადი პატიმარი იყავით.

_ არა მარტო მე და არა მარტო მერაბიშვილის. მერაბიშვილი და სააკაშვილი ხომ ყველა ქართველს და ყველაფერ ქართულს ებრძოდნენ. 2008 წლის 22 სექტემბერს, სასამართლოს პირველსავე სხდომაზე ვთქვი, რომ ის რეჟიმი იყო სააკაშვილ-მერაბიშვილის სატანურ-რეპრესიული რეჟიმი. 22 სხდომა ჩატარდა და ყოველთვის ამას ვიმეორებდი, რადგან ისეთი სისულელე შეთხზეს ჩემ წინააღმდეგ, რომ სხვა სალაპარაკო იქ არაფერი მქონდა.

სასამართლო იყო ჩემი ტრიბუნა.

ყველა ექსპერტმა, ვინც ჩემს «საქმეს» გაეცნო, უცებვე აღიარა, რომ «ბრალდებები» იყო ყალბი და გამოგონილი. ამიტომ იყო, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა ფედერაციამ ყველაზე პირველად მაღიარა პოლიტპატიმრად, მაგრამ მარტო ჩემი საქმის გაგზავნაზე ევროპაში უარი ვთქვი.

23-კაციან სიაში ჩამწერეს და ჩვენ, ყველანი ერთად გვაღიარეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებად.

_ ზაქროს გამო გებრძოდნენ?

_ არსებითად ასე იყო, რადგან მე მაინც იშვიათად გამოვდიოდი პრესით თუ ტელევიზიით. საკმარისი იყო, ზაქრო მათდამი ლოიალური გამხდარიყო და შეეწყვიტა მათი მხილება, თავს დაგვანებებდნენ. ზაქრო მარტო მხილებით არ კმაყოფილდებოდა, იმასაც ამბობდა, თუ რა და როგორ უნდა გამოსწორებულიყო. მისი კრიტიკა კონსტრუქციული იყო. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა იმ გააფთრებულ ბრძოლაში, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების დროს გაიმართა და მიმართული იყო სააკაშვილის უფლებების უსაზღვროდ გაზრდის წინააღმდეგ.

2007 წლის შემოდგომაზე, 2008 წლის გაზაფხულზე განსაკუთრებით აქტიურობდა ზაქრო. მის გასაჩუმებლად მე შემომიტიეს.

_ ცხენს ვერ მისწვდნენ და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო, ნათქვამია.

_ დიახ, ასე იყო.

_ რას გედავებოდნენ?

_ გადასახადების გადაუხდელობას. მაშინ, როცა ყოველთვის წინსწრებით ვიხდიდი. 20 გამომძიებელი და სპეცრაზმი დაესხა თავს ჩვენს კომპანიას.

(ბატონი ომარი დაწვრილებით ყვება იმ ამბის კვალზე განვითარებული პერიპეტიების შესახებ, იმ აბსურდულობაზე, რომელიც შემდეგ «საქმედ» შეკერეს. თავისთავად საინტერესო ისტორიაა ბრალდების მხარის კრიმინალური უსინდისობის მხილების თვალსაზრისით, მაგრამ, ჯერ ერთი, ბრალდებული სრულადაა გამართლებული, მეორე, ჩავლილი ამბავია და აღარც ღირს გახსენებად.

თუ მაინც და მაინც დავიჩემებთ, საკმარისი იქნება ბრალდების კვინტესენციის ერთ წინადადებაში გამოტანა: კომპანიამ, რომელმაც პროფესიული კუთხით გააანალიზა რეალობა, არ ჩათვალა საჭიროდ გაზსადენის მილის ერთ მონაკვეთზე რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ზედმეტი, არააუცილებელი სამუშაოს შესრულება, რისთვისაც, ბრალმდებლების აზრით, ამერიკული პროექტის «მილენიუმის» აღმასრულებელ სტრუქტურას (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონდოლიზა რაისი იყო) დამატებით 300-400 ათასი დოლარი შეეძლო გადაეხადა, ხოლო ამ სავარაუდო თანხიდან მოგების გადასახადი კი ქუცნაშვილის კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შეეტანა, მაგრამ რახან ეს სამუშაო არ შესრულდა, მაშასადამე, არც ამ შესაძლო მოგებიდან გადასახადი არ შევიდა ბიუჯეტში, .. სახელმწიფო აზარალეთ და აგეთო პასუხი კანონის წინაშე.

მოკლედ ასეთი სახელმწიფო რეკეტის (აშშისთვის ფულის გამოძალვის) განუხორციელებლობის გამო კანონის ძალით მოსთხოვეს პასუხი ომარ ქუცნაშვილს.

ასეთი იყო ყოფილების სამართალი.

ცნობისთვის: სამცხეჯავახეთში გზების, მილსადენების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება და .. ამერიკელების «მილენიუმის» პროექტის დაფინანსებით ჩატარდა.

მიხეილ სააკაშვილი კი იბრალებდა, რომ მისი მამულიშვილური მოღვაწეობის შედეგი იყო.

თან გვამადლიდა.

_ მათი მიზანი, _ ასკვნის ბატონი ომარი, _ ქვეყნის შენება კი არ იყო, არამედ ფულის კეთება. ჩემისთანა ხალხი კი, რომლებიც ამის საშუალებას არ აძლევდნენ, უნდა მოეშორებინათ.

ყოველგვარი ექსპერტული შეფასების გარეშე, დაბეჯითებით გეტყვით, რომ ოთხი მილიარდიდან, რომელიც საქართველოში შემოვიდა როგორც დახმარება, ნახევარი სააკაშვილის ბობოლებმა ჯიბეში ჩაიდეს, მოიპარეს.

_ თქვენ და თქვენისთანებს კი, ვინც წინააღმდეგობა გაუწია, ციხის კედლები ახეხინეს.

ამ ყველაფრის მოწმე რომ იყო, ზაქრო ქუცნაშვილი, კიდევ უფრო მტკიცდებოდა საკუთარ ოპოზიციონერობაში?

_ მე რომ დამაპატიმრეს, იმავე დღეს შეიძლებოდა გავთავისუფლებულიყავი.

_ როგორ?!

_ 2008 წლის 10 ივლისის საღამოს, სადღაც 11 საათისთვის ჩემთან შემოვიდა («კაპეზეზე» ვიყავი) ადვოკატი და მითხრა, რომ, თუ ხელს მოვაწერდი დასკვნას, რომ დოკუმენტები გაყალბებულია, ზაქრო კი უწინდებურად აღარ იაქტიურებდა, მე გამათავისუფლებდნენ პატიმრობიდან. მაშინ ვუთხარი ადვოკატს, გადაეცი ზაქროს, რომ ჩემი გათავისუფლების ფასად პრინციპებს არ ვუღალატებ, შენს თავისუფლებას ჩემს თავისუფლებაზე არასოდეს გავცვლი-მეთქი, შენ უფრო ენერგიულად, უფრო ხმამაღლა იბრძოლე მანდ, მე კი ციხის შიგნიდან, რაც შემეძლება, ჩემსას ვიტყვი.

ციხე _ ოპოზიციური

_ თქვით თქვენი სიტყვა?

_ ყოველ შემთხვევაში, იქაც ვმუშაობდი: ჩვენს, 154-ე კამერას გლდანის ციხეში «დემოკრატიული რესპუბლიკა» დავარქვით. მე, არჩილ ბენიძე _ ლეიბორისტული პარტიის გლდანის მთავარი კოორდინატორი, ზურაბ ქელეხსაშვილი _ პრეზიდენტობის კანდიდატი, სააკაშვილის კონკურენტი, უაღრესად განათლებული, ნიჭიერი და პატიოსანი კაცი, ნიკო ჩანტლაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის ყოფილი უფროსი…

ციხეში მომუშავე ოფიცრებს დაუფარავად ველაპარაკებოდი იმ სისაძაგლის შესახებ, რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ. მინდოდა გაეგოთ, რომ პერსპექტივა მათთვის ძალიან შავი და მრუმეა. პატიმრებთან ვმუშაობდით, ცხადია. ასეულობით ადამიანი მოვამზადეთ, ჩავახედეთ რეალობაში.

_ რაღა თქვენ და რაღა გასული საუკუნის რევოლუციონერი პოლიტპატიმრები!

_ (ეღიმება) ზუსტად ასე ვამზადებდით ციხის აუდიტორიას. მე მქონდა საამისო კონტაქტები და ყველა შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებდი. უნდა გვებრძოლა გადარჩენისთვის და ვიბრძოდით.

ასე რომ, ციხის ოთხ წელიწადს ამაოდ არ ჩაუვლია (იცინის).

_ ზაქრომ იცოდა თქვენი იატაკქვეშა მოღვაწეობის შესახებ?

_ როგორ არ იცოდა! მაგრამ რა სისტემა და რა ქსელი მუშაობდა, არ ვახმაურებდით, თუმცა ცოტათი ხვდებოდა.

ხელისუფლების სათავეში მყოფთა ფსიქოლოგია ადვილად წავიკითხე: მშიშრები და ლაჩრები იყვნენ და არიან. მაგრამ, თუ ერთხელ დაუხრი თავს, შემდეგ შეგჯდებიან. მე ყოველთვის მზად ვიყავი თავგანწირვისთვის და არასოდეს ვეპუებოდი.

ძნელი და რთული მომენტები, რა თქმა უნდა, იყო.

_ ერთი მაინც გაიხსენეთ, თუ შეიძლება.

_ მაგალითად, როცა გლდანში ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო გახსნეს და ავადმყოფების გადმოყვანა დაიწყეს.

ძალიან ციოდა. გვიანი შემოდგომა იყო თუ ზამთრის პირი იდგა, კარგად არ მახსოვს.

საღამოვდებოდა, როცა ციხის ეზოდან კაცის განწირული ყვირილი შემოგვესმა. სარკმელთან მივვარდით. რას ვხედავთ: ავადმყოფებს, რომლებიც ახალ სამკურნალო დაწესებულებაში გადმოჰყავდათ, გარეთ, ყინვაში, ღია ცის ქვეშ, გამჭოლ ქარში ხდიდნენ ტანსაცმელს, აშიშვლებდნენ და საავადმყოფოს ხალათებს აცმევდნენ.

ატყდა, მაგრამ რა ატყდა, საოცარი ზანზარი დაიწყო ყველა გისოსმა, კარმა, ფანჯარამ. ნახევარი საათის განმავლობაში გრიალებდა ციხე.

წამების ეს მეთოდი ბადრაგმა შეწყვიტა, იძულებული იყო, შეეწყვიტა.

ციხის უფროსი მაშინ მელაძე იყო, როგორც კი ჩათავდა ეს ამბავი, თავისი სპეცრაზმით საკნებისკენ დაიძრა, პატიმრებთან ანგარიშის გასასწორებლად. ჩვენს საკანში, რომელიც კიბის თავზე, აბანოს გვერდით იყო, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ბიჭები გავაფრთხილე, არც ერთი ხმას არ ამოიღებთ-მეთქი, პასუხს მე გავცემ.

შემოვარდა გაავებული მელაძე თავისი რაზმელებით.

_ რას აკეთებთ! _ მივახალე, _ სადა ხარ! სად დაკარგეთ ადამიანობა, როგორ შეიძლება ავადმყოფი, უმწეო ხალხის ასე წამება!

მგლის ფერი ადევთ. შემოსულები არიან, რომ დალეწონ ყველაფერი, გადაუარონ ყველა ჩვენგანს, გადაგვთელონ.

შეცბა მელაძე:

_ ვიცი, თქვენ არ დაიწყებდით, გვითხარით, ვინ დაიწყო.

_ რას ამბობთ, ვინ გეტყვით, ვინ იყო დამწყები?!

იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ. მიიხურეს კარი. ჩვენ შემდეგ ორი საკანი გამოტოვეს და მესამეში, როგორც შემდეგ შევიტყვეთ, დაულეწიათ ყველაფერი, არაადამიანურად უცემიათ პატიმრები.

პირდაპირ გეტყვით, ჩვენ, პოლიტპატიმრებს, მაღალი სიტყვა გვეკუთვნოდა.

_ ციხე ქურდების არ იყო?

_ არა, არა! ყველას ვეუბნებოდი, რომ წარმოუდგენელია, არ შეიძლება მართლმადიდებლურ ქვეყანაში არსებობდეს ქურდის ავტორიტეტი. გამორიცხულია! ძალიან ბევრს ვუხსნიდი _ რატომ არ შეიძლებოდა.

პირდაპირ ვამხელდი ქურდებს, რომლებიც სააკაშვილ-მერაბიშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ.

_ ქურდები ემსახურებოდნენ?!

_ დიახ, ქურდები და დიახ, არჩევნების დროს. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ მათ ვუთხარი პირადად, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.

სამადაშვილს რომ ირჩევდნენ ნაძალადევიდან მაჟორიტარად, მომხრეების მისაზიდად «წამალი» მიჰქონდათ _ ნარკოტიკები და შტაბში ურიგებდნენ ქურდებს და ნარკომანებს. იყენებდნენ ამ ხალხს და შემდეგ იჭერდნენ.

ჩვენ გვეთქმოდა იქ სიტყვა და ვამბობდით!

_ ახლა როგორ ხართ ოჯახში?

_ ოთხი თვე სოფელში გავატარე, თიანეთის რაიონში, ზარიძეებთან ახლოს პატარა სოფელ ხოფცაში.

_ ამოისუნთქა ოჯახმა?

_ კი, მაგრამ არც ჩემი საქმე, არც ჩემი მეუღლის, რომელიც შარშან სკოლიდან დაითხოვეს, არ დამთავრებულა, ჯერ ისევ უზენაეს სასამართლოშია.

ყველა ეტაპზე არღვევდა სასამართლო ჩემს უფლებებს. 70 წლის რომ გავხდი, ვადაზე ადრე გათავისუფლება მეკუთვნოდა. ჩემმა განცხადებამ ორი ეტაპი გაიარა, ბოლოს მაინც უარი მითხრეს _ წვრილი ბავშვები უნდა ჰყავდეს და გავათავისუფლებდითო. ზაქრო იყო ჩემი ადვოკატი და უთხრა:

_ თქვე კაი ხალხო, მეც კი არა მყავს წვრილი ბავშვები, დაიზარდნენ, და მამაჩემს საიდან ეყოლებაო?! (იცინის).

წელავენ, ჩემს საქმეს, რათა სტრასბურგში, რაც შეიძლება გვიან განიხილონ: 2009 წლიდან დევს ჩვენი სარჩელი სტრასბურგში.

_ არც შეგიწყალეს?

_ შაბათი იყო თუ კვირა, ვერ გეტყვით. მიძახიან _ ტელეფონზე გთხოვენო. გრძელი დერეფანი ფიქრში გავიარე _ რატომ უნდა მთხოვდნენ ტელეფონთან?

_ დაელაპარაკეთ თქვენს შვილსო, _ მითხრეს.

ზაქრო მეუბნება:

_ ჩემს კოლეგებთან ვარ (მივხვდი, რომ პროკურატურაში იყო). შენგან ითხოვენ ორად-ორი სიტყვის დაწერას _ «გთხოვთ, გამათავისუფლოთ» და გარეთ გამოხვალ.

_ ვის სახელზე უნდა დავწერო?

_ სააკაშვილის.

_ მე მაგის შესაწყალებელი არაფერი მჭირს, _ ძალიან უხეშად ვუპასუხე. არასოდეს არ ვცნობდი სააკაშვილს არც პრეზიდენტად, არც კაცად, იმდენად ამაზრზენია მისი საქციელი ხალხისა და ქვეყნის მიმართ.

ორშაბათს ვიგებ, რომ პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა.

ესე იგი, ჩემი შეწყალებით უნდოდა «სახის შენარჩუნება»: გაათავისუფლა სისხლის სამართლის დამნაშავენი, მაგრამ, აგერ, ოპოზიციონერის მამაც შეიწყალა. ოი, რა სამართლიანი პრეზიდენტი მართავს საქართველოს!

ბატონმა ომარმა ამიხსნა, რომ არ გახდებოდა სააკაშვილს პიართამაშში ჩართული თოჯინა: პატრიარქმა ორჯერ სთხოვა სააკაშვილს მისი გათავისუფლება, ორჯერვე უარი მიიღო. ამჯერად კი სანდრო გირგვლიანის გათავისუფლებულ მკვლელებთან ერთად მასაც მიიყვანდნენ საპატრიარქოში, როგორც გულმოწყალე პრეზიდენტის მადლცხებულს.

ასეთ უხერხულ მდგომარეობაში პატრიარქს ვერ ჩავაყენებდიო, მითხრა საუბრის ბოლოს ომარ ქუცნაშვილმა _ ზაქარია ქუცნაშვილის მამამ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. «იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ ნათქვამი: ასე ამობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს; ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბღატაკს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის» (ზაქ. 8-10).

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here