Home რუბრიკები პოლიტიკა კანონს ცრემლების არ სჯერა

კანონს ცრემლების არ სჯერა

605

იმოქმედებს თუ არა ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრება აშშსაქართველოს ურთიერთობებზე? _ ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 28 ნოემბერს «ვაშინგტონ პოსტში» გამოქვეყნდა სარედაქციო საბჭოს წერილი «საქართველოს მთავრობა არასწორ გზას ადგას», რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ამ პუბლიკაციამ საქართველოს მოსახლეობის ნაწილში ანტიამერიკული განწყობის მორიგი, საკმაოდ მასშტაბური ამოფრქვევა გამოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ჰილარი კლინტონისა და მაია ფანჯიკიძის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს დაპატიმრებების თაობაზე ქართულმა მედიამ და საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. ყველას სურდა პასუხის მიღება ორ კითხვაზე: რა უნდათ ახალი მთავრობისგან ამერიკელ პარტნიორებს? რას მოიმოქმედებს ბიძინა ივანიშვილი მათი პოზიციის გათვალისწინებით?

მიშისტები და ლობისტები

დასაწყისისთვის, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ «ვაშინგტონ პოსტი» არ არის «ჟენმინ ჟიბაო», რომელიც ჩინეთის ხელისუფლების პოზიციის პირდაპირ რეტრანსლირებას ახდენს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული მასალებიდან ყველაზე ზუსტად თეთრი სახლის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ სწორედ ამ გაზეთის სარედაქციო საბჭოს წერილები ასახავენ. დროს და «სივრცეს» ამ წერილების გამოქვეყნებიდან ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციის საბოლოო ფორმირებამდე და გახმოვანებამდე, როგორც აშშ-ს ხელისუფლება, ისე მათი უცხოელი პარტნიორები პოლიტიკური მანევრისთვის იყენებენ.

ლობისტებს ამ წერილების შინაარსზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლიათ, თუმცა ტექსტი 100%-იან შესაბამისობაში მათ სურვილებთან არასოდეს მოვა. ამასთანავე, «ვაშინგტონ პოსტის» სარედაქციო წერილში არასოდეს დაფიქსირდება ის, რაც თეთრი სახლის პოზიციას დიამეტრალურად ეწინააღმდეგება, მაგალითად, არ დაიწერება, რომ ირანის პრეზიდენტი აჰმადინეჯადი პროგრესული, დემოკრატი ლიდერია, თუნდაც ამის მიღწევას 500 ლობისტური კომპანია ცდილობდეს.

28 ნოემბრის პუბლიკაციასთან მიმართებაში, ალბათ, შეიძლება შემდეგი რამ ითქვას: კითხვები საქართველოს ახალი მთავრობის პირველ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვაშინგტონში ობიექტურად არსებობდა (ეს არ ნიშნავს, რომ ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება მათ მიმართ აპრიორი ნეგატიური გახლდათ). ძნელი სათქმელია, იყო თუ არა ლობისტების აქტიურობის შედეგი ის, რომ ეს კითხვები 28 ნოემბრის სარედაქციო წერილის მთავარ თემად იქცა (ეს შეიძლებოდა თავისით მომხდარიყო, ამ შემთხვევაში შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში სავალდებულო არ არის), მაგრამ ამავე დროს შეიძლება გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სააკაშვილის ლობისტებმა ნეგატიური ინფორმაციის ჰიპერაქტიური გავრცელებით ხელი შეუწყვეს იმას, რომ ამ წერილმა ასეთი, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი, სახე მიიღო. მეტიც, შექმეს საბაბი იმისთვის, რომ დაწყებულიყო საუბარი აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესაძლო გაუარესებაზე.

რამდენიმე ციტატა ამ პუბლიკაციიდან: «ახალმა მთავრობამ სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენა წინა ადმინისტრაციის 20-ზე მეტ მაღალჩინოსანს, მათ შორის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს. სააკაშვილმა, რომლის ვადაც მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იწურება, გააიოლა ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი, მაგრამ ნმა ივანიშვილმა არაერთხელ მოითხოვა მისი გადადგომა, მიანიშნებდა რა, რომ მასთან ასოცირებული პირების დევნა გაგრძელდება მანამ, სანამ ის ამას არ გააკეთებს. ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ამცირებს პრეზიდენტის ოფისის ხარჯებს და, ოპოზიციის წევრების გადაბირების მიზნით, მათზე ზეწოლას ახდენს. ხდება ყოფილი მთავრობის მიმართ სიმპათიით განწყობილი მედიის დაშინება».

«ევროკავშირის, ნატოსა და შეერთებული შტატების ჩინოვნიკების მხრიდან გაფრთხილებებს «პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ ანგარიშსწორების ნაცვლად კანონის უზენაესობაზე» ფიქრის შესახებ, როგორც ეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა აღნიშნა, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, შედეგი არ აქვს».

«შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ყოფილი ჩინოვნიკი მართლაც დამნაშავეა. მაგრამ გარკვეული საქმეები ფოკუსირებულია შედარებით ნაკლებ კანონდარღვევებზე ან ისეთ ბრალდებებზე, რომლებიც ბოლოდროინდელი საარჩევნო კამპანიის ბინძურ ტრიუკებს უკავშირდება. ნი ივანიშვილი რომ სერიოზულად გეგმავდეს, დაანახოს დასავლურ მთავრობებს, რომ საქართველო მათ რიგებშია, ის უარს იტყოდა ამგვარ საქმეებზე და ყურადღებას გაამახვილებდა ეკონომიკაში უცხოელი ინვესტორების ნდობის აღდგენაზე, რაც არჩევნების შემდეგ შემცირდა. გასულ კვირაში პრემიერმინისტრად გადაქცეულმა მაგნატმა განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში გადაიდო, რაც კარგია. ვიდრე ის ოპოზიციურ ლიდერებს აპატიმრებს და ძალაუფლების მონოპოლიზებას ცდილობს, საქართველოს ახალ ლიდერს ვაშინგტონში არ უნდა მიესალმებოდნენ» (ფორეინპრეს.ჯე თარგმანი).

ამ წერილის ციტირების შემდეგ, ალბათ, აუცილებელია მოვიყვანოთ ციტატები აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებიდან, რომლებიც მომდევნო დღეს, 29 ნოემბერს ვაშინგტონში მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს დავადგინოთ, თუ რამდენად დიდია ზემონახსენები «სივრცე» «ვაშინგტონ პოსტის» პუბლიკაციასა და თეთრი სახლის პოზიციას შორის. «ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება პოტენციურ დამნაშავეთა სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, გამჭირვალედ განხორციელდება შესაბამისი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის დაცვით», _ განაცხადა ჰილარი კლინტონმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ კლინტონსა და ფანჯიკიძეს «ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ», რომ აშშ «ძალიან მოხარულია», რომ ახალი მთავრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში უწყვეტობის ერთგულია (მან ისაუბრა საქართველოს სწრაფვაზე, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და მის მონაწილეობაზე ავღანურ მისიაში). რაც შეეხება ქართველი მაღალჩინოსნების დაპატიმრებას, ნულანდის განცხადებით, «სახელმწიფო მდივანმა თავის საჯარო განცხადებაში ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ამ საკითხს საერთაშორისო საზოგადოება ადევნებს თვალყურს. ჩვენს საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს და განსაკუთრებით კანონის უზენესობას აშშ-საქართველოს ურთიერთობებში გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს. შემიძლია გითხრათ, რომ ორმხრივი შეხვედრის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბარი დაიწყო და დაასრულა იმის რწმუნებით, რომ ეს საქმეები გაგრძელდება და მათ ესმით, რომ მთელი მსოფლიო მათ თვალყურს ადევნებს».

მომდევნო დღეს კი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომელმაც არ დატოვა ორაზროვანი ინტერპრეტაციის არანაირი შესაძლებლობა იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება საქართველოში უახლოეს მომავალში: «ჩვენ არ ვიმოქმედებთ არც ერთი განცხადების მიხედვით, რომელიც კეთდება საზღვარგარეთ. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ძალიან კარგად ვფლობთ სიტუაციას, თუ რა ხდება საქართველოში. საქართველოს საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული და ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის მიხედვით. ასეთი სტატიები ვერ შეაჩერებს და ვერ შეაფერხებს სამართალდამცველი სტრუქტურების მოქმედებას. ჩვენ ვიწყებთ სამართლიანობის აღდგენას. ეს იყო დარღვეული, ეს პროცესები მალე დამთავრდება და ჩვენ მოვახერხებთ, საერთაშორისო მედიასაც გავაცნოთ მათი რეალური სახე». მომდევნო დღეებში დაპატიმრებები გაგრძელდა, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სამართალდამცავები გაორმაგებული ენერგიულობით ამოქმედდნენ.

წავიდა თუ არა პრემიერმინისტრი ამ შემთხვევაში ვაშინგტონის სურვილის წინააღმდეგ? თუ ქართველმა და ამერიკელმა პარტნიორებმა სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსანი წარმომადგენლების მომავალ ხვედრთან დაკავშირებით ურთიერთგაგებას მიაღწიეს? მივიდა თუ არა ივანიშვილი დასკვნამდე, რომ აშშში ლობისტური საქმიანობა უნდა გააძლიეროს, რომელიც არჩევნების შემდეგ თითქოს შეწყდა? რა მოვლენები განვითარდა სინამდვილეში 28-30 ნოემბერს, როდესაც ყოველივე აღწერილი ერთი მეორის მიყოლებით მოხდა?

კანონს ცრემლების არ სჯერა

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის ყველა განცხადებაში, რომელიც ბოლო დღეებში გაკეთდა (და «ვაშინგტონ პოსტის» წერილშიც), ნახსენებია კანონის უზენაესობა, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს წარმოადგენს. მისგან გამომდინარე, არავინ შეიძლება დადგეს კანონზე მაღლა, სახელმწიფოს მიერ არ შეიძლება ვინმე დაისაჯოს სხვა რაიმესთვის, კანონის დარღვევის გარდა, და ეს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით უნდა მოხდეს. კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში ეს ნიშნავს, რომ ახალ მთავრობას არ შეუძლია დასაჯოს ის, ვინც მოეხასიათება, პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად. მაგრამ, ამავე დროს, კანონის უზენაესობიდან გარდაუვალად და ულმობლად გამომდინარეობს ისიც, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დაისაჯონ იმ დანაშაულისთვის, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაიდინეს (თუ ჩაიდინეს). გასაკვირი არაა, რომ «ოცნების» და «ნაცმოძრაობის» მხარდამჭერები კანონის უზენაესობაზე საუბრის დროს ეხებიან მხოლოდ იმ ასპექტს, რომელიც მათთვის მომგებიანია.. არადა, აშკარაა, რომ ამ მედალს ორი მხარე აქვს.

იმას, რომ კანონის დამრღვევი უნდა დაისაჯოს, ეჭვქვეშ «ვაშინგტონ პოსტი» კი არა, მამაზეციერი ვერ დააყენებს. ამ პრინციპზე დგას ამერიკაც და თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ნაწილიც, თუმცა არის ერთი ნიუანსი, რომელიც ცალკე გამოყოფას საჭიროებს.

თუ აშშ-ს ან ევროპის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეს ეტყვიან, რომ სახელმწიფო მოხელემ, სავარაუდოდ, «შედარებით ნაკლები კანონდარღვევა» ჩაიდინა ან ბრალდება მის მიმართ «ბოლოდროინდელი საარჩევნო კამპანიის ბინძურ ტრიუკებს უკავშირდება» და ამიტომ სახელმწიფომ «უარი უნდა თქვას ამგვარ საქმეებზე», ეს მოქალაქე დაუყოვნებლივ აიღებს თოფს და აჯანყდება, რადგან თქმული გადაულახავ წინააღმდეგობაში შევა იმ პრინციპებთან, რომლებიც ბავშვობიდან შესისხლხორცებული აქვს. მაგრამ ლათინური ამერიკის და აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში, დიქტატორული რეჟიმების დამხობის შემდეგ, მართლაც ხდებოდა თვალის დახუჭვა ყოფილი ჩინოვნიკების დანაშაულებრივ საქმიანობაზე, მისი «წარსულში დატოვება», რათა საზოგადოება ორად არ გახლეჩილიყო, იქმნებოდა «სიმართლის დადგენის და შერიგების კომისიები» და, საბოლოო ჯამში, ხდებოდა კანონის უზენაესობის დაქვემდებარება სხვა გარემოებებისადმი. დღეს საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი ან ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს, ან «მესამე სამყაროს» _ «ველურლანდიის» მიმართულებით და არჩევანი არც ერთ შემთხვევაში უმტკივნეულო არ იქნება.

«ვაშინგტონ პოსტის» პუბლიკაცია თითქოს უბიძგებს საქართველოს მთავრობას «მესამე სამყაროში» გავრცელებული პრაქტიკა გაითვალისწინოს და ამის უკან, სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ბედზე სენტიმენტალური ზრუნვის გარდა, ალბათ, გარკვეული გათვლა უნდა იდგეს.

ზოგადად, თეთრ სახლს საქართველოში შემდეგი რამ აინტერესებს: ) შეინარჩუნოს და გააფართოოს გავლენა; ) თავიდან აირიდოს დესტაბილიზაციის საფრთხე; ) არ დაუშვას, რომ ქართველმა პარტნიორებმა საიმიჯო პრობლემები შეუქმნან და «ვაშინგტონ პოსტში» გაჟღერებული გზავნილი, ალბათ, ამ თემებთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ.

«ნაციონალები» არ არიან პინოჩეტის მხარდამჭერები ჩილეში ან სალვადორელი სამხედროები; მათ არ აქვთ საკმარისი გავლენა, ძალა და გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყანა საფუძვლიანად არიონ. დღეს ყოფილი მმართველი პარტია, სავსებით ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ინგრევა და ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებები ამას (თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით) ხელს უწყობენ. რა შეიცავს უფრო დიდ საფრთხეს სტაბილურობისთვის: «ნაცმოძრაობის» ანიჰილაცია თუ მისი ხელოვნური შენარჩუნება, რომლის აუცილებელი წინაპირობა ყოფილი მაღალჩინოსნების ხელშეუხებლობის გარანტია გახლავთ? სიტუაციაში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს და არ აღიქვამს «ნაცმოძრაობას» ოპოზიციად (და აზრს მისი წარსულის გათვალისწინებით, არასოდეს შეიცვლის), მისი ხელოვნური გაძლიერება ადრე თუ გვიან უკიდურესი პოლარიზაციით, დაპირისპირებით და დესტაბილიზაციით დასრულდება. ეს არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ «მთავარი ოპოზიციური ძალის» ნიშას სხვა ჯგუფები დაიკავებენ. მხოლოდ სტაბილურობის ასპექტს თუ ავიღებთ, «ნაციონალებზე» ზრუნვა ვაშინგტონის ინტერესებში თითქოსდა არ უნდა შედიოდეს, თუმცა პრობლემას სხვა ასპექტებიც აქვს.

არაფერი პირადულიჯასტ ბიზნეს

ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ამერიკელი პარტნიორები «ოცნებისა» და «ნაცმოძრაობის» გამოყენებით, ორპარტიული სისტემის კონსტრუირებას ცდილობენ, რომლის ორივე ელემენტი ერთმანეთს ძია სემის სიყვარულში შეეჯიბრება, ხოლო ის, ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მხარს ხან ერთს, ხან მეორეს დაუჭერს. თუმცა ეს კომენტატორები, როგორც წესი, არ ითვალისწინებენ იმას, რომ საბოლოო მიზანი არა მსგავსი სისტემის შექმნაა, არამედ შედეგი, რომელსაც ის მოიტანს. ძნელი წარმოსადგენია, მსგავს მცდელობებს დღევანდელ საქართველოში მოჰყვეს რაიმე, სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების გარდა. რა თქმა უნდა, «ნაციონალების» ცალკეული ჯგუფები შეიძლება «ჩაეწერონ» ახალ სისტემაში, თუმცა «ნაციონალური მოძრაობა» არსებული სახით ამას, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს. ამასთანავე, ახალი ხელისუფლება საკმარისზე (ან საკმარისზე მეტად) პროამერიკულია და მას შეიძლება გამოუჩნდნენ ახალი ოპონენტები, რომლებიც არანაკლებ პროამერიკულები იქნებიან. «ნაციონალური მოძრაობა» ამ მხრივ უნიკალური და შეუცვლელი ნამდვილად არ არის. განსაკუთრებული მნიშვნელობა, ალბათ, არც საიმიჯო ასპექტს უნდა მივანიჭოთ: ვაშინგტონს არანაირი საიმიჯო პრობლემა არ შექმნია იმის გამო, რომ ციხეში მისი ყოფილი ფავორიტები ჩასვეს: ჩენ შუიბიანი _ ტაივანში, ალბერტო ფუხიმორი _ პერუში, სამხრეთ კორეის მმართველებზე რომ არაფერი ვთქვათ. რაც შეეხება მიმდინარე მომენტს, ახალ მთავრობას ჯერ იმის მეასედიც არ დაუშავებია, რაც სააკაშვილის რეჟიმს, 7 ნოემბრით, 26 მაისით, პოლიტპატიმრებით და ათასი სხვა უბედურებით.

რაშია პრობლემა? რატომ კეთდება მინიშნებები იმაზე, რომ გარკვეულ დანაშაულებზე თვალი უნდა დავხუჭოთ და, ამავე დროს, აშშის ოფიციალური წარმომადგენლები კანონის უზენაესობაზე საუბრობენ?

უნდა გავიხსენოთ ის, რომ ამერიკელები ძალიან კარგი, ალბათ, მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესმენები არიან და შეუძლიათ ნებისმიერი, მათ შორის უსარგებლო და ვადაგასული საქონელი სარფიანად გაყიდონ. მათ, სავარაუდოდ, თავიდანვე იცოდნენ, რომ ივანიშვილის მთავრობა არ გაჩერდება და მისთვის დამნაშავე ჩინოვნიკების დასჯა «წითელ ხაზს» მიღმაა, რომლის გადალახვას ნებისმიერი უცხო ძალის მიერ არ დაუშვებს. მაგრამ დემონსტრაციულმა წუხილმა ყოფილი მაღალჩინოსნების ხვედრზე (თუნდაც «ვაშინგტონ პოსტში» გამოქვეყნებული წერილის სახით), მისცა მათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მიეღოთ ახალი მთავრობისგან მტკიცე გარანტიები, რომ წინამორბედივით პროამერიკული იქნება და ამ თვალსაზრისით შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლებას აჯობოს კიდეც. ეს ძალიან ჰგავდა ღირებული აქტივის შექმნას პრაქტიკულად ცარიელ ადგილზე, რომელსაც დღეს იკავებს ის, რაც «ნაციონალური მოძრაობისგან» დარჩა. თუ სიტუაციას გეოპოლიტიკის ცინიკური რაკურსით შევხედავთ, 28-30 ნოემბერს სხვა არაფერი მომხდარა. შეიძლება ითქვას, რომ «ვაშინგტონ პოსტის» პუბლიკაცია იყო ერთგვარი ტესტი, რომელიც ახალმა მთავრობამ (მთლიანობაში) ჩააბარა. მან, ერთის მხრივ, გამოავლინა პრინციპულობა და, მეორე მხრივ, მიანიშნა, რომ სიგნალებს ვაშინგტონიდან ყურადღებით და გაგებით მოეკიდება.

ამავე დროს გამოვლინდა პრობლემებიც, რომლებიც ახალ ხელისუფლებას აქვს. ის საკმარისად გასაგებად არ წარმოაჩენს თავის პოზიციას დასავლურ, ლობისტურ პოლიტიკურ და მედიასივრცეში (ის, რაც ქართველებისთვის აპრიორი ცხადია, დასავლეთში ბევრმა, უბრალოდ, არ იცის) და დღემდე ვერ მოაგვარა ელჩების პრობლემა, რომელთა ნაწილი დღეს, დე ფაქტო სააკაშვილის პიარაგენტად იქცა. ივანიშვილისთვის კარგია, რომ ყოველივე მოხდა დღეს და არა სხვა დროს, უფრო რთულ სიტუაციაში.

თუმცა ქვეტექსტის გარდა, ნებისმიერ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობაც აქვს, რაც კონსპიროლოგიის ჭაობში ჩაფლულ ქართულ აუდიტორიას ხშირად ავიწყდება. პროცესი მართლაც გამჭვირვალე უნდა იყოს და ეს თითოეული ჩვენგანის ინტერესებშია. პოლიტიკური რეპრესიები დაუშვებელია და ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ამავე დროს აშკარაა, რომ ყოფილი ჩინოვნიკების დანაშაულზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.

ხოლო ის, რომ ვაშინგტონი სააკაშვილის ჯგუფის გამო თავს არ მოიკლავს (ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მათი სამართლებრივი დევნა ცინიკური, დემონსტრაციული რეპრესიების სახეს არ მიიღებს), ჭოპორტში 82-ე დივიზიას არ შეიყვანს და საქართველოს სანქციებს არ დაუწესებს, ალბათ, ყველასათვის ცხადია, თუნდაც იმიტომ, რომ აშშ-ის კონკურენტებს რეგიონში არ სძინავთ და ძია სემს წარსული კი არა, მომავალი აინტერესებს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here