Home რუბრიკები პოლიტიკა თეა წულუკიანი: უკანონოდ მითვისებულის დაბრუნება ყველას მოუწევს, ხალხს და სახელმწიფოს მიყენებული ზიანი...

თეა წულუკიანი: უკანონოდ მითვისებულის დაბრუნება ყველას მოუწევს, ხალხს და სახელმწიფოს მიყენებული ზიანი ყველამ უნდა აუნაზღაუროს

573

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საზოგადოება, უპირველესად, სამართლიანობის აღდგენის თაობაზე «ქართული ოცნების» დაპირების შესრულებას ელის. იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნამ ხალხში კიდევ უფრო განამტკიცა რწმენა, რომ წართმეულ სიმართლესაც დაიბრუნებს და შელახულ ღირსებასაც აღიდგენს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» მთავარი რედაქტორის _ ირაკლი თოდუას შეკითხვებს უპასუხებს.

_ ქალბატონო თეა, რამდენად შესაძლებელია, რომ წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს სისტემატურად ჩაედინათ დანაშაული და ეს არ სცოდნოდა ქვეყნის პირველ პირს, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მან ტელეკამერების წინ აღიარა, აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ სისხლიანი სპეცოპერაციის ჩატარების ბრძანება მე გავეციო?

_ იმ დანაშულთა შესახებ, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში იქნა ჩადენილი, ქვეყნის პირველ პირს, შესაძლოა, ყველაფერი არ სცოდნოდა, მაგრამ ის გახმაურებული საქმეები არათუ პრეზიდენტმა, პატარა ბავშვმაც კი იცოდა. ვგულისხმობ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას, გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვა საქმეებს, რომლებიც სიცოცხლის უფლების ხელყოფასთანაა დაკავშირებული. შეუძლებელია, ქვეყნის პირველ პირს არ სცოდნოდა, რომ ეს საქმეები გამოუძიებულია. უფრო მეტიც, სტრასბურგის სასამართლომ ღიად განაცხადა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა მიიღო მონაწილეობა იმაში, რომ გირგვლიანის საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო. ამიტომ მთელ რიგ საქმეებზე ყველა გონიერმა ადამიანმა უნდა გამორიცხოს ის, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა, რა ხდებოდა მისი ხელისუფლების პირობებში. თუმცა,  ალბათ, იყო საქმეები, რომლებსაც ამ დიდი უკანონობის ზღვაში თვითონვე მიიჩნევდნენ უმნიშვნელოდ და მათი ბედით მაინცდამაინც ქვეყნის პირველი პირი ვერ დაინტერესდებოდა. მაგრამ ის მცირედი საქმეებიც, რომელთაც ახლა მე ვუყურებ, არის ძალიან დიდი უბედურების წყარო თითოეული ოჯახისთვის.

აუცილებელი არაა, კუდის მაღალჩინოსნებმა მოგიკლან ერთადერთი შვილი, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩათვალო უბედურებად. უბედურება სხვადასხვა ფორმის შეიძლება იყოს. მაგალითად, ოჯახისთვის უკანასკნელი სახლის გაყიდვა  და თავშესაფრის გარეშე დარჩენა იმიტომ, რომ საპროცესო გარიგებას უნდა მოაწერო ხელი პროკურორთან, რომელიც სხვადასხვა ტიპის მუქარასა და ზეწოლას ახორციელებს.

რაც შეხება აფრასიძეების საქმეს, პრეზიდენტმა ეს მართლა თქვა. მისი სიტყვების ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს, მაგრამ თქვა, რომ ოპერაციის შესახებ ბრძანება პირადად გასცა. კონკრეტულად რისი ბრძანება გასცა, ვერ გეტყვით, მაგრამ ოპერაციის ჩატარების ბრძანება გავეციო, რომ ამბობს, ეს ცხადია, რაც ქმნის უპირობოდ იმის საფუძველს, რომ ამ გამონათქვამთან დაკავშირებით საზოგადოებამ პრეზიდენტს დაუსვას რამდენიმე შეკითხვა: რა ტიპის ბრძანება გასცა? რა პირობებში გაიცა ეს ბრძანება და რა დაავალა შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს? ამ ტიპის ბრძანება კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება ბრმად და გამოუძიებლად. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ პრეზიდენტი ამბობს, ბრძანება მე გავეციო.

აფრასიძეების საქმეზე მთავარია, გაირკვეს ის, ჰქონდა თუ არა სიცოცხლისთვის საშიშ გადამეტებას ადგილი. ამის მიხედვით ფასდება ხოლმე, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება. თუ წარმოვიდგენთ, რომ აფრასიძეები საბრძოლველად გამოვიდნენ და მძიმედ შეიარაღებულ შინაგან საქმეთა მინისტრს შეიარაღებულები დაუპირისპირდნენ, მაშინ, რა თქმა უნდა, სიტუაცია სხვაგვარ შეფერილობას იძენს, მაგრამ, თუ დამტკიცდა ის, რაც საყოველთაოდ მუსირებს, რომ ევგენი აფრასიძე (რომელიც, ვეთანხმები პრეზიდენტს, არ იყო ანგელოზი) შვილიშვილთან ერთად ხელებაწეული გამოვიდა და მას დაუშინეს ტყვიების ჯერი და ჩაცხრილეს, ეს დანაშაულის შემცველი ქმედებაა.

_ ამ ეტაპზე გაქვთ თუ არა სამართლებრივი პრეტენზიები თავდაცვის ექსმინისტრ შაშკინთან? საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, თუ რატომ არ დაიწყო პოსტიდან გაპარული თავდაცვის მინისტრის სისხლისსამართლებრივი დევნა დეზერტირობის მუხლით?

_  ვერ გეტყვით, ამ საქმით დაინტერესება მოასწრო თუ არა მთავარმა პროკურორმა. რა თქმა უნდა, მინისტრის ასეთი ქცევა ლეგიტიმურ შეკითხვას იწვევს; თქვენც დასვით, მეც მიჩნდება ეს კითხვა; მითუმეტეს, ცნობილია არაერთი ფაქტი, როდესაც სამხედრო პირების მიმართ გაცილებით ნაკლები გადაცდენისთვის ძალიან მკაცრ ზომებს იყენებდნენ.

_ საზოგადოება წინა ხელისუფლებას შემზარავი დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებდა, ამიტომ რიგი მაღალჩინოსნების დაპატიმრებამ და მათ მიმართ შედარებით მსუბუქი ბრალის წაყენებამ «ქართული ოცნების» აქტიურ მხარდამჭერებშიც კი გააჩინა კითხვა _ სულ ეს იყო?

_ რასაც თქვენ ბრძანებთ, საზოგადოებაში გამეფებული რეაქციაა, მათ შორის, ჩემს ოჯახშიც. გვეკითხებიან: კი მაგრამ, სულ ეს არის? რომ გითხრათ, ვეთანხმები ამგვარ მიდგომას-თქო, მოგატყუებთ. დანაშაული, როგორი სიმძიმისაც არ უნდა იყოს ის, დანაშაულია. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება რომ არ ისჯებოდა სათანადოდ, იმიტომ მივიდა ჩვენი ქვეყანა ტოტალურ უსამართლობამდე. ადამიანს როცა აქვს ძალაუფლება, მისი გადამეტება ან ბოროტად გამოყენება არ შეიძლება იყოს მსუბუქი და უწყინარი. ამან შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიიღოს. ერთ შემთხვევაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ტენდერში გაყალბების კუთხით გამომჟღავნდა, სხვა საქმეებში _ მტკიცებულებების გაყალბებაში მოწმეზე ზეწოლის მოხდენის გზით ან თუნდაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიერ,  სავარაუდოდ, ჯარისკაცების ცემა-ტყეპის ფაქტში. ეს, მერწმუნეთ, ძალიან სერიოზული დანაშაულებია.

მესმის, რომ საზოგადოებაში რამდენიმე პირის მიმართ სერიოზული ნეგატიური განწყობაა და სურთ, რაც შეიძლება მალე გამოიძიონ თუნდაც ციხის ბუნტი, გირგვლიანის საქმე (რაშიც, სხვათა შორის, ყველაზე კარგად წავიწიეთ წინ), ზურაბ ჟვანიას საქმე, რათა საზოგადოებას აღარ ჰქონდეს სასაყვედურო სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, _ კი მაგრამ, ამათ ხომ დაგვაქციეს და სულ ეს არის? და ა.შ. დანაშაული დანაშაულია.  

პროკურატურას ვერ ვუსაყვედურებთ იმას, რომ თვალი არ დახუჭა მტკიცებულებებზე, რომლებიც მიუთითებდა, რომ ბაჩო ახალაიამ, სავარაუდოდ, თავისუფლება აღაკვეთინა უკანონო პატიმრებისთვის, არაადამიანურ პირობებში ამყოფა ისინი, რომ ისინი, სავარაუდოდ, აცემინა. ალბათ, საზოგადოება არ მოგვიწონებდა, რომ, როდესაც პროკურატურას ხელთ ჩაუვარდა ეს მტკიცებულებები, თვალი დაეხუჭა და შესაბამისად არ ემოქმედა. ყველა საქმე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, ძიების პროცესშია _ ჩვენ არსად  გვეჩქარება.

_ გვახსოვს 900 ლარად შეძენილი კვიპაროსის ნერგები, ერთი განათების ბოძში გადახდილი 15 ათასი ლარი, საუბარი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებაზე… იგეგმება თუ არა ამ მითვისებული თანხების ამოღება? კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება მოპარული, მიტაცებული თუ უკანონოდ წართმეული ქონება?

_ ეს საკითხი არ გადაწყდება ისე, როგორც ეს სააკაშვილმა და «ნაციონალურმა მოძრაობამ» გადაწყვიტა. ჩვენ გვახსოვს, რომ მათ პროკურორებს უთხრეს, მიდით დააპატიმრეთ, მოიყვანეთ და მოატანინეთ! პრეზიდენტის განცხადებებიც აქეთ იყო მიმართული. ესეცაა მეთოდი, მაგრამ ჩვენ სწორედ ამ მეთოდის გამო ვიყავით ოპოზიციაში. ჩვენ სამართლებრივად ვიმოქმედებთ. საქმე ჯერ გამოსაძიებელია. თუ გაირკვა, რომ კანონი დაირღვა, ამის შემდეგ ირთვება უკვე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. უკანონოდ მითვისებულის დაბრუნება ყველას მოუწევს, ხალხს და სახელმწიფოს მიყენებული ზიანი ყველამ უნდა აუნაზღაუროს, თუმცა ჯერ საჭიროა გამოძიება და სასამართლო, პირდაპირ ზიანის ანაზღაურებით ვერ დაიწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში დავემსგავსებით იმ უკანონო სისტემას, რომელიც «ნაციონალურმა მოძრაობამ» 2004 წლიდანვე შექმნა, როცა პროკურორს, ყოველგვარი განაჩენისა და კვლევის გარეშე, მიანიჭა უფლებამოსილება ფულის «მოტანინების» დარგში.

_ სასამართლო ახსენეთ და სასამართლომ გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო არაერთი ისეთი პირის მიმართ, რომელთა ბრალეულობაც, საზოგადოებრივი აზრის თანახმად, ეჭვს არ იწვევდა…

_ გუშინ მივიღე ზომები იმასთან დაკავშირებით, რომ შევისწავლოთ,  როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ სასამართლოები არჩევნების შემდეგ მსგავს საქმეებში ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ. მალე გვექნება სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც აჩვენებს სურათს, იქცევა თუ არა ჩვენი დღევანდელი სასამართლო შერჩევითად, ანუ ხომ არ უფარდებს გირაოს «ნაციონალური მოძრაობის» თვალსაჩინო წარმომადგენლებს და ხომ არ უფარდებს ავტომატური წესით პატიმრობას ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებსაც მათზე ნაკლები დანაშაული ედებათ ბრალად.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ხანდახან მეჩვენება, რომ სასამართლო ხელისუფლება მმართველ გუნდს ოპოზიციაში ჩაუდგა. ის  დაამონა იმ ადამიანმა, რომელიც ამ ოთახში იჯდა და ვისთანაც ნებისმიერი გადაწყვეტილება თანხმდებოდა. დღეს ასე არ არის. ჯერ ერთი, ამის ნება ჩვენ არ გვაქვს და მეორე _ იმის გამო, რომ კუბლაშვილმა 8 ოქტომბერს გადაწყვიტა, რომ ის არის თავისუფალი, სწორად მიხვდა, მაგრამ ვერ ვხვდები, ამისთვის ერთი კვირა რატომ დასჭირდა.  მან გადაჭრა კაბელები, რომლებიც ხელს უწყობდა სისხლის სამართლის ელექტრონული ვერსიის ფუნქციონირებას, რომლებიც პროკურორებს თავიდან ააცილებდა ორთაჭალიდან მანქანით შუამდგომლობის ქაღალდის მიტანას სასამართლოებში და ა.შ. მან იფიქრა, რომ თავისუფლება ასე მტკიცდება. ეს კაბელები გადაიჭრა დე ფაქტოდ და სიმბოლური მნიშვნელობითაც, მაგრამ თავისუფლება საოცარი რამეა, მისი გათავისების უნარი ასე ავტომატურად არ მოდის, სწავლა უნდა.

დღეს მოსამართლეებს ჰყავთ ხელმძღვანელები, რომლებმაც არ იციან, რას ნიშნავს თავისუფლება სამოსამართლო საქმეებში და არც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ესმით რეალურად, ამიტომაც მეჩვენება, რომ მათ ჩათვალეს, თუ სისტემატურად შეეწინააღმდეგებიან პროკურატურას ასეთ გახმაურებულ საქმეებში, ამით დაუმტკიცებენ საზოგადოებას, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან. ამიტომაც, როგორც იუსტიციის მინისტრმა, მინდა ვიცოდე, როგორია ტენდენციები და სტატისტიკა. თუ ისინი ასევე იქცევიან ჩვეულებრივი მოქალაქეების საქმეებთან დაკავშირებითაც, მე ამას მხოლოდ მივესალმები, იმიტომ, რომ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვაკრიტიკებდი და ყოველთვის გავაკრიტიკებ ავტომატურად პატიმრობის შეფარდებას, როგორც აღმკვეთ ღონისძიებას. ვამბობდით, რომ უნდა იყოს გამოყენებული გირაო, თავდებობა, რათა ციხეები არ გადაიტვირთოს, ჯანმრთელი ადამიანები არ დაავადდნენ და გირაოს ქვეშ საკუთარ სასამართლოს სახლში დაელოდონ. ამაში ცუდს მე ვერაფერს ვხედავ. ერთადერთი რამ მაწუხებს _ ხომ არ არის შერჩევითი სამართალი.

_ ქალბატონო თეა, ბრძანეთ, რომ გირგვლიანის საქმეზე მნიშვნელოვანი წინსვლაა. მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ე. წ. ციხის საქმე მალე მთლიანად გაიხსნება…

_ 25 ოქტომბერს სტრასბურგში, მინისტრთა კომიტეტში, გირგვლიანის საქმეზე წარვადგინე გადაწყვეტილების აღსრულების სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილი, შემდეგ ნაწილს 31 იანვრამდე წარვადგენთ. ეს გეგმა გულისხმობს იმას, რომ ავიღეთ ვალდებულება და გამოძიებას ახლიდან დავიწყებთ. დაიწყო კიდეც _ მის ფარგლებში რამდენიმე მოწმე დაიკითხა.

გამოძიება ამოწმებს, რამდენად დასაბუთებული იყო ის ვერსია, რომელიც ეკუთვნის დათა ახალაიას, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ საქმეს იძიებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიების ვერსია იყო, რომ თვითონ იქ იყო, ამ დროს კი ამტკიცებდა, რომ მის ჯგუფსა და გარეთ მყოფ ადამიანებს შორის კავშირი არ არსებობდა. და უკვე კაფედან გამოსულ გირგვლიანსა და გარეთ მყოფ ჯგუფს შორის მოხდა რაღაც დაპირისპირება. ამ ვერსიის სანდოობაზე პირველივე დღეებიდან სერიოზული ეჭვები ჰქონდა საზოგადოებას და, უპირველესად, ქალბატონ ირინა ენუქიძეს. გამოძიება ამას გადაამოწმებს.

ასევე ბურუსით მოცული იყო ის გარემოება, რომელშიც სანდრო გირგვლიანს შეეძლო სხეულის ასეთი მძიმე დაზიანებები მიეღო. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არც ერთ მომენტში არ დაინტერესებულა გამოძიება, რა სიტუაციაში მიიღო ეს დაზიანებები გარდაცვლილმა, ასევე, ვინ იყო ამ დაზიანებების ავტორი. თუ ჩავთვლით, რომ იქ იყო ოთხი კაცი და, როგორც იკვეთება, იქ უფრო მეტი იყო, ოთხივე არის დამნაშავე გირგვლიანისთვის ხორხზე მიყენებული ჭრილობებისთვის. სისხლი მოხვდა სასუნთქ გზებში და იგი გაიგუდა. ეს ოთხივემ თუ გააკეთა, როგორ გააკეთა? თუ ოთხივემ არ გააკეთა, მაშ რომელმა მათგანმა გააკეთა?.. ესაა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. სანდრო გირგვლიანს ვინ სცემდა და ვინ მიაყენა ჭრილობები, საერთოდ გამოუძიებელია. სტრასბურგის სასამართლო ამით აბსოლუტურად გაოგნებულია.

_ წლების მანძილზე ადამიანები იკრიბებოდნენ, ითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას, ამის სანაცვლოდ მათ სცემდნენ, ხოცავდნენ და სახურავებზე ყრიდნენ. ეს არ იწვევდა ისეთ მწვავე რეაქციას, როგორიც მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნამ გამოიწვია – ეს მოთხოვნა ლამის ოპონენტების პოლიტიკურ დევნად შეფასდა, მათ შორის ჩვენი უცხოელი მეგობრების მხრიდან…

_ დავიწყოთ ჩვენი პარტნიორი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებით.  არჩევნების შემდეგ მათ განცხადებებს ვისმენ და არ მომჩვენებია, რომ ეს განცხადებები არაადეკვატური ან ზედმეტად კრიტიკულია. 1 ოქტომბრის შემდეგ მრჩება ერთადერთი შთაბეჭდილება: ეს ადამიანები იმაზე კი არ საუბრობენ კრიტიკულად, რაც რეალურად ახლა ხდება, არამედ მომავალზე, რომ რამე ცუდი არ მოხდეს. მათ აქვთ ცუდი გამოცდილება წინა ხელისუფლებისგან, რომელმაც დიდი დაპირებებით დაიწყო. იმაზე მეტი აღტაცება სდევდა «ვარდების რევოლუციას», ვიდრე 1 ოქტომბერს, და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ამიტომ გავუგოთ ჩვენ მათაც, რომ შფოთავენ, რამე ცუდი არ მოხდეს ამ კარგად დაწყებულ საქმეში. ამიტომ მე მათ განცხადებებს კრიტიკულ ჭრილში არ განვიხილავ და ეს არაა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე გაკეთებული განცხადებები.

ჩვენ გვაქვს შეხვედრები, კონსულტაციები ჩამოსულ სტუმრებთან და მათგან რეალურად გულშემატკივრის პოზიციას ვხედავ. მათ იციან, ისევე, როგორც ქართველმა ხალხმა, რომ ახლა თუ ამ ხელისუფლებასაც ის დაემართა, რაც თავის დროზე «ნაციონალური მოძრაობის» ხელისუფლებას დაემართა, რეალურად ქვეყანა ძალიან დიდი ხნით შევა ჩიხში. ეს ხალხი გულშემატკივრის პოზიციიდან შფოთავს და ეს კარგია. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ არავინ შფოთავდა და ყველა ბედნიერი იყო. ამ უსაგნო ბედნიერებამ მოიტანა დიდი უბედურება.

_ შფოთვა გასაგებია, მაგრამ იმავე «ვაშინგტონ პოსტში» შეშფოთებასთან ერთად იყო არცთუ სასიამოვნო შეფასებები. ექსპერტების ნაწილი მსგავს მკვეთრ შეფასებებს იმას მიაწერს, რომ საინფორმაციო ომს დასავლეთში სააკაშვილის გუნდი ჯერჯერობით იგებს და, ასე ვთქვათ, «დასავლეთი ცუდადაა ინფორმირებული». არის ალტერნატიული მოსაზრებებიც. მაგალითად, ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა, რომ ამგვარი შეფასებები ორმაგი სტანდარტების გამოვლინების მაგალითია და, რომ ამერიკა ცდილობს, შეინარჩუნოს სახე, რადგან ცხრა წლის განმავლობაში ღიად უჭერდა მხარს «დემოკრატიას», რომელიც რეალურად დიქტატურასა და დანაშაულზე იდგა.

_ მაინც მგონია, რომ «ვაშინგტონ პოსტთან» მიმართებაში ეს იყო უბრალოდ ჟურნალისტური შეცდომა, რაც, ალბათ, თქვენც მოგსვლიათ და, ალბათ, ნებისმიერ ჟურნალისტს შეიძლება მოუვიდეს. ეს არის შემთხვევა, როდესაც მოვლენებისა და პერსონალიების არასწორი შეფასებები კეთდება  იმიტომ, რომ ერთი ტიპის ინფორმაციას ფლობს ის, ვინც ამ შეფასებებს აკეთებს. რა თქმა უნდა, ჟურნალისტი ვალდებულია, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროც გადაამოწმოს, მაგრამ, იმ ინფორმაციებიდან გამომდინარე, რომელთაც ისინი, როგორც ჩანს, ფლობდნენ, ეს მცდარი შეფასება გააკეთეს. ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში.

რაც შეეხება ფრანგულ პრესას, გამომდინარე იქიდან, რომ უკეთესად ვიცნობ ამ ქვეყანას, მის საზოგადოებას, მენტალიტეტს და მიმდინარეობებს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ფრანგულ მედიაში მიმდინარეობს ტყუილის ტირაჟირება, რომლის მთავარი ავტორი არის ბატონი გლუკსმანი, და მე ეს უკვე ვთქვი ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემაშიც. ერთადერთ ნაკლს ვხედავ იმაში, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებთან კომუნიკაციები უნდა გამოვასწოროთ და ერთი კვირაა, ამ გზას ვადგავართ. გარესამყარო ძალიან მალე მიიღებს ალტერნატიულ ინფორმაციას და მერე გააკეთებენ რეალურ შეფასებებს.

_ ქალბატონო თეა, მოახდენს თუ არა გავლენას თქვენს მკვეთრ პოზიციაზე განცხადებები, რომლებიც ისმის დასავლეთისგან. ხომ არ შეანელებს ეს განცხადებები სამართლიანობის აღდგენის პროცესს?

_ მთავარი ამოსავალი არის ის, თუ რა საჭიროება აქვს ქვეყანას და ქართველ ხალხს. ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გამოხატა 1 ოქტომბერს და თქვა, რომ მას უნდა სამუშაო ადგილები, ჯანდაცვის სისტემა, გამართული სოფლის მეურნეობა და აუცილებლად უნდა სამართლიანობა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ სამ სფეროში არ ვმუშაობ, ხალხის შეკვეთას თვალი უნდა გავუსწორო და ჩემი გუნდის პირობებში შევეცადო, სამართლიანობა შეძლებისდაგვარად აღვადგინოთ. ცხრაწლიანი ტოტალური უსამართლობის შემდეგ ყველაფერს ერთბაშად ვერ გავწვდებით, მაგრამ მთავარი ნაბიჯები უახლოეს კვირებში უნდა გადაიდგას, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს წარსულზე საუბარი. ოღონდ მინდა დაგარწმუნოთ, რომ წარსულზე საუბარი ჩემთვისაც არაა სასიამოვნო, არათუ ჩვენი დასავლელი გულწრფელი გულშემატკივრისთვის. ეს ის წარსულია, რომლის გახსენებაც კი არ მინდა, არათუ მასში ქექვა, მაგრამ წარსულში რომ არ ჩაიხედო და სწორად არ ჩაიხედო, ასე არ გამოვა.

ამასთან,  მომავლის ის პროექტები, რომლებზე მუშაობაც უკვე დავიწყეთ და ამ გამხაურებულმა საქმეებმა ჩრდილში მოაქცია, უნდა გაგრძელდეს. ახალი იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად დაზუსტებული საარჩევნო სიების შედგენა, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

გუშინ დავიწყეთ დანაშაულის პრევენციის პროექტი, რომელიც ქვეყანაში აქამდე არ არსებობდა. ჩვენ ველოდებით ამნისტიის აქტის შედეგად გამოსულ პატიმრებს. უკვე დავიწყეთ სოციალური მუშაკების აყვანა, რათა განსაკუთრებით ახალგაზრდებს «ავუკრძალოთ» უკან მიბრუნება და ხელი შევაშველოთ, რომ საზოგადოებაში მოეწყონ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო რეფორმა და ეს საკითხი მალე პარლამენტში განიხილება. მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის უფლება-მოვალეობები გაიმიჯნება, რათა მთავარი პროკურორი იქცეს წამყვან ფიგურად. შეკრებითობის კანონი გაუქმდება. ასევე აქტუალურია პოლიტპატიმრების თემა, ამნისტია, გლეხებისთვის მიწების დაკანონების სწრაფი და სწორი ფორმის შექმნა საჯარო რეესტრთან ერთად. ძალიან ბევრი საკითხია, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომელსაც საზოგადოება ჯერ ვერ აქცევს ყურადღებას, რადგან წარსულში იყურება, იმიტომ, რომ მძიმე იყო ეს წარსული.

_ მძიმე მემკვიდრეობა ახსენეთ და თუ მათ ამჟამინდელ პოზიციას, ქცევას გავითვალისწინებთ, მიაღწევენ ვადის ამოწურვამდე ისეთი არჩევითი თანამდებობის პირები, როგორიცაა პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე?

_ მერთან არანაირი შეხება არ მაქვს, ამიტომ ვერ შევაფასებ, რამდენადაა შესაძლებელი მასთან თანაარსებობის რეჟიმში მუშაობა. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს და მის ხელმძღვანელობას, მე მათთან საქმიანი შეხვედრები მქონდა, როდესაც კანონპროექტებზე მუშაობა გადავწყვიტეთ. ჩვენ მათ პროექტები გავაცანით. აქეთ კი არ დავიბარეთ, როგორც აქ მჯდომი ფანტომასი კაცი იბარებდა ხოლმე, იქით ვეახლეთ, იმიტომ, რომ ასე უნდა იქცეოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობა. ბატონმა ცერცვაძემ, რომელიც იუსტიციის საბჭოს მდივნის მოადგილეა, თავისი მოსაზრებები წარმოადგინა კიდეც, რომელთა ნაწილიც გავიზიარეთ. აქედან გამომდინარე, კოტე კუბლაშვილი რაც არ უნდა კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდეს, რომ იუსტიციის სამინისტრო ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს სამართლიანი სასამართლოს დარგში, მე მაინც ვხედავ თანამშრომლობის გარკვეულ სივრცეს მანამ, სანამ ის რჩება სასამართლო ხელისუფლების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელად, თუმცა ამ რეფორმით კმაყოფილი ვერ იქნება, რადგან ამ ახალი რეფორმით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვართმევთ იმ ყოვლისმომცველ ფუნქციებს, რომელთა წყალობითაც იგი თავის სამ-ოთხკაციან ჯგუფთან ერთად ტოტალურად აკონტროლებდა იუსტიციის სკოლასაც, მოსამართლეთა კონფერენციასაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც და, რა თქმა უნდა, სასამართლოებს, თუმცა ეს რეფორმა საჭიროა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისთვის. მიუხედავად ამისა, მე ვხედავ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ დავასახელებ ამ ეტაპზე და რომლებთანაც ძალიან დიდი თანამშრომლობის პერსპექტივაა.    

_ ქალბატონო თეა, ერთ-ერთ პრიორიტეტად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად დაზუსტებული საარჩევნო სიების შედგენა დაასახელეთ. აპირებს თუ არა ახალი ხელისუფლება არჩევნების გამყალბებელთა გასამართლების პრეცენდენტის შექმნას? რა თქმა უნდა, არჩევნების გამყალბებლებში მხოლოდ ე. წ. კარუსელის მონაწილეებს კი არა, უპირველესად, გაყალბების ორგანიზატორებს ვგულისხმობ.

_ ე. წ. კარუსელის მონაწილე ძალიან ხელწამოკვრით ახსენეთ…  კარუსელის მონაწილე, რომელიც საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას არჩევანს რეგულარულად ჰპარავდა. ამიტომ მგონია, რომ კარუსელის უბრალო მონაწილე, რომელსაც მოქალაქის თვითშეგნება არ აქვს, შუაში კი არა, თავშია. კიდევ კარგი, ასეთები უმცირესობაა და უმრავლესობამ 1 ოქტომბერს ძალიან დიდი თვითშეგნება აჩვენა. არჩევნების გაყალბების საქმეებს, რა თქმა უნდა, გამოვიძიებთ, თუმცა ამჯერად ეს საქმეები თაროზე დევს, მაგრამ მალე გადმოინაცვლებს მაგიდაზე.

_ ვინ არის შემდეგი, ვისაც გამოძიების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს?

_ წინასწარ არ ვიცი. ეს იცის რიგითმა პროკურორმა, რომელიც ამა თუ იმ საქმეს იძიებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here