Home რუბრიკები პოლიტიკა შეკითხვა მთავარ პროკურორს: რატომ არ არის გამოცხადებული ინტერპოლის ხაზით შაშკინის ძებნა?

შეკითხვა მთავარ პროკურორს: რატომ არ არის გამოცხადებული ინტერპოლის ხაზით შაშკინის ძებნა?

578

უამრავი საჩივარი შედის პროკურატურაში, ცხადია, ზღვა სამუშაო აქვთ გამომძიებლებს, ბატონი არჩილ კბილაშვილი და მოკლე დროში დიდი პატივისცემის მომხვეჭი პატარა ქალბატონი, თეა წულუკიანი მაქსიმალურად ცდილობენ, ისე წარმართონ პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში, რომ ჩასაფრებული «ნაცებიდან» არავის მიეცეს შემოდავების საბაბი. მიუხედავად ამისა, მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა  მაინც უკმაყოფილოა პროკურატურის მუშაობის ნელი ტემპით, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურების დაკავებითა და შედარებით მსუბუქი ბრალდებების წაყენებით, გაოცებულია მთავარი დამნაშავეების (ხალხის თვალში!) გარეთ, თავისუფლებაზე ყოფნით (ხელისუფლების ხელში აღებიდან ერთი თვის თავზე!) და განსაკუთრებით აღშფოთებულია ბევრი მათგანის ამორალურცინიკური განცხადებებით, რაც კიდევ უფრო მწვავედ აყენებს დღის წესრიგში მათთვის დროულად თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნას.

ცხრა წლის მანძილზე უფლებებგათელილი მოსახლეობის სურვილი მართლმსაჯულების სწრაფი აღსრულებისა, ერისა და სახელმწიფოს წინაშე სისხლის სამართლის დამნაშავეების ხმის ჩაგდებისა და მათი გისოსებს მიღმა ხილვისა, სავსებით გასაგებია, თუმცა ჩვენი მომთმენი ერი ამავე დროს იმასაც აცნობიერებს, რომ ძველი ხელისუფლების გამოძიების მეთოდები არ უნდა იქნეს გამოყენებული, რომ წაყენებული ბრალდებები უტყუარ სამხილებს უნდა ეფუძნებიდეს.

ამასთან, არსებობს ზოგიერთი ისეთი დანაშაული, რომელსაც, შეიძლება ითქვას, არც გამოძიება სჭირდება, არც მოწმე და არც სამხილი და არც – პროკურატურაში სარჩელის შეტანა, საქმის დაუყოვნებლივ აღძვრა თავად პროკურატურის პრეროგატივაა.

ის, რაც საქართველოში მოხდა 1 ოქტომბრის არჩევნების(!) შემდეგ, მსგავსი დეზერტირობის პრეცენდენტი _ სახელმწიფოდან თითქმის ერთდროული გაქცევა თავდაცვის მინისტრისა და მისი მოადგილის, იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის (წვრილფეხობას ვინღა თვლის) მსოფლიომ არ იცის! მართალია, ეს «ნაცების» ხელისუფლების სირცხვილია დიდწილად, მაგრამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების ოპერატიულად არაღძვრა უკვე ახალი ხელისუფლების სირცხვილია (ოპერატიულობას ვინ ჩივის, საერთოდ არაა აღძრული!).

კონკრეტულად მე მხოლოდ ერთ შემთხვევაზე შევჩერდები.

ყველამ _ სამხედრომაც და სამოქალაქო პირმაც, კარგად ვიცით, რომ, თუ ჯარისკაცი მისთვის მინდობილ პოსტს თვითნებურად მიატოვებს, იგი მკაცრად დაისჯება, ომის დროს კი დაიხვრიტება, ხშირად ადგილზეც, ყოველგვარი სამხედრო ტრიბუნალის გარეშე. თუკი თავდაცვის მინისტრი ან მისი მოადგილე, ან ორივენი ერთად მიატოვებენ(!) მათთვის მინდობილ უაღრესად საპასუხისმგებლო #1 პოსტს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოება ჰქვია და რომლის შედარებაც(!) კი არ შეიძლება ჯარისკაცის პოსტთან, ასეთ შემთხვევაში, პროკურატურა ვალდებულია(!), დაუყოვნებლივ აღძრას საქმე დეზერტირობის მუხლით.

რატომ არ არის გამოცხადებული ინტერპოლის ხაზით შაშკინისა და ახალაიას (დათა) ძებნა?! (ახლახან ახალაიასთვის წაყენებული ბრალდება აბსოლუტურად სხვა კატეგორიისაა!). ძებნაც რა საჭიროა, როცა შაშკინის ზუსტი ადგილსამყოფელი ცნობილია, ჟურნალისტმა ხომ ინტერვიუც აიღო, ამერიკის შტატი და მისამართიც გვამცნო და საცხოვრებელი შენობის ფოტოც მოგვაწოდა! იმიტომ, რომ ამერიკამ შეიფარა? იქნებ, მხოლოდ მათი ნებაყოფლობით ჩამოსვლის შემთხვევაში (ბაჩო ახალაიას ანალოგიურად) მიიღებს ზომებს პროკურატურა? ისე, ჯერ კიდევ საკითხავია, იყო კი გასული საქართველოდან ბაჩო, თუ სამეგრელოში იმალებოდა თავის ძმასთან ერთად? რატომ არაფერს გვეუბნებიან, თუ სად იყო იგი და საიდან შემოვიდა (თუ შემოვიდა, საერთოდ!) საქართველოში? დავიჯეროთ, გასვლა-შემოსვლის შტამპი არსად არ ჩაურტყეს პასპორტში _ არც სარფში და არც სხვაგან? იქნებ დათაც სამეგრელოშია და არც ინტერპოლია საჭირო? ინფორმაციას ძმების ადგილსამყოფელის თაობაზე ხომ კარგა ხნის წინ გვაწვდიდა კახა მიქაია ზუგდიდიდან?! ამ ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ დათას გარჩევა ბაჩოსგან ჩვენ გვიჭირს და, თქვენ წარმოიდგინეთ, უცხოეთში ბაჩოს საძებნელად ამხედრებულ ჩეჩენ-ქისტ-ქართველს როგორ გაუძნელდებათ მისი ამოცნობა. ადვილი შესაძლებელია, ბაჩოს ნაცვლად დათა გამოასალმონ სიცოცხლეს და, როგორ გგონიათ, ძმები ახალაიები ამ საშიშროებას ვერ აცნობიერებენ?! ნუ ჩავთვლით მათ მთლად უტვინოებად!

სულ ფრთებიანი ანგელოზები რომ იყვნენ შაშკინი და ახალაია (დათა) და არავითარი დანაშაული არ ჰქონდეთ ჩადენილი (რომ არ ჰქონდეთ, არც გაიქცეოდნენ!), დეზერტირობა მათ არაფრით არ ეპატიებათ! მარტო ამისთვის უნდა დაისაჯონ ისინი უმკაცრესად! შაშკინის უსუსური თავის მართლება _ ოჯახს ემუქრებოდნენ და იმიტომ წავედიო, 100 %-იანი სიმართლეც რომ იყოს, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. თუ დავუშვათ (თეორიულად, ცხადია!) და ოჯახის დაცვა მართლაც არ ხერხდებოდა არასგზით, ბოლო-ბოლო, ცოლ-შვილი გაეშვა ამერიკაში, თორემ სად გაგონილა, ამ «მიზეზით» რომელიმე თავდაცვის მინისტრმა პოსტი დატოვოს, ღლონტის ღორივით დაადოს თავი და უკანმოუხედავად ქვეყნიდან გაიქცეს. იმდენი ჭკუაც არა აქვს ყოფილ განათლების(!) მინისტრს, რომ საერთოდ გაჩუმდეს და სისულელეები არ წამოროშოს!

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას შეფარებული ჰყავს დეზერტირი(!) თავდაცვის მინისტრი, ის უხერხულობას კი არ გრძნობს, პირიქით, აქეთ გვამუნათებს «ნატოს» პირით –კეთილი ინებეთ და მორჩით მინისტრების დაჭერებსო, თუ არ გინდათ, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში ჩაგითვალოთო! «ნატოს» გენერალური მდივნის _ რასმუსენის, ევროპარლამენტის ამჟამინდელი პრეზიდენტის _ შულცის, «ნატოს» საპარლამენტო ასამბლეისა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის _ ფილიპ გორდონის კრიტიკულ გამონათქვამებს _ ჩვენს საშინაო საქმეებში დიპლომატიური ენით ჩარევას, უამრავი საპასუხო გამოხმაურება მოჰყვა «ფეისბუქზე» თუ ჩვენს პრესა–ტელევიზიაში, ამიტომ მათზე აღარ შევჩერდები, სათქმელი ითქვა და შესატყვისი შედარებებიც გაკეთდა (ნიურნბერგის პროცესთან, უოტერგეიტთან).

მე შევჩერდები მხოლოდ გორდონის სიტყვებზე, რადგანაც ჩემი პასუხი საკმაოდ განსხვავებულია ხელისუფლების მიერ გაკეთებულისგან. გორდონი, როცა იგი «შერჩევითი სამართლის» დაუშვებლობაზე გვმოძღვრავს, გულისხმობს იმას, რომ ადგილი არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ნიშნით შერჩევას, თუმცა, ცხადია(!), სხვა სიტყვებით, იმასაც გასაგებად გვეუბნება, რომ არ უნდა მოხდეს დამარცხებული «ნაცმოძრაობის» ლიდერების დაპატიმრება-გასამართლება. ახალი ხელისუფლების აუღელვებელი პასუხი, ანუ ამერიკა-ნატო-ევროპარლამენტისთვის მიცემული პირობა იმის თაობაზე, რომ შერჩევით სამართალს ადგილი არ ექნება, ერთი შეხედვით, სავსებით კორექტულია და მისაღები ყველასთვის, მაგრამ, ჩემი აზრით, იგი დაზუსტებას მოითხოვს. ამერიკა-ევროპას არავინ ეუბნება პირდაპირ, რომ ეს შეუძლებელია, რომ დღევანდელ საქართველოში სწორედ შერჩევითი სამართალი იქნება კარგა ხანს, ეს გარდაუვალია! რატომ?! ახლავე მოგახსენებთ!

ყველამ, ვინც კი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებთ უკანასკნელი ხუთი წელი მაინც, კარგად ვიცით (და ეს არანაკლებად, თუ უკეთესად არა, იციან ამერიკა-ევროპაშიც!), რომ აბსოლუტურად(!) ყველა თანამდებობა საქართველოში, პრეზიდენტიდან დაწყებული სოფლის გამგებლით დამთავრებული, მხოლოდ და მხოლოდ «ნაცმოძრაობის» წევრებს, აქტივისტებს და მის აშკარა მხარდამჭერებს ეკავათ (და დღესაც უკავიათ ბევრ რაიონში, მერიაში, სასამართლოებში). ოპოზიციურად მოაზროვნეებს არათუ თანამდებობებზე ნიშნავდნენ, არამედ 100-200-ლარიანი სამსახურებიდანაც ათავისუფლებდნენ, თუკი ისინი «ნაცების» პოლიტიკის მიმართ თავიანთ უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამდნენ ან სულაც თუ ოპოზიციის მიტინგზე დალანდავდნენ მათ! განსაკუთრებით აქტიურებს კი, სამსახურის დაკარგვას ვინ დაეძებს, თავისუფლებასაც აკარგვინებდნენ იარაღ _ ნარკოტიკების ჩადებით ან მოგონილი, პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობის ბრალდებით.

რაც შეეხება დადასტურებულად ჩადენილ დანაშაულს, ამისთვისაც, როგორც წესი, ძირითადად, ისჯებოდნენ ოპოზიციაში მყოფნი და არა – «ნაცების» მხარდამჭერნი და, რაღა თქმა უნდა, არავინ ისჯებოდა «ნაცების» ელიტიდან. მათი რიგებიდან მხოლოდ მაშინ უსწორდებოდნენ ვინმეს, თუ იგი ოპოზიციაში გადავიდოდა. ერთი სიტყვით, «ნაცებიდან» ციხეებში არავინ ხვდებოდა და, თუ ხვდებოდა (ასეთი სულ რამდენიმე კაცი იყო ამ ცხრა წლის მანძილზე, ძალიან გახმაურებულ მკვლელობებში მონაწილენი), სამუდამო პატიმრობის ნაცვლად რამდენიმე წელს უსჯიდნენ, თანაც არა «პარაშასთან», არამედ რესტორნის მენიუს მქონე სპეცკამერებში.

რაც კი რამ გამოუძიებელ-დაუსჯელი(!) დანაშაულია ჩადენილი საქართველოში, ყველა ჩადენილია «ნაცმოძრაობაში» გაერთიანებული პირების მიერ, ამიტომ ბუნებრივია, რომ სწორედ ამ დამნაშავე «ნაცმოძრაობის» საქმეები უნდა იქნას გამომზეურებული, სხვა, ფაქტობრივად, არც არსებობს! არ არსებობს უბრალო მიზეზის გამო _ ყველა სხვა დამნაშავე გასამართლებული და უმკაცრესად დასჯილია. ამაზე მეტყველებს პატიმართა გაუგონარი რაოდენობაც ჩვენს ციხეებში და ასევე უზარმაზარი არმია იმ პირებისა, რომლებმაც საპროცესო გარიგებებით დააღწიეს თავი საპყრობილეებში არსებულ ჯოჯოხეთურ პირობებს.

იქ, სადაც პირველივე(!) დანაშაულზეერთი ფიცრის, ქვაბის, მობილურის, საბურავის, ძეხვის, პურის, 15 ლარის ნიგვზის ან 40 ლარის ჯართის მოპარვისთვის რამდენიმე წლიდან 11 წლამდე უსჯიდნენ, როგორ გგონიათ, იქ დაუსჯელი ვინმე დარჩებოდა?! ცხადია, არავინ, თანამდებობებზე თბილად მოკალათებული «ნაცების» გარდა!

ასე რომ, გვინდა თუ არა (ძალიანაც გვინდა!), გამოსაძიებელი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე «ნაცების» მიერ ჩადენილი «საქმენი საგმირონია»! უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა რომ არ დამწამონ «კანონმორჩილმა» «ნაცებმა», ამიტომ ზოგადი მნიშვნელობის სიტყვის _ «დამნაშავის» ნაცვლად,ზუსტ შესატყვის და ფაქტებით დადასტურებულ სახელებს ვიხმარ.

«ნაცები», თითქმის ყველანი, უნდა გასამართლდნენ, როგორც მკვლელები _ გასამართლების გარეშე ასობით ადამიანის ჩახოცვისთვის და მოწამვლისთვის (ქუჩებში, ოჯახებში, პოლიციაში, ციხეებში), სადისტები _ ათასობით ადამიანის წამებისთვის (პოლიცია-ციხეებში მათთვის ჭრილობების, დამწვრობების, მოტეხილობების მიყენებისა და დაუნდობელი ცემისთვის; დადასტურებული მოწმეების ჩვენებით, სხეულზე დარჩენილი წამების წარუშლელი კვალითა და დოკუმენტური ვიდეოკადრებით), ყაჩაღები – ათასობით ადამიანის ქონების მიმტაცებლები (ძალით, «ჩუქების» გზით მიწების, ბიზნესის წამგლეჯები, საპროცესო გარიგებებისა და უკანონო ჯარიმების გზით მილიონების გამომძალველები; დადასტურებული დოკუმენტურად და აღძრული საქმეების რაოდენობით), ხაზინის ქურდები (ბიუჯეტის, გაღატაკებული ხალხის გადასახადების ხარჯზე მოგზაურობებში, კაზინო-სტრიპტიზკლუბებში მოგრიალენი; ესეც დოკუმენტურად დადასტურებული), სახელმწიფოსა და ხალხის მოღალატენი (საომარი მოქმედებების ზონაში ჩატოვებული მშვიდობიანი მოსახლეობის სასიკვდილოდ გაწირვისთვის; ჯარისკაცების, ცოცხალისა და დაღუპულის, მიტოვებისთვის, ორდღიან ომში უამრავი ამოუცნობი ცხედრისთვის, ტერიტორიის 20%-ის დაკარგვისთვის, პატიოსანი სამხედრო თუ სამოქალაქო პირების დასაპატიმრებლად შეთითხნილი ბინძური სცენარებისთვის _ ამბოხის, შეთქმულების, ჯაშუშობის, დივერსიული და ტერორისტული აქტების დაბრალებისთვის; იქნებ რომელიმე მათგანია საეჭვო?!), სახელმწიფო ტერორისთვის (მშვიდობიანი მომიტინგეების, მოშიმშილე ვეტერანების უპრეცედენტო სისხლიანი დარბევებისთვის, ქართული «უოტერგეიტებისთვის», ტოტალური თვალთვალ-მოსმენებისთვის და მოსახლეობაში საყოველთაო შიშის დათესვისთვის; ამას ხომ მტკიცებაც არ უნდა, მთელი საქართველოა მოწმე!).

ყველაფერი ამის ჩამდენი «ნაცმოძრაობის» ზუსტი სახელი არის დამნაშავე(!), სასამართლომ მხოლოდ დანაშაულის სიმძიმე უნდა განსაზღვროს, თანაც არა მარტო ბრძანების გამცემი პირველი პირების (უპირველესად!) და შემსრულებლების, არამედ «ნაცმოძრაობის» საერთოდ! დამნაშავეა ყველა _ როგორც «ნაცმოძრაობის» აქტიური ნაწილი, ისე მისი პასიური ფრთაც. ლამის დამლაგებლები დაადანაშაულეს ციხის კადრების შემდეგ, ხმას რატომ არ იღებდნენო, «ნაცმოძრაობის» გატრუნული მინისტრ-დეპუტატები კი, აქაოდა, ჩვენ არაფერში ვართ გასვრილიო, უდანაშაულონი არიან? პასუხი მათაც უნდა აგონ დანაშაულის დაფარვისთვის!

ყოველივე ზემოთქმულის გამო, ერთი დიდი, «ნაცმოძრაობად» წოდებული ორგანიზაციის მიერ ჩადენილი ათასობით(!) დანაშაულის გამო, იქნება სამართალი შერჩევითი და არა რაიმე სხვა მიზეზით!

მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში განსაკუთრებულ ზიზღს იწვევს «ნაცების» მოლაპარაკე სახეების გამომწვევი ქცევა და უტიფარი გამოსვლები. რისი იმედი აქვთ, ასე დიდგულზე რომ არიან? მათი გათვლა, ჩემი აზრით, მარტივია: «ნაცები» ფიქრობენ და, არცთუ უსაფუძვლოდ(!), რომ ათასობით(!) დანაშაულის გამოძიების ანალოგი პრეცენდენტი მსოფლიოში არ ყოფილა და, რომ ამერიკის გამოზრდილ-შერჩეული პრესიდენტ-მინისტრებისა და სხვა მაღალჩინოსნების დაპატიმრებას თავად ამერიკა არ დაუშვებს, არ დაუშვებს არსად მსოფლიოში და, მით უფრო, მის მიერ «დემოკრატიის შუქურად» წოდებულ რეგიონში, მისაბაძი და ყველაზე გაპიარებული პრეზიდენტის ქვეყანაში. ეს ხომ მისი სირცხვილიც იქნება! დიდი-დიდი, რამდენიმე მაღალჩინოსანი და რამდენიმე ათეული დაბალჩინოსანი გაწირონ. გამორიცხულია მოვლენების ასეთნაირი განვითარება?! სრულებითაც არა! ყველა დამნაშავის დაპატიმრება კი არა, თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ ოპერატიულად გამოეხმაურნენ და თანაც როგორი «გენიალური» ფრაზით («ჩვენთან მინისტრებს არ იჭერენ»), # 1 დამნაშავე-შემსრულებლის – ბაჩო ახალაიას დაკავებას, ეს ძალიანაც ადვილი დასაშვებია!

ბევრისთვის ნათელია ყველაფერი, მაგრამ უფრო მეტს ბუნებრივად უჩნდება კითხვა: რატომ იცავს ასე თავგამოდებით დასავლეთი სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას? «ვარდების რევოლუციიდან» დაწყებული არჩევნების ბოლო წუთამდე(!), ხაშურის ცნობილ ინციდენტამდე (ანუ სანამ მთელმა მსოფლიომ არ იხილა შეიარაღებული ნიღბოსნებისა და პოლიციელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების გატაცება!), ამერიკა აშკარად აფარებდა ხელს მათ. ეს არც იყო დამალული _ მთელი ამ ხნის მანძილზე საქართველოში გამეფებული უსამართლობის, სისხლიანი დარბევების, წამება-მკვლელობებისა და პოლიტიკური დევნის მიუხედავად, მხოლოდ ცარიელი სიტყვები _ «შეშფოთებები» გვესმოდა კანტი-კუნტად, მეტი არაფერი!

მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამერიკამ გადაგვარჩინა ხაშურის სცენარის განვითარებასა და კიდევ უფრო საშიშ დაპირისპირებას, ხელის დაფარება დღესაც იგრძნობა, სამართლიანობის აღდგენის ნიშნების გამოჩენისთანავე ყველამ ერთად დაგვიწყო რჩევა-მითითებების მოცემა. ცხრა წელი კრიმინალზე ხუჭავდნენ თვალს და ახლა სამუდამო პატიმრობის ღირსი დამნაშავეების დაკავებას რამდენიმე დღეში ეხმაურებიან დიპლომატიური თითის ქნევით! უცნაურია, არა?! ვინც ამერიკის გლობალურ ინტერესებს იცნობს, მისთვის არც არაფერია უცნაური! უცნაური უფრო ის უნდა იყოს, თუ რატომ არ უჭერს ამერიკა ისევე აშკარად მხარს ახალ ხელისუფლებას, როგორც ძველს _ «ნაცებისას». ახალი ხელისუფლება, რომელიც არჩევნებით მოვიდა, საგარეო პოლიტიკას ხომ იოტის ოდენადაც არ ცვლის(!) და ისევ ამერიკა-ნატოზეა მიჩერებული?! იგი ხომ მხოლოდ იმით განსხვავდება ძველი ხელისუფლებისგან, რომ ქვეყანაში სამართლის დამყარება სურს და გაჭირვებული ხალხისთვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნა უნდა?!

ძაღლის თავი და ყველაფერზე პასუხიც აქ არის დამარხული! ამერიკას სწორედ ეს არ აძლევს ხელს, მან შესანიშნავად იცის, რომ წელგამართული და სამართალს შეჩვეული ხალხის სახელმწიფოს (ხელისუფლების!) მართვა თავის ჭკუაზე გაცილებით გაუძნელდება, ვიდრე დაგლახებულ-დაშინებული ხალხის! თუმცა არსებობს მეორე მიზეზიც ამერიკა-ევროპის მხრიდან «ნაცების» დაცვისა. ძალიან ძნელია მათი მხრიდან იმის აღიარება, რომ საქართველოს თურმე წლების მანძილზე მართავდა არა «კორუფციის აღმომფხვრელი» ხელისუფლება, არამედ კრიმინალური ბანდა! ეს მნიშვნელოვანი არგუმენტია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც პირველი. ამას შედარებით ადვილად მოუძებნიდნენ ახსნას სურვილის შემთხვევაში. იტყოდნენ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება დასაწყისში, პირველ წლებში კარგები იყვნენ, მაგრამ მერე თავში აუვარდათ და ძალაუფლებამ ისინი გარყვნაო! მართალია, ეს უსუსური თავისმართლება იქნებოდა, რადგან არც ბოლო წლებში შეუწყვეტია პოლიტიკურ-ფინანსური მხარდაჭერა სააკაშვილის ხელისუფლებისა, მაგრამ გულუბრყვილო ხალხს (და ასეთია უმრავლესობა!) მაინც დააჯერებდნენ. რომ უნდოდეთ, ასეც მოიქცეოდნენ და მაშინ ახალი ხელისუფლების პირველ ნაბიჯებს _ სამართლიანობის აღდგენის მცდელობას, მხოლოდ მიესალმებოდნენ და არა _ პირიქით!

ისე კი, ვერ გამიგია და ვერც ვერასოდეს გავიგებ, ალბათ, რა ინტერესი უნდა გქონდეს ან რა მზე და მთვარე უნდა ამოგდიოდეს პრეზიდენტზე ისეთი, რომ მას და იმ ხელისუფლებას დაუჭირო მხარი, რომლის სამი უპირველესი მნიშვნელობის მინისტრი (თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის) და მთავარი პროკურორი ქვეყნიდან გაქცეულია(!), გაქცეულია არა რევოლუციის, არა სამოქალაქო ომის პირობებში, არამედ არჩევნების შემდეგ!

ჩვენ, ჩვენ რა უნდა ვიღონოთ, როცა ძალა აღმართს ხნავს! თუკი დეზერტირი(!) მინისტრის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ ვერ ვიღებთ ხმას, რომ იგი ამერიკას ჰყავს შეფარებული, თუ დამნაშავეზე დამნაშავეს ვერ ვიტყვით და ვერ გავბედავთ გასამართლებას «პოლიტიკური ოპონენტის» დევნის იარლიყის მოკერების შიშით და, ერთი სიტყვით, თუ თავის წაღუნვაა მხოლოდ «გამოსავალი», მაშინ რაღა შორეულ ამერიკას, ბარემ ერთმორწმუნე მეზობელ რუსეთს წავუღუნოთ, თავის დახრაც ნაკლებად დაგვჭირდება და _ კისრის წაგრძელებაც, თან ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი _ «შეჩვეული ჭირი სჯობია შეუჩვეველსო». რუსებთან ურთიერთობაში საკუთარი ინტერესების დაცვის მეთოდებიც საკმაოდ დავხვეწეთ 200 წლის მანძილზე (ეს არაა ხელწამოსაკრავი არგუმენტი!), ენასაც უფრო ადვილად შევინარჩუნებთ და, ცხადია, რწმენასაც; მამულის გამთლიანებას კი მხოლოდ და მხოლოდ(!) რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით თუ მივაღწევთ, შორეულ პერსპექტივაში მაინც, და ვერასოდეს _ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებით!

ფაქტია, რუსეთი 200 წლის მანძილზე მაინც ვერ დაგვაჯდა თავზე ვერც ცარიზმისა და ვერც კომუნისტების დროს, რუსული ჯარის საქართველოში მუდმივად ყოფნის მიუხედავად! ახლა კი უჯაროდ, მხოლოდ ეკონომიკური ბერკეტებით, სულგაყიდული ხელისუფლების (ნაწილობრივ მოცილებული ჭირის!) და სოკოებივით მომრავლებული ე. წ. არასამთავრობოების, ანუ ფინანსურად არა ჩვენს (უცხო!) მთავრობებზე დამოკიდებული ორგანიზაციების ხელით ისე გვმართავენ, როგორც მოეპრიანებათ! ცოტა გონს მოვიდეთ, თორემ ხომ ხედავთ, როგორ აფასებენ ყველაფერს უკუღმართად: ტირანიაზე გვეუბნებიან დემოკრატიააო, ურცხვად გაყალბებულ არჩევნებს (თანაც ყველაზე!) სანიმუშოს უწოდებენ, დამნაშავეს _ პატიოსანს, სადისტსა და მკვლელს _ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულს და «უკეთესი» გამოსაფხიზლებლად(!) რაღა უნდა გვითხრან.

ჩემი ვრცელი კომენტარის რაღაც ნაწილი, შესაძლოა, თემიდან გადახვევად მოეჩვენოს ზოგიერთს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, ვინაიდან წერილის დასაწყისში თავდაცვის მინისტრის დეზერტირობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაში და ამერიკა-ევროპის მაღალჩინოსნების მიერ პრაღა-ბრიუსელ-თბილისში ნოემბრის შუა რიცხვებში გაკეთებულ განცხადებებში კარგად ჩანს, თუ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ. ადვილი მისახვედრი უნდა იყოს ისიც, რომ დღეს უკან დახევა საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატის ტოლფასი იქნება. თუ გამოცხადებული სამართალის დამყარების კურსიდან უკან დაგვახევინეს, არავითარი ეკონომიკური წარმატება არ გვიშველის (არც გვექნება!).

შუა გზაზე შეჩერება და ნაწილობრივი სამართლის აღდგენით დაკმაყოფილება არაფრით არ შეიძლება, სამართალმა ყველას გულებსა და ოჯახებში უნდა იზეიმოს! რევანშიზმი მაშინაა მიუღებელი, თუ ის უკანონო გზებით ხორციელდება, არჩევნებით რევანში და კანონით განხორციელებული სამართლიანი(!) ანგარიშსწორება მისასალმებელია და აუცილებელიც (ყველაფერი ხომ ანგარიშითაა)! თუ სამართალმა პური არ ჭამა, ხვალ ისევ წამოყოფენ თავს «ნაცები» და, დიდი ალბათობით, უფრო მეტი სისასტიკით წამოგვაჯდებიან კისერზე.

ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საზოგადოების მეტი აქტიურობა, ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების არჩეული კურსის (სამართლებრივი კუთხით) მხარდაჭერა საჯაროდ და ხმამაღლა, რათა ყველამ _ შინ და გარეთ, დაინახოს და შეიგნოს, რომ უსამართლობას აღარ შევეგუებით! ახალი ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლება ჯერ კიდევ არ აქვს სრულად აღებული ხელში, ამ ეტაპზე საჭიროებს ჩვენს განსაკუთრებულ დახმარებას იმათთან გასამკლავებლად, ვინც «ნაცების» დამნაშავე ხელისუფლების გათეთრებასა და სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას ცდილობს, ვინც სააკაშვილსა და ივანიშვილს ერთ სიბრტყეში განიხილავს და «დიპლომატიურად» ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში! კანონის სრული დაცვით სამართლის გზაზე სიარულისთვის გვაძლევენ შენიშვნებს და, ხომ წარმოგიდგენიათ, ერთი ფეხი რომ გადაუბრუნდეს ივანიშვილს, რა ამბავს დაგვაწევენ!

უნდა მოვითხოვოთ პროკურატურაში შესული აბსოლუტურად ყველა საჩივრის განხილვა, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს, და დამნაშავეების კანონის ძალით დასჯა, ვისაც რა უნდა, თქვას ოკეანის გაღმა თუ გამოღმა!

სამართალი და მხოლოდ სამართალი! სხვა ყველაფერი სამართალს მოაქვს!

კართაგენი კი, კართაგენინაცმოძრაობა») უნდა დაინგრეს!

იაკობ ლეჟავა

 

1 COMMENT

  1. 1)სსფ–საერთშორისო სავალუტო ფონდი.აწარმოებს ეგრეთწოდებული მსხერპლ–ქვეყნების წინაამღდეგ ფინანსურ ომს,ნერგავს ვითომ "თავისუფალი ბაზრის"სახით,არაეფექტურ ეკონომიკურ მოდელს,თავს ახვევს კრედიტებს,და ნელ ნელა აქცევს სახელმწიფოს მუდმივ მევალედ .2)მსო–მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.ტრანსნაციონალური კორპორაციების დამრტყმელი ძალა,საკუთარ ინტერესებისათვის ქვეყნის საბაჯო სისტემის , შრომის დაცვისა და ბუნებრივ რესურსების შენარჩუნების კანონების თავის სასარგებლოდ"გადამტეხი". ფაქტიურად ანადგურებს სახელმწიფო სუვერენიტეტს.და ბოლოს3) ნატო– სამხედრო ძალის მეშვეობით ახშობს სახელმწიფოებისა და ხალხების წინააღმდეგობებს ამ რეფორმებისადმი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here