Home რუბრიკები სამართალი უჩა ნანუაშვილი: მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული აღიარა

უჩა ნანუაშვილი: მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული აღიარა

1462

მთავრობის დამტკიცებიდან თვეზე მეტი გავიდა. მოლოდინი, რომ «მეოცნებეთა» წყალობით ცვლილებები მყისიერად დაიწყებოდა, დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ხელისუფლებას რიგ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება უჭირს. წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების ნაწილი კი, თავად პრემიერის შეფასებით, გადაჭარბებული აღმოჩნდა (მაგალითად, ტარიფებთან დაკავშირებით). სახალხო დამცველის არჩევა ერთერთია იმ პროცესებს შორის, რომლებიც ახალ მთავრობას დროში მეტისმეტად გაეწელა. კონკრეტულად რითაა ეს ყველაფერი განპირობებული და ზოგადად, რა შეიცვალა ქვეყანაში არჩევნებიდან ორი თვის თავზე ადამიანის უფლებების კუთხით, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «ადამიანის უფლებათა ცენტრის» ხელმძღვანელი უჩა  ნანუაშვილი.

_ ბატონო უჩა, თითქმის ერთი თვეა, რაც ახალი ხელისუფლება ომბუდსმენის არჩევას ამაოდ ცდილობს. უშედეგოდ დასრულდა ყველა მსჯელობა და დისკუსია. არ გეჩვენებათ, რომ ეს პროცესი დროში მეტისმეტად გაიწელა?

_ რა თქმა უნდა, პროცესი გაიწელა და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ობიექტური მიზეზიც აქვს. ჯერ ერთი, საქმე გააჭიანურა იმან, რომ წინა სახალხო დამცველმა დააგვიანა განცხადების დაწერა, რის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, და მეორეც, ვაღიაროთ, ახალ მთავრობას დახვდა უმძიმესი მემკვიდრეობა, რამაც, ბუნებრივია, გამოიწვია მთელი რიგი შეფერხებებისა. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც ისაა, რომ თვითონ ხელისუფლება ვერ შეთანხმდა ყველასთვის მეტ-ნალებად მისაღებ კანდიდატზე, ანუ რეალურად მმართველი გუნდისა და საზოგადოების შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა, რის გამოც დისკუსიებმა ვერ მოიტანა შედეგი. ვფიქრობ, კომპრომისზე, ამ შემთხვევაში, უფრო მთავრობა უნდა წავიდეს, ვიდრე საზოგადოება, თუმცა ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ის, რომ პროცესი წავიდა არასწორი მიმართულებით, დიდწილად სწორედ საზოგადოების ბრალია. სამწუხაროდ, ახლა სიტუაცია ჩიხშია, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ არჩევნებს დაემსგავსა სახალხო დამცველის არჩევნები.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ როდესაც პოლიტიკოსები იყენებენ ყველა მეთოდს თავიანთი კანდიდატის გასაყვანად, ეს უკვე ომბუდსმენის არჩევნები არ არის. გარდა ამისა, იყო ერთმანეთის მიმართ ბრალდებები, ცილისწამებები და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. მოკლედ, ეს ყველაფერი უკვე გასცდა იმ ცივილიზებულ ფორმას, როგორც უნდა ხდებოდეს სახალხო დამცველის არჩევა.

_ დამტკიცდა თუ არა მთავრობა, დაპატიმრებების სერია დაიწყო და დღემდე გრძელდება. თქვენ, როგორც უფლებადამცველი, როგორ უყურებთ ამ პროცესს? რამდენად ობიექტურად ხდება ეს ყველაფერი?

_ ჩვენ ამ მასალებს ვიკვლევთ, ვსწავლობთ და ასევე ვაპირებთ სასამართლო პროცესებზე დასწრებას, რათა მონიტორინგი განხორციელდეს. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები, მაგალითად, გუნავას დაკავებაზე; გვაინტერესებს, რა მიზეზით მოხდა მისი აყვანა და შემდეგ გათავისუფლება. ასევე კითხვები ჩნდება გიორგი კალანდაძის საქმეზეც. იგი რამდენიმეჯერ დააკავეს და გაათავისუფლეს, რაღაც პინგ-პონგის თამაშივით იყო ეს ყველაფერი…

რაც შეეხება ობიექტურობას ამ პროცესისა, ყველაფრის მიუხედავად, იმის არანაირი რეალური საფუძველი, რომ მიმდინარე დაპატიმრებები რაიმე პოლიტიკურ ინტერესებს მივაწეროთ, არ არსებობს. იყო დანაშაული, ხდება დასჯა, ეს წმინდა სამართლებრივი პროცესია. სხვა დანარჩენი, დაკავებულების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ან რამე სხვა სახის ზემოქმედების ფაქტი არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, თვითონვე ახორციელებენ მონიტორინგს და დარწმუნებული ვარ, ეს ცნობილი გახდებოდა.

_ თუკი მიმდინარე დაპატიმრებები, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ხდება და პოლიტიკურ კონტექსტს არ შეიცავს, რატომ აღნიშნავენ ხაზგასმით დასავლელი დიპლომატები, პოლიტიკოსები და უფლებადამცველები, რომ პროცესი უფრო მეტ სიფრთხილეს საჭიროებს? მაგალითად, ამასწინათ ქეთრინ ეშტონმა განაცხადა, ყველაფერი, რაც კეთდება მართლმსაჯულების კუთხით, საჭიროა, გაკეთდეს ღიად და გამჭვირვალედო.

_ იგივე ადამიანები, რომლებთანაც აქ მიმდინარე პროცესებზე წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, ძალიან იშვიათად თუ აკეთებდნენ ისეთ ხმამაღალ განცხადებებს, როგორიც ახლა გვესმის. არადა, არსებობდა კონკრეტული ფაქტები, თუ რა ხდებოდა თუნდაც ციხეებში, როგორ ირღვეოდა და ილახებოდა მსჯავრდებულთა უფლებები… მაშინ ისინი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ გარკვეული დიპლომატიური დემარშებით, რაც, ბუნებრივია, არ იყო საკმარისი რეჟიმის შესაჩერებლად.

ახლა რა ხდება? ვფიქრობ, დღეს, ერთის მხრივ, მათ უნდათ, თავი დაიზღვიონ, რომ ის პროცესი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო, არ გადაიზარდოს რეალურად პოლიტიკურ დევნაში; მეორე მხრივ კი, მსგავსი განცხადებებით, პრემიერმინისტრს მიანიშნებენ პრიორიტეტებზე; იმავე ქეთრინ ეშტონის განცხადება რომ ავიღოთ, მან პირდაპირ თქვა, ბიძინა ივანიშვილმა საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზეც უნდა იფიქროსო. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილის პროპაგანდა ჯერ კიდევ მუშაობს. ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, მას აქვს გარკვეული რესურსები დასავლეთში, განსაკუთრებით იმ ლობისტური ჯგუფების სახით, რომლებსაც წლების მანძილზე მილიონებს უხდიდნენ. ეს პროპაგანდა, როგორც ჩანს, თავის საქმეს აკეთებს და საბოლოო ჯამში დასავლეთამდე ინფორმაცია მიდის დამახინჯებულად. სხვა, აბა, პოლიციელს რომ პოლიტპატიმრად აცხადებ, რეალურად რა გამოდის, პოლიციელები პოლიტიკოსები არიან? თუ ასე მივუდგებით, მაშინ სამართალდამცავები ყოფილან პოლიტიზირებული. ეს, ფაქტობრივად, ამის აღიარებაა წინა ხელისუფლების მხრიდან.

_ თუ ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის, იმავე ქეთრინ ეშტონისა და ფილიპ გორდონის განცხადებები მხოლოდ «ნაციონალური მოძრაობის» პროპაგანდით იყო განპირობებული, მაშინ გამოდის, რომ ისინი ზედაპირულად უდგებიან აქ მიმდინარე პროცესებს.

_ ასეცაა და ჩვენ ამიტომაც ვამბობთ მუდმივად, რომ საჭიროა მათი დეტალურად ინფორმირება. ერთია, როცა რაღაც განცხადებებს აკეთებს პოლიტიკოსი, დიპლომატი, მაგრამ სხვა საკითხია, რა პოზიცია უკავია უფლებადამცველ ორგანიზაციებს. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. დამისახელეთ თუნდაც ერთი ქართული ან, გნებავთ, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი. მე ასეთი არ ვიცი. შესაბამისად, რა გამოდის? რეალურად არსებობს რაღაც პროპაგანდისტული ველი, რომელიც ემსახურება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს და ამ პროპაგანდის მეშვეობით ხდება სინამდვილის დამახინჯება. ჩემი აზრით, ერთადერთი, რაც შეიძლება ახალმა ხელისუფლებამ ასეთ გამალებულ პროპაგანდას დაუპირისპიროს, არის მეტი ინფორმაცია და მეტი გამჭვირვალობა პროცესის მიმდინარეობაში, რათა დასავლეთმაც და ჩვენმა საზოგადოებამაც უკეთ დაინახოს, რა ხდება აქ რეალურად _ არის პოლიტიკური დევნა თუ არა.

_ მოდი, კონკრეტულ საქმეებზე ვისაუბროთ, თქვენი აზრით, ბაჩანა ახალაია სამართლიანადაა დაკავებული?

_ ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, სამართლიანადაა, მაგრამ რეალურად, სასამართლო გასცემს ამ კითხვაზე პასუხს. მე ერთი ვიცი, იყო უამრავი ინფორმაცია, განცხადებები და მათ შორის ჩვენთანაც შემოვიდა უამრავი მასალა პატიმრებისგან, რომლებიც ბრალს სდებენ ახალაიას რიგ დანაშაულებებში. ბუნებრივია, ეს ასე მარტივად არ ჩაივლის, პროცესი იქნება ხანგრძლივი. დანარჩენი, ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო. ვფიქრობ, წინ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი მოვლენები გველოდება…

_ დარწმუნებული ხართ, რომ სასამართლო ბოლომდე ობიექტური იქნება?

_ ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება, იმიტომ, რომ სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. მოსამართლეებად, პროკურორებად ისევ ის ხალხია, რომლებიც წლების მანძილზე რეჟიმის სამსახურში იყვნენ. თუ ისინი ხელისუფლების მხრიდან დაინახავენ ნებას, რომ პროცესი იყოს ობიექტური, მაშინ თვითონაც ადეკვატურად მოიქცევიან, ხოლო ვინც არ იქნება მიუკერძოებელი და არ დაიცავს იმ პრინციპებს, რაც არის წმინდა სამართლებრივი, მის მიმართ უკვე სხვა მექანიზმების ამოქმედება იქნება შესაძლებელი. თუ რომელიმე მოსამართლეს ან პროკურორს დაუდასტურდება, ვინმეს ინტერესებიდან გამომდინარე, არაობიექტური განაჩენის გამოტანის ფაქტი, ცხადია, სასამართლო ამას განიხილავს და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ის აღმოჩნდება ციხეში ან პასუხს აგებს სხვა ფორმით.

_ ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლა წინა ხელისუფლებისთვის მეხის გავარდნასავით იყო. მომჩივანთა რიცხვს კიდევ ერთი ოქროს მოწმე შეემატა. თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს რეალურად?

_ უწინარესად, ველი იმას, რომ პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდება და პროკურატურას უამრავი სამუშაო ექნება, მაგრამ, ალბათ, თვითონ ოქრუაშვილსაც მოუწევს საკმაო ხანს ციხეში ჯდომა, ასე მარტივად ვერ გამოვა. ჩვენ ვიცით, რომ მის წინააღმდეგაც იყო რამდენიმე საქმე აღძრული და ის მაინცდამაინც დიდი სიმპატიით არ სარგებლობდა საზოგადოებაში. მართლმსაჯულება ამას გვერდს ვერ აუვლის. ასე რომ, ერთია, ოქროს მოწმე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ჩვენებების სანაცვლოდ მოხდეს იმ დანაშაულთა იგნორირება, რომლებიც შეიძლება ამ ადამიანს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები, შემთხვევითი არც ისაა, რომ ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების შესახებ სპეციალურ დადგენილებაზე მსჯელობა გადაწყვიტა, მაგრამ ის არ დაელოდა ამ პროცესის დასრულებას. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, მან იჩქარა. ეტყობა, ჩათვალა, რომ საკმარისი მტკიცებულებები გააჩნდა, რათა სასამართლოს სხვა სიბრტყეში განიხილა მისი საქმე; ვნახოთ, რა ჩვენებას მისცემს. ერთი რამის თქმა ამთავითვე შეიძლება, თუ მას არ აქვს რაიმე კონკრეტული სამხილები და მტკიცებულებები, მის მონაყოლს დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

 ასეთ შემთხვევაში ის დარჩება ერთ ჩვეულებრივ მოწმედ, რომლის მსგავსიც დღეს უამრავი ჰყავს პროკურატურას.

_ 2009 წლის 2 სექტემბერს, სასტუმრო «რადისონის» გახსნაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აფრასიძეების ოჯახის დაბომბვის ბრძანება პირადად გავეციო. ეს რამდენად შეიძლება მის წინააღმდეგ მტკიცებულებად ჩაითვალოს?

_ ეს უკვე მტკიცებულებაა, იმიტომ, რომ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული აღიარა, ანუ საქმე დევს და ახლა მთავარია, პროკურატურამ დაიწყოს მისი დეტალურად შესწავლა, თუნდაც ახლადაღმოჩენილი გარემოებების განხილვა. ვფიქრობ, ამის დროში გაწელვა არ შეიძლება და ასეთ მნიშვნელოვან საქმეებზე ახლავე უნდა მოხდეს რეაგირება.

ცხადია, «ნაციონალური მოძრაობა» ყველანაირად ეცდება, ეს ყველაფერი პოლიტიკურ დევნად გამოაცხადოს, ამისთვის თავის რესურსს ბოლომდე გამოიყენებს, მაგრამ ამის გამო ხელისუფლებამ პროცესი არ უნდა შეაფერხოს. არც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებია, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი და არც იმავე დიპლომატიური კორპუსის პოზიცია, მთავარია საზოგადოების ნება და მმართველი გუნდი ვალდებულია, სწორედ ამ პრინციპით იმოქმედოს. დღეს, ჩემი აზრით, ხალხი პირველ რიგში ელოდება დამნაშავეების ხილვას საბრალდებო სკამზე, ამიტომ რა კითხვის ნიშნებიც უნდა გააჩინოს მიმდინარე დაპატიმრებებმა მთავრობის საზიანოდ, კომპრომისი მართლმსაჯულების მხრიდან გამართლებული არ იქნება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here