Home რუბრიკები პოლიტიკა ლაშა ჩხარტიშვილი: გიგი უგულავას მალე ვიხილავთ ბაჩო ახალაიას გვერდით საკანში

ლაშა ჩხარტიშვილი: გიგი უგულავას მალე ვიხილავთ ბაჩო ახალაიას გვერდით საკანში

1116

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი.

_ ლაშა, წინა ხელისუფლების დროს წლების მანძილზე აქტიურად იბრძოდით დევნილებისა და გარემოვაჭრეების უფლებების დასაცავად, აპროტესტებდით მერიის მიერ პარკების, ხეივნების უკანონოდ გაჩეხვას და არაერთი საჩივარიც გაქვთ ამის გამო თავის დროზე პროკურატურაში შეტანილი. რეჟიმის პირობებში შედეგს, ბუნებრივია, ვერ აღწევდით, მაგრამ დღეს, როცა საუბარია თავისუფალ სასამართლოზე და გამოძიების ობიექტურად ჩატარების შესაძლებლობაზე, რა ეტაპზეა თქვენი ბრძოლა, როგორ აპირებთ დაუპირისპირდეთ იმ დანაშაულებს, რომლებსაც სჩადიოდა «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა»?

_ ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ბრძოლას და იმ ადამიანების დაცვას, რომლებსაც ვიცავდით წლების განმავლობაში, იქნებოდნენ ესენი დევნილები, გარემოვაჭრეები თუ პროფესორ-მასწავლებლები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რა ეტაპზეა ეს ბრძოლა, აქტივობის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ახლა მივმართავ, არის საჩივრების შეტანა გენერალურ პროკურატურაში. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. ჩვენ მასთან შეხვედრაც გვქონდა კომპანია «ცენტრ პოინტის» მიერ დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად და მივაღწიეთ შეთანხმებას კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით. შეთანხმების თანახმად, ერთ თვეში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი და დაიწყება იმ სერიოზული კორუფციული გარიგების შესწავლა, რომელიც არის რუსუდან კერვალიშვილისა და რჩეულიშვილის კისერზეა. ამ ადამიანებმა სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის მფარველობით მიითვისეს 300 მილიონი ლარი, ჯამში კი 6200 ოჯახი დატოვეს უსახლკაროდ…

გარდა ამისა, მომზადებული გვაქვს კიდევ რამდენიმე სარჩელი და მინიმალურ დროში ისინი გადაეგზავნება შესაბამის სტრუქტურას. თქვენ იცით, რომ დღესდღეობით გენერალურ პროკურატურაში დევს უამრავი საქმე, საჩივრების რაოდენობა კი სულ უფრო იზრდება. ეს ბუნებრივია, ვინაიდან ხალხმა, როგორც იქნა, დააღწია თავი რეჟიმს და შიშის განცდა აღარ არსებობს, მაგრამ მეორეს მხრივ, გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმასაც, რომ ამ საქმეების განხილვას, მათზე გადაწყვეტილებების გამოტანას სჭირდება გარკვეული დრო. მთავარია, პროცესი დაიწყო, მართლმსაჯულება თავის საქმეს აკეთებს. დაპატიმრება, შეიძლება, გასახარი არავისი არ იყოს, მაგრამ აუცილებელია, დამნაშავემ პასუხი აგოს და, უწინარესად, ესენი უნდა იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები…

_ წინა ხელისუფლების სასამართლომ არაერთი უკანონო განაჩენი გამოგიტანათ, პატიმრობაშიც გამყოფათ და ჯარიმებიც არ დაგაკლოთ. აპირებთ თუ არა რაიმე სამართლებრივი პროცესის დაწყებას იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებსაც ეს განაჩენები გამოჰქონდათ?

_ მე წინა პლანზე ვაყენებ საზოგადოების ინტერესებს და, უწინარესად, სწორედ საზოგადოებრივი ზიანის მომტანი ადამიანების წინააღმდეგ მაქვს საჩივრების შეტანა დაწყებული. ესენია: კობა სუბელიანი, კახა ბენდუქიძე, ვანო მერაბიშვილი და სხვები. ასევე ვაპირებ უახლოეს მომავალში გიორგი და ნიკა რურუების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას. რაც შეეხება მოსამართლეებსა და პროკურორებს, მინდა შეგახსენოთ, რომ მე მათი გასამართლების პროცესი დავიწყე ჯერ კიდევ მათივე რეჟიმის პირობებში. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მქონდა სტატიების ციკლი პრესაში, რომელიც ეძღვნებოდა სააკაშვილის ე. წ. მოსამართლეებს, მათ მიერ გამოტანილ უკანონო განაჩენებს სათითაოდ ვაცნობდი მოსახლეობას. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეს არაა საკმარისი, ვინაიდან საზოგადოება დამნაშავეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ელოდება. მართალია, სააკაშვილის რეჟიმმა დაახლოებით ორი წლის წინ მიიღო ცვლილება კანონში, რომლის თანახმადაც მოსამართლეზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ ვრცელდება, მაგრამ ბევრი მანამდეც უკვე «ღვაწლმოსილი» ჯალათი იყო. აქედან გამომდინარე, ცხადია, ისინი თავიანთ წილ განაჩენს ვერ ასცდებიან… აქ შურისძიებასა და რევანშზე არ არის საუბარი, ლაპარაკია დანაშაულზე, რომლისთვისაც, ცხადია, ვიღაც უნდა დაისაჯოს…

_ კონკრეტიკისთვის შეგიძლიათ დაგვისახელოთ რამდენიმე მოსამართლე ან პროკურორი, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ უკანონო განაჩენის გამოტანით?

_ რა თქმა უნდა, იყვნენ თავიანთი ჯალათური თვისებებით გამორჩეული ადამიანები, მაგრამ ვფიქრობ, საერთოდ ვერც ერთი მოსამართლე, ვერც ერთი პროკურორი თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ვერ დარჩებოდა სუფთა და ვერ იმუშავებდა გარკვეული კანონდარღვევების გარეშე, რადგან  სისტემა იყო ისეთი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანს მოეძებნება მომჩივანი, რომლის უფლებებიც მათ შელახეს.

კონკრეტული მოსამართლეების დასახელება, ცხადია, შემიძლია, მაგალითად: გიორგი ჩემია, კოპალეიშვილი, გიგიტაშვილი (სახელები არ მახსოვს) და . . ამ ადამიანებს წლების წინ გამოტანილი აქვთ იმდენი უკანონო განაჩენი, რომ თუნდაც მათი ერთი მესამედის გამო რომ აგონ პასუხი, მინიმუმ, 20-წლიანი თავისუფლების აღკვეთა გარანტირებული აქვთ.

_ თავის დროზე, როცა წინა ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლება და ძალის გამოყენებით დედაქალაქიდან გაძევება დაიწყო, არაერთი უფლებადამცველი, მათ შორის თქვენც, უკმაყოფილებას გამოთქვამდით იმის გამო, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა აკლდათ. მაშინ ეს, ალბათ, რეჟიმის არსებობით იყო გამოწვეული, მაგრამ დღეს რეალურად წნეხი მოხსნილია, სად არის ახლა ის ხალხი? რატომ ღიად არ საუბრობენ იმ უკანონობაზე, რაც მაშინ მოხდა?

_ სამწუხაროდ, ესაა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ. სოლიდარობის პრობლემა იყო და დღესაც არსებობს. გეთანხმებით, წლების წინ, როცა ჩვენ აქტიურად ვიბრძოდით უკანონობის წინააღმდეგ, იმავე დევნილებსაც, გარემოვაჭრეებსაც და საერთოდ საზოგადოებას აბრკოლებდა რეჟიმის წნეხი. დღეს უკვე ხალხი თავისუფალია ამ ზემოქმედებისგან, ამიტომ იმედია, თანდათანობით გაიზრდება დაზარალებული მოსახლეობის აქტივობისა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ხარისხი.

პირობას გაძლევთ, რომ არც ერთი წამით ბრძოლას არ შევწყვეტ, პირიქით, ვაპირებ სათითაოდ წამოვწიო წინ ყველა ის საკითხი, რომელთა გადაწყვეტაც ვერ მოხერხდა სააკაშვილის დიქტატურის პირობებში. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კანონპროექტი შევიტანე პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს გარევაჭრობის მოწესრიგებას, მისთვის ცივილიზებული სახის მიცემას და ამგვარად როგორც გარემოვაჭრეების, ისე მათი პროდუქციის მომხმარებლების ინტერესების დაცვასაც. ასევე აქტიურად ვდავობთ თავის დროზე ბენდუქიძისთვის აგრარული უნივერსიტეტის გადაცემაზე, რომელიც, მოგეხსენებათ, მას, ფაქტობრივად, აჩუქეს (16 მილიონი გადაახდევინეს 400-მილიონიან ქონებაში) და მოვითხოვთ, ეს უნივერსიტეტი დაუბრუნდეს სახელმწიფოს.

_ გასაგებია, რომ, ერთის მხრივ, ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ბენდუქიძეს სოლიდური თანხა აქვს დახარჯული ამ სასწავლებლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში. თქვენი აზრით, ასე იოლად დათმობს?

_ არაფრის მოდერნიზება და რეალურად გაუმჯობესება სასწავლებლის ბაზაზე არ მომხდარა, ეს ადამიანი დღეს იქ დარბის ტრაქტორებით და ანგრევს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შენობებს, ანადგურებს ლაბორატორიებს. ასევე ანადგურებს მწვანე საფარს, მაგალითად, ამასწინათ მოჭრეს თუთის რამდენიმე მრავალწლიანი ხე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კონტროლი ამაზე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხორციელდებოდა, ამიტომ, რაც გაკეთდა, იყო უკანონო.

_ თავის დროზე, მახსოვს, გიგი უგულავაც ამხილეთ და დაადანაშაულეთ  ბენდუქიძესთან გარიგებაში

_ უგულავას წინააღმდეგ 6 საჩივარი მაქვს შეტანილი სხვადასხვა მიმართულებით. პირველი იყო დედაქალაქის ეკოციდის თაობაზე, რაც უკავშირდებოდა ბაღპარკების გასხვისებასა და იქ უკანონო მშენებლობებზე ნებართვის გაცემას. ასევე საჩივარი შევიტანე სატრანსპორტო სისტემის ძარცვის, განადგურებისა და მძღოლების მონურ მდგომარეობაში ჩაყენების გამოსაერთოდ, უგულავა გამორჩეული დამნაშავე იყო «ნაცმოძრაობის» რიგებში და ბუნებრივია, მის მიმართ მოსახლეობას ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდაიმედია, მალე ვიხილავთ მას ბაჩო ახალაიას გვერდით საკანში

_ არსებობს ამისთვის საკმარისი სამხილები, მტკიცებულებები?

_ რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ უვადო პატიმრობასაც შეიძლება  თავისუფლად გამოჰკრას ხელი, თუ მისი გასამართლება მოხდება სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, რომელიც ამათი შემოღებულია.

_ დასავლეთის პოზიცია, მიმდინარე დაპატიმრებებთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ «ქართული ოცნება» საერთაშორისო საზოგადოების უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს, ამ დროს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაში პოლიტიკური დევნის საფრთხეს ხედავენ. თქვენი აზრით, როგორ აიხსნება ეს ყველაფერი?

_ ვფიქრობ, ნაწილობრივ ნაციონალური მედია ამძაფრებს ამ შეფასებებს და საზოგადოებას ტვინს ურევს; ასევე არაა გამორიცხული, ეს ყველაფერი იყოს ძველი რეჟიმის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გამოძახილი, ანუ რადგან მათ იცოდნენ, რომ წინა ხელისუფლება წლების მანძილზე უკანონოდ იჭერდა ადამიანებს, შეიძლება ზოგიერთი ფიქრობდეს, რომ ახლაც იგივე ხდება. სხვა საფუძველი მსგავსი ეჭვებისთვის არ არსებობს, ვინაიდან ჯერჯერობით ყველა დაკავება განხორციელდა სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით, _ კონკრეტული მტკიცებულებებით, სამხილებით, ყოველგვარი ტელეკამერებისა და უარყოფითი პირის გარეშე. ეს არის სამართალაღსრულების ის ფორმა, რომელიც მიღებულია ცივილიზებულ ქვეყნებში, ამიტომ მსგავსი პროცესი მისასალმებელია.

_ დასაწყისში აღნიშეთ, რომ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, რეჟიმის სათავეებს უნდა შეეხოს. გასაგებია, ბაჩო ახალაია, როგორც ერთერთი სათავე, ციხეშია, მაგრამ, თუკი სრულ და ძირფესვიან გასამართლებაზეა საუბარი, მართლმსაჯულებას, ალბათ, ქვეყნის პირველ პირზეც უნდა მიუწვდეს ხელი. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ დღეს სააკაშვილის წინააღმდეგ რაიმე სამართლებრივი პროცესის დაწყება?

_ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და მას პირდაპირ ეთერში აქვს დანაშაული აღიარებული. გახსოვთ, აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით რომ თქვა, დაბომბვის ბრძანება პირადად გავეციო? აქ ლაპარაკია მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაზე, რომელსაც შეეწირა რამდენიმე ადამიანი. ასე რომ, პასუხისმგებლობაზე როცა ვსაუბრობთ, მარტო ეს ერთი აღიარება ეყოფა მას მინიმუმ 25-წლიანი პატიმრობისთვის. მე პირადად ვაპირებ, ვიბრძოლო იმისთვის, რომ ეს ადამიანი, ადრე თუ გვიან, აღმოჩნდეს პატიმრობაში. ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის აუცილებლად მოხვდება ჯერ განსასჯელის სკამზე, შემდეგ კი _ ციხეში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ვოვ, უბედურო საქართველო რამდენ ნაბიჭვარს აჩენს ქართველი დედა და სჰენ იტან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here