Home რუბრიკები საზოგადოება შრომის კოდექსი მთლიანად შესაცვლელია

შრომის კოდექსი მთლიანად შესაცვლელია

955

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველო მასობრივი გაფიცვის ტალღამ მოიცვა. გაიფიცნენ რკინიგზისა და თელასის თანამშრომლები, მაღაროელები, ექიმები, მძღოლები და . . მიუხედავად განსხვავებული სფეროებისა, გაფიცულები ხელფასის მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. სპეციალისტების აზრით, აღნიშნულმა ფაქტებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქვეყანაში არსებული შრომის კანონმდებლობა ძირეულად შესაცვლელია. აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლება პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექნას ასახელებდა. ამ მიმართულებით იქმნებოდა სტრატეგიები და ოფიციალური პრეზენტაციები. არსებული სამუშაო ადგილები და დასაქმებულები კი არავის აინტერესებდა. დღესდღეობით კი ქვეყანაში ათასობით დასაქმებული შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

შრომითი ურთიერთობების რეგულირებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამახვილებენ ყურადღებას. 2011 წელს ბრიუსელში საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის კონფერენციაზე ხაზი გაესვა საქართველოში შრომის უფლებების შეზღუდვასა და პროფესიული კავშირების თანამდებობის პირებზე ზეწოლის ფაქტებს. ICTU-ს აღმასრულებელმა წევრმა ანდრეი ადამჩიკმა განაცხადა, რომ საქართველოში შრომის კოდექსში შესულმა ცვლილებებმა შეზღუდა შრომის უფლებები. საქართველოში მთავრობა სისტემატურად არღვევს შრომის ყველა უფლებას და საერთაშორისო სტანდარტებს. ICTU-მ და გაეროს შრომის ორგანიზაციამ ერთხმად განაცხადეს, რომ ზეწოლას განახორციელებდნენ საქართველოს მთავრობაზე, რათა შრომის უფლებების დარღვევის გამოსასწორებლად სერიოზული დამოკიდებულება გასჩენოდათ. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ საქართველოსთვის შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება დელიკატური საკითხია, რადგან რუსეთთან ვაჭრობა პრაქტიკულად არ ხორციელდება, ხოლო ვაჭრობა თუ ევროკავშირთანაც შეწყდება, სიტუაცია გაუარესდება. გასული წლის იანვარში ვაშინგტონში აშშ-ის პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის ფარგლებში ყოველწლიურ შეხვედრაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ და აშშ-მა  ყურადღება სამ ძირითად პრობლემაზე გაამახვილეს: დასაქმებული ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს; პროფკავშირების მეტი კონკურენტუნარიანობისა და ავტონომიურობისთვის დადგინდეს საწევროს შეგროვების წესი; შრომითი კანონმდებლობის აღსრულებისთვის შეიქმნას ე. წ. შრომითი ინსპექცია _ ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც კანონმდებლობის აღსრულებას გააკონტროლებს.             

«საქსტატის» მონაცემებით, 2012 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასის დონე სამეწარმეო სფეროში 741,8 ლარს, არასამეწარმეო სფეროში კი 695,7 ლარს შეადგენს. 2007 წლის პირველი კვარტლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011  წლის მეორე კვარტალში 806,9 ლარს შეადგენდა, ხოლო არასამეწარმეო სფეროში იმავე პერიოდიდან ანალოგიურ პერიოდში 704 ლარი დაფიქსირდა. სამეწარმეო სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებია: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა. საშუალო თვიური ხელფასი 882,9 ლარია. ყველაზე დაბალანაზღაურებადია თევზეულის რეწვა, ამ სფეროში დასაქმებულისთვის საშუალო თვიური ხელფასის ოდენობა 300 ლარზე ნაკლებია. არასამეწარმეო სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადია ფინანსური საქმიანობა. აქ საშუალო თვიური ხელფასი 1000 ლარს აჭარბებს. ყველაზე დაბალანაზღაურებადი კი განათლება და ჯანდაცვის სფეროასაშუალო თვიური ხელფასი 308,2 ლარია.

მიმდინარე წელს დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ევროპის ქვეყნების მოქალაქეთა ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. მძიმე ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ხელფასები მაღალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კრიზისული საბერძნეთი (29200 ევრო), ესპანეთი (26300 ევრო) და კვიპროსი (24800 ევრო).

დაბალი ანაზღაურების გამო საქართველო არაერთმა კვალიფიციურმა ექიმმა და მეცნიერმა დატოვა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ექიმები სამუშაოდ გადიან პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, აშშში, ავსტრალიასა და აფრიკაში. მარტო ევროპასა და აშშში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან 20 ათასზე მეტი ექიმი მუშაობს. ევროსაბჭოში ექიმად მუშაობა მიმზიდველია არა მხოლოდ მაღალი ხელფასის, არამედ ევროპული მოქალაქეობის მიღებისა და კარიერული ზრდის თვალსაზრისითაც. ლიბია ევროპა არ არის, მაგრამ კვალიფიციურ ექიმებს იწვევს და კლინიკებში დასაქმებულებს 1000 დოლარამდე, ხოლო სასწავლო ცენტრებში 2000-მდე აქვთ ანაზღაურება.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

_ საქართველო მიეკუთვნება იმ იშვიათ სახელმწიფოთა რიგს, რომელსაც ქვეყნის გარეთ დასაქმებული მოქალაქეები გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე ქვეყნის შიგნით. მიგრაციის ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა და საზღვარგარეთ გადახვეწილი თანამემამულეების რაოდენობა ქვეყნის შიგნით დასაქმებულთა რაოდენობას აღემატება. ამიტომ, ასეთ პირობებში, ძალიან ძნელია, ასე ვთქვათ, სოციალური სტანდარტების გამომუშავება და დაცვა, თუმცა ნებისმიერ  ვარიანტში მინიმალური ხელფასის ცნება უნდა არსებობდეს. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში მიღებულია არა მხოლოდ საშუალო თვიური ანაზღაურების ნიშნული, არამედ საშუალო საათობრივი ანაზღაურების მაჩვენებელი. ეს ფართოდ გავრცელებული მცნებაა და მრავალ სფეროში გამოიყენება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაახლოებით 8 დოლარის ფარგლებშია. სხვა პროფესიებში სხვადასხვა მაჩვენებელია. ჩვენთანაც შეიძლება მუშაობის დაწყება. საარსებო მონიმუმი 150 ლარის ფარგლებშია, თუ უფრო სიღრმისეულად მივუდგებით შეფასებას აღმოვაჩენთ, რომ საარსებო მინიმუმი დაბალია. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, ვნახოთ, რას გვიჩვენებს მომავალი». 

2010 წელს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერმინისტრმა ნიკა გილაურმა შრომის კოდექს მოქნილი უწოდა: «როდესაც საქართველოში ინვესტორი ჩამოდის და ამ კოდექსს კითხულობს, ქართული მუშახელის დაქირავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა, როდესაც იგივე ინვესტორი სხვა ქვეყანაში ჩადის და იმ ქვეყნის კანონმდებლობას კითხულობს, უარს ამბობს იმ ქვეყნის მუშახელის აყვანაზე, რადგან შემდეგ მათი სამსახურიდან გათავისუფლება გაუჭირდება».

 ამ განცხადებამ თავის დროზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სპეციალისტების აზრით, ინვესტორისთვის მისაღები კოდექსი დისკრიმინაციულია დასაქმებულებისთვის, რათა დამსაქმებელს მათი გათავისუფლება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს შეუძლია.

ანა ქევხიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here